გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე წარმატებით აგრძელებს საოპერო კარიერას მაგდებურგის თეატრში. მისი გამოსვლებით ევროპის მრავალ ქვეყანაში განებივრებულია მაყურებელი და საკმაოდ დიდ სიყვარულს იმსახურებს. კომუნალეს თეატრში ჯუზეპე ვერდის ტრავიატაში მთავარი როლის შესრულების შემდეგ ძალიან ცნობილი იტალიური ჟურნალი მასზე წერდა: ”დაიბადა ახალი ვერდის ბარიტონი, მას გოჩა აბულაძე ჰქვია.”
”სევილიელი დალაქის” პრემიერის შემდეგ ცნობილმა ჟურნალმა მისი გამოსვლა ასე შეაფასა: ”რამდენი ფიგარო უნდა ენახა ადამიანს, რომ ბოლოს და ბოლოს შესაძლებლობა ქონოდა, გოჩა აბულაძესათვის მოესმინა.”
დღეისათვის მომღერალი გერმანიაში მოღვაწეობს, იგი გახლავთ მაგდებურგის თეატრის სოლისტი, ინტენსიურად იღებს მონაწილეობას სპექტაკლებში და აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ყოველთვის წამყვან პარტიას მღერის. სულ რამოდენიმე დღის წინ გაიმართა პრემიერა ჯაკომო პუჩინის სპექტაკლისა „ბოჰემა“, სადაც ქართველმა ბარიტონმა კვლავ წამყვანი პარტია შეასრულა – მარჩელო. სპექტაკლი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს გერმანიაში.
გოჩა აბულაძე: „პრემიერის შემდეგ, რომელიც 22 იანვარს გაიმართა უკვე მესამედ ვითამაშეთ ჯაკომო პუჩინის სპექტაკლი „ბოჰემა“, ჩემთვის და თეატრის ყველა წარმომადგენლისათვის საამაყოა ის ფაქტი რომ სამივე სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, სპექტაკლს უკვე აქვს დიდი გამოხმაურება, დაიწერა მნიშვნელოვანი რეცენზიები. სასიამოვნოა ის ფაქტი რომ არაჩვეულებრივ მომღერლებთან მიწევს მუშაობა, სოლისტი ლონდონიდან, რომელიც მიმის პარტიას მღერის, ტენორი ფილიპინებიდან, ჩვენ სამი მომღერალი ვასრულებთ წამყვან პარტიებს. სპეციალურად აღნიშნული სპექტაკლისათვის ჩამოვიდა ჩემი სააგენტო და ამ ფაქტმა კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა რომ ჩემი შესაძლებლობები სცენაზე მაქსიმალურად გამომეყენებინა“.
მომღერალი განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სხვადასხვა სპექტაკლებზე, რომლის მოსმენაც გერმანელ მაყურებელს უახლოეს პერიოდში შეეძლება. ჩვენთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ ქართველ ბარიტონს მარტის თვეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო მომღერლად დაასახელებენ. დაწყებულია ფილმის გადაღება რომელიც გოჩა აბულაძის შემოქმედებას და მის მიღწევებს შეეხება.
Комментариев нет:
Отправить комментарий