пятница, 12 июня 2015 г.

ფერმერის გამოცდილება-რჩევები-კვირტით, კალმით და ხიდით მყნობისთვის


მყნობა ქირურგიული ოპერაციაა და გულისხმობს ერთი მცენარის ქსოვილის გარკვეული ნაწილის (კვირტი, ტოტი…) მეორე მცენარეზე გადანერგვას. მცენარის იმ ნაწილს, რომელიც მეორე მცენარეზე იმყოფება, სანამყენე ეწოდება, ხოლო რომელზედაც მყნობას აწარმოებენ, იქნება ეს ერთი ფესვი თუ მთელი მცენარე, საძირე ეწოდება.
ამგვარად ნამყენი რთული ორგანიზმია და შედგება საძირისა და სანამყენისაგან. კაცობრიობა მყნობის მეთოდს მრავალი ათესეული წლის წინათაც იყენებდა და დღეს მყნობის მრავალი სახეობაა ცნობილი. ისინი იყოფიან იმის მიხედვით თუ რა არის სანამყენედ – კვირტი, თუ კალამი (ტოტი).

კვირტით მყნობას მთელი რიგი უპირატესობები ახასიათებს მყნობის სხვა წესებთან შედარებით: გამოსადეგია ხეხილის კულტურათა უმეტესობისათვის, ჭრილობა მცირე ზომისაა, ადვილი შესასრულებელია, ადვილად ხორცდება, გახარების პროცენტი მეტია, შრომის ნაყოფიერება მაღალი, იხარჯება საკმაოდ მცირე სანამყენე მასალა და შეზრდაც უფრო მტკიცედ წარმოებს.
კვირტით მყნობა 
კვირტით მყნობა ორ ვადაში წარმოებს: ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში (მძინარე კვირტით მყნობა) და გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყების შემდეგ (მოზარდი კვირტით მყნობა). სანერგეებში ხეხილის მყნობას აწარმოებენ ძირითადად მძინარე კვირტით.
კვირტით მყნობა ოთხი ოპერაციისაგან შედგება: საძირეზე ჭრილობის გაკეთება, კალმიდან ტოტის აჭრა, კვირტის ჩასმა ჭრილობაში და მისი შეხვევა. კვირტით მყნობის ტექნიკა სხვადასხვაა და დამოკიდებულია მყნობელის ჩვევებზე.
კვირტით მყნობისადმი წაყენებულ მოთხოვნათა შორის ყველაზე არსებითია:
1. ასაჭრელი კვირტის საკმაო ფართობი, რადგან შეზრდა-შეხორცება ჭრილობის შეხების ადგილას ხდება და, რაც მეტია გარკვეულ საზღვრებამდე დასამყნობი ნაწილების შეხება, მით მეტია გახარების პროცენტი
2. საძირეზე ჭრილობის სუფთად და ფაქიზად ჩატარება
მყნობისას სიფაქიზის და სისუფთავის დაცვა აუცილებელი პირობაა კარგი შეზრდისათვის. ამოჭრილი ყლორტის შიდა ზედაპირს მყნობელი თითებითაც კი არ უნდა შეეხოს, რადგან ხელის ოფლი აფერხებს შეხორცებას.
მუშაობაში სისწრაფე ფრიად მნიშვნელოვანია შეხორცების მაღალი პროცენტის მისაღებად. მყნობის დროს კვირტი საძირესთან შედარებით მოსვენების მდგომარეობაში უნდა იყოს, საძირე კი აქტიური ზრდის მდგომარეობაში.
კვირტის აჭრა ხდება შემდეგი წესით: კალამს იჭერენ მარცხენა ხელში ისე, რომ მოხერხებული იყოს კვირტის აჭრა; კალამი იდება ხელის გულზე და მას ყველა თითი აქვს შემოხვეული, საჩვენებელი თითის გარდა, ხელის გული ზევით არის მიმართული; საჩვენებელი თითი გაშილილია და ზედ დაყრდნობილია კალამი.

კვირტების აჭრის დროსაც საჭიროა გარკვეული წესების დაცვა: კვირტის აჭრა ხდება ქვემოდან ზევით, მაგრამ ზოგჯერ, საძირეს სისქის მიხედვით, საჭირო ხდება ამ წესის დარღვევა და კვირტის შერჩევით აჭრა. კვირტის აჭრა ხდება შემდეგნაირად: მოსაჭრელი კვირტის ზევით 1-2 სმ-ის დაცილებით გარდიგარდმო კალამს უნდა დავადოთ დანა სწორი კუთხით შემდეგ დანის მახვილი წვერით უნდა შევიჭრათ კალამში, გავჭრათ ქერქი და მერქნის ნაწილი;
რა სიღრმეზე ჩავწევთ დანას დამოკიდებულია განაჭერის სიფართეზე; ამის შემდეგ დანის პირი კალმის მიმართ პერპენდიკულარული მდგომარეობიდან გადაგვყავს დახრილ მდგომარეობაში; ამ დროს დანის პირი არ უნდა ამოვიღოთ გადანაჭერიდან და არც ადგილიდან უნდა დავძრათ. შემდეგ დანის პირს მყნობელი თავისკენ ქვევით აცურებს ისე, რომ გამოყენებული იქნეს დანის პირი თავიდან ბოლომდე.
განაჭერი კეთდება იმ ვარაუდით რომ ფარის ქვედა ნაწილს, ისევე როგორც ზედას, ჰქონდეს 1.5-2 სმ სიგრძე. კვირტის აჭრის შემდეგ იგი მარცხენა ხელში შერჩება მყნობელს, ხოლო მარჯვენათი ის საძირეზე აკეთებს რუსულ ასო T- ს მაგვარ ჭრილობას და სვამს შიგ კვირტს; შემდეგ დანის მეორე მხარის რქის დეზით აწვება კვირტს ყუნწის იღლიაში და სწევს კვირტს ჭრილობის ბოლომდე.
კარგია, თუ აჭრილი კვირტები მოთავსებულ იქნება წინასწარ მომზადებულ შაქრის 15%-იან ხსნარში. მყნობელი სწრაფად ჩაჭრის მთელ საძირეს და წინასწარ გამზადებულ კვირტს ჩასვამს.
ჩასმული კვრტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს შეხვეული. შეხვევის დანიშნულებაა კვირტისა და საძირის კამბიალური ქსოვილის მჭიდრო შეხების უზრუნლველყოფა. შეხვევა იწყება ზევიდან. პირველი შემონახვევი კეთდება გარდიგარდმო, უშუალოდ განაჭერზე. შემდეგი შემონახვევები კეთდება ერთიმეორის გვერდით სპირალურად. საჭიროა პირველი შემონახვევიდან ჭრილობის ერთი ბოლო იქნეს დამაგრებული რომ შემდეგი შემონახვევის გაკეთებისას საჭირო აღარ გახდეს მისი დაჭერა. შეხვევის შემდეგ მყნობა მოთავებულია.
კალმით მყნობა
მებაღეობის პრაქტიკაში კალმით მყნობა ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც საჭიროა ხნიერი ხეების გადამყნობა ჯიშის შეცვლის მიზნით, ვარჯში დამყნის დროს, სანერგეებში გაზრდილი საძირეების მყნობის შემთხვევაში და სხვ.
კალმით მყნობის წესი მრავალია მაგრამ პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებულია ალმაცერი მყნობა (კოპულირება), ალმაცერი მყნობა ენაკებით, ამონაკვეთით მყნობა, კანქვეშ მყნობა, გვერდით მყნობა, გაპობით და სხვ. საკალმე მასალის აჭრა და შენახვა ისეთივე წესით ხდება, როგორც კვირტით მყნობისას.
კოპულირებას მიმართავენ მაშინ, როდესაც საძირე და სანამყენე თანაბარი სიმსხოსია. თუ საძირე ორჯერ და სამჯერ უფრო მსხვილია სანამყენეზე, მაშინ გაპობით ან ამონაკვეთით მყნობას აწარმოებენ, წვენის ძლიერი მოძრაობის დროს როდესაც საძირე კანი ადვილად სცილდება, კანქვეშა მყნობას ამჯობინებენ. კალმით მყნობა ზრდის ყველა პერიოდში შეიძლება, მხოლოდ საწარმოო მასშტაბით კალმით მყნობას ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყების შემდეგ აწარმოებენ.
თუ კალმით მყნობა შემოდგომით ტარდება, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ დამყნობილმა კალამმა მოასწროს შეხორცება და ზამტრის დადგომამდე არ დაეწყოს ზრდა.
კოპულირება-ალმაცერი მყნობა ენაკებით ან უენაკოთ ტარდება შემდეგნაირად: იღებენ თანაბარი სიმსხოს საძირესა და სანამყენეს, ორივეს უკეთებენ თანაბარი სიბრტყისა და სიგანის ალმაცერ ჭრილობას კვირტთან ახლოს, უჭრიან მოპირდაპირე ჭრილობის შუაგულზე ენაკებს და ერთმანეთში სვამენ ისე მჭიდროდ, რომ ორივეს ჭრილობის სიბრტყე ერთმანეთს კამბიალური ქსოვილებით დაემთხვეს; შემდეგ ჭრილობებს უსვამენ ბაღის მალამოს და ახვევენ მაგრად, ისე რომ ნამყენი ადგილი არ ირხეოდეს.
თუ სანამყენე კალამი წვერის კვირტით ბოლოვდება, მაშინ მას ხელუსლებელს ტოვებენ, თუ არა, მაშინ გადაჭრის ადგილზე ბაღის მალამოს უსვამენ.
გაპობით მყნობის ოპერაციას ატარებენ შემდეგნაირად: სძირეს ჭრიან გარდიგარდმო ისე, რომ მიიღონ სწორი და გლუვი გადანაჭერი და შემდეგ ფრთხილად შუაზე აპობენ; წათლიან კალამს სოლივიტ და ჩაუშვებენ საძირის ჭრილობაში ისე, რომ მათი კამბიალური ქსოვილები ერთმანეთს შეეხონ.
თუ საძირე მსხვილია, გაპობას აწარმოებენ მთელ სიგრძეზე და ჭრილობის ორივე მხარეზე ჩასვამენ კალამს, ახვევენ მჭიდროდ და უსვამენ ბაღის მალამოს.
კანქვეშ მყნობისას საძირეს სწორად ჭრიან და სერავენ საძირეზე, კანს აცლიან ისე, რომ ლაფანი არ დაუზიანდეს, შემდეგ კალამს წაუთლიან ბოლოს და ჩასვამენ საძირის ჭრილობაში, საძირის კანქვეშ.
ხიდით მყნობა
ხიდით მყნობას ბაღში მიმართავენ მაშინ როდესაც საჭირო ხდება დაზიანებული ჩონჩხის დედატოტის ან თვითონ შტამის შენაცვლება. მაგალითად, ფორმიანი კულტურების წარმოების სურვილის შემთხვევაში. ოპერცია ტარდება მეტად მარტივად: დაზიანებულ ადგილის ზევით და ქვევით აცლიან კანს, აიღებენ ჭრილობის შესაფერის კალამს, წაუთლიან თავსა და ბოლოს, ცერად ჩასვამენ საძირეზე გაკეთებულ ჭრილობებში, წაუსვამენ ბაღის მალამოს და მჭიდროდ შეახვევენ.
აგროკონსულტანტი


agrokavkaz



წყარო:  agrokavkaz

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий