მართლმადიდებლობის ფაქტორი საპრეზიდენტო არჩევნებში
Не может же быть, чтобы такое сложное явление имело такое простое и ужасное объяснение, не могло же быть, чтобы все те слова о справедливости, добре, законе, вере, Боге и т.д. были только слова и прикрывали самую грубую корысть и жестокость.
Лев Толстой. Воскресение
დღევანდელ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს ძალიან სჭირდებათ რელიგია, რომელსაც ისინი უნივერსალურ ინსტრუმენტად თვლიან საკუთარი საკრალური ლეგიტიმაციისათვის. ცხადია საქართველოში ასეთ რელიგიას მართლმადიდებელი ქრისტიანობა წარმოადგენს, რადგან სხვა ეკლესიები და რელიგიური ორგანიზაციები აბსოლუტურად მარგინალიზებულები არიან და არავითარ როლს არ თამაშობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რელიგიური ფაქტორის გავლენა ნიშნავს მხოლოდ საპატრიარქოს მონაწილეობას აღნიშნულ პროცესში. აღსანიშნავია, რომ ეს გავლენა სათანადოდ გამოკვლეული არ არის. ზოგიერთი პუბლიკაცია აფიქსირებს ცალკეული სასულიერო პირების მონაწილეობას რომელიმე კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ ზედაპირული ანალიზია და არ ხდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიზი. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრივი გამნტკიცების თანამედროვე ეტაპზე, რადგან საპატრიარქოს საქმიანობა, მისი დინამიკა, სპეციფიკა და აქტივიზაციის ზრდა ფართოდ აისახება ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე.
კონფესიებთან ურთიერთობის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლების სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა წარმოადგენდეს საერო სახელმწიფოს ქმედებათა სისტემას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებაში რელიგიის მყოფობის ფორმების მრავალფეროვნებას. ხოლო ამ პოლიტიკის მიზანი კი უნდა იყოს შესაბამისი პირობების შექმნა რელიგიური ცხოვრების პოზიტიური, უკონფლიქტო განვითარებისათვის, რაც უაღრესად აუცილებელია საქართველოს საზოგადოების სტაბილურობისათვის.
შეიძლება ითქვას, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა წარმოაჩინა მართლმადიდებლობის ფაქტორის უდიდესი გავლენა ამომრჩევლებზე და ამავე დროს ნათელყო ამ გავლენის მექანიზმები და ხელისუფლებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ შესაბამისი რელიგიური პოლიტიკის წარმოების ფაქტი. ამომრჩეველზე ზემოქმედებს არამარტო მოცემული კანდიდატის ან მისი მხარდამჭერების “მართლმადიდებლურ-პატრიოტული” რიტორიკა, არამედ ამ კანდიდატების მიერ ეკლესიისაგან მიღებული საკრალური ავტორიტეტის განცდა. სწორედ ამისათვის იყენებენ პოლიტიკოსები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს; მაგალითად საპრეზიდენტო კანდიდატები, როგორც ბიზანტიელი კეისრები, პომპეზურად ესწრებიან კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღსრულებულ საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში და ამას ტელევიზიის საშუალებით მთელი საქართველო უყურებს.
პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიისადმი კლერიკალიზმზეა დაფუძნებული და ამიტომ ეკლესია გამოიყენება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ცხოვრებით მანიპულაციისათვის. აღსანიშნავია, რომ “მართლმადიდებლურს” ყოველთვის თან ახლავს “პატრიოტული” რიტორიკა. საარჩევნო კამპანიის პერიოდში მანიპულატიური ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ახალი მითების შექმნა და ძველების განახლება, გამოიყენება არასამართლებრივი ტერმინოლოგია და მეცნიერული განსაზღვრებები იცვლება იდეოლოგიური შტამპებით. სტერეოტიპები: “ჩვენიანი – უცხო”, “მართლმადიდებელი (პატრიოტი) – სექტანტი (მტერი)” მძაფრად ზემოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე და ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს მედია. ამიტომაც აუცილებელია ანალიტიკური კვლევა, რათა პოლიტიკური სპექტრის “რელიგიური პოლიტიკა” გამჭვირვალე და გასაგები გახდეს მოქალაქეებისათვის.
სწორედ ამგვარ “რელიგიურ პოლიტიკურ” პროცესში და სახელისუფლებო სტრუქტურების კლერიკალური იდეოლოგიზაციის ფონზე ხდება მართლმადიდებლობის ფაქტორის გამოყენება საარჩევნო ტექნოლოგიებში, რაც ეწინააღმდეგება სინდისის თავისუფლების, სახელმწიფოს საეროობის, რელიგიური ორგანიზაციების კანონის წინაშე თანასწორობის, კონსტიტუციურ პრინციპებს და არღვევს იდეოლოგიურ მრავალფეროვნებას. ასეთი საარჩევნო პროცესი არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და მოქალაქეების ნების დაუბრკოლებელ გამოხატულებად.
წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში ძლიერდება მართლმადიდებლობის პოლიტიზაციის და პოლიტიკის კლერიკალიზაციის ტენდენციები, რომლებსაც სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კორუფციის ხასიათი აქვთ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ არჩევნების შედეგებზე. ფაქტიურად ხდება კლერიკალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული უალტერნატივო პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. საარჩევნო კანონმდებლობის ნორმების ფორმალურად დაცვის შემთხვევაშიც კი არჩევნები ფარსად იქცევა.
რელიგიისა და პოლიტიკის ისტორიული ურთიერთკავშირის მიუხედავად ანალიტიკოსების მიერ ხდება არჩევნების შედეგებზე რელიგიური ფაქტორის გავლენის სრული იგნორირება. თუკი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის პრობლემები ფართო მსჯელობის საგანია, რელიგიის გავლენა არჩევნებზე აბსოლუტურად გამოუკვლეველი რჩება. მითუმეტეს, რომ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლები დაუღალავად ამტკიცებენ, რომ არავითარ მონაწილეობას არ ღებულობენ პოლიტიკურ პროცესებში. მართლმადიდებლობის პოლიტიზაცია და პოლიტიკის კლერიკალიზაცია დესტრუქციულ გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების რეალიზაციაზე სინდისის თავისუფლებისა და სხვა ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების საფუძველს წარმოადგენენ. სინდისის თავისუფლება, როგორც ნებისმიერი დოქტრინისა თუ სტრუქტურების იდეოლოგიური დომინირებისაგან ადამიანისა და საზოგადოების დაცვის საშუალება, წარმოადგენს იმ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს, რომლის მიზანია ღია სამოქალაქო საზოგადოების აშენება. ქართული პოლიტიკური სპექტრი კი პირიქით, ყოველთვის ცდილობს მსოფლმხედველობრივი სფეროს შეზღუდვასა და კონტროლს საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის შესანარჩუნებლად. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ტექნოლოგების მძაფრი ინტერესი რელიგიის მიმართ გამოწვეულია სხვა რესურსების არასაკმარისი ეფექტურობით.
თუ პოლიტიკური სპექტრი თვლის, რომ რეალური დემოკრატიული პროცედურები დაბრკოლებას წარმოადგენენ მათი გავლენისა და ძალაუფლებისათვის, მაშინ პოლიტიკური ჯგუფები იწყებენ მსოფლმხედველობრივი არჩევანის შეზღუდვას და კონტროლს, რათა საარჩევნო პროცესში უპრობლემოდ მოახდინონ მანიპულაცია “უბრალო” ხალხის ცნობიერებით და ჩართონ იგი რელიგიური სანქციონირების სფეროში.
თანამედროვე საქართველოში ანტიკონსტიტუციურმა პროცესებმა სინდისის თავისუფლების სფეროში თითქმის სახელმწიფო პოლიტიკის ხასიათი მიიღეს და აბსოლუტურად არ ექვემდებარებიან საზოგადოების კონტროლს. საქართველოს საპატრიარქო კი სამართლებრივი და მატერიალური პრივილეგიების მიღების გარდა სახელმწიფოს ძალის გამოყენებით ცდილობს განამტკიცოს თავისი ჭეშმარიტება და უნიკალურობა. ამ სიტუაციაში სინდისის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპები წარმოადგენენ სახელმწიფოსა და ეკლესიის კორუფციული ურთიერთობების მძევალს და შედეგად ხდება მართლმადიდებლობის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით და ხელისუფლების საკრალიზაცია. ჯერ კიდევ ნიცშე ამბობდა: “ხალხის ცნობიერების ერთიანობაში, ერთნაირ შეხედულებებსა და საერთო მიზნებში დიდი ძალაა ჩადებული. მას ყოველთვის იცავდა და აკურთხებდა რელიგია, მხოლოდ იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც მღვდლები ფასში ვერ მორიგდებოდნენ ხოლმე სახელმწიფო ხელისუფლებასთან და ბრძოლას უწყებდნენ მას…”
ხელისუფლების საკრალიზაციის იდეა საქართველოსათვის ახალი არ არის. ჩვენთან სახელისუფლებო ჯგუფები ყოველთვის ახდენდენ სახელმწიფოსადმი საკრალური დამოკიდებულების კულტივირებას. ისტორიულ-სამართლებრივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოში სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები წყდებოდა ზეწოლის შედეგად, ხოლო მსოფლმხედველობრივი არჩევანი თავსმოხვეული იყო სახელმწიფოსა და სახელისუფლებო ჯგუფების მიერ. ეს ეხება როგორც მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ასევე საბჭოთა კავშირის მიერ გატარებულ ტოტალური ათეიზაციის პოლიტიკას. პოსტ-საბჭოთა პერიოდში კონსტიტუციის მიერ დეკლარირებული სინდისისა და რელიგიის თავისუფლების პრინციპების მიუხედავად ადგილი აქვს სამართლებრივი ნორმების ჩანაცვლებას “პოლიტიკური მიზანშეწონილობით”, “ეროვნული ინტერესებით” და “საზოგადოების დაკვეთით”.
თანამედროვე საქართველოში საპატრიარქოს მონაწილეობა ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებასა და კერძოდ საარჩევნო კამპანიებში, ჩვეულებრივ გამოიხატება საკრალური ავტორიტეტის განაწილებით თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის რათა მათ გადალახონ დემოკრატიული პროცედურები, მედგარი წინააღმდეგობით ნებისმიერი ლიბერალურ-დემოკრატიული პოზიციისადმი და ძლიერისა და გამარჯვებულის ოფიციალური მხარდაჭერით. ბუნებრივია, საეკლესიო ბიუროკრატია მხარდაჭერას უანგაროდ არ გამოხატავს. როდესაც საპატრიარქო აცხადებს, რომ იგი მხარს არ უჭერს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ მოძრაობას, ეს გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება, რადგან იგი მხარს უჭერს მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომელთან ურთიერთობაც მისთვის მომგებიანია. უმრავლეს შემთხვევაში ასეთ ძალას ხელისუფლება წარმოადგენს. მაგრამ საეკლესიო ბიუროკრატიისა და სახელისუფლო ჯგუფების ამგვარი ურთიერთობა ეწინააღმდეგება არამარტო კონსტიტუციას, არამედ საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებს.
ხელისუფლების გაყოფის თანამედროვე პრინციპი წარმოუდგენელია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რელიგიური ინსტიტუტების გაყოფის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის მიზანი იყო სახელმწიფოს კომპეტენციაში შემავალი ყველა სფეროდან რელიგიის გაძევება და საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაზე ეკლესიის გავლენის შეზღუდვა, აღნიშნული ფენომენი სინდისის თავისუფლების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. საქართველოს თანამედროვე ისტორია ნათელყოფს, რომ სახელმწიფოს საეროობის პრინციპს მტკიცე გარანტიები სჭირდება, რადგან სახელისუფლებო ინსტიტუტების, სკოლის, კულტურის, შეიარაღებული ძალების და მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრების მართლმადიდებლურ-კლერიკალურმა იდეოლოგიზაციამ უკვე მასიური ხასიათი მიიღო. ხოლო საპატრიარქო დაინტერესებულია სახელმწიფოს დასუსტებით, რადგან სუსტ ხელისუფლებას ეშინია ეკლესიის და შედეგად იზრდება მართლმადიდებლური იერარქიის კორპორატიული გავლენა.
დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა განსაზღვრავს არამარტო სინდისის თავისუფლების მდგომარეობას, არამედ საქართველოს მომავალს. აღნიშნული ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ ნორმებს. ყოველგვარ “განსაკუთრებულ”, “სპეციალურ” დამოკიდებულებას მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, მასთან კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებას და სხვ. უარყოფითი შედეგები მოაქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. მსოფლმხედფელობრივი პლურალიზმი და იდეოლოგიური მრავალფეროვნება სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილებია. მათი დაცვისათვის აუცილებელია, რომ რელიგიური სფეროც დაცული იყოს ზემოქმედებისაგან პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
ეროვნული ცნობიერების ეთნო-კონფესიურობა რთულად გადასალახ ფაქტორს წარმოადგენს მანამ, სანამ იგი არის პოლიტიკის ინსტრუმენტი. სწორედ ეს ფაქტორი გვევლინება საქართველოსათვის მთავარ დაბრკოლებად მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავების გზაზე.
სამწუხაროდ, მეცნიერულად გამოუკვლეველია რელიგიისა და პოლიტიკის ეთნო-კონფესიური ფაქტორის და არჩევნების პრობლემატიკა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეგნებულად ხდება აღნიშნული პრობლემატიკის იგნორირება და ტაბუირება; თუმცა, ნათელია, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების არჩევნებში მართლმადიდებლობის ფაქტორი სულ უფრო დიდ როლს თამაშობს. რელიგიური საარჩევნო აგიტაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია მოწინააღმდეგე კანდიდატისათვის ეკლესიის მტრობის და არაქართველობის დაბრალება. ეთნო-კონფესიური ცნობიერება გახდა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის კოლექტიური იდენტიფიკაციის საფუძველი. ამგვარად, მართლმადიდებლურმა ნაციზმმა შეავსო ის იდეური ვაკუუმი, რომელიც წარმოშვა საბჭოთა-მარქსისტული იდეოლოგიის კრახმა.
პოლიტიკური სპექტრი საპატრიარქოს პირდება და ახორციელებს მატერიალურ დახმარებას, დაფინანსებას, დოტაციებს; საჯაროდ ამგვარი დაფინანსება ძირითადად ხდება ძველი ტაძრების რესტავრაციისა და ახალი ტაძრების მშენებლობის მიზეზით, თუმცა საპატრიარქო არჩევნების პერიოდში მხარდაჭერის სანაცვლოდაც იღებს მატერიალურ სიკეთეებს.
შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მას გავლენა აქვს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რომელიც მის მრევლს წარმოადგენს. ამავე დროს ითხოვს სახელმწიფოსაგან მხარდაჭერას, რათა შეინარჩუნოს თავისი გავლენა ამ ადამიანებზე, ხოლო ამ მოთხოვნას ასაბუთებს საკუთარი გავლენით აღნიშნულ ადამიანებზე. სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა საპატრიარქოს რეალურ გავლენას ყოველ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ეკლესიის შესაძლებლობას თავისი “სიმბოლური კაპიტალის” გამოყენებით ზეგავლენა იქონიოს მთლიანად სოციალურ ურთიერთოებებზე.
საპატრიარქოს მიერ სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ “სიმბოლურ კაპიტალს” წარმოადგენს კულტურული სიმბოლოების და არქეტიპების ერთობლიობა, ქცევის ნორმების და საზოგადოებრივი ზნეობის პრინციპები, ერის ისტორიული ხსოვნის ძირითადი ელემენტები და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მოწყობა – რომლებიც ქართული მართლმადიდებლური ტრადიციის ორგანულ ნაწილებს წარმოადგენენ. “სიმბოლური კაპიტალის” საკუთრივ რელიგიური ელემენტებია: მართლმადიდებლური სწავლება, წმინდა გარდამოცემა, ეკლესიის ტრადიციები, საეკლესიო საიდუმლოებები, ღვთისმსახურება და რიტუალები, სულიერი ცხოვრების ნორმები და პრინციპები, აგრეთვე ცრურწმენები და მაგიური წარმოდგენები, “ხალხურ-ფოლკლორული რელიგია”. აღსანიშნავია, რომ “სიმბოლური კაპიტალის” ექსპლუატაციისას მაქსიმალური და სწრაფი კომერციული ეფექტის მიღების სურვილი იწვევს ამ “კაპიტალის” გაფლანგვას და საზოგადოებაში ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას. თუმცა საპატრიარქოს გამოსაყენებლად, როგორც ოფიციალური იდეოლოგიის მთავარი ინსტიტუციისა, ნამდვილი მრევლი საჭირო არ არის. ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ გამოიმუშავა საკუთარი, სახელმწიფოსაგან განსხვავებული შეხედულება რელიგიის შესახებ. სხვანაირად ძნელი ასახსნელია თუ რატომ არის გავრცელებული ჩვენთან მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი ეტატისტური დამოკიდებულება, რომელიც გამოხატავს ნებისმიერი ხელისუფლების ადეკვატურ სურვილს “მიწიერის” გარდა მიიღოს “ზეციური” ლეგიტიმაცია. თანამედროვე ქართული მართლმადიდებლურ-ეტატისტური კონსტრუქციის ხერხემალს შეადგენს პოლიტიკური სპექტრისა და საპატრიარქოს აპელაციები ისტორიულ-კულტურულ-ეროვნულ ტრადიციებზე და ოფიციალური ცერემონიები, რომლის აუცილებელი მონაწილეა კათოლიკოს-პატრიარქი. გახდა რა ხელისუფლებისა და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის პარტნიორი ორგანიზაცია, მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაკარგა სოციალური არბიტრის ფუნქცია, ხოლო ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნა ეკლესიისადმი დარჩა მხოლოდ ერთი – უზრუნველყოს საკუთარი გადარჩენა საეკლესიო საკრალიზაციის მეშვეობით.
დღეს საქართველოში ეკლესია წარმოადგენს არამარტო მსხვილ საზოგადოებრივ ინსტიტუტს, არამედ პოლიტიკური ძალაუფლების გავლენიან ცენტრს. პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება მას აღიარებენ დამოუკიდებელ ძალად, რომელსაც გააჩნია პოლიტიკური მიზნები და შესაბამისი ბერკეტები ამ მიზნების მისაღწევად. ეკლესია ითვლება ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რესურსების წყაროდ როგორებიცაა ავტორიტეტი, გავლენა, იმიჯი. ეს გარემოება მას ხდის ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელოვან მონაწილედ.
ეკლესიის გავლენის წყაროებს შორის მთავარ როლს ავტორიტეტი თამაშობს. ეკლესიის პოლიტიკურ ავტორიტეტს შეადგენს მოსახლეობის ნდობა და სიმპატია იმ პირების, სტრუქტურებისა და ჯგუფების მიმართ, რომლებიც სხვადასხვანაირად არიან ასოცირებულნი მართლმადიდებელ ეკლესიასთან. პოლიტიკური ავტორიტეტის მოპოვების მიზანია მოქალაქეების მიერ მოცემული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, მათ შორის არჩევნების პერიოდშიც. ამიტომ ქვეყნის უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს მიიღოს ეკლესიისაგან ავტორიტეტის რესურსი. განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში საქართველოს მთელი პოლიტიკური ელიტა აქტიურად წარმოაჩენს თავის “მართლმადიდებლობას” და “ეკლესიურობას”, საპასუხოდ კი ელის მასიურ ნდობას მოსახლეობის მხრიდან. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობა ფაქტიურად პარტიულობა გახდა. “მართლმადიდებელი” პოლიტიკოსი ცდილობს აჩვენოს, რომ იზიარებს იგივე ეთნო-კულტურულ ღირებულებებს, რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დადის იმავე ეკლესიაში და ეთაყვანება იგივე ღმერთს. ამიტომ რიგითი მოქალაქე უნდა დაემორჩილოს ასეთ პოლიტიკოსს, პატივი სცეს და არჩევნებზე მას მისცეს ხმა. სამაგიეროდ საპატრიარქო იღებს არამარტო მატერიალური პრივილეგიებს, არამედ ხელისუფლების დახმარებით თრგუნავს სხვა კონფესიებს და ყალიბდება “სულიერ ოლიგარქად’”.
ისმის კითხვა: მართლა ასეთი რელიგიურია საქართველოს მოსახლეობა? შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ პოსტ-საბჭოთა პერიოდში არ მოხდა ადამიანების სიღრმისეული ზიარება სარწმუნოებასთან. “მორწმუნე მრევლის” რელიგიურობა ზედაპირული და “ხალხურია”. ეს კი გარკვეული კონფორმიზმის მაჩვენებელია: “ახალ საქართველოში” ურწმუნოდ ან ათეისტად თავის გამოცხადება არამარტო სირცხვილია, არამედ სერიოზულად უშლის ხელს ადამიანების, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების კარიერულ წინსვლას. საკვირველია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ანალიტიკოსები და ექსპერტები ზუსტად ისევე სათუთად უფრთხილდებიან საკუთარ კარიერას, როგორც პოლიტიკოსები.
საინტერესოა, რომ 2008 წლის ამერიკის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას შეიძლება ეწოდოს “No Wasp” (არა კრაზანას). ცნობილი აბრევიატურა W.A.S.P. (White, Anglo-Saxon, Protestant) ნიშნავს –“თეთრკანიან, ანგლო-საქს, პროტესტანტს” და აღნიშნავს “ტიპიურ ამერიკელს”, გარკვეულ ეთნო-რელიგიურ იდეალურ პიროვნებას. სწორედ იგი წარმოადგენს ამერიკელი პოლიტიკოსის საარჩევნო აგიტაციის ადრესატს.
წინასაარჩევნო პროცესის საწყის ეტაპზე თითქმის ყველა წამყვანი კანდიდატი აქტიურად წარმოაჩენდა საკუთარ რელიგიურობას. ამ სფეროში რესპუბლიკურ პარტიაში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მორმონი მიტ რომნი და ბაპტისტი მქადაგებელი მაიკ ჰაკაბი. შედარებით სეკულარიზებულ დემოკრატებთან რელიგიურმა პრობლემამ სხვაგვარად იჩინა თავი. პარტიის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, სენატორ ბარაკ ობამას, რომლის სრული სახელია ბარაკ ჰუსეინ (!) ობამა, ოპონენტები საიდუმლო მუსლიმობაში და მუსლიმური ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ. თავის გასამართლებლად ობამა იძულებულია ამტკიცოს, რომ პროტესტანტი ქრისტიანია, ხოლო მისი დედა ასპროცენტიანი W.A.S.P.-ი.
თითქმის სამ ათეულ შტატში ჩატარებულმა წინასწარმა არჩევნებმა წარმატება სენატორ ჯონ მაკკეინს მოუტანა. ისიც ასპროცენტიანი W.A.S.P.-ია, მაგრამ რელიგიურ-კონსერვატიულ ძალებს ღიად აკრიტიკებს საზოგადოებაში არატოლერანულობის დამკვიდრების მცდელობისათვის. რომნისა და ჰაკაბის რელიგურ-პატრიოტული რიტორიკა მიუღებელი აღმოჩნდა რესპუბლიკური პარტიის მომხრე ამერიკელების უმრავლესობისათვის. დემოკრატიულ პარტიაში განვითარებული პროცესები Uუფრო საინტერესოა არამარტო რელიგიური, არამედ ნაციონალურ-კულტურული კუთხითაც. თუ გაიმარჯვებს მამით კენიელი და “საიდუმლო მუსლიმი” ბარაკ ობამა, ამით შეწყდება ამერიკის პრეზიდენტებად მხოლოდ თეთრკანიანი ანგლო-საქსების არჩევის ტრადიცია.
ამერიკის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია აჩვენებს, რომ განვითარებულ დემოკრატიულ და სამოქალაქო საზოგადოებაში რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ შეუძლებელია მისი რელიგიურ-პოლიტიკურ ან კლერიკალურ ფაქტორად გადაქცევა, რადგან ღია სამოქალაქო საზოგადოებას რეალური გავლენა აქვს პოლიტიკაზე.
საქართველოში ამერიკული W.A.S.P.-ის შესაბამისი იქნება აბრევიატურა თ.ქ.მ.ა. – თეთრკანიანი, ქართველი, მართლმადიდებელი, არასომეხი (ეს უკანასკნელი აუცილებელად უნდა დაემატოს!). როგორ ცდილობდნენ არჩევნების პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატები რიგითი თ.ქ.მ.ა. –ს გულის მოგებას? უპირველეს ყოვლისა საჯაროდ გამოხატავდნენ თაყვანისცემას კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ და მას უმაღლეს სულიერ, ეროვნულ, პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ არბიტრად სახავდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სიხარულით აიტაცა და ფართოდ გამოიყენა საარჩევო კამპანიაში. კანდიდატები აქტიურად ჩნდებოდნენ სატელევიზიო ეკრანებზე სანთლებით ხელში ეკლესია-მონასტრებში, მოუხერხებლად ემთხვეოდნენ ხატებს, ფიქსირდებოდნენ მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად, რომელთაც დიდ ფინანსურ დახმარებას პირდებოდნენ. ტაძრების ფონზე აკეთებდნენ პოლიტიკურ დეკლარაციებს, საპატრიარქოში, დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ პატრიარქს (თუმცა თვით შეხვედრის ფაქტს დიდ რეკლამას უწევდნენ) – ამით წარმოაჩენდნენ თანაზიარებას უზენაეს საკრალურ სფეროებთან, სადაც რიგით თ.ქ.მ.ა.–ს არ მიესვლება.
მიხეილ სააკაშვილის სააგიტაციო ჟურნალში ვკითხულობთ: “მთელი საქართველოს მთავარი სალოცავი გრანდიოზული სამების (?) საკათედრო ტაძრის მოოქროვილი (აქ და ქვემოთ ხაზგასმა ჩვენია-ვ.კ.) გუმბათი და თავისუფლების მოედანზე აღმართული ძლევამოსილი წმინდა გიორგის მოოქროვილი ქანდაკება დღევანდელი საქართველოს, მისი სიძლიერის და სულიერი აღორძინების სიმბოლოებია. შეიძლება ითქვას, ქართულმა ოქროს ხანამ რვა ბედკრული საუკუნის შემდეგ, ახალი 21-ე საუკუნის ელვარებით გაიბრწყინა და მომავალ წელს მამა დავითის გუმბათიც მოოქროვდება. მთელ საქართველოში თითქმის ყველა მონასტერი აღორძინდა, შენდება ახალი ეკლესიები, სალოცავები (?), და გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, ამხელა მრევლი საქართველოს ეკლესიას არასდროს ჰყოლია (ესეც მ.სააკაშვილის დამსახურება ყოფილა-ვ.კ.). ქართული სულიერების ასეთი მასშტაბური აღორძინება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის დაუღალავი მოღვაწეობისა და ფენიქსივით ნანგრევებიდან აღორძინებული, გორგასლიან-თამარიანი დროშით შემართული ქართული სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვის შედეგია…. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 600 000 კვ.მ. მიწის ფართობი პირდაპირი წესით უსასყიდლოდ გადასცა.” (გზა გამარჯვებისაკენ, N5, იანვარი, 2008). გარდა ამისა ცნობილია, რომ საპატრიარქოს ბიუჯეტი 4-დან 9 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეკლესიასტეს სიტყვებით “არაფერია მზის ქვეშ ახალი”- ისევ ოქრო, მიწები, ფული…
ლევან გაჩეჩილაძე მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებას პირდებოდა ამომრჩევლებს და ნაციონალურ მოძრაობას ეკლესიის მტრობაში ადანაშაულებდა. ამ ბრალდებას სხვა კანდიდატებიც გამოთქვამდნენ. “ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა”-აცხადებდა დავით გამყრელიძე, რაც ნიშნავდა, რომ სხვა კანდიდატები ათეისტები თუ არა მცირედმორწმუნეები იყვნენ. ამას ემატებოდა ახალი მემარჯვენეების მიერ საპატრიარქოსათვის საჯაროდ შეთავაზებული ქრთამი: “33 ეპარქიას 33 მილიონი ლარი!”. შალვა ნათელაშვილი ე. წ. “ჭყონდიდელის საქართველოს” გვთავაზობდა, სადაც სახელმწიფო თანამდებობებზე ყოველი დანიშვნა კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვით უნდა მომხდარიყო. ეს კი თეოკრატიულ-კლერიკალულ სახელმწიფოს ნიშნავს. სიონის ტაძრის ფონზე მდგარი გიორგი მაისაშვილი აცხადებდა, რომ ღმერთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მისი გაპრეზიდენტების შესახებ და ამას ასაბუთებდა ციტატით ფსალმუნიდან: “ისინი ეტლებითა და ისინი ჰუნებითა (მაისაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები- ვ.კ.), ხოლო ჩვენ (თვითონ მაისაშვილი -ვ.კ.) სახელითა უფლისა ჩვენისათა”. ამგვარი მაგალითების მოყვანა თვითოეული საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მრავლად შეიძლება.
ბაგრატის ტაძარში არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილის “საეკლესიო ინაუგურაციიის” რიტუალი მთლად მეფედ კურთხევა არ იყო, მაგრამ არც არაფერი უკლდა. რიტუალში მონაწილე ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატე მარგალიტაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ყველამ (?) ციფრ ხუთზე დავაფუძნეთ ჩვენი მოლოდინები და როგორ გაგვიმართლაო…
ამ კლერიკალურ-პოლიტიკური ფარსის აპოგეა კი შემდეგი ფაქტი გახლდათ: “,,ალიასათვის” ცნობილი გახდა, რომ ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებამ საპატრიარქოს 19 ერთეული ძვირადღირებული ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერი 200” აჩუქა. ერთი მანქანის ფასი დაახლოებით 40 ათასი დოლარიდან 65 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მანქანების გადაცემის ფაქტს საპატრიარქოც ადასტურებს. მაია მუხიგულაშვილი- საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომელი: … ეს არის ეპისკოპოსებისთვის სახელმწიფოს საჩუქარი, უწყება არ ვიცი რომელია.” (დარეჯან მეფარიშვილი. ,,ხელისუფლებამ ეპისკოპოსებს უახლესი ჯიპები აჩუქა”. გაზეთი ,,ალია” ##10(2135).
საინტერესოა რატომ ჰგონიათ ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს და მათ პოლიტიკურ ტექნოლოგებს რიგითი თ.ქ.მ.ა. პრიმიტივი? ეს არის “საზოგადოების დაკვეთა?” ვინმემ ჰკითხა რიგით თ.ქ.მ.ა.–ს მისი აზრი? და თუ ჰკითხა – ეს თქვა თ.ქ.მ.ა.–მ?
ბასილ კობახიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий