понедельник, 25 мая 2015 г.

დეკანოზი თამაზ ლომიძე: თუ არ გინდა შვილი, ნუ გააჩენ და ნუ გააწამებ ბავშვს



„მიჰგვარეს მას (იესოს) ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ.  ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ,  ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი.“(მათე, თ.10, 13-14,16)

დეკანოზი თამაზ ლომიძე: “საქართველოში, ბევრ სხვა ცრურწმენასთან ერთად, ერთი უცნაური  ფრაზაა გავრცელებული: “იმდენ შვილს ვიყოლიებ, რამდენსაც ღმერთი მომცემს”. დაუფიქრდით რას ამბობს!  ახალი ადამიანი უნდა ჩასახოს და გააჩინოს ამ სიძნელეებით სავსე ქვეყანაზე და იმდენს კი არ იყოლიებს, რამდენიც თვითონაც გულით უნდა, თვითონაც შეუძლია აღზრდა, მზად არის მისთვის, თავისი სულიერი ენერგია ან მატერიალური საშუალება მეტნაკლებად ეყოფა შვილისთვის, არამედ იმდენს გააჩენს, რამდენსაც ღმერთი მისცემს.
ოღონდაც, რას ნიშნავს ფრაზა: “ღმერთი მომცემს” ბევრისთვის ბუნდოვანია და ძნელად თუ აგიხსნიან.  განსაკუთრებით ფანატიკურად განწყობილებს ბრმად სწამთ, რომ ყველა ადამიანის გაჩენა მხოლოდ ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული.
ბავშვებს აჩენენ მშობლებიც!
მაგალითად, ვიცნობდი ერთი წყვილს, ცოლიც და ქმარიც ლოთები იყვნენ, უსაქმურები და აგრესიულები. რადგან რეპროდუქციული ორგანოები უმუშავებდათ, აჩენდნენ და აჩენდნენ ბავშვებს. არც უყვარდათ პატარები და არც აღზრდის უნარი ჰქონდათ მათი, ხშირად სცემდნენ კიდეც. ცარიელი ტანჯვა და უბედურება იყო ამ ბავშვების ამ ქვეყანაზე სიცოცხლე და უბედურ ადამიანებად გაიზარდნენ. ვის შეუძლია თქვას, რომ მხოლოდ ღმერთმა გააჩინა ეს ბავშვები და ამ დაუფიქრებელი მშობლების მონაწილეობით არ გაჩენილან? განა მხოლოდ ღმერთის ნება იყო მათი ტანჯვისთვის გაჩენა? ასევე, ბევრ ბავშვების მოსიყვარულე და წესიერ წყვილს რაღაც მიზეზების გამო (არა მარტო სამედიცინო) არ შეუძლია შვილი იყოლიოს. ვინ იტყვის, რომ მხოლოდ ღმერთი არ აძლევს მათ შვილს და არ არის რაღაც ადამიანური მიზეზები? ადამიანს იმიტომაც ეწოდება ბიბლიაში ღვთის ხატი და მსგავსი, ანუ სხვა სიტყვებით, პირველ რიგში იმით ჰგავს ადამიანი ღმერთს, რომ თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში და შემოქმედების უნარი აქვს. ადამიანი თვითონ ჰქმნის ახალს. როგორც ღმერთი ჰქმნის ახალ ქმნილებას, ასევე ადამიანიც შემოქმედების საღმრთო ნიჭით დაჯილდოებული ჰქმნის და ზრდის ახალ ადამიანს – საკუთარ ბავშვს. საქმე იმაშია, რამდენად სრულყოფილი შემოქმედია ესა თუ ის ადამიანი? ამიტომაც, რამდენ შვილს გააჩენს და  როდის, ადამიანის თავისუფალი გადაწყვეტილება და უფლებაა და ყველაზე დიდი დაფიქრება ჰმართებს ამაზე.
ხშირად გვესმის, რომ დედამ ან მამამ სასტიკად სცემა ბავშვს, ცემის დროს შემოაკვდა, სასტიკად ნაცემი ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ და ა.შ. გაუაზრებლად, უსიყვარულოდ და ნაჩქარევად გაჩენილი შვილი საშინელ ტვირთად ექცევა ხოლმე თავის თავში ჯერ კიდევ ვერგარკვეულ მშობელს. ამ უზარმაზარი პასუხისმგებლობისაგან დამფრთხალი და გაბოროტებული ან თვითონ გარბის ბავშისგან, ან სასტიკი მოპყრობით თითქოს ემოციურად კლავს (ზოგჯერ ფიზიკურადაც) და  თავიდან იშორებს შვილს.
ძმაო და დაო, თუ ჯერ ვერ გარკვეულხარ საკუთარ თავში, თუ ჯერ მთელი სულით, გულით და გონებით არ გინდა შვილი, თავი შეიკავე, ნუ გააჩენ და ნუ გააწამებ პატარა ბავშვს. ეს ქვეყანა ისედაც სავსეა ტანჯვით და იმედგაცრუებით, საყვედრებლად და ტკივილისთვის ნუ მოიყვან ამქვეყნად კიდევ ერთ ადამიანს!
ღვთის ყოვლადკეთილი ნება მხოლოდ გონივრულ გადაწყვეტილებაში განცხადდება!”
დეკანოზი თამაზ ლომიძე, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, საქართველოში ბავშვებზე ძალადობის შესახებ – 25.05.2015


წყარო




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий