ეკა კუხალაშვილი
2012-04-19
„ზესტაფონის წმინდა ბარბარეს სახელობის პანსიონატის ბავშვები იშვიათად ტოვებენ პანსიონატის ტერიტორიას. მაგრამ როდესაც გამოდიან, ძალიან გაუცხოებულები არიან გარემოსთან. ისე, თითქოს ციხიდან გამოსულიყვნენ. გეგონება, რომ სხვა პლანეტიდან არიან, მათთვის ყველაფერი უცხო და საშიშია,"- ამბობს ქალაქ ზესტაფონის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
„ვერც კი შეადარებთ საერო ბავშვთა სახლების მკვიდრ ბავშვებს. ჩვენთან ბევრი სტუმარი მოდის და ყველა ერთხმად აღნიშნავს: იქ ბავშვების თვალებში მაინც ბოროტმოქმედია ჩამალულიო. ეს იმიტომ ხდება, რომ იქ არ აქვთ იარაღი იმისათვის, რომ ეშმაკისგან ჩაღვრილი ბოროტი თესლი ამოძირკვონ. ეს იარაღი ხშირი აღსარება და ზიარებაა. სტუმრები გვეუბნებიან: თქვენთან რომ მოვდივართ და ბავშვებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ დაწმენდილი, მოსიყვარულე სახეები, ანთებული თვალები აქვთ. მათში შინაგანი სიხარული იგრძნობაო", - ამბობს „საპატრიარქოს უწყებანისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მეუფე სპირიდონი,ზესტაფონსა და ნინოწმინდაში განთავსებული საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონატების ხელმძღვანელი.
„ბავშვი სახლში და არა ბავშვთა სახლში"
„სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეუქმნას მათ ოჯახური გარემო" (გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, მუხლი 20).
საქართველოს სახელმწიფო ევროსასურსათო უსაფრთხოების პროგრამის წინაშე დადებული პირობის თანახმად, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამას ახორციელებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე (http://ssa.gov.ge/files) აღნიშნულია, რომ „ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიზანია მშობელთა მზრუნველობას მოკლებული, სოციალურად დაუცველი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მიუსაფარი ბავშვების ზრდისა და განვითარებისათვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნა. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს დეინსტიტუციონალიზაცია, რაც გულისხმობს ბავშვთა დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებიდან ბავშვების გადაყვანას მცირე ზომის ალტერნატიული ზრუნვის ფორმებში და ბავშვთა სახლების ეტაპობრივ ჩანაცვლებას ალტერნატიული სერვისებით".
სერვისებით, რომლებიც გულისხმობენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვების განთავსებას, გაშვილებას, ასევე მინდობით აღზრდას, რეინტეგრაციას, ანუ მათ დაბრუნებას ბიოლოგიურ ოჯახებში, დღის ცენტრებში მიბარებას. ანუ ბავშვთა სახლების მთლიანად დაცლას და ვალდებულების „ბავშვი სახლში და არა ბავშვთა სახლში" განხორციელებას. იმიტომ, რომ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, „ინსტიტუციაში და ოჯახში გაზრდილი ბავშვები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან". იმიტომ, რომ „ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისთვის ყველაზე საუკეთესო გარემო ოჯახია". ოჯახს კონკურენციას ვერ უწევს ვერც ერთი ინსტიტუცია.
ამაზე მუდმივად მიუთითებენ დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის ადეპტები და განმხორციელებლები, რომელთაც მხარს უმაგრებს სახელმწიფო.
მოკლედ, ეს „უკონკურენტო" დეინსტიტუციონალიზაცია ხორციელდება საქართველოს მასშტაბით 2004 წლიდან. თუმცა, ამ პროგრამის მუშაობის საკმაო სტაჟის მიუხედავად, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმატორული ტალღა დღემდე ვერ აღწევს რიგ საბავშო-სააღმზრდელო დაწესებულებაში.
დეინსტიტუციონალიზაციის მიღმა
საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა პანსიონატებში, რომელთა ნაწილი ზესტაფონსა და ნინოწმინდაში არის განთავსებული, დეინსტიტუციონალიზაცია არ მიმდინარეობს. პანსიონატების დაახლოებით 240 ბენეფიციარი აღნიშნული პროგრამის მიღმა არის დარჩენილი. მათ ისევ ბავშვთა სახლებში, ანუ, როგორც ბავშვთა სახლებს უწოდებენ, „ყაზარმული" ტიპის დაწესებულებებში უწევთ ცხოვრება.
დეინსტიტუციონალიზაცია უნდა დასრულდეს 2012 წელს, მიუხედავად ცაითნოტისა, ის ჯერ არ დაწყებულა საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონატებში. უფრო მეტიც, არც მომავალში იგეგმება ამ პროგრამის განხორციელება. სახელმწიფოს იურისდიქცია ამ სივრცეზე არ ვრცელდება. მიუხედავად სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლის მესამე პუნქტისა, სადაც აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები", დეინსტიტუციონალიზაციაზე ერთობლიობის იდეა არ მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მისამართით დასმულ ჩვენს კითხვაზე - მიმდინარეობს თუ არა დეინსტიტუციონალიზაცია საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონატებში, სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა ალავიძემ საპატრიარქოსთან გადაგვამისამართა: „ეს კითხვა ჯერ საპატრიარქოს დაუსვით და შემდეგ - ჩვენ". კითხვების თავიდან აცილება სახელმწიფოს წარმომადგენელმა იმით გაამართლა, რომ „ ეს ბავშვები ჩვენს ბაზაში არ ირიცხებიან". პანსიონატის ბავშვებზე ინფორმაციას ვერ გვაწვდის სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის ორგანიზაციაც. „პანსიონატი სპეციფიკური დაწესებულებაა, თანაც იგი მეუფე სპირიდონის დაქვემდებარებაშია. ამასთან ერთად ეკა ალავიძის უფლებამოსილებაა ამ საკითხებზე ინფორმაციის გაცემა", - გვპასუხობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩუბინიძე. თუმცა, სახელმწიფოს შემთხვევაში „უფლებამოსილება" ფრიად პირობითი სიტყვა აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფო პანსიონატის ბავშვებზე პასუხს არ აგებს. სახელმწიფო მათ თავის ბაზაში არ მოიაზრებს. შესაბამისად, ისინი „სახელმწიფოს ბავშვები" არ არიან, არამედ - საპატრიარქოსი.
***
პანსიონატის ბენეფიციარებზე შეიძლება პასუხს აგებს, მაგრამ ჩვენს მიერ მიწერილ კითხვებზე პასუხს არ გვაძლევს საპატრიარქო. კითხვას: მიმდინარეობს თუ არა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა სახლებში, საპატრიარქო დუმილით ხვდება. თუმცა შემდეგ ირკვევა, რომ პანსიონატების საკითხი ეხება საპატრიარქოს არც სოციალურ და არც სხვა რომელიმე სამსახურს, არამედ ერთ კონკრეტულ პირს - მეუფე სპირიდონს. „მეუფე სპირიდონს მიმართეთ. ის არის ამ ბავშვების მეურვე და პანსიონატების ხელმძღვანელი", - გვეუბნებიან საპატრიარქოში. ბოლომდე პასუხისმგებელი ორგანო პანსიონატის ბავშვების საკითხში არც საპატრიარქო აღმოჩნდა.
ამასობაში ბავშვები პანსიონატებში რჩებიან. მათ არ აშვილებენ, არ აძლევენ მინდობით აღზრდაში, ისინი ნაკლებად ბრუნდებიან ბიოლოგიურ მშობლებთან, არც საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადადიან საცხოვრებლად. ოჯახურ გარემოში ცხოვრება, რაც შეიძლება მიღწევადი იყოს საქართველოში მცხოვრები სხვა ბავშვებისთვის - მათთვის მიუღწეველია.
იდენტიფიკაცია
„ბავშვს დაბადებისთანავე აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი, გვარი და მოქალაქეობა. ასევე უფლება აქვს, იზრდებოდეს მშობლების გარემოცვაში" (გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, მუხლი 7).
„სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოს ბავშვის პიროვნულობის გამომხატველი ძირითადი ნიშნები: სახელი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები"(გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, მუხლი 8).
ზესტაფონში არსებული წმინდა ბარბარეს სახელობის მიუსაფარ ბავშვთა პანსიონატი 1997 წლიდან არსებობს, იგი 1994 წელს წმინდა ეკატერინეს სახელობის საბავშვო ბაღის ბაზაზე შეიქმნა საპატრიარქოს მხარდაჭერით და დეკანოზ გრიგოლ აბულაძის (დღეს ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე) უშუალო ძალისხმევით. პანსიონატში ბავშვების რაოდენობა თანდათან გაიზარდა და მოკლე დროში სოლიდურ ციფრს მიუახლოვდა. პანსიონატმა გეოგრაფიაც გაზარდა და სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონში გახსნა მსგავსი დაწესებულება. პანსიონატი, გასული საუკუნის კრიტიკულ 90-იან წლებში, ბევრი ბავშვისთვის იქცა თავშესაფრად და ფიზიკურად თავის გადარჩენის ერთადერთ ადგილად. პანსიონატმა მისცა ბავშვებს საზრდო, რასაც ვერ აძლევდა სახელმწიფო, შეიძლება ესეც გახდა მიზეზი იმისა, რომ გეოგრაფიის გაფართოების პროპორციულად შემცირდა პანსიონატის მხრიდან სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, მათ შორის სოციალურ სააგენტოებთან. ჩაკეტილობამ იმ ფორმას მიაღწია, რომ პანსიონატის ბინადარნი წლების განმავლობაში საიდენტიფიკაციო ნომრების გარეშე დატოვა. პანსიონატის 15-წლიანი სტაჟის მიუხედავად, იქ მყოფი ბავშვებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭება, მხოლოდ 2011 წელს მოხერხდა. თუმცა, ყველას იდენტიფიკაცია კიდევ არ დასრულებულა, რამოდენიმე ბავშვი დაბადების მოწმობისა და პირადობის გარეშე რჩება. 14 წლის მანძილზე პანსიონატის ბევრი ბენეფიციარი სამართლებრივად არ არსებობდა და არსად ფიქსირდებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები პანსიონატში ნაკლებად აღწევდნენ და მონიტორინგის შესაძლებლობაც ნაკლებად ჰქონდათ.
პანსიონატში საერთოდ ვერ შედიოდნენ სახალხო დამცველი და ვერც მისი წარმომადგენლები. „2006-2007 წლებში ვცდილობდით ინსტიტუციაში შეღწევას, მაგრამ არაფერი გამოვიდა და იძულებული გავხდით თავი დაგვენებებინა", - ამბობს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული „ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. თუმცა, 2011 წელს პანსიონატის კარიბჭე გაიხსნა და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის წარმომადგენლობას საშუალება მიეცა პანსიონატში შესულიყო და საიდენტიფიკაციო ნომრები მიეცა ბავშვებისთვის. ამის მიზეზად სახელდება ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ნიჭიერ ბენეფიციარს უმაღლესი განათლების მიღების სურვილი გაუჩნდა და მან ეს ვერ შეძლო - სწორედ საბუთების მოუწესრიგებლობის გამო.
***
პანსიონატის კარიბჭე „არ განიხვნა" არც -„ახალი გაზეთის" წინაშე. ჩვენ შევეცადეთ პანსიონატში შეღწევას. თუმცა, კარისკაცმა შეშვებაზე უარი თქვა, პირველ რიგში ჩვენი არასათანადო ჩაცმულობის გამო – „ეს ეკლესიის ტერიტორიაა და ქალს შარვლით ვერ შევუშვებთ". როდესაც ვთხოვეთ, რომ ტერიტორიაზე არ შევიდოდით და მხოლოდ ინფორმაციას და მონაცემებს ავიღებდით ვინმე პასუხისმგებელი პირისგან, მან პედაგოგებთან დათათბირების შემდეგ განაცხადა, რომ ვერაფერ ინფორმაციას ვერ გასცემდნენ საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონატების დამაარსებლის და ხელმძღვანელის მეუფე სპირიდონის ნებართვის გარეშე. „ბავშვების პანსიონატის ეზოში გამოყვანა რომ მოვინდომოთ, ან თუნდაც ნათურის შეცვლა დაგვჭირდეს რომელიმე ოთახში, ამაზეც მეუფე სპირიდონს უნდა შევუთანხმდეთ და მისგან კურთხევა ავიღოთ", - განგვიცხადეს პანსიონატის წარმომადგენლებმა. პანსიონატში არც მეუფე სპირიდონის საკონტაქტო ნომრის მოცემა ისურვეს - ამასაც მეუფის მხრიდან კურთხევა სჭირდებოდა.
სამაგიეროდ, საპატრიარქომ კურთხევის გარეშე გასცა მეუფე სპირიდონის საკონტაქტო ნომერი. თუმცა მეუფემდე ამ გზითაც ვერ მივაღწიეთ. მეუფე სპირიდონის პირად ნომერზე მამა იოანემ გვიპასუხა. გვითხრა, რომ მეუფეს ვერ დაგვაკავშირებდა და ვერც ინფორმაციას მოგვცემდა.
უსტატუსობა
ინფორმაციის არქონასთან ერთად,იურიდიულ სტატუსებთნ მწყრალად ყოფნა და იზოლაციონიზმი ხდება ერთ-ერთი მიზეზი, რომ პანსიონატის ბავშვები არ ირიცხებიან გასაშვილებელ ბავშვთა რეესტრში.
18 წლამდე პირი რეესტრში რომ აღმოჩნდეს, მას გასაშვილებლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. გასაშვილებლის სტატუსის მინიჭებამდე მიტოვებულად უნდა გამოცხადდეს. მთელი ამ პროცედურების განხორციელებაში საქართველოს კანონის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მე-9 მუხლის თანახმად უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს და სააგენტოს აქვთ. ( „სააგენტოს გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება").
იგივე ეხება მინდობით აღზრდას - „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო".
პანსიონატში კი სასამართლოსთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან საქმეს „არ იჭერენ". შესაბამისად, ბავშვებს არც სტატუსი ენიჭებათ. უსტატუსობა აფერხებს დეინსტიტუციონალიზაციას და ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდას, რომც იყოს ამის ნება პანსიონატების ხელმძღვანელის მხრიდან.
მეუფე სპირიდონი თავის ნებას, გაშვილების პროცესთან დაკავშირებით, „საპატრიარქოს უწყებანისთვის" მიცემულ ერთ ინტერვიუში აცხადებს. თუმცა, მის საუბარში არსად ფიგურირებს სააგენტო. პანსიონატებიდან გაშვილება „რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია. თითქმის ყველა ბავშვს ჰყავს ნათესავი და მისი თანხმობა აუცილებელია. იგი აუცილებლად მოითხოვს ფულს და მოხდება კრიმინალი, ამიტომ ბავშვების გაშვილებისგან თავს ვიკავებთ.…ეს ბავშვები რომ არ შეგვეფარებინა, ვინ იცის, სად მოხვდებოდნენ. თქვენთვის კარგად არის ცნობილი ტრეფიკინგის საფრთხე. ერთია, როცა ვიღაცას მართლაც უნდა, რომ ბავშვი იშვილოს, თუმცა ესეც საცოდაობაა - ქართველი, მართლმადიდებელი მშობლების ბავშვი სხვა აღმსარებლობის გარემოში რატომ უნდა გაიზარდოს? სხვა საფრთხეცაა: ბავშვები უცხოეთში გადაჰყავთ და დონორებად იყენებენ. მესამე, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც არის, როცა სატანისტები ბავშვებს ოკულტურ რიტუალებში მონაწილეობის მისაღებადაც იყენებენ", - ამბობს მეუფე სპირიდონი.
განათლება
„ბავშვს უფლება და ვალდებულება აქვს, უფასოდ მიიღოს დაწყებითი განათლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა".
„განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისაკენ. სკოლამ უნდა მოამზადოს ბავშვი სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, ასწავლოს მშობლების, თავისი და სხვა ქვეყნების კულტურისა და რელიგიის პატივისცემა" (გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, მუხლი 28-ე და 29-ე).
საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონატების ბინადარნი განათლებას თავად პანსიონატში იღებენ. იქვე აქვთ სკოლა, სადაც სწავლობენ სრულწლოვანებამდე. შესაბამისად, ბავშვები არ დადიან სახელმწიფო სკოლებში. „პანსიონატის ბავშვების შესახებ არაფერი ვიცი. მე მგონი, ექსტერნად ჩააბარეს გამოცდები. საკუთარი სკოლა აქვთ და იქ დადიან. ჩვენს ბაზაში არ ირიცხებიან", - ამბობს განათლების რესურს-ცენტრის ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთევან ედიბერიძე. კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით. თუმცა სხვა შემთხვევაში სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. თუმცა სახელმწიფოს როლი, განათლების სფეროში ერთობლივი მოქმედების კუთხით, პანსიონატში არ ჩანს.
ამ როლის გარკვევა შევეცადეთ სამინისტროსთან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ დასმულ ჩვენს კითხვაზე: პანსიონატში არსებული და მოქმედი სასწავლო პროგრამა შეთანხმებულია თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, პასუხი არ მიგვიღია. ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია არც საპატრიარქოდან. თუმცა, კერძო საუბრებში სახელმწიფოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პანსიონატებში საკუთარი სახელდახელოდ შეთხზული პროგრამებით მოქმედებენ.
პანსიონატში არსებული სკოლა არ ფიქსირდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე წარმოდგენილ ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების სიაში. მას ვერ იპოვით განათლების ხარისხის ამაღლების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ ავტორიზებულ სასწავლო დაწესებულებათა ჩამონათვალშიც. არადა, ამავე საიტზე მითითებულია, რომ ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.
მოკლედ, სკოლაში ან მხოლოდ მართლმადიდებლურ საგნებს სწავლობენ, რომლის პროგრამების დადგენის უფლებაც კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით საპატრიარქოს აქვს მინიჭებული, ან განათლების სამინისტროს მიერ დაუმტკიცებელ პროგრამას იყენებენ. ერთიც და მეორეც პანსიონატების ბენეფიციარების მომავალს ბუნდოვანსა და არასაიმედოს ხდის.
„ერთ-ერთ ბენეფიციარ მ-ს ვიცნობ, ობოლი იყო, ბებიამ მიაბარა და გაიზარდა იმ პანსიონატში, მაგრამ როდესაც დაამთავრა არც საბუთი გააჩნდა, არც ცოდნა. პანსიონატში ვერც ერთი მიიღო და ვერც - მეორე. ვერც მუშაობა დაიწყო და საერთოდ ვერაფერი მოახერხა, იძულებული გახდა ისევ უკან მიბრუნებულიყო. ვინც იქ მოხვდება, ძნელია იმ პანსიონატიდან და გარემოდან გამოაღწიოს", -ამბობს თეოლოგი ელდარ ლობჟანიძე.
სრულწლოვანი ბენეფიციარების პანსიონატში დარჩენაზე საუბრობს თავად მეუფე სპირიდონიც „საპატრიარქოს უწყებანისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
„ორ გოგონას, რომლებიც ჩვენ გავზარდეთ, ჩვენთანვე ვაწყებინებთ მუშაობას. შეიძლება, ასეთი კადრი სხვაგან ვერც კი ვიშოვოთ. ისინი ხომ ეკლესიაში გაიზარდნენ. მათთვის ეკლესია სახლია, მშობლიური სახლი. მრავალი წელია, აქ ცხოვრობენ და მთელი თავისი ცნობიერებით ეკლესიური ადამიანები არიან", -ამბობს მეუფე სპირიდონი.
მიზეზები
ის, რომ საპატრიარქოს ბევრ სასწავლებელს არ გააჩნია იურიდიული სტატუსი რიგი თეოლოგი ამ საკითხში პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ანიჭებს. „ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, რელიგიის საგანი სახელმწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არ არის პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი. მხოლოდ სულ რაღაც ორი თვის წინ განათლების სამინისტრომ მიანიჭა აკრედიტაცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას და საღვთისმეტყველო ინსტიტუტს. სხვა ქალაქებში არსებულ სასულიერო სასწავლებლებს დღემდე არ გააჩნიათ იურიდიული სტატუსი და აღიარება. ერთი სიტყვით, სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემაში რელიგია ერთ-ერთი ყველაზე ჩავარდნილი საგანია", - ამბობს ალექსი ქშუტაშვილი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში, მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარი.
თუმცა ის, რომ რელიგია ჩავარდნილი საგანია და სახელმწიფო სტატუსს არ აძლევს საპატრიარქოს რიგ სასწავლებლებს, ამის მიზეზს სხვა პრობლემაში ხედავს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.
„საპატრიარქოს კუთვნილი საბავშვო სახლების, სასწავლებლებისა და მსგავსი დაწესებულებების მდგომარეობა განხილული უნდა იქნეს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ურთიერთობის ჭრილში. მაგალითად, თბილისის სასულიერო სემინარიის, აკადემიისა და მათთან არსებული ფაკულტეტების მდგომარეობა არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში დადგენილ სტანდარტებს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის შესახებ, მაგრამ სახელმწიფო უძლურია ამ საკითხში. იმისთვის, რომ თავი პოლიტიკურად წამგებიან სიტუაციაში არ ჩაიყენოს, სახელმწიფო მზადაა აღიაროს დასახელებული სასწავლებლები აკრედიტირებულად. ჩემი აზრით, ზოგადად, სახელმწიფო და საპატრიარქო ერთმანეთის კონკურენტები არიან და პოლიტიკურ სარბიელზე ერთმანეთს გამორიცხავენ. ამიტომ სახეზე ხშირად გვაქვს კონფლიქტი ამ ორ სუბიექტს შორის. სახელმწიფოც და საპატრიარქოც ზომავს რა სიძლიერისაა მისი პოლიტიკური გავლენა მოსახლეობაზე. საჭიროების შემთხვევაში ვის დაუჭერს მხარს ხალხი. ეკლესიას არ სჭირდება სახელმწიფო, როგორც ასეთი. რაც უფრო სუსტი იქნება სახელმწიფო, რაც უფრო დაბალი იქნება საზოგადოებაში განათლების დონე, მით უფრო დიდი გავლენა ექნება საპატრიარქოს. როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით," - მიაჩნია მირიან გამრეკელაშვილს.
შედეგები
სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობის მოგვარება შეეძლო კონსტიტუციურ შეთანხმებას, მისი დახვეწისა და ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში. „კონკორდატი წინგადადგმული ნაბიჯია ეკლესიის სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოების მოსაძებნად, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი მის დასახვეწად. შესაძლოა მხოლოდ ერთი ასპექტის გამოყოფა, რაც მიანიშნებს ამ სამართლებრივი აქტის შემდგომ განვითარებაზე. ეს არის კაპელანის ინსტიტუტი", - მიაჩნია კანონიკური სამართლის სპეციალისტს ვლადიმერ ნარსიას.
სანამ კაპელანის ინსტიტუტი ამოქმედებულა, ჯერ ისევ ძალაშია კონსტიტუციური შეთანხმება ამ სახით. ძალაშია მისი მე-3 მუხლი, რომლის მესამე პუნქტში საუბარია, რომ „ეკლესია უფლებამოსილია განახორციელოს მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამები". "ეს მუხლი ნაწილობრივ მუშაობს თუნდაც ხსენებული ბავშვთა პანსიონატების სახით, ნარკომანიით დაავადებული პირების სარეაბილიტაციო ცენტრების დაარსებით და სხვა. თუმცა, ჩემი პირადი აზრით, მეტი მატერიალური ბაზა რომ ჰქონოდა, ეკლესია უფრო მეტ მსგავს პროგრამას განახორციელებდა. (ხსენებული ცენტრების ხარისხთან დაკავშირებით არ გამაჩნია არანაირი ინფორმაცია და შესაბამისად, ვერაფერს ვერ მოგახსენებთ)", - ამბობს მამა ალექსი.
სამაგიეროდ, საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონატებზე გარკვეული ინფორმაცია გააჩნია თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს. „საპატრიარქომ მსგავსი სახლების გაკეთება დაიწყო გასული საუკუნის, 90-ანი წლების დაახლოებით შუა პერიოდიდან და შეეცადა, ერთგვარი ქრისტიანული ინტერნატების შექმნას. სადაც ბავშვები მატერიალურად უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ, მაგრამ სამაგიეროდ მოხდებოდა მათი სრული ინდოქტრინაცია და იდეოლოგიური დამუშავება.ამ ჩანაფიქრმა, მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა, რადგან ბავშვების დიდი ნაწილი, ჩემი ინფორმაციით, საერთოდ ანტირელიგიური განწყობით ტოვებს მსგავსი ტიპის დაწესებულებებს. ამ საკითხში ყველაზე მწვავედ კადრების პრობლემა მიმაჩნია. ვინ უნდა დაენიშნა საპატრიარქოს მსგავს პანსიონატებში ბავშვების აღმზრდელად? თანამედროვე სოციოლოგიური და პედაგოგიური ცოდნით აღჭურვილი ადამიანების რაოდენობა საქართველოში ძალიან მიზერულია და ეს ადამიანებიც მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე მოხვედრას ცდილობენ. ამიტომაც საპატრიარქომ ისეთი ადამიანები მოიზიდა, რომლებიც ნაკლები ანაზღაურების სანაცვლოდაც გასწევდა ასეთ სამუშაოს: სკოლიდან გამოშვებული მასწავლებლები, მედავითნე ქალბატონები, სასულიერო პირები და კიდევ სხვა, ამ საქმეში სრულიად არაკომპეტენტური ხალხი. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა ხდება ამ სფეროში მოცემულ მომენტში, მაგრამ რაც ამ სკოლა - ინტერნატებში ცოტა ხნის წინ ხდებოდა, ბავშვებისადმი ყოვლად დაუშვებელ მოპყრობად და კანონდარღვევად მიმაჩნია. მაგალითად, როგორც ჩემთვის ცნობილია, ეხლანდელი ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე, ბავშვებს ერთგვარ საეკლესიო სასჯელებს ადებდა: აკეთებინებდა მეტანიებს. უტარებდა სხვადასხვა სახის ეგრეთ წოდებულ სულიერ ვარჯიშებს: ანთებულ სანთელზე ხელს აკიდებინებდა, ჯოჯოხეთის ცეცხლი უარესად დაგწვავთო და ა.შ. მსგავსი ქმედებები შესაძლებელია, შუასაუკუნეების რომელიმე მონასტერში სრულიად მისაღები იყო, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, რომ ასეთი მოპყრობა ბავშვების და განსაკუთრებით არასრულწლოვნებისადმი საშიში, საზიანოც კია," - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
იზოლაცია
პანსიონატებში სწავლების „შუასაუკუნეობრივი მეთოდიკის" არსებობის ფაქტებზე ინფორმაცია არა აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს. რაღაც ინფორმაცია შეიძლება აქვს, მაგრამ ამაზე ხმამაღალ განცხადებებს ჯერჯერობით, არ აკეთებს სახალხო დამცველი. ნაკლები ინფორმაციის ქონას, აღნიშნული უწყებები, პანსიონატების ჩაკეტილობით და მათთან ნაკლები კონტაქტით ხსნიან. ჩაკეტილობით, რომელიც „საპატრიარქოს ქცევის წესია. სამოქალაქო საზოგადოება (განსაკუთრებით მას-კულტურა) ვალდებულია მეტი ინტენსივობით და ძალისხმევით მოქმედებდეს იმისათვის, რომ საპატრიარქო (ე.წ. საეკლესიო საზოგადოება) შემოიყვანოს სამოქალაქო სივრცეში. ამით ის ხელს შეუწყობს საპატრიარქოს დესაკრალიზაციის პროცესს. საპატრიარქოს თავგასულობას მანამ ექნება ასპარეზი, სანამ იგი საკრალურობის საბურველშია გახვეული. იზოლაცია ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია", - ამბობს ვლადიმერ ნარსია.
სამაგიეროდ, შუასაუკუნეობრივ ჩაკეტილობაში გამოსავალს ხედავს თავად მეუფე სპირიდონი. „ასეულობით პატარა ბავშვი გამოვგლიჯეთ იმ სამყაროს, სადაც ბოროტი თარეშობს. იგი ხომ, პირველ რიგში, ბავშვებზე ნადირობს. როგორც ამ ბოლო დროს ხშირად ვრწმუნდებით, მთელი სატანური ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული, იქნება ეს ზოგიერთი ანიმაციური თუ მხატვრული ფილმი, წიგნი. მაგალითად, ბავშვებს დაურიგეს ჩანთები, რომლებსაც ჰარი პოტერი ახატია",- ამბობს მეუფე სპირიდონი („საპატრიარქოს უწყებანი").
სანამ ერთი „ბოროტ" სამყაროს ემიჯნება, მეორე კი - საკუთარ პასუხისმგებლობას,ბავშვებისათვის განკუთვნილ რიგ ადგილებში კვლავაც ირღვევა ბავშვთა უფლებების დამცავი დაწერილი (თუ დაუწერელი) კანონები. კანონები, სადაც„გაცხადებულია ყველა ძირითადი უფლება და პრინციპი, რომელსაც უნდა იცნობდეს, პატივს სცემდეს და იცავდეს თითოეული ქვეყნის ხელისუფლება,სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი მოქალაქე!" (აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდზე).
წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეებს კანონების უგულვებელყოფის შემთხვევაში, ამშთაბეჭდილებით მოუწევთ საბავშვო დაწესებულებიდან წამოსვლა - „ერთხელ ვარნამყოფი წმინდა ბარბარეს ბავშვთა პანსიონატში და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სადღაც სექტაში ამოვყავი თავი. უცნაური წესები, მკაცრი სუბორდინაცია, უცნაური სახეები, ბავშვები გადახოტრილი თავებით და ძალიან მძიმემზერით. ძალიან დამთრგუნველი და შემაშფოთებელი იყო", - ყვება ერთ-ერთიქუთაისელი ჟურნალისტი, რომელმაც ასევე არ ისურვა ვინაობის დასახელება.
Комментариев нет:
Отправить комментарий