понедельник, 4 мая 2015 г.

რატომ დაწვა სასულიერო პირმა გურიაში ბიბლია


მამა ელიზბარ დიაკონიძე: "პატრიარქმა გასცა ამაზე კურთხევა, შენი საიდანაც ითარგმნა, იმ ენაზე დაწერილი სახარება უნდა დაწვა?"


გაზეთი "ალია", თამარ ოქრუაშვილი 

რას ნიშნავს მართლმადიდებლური კანფეტები? რატომ დაწვეს ბიბლიის წიგნები გურიის სოფლებში? 

"ალიას" მამა ელიზბარ დიაკონიძე ესაუბრება: 
- მე ისეთ თემებს შევესწრები ხოლმე, რომ შეიძლება თმები ყალყზე დაუდგეს ადამიანს. როგორ მინდა, კარგ და სასიკეთო თემაზე მოგიყვეთ ხოლმე და ჯერჯერობით არ გამომდის. ამ ამბავს, რაც უნდა მოგიყვეთ, მე დავარქმევდი ასეთ სახელს: ქველმოქმედება თუ გველმოქმედება. ღმერთო შემინდე და, ამერიკა გულზე არ მეხატება თავისი ათასგვარი სისაძაგლისა და მენტორული ტონის გამო, მაგრამ სიკეთესაც ვერ დავუვიწყებ და ამიტომ ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საქველმოქმედო ორგანიზაცია "კეთილი სამარიელი", იცით, რასაც ნიშნავს სახარებიდან ეს სახელი და ეს ორგანიზაცია? მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 109 ქვეყანაში აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელსაც ჰქვია "საშობაო ტვირთი" და ვინც კი კათოლიკეა, მართლმადიდებელია, ბაპტისტია, თუ ვინც არის, თუ ქრისტეს სახელთან არის დაკავშირებული, მას პატივს სცემს, ყველასთვის ემეტება ეს საჩუქარი.
2-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. დაახლოებით ფეხსაცმლის ყუთი რომ წარმოვიდგინოთ, ამ ზომის საჩუქარია, და ეს სახელი კი მიგვანიშნებს, რისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ რადგანაც ეს ქვეყანა შორსაა, საჩუქრები შობას გადასცდება ხოლმე და სხვა თვეებში მოდის ქვეყანაში. აქ ხან თბილი წინდები დევს, ხან - შარფი, ხან - რვეულები და ხან _ სახაზავი, მაგრამ აუცილებელი ატრიბუტია ტკბილეული და სათამაშოები. ორგანიზაცია მუდამ ერიდება საქართველოში ბიბლიის გამოგზავნას, მაგრამ ზოგიერთ ყუთში ისიც დევს და ესაა ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი სახარება. მეც ვარ ჩართული ამ საქმეში და ყოველ წელს ვარიგებთ ამ საჩუქრებს. მაგალითად, შარშან წეროვანში დევნილები რომ ცხოვრობენ სააკაშვილის მიერ მოწყობილ გეტოებში, იქაურ ბავშვებს დავურიგეთ, თან ქართულ სახელოვან ხელოვანებს ვთხოვე: ვახტანგ ტატიშვილს, ომარ მხეიძეს, ნუგზარ კვაშალს, რომ წამომყოლოდნენ და მათ დაერიგებინათ ეს საჩუქრები, რადგანაც ასე მგონია, რომ მამაომ რომ საჩუქარი მოგართვა, იმ ბავშვს შეიძლება ეს არ დაამახსოვრდეს, მაგრამ იმ ხელოვანი და სიკეთის მკეთებელი კაცისგან უფრო დამამახსოვრებელი გახდეს შეიძლება, ეს ამბავი. აქვე ვიტყვი, რომ ეს საჩუქრები არ არის მარტო მართლმადიდებლებისთვის ხელმისაწვდომი, ყველა სხვა კონფესიას შეუძლია, მათ შორის სომხურ მონოფიზიტურ ეკლესიასაც, დაასაჩუქროს თავისი მრევლის ბავშვები. მოკლედ, ეს საჩუქრები მოხვდა გურიის ერთ-ერთ სოფელში.
- კონკრეტულად, რომელ სოფელში? 
- ნუ მკითხავთ, რადგანაც მე, როგორც სასულიერო პირი, დავინდობ ამ ადამიანებს და მათ სახელებს შეგნებულად არ დავასახელებ. ამ ინტერვიუსაც იმიტომ გაძლევთ, რომ მათ შეიგნონ, რა ცოდვაც ჩაიდინეს ღვთის წინაშე და დანაშაული - ერის წინაშე!
- და ასეთი რა მოხდა? 
- რა და მიიტანეს ეს ტვირთი ამ სოფელში, ვინაიდან და რადგანაც ამ საჩუქრებს მარტო მამაოებზე და სასულიერო პირებზე კი არ გასცემენ, ყველას შეუძლია ეს ტვირთი წაიღოს თავისი ეკლესიის სახელით, ამიტომ ამ რეგიონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა წაიღო და დაარიგა გურიის ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღში. ამ სოფლის მოსახლეობა, ცხადია, ზოგი დადის ეკლესიაში და ზოგიც - არა, ეს არ მიკვირს, რადგანაც ასე ხდება ხოლმე სოფლებში, იქ ახლოს კათოლიკური ეკლესიაც ყოფილა, რადგანაც სომეხი მოსახლეობაა ამ სოფელში და მათ ბავშვებზეც დარიგდა ეს საჩუქრები. ამ დროს მშობლებმა რამდენიმე ყუთში აღმოაჩინეს ხის ჯვარი და ინგლისურ ენაზე სახარება და მიუტანეს ეს მოძღვარს: ეს წიგნები იდო ყუთში და სწორია ამ წიგნის აღება, თუ არაო. მოძღვარი ეკითხება ამ ტვირთის დამრიგებელს, საიდან ხარ და რომელ კონფესიას ეკუთვნი, ეს ბაპტისტების საჩუქრებიაო. ამ დროს ეს წიგნები კათოლიკეს დაბეჭდილი იყო, თუ მართლმადიდებლის, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ ტვირთის დარიგებისას არ არის ნებადართული, დამრიგებელმა ვინმეს თავს მოახვიოს საკუთარი სარწმუნოება და ეს არც მომხდარა. აქ იგულისხმება, რომ საჩუქარი მიუტანე, დასაჩუქრებული შესაჭმელს შეჭამს, წასაკითხს წაიკითხავს და დამთავრდება ამით ყველაფერი. მაგრამ აქ, ამ სოფელში, მოხდა საშინელი რამ: ამის შემდეგ გამოიტანეს ეს წიგნები, დაწვეს და მერე გადააბრალეს ბავშვების მშობლებს, იმათ დაწვესო.
- მარტო წიგნებმა გაამწარა ეს ხალხი, თუ ჯვრებმაც? 
- კი, ხის ჯვრებიც იყო და ეს ჯვარი მე თვითონ მინახავს, მათზე არ არის გამოსახული იესო ქრისტე, არის მხოლოდ ორად გადაჯვარედინებული ჯოხი, რადგანაც იგულისხმება, რომ სხვადასხვა ქრისტიანის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს ეს ჯვარი. გრძელფეხიან ჯვარს ჩვენ რომაულ ჯვარს ვუწოდებთ, ლათინურ ჯვარს, კათოლიციზმის ბუდეა და რა ვქნათ, ამოვიღოთ ეს ჯვარი ხმარებიდან, სადაც ჯვარცმული ქრისტე გვყავს გაკრული? მოკლედ, წიგნები დაწვეს, რადგანაც ინგლისური იყო და ვერ გაიგეს და მერე თქვეს, რომ ეს ყველაფერი ბაპტისტების მოტანილი საჩუქარი იყო. ის კაცი, ვინც ეს ჩაიტანა, შეეცადა აეხსნა, რომ ყველა ქრისტიანი იღებს ამ საჩუქარს, სომეხიც, ქართველიც, რუსიც, მოლდაველიც და ბელარუსიც.
- კი, მაგრამ სასულიერო პირის მინიშნებით დაწვეს ეს წიგნები ადგილზე? 
- სწორედაც რომ, სასულიერო პირის! მაგრამ ამ ამბავს ძალიან ცუდი რეზონანსი მოჰყვა, რადგანაც იმ ორგანიზაციამ შეიტყო ამ ინციდენტის შესახებ ამერიკაში და თქვა, რომ ჩარიეთ ამერიკის საელჩო და შეიტანეთ სასამართლოში სარჩელი და ვუჩივლებთო, რადგანაც ეს არის ბავშვებისთვის მისატანი ტვირთის განადგურებააო. რა ვერ გამიგია, იცით? კარგი, წიგნი დაწვი, დაწვი, ის წიგნი ჩემია და თუ მაჩუქე, რასაც მინდა, იმას ვუზამ, კი, ბატონო, გასაგებია, მაგრამ ამ ბავშვებს წიგნებთან ერთად კანფეტებიც დაუწვეს!!
- კანფეტებს რას ერჩოდნენ? 
- შოკოლადი ჩაუგდეს ცეცხლში და სოფლის თავკაცს კი არა, ქალი ჰყავთ და იმ თავქალს წამოსცდა, რომ მშობლებს ეგონათო, კანფეტებიც ხომ არ არის არამართლმადიდებლურიო. 
- ცხოვრებაში კანფეტის მართლმადიდებლობა და არამართლმადიდებლობა მართლა არ გამიგია! 
- ხო, ეგ რანაირი ქართულია, ვინმემ ამიხსნას! თურქეთში რომ მიდის ადამიანი და იქიდან ჩამოაქვს საქონელი, მაღაზიაში ჩვენ იქაურ წინდას ვყიდულობთ, შარვალს ვყიდულობთ, პერანგს ვყიდულობთ, ის მუსლიმანის გაკეთებულია და აღარ ჩავიცვათ? იმ ბავშვს რომ ტკბილეული გამოგლიჯეს ხელიდან და ცეცხლში რომ ჩაუგდეს, ეს არ ემახსოვრება მთელი სიცოცხლე და შემოგივა ეკლესიაში? მან ხომ მრევლი მოუკლა ქართულ ეკლესიას ხვალისთვის, ვინც ეს გააკეთა? ეს თუ ბაპტისტების მოტანილია, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ოჯახი არ არის, სადაც ბიბლია დევს თანამედროვე ქართულით ნათარგმნი, ასევე სახარება და ფსალმუნები და, გადაშალეთ, აწერია: "სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმანის ინსტიტუტი". ბიბლიის მთარგმნელი მალხაზ სონღულაშვილი გახლავთ ბაპტისტი და მისი ნათარგმნი წიგნებით საზრდოობს დღესაც ქართული ეკლესია და თუკი პატრიარქმა გასცა ამაზე კურთხევა, შენ საიდანაც ითარგმნა, იმ ენაზე დაწერილი სახარება უნდა დაწვა? მაშინ გამოვიტანოთ სონღულაშვილის ნათარგმნი მთელი ლიტერატურა ეკლესიიდან და დავწვათ საჯაროდ!

ვერ გავიგე, კუკლუკსკლანი ვართ, კაცო? სად არის ჩვენი მართლმადიდებლობა და ჰუმანიზმი?
- მიეცათ ის წიგნები კათოლიკეებისთვის და ისინი მოიხმარდნენ... 

- მე ვუთხარი ეგ და ვერ მოვიფიქრეთ მაგდენიო. აქ მეორე მომენტია: ამაზე დიდი ამბავი რომ ატყდა, ჯერ კიდევ არ შემიძლია სიარული, მაგრამ მაინც წავყევი იმ ხალხს ამბის გასარკვევად გურიაში და, რომ მივედით, ის სასულიერო პირი მეკითხება, ვინ ხართო. ვპასუხობ, რომ მართლმადიდებელი დეკანოზი, და მეკითხება: თქვენო ადრე დიაკონი არ იყავითო? ადრე ყველა ვიყავით დიაკონი, მაგრამ ვუპასუხე, აქ ჩემი ამბის გასარჩევად ვართ მოსულები, თუ რაც მღვდელმა ჩაიდინა, იმის გასარჩევად-მეთქი? ამ დროს, ვინც მთხოვა, წავყოლოდი, საჩივლელად კი არ მთხოვა, სხვა დროს რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, იმიტომ მთხოვა გაყოლა. ამ საჩუქრებში რამე ცუდი რომ ყოფილიყო, ვერ მივხვდებოდი? მე, მართლმადიდებელი მღვდელი, დავდივარ და ამ საჩუქრებს ვურიგებ ბავშვებს და შემოვიარე ლამის მთელი საქართველო, სად აღარ წამიღია და კიდევ ვაპირებ ამის გაგრძელებას და კიდევ ერთს ვიტყვი: იმას ყური უნდა აუწიონ, ვინც ამის ბრძანება გასცა და მერე მშობლებს რომ გადააბრალა ისე, როგორც ადამმა დააბრალა ევას და ადამი და ევა კი ჯოჯოხეთში იყვნენ! არავის ვაშინებ, მაგრამ სახარებისეულ სწავლებას ვახსენებ და, თუ არ აქვთ წაკითხული იმ მოძღვრებს, კეთილი ინებონ, გადაშალონ და წაიკითხონ!






წყარო




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий