вторник, 12 мая 2015 г.

ინტელექტუალური და პიროვნული სიმწიფის როლი რელიგიური ადამიანის ცხოვრებაში





გუგა გრიგოლია


ვინაიდან მოცემული საკითხი შინაარსობრივად საკმაოდ მდიდარი და შეიძლება ამოუწურავია, ჯერჯერობით მხოლოდ არასრულად შევეხებით, ადამიანის აზროვნების მხოლოდ რამდენიმე ასპექტს, ძირითადად - ანალიტიკურს და რელიგიურს. და ხაზს გავუსვამთ, იმას თუ რა პრობლემებამდე მივყავართ ადამიანში ანალიზის პიროვნული სიმწიფის და ინდივიდუალურობის დეფიციტს.


  იდენტობის როლი და მისი ბუნება


თავდაპირველად გავარკვიოთ სიტყვა იდენტობის განსაზღვრება. ეს არის პიროვნების არსებითი, განუყოფელი და ძირითადი მეობა, ინდივიდის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია.

"ვინ ვარ?" "რა მინდა?" "როგორია ჩემი პიროვნული მახასიათებლები?" "სადაა ჩემი ადგილი?" ესაა ძირითადი კითხვები რომლებიც იდენტობას უკავშირდება.
იდენტობის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან, სრულიად გაუცნობიერებლად იწყება და სრულიად გაუცნობიერებლად მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ ასაკში (პირობითად გარდატეხის პერიოდში), როდესაც ადამიანის ცნობიერება პროგრესს განიცდის, მას უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება, თავად გამოძერწოს საკუთარი პიროვნული შტრიხები, ხასიათის თვისებები, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური როლი, გაარკვიოს საკუთარი ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულებები და პოზიცია. მას სურვილი უჩნდება თავადაც იპოვნოს საკუთარი ადგილი და როლი გარესამყაროში, შექმნას საკუთარი, ცხოვრება, საკუთარი "მე" და მასთან მოახდინოს გაიგივება, ესაა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, პიროვნების ჩამოყალიბების, რთულ და მუდმივ გზაზე.

იდენტობის ჩამოყალიბება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ნებისმიერ შემთვევაში ხორციელდება. თუკი დავუსვამთ შეკითხვას ქუჩაში ნებისმიერ შემთხვევით გამვლელს, ჭკვიანს თუ უჭკუოს, ღარიბს თუ მდიდარს, ისინი სხაპასხუპით გაგცემენ პასუხს იმაზე თუ რასთან და ვისთან აიგივებს საკუთარ თავს, რას წარმოადგენენ, რა უნდათ და რა ადგილი უკავიათ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა რომ მათ შეიძლება აქამდე არც კი ჰქონოდათ ამ საკითხზე ნაფიქრი.

ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა ამაზე პიროვნება თავად იმუშავებს თუ არა, იდენტობა - ანუ გაიგივება გარდაუვალი პროცესია და ის დაუკითხავად მაინც ხორციელდება, იმისადა მიუხედავად ჩვენ ამ პროცესზე თავად, ცნობიერად ვიმუშავებთ თუ არა... ასეთია მისი ბუნება.

დღის წესრიგში დგება საკითხი, რა არის საჭირო და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ თავად აღმოვაჩინოთ საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები, თავად ვიპოვნოთ საკუთარი როლი და თავად შევძლოთ ამ როლის დამსახურება.

ამისათვის საჭიროა რამდენიმე ძირითადი თვისება, ყურადღება, სურვილი, ნებისყოფა, აზროვნების ავტონომიურობა, მისი ძლიერება და შემოქმედებითობა.
საკუთარ თავზე კონტროლის აღება, მანამ უნდა მოასწროს ცნობიერებამ, სანამ ამას არაცნობიერი გააკეთებს.


               აბსტრაქტული აზროვნების მნიშვნელობა ადამიანის აზროვნებაში

განასხვავებენ შემეცნების გრძნობად-ემპირიულ და თეორიულ-აბსტრაქტულ საფეხურებს. გრძნობად ემპირიული შემეცნების ფორმებია: შეგრძნება, აღქმა, (დაკვირვება, ცდა, ექსპერიმენტი) და წარმოდგენა. ხოლო თეორიულ აბსტრაქტული შემეცნების საფეხურებია: ცნება, მსჯელობა და დასკვნა. 


აზროვნების განვითარების უმაღლესი ეტაპი აბსტრაქტული აზროვნებაა, ის ასევე შემოქმედებითობის ყველაზე მაღალი გამოხატულებაა და მოითხოვს მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევებს სადაც ორიენტაციას ადამიანი განყენებული ცნებების მეშვეობით ახდენს.

მონაცემების მოგროვება, მათი ანალიზი, ჰიპოთეზების ძალიან ფრთხილად და ძალიან ხანგრძლივად გამოძერწვა და სრულყოფილად ჩამოსხმა და შემდეგ ამ ჰიპოთეზების დადასტურების ან უარყოფის გზების ძიება, ჯანსაღი სკეპტიციზმი და კრიტიკული აზროვნების უნარი, ყველაზე მთავარი და აუცილებელი საშუალებებია, რომელთა გარეშეც დასკვნის მიღება შეუძლებელია და მათი გამოყენება რელიგიური მრწამსისა, სიმაღლის თუ წონის მიუხედავად ყველა ადამიანისთვის თანაბრად აუცილებელია, სხვაგვარად საზოგადოება იღებს ირაციონალ სეკულარებს და ფანატიკოს მორწმუნეებს, რაც არცთუ ისე სახარბიელო კონტიგენტია, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომუკურ თუ სხვა ნებისმიერ ჭრილში.


        ლოგიკური ანომალიები და მათი განკერძოებული შემთხვევები    

მორწმუნე ადამიანების უდიდესი უმრავლესობის პრობლემა ის კი არაა, რომ სწამთ, არამედ ის რომ რწმენის ობიექტის გაანალიზების უნარი არ გააჩნიათ და აზროვნების უუნარობის გამო, ავტომატურად ისწრაფვიან დოგმატური აზოვნებისაკენ, ფუნდამენტალიზმისკენ და ბოლოს უკვე ფანატიზმისკენ, რაც სავსებით ბუნებრივია, - არსებობს ადამიანის 2 კატეგორია, პირველი რომელსაც ლოგიკური ანალიზის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა, რომ მაგალითად ქუჩაში წესრიგის დასამყარებლად საჭიროა შუქნიშანი და მეორე ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად ავტორიტეტი, წმინდა წიგნი და გამოცხადება სჭირდება სადაც თუნდაც არგუმენტაციის გარეშე ეწერება, რომ შუქნიშანი სასარგებლოა. (მოცემულ მომენტში არ ვეხებით ზოგადად, გამოცხადების საჭიროება არსაჭიროების მნიშვნელობას, არამედ მხოლოდ ადამიანის აზროვნების უნარს და მეთოდს).


იმისდა გამო, რომ არალოგიკური, ირაციონალიზმით გაჟღენთილი, ემოციური აზროვნების კლასიკური მაგალითები, საკმაოდ ხშირია, მორწმუნე ადამიანების უდიდესი ნაწილის ყოველდღიურობაში, შევეცდებით მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე მკაფიო შემთხვევები განვიხილოთ.
   
როდესაც ადამიანს შეხება ირაციონალ ადამიანთან აქვს, საჭიროა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ მისი დაბალი ინტელექტი თუ მცდარობა, არანაირ კავშირში არაა იმ პოზიციასთან, ფილოსოფიასთან თუ რელიგიასთან, რომლის წარმომადგენლადაც თავს ის თავად ასაღებს. ასეთი ადამიანების უდიდეს უმრავლესობას მართლაც გულწრფელად სწამს იმისა, რომ ისინი არიან წარმომადგენლები გარკვეული მიმდინარეობისა, (ავიღოთ მაგალითად ქრისტიანობა). ასეთი ადამიანები თავგამოდებით დაიწყებენ საკუთარი სარწმუნოების დაცვას, მიუხედავად იმისა რომ სრული ინტელექტუალური ბანკნოტები არიან არათუ ქრისტიანულ, არამედ ელემენტარულ ლოგიკურ საკითხებში. ისინი მზად იქნებიან სრული გულწრფელობით თუნდაც სიცოცხლე გაწირონ იმის დასამტკიცებლად რომ ქრისტიანები არიან, როდესაც ხშირად ქრისტეზე ელემენტარული ცნობა და წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ.
  
რა იწვევს მსგავს ანომალიებს? რა არის იმის მიზეზი, რომ ერთი შეხედვით მოაზროვნე ადამიანებიც კი, რომელთან შეიძლება პირადი ცხოვრებაც იდეალურად აქვთ მოწყობილი, ბიზნესშიც საკმაოდ ძლიერები არიან და საკუთარ პროფესიაშიც ბადალი არ ჰყავთ, მაშინვე გონებაშეზღუდული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, როგოც კი საქმე რწმენის საკითხებს ეხება? მიზეზი მარტივია, ვიწრო თვალსაწიერი, ეგზისტენციალური სიცარიელე და ფილოსოფიური წყურვილის არქონა. განვიხილოთ რამდენიმე ლოგიკურად გაუმართავი მაგალითი, რომელიც ლიტერატურული შელამაზებისდა მიუხედავად, რეალურ ისტორიებს ეფუძნება -
   
1) "- მოგესალმებით ბატონო X, თქვენ საკმაოდ წარმატებული ადამიანი ბრძანდებით, თქვენ გასულ წელს ნობელის პრემია აიღეთ პლასტიკური ქირურგიის განვითარებაში, ჩვენ ვიცით თქვენი უდიდესი ნიჭი და დამსახურება ამ სფეროში, მაგრამ იქნებ გაგვაცნოთ თქვენი შეხედულებები ფილოსოფიურ საკითხებზე, როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე?
-  იცით ჩემი აზრით სავსებით დასაშვებია ის ვერსია, რომელიც ამასწინათ ჩემმა მეცნიერმა მეზობელმა მითხრა, რომ შესაძლოა გარკვეული დროის წინ დედამიწას უცხოპლანტელები ესტუმრნენ და სწორედ მათ მიერ შემთხვევით დატოვებულმა ექსკრემენტებმა ბიძგი მისცა ევოლუციურ ჯაჭვს, რომელმაც ადამიანი წარმოშვა რაც სავსებით დასაშვებია რადგან თუკი უცხოპლანეტელები არსებობენ, მაშინ სავსებით რეალურია რომ მათ ექსკრემენტებში არსებულმა მიკრობებმა მილიონობით წლის განმავლობაში უფრო რთული ორგანიზმები წარმოქმნან".
  
2) "- თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასულიერო პირი ხართ, რომელმაც მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი მოაქცია ქრისტეს გზაზე, იქნებ გვითხრათ თქვენი შეხედულება იმის თაობაზე თუ რატომაა ბიბლია სანდო?
- მინდა აღვნიშნო რომ როგორც სულიწმინდის მიერ ჩასახვის საიდუმლოს ვერ ჩავწვდებით, ისევე ვერ ჩავწვდებით იმას, არსებობს თუ არა ღმერთი და ვერ იმ საკითხს ბიბლია არის თუ არა სწორი. ჩვენ რწმენით ვიღებთ სულიწმინდით ჩასახვას და ასევე რწმენით უნდა მივიღოთ ეს საკითხებიც, მითუმეტეს რომ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ქრისტიანული წარსული აქვს და მსგავსი ეჭვებისა თუ კითხვების ქონა, პირველ რიგში ჩვენი წინაპრების ღალატია"
   
3) "- რატომ თვლით რომ თქვენი სარწმუნოება სწორია?
- იმიტომ რომ მე ეს მოძღვრება შვებას მგვრის და საოცრად მამშვიდებს, მას შემდეგ რაც ლოცვა გავაძლიერე, კაზინოში სიარულს მოვუკელი და ეს მართლაც უდიდესი ნიშანია ზეციდან"
   
მსგავსი ალოგიკური მაგალითების მოყვანა უსასრულობამდე შეიძლება, თუმცა კიდევ ერთხელ აღსანიშნავია ის, რომ მოცემული მაგალითები ზოგადად ღმერთის არსებობა არარსებობას ან რომელიმე სარწმუნოების სისწორე-სიმცდარეს არ ეხება, საკითხს მხოლოდ ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ ჭრილში განიხილავს და არ გულისხმობს იმას, რომ ზემოთაღნიშნულ შეკითხვებზე ლოგიკურად გამართული პასუხები არ არსებობს, ჩვენ მოცემულ მომენტში საერთოდ გვერდს ვუვლით ამ საკითხზე საუბარს.
     
მოცემული მაგალითების შედეგად შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა, თუკი შეიძლება ინტელექტუალი, ავტორიტეტული ადამიანიც კი საკმაოდ ჩამოუყალიბებელი და პიროვნულად განუვითარებელი იყოს, მაშინ ადვილად წარმოსადგენია რამდენად უარეს სიტუაციაშია რიგითი ადამიანი, რომელიც არც ცოდნით გამოირჩევა და არც აზროვნების უნარით, დასკვნა მართლაც პესიმისტურია და არანაირ იმედს არ იძლევა.


      როგორ მოიპოვოს პიროვნებამ გარანტია იმისა რომ მისი შეხედულებები სწორია?

გილოცავთ, თქვენ მიადექით ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ალბათ მარადიულად ამოუხსნელ შეკითხვას (ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის მაინც), რომელზე გადაჭრითი პასუხის გაცემა, შეუძლებელი თუ არა, მინიმიმუმ საპასუხისმგებლოა და ვინაიდან ადამიანს საკუთარი არსებობის დამტკიცებაც კი უჭირს, ამჯერად შევეცდებით არა მზამზარეული სრულყოფილი პასუხის ქონაზე განვაცხადოთ პრეტენზია, არამედ ფრთხილად ვეძებოთ ხელმოსაჭიდი იმ უკიდეგანო და ხელშეუხებელ განზომილებაში, რომელსაც აბსტრაქტული სამყარო ჰქვია.

   
თუკი გვიჭირს იმის განსაზღვრა, თუ რა გვაძლევს საკუთარი შეხედულებების სისწორეში გარანტიას, მაშინ დავიწყოთ მსჯელობა იმაზე თუ რა არ გვაძლევს ამის გარანტიას.



ჩვენ შევეცდებით სრულად თუ არა მკაფიო წახნაგები მაინც გამოვყოთ ისეთი ფენომენებისა რომელზე დაყრდნობითაც დასკვნების გამოტანა არასანდოა:
   
1) ინტუიცია - ეს არის წინათგრძნობა და მხოლოდ და მხოლოდ აქსესუარი ადამიანის ცნობიერებაში, ის რიგითი ინსტრუმენტია, რომელიც შეგვიძლია მხოლოდ დავიხმაროთ გარკვეულ დონეზე და სრულიად დაუშვებელია ინტუიციით დასკვნების გამოტანა და ორიენტაცია სამყაროში, რამდენად ძლიერადაც არ უნდა ვთვლიდეთ მას.
   
2) ფანტაზია - ეს არის წარმოსახვის უნარი, კრეატიულობის გამოვლინება და სიტუაციების სხვადასხვა ვარიაციებში დაგეგმვის, წარმოსახვის და განვრცობის უნარი, ფანტაზია მართლაც რომ უდიდესი ნიჭია და აუცილებელია ყოველდღიურ ურთიერთობებში, ლიტარატურაში, მხატვრობაში, არქიტექტურაში და მეცნიერებაშიც კი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ფანტაზიაც ისეთივე აქსესუარია ადამიანის გონებაში, როგორც ინტუიცია, ის მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია და დაუშველებია მისით დასკვნების გამოტანა, რამდენად უკიდეგანოდაც არ უნდა თვლიდეთ მას.
   
3) სურვილი - ეს არის მოთხოვნილება, რომელიც წარმოიქმნება დისბალანსის დროს - შიმშილი როგორც დისბალანსი, წარმოშობს საკვების მიღების მოთხოვნილებას, მარტოობა როგორც დისბალანსი წარმოშობს ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას. სურვილს და მოტივაციას უდიდესი როლი უჭირავს ადამიანის ფსიქოლოგიაში, რაც ცალკე განხილვის საკითხია... ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რაიმეს მონდომება მის არსებობას ვერ განაპირობებს, ჩვენ თავისთავად ვერ გავაჩენთ ჩვენს ხელზე საათს, რამდენადაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ გვინდა რომ ვცხოვრობდეთ რომელიმე კომფორტულ სასტუმროში, თუმცა ჩვენი სურვილი ამის გარანტიას არ იძლევა და ეს ყველა ადამიანმა კარგად იცის, მაგრამ როგორც კი საქმე ღმერთის არსებობის რწმენას შეეხება, ადამიანების დიდი ნაწილი ლოგიკური არგუმენტის ძიების ნაცვლად ხშირად საკუთარ სურვილს ეყრდნობა და ჩვენ ხშირად გვსმენია მათი სავსებით გულწრფელი შენიშვნა: "-მე მწამს ღმერთის არსებობისა, იმიტომ რომ მინდა მისი არსებობა, სხვა შემთხვევაში ცხოვრება შემზარავი იქნებოდა". ალბათ მართლაც შემზარავი იქნებოდა ცხოვრება ღმერთის არარსებობის შემთხვევაში, მაგრამ ეს მაინც არაა არგუმენტი იმისა რომ ღმერთი არსებობს და ამ საკითხის უკეთესი ლოგიკა სჭირდება, ასე რომ დაუშვებელია სურვილის მიხედვით დასკვნების გამოტანა, რამდენად სანატრელადაც არ უნდა თვლიდეთ მას
   
დღევანდელ ეპოქაში მეცნიერები ალბათ მართლაც ზედმეტად ამბიციურები არიან, განსაკუთრებით მაშინ როდესაც, ვერ ხედავენ მეცნიერების ლიმიტებს და ცდილობენ ღმერთის არსებობა-არარსებობის ან ზოგადად რელიგიის შესახებ ხმამაღალი დასკვნების გაკეთებას, მაგრამ აღსანიშნავია რომ ჯანსაღი რეაქციისა და მრევლისთვის მეცნიერების როლისა და ლიმიტების გაცნობის ნაცვლად ფსევდო მორწმუნეების დიდი ნაწილი და ხშირად რელიგიური ორგანიზაციების წინამძღოლებიც კი ნებით თუ უნებლიედ, ახდენენ მეცნიერების სრულ დემონიზაციას და მისი ავტორიტეტის ზომაზე მეტად შელახვას, რასაც ბუნებრივადვე თან სდევს რელიგიური წინამძღოლებისა და მრევლის დეგრადაცია, ამას მოსდევს ჯაჭვური რეაქცია ლოგიკისა და ობიექტური რეალობის უარყოფის სახით და სწორედ ასე ვიღებთ გონებაშეზღუდული ადამიანის საუკეთესო ექსპონატს.
  
რა უნდა ვურჩიოთ გულწრფელ ადამიანებს, რომელბსაც აქვთ იმის სურვილი, რომ იყვნენ მაგალითად კარგი ქრისტიანები?
   
ვერც ამ შემთხვევაში ვიქონიებთ მზამზარეული პასუხის ქონაზე პრეტენზიას, მაგრამ შევეცდებით ფრთხილად ვეძებოთ ხელმოსაჭიდი იმ უკიდეგანო და ხელშეუხებელ განზომილებაში, რომელსაც აბსტრაქტული სამყარო ჰქვია.
   
ჩვენ შევეცდებით სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც გამოვყოთ ის წახნაგები, რომელზე ყურადღების გამახვილებაც აუცილებელი თუ არა, მინიმუმ სასურველია.
   
1) გულწრფელი სურვილი რწმენის მოპოვებისა.
2) ნებისყოფა და გამძლეობა, რადგან ყველაფერი ღირებული მოპოვებას მოითხოვს.
3) ფიქრის და სწავლის სურვილი და ღმერთის შემეცნების ნება.
4) სიყვარული იმ პროცესისა, რომელიც ძიებაში გელით.
5) სასურველია გონება, თუმცა თუკი ღმერთი არსებობს, მაშინ მან თქვენზე უკეთ იცის თქვენი შესაძლებლობები და სავარაუდოდ, იმაზე მეტს არ მოგთხოვთ ვიდრე შეგიძლიათ.
6) და ალბათ კიდევ რაღაც, რასაც იმედია თქვენით აღმოაჩენთ.



არც ისე ადვილია უვიცი ადამიანისთვის იმის თქმა, რომ მათემატიკოსი ან ფიზიკოსია, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ასე თუ ისე ყველას აქვს ეს საგნები ნასწავლი, მაგრამ ადამიანების უდიდესი ნაწილი თავს ქრისტიანად თვლის მიუხედავად იმისა რომ ბიბლია არათუ არ წაუკითხავთ, არამედ ამის სურვილიც კი არ გასჩენიათ და საკუთარი სიზარმაცით და ნებაყოფლობითი გონებასუსტობით ბევრ ადამიანსაც აბრკოლებენ ქრისტიანობისკენ მიმავალ გზაზე.



ასეთი ადამიანები მრავლად არიან ჩვენს პლანეტაზე, ჩვენს კონტინენტზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში, ჩვენს ოჯახებში და დიდია შანსი ჩვენც ასეთები ვიყოთ.
   
ჩვენ არ ვიცით ღმერთის მოწყალების სრული არსი და ფორმა, ჩვენ არ ვიცით ღმერთის კრიტერიუმების სრული შინაარსი, ასე რომ მორწმუნე ადამიანი საკუთარი სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებას უნდა ცდილობდეს.



თუკი ღმერთი არსებობს, მაშინ მისთვის ყველა ადამიანი თანასწორია, ინტელექტუალურად ძლიერიც და სუსტიც, ადამიანს ალბათ არ მოსთხოვს ღმერთი იმაზე მეტს ვიდრე მას შეუძლია. ნაკლებად სავარაუდოა სამოთხე იყოს ინტელექტუალური გამოცდა, სადაც კვანტური მექანიკის ჩაბარებაა საჭირო.  



მაგრამ თავს ნუ დააჯერებთ იმას, რომ არც ფიქრი შეგიძლიათ და თითქოს არც ფიქრის სურვილის ქონა.
  
მე არ ვთვლი რომ ქრისტიანობა კრეტინების რელიგიაა, თუმცა შეიძლება თქვენ ასე არ გაწყობდეთ.






წყარო: აზრები




გაუზიარეთ მეგობრებს

                       


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий