среда, 13 мая 2015 г.

“მტრედივით შამოვღუღუნდი!…” – რელიგიის 50 განმარტება




ზელიმხან უძილაური
ყოველ ლამას თავის რელიგია აქვს“ – ეს ტიბეტური ანდაზა შესაძლებელია გამოვიყენოთ ამ მინიატურული ნარკვევის დევიზად. ხოლო თუ დედანს ჩავუღრმავდებით, იქ ‘რელიგიის’ ადგილას ‘ჩოზ ლუგს’ სწერია, რაც ტიბეტურად ‘რელიგიას’ უდრის და ქართულად, როგორც ‘მოძღვრება’, ზუსტად, ‘სამოძღვრო სისტემა’ გამოდის.

ამ პირველივე წინადადებიდან გამოჩნდა, რომ მსოფლიოს არაერთ კულტურას და რელიგიას ‘რელიგიის’ ნატამალიც არ მოეპოვება. რა არის ‘რელიგია’? არც კი გაუგონიათ ეს სიტყვა; რელიგია – როგორც ყველა რწმენითი სისტემის გამაერთიანებელი უნივერსალური ‘სიგნალი’ მხოლოდ ევროპული განვითარების შედეგი, ამჟამად კი ევროცენტრისტული აკადემიური სივრცის ანარეკლია. არამხოლოდ ეს. ამ ბოლო ათწლეულების სერიოზული ევროპელი მეცნიერები კოლონიალიზმის სიმპტომზე და ევროცენტრიკულობაზე საუბრობენ და რაც „უფრო მეტს ვსაუბრობთ რელიგიაზე, მით უფრო მეტად გვეპარება ეჭვი, რომ საუბრის საგანი ისევ რელიგიაა“: – 
Je mehr über Religion gesprochen wird, desto mehr steht die Frage an, ob noch über Religion gesprochen wird und ob man darüber noch sprechen kann.1 ამიტომ თუ ქვემორე ნარკვევში რელიგიაზე ტრადიციულ წარმოდგენას ავცდით, მისი ვარიაცებიც შეგხვდათ ზოგადად, სიტყვა ‘რელიგიის’ უღლის გადაგდების სურვილი დაინახეთ ავტორისაგან, გირჩევთ, ასეთი მცდელობები დროის ნესტარს და მხოლოდ კეთილ, აკადემიურ და შემეცნებით განზრახვას მიაწეროთ

1. სიტყვის პირობითობა, რჯული
რელიგიის უპირველესი განმარტებაა ‘რჯული’. ‘რჯული’ მის ვარიანტებში (შჯული, რჩული, სჯული) უკვე მთელი კონცეფციაა. ნუთუ აქ გონებაა ჩართული, ადამიანი სჯის? რჯული ყველგან თუ არა, არაერთ კულტურაში უდრიდა ‘რელიგიას’. რჯულია არაბული დინ, ებრაული დათ, ზოგადად ადათი და ტრადიცია. ინდონეზიაში, ყველაზე რიცხვმრავალ მუსლიმანურ სახელმწიფოში, სადაც 200 მილიონზე მეტი მუსლიმანი ცხოვრობს, ‘ადათი’ ყოვლისმომცველი ცნებაა. თვით ინდიელებიც კი, თავიანთ რელიგიას როგორც რჯულ-ადათს, აღიქვამდნენ, თლამანითილიცლი – … მონგოლები თავიანთ თლამანითილიცლს ანუ რელიგიას შაშინ-ს ეძახდნენ, ჩინელები დიდ რელიგიებს ციაო -ს (ტაოიზმი: ტაო-ციაო, ბუდიზმი: ფო-ციაო), გერმანული ტომების წარსულში გრძელი Ē -ს გამოთქმა რელიგიას ნიშნავდა… ეს რომ განზოგადებულიყო გვიანევროპაში და არა ლათინური religio, მაშინ ვიტყოდით, ქრისტიანული ეეე, ისლამური ეეე, ბუდისტური ეეე და ა.შ. კელტური სამყაროდან ცნობილია 2 სიტყვა, რელიგიას რომ უდრის: ცრაბუდ და ირეს. პირველი მინდობას ნიშნავდა, მეორე – რწმენას2.
მაგრამ ‘რელიგია’ არაა ყოველთვის ‘რჯული’. ინდურ კონცეფციაში უფრო სხვა დიმენსია მძლავრობს, ‘კოსმიური წესრიგი’ ანუ დჰარმა. ბუდიზმმა დჰამაიმემკვიდრა. ძველბერძნულ კონცეფციაში θρησκεία ფიგურირებს, რაც მსახურებას ნიშნავს. აქვეა აღსანიშნავი, რომ რომაელებისგან განსხვავებით, ბერძნებს ‘რელიგია’ არ განუზოგადებიათ ანუ ‘რელიგია’ არ ჰქონდათ და რელიგიური დეტალების აღსანიშნავად მრავალფეროვან ლექსიკას იხმობდნენ: ‘ლატრეია’-λατρεία, ‘უესებიას’, ‘სებას’, ‘თერაპეია’ და ა.შ.
თანამედროვე ევროპული ცნება ‘რელიგიო’ ძირითად ევროპულ ენებში ‘Religion’ დღესაც კი არაა ერთადერთი აბსოლუტური ‘მმართველი’. ასე, მაგ. ბერძნულ კონსტიტუციაში, უპირატეს, ეპიკრატუსა თრესკეიაზეა საუბარი, ხოლო ინდურში კი ნათქვამია, რომ ინდოეთში ყველა დჰარმა ნირაპესკა – თანაბარუფლებიანიაო. ამრიგად, სახელმწიფო, ოფიციალური ენა, კონსტიტუცია ‘რელიგიას’ არ იცნობს. ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ თანამედროვე ინდოეთში ან საბერძნეთში ‘რელიგია’ არ გაუგონიათ და მას ოფიციალურ თუ სამეცნიერო წრეებში არ ხმარობენ, მაგრამ… აი, ქართულშიც რომ მსგავსი ვითარება სუფევდეს, მაშინ რელიგიათმცოდნეობა იქნებოდა ‘რჯულთმცოდნეობა’, ხოლო…
ნიშნეულია ასევე ცნების დავიწროება, როცა რელიგია ‘კონფესიის’ ადგილს იკავებს. ასე, მაგ. პოლონურ კონკორდატში საუბარი ‘კათოლიკურ რელიგიაზე’ და მსგ. არცთუიშვიათია თვით აკადემიური სივრცისთვისაც ‘ქრისტიანული რელიგიები’ … ალბათ ეს ასახვას იმ ჯაჭვურ რეაქციას, რაც ქრისტიანობის სხვდასხვა მიმართულებით განფენას მოყვა და მათ ფაქტიურ დაშორიშორებას, თუმცა გამაერთიანები ტენდენციებიც მძლავრია. შესაძლებელია, მალე ჩამოვარდეს საუბარი ‘პროტესტანტულ რელიგიებზე’… გამოიკვეთა ‘რელიგიის’ და ‘ეკლესიის’ იდენტური აღქმის ტენდენცია. ასე, რომ ‘რელიგია’ ძაან დრეკადი ცნება…
გერმანელი მეცნიერი, Ernst Feil, რელიგიის ცნების ისტორიული ტრანსფორმაციის შესახებ მრავალტომეული მონოგრაფიის შემქმნელი, სავსებით დასაშვებად მიიჩნევს, რომ ყოველგვარი უარყოფითი კონოტაციის გარეშე, შეიძლებოდა ‘სექტის’ განზოგადება მომხდარიყო და არა ‘რელიგიოსი’. მაშინ გვექნებოდა: ‘მსოფლიო სექტები’3: ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, სიკჰიზმი. დიახ, სიკჰიზმიც მსოფლიო ანუ უნივერსალური რელიგიაა, განსხვავებით ეთნიური იუდაიზმის ან მაზდეანობისგან…

2. ‘გზა-კარი’, აბსოლუტურობა
ჩვეულებრივ, საყოველთაო ასპარეზზე ყოველგვარი რელიგია გარდა რჯულისა, ‘გზაცაა’. ძენ-ბუდიზმი ბუდას იაპონური გზაა, ხოლო ქრისტიანობა – ქრისტეს გზა. ‘გზა’ უნივერსალურია. იმას, რასაც ქრისტე სახარებაში ამბობს, „მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება“, ყველა რელიგიის ღმერთი და დამაარსებელი ‘ამბობს’. თუ პირდაპირ არ ამბობს, საქმით მაინც ამტკიცებს. აბსოლუტურობა და გზაზედგომა ყველა რელიგიის თვისებაა. ერთი რელიგიის არსებობა მეორისას ყოველთვის ‘გამორიცხავს’. ზოგიერთი ინდური მიმდინარეობის, მაგ. ვიშნუიზმის თანახმად, გნებავთ, სხვა ღმერთი ილოცეთ, მაგრამ სინამდვილეში მაინც ვიშნუს განადიდებთ, ისე, რომ არც იცით. აი აბსოლუტურობის სტრატეგიაც ამას ჰქვია. რაღაც მსგავსი სახარებაშიცაა: მოწაფეები ყველგან მყავსო! ყურანს სხვა ღმერთის თაყვანისცემა ვერ წარმოუდგენია და მსგ. რელიგიური ჭეშმარიტებები მხოლოდ შიდამოხმარების ‘პროდუქტია’. აი ეს რომ წარმოვიდგინოთ მცირე თბილისური გეოგრაფიით, მეჩეთის, სინაგოგის, ბიზანტიური(სიონის) და სომხური ტაძრების მაგალითზე და გამოვყვეთ იმ ჭეშმარიტებებს, რასაც ეს თითქმის 4 რელიგია აჭეშმარიტ-ააბსოლუტურებს: თითოეულის ჭეშმარიტების ხაზი და გზა სულ რამდენიმე ნაბიჯს მოიცავს და ერთ ფოკუსში რომ შევყაროთ ყველა, სავარაუდოდ სოფიკო ჭიაურელის ძეგლამდე მიაღწევენ… ამ ძეგლთან წყდება მათი ჭეშმარიტებები

3.’ყურადღება’ თუ ‘კავშირის აღდგენა’?
რომაული სიტყვა religio ჩვეულებრივ, ინერციით და ტენდენციით ითარგმნება და განიმარტება როგორც ‘ხელახალი კავშირის’ ან ‘კავშირის აღდგენა’ ღმერთსა და მორწმუნეს შორის. აქ ჩანს იუდაურ-ქრისტიანული ‘რელიგიების’ და ლაქტანციუსის, შემდგომში ნეტარი ავგუსტინეს გავლენა და რელიგიის, როგორც ფენომენის ‘რელიგიის’ ცნებაში არევა. რასაკვირველია, ყოველგვარი რჯული ანუ ჩოზ კავშირის ძიება და აღდგენაა, მაგრამ ძველ რომაელებს ‘რჯულის’ სხვა ფილოსოფია აქვთ. ციცერონი თავის ქმნილებაში de natura deorum, საიდანაც ‘რელიგიო’, როგორც რწმენითი პარადიგმა დაფუძნდა, კავშირის აღდგენაზე სულაც არ საუბრობს. Religio it is kultus deorum, რომლის მსვლელობაშიც მთავარია აკურატულობა, განმეორებითობა ანუ რე-ლეგერე და ყურადღებიანობა. ‘საგულდაგულო ზრუნვა ყოველივე იმისადმი, რაც ღმერთების კულტს შეესაბამება“. ციცერონისთვის სიტყვა წარმოსდგება რე-ლეგერედან, ხოლო ლაკტანციუსისთვის რე-ლიგერედან და 1 ასოს სხვაობა უკვე კონცეპტუალურ განსხვავებას შობს. საჭიროა, ციცერონის ტექსტის გაცნობა და შემდგომში დასკვნის გაკეთება. religio -ს მამა Markus Tullius Cicero(106-43 ქწ.) არ გამოხატავს რელიგიის შინა-არსს(საამისოდაა მოწოდებული pietas), არამედ ეს გარეგნული კოდექსია: მსხვერპლი, ლოცვა, სამოსი, სისუფთავე… რომში წამყვანი პოლიტიკოსები ანუ მაგისტრატები ღმერთებთან მშვიდობას(pax deorum) კურირებდნენ. გადამეტებულ, შიშნეულ და ჟამითუჟამო ‘ყურადღებიანობას’ რელიგიო კი არა, სუპერსტიციო ეწოდება, რაც თითქმის ცრურწმენას უდრის. ციცერონის თანახმად, სუპერსტიციო ანგრევს რელიგიას, რამდენადაც ღმერთებს კეთილად კი არ განაწყობს, არამედ განარისხებს. ხოლო ‘უდბადობას’, ქარაფშუტა და არათანმიმდევრულ ‘რელიგიურ’ ქმედებას ნეგლეგერე ეწოდება… ამრიგად, რელიგიო ოქროს შუალედია გადამეტებულ რელიგიურობას და ქარაფშუტა ურელიგიობას შორის (შეგვიძლია დავესესხოთ მზექალა შანიძეს: „ბრმა რწმენის სცილასა და იაფფასიანი ნიჰილიზმის ქარიბდას შორის“).
აქ მთავარია ‘რელიგიოს’ რამდენიმე დაქვემდებარება-არაუნივერსალურობა: ა) რომაელებისთვის religio არაა საერთაშორისო ტერმინი, იგი მხოლოდ ტიპიური რომაული სათნოებაა, თან არამთავარი, justitia -ს დაქვემდებარებული; ბ) ‘რელიგიოს’ სულ თან სდევს კულტი, cultus და დროთა მსვლელობაში კულტიდან განვითარდა კულტის, როგორც რელიგიის სინონიმის და კულტურის, როგორც ადამიანური მოღვაწეობის მთლიანობის ცნება. ყველაფერი კულტურაა, რაც ბუნება არაა და რასაც კი ადამიანის ხელი და გონება ატყვია. საბოლოოდ, დღევანდელი გაგებით, რელიგიაც კულტურის ნაწილია. რელიგიის ცნობილი იტალიელი მკვლევარი, Dario Sabbatucci, ჯერ კიდევ დაახლ. მეოთხედი საუკუნის წინათ, ანალიზებდა რა ‘რელიგიის’ ცნების პირობითობა-წინაუკმობას, გვთავაზობდა ამ ცნების გაუქმებას და ‘კულტურაში’ გაჯერებას4.
‘რელიგიო’ ციცერონისთვის აშკარად პოზიტიური ცნებაა, და იგი არ უნდა იყოს ‘ფიქციო’, fictio, ანუ ფილოსოფოსების მიერ ხერხიანად მოგონილი რწმენა ღმერთებისა, მიზანდასახულებით, რათა მოქალაქეებმა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები აღასრულონ.
ამრიგად, თავდაპირველი მნიშვნელობით ‘რელიგიის’ ცნების ქვეშ იგულისხმება ოდენ რომაული ქვესათნოება, რაც უნდა გამოიხატებოდეს ღმერთების ზომიერ, რეგულარულ და გულმოდგინე თაყვანისცემაში.

ნაწყვეტები ციცერონის თხზულებიდან De Natura Deorum – ღმერთების ბუნების შესახებ
(რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო ‘რელიგიის’ მნიშვნელობის არაკომპეტენტურ ინტერპრეტაციებს)  

ციცერონის დედანი:
M. TVLLI CICERONIS
De natura deorum – Liber II
[71]..Quos deos et venerari et colere debemus, cultus autem deorum est optumus idemque castissimus atque sanctissimus plenissimusque pietatis, ut eos semper pura integra incorrupta et mente et voce veneremur. non enim philosophi solum verum etiam maiores nostri superstitionem a religione separaverunt.
[72] nam qui totos dies precabantur et immolabant, ut sibi sui liberi superstites essent, superstitiosi sunt appellati, quod nomen patuit postea latius; qui autem omnia quae ad cultum deorum pertinerent diligenter retractarent et tamquam relegerent, [i] sunt dicti religiosi ex relegendo, [tamquam] elegantes ex eligendo, [tamquam] [ex] diligendo diligentes, ex intellegendo intellegentes; his enim in verbis omnibus inest vis legendi eadem quae in religioso. ita factum est in superstitioso et religioso alterum vitii nomen alterum laudis. Ac mihi videor satis et esse deos et quales essent ostendisse.
საკუთარი, დროებითი თარგმანი: „ღმერთების ყველაზე უკეთესი და ამავე დროს უნამდვილესი, უწმინდესი და უსათნოესი თაყვანისცემაა როცა ჩვენ მათ ნიადაგ ხალასი, ხმამაღალი და უმწიკვლო გულით და ასეთივე სიტყვით აღვუვლენთ ლოცვას. რადგან არამხოლოდ ფილოსოფოსები, ჩვენი წინაპრებიც განყრიდნენ ცრურწმენებს ჭეშმარიტი რელიგიისგან. კერძოდ ისინი, ვინც მთელ დღეს ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ, რათა მათი შვილების სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა, სუპერსტიციოზებად აღიქმებოდნენ – ცნება, რომელიც შემდგომ გაფართოვდა. ხოლო ისინი, ვინც მათ საპირისპიროდ ყველაფერს, რაც კი ღმერთების თაყვანისცემას ეკუთვნოდა, გულდაგულ უფიქრდებოდნენ და ზომიერად ყოველთვის იმეორებდნენ(relegerent), წარმოდგებიან relegere -სგან, სახელდებოდნენ რელიგიურად, მსგავსადვე როგორც ელეგანტური ელიგერესგან, დილეგენტური დილეგერესგან, ინტელექტუალი ინტელეგერესგანაა წარმომავალი. ყველა ამ სიტყვებში გამოსჭვივის ლეგერე, გარჩევა, დახარისხება(გერმ. თარგმანშია Lesen, არა კითხვის, არამედ გარჩევის მნიშვნელობით. – მთარგმნ.), მსგავსად რელიგიოზუსის. ასე მიიღო ცნებამ სუპერსტიოზუს ნეგატიური მნიშვნელობა, ხოლო ცნებამ რელიგიოზუს – დადებითი. და ჩემი აზრით მგონი ღმერთების არსებობა და არსება საკმაოდ დაწვრილებით ავხსენი“.

სასუენი…თემა განსჯისათვის: არამხოლოდ ღმერთებზე, არამედ მშობლებზე ზრუნვაც ძველ რომში იგივე სიტყვით – religio – აღინიშნებოდა!



4. რელიგია თუ ტაბუ?

ჩვენი ღრმა დაჯერებით, ‘რელიგიის’ ინტერნაციონალური კარიერა მხოლოდ იღბალმა განაპირობა. იმ ფენომენის არსს, რის გამოხატვას, უნივერსალიზაციას და ერთ ოჯახში გამთლიანებას ‘რელიგია’ ცდილობს, უფრო მელანეზიური ტაბუ შეესაბამება. ჯეიმს კუკის მიერ ჩამოტანილი ეს სიტყვა იმ სიმბოლურ სისტემას, რაც აკრძალული, ‘ღრმად დანიშნული ’ (დედანში: ‘ტა პო’ ), წმინდა და განსაკუთრებული ფენომენების თაყვანისცემას ემყარება, უფრო ადექვატურად გამოხატავს, ვიდრე ‘რელიგია’, თუმცა ამ 2 სიტყვას შორის აშკარად ჩანს ნათესაობის კვალი. რელიგიაც ტაბუა, მოწიწების სფერო.
რასაკვირველია, ‘ქრისტიანული ტაბუ’, ‘ბუდისტური ტაბუ’, ინდუისტური ტაბუები’ … ნამდვილი სახელდების პოტენციურ შანსს დღემდე ინარჩუნებენ…
 
5. რელიგია როგორც ტაბუ-მანას ფორმულა/კომპლექსი

ტაბუ და მანა(პოლინეზიური სიტყვა, რაც საიდუმლო ენერგიას აღნიშნავს) ზებუნებრივის ნეგატიურ და პოზიტიურ მოდუსს აღნიშნავს. ტაბუ-მანას რელიგიური ცნობიერება წინ უსწრებს ყოველგვარ ანიმიზმს და უპირველესია. მანა ნიშნავს მუდმივმოქმედ ძალას და ტრანსფორმირებადია, მაგ. გონიერების სფეროში; მანას მეზობელი სიტყვა მანავა არერთმნიშვნელოვანია: გული, ცნობიერება, შინაგანი სამყარო… 6 ორივე კომპონენტს ატარებს ლათინური sacer, რაც წმინდასაც ნიშნავს და დაწყევლილსაც. ‘მანა’ ანგლიკანმა მღვდელმა და მისიონერმა – კოდრინგტონმა( Robert Henry Codrington 1830-1922) ჩამოიტანა, უფრო სწორად ამ ახალ პარადიგმას მისმა წიგნმა – მელანეზიელები , 1890, დაუდო საფუძველი და ეს სიტყვა რელიგიის მეცნიერული შემეცნების მთავარ სიტყვად იქცა. ანალოგიურია ინდიელების ‘ორენდა’, ‘ვაკანდა’ და ა.შ. ესაა ქმედითი ძალა. მანა-ტაბუ იგივეა რაც მთის საკრალურ ცნობიერებაში დავლათ-მიზეზი. ხატი დავლათიანია, მაგრამ შეიძლება კიდევაც დაამიზეზოს, დაასნეულოს ის, ვინც მას უდიერად, გაუფრთხილებლად მოეპყრობა თუნდაც კეთილი განზრახვით. მაგალითი: „გივი ჴევისბერმა თავისი ქონება ზურგით გადმოზიდა. როცა სალუდე ქვაბი დაიდო საბელზე და უნდა გადმოეტანა, წამოეწია და ვერ მოერია, ვერ წამოიკიდა. ამ დროს აქ ერთი ბადრიშვილი იყო, შუაფხოელივე და იაჴსრის ყმა. მან წამოუწია ქვაბს და გივიმ წამოსვლა შეძლო. ამაზე ავად გაჴდა, ჩავარდა ლოგინად და კინაღამ მოკვდა. ბოლოს იაჴსარმა მკითხავის პირითვე შემოუთვალა: შენ რად მიშველე ქობის წამოკიდებაში, შენ ვინა გკითხავდა, ჩემ ყმასა ვცდიდი, აიკიდებდა თუ ვერაო. ამაზე ბადრიანებს დანადები აქვთ: წელიწადში ერთი საკლავი და ერთი კოდი ლუდი შობადღეს“.7
 
6. ‘რელიგიის’ ‘ფიდეისტური’ ფერისცვალება, ისტორიული გზა

თუმცა ქრისტიანებმა რელიგიო ისესხეს და თან ვერა დაამატეს, ‘ჭეშმარიტება’ მიამაგრეს, მაგრამ ვერც ‘ვერა’ და ვერც ‘რელიგიო’ ქრისტიანულმა შუასაუკუნეებმა ვერ შემოინახა. მეტიც, იგი ამ ცნებას ავგუსტინეს მერე თითქმის არ იცნობს. გამონაკლისია ‘რელიგიოზუსი’ ანუ მოწესე ბერები. შუასაუკუნეებში დომინირებს ფიდეს, Fides, სხვადასხვა ვერსიებში; იტალიურად – fede, ფრ.: – foi, ესპანურად – fe და ა.შ. ‘ფიდეს’ ქრისტიანობაა, სხვა რელიგიებს კი ჩვეულებრივ სექტა ან ლექს ეწოდებათ, რასაკვირველია შესაბამისი ლათინური გარეგნობით :)… ნიდერლანდური გამონაკლისია ამ მხრივ, Godsdienst – ღვთისმსახურება, რაც ჰოლანდიურს დღემდე შემორჩა. რელიგიო შუასაუკუნეებში სხვა არაფერია თუ არა ორდენი, ან ხარისხი ღვთისმოსაობისა, რომელიც შეიძლებოდა მხოლოდ ბერებთან გვეპოვნა.8 როგერ ბეკონი(Roger Bacon, 1220?- 1292), ჩვეულებრივ lex -ს ეყრდნობა ან secta -ს, მაგრამ ამ უკანასკნელს არა სექტის(მაშინ იქნებოდა secte), არამედ მიმდევრობის მნიშვნელობით.9

7. თომა აქვინელი
თომა აქვინელი(1224-1274) იცნობს რელიგიის ანტიკურ ცნებას, აანალიზებს რა ციცერონის და ავგუსტინეს მიდგომებს, მაგრამ მისთვის რელიგია რწმენითი სისტემების საყოველთაო სახელწოდება კი არაა, არმედ ოდენ რწმენის ხარისხი. რელიგია სულიერი მდგომარეობის სრულყოფილებას ნიშნავს: „Religio est status spiritualis perfectionis“10
 
8. რენესანსი და რეფორმაცია
ნიკოლოზ კუზანელისთვის (1401-1464) ‘რელიგია’ იშვიათი ტერმინია, რაც უბრალოდ ღვთისგანდიდებას ნიშნავს. ის, რაც დღეისათვის რელიგიაა, მისთვის იყო სექტა. არც მარტინ ლუთერისთვის (1463-1546) იყო რელიგია(religio) უნივერსალური ცნება. როცა ერაზმუს როტერდამელი(1469-1536) სხვადასხვა ‘რელ;იგიებს’ შორის დაძაბულობაზე საუბრობს, ის ამით სხვადასხვა ორდენებს გულისხმობს. ამავე დროს, მისთვის რელიგია გულის საქმეა11.

9.რელიგიის ცნების ტრანსფორმაცია, ახალი კონცეფციის ჩამოყალიბება…

‘რელიგია’ მოგვიანებით ისევ აღმოაჩინეს…როგორც მიშელ დესპლანის, ერნსტ ფაილის და სხვათა ნაშრომებიდან ირკვევა, ჰოლანდიელი თეოლოგი Hugo de Grotius(1583-1645), პირველია, ვინც ცნება ‘რელიგიო’ დღევანდელი, განზოგადებული მნიშვნელობით გამოიყენა თავის თეოლოგიურ ტრაქტატში, ‘De Veritate religionis christiana’, სადაც ის თუმცაღა ქრისტიანული რელიგიის ჭეშმარიტებას აპოლოგეტობს, მაგრამ სხვა ‘შაშინებსაც’ რელიგიის რანგში მოიხსენიებს და არა მაგ. იდოლატრიად(რაც ჩვეულია შუასაუკუნეებისთვის), სექტედ ან ლექსად. ეს დიდი გარღვევა-განზოგადება 1627 წელს მომხდარა…

10. ფრიდრიხ შლაიერმახერი: რელიგია უსასრულოს შეგრძნებაა

Friedrich Daniel Ernst Schleirmacher(1768-1834) პირველი იყო, ვინც რელიგიაზე წიგნი დაწერა და ამ წიგნში განსჯის საგანია რელიგია – ყოველგვარი პარტიკულარული ფორმაციების მიღმა. შლაიერმახერი უკუაგდებს როგორც ე.წ. ‘ბუნებვრივი რელიგიის’ თეორიას, ასევე ტრადიციულ მეტაფიზიკურ-მორალურ სქემას, კლერიკალურ დოგმატიზმს და რელიგიას საფუძველს გრძნობაში უძებნის. რელიგია სულ სხვა რამაა, „მისი არსი არც აზროვნებაა და არც ქცევა, არამედ ჭვრეტა და გრძნობა… მას უნივერსუმის, უსასრულოს ჭვრეტა და მიყურადება სურს… რელიგია უნივერსუმის ჭვრეტა და განცდაა…Sinn und Geschmack fürs Unendliche. შლაიერმახერმა თავისი რომანტიკული წიაღსვლებით რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების თეორიულ დასაფუძვლებას შეუწყო ხელი. იგი ოტოს და ელიადეს წინაპარია.

11. ფრიდრიხ მაქს მიულერი: რელიგია, სულიერი უნარი და სწრაფვა უსასრულოსკენ

Friedrich Max Müller( 1823-1900), ცნობილი ენათმეცნიერი და მითოლოგი, ოქსფორში ქმნის თეორიულ საფუძვლებს ახალი მეცნიერული დისციპლინის დასაფუძნებლად და იგი სამართლიანადაა აღიარებული რელიგიის მეცნიერების მამად. Science of Religion, როგორც ახალი მეცნიერული პარადიგმა პირველად გამოჩნდა 1867 წ. გამოცემულ ესეების კრებულში. მიულერის თანახმად, რელიგია ადამიანის სულიერი უნარია, გნებავთ ინსტიქტი, რაც უსასრულოსკენ სწრაფვაში გამოიხატება და ამ უსასრულოს სხვადასხვა სახელით და ფორმით გადმოცემაში…რელიგია აბსოლუტურისკენ, უსასრულოსკენ სწრაფვაა და თვით რელიგიის გადაგვარებულ ფორმაშიც კი მოიძებნება რაღაც, რაც შეიძლება ჩვენ წმინდად ვაღიაროთ და ა.შ.12 რელიგიოლოგიის მამა იმედოვნებდა, რომ რელიგიის შესწავლა ახალ პერსპექტიავს გაუხსნიდა მსოფლიოს და ქრისტიანობასაც გამოაცოცხლებდა. „ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა არის რელიგია, რა საფუძვლები მოეპოვება მას ადამიანის სულში და როგორია მისი განვითარების კანონზომიერებანი … ვინც მარტო ერთ რელიგიას იცნობს, ის არცერთს არ იცნობს“…
  


12. რელიგიურობა – სმენის თუ ყნოსვის უნარი?

ცნობილია, რომ გერმანული სოციოლოგიის მამა თავს რელიგიურად უსმენოს უწოდებდა. – Unmusikalisch. თავისთავად რელიგიურობის გრძნობის ორგანოსთან დაკავშირება უკვე რელიგიის ცოდნას ნიშნავს. მაგრამ სხვა გრძნობებიც რომ ჩავრთოთ? VI საუკუნის უცნობი ავტორი ევსტათი მცხეთელს ათქმევინებს: ‘რჩული ქრისტიანეთაჲ სულნელ არს!..“ მან ყნოსვით აღიქვა. შეიძლება არ დამიჯერონ, მაგრამ ვიტყვი: მთაში იმიტომაც ინათლებიან, რომ სუნი არ აუვიდეთ, სჯერათ, რომ ნათლობით მარადიულ, სხეულებრივ კეთილსურნელებასაც ეზიარებიან… ყოველ რელიგიას თავისი სუნი ასდის. ათეშგას განსაკუთრებული ჯიშის ხის, მუხის ცეცხლი გიზგიზებს და ცეცხლის სუნს იკრავს მლოცველიც… და ა.შ. ზოროასტრული მითოლოგიით, მამა ზერვანი ძეს ელის, ძეც ჩნდება, მაგრამ ყარს… შენ ის არა ხარ, ვისაც ველოდიო, არიმანი დაიბადება(მამა შობს შვილებს). აჰურა მაზდაც დაიბადება – ნამდვილი ძე, სურნელოვანი…’დევების ქორწილში’ მქისე სუნი ტრიალებს, რადგან ისინი უნათლო და ბოროტი არსებანია… ვდებ სანაძლეოს: ნებისმიერ უცნობ ადამიანს შევიყნოსავ და გეტყვით თუ რა რელიგიის მიმდევარია :)
რომენ როლანი სწერდა ზიგმუნდ ფროიდს, რომ რელიგიურობა ოკეანისებურ განცდას ნიშნავსო. ადრესატი კიდევ: მე ჩემში ეს ოკეანისებურობა ვერ აღმოვაჩინეო…

13. რელიგია, როგორც ნება


წინა თავზე დაყრდნობით, – თუმცა, კარგა ხანია ისედაც ვფიქრობ, – რელიგია ნების საქმეა. მართალია, რელიგია ტრადიციულად გადაეცემა ადამიანს, მაგრამ რელიგია სწრაფვის გარეშე მხოლოდ ფორმალობად რჩება. ‘სწრაფვა უსასრულობისკენ’ სასრულ წეს-ჩვეულებებში დაიხრჩობა და აიმღვრევა. წმინდა ნინო, სანამ ნანა-მიჰრანს(=მზეს) მოაქცევდა, 7 წელიწადს მაყვლოვანში, ღიაცისქვეშ იყო დათეგრებული, ‘ხოლო სარეცელი იყო ძუელ, დარეცილ ქუეყანასა ზედა’… ეს ნებისყოფაზე მიუთითებს. შემთხვევითი არაა, რომ რკინის ქალამანი, ჯაჭვი, დროში განფენილობა რელიგიურობის დადასატურებაა… ნება სიმამაცეს და სრაფ გადწყვეტილებას მოითხოვს ზოგჯერ. კახეთის დედოფალი ქუჯი რომ ადიდებულ მტკვარშიუცებ ბედაურს შეაგელვებს, რათა სვეტიცხოვლამდე მიაღწიოს, აი ესაა რელიგია. რელიგიაა ასევე ‘მტკი…!’

 
14. რელიგია – პირისპირ შეყრა წმინდა სინამდვილესთან.


ესაა რელიგიის ფენომენოლოგიური აღქმა. ამ თემის ირგვლივ სხვაგან ვრცლად ვსაუბრობთ, ამიტომ აქ აღარ განვავრცობთ. აღვნიშნავთ მხოლოდ ნათან ზოედერბლომის, რუდოლფ ოტოს, ჟერარდუს ვან დერ ლოოვის, მირჩა ელიადეს, გეო ვიდენგრენის, ფრიდრიხ ჰაილერის, ნინიან სმარტის და სხვათა ღვაწლს… რელიგიის დიდი სიტყვა წმინდა/სიწმინდეა, Holiness, უღმერთო რელიგიები არსებობენ, მაგრამ წარმოუდგენელია რელიგია საკრალურსა და პროფანულს შორის განსხვავების გარეშე. ღმერთი რელიგიაში ნაბოლარაა (Spätling). რელიგია ნუმინოზურ გამოცდილებას ეფუძნება, ნუმინოზური განსჯადი კია, მაგრამ არადეფინირებადი, წმინდა თავს აჩვენებს, ჰიეროფანიას ეფუძნება და ა.შ. ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ზურაბ კიკნაძემ კარგა ხანია აღმოაჩინა ეს ფენომენოლოგიური მიდგომა, როგორც ადექვატური მეთოდი ქართული მთისა თუ ბარის რელიგიური წარმოდგენების გასასიგრძეგანებლად. იხ. მისი „ჯვარი და საყმო’, სადაც ის ელიადეს ჰიეროფანიის ანალოგიით ამკვიდრებს ტერმინებს: ‘ხატჩენა’, ‘ჯვარჩენა’, ‘კვრივჩენა’ და ა.შ.
70 – იანი წლებიდან ფენომენოლოგიური სკოლა რელიგიის დესკრიპტიულ-ემპირიულ მკვლევართა მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა და რელიგიოლოგიის ეს მთავარი ხაზი(იმდენად, რომ მას შედარებით და სისტემატურ რელიგიოლოგიასთან აიგივებდნენ) მაგრამ ჰოლანდიაში და აშშ – ში, ე.წ. ახალი სტილის ფენომენოლოგია მაინც აქტუალურია… 70- იანი წლების გერმანულ ლექსიკონებში, – მაგ. RGG, Brockhaus, – ჩვეულებრივია რელიგიის ფენომენოლოგიური, საკრალურზე ორიენტირებული განსზღვრება: „რელიგია შთაბეჭდილებით აღსავსე პირისპირ შეყრაა წმინდა სინამდვილსთან და ამ წმინდასაგან ეგზისტენციალურად დადგენილი ადამიანის საპასუხო საქციელი…“ და მსგ. ამ განსაზღვრების ავტორია გუსტავ მენშინგი(Gustaw Mensching, 1901-1978), ავტორი საინტერესო წიგნისა ‘ღმერთი და კაცი’…
 
15. რამდენიმე სოციოლოგიური განსაზღვრება
ა)Peter L. Berger: რელიგია წმინდა კოსმოსის აღმართვის ადამიანური მცდელობაა.
ბ) Hans Mol: რელიგია იდენტიტეტის საკრალიზირებაა, რომლის დროსაც ადამიანი უპირველეს ყოვლისა, რეალობის, ჩვეულებების და ლეგიტიმაციების დაწესებულ კომპლექსს უზრუნველყოფს და აძლიერებს.
გ) Günter Kehrer: რელიგიაა ის ყველაფერი, რაზეც რელიგიის მეცნიერება(Religionswissenschaft) მსჯელობს. – კერძო საუბრიდან.
დ) Thomas Lukmann: რელიგია ძირითად ანთროპოლოგიურ გარემოებაშია ჩაფესვილი: ბიოლოგიური ბუნების ადამიანური ორგანიზმის გზით ტრანსცენდირება. ლუკმანის თანახმად, თუმცაღა ეკლესიური რელიგიურობა იკლებს, მაგრამ რელიგია, როგორც პრივატული, პირადი მოვლენა, მატულობს და რელიგია უხილავ არსებობაში გადადის. იქ, სადაც ადამიანი ყოველდღიურობის მიღმა აღმოჩნდება, ტრანსცენდენტალური ღიაობს, მაგ. სიზმარი, დაბოლება, სპორტული ღონისძიება და სხვ. რელიგიის ფუნქციაა უჩვეულო გამოცდილებებს აზრი მიანიჭოს და ა.შ.(იხ. ‘უხილავი რელიგია’).
* * *
25. ‘ულტიმატური კონცერნი’
პაულ თილიხის დიაპაზონით, ‘რელიგია ულტიმატური კონცერნია, ის რაც ყველას გვეხება… რელიგია კულტურის სუბსტანციაა, ხოლო კულტურა რელიგიის ფორმა… ყოველი რელიგიური აქტი, არამხოლოდ ორგანიზებულ რელიგიაში, თვით ჩვენი სულის კუნჭულშიც კი კულტურის მიერაა ფორმირებული…“

38. Kontingenzbewältigungspraxis

ამ გერმანული ენისთვის ჩვეული მატარებლით, – რასაც ქართულად ‘ხიფათის დაძლევის პრაქტიკა’ შეესაბამება, – გამოხატულია რელიგიის შენარჩუნებული ფუნქცია თანამედროვე საზოგადოებაში…ხიფათი, შემთხვევითობა, გაურკვევლობა… ჩვენებურად, ‘თითო ჭირი არ ილევა’ …ის მოვლენაა, რაც რელიგიის საჭიროებას ოდითგანვე განაპირობებდა და დღესაც ასულდგმულებს მას და „ჩვენ რომ გვაწყობდეს დედა-სამყარო არ მოწყობილა ისე“(სოციოლოგიურ პლანში იგივე სიმღერაა ლუმან-ლუებეს თორიაც), ალბათ არასოდეს დაკარგავს რელიგიის მთავარი მამოძრავებლის როლს.
ფილოსოფოსი Hermann Lübbe (1926… ) რასაკვირველია გაკვალული გზით მიდის და სოციოლოგ ნიკლას ლუმანისგან გამოთეგილ ცნებას – Kontingenz/კონტინგენტურობას ეყრდნობა, მაგრამ ლუმანი თუ ამით ქვეყნიერების თვალუწვდენლობას, ადამიანისგან მის გაუკონტროლებლობას გულისხმობდა, ლუებეს ეგზსისტენციალურ რუში გადაყავს ეს ცნება და კონტინგენცი, როგორც ასეთი, ადამიანური ყოფიერებაა, მუდმივად რისკებითა და გაურკვევლობით აღსავსე, რაც ადამიანს უბიძგებს ან აიძულებს ცნოს მის ძალებზე აღმატებული რამ ტრანსცენდენტალური არსებების არსებობა და ა.შ.
 
39. დიმენსიონალური დეფინიცია
XX საუკუნის 70 – იანი წლებიდან განიხილავენ რელიგიას, როგორც სხვადასხვა განზომილებების ანუ დიმენსიების კომპლექსურ ნაკრებს.
ცნობილია მაგ. ე. წ. გლოკ-სტარკის (ამერიკელი მეცნიერებია) ექვსპუნქტიანი დეფინიცია:-
1. ინტელექტუალურ-იდეოლოგიურ-კოგნიტიური დიმენსია;
2. ეთიკურ-სოციალური დიმენსია(ღირებულებები, ნორმები);
3. რიტუალური დიმენსია(ღირებულები, ნორმები);
4.ინსტიტუციონალური დიმენსია(ორგანიზაცია, საძმო, ეკკლესია…);
5.ესთეტიკური დიმენსია(ფერები, საგნები, რელიგიური შემოქმედება);
6. ფსიქიკური, გამოცდილების, სათაყვანებელ ობიექტან შერწყმის დიმენსია.
ინგლისურენოვან აკადემიურ სფეროში განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა რელიგიის შოტლანდიელი მკვლევარის, ნინიან სმარტის თეორიებმა. Ninian Smart (1927-2001), მან ლუდვიგ ვიტგენშტაინის ‘ოჯახური მსგავსების’ მეთოდი  რელიგიის გაგებაში გამოიყენა. სათაურით The Religious Experience, 1969, რელიგია სმარტმა 6 დიმენსიად შეაჯამა, მოგვიანებით კი კიდევ 2 დაამატა. საბოლოოდ სმარტის დიმენსიონალური კრებული ასე გამოიყურება:
1. Ritual or practical;
2. Doktrinal or Philosophical;
3. Mythic or narrative;
4. Experriental or emotional;
5. Ethical or legal;
6. Organisational or social;
7. Artistik or material;
8. Political and economic as supplementary dimensions.

40. რელიგია და $
რელიგია ‘და’ კავშირის გარეშე წარმოუდგენელია. მითუმეტეს, ‘რელიგია და ეკონომიკა’. პავლე ტარსელის ოპონენტები ეფესოში ‘თეოლოგები’ კი არ ყოფილან, არამედ ვერცხლისმჭედლები, რომლების არტემიდეს სტატუებს, დევოციონალიებს ამზადებედნენ. ათეიზმის შედეგი, როგორც არისტოფანე(450-380) თავის პიესაში Θεσμοφοριάζουσαι, 411, ევრიპიდეს საყვედურობს, იგემეს გვირგვინებისმწნელებმა, რომელთა შემოსავალიც განახევრდა…
ჩვენ დროში და ადგილში რომ გადმოვინაცვლოთ და გარშემო მიმოვიხედოთ, რელიგიის უამრავ მსახურს ვიპოვით, რომელთაც რელიგია არჩენს, ინახავს, ზოგჯერ ამდიდრებს და აფუფუნებს კიდევაც. დაწყებული უბრალო მესანთლიდან, მედავითნე-დიაკვან-ბერ-მღვდლებზე გავლით, დამთავრებული მიტროპოლიტ-ფეოდალებით, მათი სასახლეებით და ჯიპებით, მოსამსახურეებით და საბანკო ანგარიშებით, – და ამ ყველაფერს უარყოფით კონოტაციაში არ ვამბობთ, – ფულის ჰიეროფანიაა, ფულჩენა…
მგონი უნდა შევწყვიტო :)

44. იურგენ ჰაბერმასის რჩევები
მოქმედი ფილოსოფოსი თავისი ჩვეული, ღვარჭნილი გერმანულით გვირჩევს, რომ რელიგიური საუბრის არტიკულაციის ძალისადმი ალღო გამოვიმუშაოთ… საზღვრები სეკულარულ და საფუძვლებს შორის ისედაც გარდამავალია… ხოლო აღდგომის იმედის დაკარგვა საგრძნობ სიცარიელეს ტოვებს…
Die Verlorene Hoffnung auf Auferstehung hinterlässt eine spürbare Leere
 
46. რელიგია, როგორც სიმბოლური სისტემა
“რელიგია კომუნიკაციის სისტემაა ნიშან-სიმბოლოთა დიდი საცავით, რომელთა გზით რელიგია ცდილობს კოგნიტიური, სოციალური, ემოციონალური, ნორმატიული და კულტურული პროცესები აამოქმედოს, მართოს და მათ შორის შეფარდება დაამყაროს”(Burkhard Gladigow, Religionswissenschaft im Rahmen von Kulturwissenschaft).

ეს თავი დიდძალი მასალის შეჯამებას მოითხოვს და ძაან მნიშვნელოვანი, თანამედროვე დებულებების გასაგნებას(Vergegenständlichen), ამიტომ ხვალამდე გადაიდო :(
 
47.საკუთარი ძიებები
რელიგია სტიქიაა. სულის ისეთი მდგომარეობა, კონტროლს რომ არ ექვემდებარება.
როგორ აღწევს რელიგია წარმატება-გავრცელებას? ესაა სიმართლის ბოლომდეარმთქმელი ‘ტურიზმის ბიუროს’ტაქტიკა, რომელსაც აგენტები ყავს ღვთისმსახურების სახით და გვიწვევენ მთაში, მაღლა და მაღლა, სადაც შეიძლება საშიში მხეცებიც აღმოჩნდნენ…მერე გვაწყნარებენ: უკაცრავად, „ჩვენ რა ვიცოდით თუ აქ მხეცები, თან კბილალესილები ბინადრობდნენ?“
რელიგიის არცოდნამ შეიძლება არამხოლოდ პიროვნება, მთელი ერიც უმწეო მდგომარეობაში ჩააგდოს. დღეს ამგვარ უმწეო მდგომარეობაშია ჩვენი საყვარელი დედა-სამშობლო. გვეგონა, რომ ევროპისკენ მივდიოდით, მაგრამ კლერიკალურ-ერთმორწმუნული აგიტაციის წყალობით ველური მხეცების, დათვების და მგლების იმ ფერდობზე ამოვყავით თავი, საიდანაც ყოველწუთს შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრივობა ქვევითკენ დაგორდეს!:( 
ასეთი მდგომარეობა ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას რელიგიის ფენომენისადმი არაკომპეტენტურმა, პოლიტიკოსებისგან ქარაფშუტულმა, არააკადემიურმა მიდგომამ მოუტანა. ხსნა, – თუ ჯერ კიდევ რაიმეს ეშველება, –  მხოლოდდამხოლოდ რელიგის ფენომენის ცოდნა-შესწავლა- შემეცნებაშია, რასაც ჩვენი წინამდებარე, მოკრძალებული ოპუსიც ემსახურება.
12.05.2015., სეიდაბადი.
 
p.s. „And the earlier writers would have said that Cristian religion is, he says that the Cristian religion teaches, the worship of God with purity of mind and sincerity of moral behaviour“13

1Tenbruck, F. H., Die Religion im Maelstrom der Reflexion, in: J.Bergmann/A. Hann/Th.Luckmann(Hrsgb.), Religion und Kultur, Kölner Zeitschrift für Soziologie und Sozialpsychologie, Sonderheft 33, Olpaden 1993, 31-67. აქ გვ. 67.
2‘რელიგიის’ აღმნიშვნელი განსხავებული ლექსიკის შესახებ იხ. სხვათა შორის: G.Lanczkowski, Objekte der Religionsforschung, Religion und Religionen, გვ.: 21-23, მისივე სახელმძღვანელოდან: Einführung in die Religionswissenschaft, Hrsg.Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 1992, 2.Aufl.(1.aufl.1980).
3Ernst Feil(Hrsg.), კრებული: Streitfall „Religion“, Diskussion zur Bestimmung und Abgrenzung des Religionsbegriff, სერია: Studien zur Systematischen Theologie und Ethik, Lit Verlag, Münster/Hamburg/London. 2000, აქ მთავარ სტატიაში(Hauptartikel): Zur Bestimmung- und Abgrenzungsproblematik von „Religion“, გვ.20-21. აქვეა საუბარი სექტამცოდნეობაზე ‘ნაცვლად’ რელიგიათმცოდნეობისა და სექტის ფილოსოფიაზე, ‘ნაცვლად’რელიგიის ფილოსოფიისა.
4Dario Sabbatucci, Kultur und Religion, HrwG, Hrsg. Hubert Cancik/Burkhard Gladigow/Matthias Laubscher, Stuttgart/Berlin/Köln/Mainz, I, გვ.: 43-58, აქ თ.III, ‘რელიგიის ცნების კულტურის ცნებაში გაზავება’, გვ.:57: ჯამში რელიგიის ცნება სადღეისოდ არაფრისმთქმელიაო, ‘ფაქტიურად მხოლოდ კულტურაზე და კოლექტიურ მენტალიტეტზეა საუბარი’ და ა.შ.
5ტაბუ პოლინეზიური ტონგა-კუნძულების მკვიდრთათვის აკრძალულის მნიშვნელობით გამოიყენება. საჭმელი, რამის თქმა, საქციელი… ფრეზერი ტაბუს ათობით სახეობაზე საუბრობს. ტაბუ-აკრძალვები მრავალფეროვანი იყო და არის ყველა საზოგადოების, მათ შორის ე.წ. განვითარებულის თანმდევი კომპლექსური თვისება…
6 Robert Ranulph Marett, The tabu- mana formula as a minimum definition of Religion. – იხ. Archiv für Religionswissenschaft, Bd. 12. 1909, S. 186-194. ამ იგავმიუწვდომელი, მრავალენოვანი ტომეულების წაკითხვა შეიძლება ინტერნეტის საშუალებითაც: Archiv für Religionswissenschaft vereint mit den Beiträgen zur Religionswissenschaftlichen Gesellschaft in Stockholm
7ალექსი ოჩიაური, ფშავი, გვ. 52. მასალა მოპოვებულია პირადი ურთიერთობის საფუძველზე.
8 Michel Despland, La Religion en occident, Évolution des idées et du vecu, Montreal/Paris 1979, გვ.88.
9 Feil, Religio, როგორც შენიშვნა 2. იქვე, გვ. 20.
10 Thomas Aquinas, Summa theologika, გამომც.: Thomas Franklin O’Meara/Michael John Duffy, ტ.40, გვ.183.
11იხ. Despland, La Religion, როგორც შენიშვნა 6, გვ. 190; Feil, Religio, როგორც შენიშვნა 2, გვ. 237.
12იხ. ვრცლად მიულერის ‘შესავალი რელიგიის მეცნიერებაში“: Introduction to the Science of Religion (1873) by F. Max Muller
13Wilfred Cantwell Smith, The Meaning and End of Religion. A new apparoach to the religious traditions of mankind, New York, 1963, გვ. 39.
 ……………………..
  ესაა ყველაზე ტევადი და  საინტერესო ქმნილება მათ შორის, რაც კი რელიგიის შესახებ დაწერილა. ბმულიც მითითებულია ზემოთ. თარგმნილია თითქმის ყველა ენაზე 









წყარო: ზელიმხან უძილაურის ბლოგი



გაუზიარეთ მეგობრებს
                 

         

                                 


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий