„შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა ,რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა..“ - წერდა ილია ჭავჭავაძე (1888 წ. )
სანამ ჩვენი სულიერი მამა ამ გენიალურ შეგონებას მოგვაწოდებდა, მანამ სამი საუკუნით ადრე საქართველოში მეფობდა ადამიანი, რომლის ცხოვრებაც სარკესავით ირეკლავდა ზემოხსენებული ფრაზის მთავარს არსსა და მნიშვნელობას; ადამიანი, რომლის მოღვაწეობაც სწორედ მამის საქმეთა გაგრძელების წმიდათაწმიდა პრინციპს ემყარებოდა, მისით სულდგმულობდა და იკვებებოდა. ეს მეფე გახლდათ სიმონ I, რომელმაც შემდგომში „დიდის“ ზედწოდება მიიღო. იგი იყო ღირსეული შვილი და მემკვიდრე საქართველოს მეფე ლუარსაბ პირველისა, რომელიც სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულითა და თავგანწირული ერთგულებით გამოირჩეოდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯანსაღმა ხემ ჯანსაღი ნაყოფი გამოიღო. ლუარსაბის მხედარმთავრული ნიჭი, პატრიოტიზმი, სიმამაცე და სულისკვეთება შეუბღალავად გადმოვიდა სიმონში და მის არსებაში ჰპოვა გამოვლინება. იგი მთელი ენთუზიაზმით შეუდგა მამის მიერ ჩაყრილ საძირკველზე კედლების აშენებას. პირნათლად დაადგა ლუარსაბის მიერ არჩეულ გზას; გზას, რომელიც სავსე იყო წინააღმდეგობებითა და ბარიკადებით, მაგრამ რაც მთავარია, იგი მიდიოდა ერის თავისუფლებისა და თვითმყოფადობისაკენ.
სიმონი ისტორიულ ასპარეზზე 1556 წელს გამოჩნდა. ამ დროს ის 19 წლის ყმაწვილი იყო, თუმცა უკვე სწორუპოვარ მეომრად ჩამოყალიბებულიყო. იგი შესანიშნავად გაიწაფა საბრძოლო ხელოვნებაში, გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭით, რის გამოც მამის უდიდესი ნდობა მოიპოვა.
ზემოაღნიშნულ წელს საქართველოს შემოესია სპარსთა ჯარი, რომელსაც სათავეში სულთანი შაჰვედი ედგა, ირანს კი განაგებდა ულმობელი შაჰ-თამაზი.მტერი გარისის მიდამოებში დაბანაკდა. მეფე ლუარსაბი ხანში შესულიყო, მას მკლავში აღარ ჰქონდა ძველებური ძალა, აღარც მუხლი ერჩოდა სათანადოდ. ლუარსაბი კარგად აცნობიერებდა, რომ მას ლაშქრის მედროშეობა აღარ შეეძლო, ამიტომაც გამოიჩინა დიდი შეგნება და ეს საპასუხისმგებლო მისია საიმედო შვილს, სიმონს გადაულოცა.
სიმონი ჩინებულად გაუმკლდავდა დაკისრებულ მოვალეობას. დაარღვია მტრის სიძლიერე და გამარჯვება მოიპოვა სპარსთა ლაშქარზე.
"და რა იხილა ბატონიშვილმან სჳმონ და ქართველთა, შემოუტივა ვითარცა ლომმან ჯოგთა კანჯრისათა."-ვკითხულობთ "ქართლის ცხოვრებაში“.
სამწუხაროდ, ბრძოლაში ტრაგიკულად დაიღუპა მეფე ლუარსაბი. მან ანდერძად დაიბარა: "ჩემს გლოვას დაეხსენით და ქვეყნის შენახვას გაუფრთხილდითო". ყიზილბაშებისგან გამწარებულ ქვეყანას, მიუხედავად დიდი ტკივილისა, ალბათ არც ჰქონდა დრო გვემისა და გოდებისა, საჭირო იყო მოქმედება.
1556 წელს სვეტიცხოველში მეფედ ეკურთხა სიმონი. მან ჩაიბარა გაპარტახებული, ბრძოლებისაგან გაჩანაგებული ქვეყანა; ქვეყანა, რომლის მიწაც ბოლო ხანებში უამრავჯერ შეღებილიყო მამულიშვილთა წმინდა სისხლით. აუცილებლობას წარმოადგენდა ცვლილებები, რეფორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა ვერ გამოსწორდებოდა.
ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა,კარგად აცნობიერებდა სიმონი. თბილისი ყიზილბაშებს ეპყრათ. საქართველოს საგრძნობ ნაწილზე სპარსთა აბსოლუტური ჰეგემონია იყო დამყარებული. სამეფო-სამთავროებს შორის არ იყო ერთობა. სიმონმა გარეშე მტერთან უშუალოდ ბრძოლის დაწყებამდე არჩია, რომ ჯერ შინ მოეგვარებინა სიტუაცია და მიეღწია ერთგვარი სტაბილური მდგომარეობისთვის. ამ მიზნით, მან 1559 წელს ცოლად შეირთო კახეთის მეფის, ლევანის ასული ნესტან-დარეჯანი. ეს შესანიშნავი დიპლომატიური ნაბიჯი იყო სიმონის მხრიდან. მეფე სპარსელებზე ძლიერი იერიშის მიტანამდე ქვეყნაში ერთსულოვნების დამყარებას ცდილობდა, რაც მის შორსმჭვრეტელობაზე მიუთითებს.
ამავე დროს ხშირი იყო მცირე მასშტაბის შეტაკებები. 1560 წელს ბრძოლა მოხდა საფურცლესთან, რომლის დროსაც ყიზილბაშებმა ტყვედ ჩაიგდეს სიმონის ერთგული თანამებრძოლი არჩილი და იგი შაჰთან ყაზვინში გააგზავნეს. შემდეგი ბრძოლა გაიმართა 1561 წელს, ციხედიდთან. სიმონმა დახმარებისთვის ლევან მეფეს მიმართა, რომელთანაც უკვე ნათესაური კავშირიც აერთიანებდა. ლევანმა თავისი შვილი, გიორგი გამოაგზავნა ლაშქრითურთ. ქართველებმა ბანაკი კარგად გაამაგრეს, რათა მტრის მოულოდნელი თავდასხმა თავიდან აეცილებინათ, მაგრამ აღდგომის ღამეს ქართველთა საყარაულო რაზმის ხელმძღვანელი გერმანოზიშვილი მუხათგვერდში ავიდა წირვის მოსასმენად. ეს საბედნისწერო აღმოჩნდა. მტერმა ამ ავბედითი შეცდომით ისარგებლა. სპარსელები თავს მოულოდნელად დაეცნენ ქართველთა ჯარს. ბრძოლას შეეწირა კახთა უფლისწული გიორგი. უმეთაუროდ დარჩენილმა კახელებმა ბრძოლის ველი დატოვეს. შეტაკება ციხედიდთან მარცხით დასრულდა. თბილისი ისევ ყიზილბაშების ხელში დარჩა.
თუმცა, სიმონი არ აპირებდა დანებებას, ხმლის ქარქაშში დაბლაგვებასა და ფარის გვერდზე გადადებას. იგი არ გატყდა, არ შეშინდა, თავისუფლების ჟინით აფრიალებული დროშა ძირს არ დაუშვა. მართალია, მარცხმა ერის დემორალიზება გამოიწვია; მართალია, სიმონის ძმა დავითი შაჰ-თამაზს ეახლა, ისლამი მიიღო და მის ქვეშევრდომად იქცა; მართალია, ქართველების დიდ ნაწილში ჩაკვდა იმედი, რწმენა და სულისკვეთება, მაგრამ სიმონი ისევ რჩებოდა სამშობლოს სიყვარულით გულაგიზგიზებულ მებრძოლ რაინდად.
თუმცა არც ყიზილბაშები აპირებდნენ უკან დახევას და თავიანთი ექსპანსიის შეჩერებას. მათ გამუსლიმანებული დავითი (იგივე დაუთ-ხანი) გამოგზავნეს საქართველოში, რათა შეზღუდულიყო სიმონის მმართველობა, რაც ქართლის ირანის ერთ-ერთ პროვინციად გადაქცევას შეუწყობდა ხელს. სიმონმა ძმა ჯერ დიღომთან (1567), შემდგომ კი სამადლოსთან (1569) დაამარცხა.
"გალომდა მეფე სჳმონ და ქართველნი, და მოსრეს სპა დაუთხანისა ურიცხჳ და იოტეს ბანაკი მისი"
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ყიზილბაშთა დამარცხებას. შაჰ-თამაზი მიხვდა, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო მასშტაბური ლაშქრობის მოწყობა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, მან 1569 წელს გამოაგზავნა დიდძალი ლაშქარი. ყიზილბაშებს მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მიეგება და გზა ასწავლა. მტერი ფარცხისს მოვიდა. სიმონიც იქ დამდგარიყო ჯართან ერთად. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით,მეფე სვიმონ შუბი ხელთ, თავისებურათ.. ამაყურათ, მამაცობით, კისკასობით, კოხტაურად, "დაკა აი ამათა" ძახილითა თათართა ლაშქარში გამოერია... შუბით მრავალი თათარი გადმოჰყარა“. მაგრამ, სამწუხაროდ, თავგანწირული მეფე მტრის გგარემოცვაში ღრმად შესულა, მოღალატე ყორღანაშვილს უცნია იგი და სპარსელებისთვის უნიშნებია, ეს არის მეფე ქართველთაო. უმალვე ერთ-ერთმა ორგულმა სიმონს შუბი ჰკრა და ცხენიდან ჩამოაგდო. ყიზილბაშებმა იგი ტყვედ აიყვანეს და ყაზვინში გააგზავნეს.
შაჰი ცდილობდა გაემუსლიმანებინა ქართველი მეფე, მაგრამ სიმონი მტკიცედ იდგა თავის სარწმუნოებაზე. მაშინ იგი ასასინთა ისტორიულ ციხე-სიმაგრეში ალამუთში გამოკეტეს; ამ ციხის ბნელ ჯურღმულებში წლების განმავლობაში იტანჯებოდა თავდადებული ხელმწიფე, ქართლს კი მოღალატე დაუდ-ხანი განაგებდა.
ირანსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა თანდათან უფრო მწვავე და საშიში ხდებოდა. შაჰის კარი მიხვდა, რომ ოსმალთა დასამარცხებლად საჭირო იყო გამჭრიახობა, სიბრძნე, მხედარმთავრული ნიჭი და მხნე ხასიათი. ირანში კარგად აცნობიერებდნენ, რომ ასეთი პიროვნება არ იყო დაუდ-ხანი. მათ გაიხსენეს სიმონი და 1578 წელს ალამუთის ციხიდან გაათავისუფლებს იგი.
არ წაიქცეულა საუკუნოვანი მუხა; განსაცდელმა ვერ ჩამოშალა მაღალი კლდე; ტყვეობამ ვერ გააცივა პატრიოტული გული. სიმონი ძველი მხნეობით ჩაება ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში, ფორმალურად ირანისთვის, სინამდვილეში კი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის. იგი ათავისუფლებდა ციხე-ქალაქებს (ლორე,გორი), ამარცხებდა შინაურ თუ გარეშე მტერს. მარცხიც განიცადა, გაწბილებაც, ღალატიც, მაგრამ მაინც თამამად განაგრძობდა ბრძოლას. ზოგჯერ დესპანად გადაცმული თავად მიდიოდა მოწინააღმდეგის ბანაკის დასაზვერად (ხატისოფელთან), უკავშირდებოდა ევროპელ მონარქებსა (რუდოლფ III) და რომის პაპს (კლიმენტი VIII). კრავდა ანტიოსმალურ ალიანსს. ერთი სიტყვით, სიმონი ყველა გზას მიმართავდა დასახული მიზნის მისაღწევად. მაგრამ მეფეს არ დასცალდა ეზეიმა ქვეყნის სრული გათავისუფლება მტერთაგან, იგი ამ თავგანწირულ ბრძოლებს შეეწირა.
1599 წელს სულთანმა მეჰმედ III-მ უაზარმაზარი მხედრობა გამოაგზავნა თავრიზისა და ვანის ბეგლარ-ბეგ ჯაფარ-ფაშას სარდლობით. ბრძოლა გაიმართა ნახიდურთან, ალგეთზე. ქართველები მტერს რიცხობრივად საგრძნობლად ჩამოუვარდებოდნენ.ოსმალებმა გახსნენს ცეცხლი,რამაც მათ გამარჯვებას საგრძნობლად შეუწყო ხელი. სიმონი თავგანწირულად იბრძოდა, როგორც დაჭრილი და გააფთრებული ლომი. მას თურმე ვინმე თულაშვილი ენებლიედ გვერდიდან დაეძგერა, მეფის ცხენი კი ტალახში ჩაეფლო. ოსმალები მისცვივდნენ სიმონს და შეიპყრეს. ჯაფარ-ფაშამ ძვირფასი ტყვე სტამბოლში გააგზავნა. იგი იედიყულეს ციხეში ჩააგდეს. მეფის ძემ, გიორგიმ, ყველა ხერხს მიმართა მამის გასათავისუფლებლად, საკუთარი შვილებიც კი გაიმეტა მძევლებად, მაგრამ ამაოდ. 1603 წელს გარდაიცვალა სიმონი. საქართველოს წმინდა ტაძარს ჩამოექცა გუმბათი. ერს მოუკვდა თავდადებებული და გმირი მეფე. “ედიყულეს ციხის ყრუ კედლებში გაცივდა გმირის მგზნებარე გული“- წერდა ნ.ბერძენიშვილი.
იმჟამად სტამბოლში მყოფმა ვაჭარმა დიაკვნიშვილმა „იშოვნა ძვალნი სვიმონ მეფისანი ,და წარმოიღო იგი და მოართვა გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს“. დაკრძალეს სვეტიცხოვეში,ლუარსაბ I-ის გვერდით.
ამგვარად აღესრულა თავგანწირული მეფე, რომელმაც გაუძლო ტყვეობას, მუქარას, დევნასა და ღალატს; გაუძლო განუწყვეტელ ჭიდილს, ბრძოლასა და ომს ; იტანჯა ფიზიკურად, იტანჯა სულიერად, მაგრამ უცვლელად შეინარჩუნა მთავარი სიწმინდე-პატრიოტიზმი!
ავტორი:
საქართველოს ისტორიის კომიტეტი
ნათია ალავიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий