თუ ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებას ჩაუკვირდებით, შენიშნავთ ერთს არასასიამოვნო გარემოებას, რომელიც ხელს უშლის ერთის და მეორის წარმატებასაც. არც მწერლობასა და არც საზოგადოებას არ აღმოუჩენია ნამდვილი გზა, რომლითაც უნდა მსვლელობდეს აზრი და გონება, არ დაუდგენია ნამდვილი აზრი ჩვენის წარსულ და აწმყოს ვითარების შესახებ და სამართლიანად ვერ დაგვიფასებია, ვერ გამოგვიკვლევია ჩვენი ყოფა-ცხოვრება. ჯერჯერობით ვერ შევთანხმებულვართ და ვერ აღმოგვიჩენია ის ცენტრალური წერტილი, სადაც გადანასკვულია ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობა. ერთის სიტყვით, დღემდის ვერ დაგვიდგენია სამართლიანი კრიტიული აზრი ჩვენის ცხოვრების შესახებ. ეს გარემოება ამით არის უსიამოვნო, ჩვენის წარმატების დამაბრკოლებელი, და გვიჩვენებს ჩვენის გონების გაუწრთვნელობას, ჩვენს გაუფრთხილებლობას და დაუკვირებლობას. აი, აქ არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი კეთილი საზოგადო საქმე ჩვენში ერთობ ნელის ნაბიჯით მიდის წინ…
ჩვენა ვთქვით, რომ კრიტიკული აზრი ვერ დაგვიდგენია ჩვენის ვითარების შესახებ, სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო. კრიტიკულის აზრის უქონლობა იმოდენად შესამჩნევია ჩვენში, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ, თუ ცოტათი მაინც ჩაუკვირდებით ჩვენს აზროვნებასა. აი, სხვათა შორის, აქ არის იმის მიზეზი, რომ ვერც ჩვენის ისტორიის შესწავლა და კვლევა ვერ დამდგარა ჯერჯერობით ნამდვილს გზაზე და ვერც საზოგადო აზრის მიმდინარეობა. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, ვითომ ყველანი ერთისა და იმავე გზით უნდა ვმსვლელობდეთ, ერთსა და იმავე ყაიდაზე ვგრძნობდეთ და ვგონებდეთ, რომ ყველანი ერთისა და იმავე აზრისა ვიყვნეთ, არამედ იმასა, რომ ჩვენ ერთმანერთის აზრი და მოქმედება ვერ დაგვიფასებია და სამართლიანის თვალით არ გაგვისინჯავს, და თუ ერთმანერთს წუნს ავდებთ, მხოლოდ იმისთვის, რომ სურვილი და ღონე არა გვაქვს ერთმანერთის აზრსა და მიზიდულებას საძირკველი გავუსინჯოთ.
ყოველ დაწინაურებულ საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა, მრავალგვარობა კრიტიკის შედეგია და სხვადასხვა აზრისა და მიმართულების მიმდევართ აქვთ ისეთი წერტილი, რომელიც ყველასათვის საერთოა. ჩვენში კი სხვადასხვაობა აზრისა კრიტიკულის აზრის უქონლობის ბრალია და ჩვენის გაუფრთხილებლობისა. ჩვენში ხშირად ერთისა და იმავე საგნის შესახებ იმდენად შეუთანხმებელს და წინააღმდეგს აზრს გაიგონებთ, მერე ისეთს საგნებზე, რომელთა შესახებ მორიგებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ სწორედ გასაოცარია.
მაგალითად, ადიდეთ წარსული, აქეთ ძველთა გმირობა და საქვეყნოდ აღიარეთ, რომ ჩვენნი ძველნი შესანიშნავნი იყვნენო, და უსათუოდ გამოვარდება ვინმე და დაგვძახებს, ვითომ თქვენ ადიდებთ ყოველს ნაკლულევანებას წარსულისას, სამარეში იყურებით და მერმისისათვის ზურგი შეგიბრუნებიათ: რა არის პატივსაცემი წარსულშიო, რომელს ერს არ გამოუჩენია გმირობა, რომელს არ გამოუცდია ლხინი და ჭირიო. პირიქით, თუ ვინმემ სთქვა, რომ ჩვენი წარსული შესანიშნავს არაფერს წარმოადგენს, იმაში არც ერთი ნათელი წერტილი არ მოიპოვებაო, მაშინ უსათუოდ ვინმე ყელში გეცემათ და დაგძახებთ, როგორ თუ ჩვენი წარსული სრულიად ტიალ-ოხერიაო. თუ გაბედეთ და სთქვით, რომ ვახტანგ მეფის კანონდებულება დიდი ნაშთია ჩვენის წარსულისაო, რომ იგი ნაყოფია დიდის შრომისა და ჭკუისა, არ შეიძლება ვინმემ არ გიპასუხოთ, რომ იგი კანონდებულება შეიცავს მრავალს მუხთლებს, რომელნიც სრულიად არ ეთანხმებიან კაცთმოყვარეობას და დაწინაურებულის ერის ცხოვრებასაო და, მაშასადამე, არც თვით კანონდებულება არის საყურადღებო და შესანიშნავიო. გაბედეთ და სთქვით, რომ ესა და ეს მწერალი დიდად შესანიშნავია, თავისის ნაწერებით დიდი სამსახური გაუწია სამშობლო მწერლობასა და ენასაო და მაშინვე მოგვარდებიან და შეგძახებენ, რომ თქვენა სცდებით და უღირს მწერალს ადიდებთო. საბუთად იმას დაგისახელებენ, რომ ამ მწერალმა ამა და ამ დროს ესა და ეს უგვანო აზრი წარმოსთქვა და თანაც ესა და ეს საქციელი ჩაიდინაო. თუ გაბედეთ და სთქვით, რომ ჩვენში მწერლობა დიდი ძალაა საზოგადოების წარმატებისაო, მაშინვე, თქვენის აზრის მიუხედავად, გაიძახიან, რომ ჩვენი მწერლობა სრულიად უძლურია, უფერულია, ენა გარყვნილიაო და სხვანი და ამასთანავე დაგწამებენ, რომ საკუთარის ნაკლულევანების აღმოჩენას ერიდებითო და უფრთხითო. ვინმემ რომ სთქვას, საჭიროა ვეცადოთ, თავადაზნაურობამ საკუთარი სკოლები იქონიოსო, იმ წამსვე მოგვარდებიან და დაგწამებენ, რომ საკუთრად თავადაზნაურობის მომხრე ხართ, არისტოკრატიულის აზრებითა ხართ გამსჭვალულიო და გლეხობას სრულიად არ დაეძებთო. თუ გლეხობაზე იზრუნეთ, მაშინ დაგწამებენ მტრობას თავადაზნაურობისამდი და სხვა. ეხლა ვიკითხოთ, ნუთუ ამგვარი უთანხმოება აზრისა, ერთმანერთის გაუგებლობა სამწუხარო არ არის? განა ყოველივე ესე შესაძლებელი იქნებოდა, ჩვენში რომ კრიტიკული აზრი მუშაობდეს? განა ეგ შესაძლებელი იქნებოდა, თუ რომ ჩვენ შეჩვეულნი ვიყვნეთ სამართლიანს მსჯელობას და ყოველსავე საქმის რიგიანად დაფასებას და აწონ-დაწონვას?
ცხადია, რომ ზემოთ მოხსენებული გარემოება ხელს უშლის ყოველ საზოგადო საქმის წარმატებას, რადგანაც ყოველივე უსაფუძვლო შეტაკება აზრისა მოითხოვს გარდამეტებულს ლაპარაკს, მითქმა-მოთქმას, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია იქ, სადაც კრიტიკული აზრი მუშაობს. ასე და ამრიგად ხშირად მრავალს სიტყვასა ვხარჯავთ იმისათვის, რაიცა სრულიად უეჭველი უნდა იყოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий