გიორგი ხუციშვილი
განიცდიან თუ არა ხელოვნება, მეცნიერება და რელიგია ერთიმეორის საჭიროებას, რათა უკეთ გაიგონ, დააფუძნონ და აუწყონ მათ ხელთ არსებული ჭეშმარიტებანი? იმედია, კაცობრიობის სულიერი განვითარების ამ ფუნდამენტალური სფეროების წარმომადგენლები არ ჩამთვლიან ერეტიკოსად, თუ ვიტყვი, რომ ეს სწორედ ასეა.
ჩვენ განვაცხადებთ, რომ ვწვდებით გარშემომყოფ და ჩვენს შინაგან სამყაროს. ვიცით, რომ სამყარო ერთიანია და სივრცე უსაზღვრო. ვგულისხმობთ იმას, რომ ძლიერი ტელესკოპით დანახული შორეული სამყაროს მიღმა სხვა სამყაროებია; ვერსად ვიპოვით მიჯნასა და ზღვარს. ეს, როდესაც შიგნიდან გარეთ მივემართებით. როდესაც მივემართებით შიგნით, თითქოს შებრუნებული სურათი გვხვდება და ვხვდებით ნაწილაკებს, რომლებიც უფრო მცირე ნაწილაკებისაგან შედგება; თუმცა ჰაიზენბერგის “განუსაზღვრელობის პრინციპი” საზღვარს უდებს ამ მიმართულებით უსასრულო სვლას. ასეა თუ ისე, ჩვენ ვერ გავიფართოვებთ მეგა, მაკრო ან მიკროკოსმოსის გაგებას უსაზღვროCirculus Vitiosus-ის მიღმა.
მეორე მხრივ, გვწამს ღმერთი და მისი განგება და ამგვარად ვზღუდავთ ჩვენს ამბიციებს, ვაღიარებთ რა, რომ სამყარო უფრო სრულად არის ორგანიზებული, ვიდრე ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს. და კიდევ: რიგითი ადამიანი აღიქვამს მეცნიერების და რელიგიის მიერ გადმოცემულ სამყაროს სურათებს, როგორც ერთიმეორისაგან დამოუკიდებელს და თვითმყოფადს, ირჩევს ერთს, ან მეორეს და იშვიათად ცდილობს მათ გაერთიანებას. ჩვენ ძალზე ცოტა რამ ვუწყით ჩვენი საკუთარი სულისა: თუ ძველნი გულუბრყვილოდ განათავსებდნენ სულს გულში (თუმც ქმნიდნენ უჭკნობ ტრადიციას პოეზიაში), თანამედროვე რაციონალურმა ადამიანმა წინ წაწია თავისი ცოდნა იმით, რომ სული ცოტა უფრო მაღლა, ტვინში განათავსა. ჩვენ ცუდად ვიცით, როგორ უკავშირდება ჩვენი სული სხეულს, როდესაც ვცოცხლობთ (და უფრო ცუდად ვიცით, როგორ ურთიერთობენ სულები). ჩვენ შიშით ველით იმ მომენტს, როდესაც სიკვდილი მათ განაცალკევებს. როდესაც ჩვენი სიცოცხლე სრულდება, ჩვენ გვეძლევა საიდუმლოს ამოცნობის შანსი, მაგრამ არ ძალგვიძს ამ მოწმობის გადაცემა, ან საავტორო უფლებათა მოპოვება მასზე, რადგან სული ურთიერთობს მხოლოდ ცოცხალი სხეულის მეშვეობით.
გწამდეს უზენაესი ჭეშმარიტება, ნიშნავს, არ დაკმაყოფილდე პარალელებით სულსა და სხეულს შორის. გენიოსის მზერა აღიქვამს ჭეშმარიტების გაელვარებას და გამოცანას ტოვებს ჩვენთვის, მოკვდავთათვის. კაცობრიობის განვითარება არის შეუძლებელისკენ მიმართული ვექტორი. ხელოვნება არის შემოქმედებითი ძალისხმევა, გამოხატოს ის, რისი გამოხატვაც არ ძალუძს მარტოოდენ რაციონალურ აზროვნებას. მეცნიერებას კი ძალუძს ხელოვნების სტიმულირება ამ სინერგიულ ძალისხმევაში - წარმოაჩინოს საუკუნო ერთობა.
ატომური ეპოქის საყოველთაო ერთობის ხედვა ხელოვანის მიერ
სალვადორ დალის ბევრი ქმნილება მისი აკვიატების შედეგია. გენიოსის მძლავრი შთაგონება ქმნიდა ეპოქის, მისი დამკვიდრებული პარადიგმის შესაბამის ტილოებს. ადვილი შესაძლებელი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და ცივი ომის დასაწყისში ატომური ფიზიკის აღმავლობა და მსოფლიოს ატომური კატასტროფისაგან აპოკალიფსური დასასრულის შემაძრწუნებელი შესაძლებლობა გამხდარიყო მისი შემოქმედებითი აკვიატების მამოძრავებელი. ამ შემოქმედებითი აკვიატების დამახასიათებელი ასპექტი გახდა გეომეტრიული ფიგურები, როგორიც არის სფეროები, სამკუთხედები, კუბები და კუბური ელემენტები, რომელთა ფუნქცია და განლაგება შეიცავდა იმ ტრადიციულ დამალულ სტრუქტურებს, რომელიც შემოქმედთა ქმნილებების შემადგენელ ელემენტთა საფუძველს წარმოადგენდა, განსაკუთრებით რაფაელიდან მოყოლებული. თუ შევადარებთ დალის ადრეულ ფერწერას, სადაც რელიგიური მოტივები მეორეხარისხოვანი იყო, ან თუნდაც იმათ, რომლებიც ეძღვნებოდა რელიგიურ თემებს (მაგ. წმინდა ანტონის ცდუნება 1946 წ.), 1950-55 წლების რელიგიურ ქმნილებებს: „პორტ ლიგატის მადონა“, „ქრისტე წმინდა იოანე ჯვრისა“, „ატომური ჯვარი“, „საიდუმლო სერობა“, და, ბოლოს, „ჯვარცმა“ (Corpus Hypercubus), ცხადი ხდება, რომ ცვლილებები განსაკუთრებული ძალით გამოვლინდა.
როგორც დალის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და ბიოგრაფი რობერტ დეშარნესი (Robert Decsharnes) წერს, „ქრისტე წმინდა იოანე ჯვარისა“ (1951 წ.), დალის განსაკუთრებულად პოპულარული რელიგიური ნაწარმოები, „იყო შთაგონებული ნახატით, რომელიც დაცულია განკაცების კონვენტში(Convent of Incarnation) ავილაში, ესპანეთში და შესრულებულია თვით ჯვრის წმინდა იოანეს (Juan dela Cruz) მიერ მას შემდეგ, რაც მას ჰქონდა ქრისტეს ხილვა ექსტაზში (Robert Descharnes, Dali, London:Thames and Hudson 1994 წ. გვ. 114). ამავე ავტორის თანახმად, ტილოზე მუშაობისას დალი წერდა: „პირველ ყოვლისა, 1950 წელს მე მქონდა „კოსმიური ზმანება“, სადაც ვნახე გამოსახულება ფერში და რომელიც ზმანებაში გამოისახა „ატომის ბირთვად“. ამ ბირთვმა შემდგომ მეტაფიზიკური შეგრძნება მიიღო; მე აღვიქვი იგი, როგორც „თვით ერთობა სამყაროსი“ - ქრისტე! მეორე ადგილას: მამა ბრუნოს დარიგების წყალობით, მე ვიხილე ქრისტე, გამოსახული ჯვრის წმინდა იოანეს მიერ, მე გამოვსახე გეომეტრიულად სამკუთხედი და წრე, რომლებიც „ესთეტიკურად“ აჯამებდა ყველა ჩემს ადრინდელ ექსპერიმენტს, და მე გამოვსახე ჩემი ქრისტე ამ სამკუთხედში“ (იხ. იქვე). ამ სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დალი, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ იმ დროს მივიდა საბოლოო დასკვნამდე თავის რელიგიურ ძიებაში. და მაინც, უამრავ მის თაყვანისმცემელს ახალი საიდუმლოებანი ელოდა.
Crucifixion (Corpus Hypercubus)
1954, Oil on canvas, 76 3/8 x 48 7/8
Metropolitan Art Museum, New York. Gift of Checter Dale, 1955
1954, Oil on canvas, 76 3/8 x 48 7/8
Metropolitan Art Museum, New York. Gift of Checter Dale, 1955
Crist of Saint John of the Cross
1951. Oil on canvas, 81 x 45 5/8
Glasgow Art Gallery and Museum
1951. Oil on canvas, 81 x 45 5/8
Glasgow Art Gallery and Museum
Study for Crist of Saint John of the Cross
1950-51. Gouache, 6 ¾ x 8
Collection T.J. Honeyman, Glasgow
1950-51. Gouache, 6 ¾ x 8
Collection T.J. Honeyman, Glasgow
Nuclear Cross
1952. Oil on canvas, 30 ¾ x 22 7/8”
Private collection
1952. Oil on canvas, 30 ¾ x 22 7/8”
Private collection
The Last Supper 1
955. Oil on canvas. 167 x 268
The Chester Dale Collection
National Gallery, Washington, DC
955. Oil on canvas. 167 x 268
The Chester Dale Collection
National Gallery, Washington, DC
ვინ შთააგონა ამერიკაში დალის წმინდა წერილის „გეომეტრიული“ ხედვა?
1953 წლის დასაწყისში, ნიუ-იორკში მოგზაურობის შთაბეჭდილებით, დალიმ გამოაცხადა, რომ იგი აპირებდა დაეხატა ნახატი, რომელსაც ის თვითონ სენსაციურს უწოდებდა: „ქრისტე აფეთქებაში, ბირთვული და ჰიპერკუბური“ (Descharnes, 118). როგორც თავად ხელოვანი მიუთითებდა, ეს იქნებოდა პირველი ნახატი, რომელიც შეარიგებდა შესრულების (ნეო)კლასიკური ტექნიკის ფორმულასა და კუბურ ელემენტთა კომპოზიციას, გაერთიანებულს „მეტაფიზიკურ, ტრანსცენდენტულ კუბიზმში“ (იქვე). დალის თანახმად, შედევრი „მთლიანად ეფუძნება ფილიპ II არქიტექტორის, Escorial Palace - ის მშენებლის ხუან დე ჰერერას „ტრაქტატს კუბურ ფორმათა შესახებ“. ეს ტრაქტატი შთაგონებულია კატალონელი ფილოსოფოსის და ალქიმიკოსის, Raymond Lulle-s თხზულების Ars Magna მიერ (იქვე). როგორც შემდგომ დავინახავთ, შესაძლოა, იგი ასევე ეფუძნება მეოცე საუკუნის მეცნიერულ ხედვას. ტილო “Corpus Hypercubus” დასრულდა და პირველად წარდგენილ იქნა კარსტერის გალერეაში, ნიუ იორკში, 1954 წელს. არსებობს ვარაუდი, რომ ეს იდეა დალის შთააგონა რაღაც მოვლენამ, ან გარკვეულმა პიროვნებამ აშშ-ში მოგზაურობისას. ან იქნებ ეს მხოლოდ შედეგი იყო მანჰეტენის არქიტექტურული კუბიზმის ძლიერი შთაბეჭდილებისა? მეორეს მხრივ, ბუნებრივი იქნებოდა გვევარაუდა, რომ განსწავლულ პირებს მისი წრიდან ან ნაცნობებიდან, რომელთა შორის იმ დროის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, შეეძლოთ მიეწოდებინათ მისთვის გასაღები ან იდეა.
როგორც ტილოზე შეგვიძლია დავინახოთ, რვა კუბური ელემენტისაგან შემდგარი ჯვარი (დალი ასევე ახსენებს მეცხრე კუბურ ელემენტს, რასაც შემდგომ შევეხებით), წარმოდგენს რელიგიური ხელოვნებისათვის მეტად უჩვეულო კონსტრუქციას, რომელიც ცნობილია გეომეტრიაში, როგორც გაშლილი ჰიპერკუბი, ანუ ტესერაქტი, ოთხგანზომილებიანი ფიგურის სამგანზომილებიან გამოსახულება, რაც წარმოუდგენელია ფიზიკურ რეალობაში, მაგრამ დაკანონებულია მათემატიკის აბსტრაქტულ კონსტრუქციებში. მეორეს მხრივ, თუ ვისაუბრებთ ტილოს სახელწოდებაზე (CorpusHypercubus, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქრისტეს სხეული, როგორც ჰიპერკუბი“), შეიძლება დავასკვნათ, რომ არა მხოლოდ ჯვარი არის ჰიპერკუბური, არამედ ეს სახელწოდება მიესადაგება მთელ დინამიურ კონსტრუქციას - ქრისტეს და ჯვრის ჩათვლით. ჯვარცმული ფიგურა გაერთიანებულია იმ კონსტრუქციასთან, რომელზეც ის არის ჯვარცმული. გვახსენდება ქრისტეს ძლიერი თანამედროვე სკულპტურა, რომელიც გადაჰყურებს რიო-დე-ჟანეიროს ყურეს, აგვირგვინებს მწვერვალს და შლის ხელებს, თითქოს ფრენაშია, ლოცავს და მფარველობს ქალაქს და შორიდან თავად გამოიყურება, როგორც გიგანტური ჯვარი (ქრისტე-ჯვარი).
თუ ყურადღებით შევხედავთ ტილოს, უეჭველად დაიბადება კითხვები: - ნიშნავს თუ არა, რომ ტილოს სახელწოდება უნდა გავიგოთ, როგორც “ქრისტეს (ჰიპერ)კუბური სხეული” და რას უნდა ნიშნავდეს ეს?
- რას ნიშნავს ქრისტეს ჯვარცმა (ჰიპერ)კუბურ ჯვარზე, გამოკვეთილად სამ განზომილებაში, რაც გამოწვევაა და ამსხვრევს ჯვრის გამოსახვის ყველა ტრადიციას ქრისტიანულ კულტურაში?
- ჯვრის გამოსახულება/განზომილებანი არათანაბარია: ქრისტეს ფიგურის პარალელური ხედი უფრო გამოკვეთილია და დასრულებული, მაშინ როდესაც პერპენდიკულარული ხედი არასრულია, უფრო ექსპრესული და დინამიურია (მოულოდნელია).
- რატომ არის ჯვრის კუბური ელემენტები გამიჯნული ერთიმეორისაგან და რა კავშირში არიან ისინი სცენის დინამიკასთან: ერთმანეთს უკავშირდებიან (ერთიანდებიან) თუ განიყოფიან („ფეთქდებიან“)?
- ქრისტე არ არის მილურსმული ჯვარზე, არამედ მის წინ სივრცეში ცურავს. ხელებზე და ფეხებზე არ ჩანს იარები და მომცრო კუბები წარმოიქმნება მისი სხეულის წინ მერვე კუბის კუთხეთა გამოსახატად, რათა დასრულდეს რვაკუთხა სტრუქტურა;
- დალი წერს: „მეცხრე კუბი არის ხილული და ქრისტეს სხეულის თანასუბსტანციური“ (იქვე). სად არის მეცხრე კუბი? სავარაუდოდ ეს არის გალას ფეხქვეშ მოთავსებული კუბი, რაც აღნიშნავს გალას აღზევებას ჯვარცმულ ფიგურამდე (მასთან გაერთიანებისთვის?).
- და ბოლოს, რატომ ფიქრობს დალი, რომ ქრისტეს ფიგურა გამოსახულია აფეთქებადი და ბირთვული? ქრისტეს სხეული თავისთავად არ გულისხმობს ამგვარ დინამიკას, თუ არ იგულისხმება მისი გაიგივება სახეცვლილ ჯვართან.
კუბური ქრისტე/ჯვრის ესქატოლოგიური საიდუმლოება
ძე მამა ღმერთმა გამოგზავნა ამ მსოფლიოში, რათა აღესრულებინა მისია კაცობრიობის წინაშე. მისი ორმაგი ბუნება - ძე ღმერთისა და ძე კაცისა - ღვთის განგების უცილობელი შემადგენელი იყო. სივრცობრივ-დროებრივი განკაცება აუცილებელი იყო კაცთათვის, რათა შეეცნოთ ქრისტე საკუთარ თავში, დაწყებული მასთან მსგავსებით და დამთავრებული მასთან სულიერი კავშირის შეცნობით. ფიზიკური სიკვდილის შემდგომ მისი გამოცხადება რამოდენიმე რჩეულის წინაშე ნაკლებად ჰგავდა რაიმე აქამდე ცნობილს მიწაზე (შესაბამისი ადგილები იოანეს გამოცხადებაში, ქრისტეს ფერიცვალების ეპიზოდი სახარებაში). ჯვარს განსაკუთრებული როლი აქვს ქრისტეს აგონიზირებულ აღმასვლაში ზეციური სასუფევლისკენ. ქრისტიანობის ისტორიაში, ისევე როგორც თანამედროვე სამეცნიერო შრომებში, არსებობს მრავალი მსჯელობა ჯვრის ფუნქციის შესახებ „ქრისტეს სიკვდილში, როგორც წმინდა ვნების გამოცხადებაში“ (Robert G. Hamerton-Kelly, Sacred Violence: Paul's Hermeneutic of the Cross, Minneapolis: Fortress Press, 1992, p.63). ჯვარი განიხილებოდა, როგორც ქრისტეს ამაღლების საშუალება მსხვერპლშეწირვის, ტანჯვის და სიკვდილის გზით, მაგრამ ალბათ არ ყოფილა გამოთქმული იმგვარი ჰიპოთეზა, თუ როგორ შეეძლო ჯვრის გეომეტრიას ამ როლის განხორციელება.
სახარებაში ვკითხულობთ: „დღის ექვსი საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე“ (ლკ. 23:44); „მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე“? (მკ. 15: 34). წმინდა ლუკას თანახმად, სწორედ ამ მეცხრე საათზე „დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო. და შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს“. ეს თქვა და სული განუტევა“ (ლკ. 23: 45-46).
რატომ ჩამოწვა უკუნი ბნელი გოლგოთაზე ამ, ვითომდა, საათებში? თუ გავიხსენებთ, რომ გოლგოთასთან იმ დროს უკიდურესად დამუხტული ატმოსფერო იყო და იმას, რომ გოლგოთასთან არავის ექნებოდა ქრონომეტრიული მოწყობილობები (საათი), უნდა დავსვათ კითხვა: იყო კი დროის ეს ინტერვალი საათების ხანგრძლივობისა რეალურად? ადამიანს თავისი აღქმით შეუძლია რეალური წუთები საათებად აქციოს. შესაძლოა, სწორედ დროის ამ ინტერვალში გაიარა იესომ ტრანსფორმაცია, რომელიც მოკვდავთა ხედვისთვის არ იყო განსაზღვრული, ან მათი წარმოდგენა ჯერ ვერ მიწვდებოდა ამას. და ამ ტრანსფორმაციაში ჯვარს უნდა ეთამაშა გადამწყვეტი როლი. „ექვს საათამდე“ ჯვარზე ცოცხალი და ტანჯული ქრისტე იყო, ხოლო ცხრა საათის შემდეგ — მისი მკვდარი სხეული. იესო ამ სოფლიდან გავიდა.
Robert G.Hamerton-Kelly (ცნობილი ამერიკელი თეოლოგი და წმიდა ჰერმენევტიკის სწავლული) წერს: „ჯვარცმა არის ღმერთის გეგმის საიდუმლო, ამხილოს და დაამხოს ძალანი ამა სოფლისანი, წარმოჩენილი ჯვრით, როგორც წმინდა სტრუქტურებით“ (Hamerton-Kelly, 82). ჯვარი არის სტრუქტურა, რომლითაც ღმერთი აძლევს საშუალებას ადამიანს გაიგოს ხსნის აზრი. ჯვარცმა არის მოდელი სულისა, რომელიც გადალახავს ამ სამყაროს ზღვრებს. გამოცანა, რომლის გადამწყვეტი მომენტი გადმოცემულია დალის ტილოზე, გვიჩვენებს ჯვარს არა როგორც მძლავრ არქეტიპულ სიმბოლოს, ან თუნდაც, როგორც რეალურ განმწმენდ ძალას, არამედ როგორც კარს სხვა სამყაროში, ზეცისაკენ აღმავალ კიბეს.
გამოცხადებული ჰიპერკუბური ჯვრის გამოცანა?
დალის ტილო გადმოგვცემს სწორედ ქრისტეს სიკვდილის მომენტს. ქრისტეს სხეული (Corpus) აღარ არის უბრალოდ ხის ჯვარზე მილურსმული მკვდარი სხეული, რომელიც განაგრძობს არსებობას სადღაც სამგანზომილებიან სამყაროში. იარები აღარ ჩანს ხელ-ფეხზე. სხეული, სავარაუდოდ, წარმოჩენილია „ადამიანური ხედვის“ მიღმიდან, რომელზეც იგი უკვე ამაღლდა. ეს ბუნდოვნად ჩანს დალის სიტყვებში: „გალას განსაკუთრებულად კეთილშობილური ფიგურა არის ჰიპერკუბური ოქტაედრის განვითარების სრულყოფილი კავშირი კუბის ადამიანურ დონეზე (Descharnes, 118).“ გალას ფუნქცია მეტ-ნაკლებად ხელოვნური მოგვეჩვენება მთლიან კომპოზიციაში, თუ მას სათანადო ახსნას არ მოვუძებნით. იქნებ, მეცხრე კუბზე მდგარი გალა აღზევდება იესოს ფიგურამდე, რომ გაერთიანდეს მასთან წარმოჩენილი სტრუქტურის შემდგომ განვითარებაში. მაგრამ როგორ? ჯერჯერობით ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ და ვცადოთ ყურადღების გამახვილება თვით ქრისტე/ჯვრის ფიგურაზე. ეს კონფიგურაცია სიმბოლოა ნათლისა (=სიცოცხლე კაცთა); ეს არის განხორციელება სიტყვისა (Logos ან წესრიგი). ქრისტეს განკაცება ერთიანდება ჯვართან: ქრისტე თვით ხდება ჯვარი, ამავე დროს ჯვარიც გარდაიქმნება, ჰიპერკუბური ფორმის განვითარებით. რასაკვირველია, მხატვრობის სხვადასხვა ასპექტები სხვადასხვაგვარად შეიძლება აიხსნას. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ დალი ცდილობს ფერწერის ენით გამოხატოს ჯვარზე სიკვდილით გამოხსნის ესქატოლოგიური მისტერია. ამ სამყაროს დატოვების მომენტში ქრისტე ნაჩვენებია, როგორც სამგანზომილებიანი ფიზიკური სივრცის - ან, თუ გნებავთ, ოთხგანზომილებიანი სივრცობრივდროებრივი კონტინუუმის (თუ კი განზომილებაში დროსაც ჩავრთავთ) - მიღმა გამსვლელი სახეცვლილი ჯვრით, როგორც იმ საშუალებით, რომლითაც იგი მამას მიანდობს თავის სულს.
პირველი აღმოჩენა, რომელიც შესაძლოა დაფარული იყოს ამ ნახატში, არის ის, რომ ხელოვნების ენაზე აღწერილია ამბავი, რომელიც ცდება ყოველივე იმას, რაც ძველბერძნულად არის ჩაწერილი კანონიკურ და აპოკრიფულ სახარებებში, ან ნებისმიერ ჩვენ ხელთ არსებულ წმინდა ტექსტებში. მე ვაპირებდავიცვა თეზისი, რომლის თანახმად, ჰიპერკუბური ჯვარცმა, როგორც მცდელობა, აღწეროსქრისტეს სიკვდილი ჯვარზე ადამიანისთვის შესაძლებელი ყველა სამზერ წერტილთა მიღმაპოზიციიდან, ცდილობს გადალახოს ფიზიკური რეალობა მეოთხე სივრცული განზომილებისშემოტანით, იმისათვის, რომ გარდაიქმნას ოთხგანზომილებიანი სტრუქტურის გზითჰიპერფორმაში, გავიდეს ამ სამყაროს საზღვრებს მიღმა და გაერთიანდეს ღმერთთან. ვინაიდან ამას არც დალი აღნიშნავს და არც მისი ბიოგრაფიები, და ვინაიდან არსებულ კომენტარებშიც ვერსად შეხვდებით ამგვარ განმარტებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს თეზისი აქ პირველად არის წამოყენებული.
(ნახ. 1)
მათემატიკური მსჯელობა ინდუქციურად ამტკიცებს ad infinitum (უსასრულობამდე) მაღალ განზომილებიანი სივრცეების არსებობას. წერტილი ნულგანზომილებიანია, წრფე კი — ერთგანზომილებიანი. წარმოიდგინეთ ერთგანზომილებიანი ქმნილებები, რომლებიც წრფეზე „ცხოვრობენ“ (ნახ. 1). ისინი შესაძლოა იყვნენ ორი ტიპის, იმის მიხედვით, თუ საით არიან მიმართულნი. ავიღოთ ორი ქმნილება, რომლებიც სიმეტრიულად არიან განლაგებულნი წრფის ერთი გარკვეული წერტილის ორ მხარეს. ისინი ერთმანეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემთხვევიან, თუ გასცდებიან წრფის განზომილებას და სიბრტყის ორგანზომილებიან სამფლობელოში გავლენ, მოტრიალდებიან სიმეტრიის ცენტრის მიმართ და სრულად დაემთხვევიან ერთმანეთს. ახლა განვიხილოთ ორგანზომილებიანი ფიგურები (მაგალითად, მულტფილმის გმირები), რომლებიც სიბრტყეზე „ცხოვრობენ“. მათ თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხი აქვთ, ვინაიდან შეუძლიათ სიბრტყეზე ყველა მიმართულებით იმოძრაონ. ისევ ავიღოთ ორი არსება, რომლებიც განლაგებულია სიმეტრიულად, ამჯერად ერთი წრფის ორ მხარეს (ნახ. 2). ეს ორი არსება მხოლოდ მაშინ დაემთხვევა ერთმანეთს, თუ ჩვენ გავცდებით სიბრტყის ჩარჩოებს და შემოვატრიალებთ ერთ „არსებას“ სიმეტრიის ღერძის გარშემო ისე, რომ მისი ყოველი წერტილი დაემთხვეს მოპირდაპირე „არსების“ წერტილებს. ამით ჩვენ შემოვიღეთ მესამე განზომილება, რაც ემთხვევა იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მივაღწიეთ კი ამით ბუნებრივ ზღვარს? თუ ვიტყვით „კი“, მაშინ შემოგთავაზებთ თქვენ, როგორც „სამგანზომილებიან არსებებს“, მისულიყავით სარკესთან, სადაც დაინახავდით ორ ფიზიკურ სახეს (თქვენ თავს და თქვენ ანარეკლს სარკეში) და დაგისვამდით კითხვას, როგორ დავამთხვიოთ ეს ორი სახე? (ნახ. 3). მართებული პასუხი ისევ იგივე იქნებოდა: შემდგომი განზომილების შემოტანით, და უფრო მაღალ სფეროში შეჭრით, ერთი ფიგურის „მოტრიალებით” ოთხგანზომილებიან სივრცეში სარკის, როგორც სიმეტრიის სიბრტყის გარშემო. ის, რომ ეს ძნელი წარმოსადგენია, არ ნიშნავს, რომ ეს ოპერაცია უმართებულოა. გონება დასტურს იძლევა იმაზეც, რასაც წარმოდგენა ვერ სწვდება. ფსიქოლოგიურ ტერმინებში მეოთხე განზომილების გაგება დაკავშირებულია შერიგებასთან შენს მარადიულ მოწინააღმდეგე და კრიტიკოს ორეულთან, ხოლო ზოგადი მეთოდოლოგიური გაგებით გვასწავლის, როგორ გადავლახოთ, ერთი შეხედვით, შეურიგებელი წინააღმდეგობა მეტახედვის განვითარებით. ეს მეთოდოლოგიური ინსტრუმენტია იმისათვის, რომ გადალახო ნებისმიერი კონფლიქტი, გაიგო შეუთავსებელთა ერთობა და განურჩეველთა იდენტურობა.
დავუბრუნდეთ ჰიპერკუბს და განვიხილოთ იგი, როგორც ზეაღსვლის საშუალება; განვიხილოთ, თუ რა როლი აქვს კუბს და კუბურ ფორმას ფიზიკური სამყაროს ზღვრების გადალახვის მათემატიკურ იდეაში. ა) წრფივად დალაგებული ოთხი ასანთის ღერიდან შევადგინოთ კვადრატი: გადავინაცვლოთ წრფიდან სიბრტყეში (ნახ. 4). წრფივად დაწყობილი ასანთის ღერები იგივეა, რაც გახსნილი კვადრატი. ბ) ექვსი კვადრატია საჭირო, რათა წარმოვქმნათ მათგან კუბი - გადავინაცვლოთ სიბრტყიდან სივრცეში (ნახ. 5). ბრტყელი ჯვრისმაგვარი ფიგურა, შემდგარი გარკვეული მიმდევრობით განლაგებული ექვსი კვადრატისაგან იგივეა, რაც გაშლილი კუბი. გ) თავის წიგნში “სად მივდივართ აქედან” (Isaac Asimov, 80 Where do we go from here? book I, Penguin, London 1974) აიზეკ აზიმოვი ასკვნის, რომ თუ ავიღებთ ექვს კუბს და განვალაგებთ განსაკუთრებული წესით, მივიღებთ გაშლილ ჰიპერკუბს, ტესერაქტს (ნახ. 6).
(ნახ. 2)
(ნახ. 3)
(ნახ. 4)
(ნახ. 5)
(ნახ. 6)
(ნახ. 7)
ვინაიდან შეუძლებელია წარმოვიდგინოთ აწყობილი, ანუ ოთხგანზომილებიანი ჰიპერკუბი (თუ არ გადავლახავთ ფიზიკური რეალობის საზღვრებს), დალის უძლიერესი ტილოს წინ დგომისას აუცილებლად გაჩნდება კითხვა: ხომ არ არის ეს ოდენ კიჩის სტილში შესრულებული ჯვარცმა იდეალიზირებული ადამიანისეული ფიგურით უცნაური ჯვრის წინაშე, ან იქნებ ეს არის უიმედო და უსარგებლო მცდელობა საკუთარი თავი თმებით აწიო და გაიხედო წარმოდგენადი სამყაროს მიღმა, ან იქნებ ეს რეალური ინტელექტუალური გარღვევაა, რომელიც ჩვენ ახალ სამყაროს გვიხსნის?
ან იქნებ ინდუქციის გზით ცდომილებამდე მივდივართ: უსარგებლოა მეოთხე განზომილების რეკონსტრუქცია, რადგან ჰიპერკუბის კუბურ ელემენტთა რიცხვი და განლაგება მცდარია? იქნებ, დალის ჯვარცმაში ნაჩვენები დროის მონაკვეთმა ბირთვული ჯვრის კონფიგურაცია უნდა მიიღოს, რომლის ფრთები შედგება უამრავი კუბური კომპონენტისაგან და რომელთა ცენტრი უცნაური ბირთვია. მეორე მხრივ, დალის „ბირთვული ჯვარი“ ორგანზომილებიანია, მაგრამ იგი დახატულია ორი წლით ადრე, Corpus Hipercubus იდეის დაბადებამდე.
კაცობრიობის მიერ სამყაროს შეცნობის გზაზე განსაკუთრებით გამოიკვეთება ის ფაქტი, რომ ბერძენთა მითიურ წარმოდგენებში („ჰესიოდეს თეოგონია“) ქაოსი იქცევა ლოგოსად. აქ განვითარება უნდა გავიგოთ არა როგორც გართულება ოდენ, არამედ როგორც მოძრაობა სიწმინდისა და სრულყოფილებისაკენ. როგორც ცნობილია, პლატონი უკვე განსაკუთრებულ როლს ანიჭებს გეომეტრიას, როგორც სამყაროს ფილოსოფიური არსის შეცნობის წინაპირობას. სიმეტრია სრულყოფილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზომია; ჯვრის, კუბის, პირამიდის, და ბოლოს, სფეროს იდეები სრულყოფილების ადამიანური გაგების საფეხურებია.
ჯვრის ქრისტიანობამდელი სახეები თავის თავში ატარებს წარმოდგენას ქვეყნის ოთხი მხრის შესახებ, ხოლო შემდგომ ოთხი ელემენტის სიმბოლოც ხდება (მიწის, წყლის, ჰაერის, ცეცხლის). ქრისტიანულ ხანაშიც ჯვრის ფორმები მრავალგვარი იყო სხვადასხვა ხანისა და სხვადასხვა კულტურის ტრადიციებში. გვახსენდება ჯვრის უძველესი სახეები — უკუღმა ჯვარი, მრგვლოვანი ჯვარი, ჯაინა სვასტიკა (მოძრავი ჯვრის ინტერპრეტაცია), ქართული „ჯვარი ვაზისა“ (აღზევების მძლავრი სიმბოლო), თავკვეთილი ჯვარი ადრეული რენესანსის მხატვრობაში და სხვ. (ნახ. 7.), რომელნიც უცნაურად ეხმიანებიან დიდი აფეთქების თეორიას და გაფართოვებადი კოსმოსის თანამედროვე მოდელებს. თუ სივრცის მრუდი პოზიტიური და მუდმივია კოსმიურ მანძილებზე, მაშინ ჩვენ ვიმყოფებით უზარმაზარ ელიფსში ან სფეროში. მის მიღმა შესაძლოა იყოს სხვა, არანაკლებ რთული (ჰიპერ)სივრცეები; და საგნები სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება (განზომილებათა რიცხვის ჩათვლით) იმის მიხედვით, ვუყურებთ ჩაკეტილი სამყაროს შიგნიდან, თუ მის გარედან.
(ნახ. 8)
(ნახ. 9)
ჩვენ მივადექით შემდგომ საკითხს: ჯვრის ევოლუცია კაცობრიობის რეფლექსიის პროცესში. პლატონი „ფედონში“ აღწერს ეიდოსს (eidos), როგორც წმინდა ფორმას, არსის იდეალურ საწყისს. ასე მაგალითად, როდესაც ვუყურებთ სამკუთხა ფიგურას, ჩვენი სული შეიცნობს (იხსენებს) მასში წმინდა სამკუთხედს, რომელიც არსებობს იდეათა სამყაროში და რომელსაც იცნობდა სული ამ სამყაროში დაბადებამდე. როდესაც ვუყურებთ ჯვარს, შევიცნობთ მასში ხსნის (ცხონების) ამბავს. შემოქმედებითი ანამნეზისი შეგვაცნობინებს ჯვარცმაში უნივერსალური ერთობის გასაღებს. ვცადოთ ამ პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა დასაწყისიდანვე: ტრადიციული ორგანზომილებიანი ჯვარი იქცა სამგანზომილებიანად. უფრო სქელი კი არ გახდა, არამედ სწორედ სამგანზომილებიანი (ნახ. 8.), რომელიც იწვდენს ფრთებს ყველა შესაძლო მიმართულებით და ფრთები მართკუთხაა ერთმანეთის მიმართ (ნახ. 9). შემდგომ ეს ახალი სტრუქტურა ხდება კუბური, მკვეთრი და დინამიური; გადაიქცევა უსაზღვრო უკუღმა (inverted) ჰიპერკუბად. ჯვარცმაში ქრისტე და ჯვარი პარადოქსულად ანაცვლებენ ერთმანეთს: ქრისტეს სხეული ჯვარცმისმაგვარი ხდება, ხოლო ჯვარი მეტგანზომილებიან რთულ კონფიგურაციას ღებულობს. „ადამიანურ დონეზე“ სამგანზომილებიანი ხილული სტრუქტურის ოთხგანზომილებიან უხილავ სტრუქტურად გადაქცევის მომენტი არის იესოს სიკვდილის მომენტი - წავიდა ნათელი და უკუნი ბნელი ჩამოწვა მიტოვებულ სამყაროზე. ეს მხოლოდ ერთი რგოლია, თუმცა უსაზღვროდ მნიშვნელოვანი ადამიანური გაგებისთვის, ტრანსფორმაციათა და ტრანსფიგურაციათა ჯაჭვში მამასთან შეერთებისაკენ მიმავალ გზაზე. შემდგომი ტრანსფორმაცია, უხილავი მაგრამ ნავარაუდევი ტილოს კომპოზიციით, შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: ჰიპერკუბური რვაკუთხა სტრუქტურა მიიზიდავს მეცხრე კუბს (გალას), რომ გაერთიანდეს მასთან; შემდეგ აღმოაცენებს ახალ კუბურ ელემენტებს, რომ საბოლოოდ გადაიქცეს ოთხგანზომილებიან „ბირთვულ ჯვრად“, შედგენილს ურიცხვი კუბური ელემენტისაგან, რომელთა ცენტრია სახეცვლილი ქრისტე - სამყაროს ბირთვი. ხომ არ არის შესაძლებელი გამოვიყენოთ წრეწირით შემორტყმული უსასრულობაში გამრუდებული ჯვრის (ნახ. 10) გარკვეული სახე ისეთნაირად, რომ უნივერსალური ჯვრის ფრთები უსასრულოდ გამოდიოდნენ გარეთ, მაგრამ სივრცის გამრუდება აბრუნებდეს მათ და გიგანტურ სფეროდ აქცევდეს? თუ ჩვენ გვეყოფა გამბედაობა, შევაღწიოთ დალის ხედვის მიღმა, ან წარმოვიდგინოთ ალტერნატიული ხედვები, მაშინ პირველი, რაც მოგვაგონდება, ლაიბნიცის მონადაა: მონადები სამყაროს იდეალური ატომებია, ჩაკეტილნი თავის თავში („უსარკმელო“), თუმცა ისინი ირეკლავენ მთელ სამყაროს, და რომელთა გარკვეული დონის განსახიერებაა ადამიანის სული. აინშტაინის კოსმოლოგიური მოდელი - ჩაკეტილი და ამავე დროს უსასრულო სამყაროსი — მონადურიცაა, ლაიბნიცისეული გაგებით, და წრიულ-უსასრულოც, ჰეგელისეული გაგებით.
სულის განთავისუფლებას სიკვდილის აგონიაში აქვს ვიზუალიზირებული ანალოგი/ასპექტი სამყაროს გახსნის სახით, როდესაც ხდება გარე ჰიპერსივრცული ხედვის განვითარება („ქრისტე წმინდა იოანე ჯვრისა“) იმ სამყაროზე, რომელსაც ჩვენ მხოლოდ შიგნიდან ვუმზერთ, სანამ ცოცხლები ვართ. „Ex parte interna” (შიგნიდან) ხედვიდან ჩვენ გამოვდივართ, რათა მივაღწიოთ ხედვას „ex parte externa“ (გარედან). გალასთან ერთად ვხდებით სხეულის/ჯვრის ჰიპერკუბიზაციის მოწმენი. დალის ფიქრის წყალობით, წმიდა იოანესთან ერთად ჩვენ ვმოწმობთ და ვიზიარებთ ჯვარცმას იმ პოზიციიდან, რომელიც ადამიანური ხედვის მიღმაა. ჩვენ შეიძლება „რეტროსპექციით“ წარმოვიდგინოთ საღმრთო გადმოსახედიდან ჯვარი, რომელიც მოიცავს სხეულს (corpus) სრულყოფილი ფინალისკენ მისწრაფებაში. ადამიანური გადმოსახედიდან კი შეგვიძლია მხოლოდ თავმდაბლობით მოველოდეთ შეუცნობელს.
(ნახ. 10)
3 ოქტომბერი 2003
ინგლისურიდან თარგმნეს,
რუსუდან ავალიშვილმა ლევან აბაშიძემ
Комментариев нет:
Отправить комментарий