სერგეი ავერინცევი
ქრისტიანულ თეოლოგიაში სამება არის ღმერთი, რომელიც არსი არის ერთი, მაგრამ რომლის არსებობა არის პირადი ურთიერთობა ამ ერთი არსის სამი ჰიპოსტასისა: მამისა - უსაწყისო პირველსაწყისისა, ძისა - ლოგოსისა, ესე იგი აბსოლუტური აზრისა (რომელმაც ხორცი შეისხა იესო ქრისტეში) და სულიწმიდისა - „ცხოველმყოფელი“ საწყისისა.
თავისთავად მოძღვრება იმის შესახებ, რომ ღვთაებრივი არსებობის დონეზე ერთობა და სამობითობა, გარკვეული აზრით, იგივეობრივია, ქრისტიანული მოძღვრების განსაკუთრებულობას არ წარმოადგენს; ეს არის მდგრადი მოტივი სრულიად სხვადასხვა რელიგიურ-მითოლოგიური სისტემებისა [შდრ. ტრიმურტი - ბრაჰმას, შივასა და ვიშნუს სამერთობა - ინდურ მითოლოგიაში; სამ-სამი ან ცხრა-ცხრა (9=3x3) ღმერთის მრავალრიცხოვანი ჯგუფები ეგვიპტურ მითებსა და კულტებში; 3 მოირა, 3 ან 9 მუზა, სამსახა ჰეკატე ბერძნულ მითოლოგიაში; საოჯახო ტრიადები (იუპიტერი-იუნონა-მინევრა ან ცერერა-ლიბერა-ლიბერი) რომაულ კულტში და ა. შ.].
მაგრამ, ქრისტიანული სამების ჰიპოსტასები, ანუ პირები არ წარმოადგენენ არც ურთიერთმონაცვლე ორეულებს და არც ერთიანი უპიროვნო სტიქიის ნიღბებს; მათი ერთობა არ არის არც ერთადმყოფობა, არც ურთიერთშერწყმა, არც პირთა განუსხვავებლობა იმის გამო, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე გამოცალკევებულნი პოლიტიკური საღმრთო კოლექტივის ნათესაობითი არაცნობიერიდან. პირიქით: სამების ჰიპოსტასები ერთმანეთს მხოლოდ მათი სრული თვითმყოფადობის წყალობით განმსჭვალავენ და თვითმყოფადობას ფლობენ მხოლოდ სრული ურთიერთგამჭვირვალობის წყალობით, რადგან ეს ურთიერთგანმსჭვალვადობა არის სიყვარულისგან აგებული წმინდა პიროვნული ურთიერთობა. სხვაობა წარმართულ ტრიადებსა და ქრისტიანულ სამებას შორის არის სხვაობა სტიქიათა ურთიერთჩანაცვლებასა და პირთა ურთიერთარეკლვას შორის, ორეულობასა და დიალოგს შორის (სწორედ დიალოგი, ერთმანეთის წინაშე სამსხვერპლო თავგანწირვაში ბოლომდე გახსნილ თანამოსაუბრეთა უსიტყვო მშვიდი საუბარი, არის ანდრეი რუბლიოვის „სამების“ თემა).
სამება ქრისტიანობაში არ არის აბსოლუტის საფეხურთა დაღმავალი თანმიმდევრობა; სამების სამივე პირი „თანაბარდიდებულია“. სამივე მონაწილეობს კოსმოსის შექმნასა და არსებობაში შემდგომი ფორმულის მიხედვით: ყველაფერი არის მამისაგან (რადგან არსებობა მისგან მიენიჭა), ძის მიერ (რადგან შეიქმნა მისი აზრის ფორმის მიმცემი ენერგიით) და სულიწმიდაში (რადგან მისგან იძენს სასიცოცხლო მთლიანობას). ხშირად მოჰყავთ ანალოგია 3 გრამატიკულ პირთან („შენ“ და „მე“-ს დასრულება „იგი“-ში), 3 სულიერ უნართან (მეხსიერება, აზროვნება და სიყვარული), დროის სამად დაყოფასთან (წარსული, აწმყო და მომავალი). მართლმადიდებლური დოქტრინის მიხედვით, მესამე ჰიპოსტასი „გამოდის“ მხოლოდ პირველი ჰიპოსტასისგან, როგორც არსებობის ერთადერთი პირველსაფუძვლისგან, ხოლო კათოლიკური დოქტრინის მიხედვით კი - ერთდროულად პირველი და მეორე ჰიპოსტასებისგან, როგორც რეალობა მათი შემაერთებელი სიყვარულისა.
სამებას დიდი ხნის მანძილზე არ გამოსახავდნენ მხატვრობაში, რადგან თეოლოგიური თვალსაზრისით, ღმერთი მხოლოდ იესო ქრისტეს სახით შეიძლება იქნეს გამოსახული, რადგან მან ინება მხოლოდ როგორც პირი ყოფილიყო ხილული და მოვლენილი და ყველაფერი დანარჩენი დასაგმობი ფანტაზიებია. თუმცაღა, სამი ანგელოსის სტუმრობა აბრაამთან, რაც ჯერ კიდევ V-VI სს. ფრესკებზეა გამოსახული (სანტა-მარია მაჯორე რომში, სან-ვიტალე რავენაში), განიმარტებოდა როგორც სამების გამოცხადება; ასე ჩნდება იკონოგრაფიული ტიპი „ძველი აღთქმის სამებისა“, რომელიც სრულყოფილებამდე მიიყვანა ანდრეი რუბლიოვმა.
მეორე მხრივ, ჯერ კიდევ ბიზანტიაში დაიწყეს (თავდაპირველად - გაუბედავად: არა ფრესკებსა და ხატებზე, არამედ მინიატურებზე) ე.წ. „ახალი აღთქმის სამების“ გამოსახვა: მამისა მოხუცი მამაკაცის სახით; იესო ქრისტესი, რომელიც ან ყრმის სახით მამის წიაღში არის დახატული (ხატის ამ ტიპის სპეციალური სახელია „მამობა“) ან ზრდასრული მამაკაცის სახით - მამის ხელმარჯვნივ მჯდომი; და სულიწმიდისა მტრედის სახით, რომელიც თავზე ადგას მამასა და ძეს (ამ სახით გამოჩნდა იგი, სახარებათა მიხედვით, ქრისტეს ნათლობის დროს). აკრძალვების მიუხედავად, ეს იკონოგრაფია ფართოდ გავრცელდა რუსულ ნიადაგზე პეტრემდელი კულტურის ბოლო საუკუნეებში. რაც შეეხება კათოლიკურ დასავლეთს, იქ რენესანსის დროიდან სულ უფრო ხშირდება გამოსახულებები თეთრთმიანი საბაოთისა და ქრისტესი, რომლებიც მტრედის სახით მოფარფატე სულიწმიდასთან ერთად ამა თუ იმ საზეიმო აქტში მონაწილეობენ (მაგალითად, ვატიკანის სატანცა დელა სანიატურაში რაფაელის ფრესკაზე თეოლოგების კამათს ესწრებიან, თავზე გვირგვინს ადგამენ ქალწულ მარიამს, ზეცაში ეგებებიან ამა თუ იმ მოწამის სულს ან, უბრალოდ, ევლინებიან რელიგიური სურათის ან ფრესკის მჭვრეტელს, რომელიც მათ თაყვანს სცემს). კიდევ უფრო ადრეული დროიდან, XII საუკუნიდან ვითარდება დასავლურ ხელოვნებაში სამების გამოსახვის სპეციალური ტიპი, რომელშიც აქცენტირებულია მამის თანაგრძნობა ხორცშესხმული ძის ტანჯვისადმი: საყდარზე მჯდომ მამას ხელში უჭირავს ჯვარი, რომელზეც ქრისტე არის გაკრული, მუხლებზე აქვს დასვენებული მისი უსიცოცხლო სხეული და ა.შ. („საყდარი მოწყალებისა“). ასეთ გამოსახულებებში იკარგება ქრისტიანული დოქტრინის ისეთი მნიშვნელოვანი მომენტები, როგორიც არის სამების სამი პირის „ერთარსობა“ და მათი თანასწორობა, „თანაბარდიდებულება“ (მაგალითად, აშკარაა, რომ მტრედის სახით გამოსახული სულიწმიდა, მხატვრული თვალსაზრისით, ისევე მნიშვნელოვანი ვერ იქნება, როგორც ადამიანის სახით გამოსახული პირველი და მეორე პირი სამებისა). ანდრეი რუბლიოვისთვის კი, პირიქით, სწორედ ეს მომენტები წარმოადგენდა შთაგონების წყაროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий