მწერალი დავით კასრაძე იგონებს : „ ერთხელ ვაჟასთან ერთად პირველი გიმნაზიის ახლოს ვიდექით. ჩვენთან ჩემი თანამოსწავლე ამხანაგებიც იდგნენ. აქვე ახლოს იყო სამხედრო ტაძარი. ვაჟამ შეხედა ამ ტაძარს და სთქვა: ნეტავ ამას კი არ დავინახავდე და თუნდა ამ მეორე თვალსაც მოვითხრიდიო. „რატომ-თქო“? – შევეკითხე. ჩვენ ძალიან გაგვაკვირვა ვაჟას სიტყვებმა. „ ეს ძეგლი – თქვა ვაჟამ, – შამილის ბრძოლების დამარცხების ნიშანია; ნიშანი კავკასიის დაპყრობისა და მეფის ხმლით დიდებისაო“.
აი, ეს განწყობილება ვაჟას სულის ამბოხად ექცეოდა ხოლმე, როცა საქმის გამო უხდებოდა მღვდლებსა და სხვა მოხელეებთან ურთიერთობა. უჭირდა თავის შეკავება, რომ ან სიტყვით ან კალმით, ან მუშტით არ გამოეხატა თავისი დამოკიდებულება მათდამი.
დიდთონეთის ეკლესიის გალავანში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მიერ აშენებული საყდრის კედელსა და გალავანზე ნიშანი მიაკრა და თოფის სროლაში ვარჯიშობდა. განა, ან თოფის სასროლი ადგილი სხვა არ იყო, ან არ იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ ამით ის მეფის რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას, დამონების იარაღს თოფავდა, გულს იფხანდა. ბრძოლა ეწადა, იარაღით ბრძოლა.
მეზობლების გადმოცემით, ვაჟა ქორწილსა და ჭირს არ დააკლდებოდა, პატივისცემას არ დააკლებდა არავის, მაგრამ ეკლესიაში შესული კი არავის გვინახავსო.
…..პავლე ჟამიაშვილის ქორწილი იყო ჩარგალში. ჯვრის დასაწერად ნეფიონი ჩარგლის საყდარში წავიდნენ. ვაჟა სხვა ხნიერ კაცებთან ერთად შინ დარჩა. მღვდელმა ჯვრისწერაზე უარი განაცხადა: დღეს პარასკევია, არ იქნებაო. აღარც თხოვნამ გაჭრა, აღარც ქრთამმა. ეჯიბი გაიქცა შინ ამ ამბის შესატყობინებლად. ვაჟამ დააბარა, მიდი და გადაეცი მღვდელს ჩემგან, თავის მოვალეობა შეასრულოსო. მღვდელი მაინც ჯიუტობდა, – მე ვაჟა არ ვიციო. ესეც მოახსენეს ვაჟას. წამოხტა ვაჟა და გაბრაზებული გაემართა საყდრისაკენ ჩოხის გრძელი ბოლოსა და სახელოების ქნევით.
– პარასკევს მე მოგცემ შენა, შე პირძაღლოო! – შეუყვირა ვაჟამ.
მღვდელი აფაცურდა – ეხლავე, ეხლავეო და ჯვრისწერა ჩაატარა.
მეორე შემთხვევა. იოსებ ნაყეური იწერდა ჯვარს დედუკა ბაჩიაშვილზე. რატომღაც ჩარგლის საყდარში საქორწინო გვირგვინები არ აღმოჩნდა.
„ ვაჟა ფშაველა მეფის ნათლია იყო. ეს რომ შეიტყო დაუძახა დედოფლის ბიძას ფოცხვერას და უთხრა: რასა ღონდებით, რომელი გვირგვინი იქნება ყვავილების გვირგვინზე უკეთესიო! ვაჟამ ყვავილები მოაკრეფინა, უცებ დაწნა გვირგვინი და მღვდელს მიართვა: ესენი დაადგი თავზეო. ჯვრისწერა ამ ყვავილის გვირგვინებით ჩატარდა.
….ერთხელ კიდევ ჭირის ამბავი იყო. მღვდელი და დიაკვანი წესს უყენებდნენ მიცვალებულს. ვაჟა შორიახლოს იდგა და ყური მოჰკრა, რომ დიაკვანი რაღაც ნაცნობ სიტყვებს ბუტბუტებდა. კარგად მიაყურადა და თავის პოემის „სტუმარ მასპინძლის“ სიტყვები ჩაესმა ყურში: “ მოვსდექით შენი მოძენი, შენი სამარის კარსაო“… ვაჟას უადგილოდ გაეცინა და გაამხნევა დიაკვანი: ეგრე, ეგრე, ეგრე სჯობია, ამ სიტყვებით უფრო გაუნათდება საიქიოს შესასვლელიო…
Комментариев нет:
Отправить комментарий