среда, 24 декабря 2014 г.

“იგი არის ხატი უხილავი ღვთისა, პირველად შობილი ყოველ ქმნილებას შორის” – კოლასელთა მიმართ წერილი




1:15


კოლასელთა მიმართ წერილში არსებული ეს ფრაზა ხშირად იწვევდა დისკუსიებს ქრისტიანებში და დღესაც ხდება იგივე დაინტერესებულ პირებს შორის.
რას ნიშნავს ის, რომ იესო არის ღმერთის ხატი? ან ის, რომ იგი არის პირველად შობილი ყველა ქმნილებას შორის? სანამ “ღმერთის ხატზე” გადავიდოდეთ, აუცილებელია განვმარტოთ ის, რომ “პირველად შობილი” ამ სიტყვის ზუსტი თარგმანია. ზოგიერთი მას თარგმნის, როგორც “აღმატებული” ან “უფროსი”, მაგრამ ამას არ გააჩნია არანაირი საფუძველი.
აუცილებელია აღინიშნოს ისიც, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ფრაზა. მეოთხე საუკუნეში, როცა იყო დავა იესო ქრისტეს ღვთაებრივობაზე(კერძოდ იმაზე, იყო თუ არა დაუსაბამო და თანასწორი მამა ღმერთისა), მრავალი მოწინააღმდეგე ამ იდეოლოგიისა იშველიებდა სწორედ ამ ეპიზოდს კოლასელთა მიმართ წერილიდან. თუ იესო არის პირველად შობილი ყოველ ქმნილებას შორის, მაშინ იგიც ასევე ქმნილებაა. პირველი ვინც ამ არგუმენტს ადეკვატური პასუხი გასცა იყო მარკელოზ ანკირიელი, წმ. ათანასეს მეგობარი და თანამოაზრე, თუმცა მოგვიანებით ისიც მწვალებლად შერაცხა(წმ. ათანასეს სიკვდილის შემდგომ, რადგან მანამდე იგი უარს აცხადებდა მის ანათემაზე) მართლმადიდებელმა ეკლესიამ. მარკელოზის განმარტებით, ეს მუხლი არ ეხება იესოს ღვთაებრივ ბუნებას, არამედ ადამიანურს. იგი როგორც ადამიანი იყო პირველად შობილი ყოველ ქმნილებას შორის. რატომ? რადგან იმავე წერილში მოციქული წერს: “და პირველად შობილი მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს” – რასაკვირველია იესო არ ყოფილა პირველი გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც გაცოცხლდა. ანუ ეს არ არის უბრალო ნუმერაცია. არამედ ეს არის ნუმერაციული პირველობა აღმატებულების ხარისხით. ანუ იესო პირველი გადარცვლილი ადამიანია, რომელიც გაცოცხლდა და აღარ მოკვდა, რომელიც გაცოცხლდა ახალი სხეულით. ამ მხრივ ის მართლაც ნუმერაციულად პირველია. ასევეა ქმნილებაზეც, იესო არის პირველი ქმნილება ღმერთის, რომელმაც პირველმა მოიპოვა ღვთის ძეობა როგორც ადამიანმა.
სამწუხაროდ მარკელოზ ანკირიელის კომენტარის მხოლოდ ფრაგმენტებია აღმოჩენილი, მაგრამ იგივე იდეა შემდეგ გვხვდება თეოდორე მოფსუესტელთანაც:
“ვინც თვლის, რომ ‘პირველად შობილი’ ეხება მის ღვთაებრივ ბუნებას, სასტიკად ცდება. თუ მოციქულს სურდა დაეწერა, რომ იესო იყო ქმნილება, მაშინ დაწერდა ‘პირველად ქმნილი’-ო, ხოლო თუ სურდა დაეწერა, რომ არ იყო ქმნილება, მაშინ არ დაწერდა ‘ყოველ ქმნილებას შორის’-ო. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იგულისხმებოდეს მისი ღვთაებრივი ბუნება, რომელიც ერთდროულად ქმნილი და არაქმნილი ვერ იქნება. საუბარია მის ადამიანურ ბუნებაზე, რითიც იგი გახდა პირველად შობილი თავის ძმებს შორის.(რომაელთა 8:29)”
მსგავსი განმარტება აქვთ კონკრეტული მუხლის წმ. გრიგოლ ნოსელს, წმ. იოანე ოქროპირს, წმ. იოანე დამასკელს, წმ. ლეო დიდს, წმ. ათანასე დიდს და ა.შ.
წმ. გრიგოლ ნოსელის განმარტება ამდაგვარია:
“ქმნილების ორგვარი განმარტება ვიცით ჩვენ. ერთია ‘დაბადება’, მეორე კი ‘ახალი ქმნილება’. ჩვენ არ დაგვჭირდებოდა მეორე, რომ არ დავზიანებულიყავით პირველის შემდეგ. სწორედ ამიტომ განკაცდა ძე ღვთისა რათა შექმნას ჩვენი სახით ახალი ქმნილება. აი სწორედ ამ ახალ ქმნილებათა შორის არის პირველი ძე ღვთისა, რის გამოც ეწოდება მას პირველად შობილი”.
ცოტა განსხვავებული მიდგომით, მაგრამ მთლიანობაში ერთი რამ აშკარაა, “პირველად შობილი” ეხება განკაცებულ ქრისტეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მუხლთან არასწორი მიდგომა(არა ზოგადი იდეოლოგია, არამედ მუხლის განმარტება) ჰქონდათ თეოდორიტე კვირელს და წმ. ამბროსი მილანელს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ღვთაებრივ ბუნებას ეხებოდა მისი “პირველშობილობა” და არა მის განკაცებას, რის გამოც ცდილობდნენ ხაზი გაესვათ იმაზე, რომ მოციქულმა იესოს “პირველქმნილი” კი არა “პირველშობილი” უწოდა.
ეხლა კი რაც შეეხება ფრაზას “იგი არის ხატი უხილავი ღვთისა”, რომელიც ასევე დიდ ინტერესს იწვევდა ეკლესიის მამებში.
ორიგენე, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ათანასე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. ბასილი დიდი, თეოდორიტე კვირელი და წმ. კირილე ალექსანდრიელი ფიქრობდნენ, რომ ეს ნამდვილად ეხებოდა მის ღვთაებრივ ბუნებას და “ხატი უხილავი ღვთისა” ნიშნავდა იმას, რომ ღვთის ძე იყო უხილავი და ზუსტად იგივე ბუნების როგორიც ჰქონდა მამას.
თუმცა ტერტულიანე, ნოვატიანი, თეოდორე მოფსუესტელი, წმ. ჰილარი პიქტავიელი და წმ. ამბროსი მილანელი თვლიდნენ, რომ ეს ფრაზა ეხებოდა მის ადამიანურ ბუნებას.
თეოდორე მოფსუესტელი:
“მე მიკვირს როცა მესმის სხვების აზრი ამ საკითხზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ‘ღვთის ხატი’ ეხება მის ღვთაებრივ და უხილავ ბუნებას. პირიქით, რადგან ღმერთი არის უხილავი, იესო არის ხილული და სწორედ ამ ხილულობით შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორია უხილავი ღმერთი. პირიქით, იესოს ადამიანური, ხილული ბუნებით ვხვდებით თუ როგორია ღმერთი, სწორედ ეს ადამიანური ბუნებაა ხატი იმ უხილავი ღმერთის, რომელიც ცაშია და დაფარულია ჩვენთვის.”
წმ. ჰილარი პიქტავიელი:
“ხედავთ რას ამბობს უფალი: ‘თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით’, მაშასადამე მამა ჩანს მის საქმეებში. სწორედ ამიტომ არის იგი ხატი უხილავი ღვთისა, რადგან მასში ჩანს ხილულად უხილავი ღმერთის ბუნება.”

საბოლოო ჯამში, დასკვნის გაკეთება მკითხველისთვის მომინდვია. მხოლოდ ერთი მიდგომის დამამტკიცებელი ციტატების მოყვანა განპირობებული იყო იმით, რომ საპირისპირო მიდგომა ისედაც აშკარა ჩანს ფრაზიდან.


წყარო



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий