суббота, 27 декабря 2014 г.

ნონა ხიდეშელი ” დაკარგული სულის ძიებაში”





დაკარგული


     საჭიროა ძალისხმევა, რომ ცოცხალი დარჩე. ჩვენ ხომ ინტუიციის დონეზე ვიცით, რომ ყველაფერი, რაც ცოცხალი გვეჩვენება, არ არის ცოცხალი. ბევრი რამ, რასაც განვიცდით, ვფიქრობთ და ვაკეთებთ – მკვდარია. მკვდარია იმიტომ, რომ სხვა რაიმეს მიბაძვა, უკვე საკუთარი აზრი კი აღარ არის, არამედ სხვისია. მკვდარია იმიტომ, რომ ჭეშმარიტი, საკუთარი გრძნობა კი არ არის, არამედ სტერეოტიპული, სტანდარტულია და არა ის, რომელსაც თვითონ განიცდი.~
მ. მამარდაშვილი
“ვისაც ჭეშმარიტად ჩაუხედავს ადამიანის ფსიქეს სიღრმეებში, დამეთანხმება, რომ ფსიქე ყველაზე ბუნდოვანი და საიდუმლოებით მოცული სფეროა, მისი შემეცნებისკენ სავალი გზა კი უსასრულო”
კ.გ.იუნგი
ადამიანის სულიერი სამყაროს გაგება და გააზრება, ყველაზე უმნიშვნელოვანესია ამ სამყაროში. ყველა ჩვენი ბედნიერი თუ უბედური განცდა სწორედ იქიდან იღებს სათავეს. ყველაფრის პირველმიზეზი და შესა¬ბამისად პასუხი იმ უამრავ შეკითხვაზე, რაც ადამიანს აწუხებს საკუთარი არსებობის შესახებ, მხოლოდ იქ შეიძლება არსებობდეს, ისევე როგორც გაგება და განჭვრეტა ისეთი უზენაესი ღირებულებებისა რასაც ჭეშმარიტება და ღმერთი ქვია.
ფსიქოლოგია და რელიგია თავისი არსით, ალბათ ყველაზე ახლოა ფსიქეს (სული) სიღრმეების შემეცნებასთან. შეიძლება ითქვას, ფსიქოლოგია ადამიანს ეხმარება რელიგიური დოგმების რეალური მნიშვნელობის შეცნობაში და შეუძლებელია არ დავაფასოთ მათი ძალისხმევა ამ მარადიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად. თუმცა არ შეიძლება გამოვყოთ ერთი რომელიმე კონკრეტული რელიგია ერთი მარტივი მიზეზის გამო. როგორც დიდი ფსოქოლოგი, კარლ გუსტავ იუნგი აღნიშნევდა “ფსიქოლოგია რომელიმე სარწმუნოებრივ მოძღვრებასთან რომ იყოს დაკავშირებული, ინდივიდუალურ არაცნობიერს იმ თავისუფლებას ვერ მიანიჭებდა, რაც არქეტიპის გამოვლენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, დამაჯერებლობა მხოლოდ არქეტიპული შინაარსის სპონტანურობაშია, ხოლო ნებისმიერი წინასწარგამიზნული ჩარევა მის გულწრფელ განცდას აფერხებს.”
სწორედ სპონტანურობისა და გულწრფელი განცდების არარსებობაა უდიდესი დაბრკოლება სულიერი სამყაროს შემეცნების გზაზე. როდესაც გონება განპირობებულია ერთი კონკრეტული რელიგიური მოძღვრებით ან რაიმე იდეოლოგიით და შესაბამისად უკვე ყველა იდუმალ, თუ მისთვის ამოუხსნელ მოვლენაზე, წინასწარ შექმნილი და ჩამოყალიბებული შეხედულებებითაა შემოფარგლული და შეზღუდული, შეუძლებელია რეალობა აღიქვას, ანუ ფაქტი დაინახოს და მიიღოს ისეთი როგორიც ის სინამდვილეშია.
როდესაც იწყება ცნობიერსა და არაცნობიერს შორის კავშირის დამყარება, ანუ ცნობიერით ხდება არაცნობიერის შესწავლა, გაგება და გააზრება, ბუნებრივია მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა წარმოიქმნება.  არაცნობიერს მიტომ ვუწოდებთ არაცნობიერს, რომ ის ჯერ-ჯერობით შეუცნობელია, უცნობია და ყოველგვარი წინასწარი შეხედულებები, წინასწარ შექმნილი თეორიები და აზრები, ბუნებრივია რეალობის აცილებას უფრო მოიტანს, ვიდრე გაგებას და კვლავ ილუზიის ტყვეობაში აღმოვჩნდებით.
რელიგია იმდენადაა ფასეული, რამდენადაც ცდილობს ადამიანი გარკვეულ მორალურ თუ ზნეობრივ ჩარჩოში მოაქციოს და უფრო კეთილშობილი გახადოს. მაგრამ როდესაც თვითშემეცნების პროცესი იწყება, ანუ კონკრეტული ადამიანი გადაწყვეტს გამოიკვლიოს, გაიგოს და გააცნობიეროს საკუთარ სულში არსებული უფსკრულები,  იპოვოს უპირველესად  საკუთარი თავი, შემდეგ კი რაღაც ზე-ცნობიერი, სჯობს  გათავისუფლდეს ყოველგვარი დოგმატიკისა და წინასწარშექმნილი შეხედულებებისაგან, თუ რა არის ჭეშმარიტი ან რა არა, რა ფორმისაა ღმერთი ან რომელი გზაა მისკენ სავალი სწორი,  გონება ისედაც მიდრეკილია ილუზიების შექმნისაკენ და შესაბამისად საფრთხეც დიდია. ვისაც ეს პროცესი დაწყებული აქვს,  ალბათ დამეთანხმება როგორი  რთულია გონების  მიმართვა შინაგანისაკენ და მასში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, იქნება ეს ფიქრები, განცდები თუ ემოციები.  გონება მუდმივად სადღაც გარბის, ერთი სურათიდან მეორეზე ხტება, ადამიანი საბოლოოდ ხუთ წუთსაც ვერ ახერხებს საკუთარ თავში ჩაღრმავებას. ამ დროს ხდება შეჯახება საკუთარ არასრულფასოვნებასთან, რაც აშინებს და განიზიდავს ცნობიერს, ამიტომაცაა ყველაზე მეტად საკუთარი მანკიერებების დანახვა რომ გვიჭირს და მუდამ გაქცევას ვცდილობთ. თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და თავისებურად უნიკალურია, ამიტომ წინასწარი ვარაუდები და ინსტრუქციები რა და როგორ წარიმართება ამ გზაზე, არასერიოზულია.
ამ პროცესში მთავარია დიდი მოთმინება და შემართება,  თუ გვსურს მივაღწიოთ უმაღლეს მიზანს, შევიცნოთ, გავიგოთ და  გავაცნობიეროთ საკუთარი ფსიქიკური არსი და ფსიქოლოგიურად დაშლილი და დანაწევრებული, ერთ მთლიან პიროვნებად ვიქცეთ. ცნობიერის შეხება არაცნობიერთან, როგორც კ.გ. იუნგი ამბობდა, ამ უკანასკნელს ააქტიურებს  და არქეტიპების გამოცოცხლებას იწვევს, ამიტომაა რომ ხშირად სულიერი სამყაროს შემეცნების გზაზე დამდგარ ადამიანს ხან დემონები, ხან კი ანგელოზები ესიზმრება და ელანდება.  ეს ხშირად შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე და შიში იპყრობს, თვით რაციონალური გონების ადამიანიც კი არ არის დაზღვეული ღამის კოშმარებისა და შიშებისგან.  ეს არქეტიპული სურათ-ხატები, რაც ჩვენს არაცნობიერში ცხოვრობს, ხან რელიგიური, ხან კი მითოლოგიური სიუჟეტისაა და ადამიანის გონებას რაღაც მისტიკური და საბედისწერო ეჩვენება მასში.  მთელი ეს ილუზიური სურათ-ხატები და წარმოსახვები ჩვენი არასრულფასოვნების ნაწილია და მაშინვე ჩნდება, როგორც კი ამ არასრულფასოვნებას  ნებით თუ უნებლიედ ვეხებით.  რაციონალური აზროვნება, მშვიდი და ფხიზელი გონება ის აუცილებელი ფაქტორია, რაც უდაოდ დაგვეხმარება პროცესის სწორად წარმართვაში, აუცილებელია გონება გავათავისუფლოთ ყოველგვარი ცრურწმენებისგან, წინასწარი შეხედულებებისა და იდეებისგან, ყველანაირი შტამპებისა და სტერეოტიპებისგან.
ადამიანის გონებას, რომელიც დამძიმებული და განპირობებულია საუკუნეების განმავლობაში წარმოქმნილი სხვადასხვა იდეებითა თუ თეორიებით და შესაბამისად მიჩვეულია ზედაპირულ და მექანიკურ აზროვნებას, ყველაზე მეტად, სწორედ შინაგანში ჩაღრმავება და საკუთარი არსის სიღრმისეული გააზრება უჭირს. როდესაც მთელი ცხოვრება ერთი მიმართულებით აზროვნებ და მოქმედებ, იზრდები, სწავლობ, გაქვს რაღაც იდეალები, ეძებ მუდმივ კმაყოფილებას, ისწრაფვი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის, ეძებ სახელს, სიმდიდრეს, პატივს, თავს ირთობ სხვადასხვა კეთილშობილური იდეალებით და ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც ისეთი ხდება, რაც გაიძულებს ეს ყველაფერი გადააფასო ან ეჭვით მაინც შეხედო, (ჩვენს ცხოვრებაში ეს უმტესწილად დრამატულ მოვლენებს უკავშირდება) ბუნებრივია რომ დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდები. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი იწყებს დაფიქრებას საკუთარი არსებობის შესახებ, როდესაც  ტკივილი გაუსაძლისი ხდება, გეგმები იშლება და გზა იკეტება, გონებას უნდა თუ არა, იწყებს საკუთარ ლაბირინთებში გარკვევას, ჩნდება უამრავი შეკითხვა და საბოლოოდ ადამიანი ოდნავ მაინც ანელებს მექანიკური ცხოვრების რიტმს და ცდილობს რაღაცაში მაინც გაერკვეს – ეს რაღაც კი სხვა არაფერია თუ არა ჩვენი ფსიქე.…ეს ისეთი დიადი წუთებია, მსოფლიოს გრანდიოზული მოვლენებიც  ვერ შეედრება, თუმცა ამ გზაზე მთავარი მაინც დიდი მოთმინება და მტკიცე ნებისყოფაა, რათა საბოლოო მიზანს მივაღწიოთ და საკუთარი თავი შევიცნოთ.
უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ და გამოვიკვლოთ ცნობიერების ზედაპირზე არსებული პროცესები, ყოველი გაცნობიერებული ფაქტი თავისთავად შენელდება და შემაწუხებელ ძალას დაკარგავს. მთავარია დავაკვირდეთ მშვიდად,  მთელი არსებით, ისე როგორც საყვარელი წიგნის კითხვისას ან ტელეგადაცემის ყურების დროს, როდესაც გონება მთლიანად მოცულია ერთი კონკრეტული მოვლენით. შევხედოთ ყოველ ფიქრს, შთაბეჭდილებასა და ემოციას, რაც დომინირებს გონებაში და მოსვენებას გვიკარგავს, დავაკვირდეთ საკუთარ სურვილებს, ამბიციებსა და  მისწრაფებებს, იმ უამრავ სიყალბეს, რაც ჩვენი ნაწილი გამხდარა და ხელს გვიშლის სიმშვიდის მოპოვებაში.  დაკვირვების პროცესი უნდა იყოს უემოციო, ყოველგვარი შეფასებისა და განსჯის გარეშე, ნუ დავარქმევთ სახელს, ნუ აღვიქვავთ პოზიტიურად ან ნეგატიურად, უბრალოდ დავაკვირდეთ, რათა არ გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი. ჩვენზე უკეთ ვერავინ გაიგებს რა გვაწუხებს, რა გვაღელვებს და გვაშფოთებს, რა იწვევს გაღიზიანებას, შიშს ან პირიქით სიამოვნებასა და სიმშვიდეს. შევეცადოთ ცოტა ხნით მაინც შევწყვიტოთ გარსამყაროს განსჯა, მუდმივად უკმაყოფილო პოზაში ყოფნა და მთელი ძალისხმევა მივმართოთ შინაგანი სამყაროსკენ.
ავიღოთ ერთი კონკრეტული რამ, მაგალითად სიცრუე _ ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს. ვიცრუე, მოვიტყუე, ანუ ვთქვი რაღაც, რაც რეალობას არ შეესაბამება. რატომ გავაკეთე ეს, ანუ რით იყო განპირობებული ჩემი ასეთი ქმედება და რისი მაჩვენებელია იგი. სიცრუე პირველ რიგში წარმოაჩენს ჩემს შინაგან დაპირისპირებს, თვით-დაპირისპირებას, ე.წ ფსიქოლოგიურ  თვით-გახლეჩვას. სულ ერთია ეს ცნობიერია თუ ქვეცნობიერი, მთავარია რომ  შინაგანი ბალანსი დაკარგული მაქვს და ამიტომაც ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს. გინახავთ ალბათ ისეთი ადამიანიც, სიცრუის ლაპარაკი პირდაპირ ჩვევაში რომ აქვს გადასული  და სულ რომ არაფერში სჭირდება, მაინც იტყუება. ეს საკმაოდ კომპლექსური განცდაა და უამრავრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს, ვიცრუე იმიტომ რომ სუსტი ვარ და რაღაცის მეშინია, მაქვს აგრეთვე რაღაც იმიჯი, სახელი, პოზა და ამის შესანარჩუნებლად იძულებული ვარ ვიცრუო. ტყულის თქმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანგარებასა და სიხარბესთან, კარიერულ აღმასვლასთან და ა.შ იმ უამრავ უბადრუკ ამბიციასთან, რისთვისაც ასე გახელებით ვიბრძვით.
მაშასადამე, ნებისმიერ ქმედებას, თავისი გარკვეული წინაპირობა და სათავე გააჩნია, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს “მე”სთან, ანუ ცენტრთან, საიდანაც ვმოქმედებთ და ინდიკატორია ჩვენი არეული და გაუწონასწორებელი ფსიქიკის. შინაგანი დაპირისპირება, ანუ თვით–დაპირისპერება როგორც მას ვუწოდეთ, წარმოსდგება ერთი საინტერესო მომენტისგან, რომლის ფორმულირებაც ასეთი იქნება,  -ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო-, ანუ ჩვენი მუდმივი უკმაყოფილება იმით რაც ვართ და სურვილი – ვიყო სხვანაირი. მაგალითად, მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა საზოგადოებაში, არც დიდი სახელი, არც სიმდიდრე და ეს საშინლად მაწუხებს. ვარ უბრალო ჩინოვნიკი, მაგრამ მინდა ვიყო მინისტრი, დიდი მეცნიერი, წარმატებული ბიზნესმენი, პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ან პატრიარქი, ან ვარ ჩვეულებრივი მწერალი, ჟურნალისტი, მომღერალი ან  მსახიობი, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს, ამბიციები მაგიჟებს და ვცდილობ ისეთი იმიჯი შევიქმნა, თითქოს რაღაც გრანდიოზული მოვლენა ვარ, მსურს სახელი და აღიარება, ბევრი ფული და რას ვაკეთებ ამისათვის- ვცრუობ, ვმლიქვნელობ, ვცდილობ მოვერგო ნებისმიერ სისტემას, ოღონდ კი მიზანს მივაღწიო, ანუ ვარ ესა და ეს, მთელი ჩემი შესაძლებლობებით და მინდა ვიყო ის, რაღაც სხვა.
სწორედ ეს შეუსაბამობა –ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყოს- შორის, გადაულახავი ბარიერია გონებისთვის და შინაგან დაპირისპირებას იწვევს.  ამის გაცნობიერება და გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისთვის.  დაუსრულებელი სწრაფვა, ვიყო რაღაც სხვა ვიდრე რეალურად ვარ, მომდინარეობს იმ სტანდარტებიდან და ნიმუშებიდან, რითიც აღვსილია გონება და ერთ-ერთი მიზეზი ამის, ჩვენი არასწორი აღზრდაა, რაც სამწუხაროდ განპირობებულია საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებით, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი ოჯახი,  პროფესია, ზნე და ხასიათი უნდა ჰქონდეს, რათა ადგილი დაიმკვიდროს და პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს. ეს სტანდარტები და შეფასების კრიტერიუმები, ცხადია ჩვენივე შექმნილი და არა სადღაც ზეციდან ნაკარნახევი, ისეა გამჯდარი ჩვენს არსებობაში, რომ მათგან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.  ეს ნელი მოქმედების საწამლავს ჰგავს, რომელსაც ბავშვობიდან მცირე დოზებით ვიღებთ, სანამ საბოლოოდ არ დაბინდავს გონებას და იმავე ყალიბს არ მოგვარგებს.
გვგონია რომ მთელი ეს ნიმუშები და სტერეოტიპები, ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, სინამდვილეში კი ჩვენში არსებული ქაოსის, შიშების, კომპლექსებისა და ზოგადად დისკომფორტის მიზეზი, სწორედ ეს შინაგანი გახლეჩვაა, საიდანაც ბედნიერებას ველოდებით, სწორედ ისაა უბედურების სათავე და ამის დანახვა, გააზრება და გაცნობიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მერაბ მამარდაშვილი წერდა: “ადამიანი თვითონ უნდა დაუზავდეს საკუთარ თავს, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანმა მანამდე საკუთარ თავს ომი გამოუცხადოს, რათა შემდგომ აუცილებლობით მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ის არის და აღარ ებრძოლოს. საკუთარი თავის არმიღება კი ადამიანს ომისკენ, რევოლუციისკენ და “პოგრობისკენ” უბიძგებს. სინამდვილეში ადამიანს სხვისი კი არა, საკუთარი თავის ატანა არ შეუძლია”
ჩვენ საკუთარ თავში ვატარებთ ამ დაპირისპირებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როდესაც გარეგნულ ქმედებებში აისახება და შესაბამისად უსიამოვნება მოაქვს, ამის გამოა ადამიანთა უმეტესობა გულწრფელად დაბნეული და შეშინებული საკუთარი არსებობით, მიზეზებს მხოლოდ გარეთ ხედავენ და შესაბამისად უჩნდებათ  შეკითხვები,  რაზეც პასუხს ვერსად იღებენ, შემდგომ კი იგონებენ  უიღბლობას, ბედისწერას, მაგიას  და ა.შ.
ნათლად რომ ვაცნობიერებდეთ  საკუთარ არსებობას ამ უსასრულო სამყაროში, ილუზიებსა და წარმოსახვებს არასოდეს შევეჭიდებოდით და შესაბამისად ყოველგვარი ტყუილი აზრს დაკარგავდა.  მარტივად რომ  შეგვეძლოს საკუთარი თავის მიღება, ყოველგვარი თვითშეფასებისა და იდენტიფიკაციების გარეშე, როგორებიც რეალურად ვართ, სრულიად უნიკალური და განუმეორებელი,  იმ დროს, იმ მდგომარეობაში ვიბადებით, სადაც ყველაზე მეტი შესაძლებლობაა ჩვენი ფსიქიკური არსის განვითარებისთვის, რომელიც მუდმივ ევოლუციას განიცდის და საბოლოოდ ერთი მიზანი აქვს, შეუერთდეს თავის პირველსაწყისს, და მარადიული სიმშვიდე ჰპოვოს. მთავარი საკუთარი თავის შემეცნებაა, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, რა შეგვიძლია, რა გამოგვდის ყველაზე უკეთ, რათა თვითრეალიზაცია მოვახდინოთ. ვარ ის _ ვინც ვარ და მუდმივი იდენტიფიკაციები და შედარებები სრულიად უადგილო და არაფრისმომცემია.
ბავშვთა ფსიქიკაზე დაკვირვებამ ყველაზე  ნათლად ცხადყო ადამიანთა ეს ბუნებრივი თავისებურებანი. კ.გ. იუნგი ერთ-ერთ ლექციაში იხსენებდა შემთხვევას, სისხლის სამართლის დამნაშავეთა გამოსასწორებელი ამერიკული დაწესებულებიდან, სადაც ბავშვებს ორ კატეგორიად ყოფდნენ,  პირველი კატეგორია, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენდა, იქ მოხვედრის შემდგომ გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს, ეს ბავშვები მართლაც ნორმალურად ვითარდებოდნენ და დროთა განმავლობაში მათი მანკიერება წარსულს ბარდებოდა, მეორე ნაწილი კი, რომელნიც უმცირესობაში იყვნენ, იქ მოხვედრის შემდგომ, როგორც კი თავაზიანად და ნორმალურად მოქცევას აიძულებდნენ, ისტერიულნი ხდებოდნენ. კ.გ.იუნგი  ამას ასე განმარტავდა:” ესენი “დამნაშავეებად” არიან დაბადებულნი, მათ ვერაფერი გამოასწორებს. ნორმალური საქციელი მათთვის ბოროტების ჩადენაა. ჩვენც ხომ რაღაც სრულად ვერა ვართ ხოლმე “ფორმაში” როდესაც მამა აბრაამის ბატკნებივით ვიქცევით. ცოტას თუ “ვურევთ” – რა შედარებაა, ბევრად უკეთესად ვგრძნობთ თავს. ინდუსები ტაძარს რომ აგებენ, ერთ კუთხეს დაუმთავრებელს უტოვებენ ხოლმე, სრულქმნა მხოლოდ ღმერთებს ძალუძთო”
ბუნებრივია,  არ იგულისხმება თითქოს ბავშვები თავის ნებაზე უნდა მივუშვათ, და აღმზრდელობითი ფუნქცია მთლიანად ცხოვრებას მივანდოთ, უნდა მოვახერხოთ და ვიპოვოთ გონივრული და სწორი მიდგომა ნებისმიერი პრობლემისადმი.  ჯერ კარგად შევისწავლოთ მათი ხასიათი და მენტალური სტრუქტურა და შესაბამისად ვიმოქმედოთ, იძულებითა და დისციპლინით ფონს ვერ გავალთ, თავსმოხვევა ზნეობრივი კანონებისა ან გაუთავებელი მორალის კითხვა არაფრის მომტანია, უნდა დავეხმაროთ თავად გაერკვნენ საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებში, რათა სულში მომწიფდეს ნებელობა ზნეობრივი თუ კეთილშობილური გარდაქმნისა. შესაძლოა ეს პროცესები გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, რახან ასეთი არასრულფასოვანნი ვიბადებით, უნდა განვვითარდეთ შინაგანი აქტივობის შედეგად და გარკვეული ტკივილისა და შეწუხების ფასად.
“ფსიქოლოგიურ განვითარებას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, წერდა კ.გ.იუნგი, თუ დავჯერდებით იმას, რაც ვართ და იმ ცხოვრებით, რომელიც გვაბარია სერიოზულად ვიცხოვრებთ. ჩვენი ცოდვები, შეცდომები და ნაკლოვანებები საჭიროა ჩვენთვის, ასე რომ არა, განვითარების უძვირფასესი სტიმულისგან განძარცვული აღმოვჩნდებით”.  არავითარი უიღბლობა და უბედობა ამ ქვეყნად არ არსებობს, არსებობს  უბრალოდ ადამიანი, რომელიც მეზობელ სახლში მომხდარ ამბებში ან მსოფლიო ნიუსებში უკეთაა გარკვეული, ვიდრე საკუთარ არასრულფასოვნებებში და ეს უვიცობაა ყველა ბოროტების სათავე.
სრულიად უსარგებლოა ე.წ. წესიერი ადამიანის ნიღაბი ატარო მხოლოდ იმისათვის, რომ საზოგადოებამ პატივი მოგაგოს.  ეს სიყალბეა, ილუზიაა, რაც ვერასოდეს დაგვეხმარება სულიერ განვითარებაში, ევოლუცია სწორედაც დაცემა–აღდგომაშია. რატომ გვეშინია ასე საკუთარი მიდრეკილებების გამომჟღავნება, ჩვენ ხომ ისედაც ვიცით რომ არასრულფასოვანი ადამიანები ვართ, ვის ვატყუებთ, ვესწრაფვით კეთილშობილებას და სინამდვილეში არავინ იცის რას ნიშნავს ეს, ჩვენ ხომ თვითონ შევქმენით მორალი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვით, თავად განვსაზღვრეთ რა არის კარგი და რა ცუდი, შევქმენით ხაფანგი და ახლა მთლიანად ვართ დაჭერილი მისით. ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარი თავისთვის არ ვცხოვრობთ, საკუთარ თავს კი არ ვეძებთ, არამედ სხვის თვალებში ვიყურებით, სხვისი აზრებითა და შეფასებებით ვცხოვრობთ, მთავარია გარესამყარო როგორ გვხედავს და გვაფასებს, ჩვენი ჩაცმა, ჩვენი გარეგნული იერი, მთლიანად მორგებულია იმ საზოგადოების მოთხოვნილებებს სადაც ვცხოვრობთ, წამითაც კი ვერ თავისუფლდება გონება გარე ფაქტორების გავლენისგან, შინაგანი, ჭეშმარიტი “მე” კი დაკარგულია, ვარსებობთ მხოლოდ ზედაპირულ დონეზე და შესაბამისად ვიტანჯებით კიდეც. ვიტანჯებით არა იმიტომ რომ ცვლილება გვინდა და ვაცნობიერებთ საკუთარ არარაობას, არამედ შინაგანი სიცარიელის, დაუკმაყოფილებელი სურვილებისა და ამბიციების გამო.
უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისთვის ცხოვრება, შინაგან არსში შეღწევა და ჩვენი რეალური სახის დანახვა. თუ გინდა სურვილის ამაოებას ჩასწვდე, ნუ გაურბიხარ მას, სხვანაირად გამოცდილება არ მოდის. ჩვენ შიშისა და სისუსტის გამო ვირგებთ ე.წ. წესიერი მოქალაქის ნიღაბს და არა იმიტომ რომ რაღაც მდგომარეობას მივაღწიეთ.
იგავში, უძღები შვილის შესახებ (ლუკა. თ15) აღწერილია ორი ძმის ამბავი, ერთმა ძმამ თავისი წილი ქონება მთლიანად წაიღო და წავიდა სახლიდან, დროთა განმავლობაში მან ეს ქონება გაფლანგა და სრულიად ცარიელი, ღატაკი დარჩა, ეს ნიშნავს, რომ მან იცხოვრა, განიცადა, იგრძნო და დაეცა, ანუ მან საკუთარი,  პირადი გამოცდილება შეიძინა, განსხვავებით მისი ძმისა, რომელიც მუდამ მამის გვერდით იყო და მის ყოველ სურვილს ასრულებდა. ამიტომაც მიიღო მამამ უკან დაბრუნებული შვილი უდიდესი სიხარულითა და პატივით, იგი სრულიად ახალი ადამიანი დაბრუნდა, დაცლილი ამქვეყნიური ამაოებისგან, განძარცვული წარმავალი სურვილებისა და მისწრაფებებისგან.
მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ხელეწიფებათ ამბოხი, ისინი მუდამ რაღაცას ეძებენ, იბრძვიან, მათთვის უცხოა შიში, არავის ზურგს არ ეფარებიან, ამით არიან გამორჩეული და აღმატებული მათზე, ვინც მუდმივ სტაბილურობას ეძებს, გარეგნული უსაფრთხოება მხოლოდ ილუზიაა, დროებითია, თუ ის მიღწეული არ არის შინაგანად, დაცემით, ტანჯვითა და ძიებით, საკუთარ თავთან, საკუთარ არასრულფასოვნებებთან ბრძოლით. Nნუ მოვიტყუებთ თავს, თითქოს მშვიდი და გაწონასწორებული ხალხი ვართ და ამქვეყნიურ შფოთს თავი დავაღწიეთ, სანამ გულში ამბიცია, ეგოიზმი, სურვილები და ვნებები ცოცხლობენ, ჩვენ აბსოლუტურად არასრულფასოვანი ადამინები ვართ და თუ რაიმეს ისეთს ვერ ჩავდივართ, რასაც სხვა “ცუდი” ადამიანები ჩადიან, უბრალოდ სუსტი და მშიშრები ვართ. Nნებისმიერი ადამიანი გაქურდავდა საიუველირო მარაზიას ან ბანკს, სასჯელის შიში რომ არ ჰქონდეს. ძლიერია მხოლოდ ის, ვინც მოახერხა და საკუთარი ნებელობით თქვა უარი საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზე, მხოლოდ მათ შეიძლება ეწოდოთ დიადი და ჭეშმარიტად ინდივიდუალური ადამიანები, დანარჩენი ყველაფერი თამაშია, შოუ, ცირკი და ის მაინც მოვახერხოთ, ამ ცირკში ჯამბაზებად არ დავრჩეთ, რომლებიც ერთს ატყუებენ, ხოლო მეორეს ამაზრზენად ემლიქვნელებიან.
ვიმოქმედოთ, გამოვიყენოთ ეს ცხოვრება საკუთარი თავის სრული რეალიზაციისთვის, ხან დავეცემით, ხან ავდგენით, ამაშია მთელი ხიბლი ჩვენი არსებობის, ასე მიმდინარეობს ადამიანის ევოლუცია, თუ ყველაფერს გავექცევით და დავემალებით, არაფერი შეიცვლება, სურვილი სურვილად დარჩება, ვნება ვნებად და საბოლოოდ დავემსგავსებით იმ უგუნურ მსახურს (სახარება მათესი. თ 25) ბატონმა ოქროს ტალანტი რომ მისცა, მან კი მიწაში ჩაფლო იმის შიშით, რომ სულ არ დაეკარგა იგი და ბატონის მრისხანება არ დაემსახურებინა, საბოლოოდ კი ისიც დაკარგა რაც ქონდა და იმაზე ცარიელი და არარაობა დარჩა, ვიდრე მანამდე იყო.
მერაბ მამარდაშვილს აქვს ასეთი ფრაზა “ადამიანის ონტოლოგიური მდგომარეობა, ჯიუტი სიბრმავის მდგომარეობაა”(გვ12 ცნობიერების ტოპოლოგია). ჯიუტი სიბრმავე-არის ზუსტი შესატყვისი ჩვენი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური ყოფისა, ბრმა, რომელიც ჯიუტად ცდილობს ბრმად ყოფნას, საინტერესოა საით მიდის იგი… უილიამ ფოლკერი ამბობდა: “ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ მან არ იცის ვინ არის და რა ადგილი უკავია”. როდესაც ვერ ვახერხებთ თვითრეალიზაციას,  ვხდებით ჩვენ სულში არსებული აჩრდილების, გნებავთ იდეალების მონები, ადამიანი კი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს, ფსიქოლოგიური გამთლიანება რომ შეძლოს.  ეს ჩვენს სულში არსებული არარეალიზებული ფუნქციების პროეცირებაა მხოლოდ, მთავარი მიზეზი კი შიგნითაა, ჩვენი მუდმივი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ვიღაცაზე ამ რაღაცაზე, მოლოდინი რომ ეს ვიღაც ან რაღაც დიდ მიზნამდე მიგვიყვანს და ბედნიერებას მოგვანიჭებს. ხშირად ისეც ხდება, რომ მთელი ცხოვრება ვებრძვით რაღაც აჩრდილს, რაც მეორე ”მე” გამხდარა და ვერ ვთავისუფლდებით მისგან. შეიძლება ამას კომპლექსებიც ვუწოდოთ, მაგალითად ზედმეტი სიმორცხვე და გადამეტებული სითამამე კომპლექსია. ერთი მომდინარეობს არასრულფასოვნების განცდისგან, მეორე კი ამბიციისა და თვითშეფასებისგან.   მინახავს ადამიანი რომელსაც საკუთარი სიმორცხვე თითქმის სტანჯავს, მაგარამ ვერაფერი მოუხერხებია მისთვის. ორივე შემთხვევაში მთავარ როლს ცენტრი ასრულებს, “მე” საიდანაც ვმოქმედებთ. არასრულფასოვნების კომპლექსის მიზეზიც იგივე ამბიციაა, ოღონდ ეს მედლის მეორე მხარეა. როდესაც თავი მაგარი ტიპი გგონია, ან პირიქით არაფრად მიგაჩნია, ორივე ერთნაირად შემაწუხებელი განცდაა, ორივე რეალობის აცილებას ნიშნავს და შესაბამისად უსიამოვნებათა მუდმივი წყაროა. ცხადია ასეთი ტიპის კომპლექსებისგან გათავისუფლება იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია თუ შევძლებთ და საკუთარ თავს ცოტათი მაინც მივუახლოვდებით, გამოვიკვლევთ და შევიცნობთ. ამას სჭირება მუდმივი დაკვირვება საკუთარ ფიქრებსა და შეგრძნებებზე, ფხიზელი გონებით უნდა ვადევნოთ თვალი რა პროცესები მიდის იქ და როგორია ჩვენი რეალური ქმედებები. დააკვირდით საკუთარ თავს, როგორია თქვენი ქმედებები როცა არავინ გიყურებთ, როგორ მოძრაობთ, როგორ ჭამთ ან საერთოდ როგორ ასრულებთ რაიმე სამუშაოს და ამით თქვენს რეალურ სახეს დაინახავთ, შემდეგ შეადარეთ როგორ ასრულებთ იგივე ქმედებებს მაშინ, როდესაც ვიღაც გიყურებთ და მომენტალურად მიხვდებით იმ განსხვავებას რაც არსებობს –ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყოს- შორის.  ჩვენი ლოცვაც კი ერთგვარი პოზაა, სხვანაირად რით შეიძლება აიხსნას განსხვავებულობა ჩვენი რეალურ სახესა და ლოცვის დროს შექმნილ სათნო და უბიწო გამომეტყველებას შორის, განა ის, ვის წინაშეც ასე მოწიწებით ვლოცულობთ, ყველაფრის მხილველი არ არის?..  ასევე, მაგალითად საუბრობ რაიმე თემაზე, წამიერად მაინც თუ შეხედავ შენს თავს გვერდიდან, იმ წუთას გააცნობიერებ რა პოზა გიჭირავს, რას ამბობ ან რატომ ამბობ, რა არის ნამდვილი მიზეზი, ინფორმაციის გადაცემა, თუ საკუთარი განსწავლულობისა და ცოდნის დემონსტრირება. ასეთი ტიპის დაკვირვება გონებას გამოიყვანს მექანიკური მოქმედების რეჟიმიდან და კონცენტრაციის უნარს მოგცემთ.
საკუთარი თავზე დაკვირვებისას, აუცილებლად აღმოვაჩენთ ერთ საინტერსო რამეს, პირობითად მას იდეათა სამყარო ვუწოდოთ. ჩვენ უამრავი იდეალები, თეორიები, პრინციპები და სტერეოტიპები გვაქვს. თუმცა ყველაფრის პირველმიზეზი მაინც იდეაა, ანუ აზრი რომელიც ჩნდება და ხშირად მთელს ჩვენს არსებას იკავებს. შეიძლება ითქვას შეპყრობილი და დაჰიპნოზებული ვართ ამ იდეებით და მათგან გამომდინარე ვმოქმედებთ, ვმოძრაობთ, ვაყალიბებთ ურთიერთობებს. იდეა შეიძლება არსებობდეს ყველაფრის შესახებ, იქნება ეს რელიგია, ნაციონალიზმი, ერი, სიყვარული, სიცოცხლე ან სიკვდილი და ა.შ თავისთავად იდეა არც კარგია და არც ცუდი, ის უბრალოდ რაღაც აზრთა წყობაა და მეტი არაფერი.  მაგრამ საინტერესოა რა ხდება მაშინ,  როდესაც ამ იდეებს ფსიქოლოგიურად ვეჯაჭვებით და  იდენტიფიკაციას ვახდენთ მათთან.
მაგალითად ჩემი იდეა ნაციონალიზმის შესახებ ასეთია, მე მიყვარს ჩემი სამშობლო (სამშობლოს სიყვარული თავისთავად აბსტრაქტული ცნებაა, მიყვარს ის, რაც ჩემია და რაც ნაცნობია) და მას უნდა ვემსახურო. ის ვინც ჩემი ქვეყნის სათავეშია, ანუ ვისაც ვანდობთ საყვარელი სამშობლოს მართვა-გამგეობას, თუ გადაწყვეტს, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის რაიმე ტიპის საომარი მოქმედებაა საჭირო, ამ იდეიდან გამდინარე დაუფიქრებლად ავიღებ იარაღს და წავალ საბრძოლველად (და ამას პატრიოტიზმს ვარქმევ)მათ წინააღმდეგ, ვინც ჩემს იდეას საფრთხეს უქმნის(ან არ უქნის, მაგრამ სამშობლოს დიდებას ასე სჭირდება. ალბათ ასე ფიქრობდნენ მეორე მსოფლიო ომის წინ გერმანელებიც და კიდევ მრავალი სხვა…) როდესაც რაიმე იდეით ხარ შეპყრობილი, ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს ზედმეტ ფიქრსა და დაეჭვებას, მით უმეტეს, თუ ეს დიად და კეთილშობილურ იდეალებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ხომ ამისთვის ვიღწვით, ჩავიდინოთ რაიმე დიადი, საგმირო საქმეები და ისტორიაში შევიდეთ, ან სასუფეველში მაინც…. მერე რა, რომ ჩემი ე.წ. მტრები, ისეთივე ადამიანები არიან როგორიც მე, უყვართ სიცოცხლე, რაღაცას ქმნიან, აზროვნებენ, სტკივათ, უხარიათ და ა.შ. მთავარი იდეაა, იდეა ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის შესახებ. სწორედ ასეთმა იდეამ, ერთ მშვენიერ დღეს,  გუშინდელი მეგობრები, მეზობლები და ნათესავები  დაუძინებელ მტრებად აქცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ისეთი ჭრილობა დატოვა, თაობები დასჭირდება მის მოშუშებას.
ასეთივე საინტერესოა იდეა რელიგიის შესახებ. მე ვარ მორწმუნე ადამიანი და რელიგია შესაბამისად ჩემს ცხოვრებაში დომინანტია. რომელი რელიგიური აღმსარებლობის მიმდევარიც ვარ, ბუნებრივია ჩემი სუბიექტური ღირებულებებიც მისგან მომდინარეობს და მთელს ჩემს ცხოვრებას მართავს, რაც აუცილებლად დიდ როლს ითამაშებს პიროვნულ ურთიერთობებში. ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები ”ჩვენ ქრისტიანები ასეთი და ასეთი ჰუმანურები ვართ”, “ჩვენ მუსლიმანები ასეთი წესებით ვცხოვრობთ და სხვის აზრს ვერ გავიზიარებთ” ერთხელ ასეთი რამეც გავიგე, თურმე ნუ იტყვით და ერთ იაპონელს მართლმადიდებლური სული აღმოაჩნდა, ანუ ისეთი კეთილშობილი ყოფილა.. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ჩვენი რელიგიაა გზა ჭეშმარიტებისკენ და სხვა ყველა ცთომილებაშია. ბუნებრივია ასეთი ტიპის აზროვნება ადამიანთა დაყოფას იწვევს. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, მთელი ის დაპირისპირება, რაც რელიგიურ ნიადაგზე ყოფილა, სწორედ ამ იდეის გამო ხდებოდა და არა თავად რელიგიის, რაც თავისთავად ზნეობრივ  და მორალურ კანონთა კრებულია და მისი მიზანი ადამიანის სულიერი აღორძინებაა მხოლოდ.
როგორ შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს კომუნიზმის იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები და შემდგომ ამ იდეის გამო  დაყოფილი კომუნისტებად და ანტიკომუნისტებად, სამშობლოს მტრებად და ა.შ. დაკარგული თაობები, სულიერად თუ ფიზიკურად განადგურებული  ათასობით ადამიანი. ასეთია ერთი შეხედვით მარტივი და უწყინარი იდეების რეალური შედეგები, თუ მათ ადამიანის გონებაში ადგილი დაიმკვიდრეს.
რეალურად კი ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები, რით განვსხვავდებით ასე მკვეთრად ერთმანეთისგან, რომ ასე დაუნდობლად ვექცევით ერთმანეთს. ერთნი ვართ, ერთი ღმერთის ქმნილებები, მსგავსი თვისებებისა და ინსტიქტების მატარებელნი, ყველას ერთნაირად გვესაჭიროება ჰაერი, წყალი, მიწა, “პური ჩვენი არსობისა”, სიყვარული, თანაგრძნობა, გაგება, გაზრდა-განვითარება. ჩვენში ერთი სული ტრიალებს –მარადიულობის სული- და ვერასოდეს მოვიპოვებთ ვერც სულიერ და ვერც ფიზიკურ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას თუ ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულს არ ვისწავლით, მიუხედავად ჩვენი რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილებისა, კანის ფერისა ან სოციალური მდგომარეობისა. თითოეული ადამიანის არსებობა ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ რასაც მოვიმოქმედებთ სხვის მიმართ, იგივე დაგვიბრუნდება უკან, ეს კანონზომიერებაა და გონიერი ადამიანი ყველგან გრძნობს ამას.  ფიზიკური მტერი მანამდე იარსებებს, სანამ ის იდეის სახით გონებაში არსებობს. როდესაც გგონია რომ სხვას ატყუებ – სინამდვილეში საკუთარ თავს ატყუებ, თუ ფიზიკურად მოკლავ ვინმეს, ამით საკუთარ თავს გაანადგურებ, სანამ ვინმეს ტკივილს მივაყენებთ, იქნებ სჯობს იმაზე დავფიქრდეთ რომ ის სხვა – სინამდვილეში მე ვარ.
სამწუხაროდ ამჟამად ასეთია ჩვენი ცნობიერების მექანიზმი და სანამ მთელს სტრუქტურას ამ მექანიზმისას არ გამოვიკვლევთ და არ შევისწავლით, მანამდე გარეგნული ქაოსი და დაპირისპირება, მთელი ეს დრამა ჩვენი არსებობის, არასოდეს დასრულდება.
ცივილიზაციის განვითარება ექვივალენტურია ადამიანის ცნობიერების განვითარებასთან. ერთის მხრივ ცივილიზაციამ დიდი გარდატეხა შეიტანა ჩვენს ყოველდღიურ არსებობაში და მრავალი რთული პრობლემა გაამარტივა,  მაგრამ მეორეს მხრივ, მენტალური ფაქტორის გათვალისწინებით, ბევრი ვერაფერი შეცვალა. დაინგრა ძველი და გაცვეთილი იდეები და იდეალები, მათ კი ახალი, უფრო პროგრესული და ჰუმანური ჩაენაცვლა, ცხოვრება ისევ ისე გრძელდება, აღსავსე ქაოსით, შფოთით, შიშით, დაპირისპირებითა და ძალადობით, რაც თავისთავად წყაროა ტკივილისა და უბედურების.
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ და თავად ჩვენში გრძნობებისა და ცოდნის სახით არსებობს, კარგად ნაცნობია ჩვენთვის და შესაბამისად შეჩვეული ვართ მათ.  გონება მტკიცედაა ჩაკეტილი ამ  “ნაცნობის” ფარგლებში და მის იქით გასვლა არ ძალუძს, ანუ შეზღუდული და ლიმიტირებულია. მაინც რა არის ეს ნაცნობი, ასე რომ მოიცავს მთელს ჩვენს არსებას და შეუძლებელს ხდის მის მიღმა რაიმეს დანახვას. ნაცნობია ყველაფერი _ ჩვენი სახელი, სტატუსი, მდგომარეობა, სახლი, ქალაქი, ქვეყანა, ოჯახი, საზოგადოება, ჩვენი იდეები, წესები, ტრადიციები, იდეალები, იდეოლოგიები და ა.შ. ჩვენი შეხება გარესამყაროსთან, ადამიანებთან და თვით ღმერთთანაც კი, მთლიანად მომდინარეობს ამ ნაცნობისგან.  “ჩვენს წარმოსახვას, წერდა ფრანგი მწერალი მარსელ პრუსტი, ვერ წარმოუდგენია უცნობი სიტუაცია, რადგანაც უცნობი წარმოსახვა ნაცნობი ელემენტებისგან შედგება და ჩვენ არსებითად არ ძალგვიძს, რომ ნაცნობი ელემენტების ხლართებს თავი დავაღწიოთ”
ცნობიერების შეზღუდულობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ჩვენი ზედაპირული და მექანიკური აზროვნებაა, თვით დიდი წიგნიერი და ინტელექტუალური ცოდნაც კი არ არის წინაპირობა გონების გათავისუფლებისთვის, რადგანაც ყველაფერი, რაც საკუთარი გამოცდილებითა და გააზრებით არ არის მიღებული და გაგებული, არ შეიძლება ჩაითვალოს ცოცხალ ცოდნად და ბუნებრივია ბევრს ვერაფერს შეცვლის ჩვენს ცნობიერებაში. როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ დაჰიპნოზებული მდგომარეობიდან, მოვიშოროთ სიზანტე და თვით-შემეცნების გზას შევუდგეთ. გავაცნობიეროთ საკუთარ ფსიქიკაში არსებული ყველა კომპლექსი, შიში, სურვილი, ამბიცია და იდეა, რაც მთავარია გავიაზროთ მათდამი ჩვენი დამოკიდებულება. საკმარისია სიღრმისეულად დააკვირდე რაიმე იდეას, რაზეც გონებაა ჩაჭიდებული და შეხედო მისგან მოტანილ შედეგებს, რომ მომენტალურად მიხვდები, რა მარტივად შეიძლება გონებაში წარმოშობილმა აზრმა თუ მასთან იდენტიფიკაციას მოახდენ, სრული ქაოსი და ნგრევა მოიტანოს. ამის დანახვა არის გონიერება – ანუ საკუთარი გამოცდილებითა და ცოცხალი შეგრძნებებით მიღებული რაიმე ცოდნა. მხოლოდ ასეთი გონიერება დაგვეხმარება საკუთრი თავის შეცნობაში, რაც შეგვაძლებინებს საკუთარი შეზღუდულობის დანგრევას და მის მიღმა რაიმეს დანახვას. სხვა შემთხვევაში ისეთ ზე-აღმატებულ თემებზე, როგორიცაა ჭეშმარიტება და ღმერთი, ფიქრი ან რაღაც აზრებისა და შეხედულებების შექმნა თვითდაპროექტებულია და შესაბამისად არასერიოზული. ცნობიერების მოცემული მდგომარეობით, შეუძლებელია ვინმემ იცოდეს რა არის ჭეშმარიტება, ვინაიდან ის უცნობია, ანუ ჩვენი ცნობიერების მიღმაა, ხოლო ჩვენი ნებისმიერი განცდა,  ფიქრი, რწმენა თუ თვალსაზრისი, მომდინარეობს ნაცნობიდან, ანუ ჩვენი შეზღუდული აზროვნებიდან და თავისთავად არარეალურია. ”მომაკვდინებელი დაავადება, ამბობდა მ. მამარდაშვილი, არის ცოდნა, წინასწარი ცოდნა, მათ შორის, ჩემი დაბეჯითებული ცოდნა საკუთარი თავსი შესახებ: როგორი ვარ, რა მინდა, რა პირობებში და როგორ შეიძლება მოვიპოვო საკუთარი თავის პატივისცემა, როგორი უნდა იყოს სამყარო, რომელშიც ღირსეულად ვიცხოვრებდი და ა.შ”
“თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამასა და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი _  ამბობს  მაცხოვარი_იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.”(ლუკა. თ14. 25) შეუძლებელია თავად განსხეულებული სიყვარული, ვინმეს სიძულვილისკენ მოუწოდებდეს,  ეს მინიშნებაა აბსოლუტურ, შინაგან თავისუფლებაზე, რათა ყოველი ადამიანი, თუ მას სურს მაცხოვრის მოწაფე და მისი თანაზიარი გახდეს, უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ფსიქოლოგიური თუ ემოციური მოჯაჭვისგან ნებისმისმიერ პიროვნებაზე, იქნება ეს შვილი, მშობელი, ქმარი თუ ცოლი. იქ, სადაც არ არის სრული შინაგანი თავისუფლება, სრული ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობა, ვერასოდეს აღმოცენდება აბსოლუტური ნებელობა და ვერასოდეს იშვება ძე ღვთისა, ..თუ არ მოიძულებთ, საკუთარ სულსაც კიო.., როგორ უნდა მოიძულოს ადამიანმა საკუთარი სული, თუკი არც კი იცის რა არის იგი, ხომ არ გულისხმობს ეს გონების გათავისუფლებას ყველა იდეის, თეორიის, სტერეოტიპის, იდეალის, ცოდნისა და ნიმუშისგან, ყველაფრისგან რაც ნაცნობია, რასაც ასე ველოლიავებით და ვუფრთხილდებით, რაც წყაროა ჩვენი შინაგანი დაპირისპირებისა და ქაოსის.
ყველაფერი რაც ნაცნობია, რაც ვიცით და შესაბამისად შეჩვეული ვათ, წარმავალია, მასში არ არის კრეატიულობა, ყოველდღიური სიახლე და მშვენიერება, არამედ მოწყენილობა და რუტინა. ის რაც უსასრულობისკენ გვიხსნის გზას, რაც მუდმივად ახალი და სრულიად განსხვავებულია- სწორედ უცნობია, ანუ ჩვენი შეზღუდული ცნობიერების მიღმაა, და მისი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ პირადი გამოცდილებით მიღებული ცოდნით, ანუ როგორც ვამბობთ, ცოცხალი ცოდნით.  ერთხელ მაინც თუ გასინჯავ მანგოს, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდება, მაგრამ თუ არ გასინჯე, შეიძლება  მთელი ცხოვრება გიხსნათ ვინმემ როგორი გემო აქვს მას, თუმცა ვერასოდეს გაიგებთ. უცნობი მხოლოდ მაშინ მოდის,  მხოლოდ მაშინ ხდება გასაგები, როდესაც ქრება წინასწარი შეხედულება და რაც მთავარია მოლოდინი რაიმესი, გონება უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი შეფასებისა და განსჯისგან, რათა შეხედო მოვლენას და დაინახო ის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.  ამის გაცნობიერება ცხოვრებას მთლიანად გარდაქმნის, სამყარო აღარასოდეს მოგეჩვენებათ ცუდი ან კარგი, შესაბამისად მტანჯველი განცდები საკუთარი არსებობის შესახებ მთლიანად გაქრება.
ეს არის ინდივიდუალიზმი, ინდივიდუალურია მხოლოდ ის, რაც საკუთარი გამოცდილებითაა მიღებული და არაფერს გავს, სრულიად უნიკალური და განუმეორებელია. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ გავცდებით ნაცნობის ფარგლებს, საუბარი ჩვენს ინდივიდუალიზმზე ილუზიაა. იყო ინდივიდუალური, ნიშნავს ყველაფერი ისეთი დაინახო და მიიღო როგორიც ის სინამდვილეშია, იყო ის რაც ხარ და არ ესწრაფოდე ვიღაც სხვად გახდომას, თავად იყო შემოქმედი საკუთარი ცხოვრების და არ გქონდეს მუდმივი მოლოდინი მესიების, ზეკაცებისა და იდეალების, ანუ მყარად იდგე აწმყოში და ცოცხალი შეგრძნებებით ცხოვრობდე, მთელი არსებით, მთლიანად,  ყოველგვარი შიშისა და ეჭვის გარეშე. გჯეროდეს საკუთარი თავისა და  შესაძლებლობების და აცნობიერებდე შენს არსებობას ამ უსასრულო სამყაროში.
“მოდის ჟამი, ამბობს მაცხოვარი, და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან” (იოანეს სახ. თავი5-21) ეს ჟამი მუდამ უყო და არის მათთვის, ვისაც შესწევს უნარი, მოისმინოს და დაინახოს ნაცნობის მიღმა, მხოლოდ მაშინ გაცოცხლდება ადამიანი და დაიწყებს ნამდვილ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, როდესაც შესძლებს დაანგრიოს თავისი შეზღუდული ცნობიერების ფარგლები და ეზიაროს მისთვის უცნობს, ზე-ცნობიერს, იგივე ძე ღვთისას, რომლის ხმაც სადღაც ზეციდან კი არ მოდის, არამედ საკუთარი სულის დაფარული სიღრმეებიდან. ქრისტეს, როგორც მხსნელის, როგორც  მაცხოვრის შობისა და გოლგოთის მისტერია, სულიერი თვალსაზრისით დაუსრულებელი პროცესია, იგი მუდმივად გრძელდება კონკრეტულ ინდივიდებში, როგორც სულის განუყოფელი ნაწილი, მისი ხსნა, მისი ინდივიდუალური აღორძინება. ადამიანმა თუ თავად არ შეიგრძნო და აღმოაჩინა თავის თავში მხსნელი, ქრისტე და მარტო გარეგნული რიტუალებისა და იმიტაციის მდგომარეობაში დარჩა, ვერასოდეს იპოვის ხსნას, რადგანაც იპოვო ღმერთი, ნიშნავს განიცადო ღმერთი საკუთარ თავში, როგორც სულის საკუთრება, თავად გახდე ღმერთი, რადგანაც მხოლოდ ასე შესძლებ ჩასწვდე იმ საკრალურ ცოდნას, რასაც ასე ეძებს ადამიანი ბიბლიაში, ყურანში თუ სადმე სხვაგან.
სიცოცხლე, თვისთავად  საკუთარი არსებობის შეგრძნებაა და როგორ უნდა შევიგრძნო საკუთარი თავი, თუ მტკიცედ ვარ ჩაკეტილი ცნობიერების ლიმიტირებულ ფარგლებში, სადაც წესებისა და ტრადიციების სახით უკვე მოცემულია გზა განვითარების, უკვე არსებობს ნიმუში ზნეობრივი და წარმატებული ადამიანის, ხოლო მე ისღა დამრჩენია ამ ნიმუშს მივყვე. ბუნებრივია აქ პირადი არაფერია, მხოლოდ ავტორიტეტების მიერ შემოთავაზებული ცოდნა და გამოცდილება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვიბადები თუ არა, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად უკვე განსაზღვრულია რაღაც სტერეოტიპების მიერ, ვიღაც დიდმა, მოაზროვნე ადამიანებმა რაღაც გაიგეს და გააცნობიერეს, შესაბამისად დაგვიტოვეს საკუთარი გამოცდილება და მე უბრალოდ მათთან იდენტიფიკაციას ვახდენ. ცხადია ამას საერთო არაფერი აქვს ჩემს რეალურ, შინაგან განცდებთან. შესაძლოა მათ მართლაც ჰქონდათ ჭეშმარიტი განცდა და ცოდნა ამის, მაგრამ მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს, უბრალოდ იმიტატორი ვარ და რაც უფრო კარგად მივბაძავ მათ, მით მეტი სახელი და პატივი მექნება. მაშასადამე, ჩვენს ფიზიკურ არსებობას, არავითარი საერთო არა აქვს ნამდვილ, ჭეშმარიტ სიცოცხლესთან, რაც ნიშნავს კრეატიულობას, მუდმივ სიახლესა და ინტერესს. ამიტომ ამბობს სახარება “მსმენელნი გაცოცხლდებიანო”,  რადგანც შინაგანად, სულიერად მკვდრები ვართ და იმისათვის რომ გავცოცხლდეთ, აუცილებელია ნამდვილი, ცოცხალი განცდებითა და პირადი გამოცდილებებით ცხოვრება.  გონება უნდა გავათავისუფლოთ ყოველგვარი სტერეოტიპების, ნიმუშებისა და იდეალებისგან და დავიწყოთ საკუთარი თავის კვლევა-ძიება, რათა გავაცნობიეროთ საკუთარი არსებობა და წერტილი დავუსვათ ამ ქაოსს, რაც ჩვენში არსებობს და რისი ანარეკლიცაა ემპირიული სამყარო. მ. მამარდაშვილი ამბობდა “არსებული ცოდნა, ყველაზე ხშირად უკვე სტერეოტიპია და ჩვენს ცოცხალ აზრს, ცოცხალ გრძნობებს მოკლებულია, ეს არის დაავადება, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.”
ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, როდესაც არ იცის ვინ არის სინამდვილეში, რა უნდა, საიდან მოდის და საით მიდის.  ეს არის შინაგანი ადამიანის პრობლემა, ანუ როგორც ფილოსოფოსი ამბობს “ სახარებისეული ადამიანის, არა ეკლესიური- არამედ სახარებისეული, შინაგანი ადამიანის პრობლემა, ადამიანის, რომელსაც თავის სამყაროში ტექსტებიდან კი არ შეაქვს რაღაც კანონები, ნორმები, წესები, არამედ თვითონ შობს მათ, გამოცდილს საკუთარი არავერბალური ძირით.” ეს არის საკუთარი ძალისხმევის, დიდი შრომისა და მუდმივი თვითდაკვირვების შედეგად მიღებული ცოდნა იმის, რისი ცოდნაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია.
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს სამოქალაქო საზოგადოება თავისით საიდანღაც ვერ ჩამოფრინდება.  ყველა ადამიანში უნდა მოხდეს თვითშეგნების ამაღლება, არა ამ სიტყვის ყალბი და გაცვეთილი მნიშვნელობით, ყველა ჯურის იდეოლოგი რომ იყენებს, არამედ თითოეულმა ადამიანმა, თავად უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი და ფუნქცია თავის ქვეყანაში, უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო რაღაც აბსტრაქტული ცნება არ არის, ის ადამიანთა ერთობლიობაა და ორიენტაციაც მათზე უნდა გაკეთდეს. ქვეყანა არა ქვეყნისათვის, მთელი თავისი ემბლემებით, სიმბოლოებით, ლეგენდებითა და მითებით, არამედ ქვეყანა_ადამიანებისათვის, არა წარსულსა და მომავალში, არამედ დღეს, ახლა, ეს მოითხოვს, დამოუკიდებლად მოაზროვნე, თვითმყოფად ინდივიდს, ვინც თავად ჰქმნის თავის აწმყოსა და მომავალს, როგორც საკუთარი თავისა და  ქვეყნის ბატონ-პატრონი. სხვანაირად ვერასოდეს გამოვალთ ამ მოჯადოებული წრიდან და კვლავ ილუზიით გავაგრძელებთ ცხოვრებას, იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მესია დაიბადება, რომელიც გააბრწყინებს ქვეყანას. ჩვენ თავად გვეზარება, ან ვფიქრობთ რომ არ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების მართვა და ამიტომაც გვსურს, ვინმე, ერთმა უნივერსალურმა ადამიანმა იკისროს მთელი პასუხისმგებლობა, კეთილი ინებოს და გამოგვიყვანოს ამ წყვდიადიდან. სხვა რით შეიძლება აიხსნას მუდმივი ბელადებისა და წინამძღოლების მოლოდინი. მართალია ბევრს ვსაუბრობთ ჭკვიანი სახეებით, მაგრამ რეალურად შემოქმედების უნარი დავკარგეთ, რაღაც რეგრესი განვიცადეთ როგორც ერმა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას გადავეჩვიეთ, წიგნებსა და არქივებში ვეძებთ გამოსავალს, მუდმივად უკან, სადღაც წარსულში ვიხედებით, იქნებ რაიმე ახალი აღმოვაჩინოთ, მზა რეცეპტი ცხოვრების მოწყობისა.
თითოეულმა უნდა შევძლოთ საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა და შევიგრძნოთ საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები და ზოგადად სიცოცხლე. უშუალოდ საკუთარი გამოცდილებიდან ვისწავლოთ, მოძრაობაში მოვიყვანოთ მოდუნებული და მექანიკური გონება, მოვიკრიბოთ სითამამე და გავხდეთ ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანები, ვინც თვითონ ჰქმნის, საკუთარი რისკის ფასად სწავლობს, იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომ ახორციელებს, სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ცხოვრებას.  ჩვენ გვჭირდება რაღაც რენესანსის მსგავსი, აღორძინება, ხელახლა დაბადება. ჩვენი ინერტული და გაქვავებული ყოფა ყველაფერში იგრძნობა, უპირველეს ყოვლისა კი აზროვნებაში, (იქნება საერო თუ სასულიერო), ხელოვნებასა თუ მეცნიერებაში. ყველაფერი თითქოს ერთ ადგილას გაჩერებულა და წარსულიდან გამოყოლილი ინერციით  სუნთქავს. არავითარი სიახლე, არავითარი შემოქმედებითობა, მხოლოდ ძველი და გაცვეთილი. სამოქალაქო საზოგადოებად ქცევა ნიშნავს შევიგრძნოთ ერთმანეთი როგორც ერთი ორგანიზმი, ერთი მთლიანობა, ერთი სისრულე, სადაც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ყოველი ადამიანის სოციალური ყოფა,  სადაც სამართლიანობისა და თავისუფლების პრინციპები  ყველასათვის ერთია, არსებობს დიალოგი ადამიანებს შორის, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ანუ მოაზროვნე და პროდუქტიული მოქალაქეების ერთობლიობა,  რომელნიც მკაფიოდ აცნობიერებენ საკუთარ როლსა და ფუნქციას. ბევრს ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, თავისუფალ მედიასა თუ სასამართლოზე, მაგრამ თავისუფლება ჯერ შინაგანად, ადამიანის ცნობიერებაში უნდა მომწიფდეს და გაცნობიერებულ იქნას. მარტო გარეგნული თავისუფლება ყალბია და პროგრესს ვერ მოიტანს. თავისუფალი მედია ნიშნავს უპირველესად აზროვნების თავისუფლებას, სადაც სუბიექტური ღირებულებები უკანა პლანზეა გადატანილი და წინ შედარებით ობიექტურია წამოწეული, (შედარებით იმიტომ, რომ აბსოლუტური ობიექტურობა ზოგადად ადამიანისთვის მიუღწეველია) ის რაც რეალურია და არა პროპაგანდისტული. ეს ურთულესი პრობლემაა აზროვნებისთვის, მით უმეტეს იმ ხალხისთვის, ვისაც ამის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია. ჩვენ ისევ საბჭოური, ტოტალიტარული აზროვნება გვაქვს, არ არის ადვილი იმისგან გათავისუფლება, რაც 70 წელი იბეჭდებოდა ცნობიერებაში, უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანით, რომლის საფუძველიც რა თქმა უნდა შიში და ძალადობა იყო. აუცილებელია ცნობიერების სრული გარდაქმნა, არა იძულებით ან ახალი ტიპის იდეოლოგიით, არამედ სიღრმისეული ფიქრითა და აზროვნებით, საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებით. D
დამოუკიდებელი რომ გახდე, ჯერ უნდა გაიაზრო რას ნიშნავს დამოუკიდებლად ყოფნა, მენტალურად, ცნობიერად უნდა იყო დამოუკიდებელი, რათა მორიგი ყალბი იდეის ან იდეოლოგიის მსხვერპლი არ გახდე, ხოლო გარეგნულად, ნებაყოფლობით უნდა დაექვემდებარო იმ კანონსა თუ კონსტიტუციას, რაც ნორმალური სახელმწიფოს სამართლიანი მართვის საფუძველია.  ამას უნდა აცნობიერებდეს ყველა, დაწყებული უმაღლესი ხელისუფალიდან, საზოგადოების ყველა დონეზე. მხოლოდ ასე შეიძლება ჩამოვყალიბდეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, ლიბერალური ფასეულობების ქვეყნად, რომელიც ორიენტირი იქნება თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე და რომლის მიმართულების განმსაზღვრელიც სწორედ ეს მოქალაქე-ინდივიდი, მოაზროვნე და პროდუქტიული ადამიანი იქნება.
შეკითხვა, ადამიანის ცხოვრების მიზანზე, წერდა ზიგმუნდ ფროიდი თავის  წიგნში ”ცივილიზაცია და უკმაყოფილება” უხსოვარი დროიდან  ჩნდება, მაგრამ ვერასოდეს მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი. ვფიქრობ მ. მამარდაშვილის მოსაზრება, როდესაც თქვა “მთელი ისტორია, ეს არის ადამიანად ქცევის ისტორია”, ერთგვარი გამოძახილია ამ თემის, კაცობრიობის განვითარების გზას თუ გადავხედავთ, არქაული პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ცნობიერად თუ არაცნობიერად, სწორედ ამას ცდილობს ადამიანი. ადამიანად ყოფნა_ ნიშნავს ცხოვრობდე როგორც ერთი მთლიანობა, ფსიქოლოგიურად დაუნაწევრებელი და დაუშლელი, სადაც ფსიქიკური არსია წარმმართველი ძალა და შესაბამისად ვიტალური,(გრძნობითი) მენტალური და ფიზიკური სფეროები მთლიანად მის დაქვემდებარებაშია, ანუ არსებობს ნებელობა, მტკიცე და ძლიერი სულიერი წყობა ადამიანის, რომელიც თანხმიერია საკუთარ სხეულთან და ეს ჰარმონია მიღწეულია არა იძულებით, აკრძალვებითა და დისციპლინით, არამედ საკუთარი არასრულფასოვნების სრული გაცნობიერებით, საკუთარი თავის სიღრმისეული და საფუძვლიანი შეცნობით, როგორც ზ.ფროიდი ამბობდა “..როცა მაკონტროლებელი ელემენტი არის-უმაღლესი ფსიქიკური ძალა, რომელმაც დაუმორჩილა თავისი თავი რეალურ პრინციპებს.” უნდა შევწყვიტოთ მექანიკური არსებობა, ზედაპირული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, რადგანაც თავად ცხოვრება არ არის ზედაპირული, ის მოითხოვს ცხოვრებას სრულად, მთლიანად, უკიდურესად სერიოზულად.
“სანამ ასე ზედაპირულად ვცხოვრობთ, წერდა  ჯიდუ კრიშნამურტი, სანამ ვცხოვრობთ გონების ფარგლებში, მუდამ იქნება სირთულეები და პრობლემები. გონება არის შედეგი მოგროვილი შეგრძნებებისა და რეაქციების და რასაც შეეხება, აუცილებლად გარდაქმნის პრობლემად, არეულობად და უბედურებად. სწორედ გონებაა რეალური მიზეზი ჩვენი პრობლემების, მექანიკური და ზედაპირული გონება” .
ზედაპირული აზროვნება უპირველეს ყოვლისა ნიშნავს სხვაზე დამოკიდებულებას. ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას რაღაც იდეალებზე, ავტორიტეტებზე, ჩვენს მიერ დაპროექტებულ და შექმნილ ფასეულობებზე, გამოცდილებაზე (ოღონს არა საკუთარი), რელიგიაზე, პოლიტიკაზე და ა.შ. ანუ როდესაც ვუერთდებით რელიგიურ მიმდინარეობას ან შევდივარ პოლიტიკურ პარტიაში, ბუნებრივია აქ მთავარი მიზანია მოვიპოვო მეტი უსაფრთხოება, კომფორტი, სიმშვიდე, ძალაუფლება და ა.შ. გაერთიანება ამა თუ იმ მიმდინარეობასთან ავტომატურად ნიშნავს გავიზიაროთ, მივიღოთ და გონებაში ღრმად ჩავიბეჭდოთ მათი იდეოლოგია, ანუ მთავარი პრინციპები, რაზეც აგებულია ეს ერთობა, შესაძლოა ეს ძალზედ კეთილშობილური და ზნეობრივიც იყოს, მაგრამ რა ხდება ამ დროს  ჩემს გონებაში? ბუნებრივია მე ვხდები ვიღაც სხვა, ვიწყებ აზროვნებას გამომდინარე ამ იდეებიდან, ვიქმნი განწყობას და ასე ვიწყებ ურთიერთობას დანარჩენ სამყაროსთან, ვახდენ იდენტიფიკაციას რაღაც დიადთან და შესაბამისად ვშორდები იმას რაც ვარ, აღარ მჭირდება დაკვირვება საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებზე, რადგან არსებობდნენ ადამიანები ვინც ჩემზე კარგად გაიგო და გააცნობიერა უზენაესი ღირებულებები და  ჩემთვის მთავარია ზედმიწევნით ზუსტად შევასრულო ყველაფერი, საკმარისია რაიმე პრობლემა წარმოიშვას, რომ მომენტალურად გადავშლი რაიმე ავტორიტეტულ წიგნს ან მივმართავ ვინმე პიროვნებას და ის მომეხმარება ამის გადაწყვეტაში. ასეთი ტიპის ილუზიური აზროვნება ყველაზე მეტად რელიგიურ ადამიანებში იგრძნობა. დააკვირდით ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მიმდევრებს და გაგაოგნებთ მათი მსგავსება, არავითარი ძიება, არავითარი ინტერესი, არამედ სრული მორჩილება რაღაც კანონების, ხშირად სრულიად გაუაზრებლად, სადაც სიღრმე დანახული კი არა, თვალმოკრულიც არ არის. რთულია მათთან კომუნიკაცია, დაპროგრამებული მანქანებივით საუბრობენ, არ გისმენენ, არ ეჭვდებიან, არ აზროვნებენ, სადაც კი საპირისპირო აზრი ჩნდება ყველგან ეშმაკს ხედავენ.. ასე ყალიბდება რელიგიური ფანატიზმი, რაც არანაკლებ საშიშია ვიდრე ტერორიზმი. ადამიანი მთლიანად დეგრადირდება ფსიქიკურად, სული ცარიელდება, ივსება გაურკვეველი სიმძიმით, მელანქოლიით, ნიჰილიზმით. ღმერთის სახელს ამოფარებულ ადამიანს სძულს ყველაფერი რაც ცოცხალია, გრძნობებითა და ემოციებით აღსავსეა, ყველაფერი რაც მოძრაობს, მოქმედებს, სიხარული სადღაც ქრება და ადგილს იკავებს გულქვაობას ამოფარებული მოჩვენებითი სიმშვიდე.
ეს უაღრესად სერიოზული პრობლემაა, დაპირისპირება და ძალადობა რელიგიის ნიადაგზე არანაკლებია, ვიდრე პოლიტიკურ და ეკონომიკური მიზნებისთვის. ადამიანი ხდება ბრმა იარაღი, ვიღაც შარლატანების ხელში და სულ აღარ ახსოვს რა იყო თავდაპირველი მიზანი მისი რელიგიურობისა, ანუ არსი რელიგიის რაც მდგომარეობს ადამიანის სულიერ ამაღლებასა და როგორც ფილოსოფოსი ამბობს, ადამიანად გახდომაში- სრულად იკარგება. ნიშანდობლივი ერთი რამაა, სადაც გონება დამოუკიდებლად არ ვითარდება, არ ეძებს, არ ეჭვდება, არ ქმნის, არ აკვირდება, იქ ყველაზე დიადი სათნოებაც კი შეიძლება უდიდეს ბოროტებად გადაიქცეს და მაღლა მიმავალი სული უფსკრულში ჩაეშვას. “როდესაც შინაგანი წყაროები, აზრის შესაძლებლობები დანგრეულია, წერდა მ. მამარდაშვილი, თვით აზრიც ინგრევა, ვინაიდან არსებობს კანონი: ადამიანი მთლიანად საკუთარ არსებაში როდია, ჩვენ საკუთარ თავთან შორიდან მოვდივართ, ძალიან შორიდან. ამ ხნისა და სივრცის მანძილზე, სანამ საკუთარ თავთან მივდივართ, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს- შეიძლება საკუთარ თავს ვერც მივაღწიოთ, იმ სიჩქარის მიხედვით, რომლითაც ვმოძრაობთ.”
უნდა გავიდეთ გონების შეზღუდული სივრციდან და გავაცნობიეროთ, რომ რახან ვარსებობთ, რახან ვაზროვნებთ _ ეს უკვე  ნიშნავს, რომ შეგვიძლია თავად შევქმნათ საკუთარი ცხოვრება, გნებავთ ბედი, ისე, რომ წარუმატებლობის, დეპრესიის, სენტიმეტალიზმისა და ნიჰილიზმის ადგილი აღარ დარჩეს. ამის მიღწევა მოცემული, შეზღუდული გონებით შეუძლებელია, ამას სჭირდება შინაგანი  სიღრმეების გაცნობიერება და იქ დაფარული უზარმაზარი ენერგიისა და შესაძლებლობების დანახვა, რაც თავისთავად მოიტანს ფუნდამენტურ, რადიკალურ ცვლილებებს ცნობიერებაში და ავტომატურად აისახება გარეგნულ ქმედებებსა თუ ზოგადად ცხოვრებაზე. როგორც მ. მამარდაშვილი წერდა “ინდივიდუალური ჭეშმარიტება იმავდროულად უნივერსალურია იმიტომ, რომ, თუკი ადამიანები აზროვნებენ, ისინი იმყოფებიან იმ აზრის ველში, რომელსაც აქვს თვითრეალიზაციის ძალა.” ეს სწორედ ის იდუმალი და მისტიკური ძალაა, რასაც ასე მოელის ადამიანი ზეციდან თუ კოსმოსიდან და სინამდვილეში მისივე სულის ნაწილია, მის სიღრმეებში, ანუ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ფსიქიკის არაცნობიერ ნაწილში არსებობს და მანამ დარჩება ასე, ვიდრე პიროვნება თავად არ გააცნობიერებს მას.
როგორი დატვირთული და ნაყოფიერიც არ უნდა ჩანდეს ადამიანის გარეგნული ცხოვრება, არსებული, შეზღუდული გონების წყალობით აუცილებლად დაუდგება სიცარიელისა და ნიჰილიზმის მომენტი და ისიც მუდამ შეეცდება მისგან გაქცევას. ასეთია მექანიკური და ლიმიტირებული გონების სტრუქტურა, მას დასაწყისი აქვს და შესაბამისად დასასრულიც ექნება. უიმედობა, სიცარიელე, შფოთი, ქაოსი, განცდა უიღბლობისა და დაუცველობის, მისი თანამდევია და კარგად წარმოაჩენს ჩვენს უუნარობას, უუნარობას _ რომ ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის შეცნობას, შინაგანში ჩაღრმავებასა და საკუთარი, ბუნებრივი განვითარების გზის პოვნას. ადამიანის შინაგანი, რეალური შესაძლებლობების მექანიზმი თუ არ ამუშავდა, ავტომატურად შეიქმნება სხვა, გარეგნული, ილუზიური, რაც მხოლოდ ანარეკლია სინამდვილის. სულერთია რსა დავარქმევთ მას, ბედისწერას, იღბალს, მხსნელს, მესიას თუ სხვა რამეს. მთავარია რომ ვიქნებით (და სამწუხაროდ ვართ კიდეც) მუდმივ მოლოდინში რაღაც მისტიკური, ყოვლისშემძლე ძალის, რომელიც ჩვენს დრამას დაასრულებს.
ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროდ და ვირწმუნოთ საკუთარი ძალა და შესაძლებლობები, მაგრამ ეს უნდა იყოს რწმენა აბსოლუტური, ყოველგვარი შიშისა და ეჭვის გარეშე, სრული შეცნობა და  განცდა  საკუთარი თავის. თავად უნდა აღმოვაცენოთ საკუთარ თავში სრული, მთლიანი ადამიანი, რომელიც თვითონ ჰქმნის საკუთარ ცხოვრებას, არ არის დამოკიდებული გარემოებებზე, ანუ შინაგანად თავისუფალია ყოველგვარი შემაწუხებელი, აბეზარი სურვილებისა თუ ამბიციებისგან. იყო თავისუფალი- ნიშნავს ფლობდე, ანუ თავად აკონტროლებდე საკუთარი აზროვნების მექანიზმს, სურვილი ან რაიმე ვნება კი არ გმართავდეს, არამედ თვითონ მართავდე მათ და შესაბამისად საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენდე. ეს არის ადამიანი_აღსავსე სიცოცხლის უნარით, ენერგიით, ადამიანი-შემოქმედი, რომელსაც უყვარს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რადგანაც მხოლოდ თავისუფალ, შემოქმედებით არსებას შესწევს სიყვარულის უნარი. ასეთი ადამიანისთვის ბედნიერება ბუნებრივი განცდაა, (საერთოდაც ბედნიერება ადამიანის ბუნებრივი მდგომა-რეობაა, მაგრამ ეგოისტური სურვილებისა და ამბიციების სამყაროში ჩაძირულ ადამიანს ამის განცდა დაკარგული აქვს) ამისათვის მიზეზები არ სჭირდება, ბედნიერია იმიტომ რომ არსებობს, თავისუფალია, უყვარს და ჰქმნის. ეს ბედნიერება ისევე როგორც ჭეშმარიტება მუდმივად აწმყოშია, მოცემულ მომენტში რომელშიც იმყოფები და ეს წამი ამავე დროს მარადიულობაა.
რა არის ამჟამად ჩვენი ცხოვრება, რისგან შედგება იგი. ეს არის მუდმივი გამოწვევები და შესაბამისად მათზე პასუხები, რეაქცია –ანუ მიზეზი და შედეგი. მთელი არსი ჩვენი ცხოვრების ამაში მდგომარეობს. როგორია ეს გამოწვევები და მათზე  ჩვენი რეაქცია? ცხოვრება მუდმივად ცვალებადია, მუდმივად განახლებადი, აქედან გამომდინარე გამოწვევები მუდამ ახალია, მაგრამ როგორია ჩვენი მიახლოება მათთან, ჩვენი დამოკიდებულება და პასუხები ამ სიახლეზე, რა თქმა უნდა არა-ახალი, ანუ ძველი, გაცვეთილი, მრავალჯერ განმეორებადი. საკითხი უფრო კომპლექსურად რომ განვიხილოდ, გავიაზროთ რა არის ჩვენი გონება. იგი არის საწყობი მოგროვილი ფაქტების, განცდებისა და მოვლენების, ანუ მეხსიერება,  რომელიც მთლიანად აღვსილია უკვე მომხდარი ფაქტებით და შესაბამისად წარსულიდან მომდინარეობს, მასში წარმოქმნილი ფიქრები და აზრები ბუნებრივია ასევე წარსულიდან მოდის და ძველია. ასეთი ფიქრებით ჩვენ ვიღებთ და ვრეაგირებთ ყოველდღიურ, ახალ გამოწვევებზე. მაგალითად ოდესღაც ვიღაცამ ტკივილი მომაყენა და ნებისმიერ დროს, როდესაც ვფიქრობ ამ კონკრეტულ ადამიანზე, ნეგატიური გრძნობებით ვივსები,სულ ერთია იგი შეიცვალა თუ არა, მთავარია რომ ჩემი დამოკიდებულება უცვლელია. შესაძლოა მრავალი ფაქტი მივიწყებულიც კი იყოს და ცნობიერებაში  აღარ არსებობდეს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ გონებაში არაფერი იკარგება, რაც ერთხელ, თუნდაც წამიერად აღბეჭდილა მასში, არაცნობიერ ფსიქიკაში გადადის და ფარულად განაგრძობს არსებობას.   დიმიტრი უზნაძემ შესანიშნავად ახსნა ეს პროცესი თავის “განწყობის თეორიაში”. იგი წერდა “თუ ვცანით, რომ ფსიქოლოგიურად ჩვენი ქცევის საფუძველი საერთოდ ყოველთვის რომელიმე გარკვეული განწყობაა; თუ, მაშასადამე, მივიღეთ, რომ იგი ფაქტიურად ყოველთვის წინ უსწრებს ჩვენი ქცევის აქტებს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ცნობიერი ფსიქიკური აქტების კავშირი სინამდვილესთან უშუალო ხასიათის არაა,  რომ ეს კავშირი განწყობის ფაქტორის მონაწილეობითაა გაშუალებული. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვცნოთ, რომ სუბიექტის სინამდვილესთან ურთიერთობის შემთხვევაში, პირველ რიგში, მისი განწყობა აქტუალიზირდება შესაფერისი მიმართულებით, და მთელი მისი ქცევა, ცნობიერების შინაარსებითურთ, სწორედ ამ განწყობის საფუძველზე ჩნდება და ვითარდება.”
მაშასადამე ჩვენი აღქმა ყოველდღიური რეალობის, მომდინარეობს არა ობიექტური სინამდვილიდან, ანუ ფაქტი დავინახო ისეთი როგორიც ის არის, არამედ ჩვენი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობით, რაც არაცნობიერი პროცესია და უშუალოდ იქიდან აქტიურდება. ეს აპროექტებს ჩვენს ფიქრებს და გვეჩვენება რომ რეალობის დანახვა შეგვიძლია.  აქედან მოდის დაუსრულებელი რუტინა, მოწყენილობა, ერთფეროვანი ცხოვრება, სადაც არც სიხარულია და არც ბედნიერება. მხოლოდ მაშინ, როდესაც მოვახერხებთ და გავთავისუფლდებით მახსოვრობის ნარჩენებისგან( ლაპარაკია არა ფაქტობრივ, არამედ ფსიქოლოგიურ მეხსიერებაზე) შევძლებთ ყოველი მოვლენა ისევე ახლებურად მივიღოთ, როგორიც ის თავადაა, რაც მოგვცემს საშუალებას, განვიცადოთ მუდმივ განახლებადი სამყაროს მშვენიერება, სადაც არც ერთი მოვლენა ერთმანეთს არ ჰგავს, სადაც ყველაფერი თავისებურად უნიკალური და განუმეორებელია.
უწყვეტი დაკვირვება გონებაში წარმოქმნილ ყოველ ფიქრზე, ყოველგვარი წინასწარი განწყობისა თუ მოლოდინის გარეშე, სადაც არ იქნება არავითარი უკუგდება და თვალის არიდება, არც ერთ წვრილმან მოვლენაზეც კი, მიუხედავად იმისა სასიამოვნოა ის თუ არა, შესაძლებლობას მოგვცემს ეს ფიქრი დასრულებული სახით დავინახოთ (რაც ნიშნავს, მივყვეთ ფიქრს ბოლომდე და დავაკვირდეთ, არ განვდევნოთ, რათა ისევ არაცნობიერში არ გადავიდეს და ისედაც დამძიმებული ფსიქიკას, ტვირთად არ დააწვეს) ყოველი ასეთი დასრულებული ფიქრი, თავის თავს თვითონ ამოწურავს და გაუჩინარდება. თვითდაკვირვების პროცესი თუ სწორად მიმდინარეობს, ხდება დანახვა და გაცნობიერება უამრავი ნაკლის, გნებავთ სისუსტის ან არასრულფასოვნების. მისი სიღრმისეული გააზრება და გაცნობიერება უკვე პროგრესის დასაწყისია, რადგან თუ პიროვნების ფსიქოლოგიურ გამთლიანებაზე ვსაუბრობთ, ჯერ არსებული, შინაგანი დაპირისპირება და ურთიერთწინააღმდეგობა  ნათლად უნდა დავინახოთ. “დაპირისპირებულობის განცდის გარეშე, წერდა კ.გ. იუნგი, არც მთლიანობის განცდაა შესაძლებელი და არც წმინდა სურათ-ხატებთან სულიერი სიახლოვე, სწორედ ამ მიზეზის გამო ამახვილებს ყურადღებას ეკლესია ასე დაჟინებით პირველ ცოდვასა და ადამიანის ცოდვილ ბუნებაზე, რათა თითოეულ ინდივიდში დაპირისპირებულობის უფსკრული წარმოაჩინოს”
ბავშვური გულუბრყვილობით თუ არ შევხედავთ ბიბლიურ სიუჟეტებს და მას სიღრმისეულად გავიაზრებთ, რაც ნიშნავს, მთელი ბიბლია და ზოგადად უკვე ცალკეული ეპიზოდები  ცნობიერების  საკუთრებად და მისი განვითარების გარკვეულ ეტაპებად მოვიაზროთ, დავინახავთ, რომ ადამიანის ფსიქიკაში  მიმდინარე რღვევის პროცესებზე, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან კეთდებოდა მინიშნება. ძველი აღთქმის ყველა დიდი პატრიარქი ცდილობდა  გონებაშეზღუდული  ადამიანისთვის, როგორმე თვალი აეხილა და საკუთარ სულში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი დაენახებინა. სამოთხისა და ჯოჯოხეთის დრამა სწორედ ამის სიმბოლოა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, იესო ქრისტეს დაბადებამდე მცხოვრები ყველა დიდი სულიერი მოღვაწე, გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად  მათი სიწმინდისა, ჯოჯოხეთში ხვდებოდა, ვიდრე არ დაიბადებოდა მესია, მაცხოვარი, რომელიც თავის თავზე აიღებდა პირველ ცოდვას და საკუთარი სისხლის ფასად არ გამოისყიდიდა მას. სიტყვები, რაც ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე მაცხოვარმა თავის მოწაფეებს უთხრა “გამაგრდით, მე ვძლიე წუთისოფელს”(იოანე. თ16) სწორედაც საკუთარი თავის, ანუ ადამიანში არსებული არასრულფასოვნების ძლევას ნიშნავს. ამიტომაა იგი მესია, მხსნელი, მან პირველმა აღმოაცენა საკუთარ სულში სრულქმნილი, ერთიანი, მთლიანი ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის ძლევით, წუთისოფელსაც სძლია და ჯოჯოხეთის (არაცნობიერ შინაარსში არსებული იდუმალი უფსკრულები) კარიც შემუსრა. “ფსიქოლოგიისთვის, წერდა იუნგი, “ქრისტეს სიმბოლო” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ბუდას სახე-ხატთან ერთად, თვითობის ყველაზე მაღალგანვითარებულ და დიფერენცირებულ სიმბოლოს წარმოადგენს.”   იუნგმა, ფსიქოლოგიური სახელი თვითობა (self) უწოდა არქეტიპს, რომელიც ადამიანის მთლიანობის არსს გადმოსცემს.
სიკეთისა და ბოროტების, გნებავთ სამოთხისა და ჯოჯოხეთის დრამა ადამიანის სულის სიღრმეებში მიმდინარეობს და მას რაღაც საყოველთაო დასასრული არასოდეს ექნება, უბრალოდ ვერ ექნება, რადგანაც ეს არის მუდმივი გახდომის პროცესი და თითოეულ ინდივიდში მაშინ დასრულდება, როცა იგი საკუთარ თავს შეიცნობს, საკუთარ არასრულფასოვნებას გააცნობიერებს, გაიაზრებს და საბოლოოდ სრულ, მთლიან ადამიანს აღმოაცენებს, რაც ურთულესი პროცესია და უდიდეს ნებელობას მოითხოვს.
სიკეთესა და ბოროტებას შორის, იგივე სინათლესა და სიბნელეს შორის გამოყოფილი უფსკრული არ არის გადაულახავი, მას უბრალოდ სიღრმისეული გააზრება და მუდმივი თვითდაკვირვება სჭირდება. სიბნელე პირობითი ცნებაა და ის მანამდე რჩება სიბნელედ, სანამ ნათელი არ მოეფინება, არ განათდება. ეს წმინდად ცნობიერების პრობლემაა და არა კოსმოსიდან თუ ქვესკნელიდან ამოსული და თავსმოხვეული გარეგანი ძალა. მარტივია მოიხსნა პასუხისმგებლობა და ყველაფერი დემონებსა თუ ბოროტ სულებს გადააბრალო, როგორც ამას ზოგიერთი მორწმუნე  აკეთებს, რაღაც პასიურ, ინერტულ მდგომარეობაში მყოფნი, მხოლოდ ღმერთის წყალობის იმედად, ლოცვითა და მარხვით ელოდებიან, როგორ დასრულდება სადღაც ზეცაში მისტიკური ომი, მფარველ ანგელოზსა და ბოროტ სულს შორის, რათა საბოლოოდ რაღაც ადგილი დაიმკვიდრონ. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრებისადმი, რბილად რომ ვთქვათ ღრმად არასერიოზულია და შედეგს არ მოიტანს. ის, ვინც თავის თავს რელიგიურად არ მიიჩნევს და ეშმაკებისა და მსგავსი მითოლოგიური არსებების არ სჯერა, თავი სრულიად დაცული ჰგონია ილუზიებისგან, მიაჩნია, რომ რაციონალურად აზროვნებს და ობიექტურ სინამდვილესთან მიახლოება შეუძლია, თუმცა მათი იდენტიფიკაციები რაღაც აბსურდულ იდეებთან და იდეოლოგიებთან არანაკლებ საშიშია, ვიდრე ფანატოკოსის დაუსრულებელი ბოდვა ეშმაკებზე, ჯადოებზე და ბოროტ სულებზე.  იუნგი წერდა “ჩვენი უბედურება, როგორც ჩანს, ატარებს ბევრად უფრო ფსიქოლოგიურ ხასიათს. ჩვენი დამღუპველია იდეოლოგიები, სწორედ ისინია კარგა ხნით ნალოდინევი ანტიქრისტე”.
ამ იდეების წყალობით, ვამართლებთ უამრავ ძალადობას მთელს მსოფლიოში და მიგვაჩნია, რომ მკვლელობა არის საშუალება, რაღაც დიადი მიზნის მისაღწევად, რაც თავისთავად სიყალბეა და არაფერს კარგს არ მოიტანს, ერთი ძალადობა ყოველთვის შობს მეორეს და ასე დაუსრულებლად გრძელდება ეს დრამა დედამიწაზე, ხოლო ეს დიადი მიზანი რატომღაც არსად ჩანს.
არსებობს რაღაც იდუმალი, რაც ადამიანმა მარტოობასა და სიჩუმეში უნდა განიცადოს. ეს არის წუთები, როდესაც ადამიანი საკუთარ არსებობას შეიგრძნობს, სადღაც, სულის სიღრმეებისკენ ტრიალდება და მატერიალური სამყაროს წყვდიადში ჩაძირული სული, თავის თავს თითქოს ხელახლა პოულობს. თავს აღწევს ეგოცენტრულ ცნობიერებას, რომელიც საკუთარი არსებობის გარდა, არაფერს ცნობს და ამიტომაც განწირულია თავისი ამპარტავნებისა და სიჯიუტის გამო. სულიერი რეგენერაცია მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებში იწყება და ისიც მაშინ, როდესაც ხდება საკუთარი არცოდნისა და არასრულფასოვნების გაცნობიერება, ალბათ ასეთი იდუმალი რამ განიცადა დიდმა სოკრატემ როდესაც თავისი უკვდავი ფრაზა წარმოსთქვა. (მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი) შეუძლებელია კოლექტიური ამაღლება და გარდაქმნა ადამიანების, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს იდეოლოგია ან რელიგიური სწავლება, ვერავითარი საყოველთაო მორალი ვერ აიძულებს ადამიანს შეიცვალოს, თუ არ მოხდა შინაგანი, ინდივიდუალური გამოცდილებით პოვნა და განცდა იმ რაღაც დიადის, რაზეც მსოფლიო რელიგიები ქადაგებენ, ბრბო კვლავ ბრბოდ დარჩება და მის თავდაჯერებულობასთან ერთად კატასტროფაც გარდაუვალი იქნება.
უმჯობესია აჯობო საკუთარ თავს,  ვიდრე სამყაროს- ამბობდა დეკარტი, თუმცა არსებითი განსხვავება აქ ალბათ არც არის, რადგანაც ადამიანია თავად სამყარო, მაგრამ ეს პროცესი საკუთარი თავის, საკუთარი შინაგანი სამყაროს გააზრებითა და გაცნობიერებით უნდა დაიწყოს. გარეგნულ ცვლილებებს, მხოლოდ შინაგანი  ტრანსფორმაციის შედეგად მივიღებთ, მთავარია ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია, გავთავისუფლდეთ არასრულფასოვნების კომპლექსისგან და რაღაც გაურკვეველი შიშებისგან, რაც ყველა ბოროტების სათავეა.
უმოქმედობა რეგრესის წინაპირობაა, რადგანაც ადამიანი ერთ წერტილში, უძრავად ვერ გაჩერდება, იგი ან წინ მიდის ან უკან და მაშინაც კი, როდესაც ჰგონია რომ არაფერს ირჩევს, მაინც არჩევანს აკეთებს სიკეთის ან ბოროტების სასარგებლოდ. ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ სახეს და თუ მან ცხოვრებაში ვერაფერი გააკეთა, ვერც თავის თავს არგო და ვერც სხვას, ( ეს  ერთიდაიგივეა, რადგანაც ის ვინც სხვას ეხმარება, ამით საკუთარ თავს ეხმარება) ეს მის უუნარობასა და სისუსტეზე მეტყველებს და არა უიღბლობასა და სასტიკ ბედისწერაზე. როგორც ეგსისტენციალისტები ამბობენ – ადამიანი განისაზღვრება თავისი საქმეების მიხედვით-,  სარტრი წერდა “მშიშარას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, მეტად აღარ იყოს მშიშარა, გმირს კი აღარ იყოს გმირი. აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ მთელი გადაწყვეტილება და არა კერძო შემთხვევები.”
მთავარია ნათლად გავიაზროთ ერთი რამ, რასაც არ უნდა ვირჩევდეთ, მთლიანად ვატარებთ პასუხისმგებლობას ამ არჩევანზე და ზოგადად ჩვენს ცხოვრებაზე. იცხოვრო – ნიშნავს იპოვო შენი ბუნებრივი განვითარების გზა და საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია მოახდინო. სხვა შემთხვევაში ეს იქნება იმიტაცია ცხოვრების, ჩვენი იდენტიფიკაციები სხვადასხვა იდეებთან თუ იდეოლოგიებთან, სწორედაც ცხოვრების იმიტაციაა, ილუზია – რომ რაღაც მნიშვნელოვანი პერსონები ვართ და დიდს და ფასეულს ვქმნით.
სინამდვილეში სულ ცუდად ვართ, შინაგან სიცარიელეს განვიცდით, სულ სადღაც გავრბივართ, მთავარია მარტო არ დავრჩეთ ჩვენს გაშიშვლებულ და დაცარიელებულ სულთან, არ შევხედოთ საკუთარ უუნარობას, რაც  ჩვენი რეალური, ამჟამინდელი სახეა  “ რა სისულელეს არ სჩადის ადამიანი, რომ საკუთარ თავს გაექცეს, წერდა კ.გ.იუნგი, ხან ინდურ იოგას მისდევს მთელი გულმოდგინებით, ხან დიეტას იცავს, ზეპირად სწავლობს თეოსოფიას, მონოტონურად იმეორებს მაგიურ ტექსტებს- და ეს იმიტომ, რომ საკუთარ თავში ვერ გარკვეულა და არც იმის სჯერა, რომ საკუთარ სულშიც შეიძლება ნახოს რამე სასარგებლო”
საკუთარი რეალური სახის დანახვის შიში, თავისთავად შეზღუდულ ცნობიერებაზე მიანიშნებს, სადაც ჩამოყალიბებულია მთელი რიგი თეორიები და სტერეოტიპები იდეალური ადამიანის შესახებ, სავსეა ნაცნობი მოვლენებითა და შეხედულებებით, ანუ ჩვენი გონება განპირობებულია წინასწარ შექმნილი იდეებით, რაც თავისთავად არარეალურია, არაობიექტურია და სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. თავისთავად სინამდვილე ძალიან მარტივია, უბრალოდ არის ის, რაც არის და მორჩა.
ავიღოთ ასეთი მაგალითი, პირველად მივდივარ ქალაქ პარიზში, როგორია ჩემი განწყობა, ჩემი მოლოდინი, ეს ქალაქი შემთხვევით არ ვახსენე, იგი უამრავ ადამიანში ასოცირდება სიყვარულთან, მშვენიერებასთან, ოცნებებთან და ა.შ. როდესაც რეალურად ვეცნობი ამ ქალაქს, ვფიქრობ რომ აქ განსაკუთრებული არაფერია, ჩვეულებრივი, ევროპული ტიპის ლამაზი ქალაქია და ვბრუნდები უკან ცოტათი იმედგაცრუებული (ამდაგვარი აზრი ალბათ ხშირად მოგისმენიათ). რა თქმა უნდა, თავად ქალაქი არაფერ შუაშია, პარიზი პარიზია მთელი თავისი ისტორიით, არქიტექტურითა და  მუზეუმებით. ის ყველასთვის ერთია, პრობლემა აზროვნებაა, წინასწარ შექმნილი და ნალოლიავები ფიქრები და წარმოსახვები, რაც სამწუხაროდ მართმევს შესაძლებლობას, რეალურად დავინახო ეს მშვენიერი ქალაქი და დავტკბე მასში არსებული ღირსშესანიშნაობებით. თავად სრულყოფილებაც კი ვერ გაამართლებს ადამიანის სუბიექტურ მოლოდინს, რადგანაც წინასწარი განწყობა ქვეცნობიერად რაღაცის ნიმუშია, რაც უკვე წარსულში არსებობდა, რისი გამოცდილებაც უკვე არსებობს და ახლა მის გამეორებას ვესწრაფვით.  უცნაურია ასევე ზოგიერთი ქრისტიანის ისტერიული განცდა, აღდგომის ღამეს მაინცდამაინც იერუსალიმში შეხვდეს, თითქოს მაცხოვრის ჯვარცმის მისტერია გეოგრაფიული ადგილების საკუთრებაა და არა სულის განუყოფელი  ნაწილი.
სული დაცარიელდა, როდესაც ყველა იდუმალი თუ მისტიკური მოვლენის პროეცირება ემპირიულ სახე-ხატებში მოვახდინეთ, ის რაც სულის საკუთრება იყო, გარეთ გამოვიტანეთ და თაყვანისცემითა და რიტუალებით შევალამაზეთ. შევქმენით უამრავი რელიგია, სექტა თუ მიმდინარეობა, დაიწერა უამრავი წიგნები, ყველას თავისი დოქტრინა აქვს, თავისი წესები,  რიტუალები, საიდუმლოებები, ყოველი მათგანი საკუთარ ჭეშმარიტებას ამტკიცებს, გვთავაზობენ რაღაც გზებს გადარჩენის, ვისაც არ ეზარება, ყველა რაღაცას ქადაგებს, ხან სასუფევლის ნეტარებაზე გვიყვებიან, (თითქოს თავად განეცადოთ ეს) ხან კი ჯოჯოხეთის ცეცხლით გვაშინებენ, უმთავრესი კი, რაც ქრისტემ თქვა , და რაც ქვაკუთხედია ადამიანის არსებობის “ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ” (იოანე თ13)  კვლავ რჩება ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
ძალიან ცოტას თუ ესმის, რომ სულიერი გადარჩენა, ხსნა, აბსოლუტურად ცნობიერი პროცესია, შეუძლებელია ნეტარება  მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, ეს ადამიანმა აქვე, დედამიწაზე უნდა განიცადოს. თუ სული მუდმივად იტანჯება, დათრგუნულია და ვერ ახერხებს სიმშვიდისა და სიხარულის განცდას, როგორ უნდა დავიჯერო, რომ სხეულიდან გასვლის შემდგომ, მისი მდგომარეობა შეიცვლება, ეს თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. ამიტომაც, დღესვე, ამ წუთიდან უნდა დავიწყოთ გაცნობიერება საკუთარი რეალური სახის, არ უნდა გავექცეთ არანაირ არასრულფასოვნებას, უნდა გვესმოდეს, რომ, როგორც მთლიანი  კაცობრიობა, ასევე ადამიანის ცნობიერებაც , ინდივიდუალურად გადის განვითარების ყველა საფეხურს, უმდაბლესიდან უმაღლესამდე, რა საჭიროა ტრაგედიის შექმნა სხვადასხვა არასასიამოვნო მიდრეკილებების გამო, მთავარია ნათლად და გარკვევით გავაცნობიეროთ, რა ხდება ჩვენს ფსიქეში, რა პროცესები მიდის, რა გვიქმნის პრობლემებს, რას მოაქვს ტკივილი ან უიმედობა და რას სიმშვიდე და სიხარული. თუ თითოეული ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს გაცნობითა და გააზრებით იქნება დაინტერესებული, საეჭვოა, რომ სხვისი განსჯის სურვილი ოდესმე გაუჩნდეს. სანამ შეზღუდული ცნობიერების ფარგლებში ვმოქმედებთ და ვაზროვნებთ, ყველანი ერთნაირები ვართ, წარმოვადგენთ მასას და ზედმეტი ქედმაღლობა აქ უადგილოა. ჩვენ ისე ვართ დაჰიპნოზებული  იდეებით, სტერეოტოპებით, ტრადიციებითა და საზოგადოებრივი აზრით, რომ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი დაკარგული გვაქვს, მოვლენის ვერბალური აღქმით შემოვიფარგლებით, არადა ნამდვილი, ჭეშმარიტი არსი მხოლოდ სიტყვებს მიღმაა. მთელი ეს თეორიები, ადამიანის ზნეობრივი განვითარებისა და აღზრდის შესახებ, ძალზედ მცირედ ღირებულია, რადგანაც მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მუდამ კონფლიქტშია, ვიღაცას უპირისპირდება, თავის სიმართელს ამტკიცებს, დაძაბული და აგზნებული სიმშვიდეს ვერსად პოულობს, ცდილობს ტრანკვილიზატორებში, სასმელსა თუ ნარკოტიკში იპოვოს შვება. სხვა, ვინც ამ მხრივ თავის დაცვას ახერხებს, გაქცევას ეკლესიაში ცდილობს, ან უერთდება რომელიმე ფილოსოფიურ მიმდინარეობას, სულაც პოლიტიკურ პარტიას ქმნის და მიაჩნია, რომ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს პოლიტიკური მეთოდებით მოაგვარებს.
ასე ფიქრობდნენ ალბათ კომუნისტებიც, დედამიწაზე სამოთხის შექმნასა და ყველასათვის ბედნიერი ქვეყნის აშენებას რომ გვპირდებოდნენ.. სამწუხაროდ ყველა მცდელობამ, სრულყოფილი იდეებისა და თეორიების საფუძველზე, ადამიანური ტრაგედია დაესრულებინა, კრახი განიცადა და ასე იქნება მუდამ, სანამ ადამიანი არ შეიგნებს, რომ მისი ხსნისა და სულიერი აღორძინების გასაღები, მხოლოდ და მხოლოდ მის ხელშია. უნდა მოვახერხოთ და სიტყვებს მიღმა გავიდეთ, გავცდეთ მხოლოდ ვერბალურ მნიშვნელობას და საგნისა თუ მოვლენის არსს ჩავწვდეთ. ჭეშმარიტი არსი მხოლოდ სიტყვებისა და ტერმინების მიღმაა. არსებობს სიტყვები, რომლებიც რაღაც მდგომარეობას ან განცდას გამოხატავს. მაგალითად, წუხილი, ტანჯვა, შიში, შფოთი, სიყვარული, სიძულვილი და ა.შ. ყური იმდენად შეეჩვია მათ, რომ ინტერესით აღარც კი ვეკიდებით რა იმალება მათ მიღმა. წუხილი ან ტანჯვა, ასოცირდება ნეგატიურ განცდებთან, სიყვარული და სიხარული პოზიტიურთან, მაგრამ რას მოიცავს თითოეული მათგანი, რა არის მათი წარმოშობის ნამდვილი მიზეზი, რას გულისხმობს მწუხარება თავისთავად, რატომ წუხდება ადამიანი, რატომ ივსება ასეთი ნეგატიური შეგრძნებებით, ან რას ნიშნავს ცუდი ან შემაწუხებელი, ამის გარკვევა და გააზრებაა მნიშვნელოვანი და არა სიტყვები, რომლებიც რაღაც ზედაპირულ ასოციაციებს იწვევს და მეტი არაფერი. როდესაც ვამბობ რომ ვიტანჯები, რას ნიშნავს ეს,  რამ გამოიწვია ეს არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობა.  დავაკვირდეთ თავად განცდას, ჩავიდეთ მის სიღრმეში, რა არის მიზეზი, რის გამოც გუშინ კარგად ვიყავი და დღეს კი თავს უკიდურესად ცუდად ვგრძნობ. გარემო პირობები იწვევს ამ ცვალებადობას, თუ  გაუცნობიერებელი სურვილები და მისწრაფებები. ამის გააზრება არსებითად მნიშვნელოვანია, ის რაც ცვლილებას მოიტანს და გაგვათავისუფლებს არასასიამოვნო განცდებისგან, არის ყოველი კონკრეტული შეგრძნების დანახვა და გამოკვლევა თავიდან ბოლომდე, არა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური წიგნების კითხვა, არამედ სიღრმისეული დაკვირვება თითოეულ ნეგატიურ თუ პოზიტიურ განცდაზე.  ნებისმიერ ასეთ განცდას თავისი სათავე და წარმოშობოს მიზეზი გააჩნია,  ეს არის ჩვენი ეგო,  ანუ ცენტრი, საიდანაც ვმოქმედებთ, რომელიც აღძრავს უამრავ, სრულიად უაზრო და არაფრისმომცემ სურვილს, ნაკვებს ჩვენი ამბიციითა და თვითშეფასებით. რაც უკვე ცნობიერში აზრისა და ფიქრის სახით იჭრება, სწორედ მისი ღირსეული პირმშოა, ეგოცენტრული და ეგოიზმით აღსავსე „ეგო“-სი. იგი სათავეა დაუსრულებელი ტანჯვის,  მშობელი ილუზიისა და სიყალბის, ნამდვილი მტერი ადამიანის. ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი მენტალური არსის, მთელი შინაგანი სტრუქტურის შესწავლა და გამოკვლევა, რათა ასეთი დაუცველი და  სუსტი აღარ ვიყოთ გარეფაქტორების ცვალებადობის მიმართ.
შეუძლია კი ვინმემ გვითხრას, რა არის ჭეშმარიტება ან ღმერთი, თუ თავად არ აღმოვაჩინეთ იგი საკუთარ სულში. იმისათვის რომ გავიგოთ რა არის მარადიულობა ან უკვდავება, ჭეშმარიტი არსი და მნიშვნელობა ჩვენი არსებობის, რის გარეშეც ცხოვრება უბრალოდ ქაოსურ, უაზრო ტანჯვას ჰგავს, გონება უნდა გავათავისუფლოთ ყველაფრისგან რაც ნაცნობია, რასაც ასე ველოლიავებით და ვუფრთხილდებით. ჯერ კარგად გავაცნობიეროდ და მერე დავთმოდ  ჩვენი ეგოისტური, ამბიციით აღსავსე სურვილები და მისწრაფებები, სულელური იდეები, სტერეოტოპები და იდეალები. გავხდეთ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანები, რაც ნიშნავს_არა ყველა ახირების დაკმაყოფილებას, არამედ აბსოლუტურ ძალაუფლებას საკუთარ თავზე, როდესაც ვიტალური, მენტალური და ფიზიკური სფერო მთლიანად ემორჩილება ფსიქიკურ არსს, ანუ ადამიანის უმაღლეს ნებელობას და შესაბამისად პიროვნებას ათავისუფლებს სხვადასხვა არასასურველი მიდრეკილებებისა და შეგრძნებებისგან, თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, მხოლოდ აუცილებელი წინაპირობაა ცნობიერების შეზღუდული საზღვრების დასანგრევად, რადგანაც მხოლოდ  შეზღუდულ  “მე”-სა და ლიმიტირებული გონების მიღმაა შესაძლებელი პიროვნების ფსიქოლოგიური გამთლიანება, ერთ სრულ, მთლიან პიროვნებად ქცევა, რაც თავისთავად მოიტანს ნამდვილ სიმშვიდეს, სწორედ ისეთს, მაცხოვარი რომ ბრძანებდა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ, წუთისოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდებით.”(იოანე. თ.14)
ცხოვრება არც სურვილების ასრულებაა, არც სწრაფვა სიმდიდრისა და ძალაუფლებისკენ. ცხოვრება_ სიყვარულია, სიყვარული ყველაფრის, რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს, მოძრაობს და სუნთქავს. სიყვარული დაცლილი ყოველგვარი ეგოიზმის, ამბიციისა და მესაკუთრეობისგან, სიყვარული სიყვარულისთვის..


წყარო



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий