понедельник, 1 декабря 2014 г.

ერთმორწმუნეობის მითი ხელს უშლის ქართულ-რუსული მართლმადიდებელი ეკლესიების კავშირის გაანალიზების საშუალებას


სიყვარულ-სიძულვილის ურთიერთობა

ნათია გულიაშვილი

29 ივლისი, 2009 (All day)



ერთმორწმუნეობის მითი ხელს უშლის  ქართულ-რუსული მართლმადიდებელი  ეკლესიების კავშირის გაანალიზების საშუალებას.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც ქვეყნებს შორის ფაქტობრივად ყველანაირი კავშირი გაწყდა, ეკლესია აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც  ამ ურთიერთობის აღდგენა სცადა.
პირველი მოლაპარაკების მთავარი თემა, იმ ფონზე, როცა რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა, ამ რეგიონების ეკლესიების საქართველოს ეპარქიის შემადგენლობაში დატოვება გახდა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია ამ მიზნით მოსკოვში ომიდან სამი თვის შემდეგ ჩავიდა.
ერთ თვეში კი  რუსეთის პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე  დასწრების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე  პრეზიდენტ  მედვედევსაც  ხვდება. «მოსკოვი მომხრეა, დააბრუნოს დევნილები კონფლიქტურ რეგიონებში  და  აღადგინოს  დიპლომატიური ურთიერთობა. ეს «ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს», - განაცხადა მოსკოვიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა. 
იმ დროს, როდესაც ქართულ-რუსული საეკლესიო მოლაპარაკებების მთავარი თემა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია, რუსეთის ახლად არჩეული პატრიარქი  კირილ პირველი მილოცვის საპასუხო  წერილში აფხაზეთის  დე ფაქტო  ლიდერს  სერგეი ბაღაფშს  «აფხაზეთის პრეზიდენტად» მოიხსენიებს.   ანალოგიურად  მიმართავს ის ედუარდ კოკოითისაც.  
«ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის საპატრიარქო აღიარებს ქართული ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. აფხაზეთსა და ოსეთში ქართულ ეკლესიებში ქართველი მღვდელმსახურების დაბრუნებაზე ჩვენი ყველა ვიზიტის დროს იყო საუბარი, თუმცა რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ არის»,  - ამბობს ზურაბ აბაშიძე,  საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, რომელიც საეკლესიო დელეგაციების ყველა შეხვედრას ესწრება, მათ შორის უკანასკნელ ვიზიტს, როდესაც ქართული დელეგაცია რუსეთის პატრიარქს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა. 
საეკლესიო დელეგაციათა საუბრები ამ თემაზე ფიქტიურ სახეს იღებს.  რეგიონებიდან ქართველი სასულიერო პირები დღემდე განდევნილები არიან. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებლურ ეპარქიებს რუსეთის საპატრიარქოს კურატორები მართავენ. ცხინვალის რეგიონის კურატორი სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის არქიეპისკოპოსი თეოფანე აშურკოვია. 19 ივლისს მან სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ დედათა მონასტერში მასობრივი ნათლობა ჩაატარა, სადაც, ოფიციალური ინფორმაციით, 1200-მდე ადამიანი მოინათლა. 
აფხაზეთის და ცხინვალის ეპარქიების დამოუკიდებლობის არაღიარება მოსკოვისთვის იმის ერთგვარი გარანტიაა, რომ საქართველოს საპატრიარქო, ამის სანაცვლოდ, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებისგან კვლავაც თავს შეიკავებს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი ნაწილი, დიდი ხანია, ავტოკეფალიას აცხადებს, რომლის აღიარებაც რუსეთის წინააღმდეგობის გამო რთულდება. 
«რუსეთს  არ სურს, ასეთი ნაბიჯი იძულებით გადაადგმევინოს საქართველოს პატრიარქს. თუკი, ვთქვათ, მას  გააღიზიანებს აფხაზეთის და ოსეთის თემით (ფორმალურად, თორემ არაფორმალურად იქ ისედაც ყველაფერი მოწესრიგებულია რუსეთის სასარგებლოდ), მაშინ ეს ისევ პატრიარქს ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში. მას  მოუწევს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება, რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან პროტესტის გამოხატვა“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი. მისი აზრით, რუსეთის ეკლესიის   თანამოაზრეობას «ერთმორწმუნე საქართველოსთან»  მხოლოდ პრაგმატული საფუძველი აქვს. 
პუტინის რუსეთში ხელისუფლების მიერ მართლმადიდებლობის ლეგიტიმაცია და განსაკუთრებული როლის მინიჭება გეოპოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება. რუსეთისა და ევრაზიის ისტორიის სპეციალისტი, იგორ ტორბაკოვი  ამის  საფუძველს  მე-19 საუკუნის რუსულ კონსერვატიზმში ხედავს, რომლის ლოზუნგიც  იყო - «პრავოსლავიე, სამოდერჟავიე, ნაროდნოსტ - მართლმადიდებლობა, ავტოკრატია, ნაციონალიზმი». 
რუსული  ეკლესიის და სახელმწიფოს «ინტერესების ჰარმონიულ შეთავსებასა და პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე» პატრიარქმა კირილმა ინტრონიზაციიდან ერთ დღეში კრემლში, მის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე ისაუბრა: «ეს რთული გამოცდილებაა, მისი წყარო - ბიზანტიაშია, სადაც ეკლესიისა და სახელმწიფოს საუკეთესო მოაზროვნეები ეკლესიურ-სახელმწიფოებრივ  ურთიერთობის მოდელზე მუშაობდნენ. ისინი მაშინ ამ მოდელის აღსაწერად იყენებდნენ შესანიშნავ სიტყვას „სიმფონია“. სწორედ სიმფონია განსაზღვრავს ჰარმონიულ შეთანხმებას, ინტერესებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილებას».
სტატიაში «პუტინი მართავს როგორც რუსულ სახელმწიფოს, ასევე რუსულ ეკლესიას» Putin Runs The Russian State--And The Russian Church Too  ჟურნალი «ფორბსი» წერდა: «საბჭოთა არქივების თანახმად, კირილი კგბ-ს აგენტი იყო, ისევე, როგორც ალექსეი მეორე - რაც იმას ნიშნავს, რომ ის ორგანიზაციის აქტიური ოფიცერი იყო და არა უბრალო ინფორმატორი, როგორც მილიონობით ადამიანი საბჭოთა კავშირში». 
კგბ-ს მასალებმა ესტონურ არქივში (ყოფილი პატრიარქი ალექსეი ესტონეთშია დაბადებული) ეჭვი არ დატოვა მის კავშირზე ამ ორგანიზაციასთან. არქივის თანახმად, მისი რეკრუტირება 1958 წლის 28 თებერვალს მოხდა. ორგანიზაციის წესების თანახმად, მან  კოდური სახელი  „დროზდოვი“ მიიღო.კგბ-ს სამსახურთან სასულიერო პირების თანამშრომლობის შემთხვევების  გამოძიების მიზნით, 1992 წელს რუსეთის დუმაში პარლამენტის სპეციალური კომიტეტი შეიქმნა. მაშინ დისიდენტმა მღვდელმა, გლებ იაკუნინმა კგბ-ს არქივებში აღმოაჩინა, რომ პატრიარქი კირილი, კოდური სახელით „მიხაილოვი“, კგბ-ს აგენტი იყო. 1970 წლიდან  საზღვარგარეთ გასასვლელად საჭირო განსაკუთრებული ვიზიტებისთვის მას   საგანგებო  პასპორტსაც  აძლევენ.  
«დავალება ნომერი ერთი - ქვეყანაში სრული ძალაუფლების ხელში აღება შესრულებულია», - იხუმრა კგბ-ს ოფიცერმა, ვლადიმირ პუტინმა, «ჩეკისტის დღეს», როდესაც იგი პრეზიდენტობიდან მოკლე ხანში,  კგბ-ს ყოფილ შტაბ-ბინაში, ლუბიანკაზე მივიდა.  დღევანდელ რუსეთში ეს სიტყვები,  შესაძლოა,  უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე უბრალოდ ხუმრობას. 
რუსეთის და დასავლეთის ლიბერალურ წრეებში ჯერ კიდევ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო  დისკუსია თემაზე, თუ როგორ ანაცვლებს პოსტსაბჭოთა რუსეთში მართლმადიდებლობა  კგბ-ს  იდეოლოგიას.  ამ დისკუსიას დღემდე აღვივებს ის ფაქტი, რომ რუსეთში უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის მონანიება არ მომხდარა; იმ დროს, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სასულიერო პირების  აღიარებების და ლუსტრაციის ტალღამ გადაუარა. 
ეს საკითხი საქართველოშიც დაისვა 1995 წელს ეკლესიის ოფიციალურ კრებაზე. ექსპერტი რელიგიის საკითხებში, ნუგზარ პაპუაშვილი, რომელიც ამ შეხვედრის ჩანაწერს იხსენებს, ამბობს, რომ პატრიარქის განცხადებით, - საბჭოთა კავშირის ეპოქაში შეუძლებელი იყო საზღვარგარეთ გასვლა კგბ-სთან თანამშრომლობაზე ფორმალური ხელის მოწერის გარეშე, და ახლა ამას აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღებაო. 
რამდენადაც იოლია დღეს საზოგადოებისთვის რუსული და ქართული ეკლესიების ერთმორწმუნეობაზე საუბარი, იმდენად რთულია ამ ეკლესიების სხვა კავშირების დადასტურება.  
მაშინ, როცა დღეს საქართველოში ხელისუფლების მთავარი ვექტორები  დასავლეთთან ინტეგრაციისკენაა მიმართული, ეკლესია საპირისპირო გზით მიდის, რაც საქართველოშიც აყალიბებს თანამედროვე რუსეთის მსგავსი რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიას.
„არაერთხელ უთქვამთ, რომ ნაციონალიზმი - ჩოხებით სიარული და სუფრის კულტურის აღდგენა, ეს უშუალოდ პატრიარქის ქადაგებებში წერია - გლობალიზაციასთან დაპირისპირების კარგი შესაძლებლობაა. ქართული ეკლესია გლობალიზაციას მთავარ იდეოლოგიურ საფრთხედ განიხილავს. ასეთი ანტიგლობალისტური განწყობა მართლმადიდებელ ეკლესიაში, რა თქმა უნდა, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. რუსეთი განუწყვეტლივ ლაპარაკობს მრავალპოლუსიან, ფრაგმენტირებულ სამყაროზე, სადაც მას თავის გავლენის გაფართოების შესაძლებლობა ექნება. შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიის როლიც გამოკვეთილია იმ მხრივ, რომ რუსეთი მას საქართველოში სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი
„საქართველოსთვის რუსეთი დღეს სიყვარულ-სიძულვილის ურთიერთობაა, - ამბობს ქართველი თეოლოგი, ჟენევაში მცხოვრები თამარა გრძელიძე NYთიმეს-თან ინტერვიუში, - უკანასკნელმა კონფლიქტმა ორივე მხარეს ამბივალენტური მოგონებები გამოიწვია. ჩვენმა პატრიარქმა განათლება რუსეთში მიიღო, ეს არის საუკეთესო, რაც მან იცის და ამას ძალიან აფასებს. როდესაც რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა მე-19 საუკუნის დასაწყისში, ამან გააუქმა მეფის ინსტიტუტი საქართველოში, გააუქმა პატრიარქის ინსტიტუტი 1811 წელს და გამოიწვია ქართული ენის განდევნა ყველა სფეროდან, მათ შორის - ეკლესიიდანაც“.  
საქართველოსა და რუსეთის „სიყვარულ-სიძულვილის“ ურთიერთობის ძალა  საპატრიარქოს ბეჭდურ გამოცემებშიც  იგრძნობა. 2008 წლის სექტემბრის ნომერში, აგვისტოს ომიდან ერთი თვის შემდეგ საპატრიარქოს გამოცემა „ქვაკუთხედის“ რედაქტორი საავტორო სვეტში წერს: „უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ მთელი თავისი ამბიციურობისდა მიუხედავად, რუსეთი მაინც თავისი მადლის მატარებელი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდეს წმინდანთა ზეციური ლოცვა-კურთხევა?! ბოლო წლების მანძილზე საქართველოს ისტორიული ჩარხი კიდევ ერთხელ, თითქოს უალტერნატივოდ შემობრუნდა დასავლეთისაკენ და სულ მაინტერესებდა, ახლა კი დაუშვებდა ღვთის განგებულება დასავლეთთან უმჭიდროვეს ინტეგრაციას?! იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?!»
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში კოსტრომისა და გალიჩის ეპარქიის არქიეპისკოპოს ალექსანდრეს ხელმძღვანელობით შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, სტუმრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ, ესტუმრნენ «ბორჯომის» ჩამომსხმელ ქარხნებს და ლიკანის რომანოვების სასახლეს. დელეგაციის მასპინძელი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა) იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი კოსტრომისა და გალიჩის და  ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. 
„თითქოს ეს პილიგრიმული დელეგაციაა. სინამდვილეში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი საპატრიარქოს მაღალჩინოსანია. ის  მთელი ფედერაციის მასშტაბით მართავს მართლმადიდებლურ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. ნიშანდობლივია, რომ მისი მასპინძელია  ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე ჯოჯუა, ცნობილი პრორუსი, ვიაჩესლავ კოვალენკოს დიდი მაკურთხეველი და მეგობარი, რომელიც თავის ქადაგებებშიც კი ამბობს, რომ მეორედ მოსვლისას მარტო რუსეთი გადარჩება», - აცხადებს ბასილ კობახიძე.
იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დახურულ სისტემად  რჩება, საზოგადოებისთვის დაფარულია მის შიგნით მიმდინარე ტენდენციებიც. მიუხედავად ამისა, ის  ყველაზე  გავლენიანი ინსტიტუციაა და ამიტომ არავინ  აანალიზებს, თუ რაზეა დაფუძნებული რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების კავშირი.

liberali.de

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий