суббота, 7 июня 2014 г.

PLÄDOYER FÜRS sog. HEIDENTUM


არ დაადგა საშველი "წარმართობის", როგორც რელიგიური გადაგვარების ეპითეტად მოხმარებას, მათ შორის მოლიბერალო-მოინტელექტუალო მომხმარებლების მხრიდან. რამდენჯერმე დავწერე ამის თაობაზედ, მაგრამ დიდ შედეგს ვერ მივაღწიე. ინერციას და კლიშეს დიდი ძალა ჰქონია.

ერთხელაც ვცდი. ადრინდელს არ გავიმეორებ, კონკრეტულად აღმ. საქართველოს მთიანეთის და კერძოდ ფშავის მაგალითზე შევეცდები ოდნავი ნათელი მაინც მოვფინო ამ გაუგებარ "რელიგიისმცოდნეობას".

ამ საკითხზე რომ ფიქრი ამიტყდა, ამ დილას, ახალგაღვიძებულს, ჯერ ფშავლის საკრალური მოკრძალება გამახსენდა თავისი "ადგილის დედის", ხატის, ღთიშვილის, მამის სალოცავის თუ დედის სალოცავის მიმართ. "დაილოცოს! ..." ასე იწყებს ის საუბარს ანუ საკრალურ ადგილს ისე არ გაიხსნილებს სიტყვით, თუ ჯერ მოწიწება არ გამოხატა...

1.ჯერ ეს გამახსენდა, - 'დაილოცოს', - მერე კიდევ რელიგიისმცოდნეობის  არაერთი კლასიკოსი და მათი თეორიები რელიგიის არსის შესახებ. აქვე გაიბა ხიდიც. საიდან მოდის ფშავლის რწმენა, რომ ხატი ამიზეზებს, ავად ხდის თუნდაც უნებურად მის შემლახველს? ეს ხომ საკრალურის ბუნებაა: sacer ლათინურად წმინდასაც ნიშნავს და დაწყველილსაც, მასთან შეხება საშიშია. Holiness რელიგიის დიდი სიტყვააო(Great Word), ამბობს Natan Söderblom. მაშასადამე, 'მიზეზის' მიზეზი ამოხსნილია და ის საკრალურობის, როგორც რელიგიურობის გამომხატველ უპირველეს თვისებაშია საძიებელი...

2. მეორე ავტორი, ვინც ამ საკრალურის თეორეტიკოსს მოყვა, იყო William Robertson Smith, მისი უკვდავი მონოგრაფია "სემიტების რელიგია", აქლემის დაკვლის ძირძველ სემიტურ ჩვეულებას განიხილავს. მსხვერპლი ეთნოსის, თემის შემაკავშირებელია, ისინი ერთიანდებიან. ძირითად საკლავს მთაში ეწოდება სათემო, ხოლო ძვალ-ხორცის იმ ნაწილს, რასაც თითოეული მიიღებს საჭმელად, ქვია "წილობა". მაშასადამე, მსხვერლის ფუნქცია თემის მთლიანობა, საკრალური ერთიანობაა და ესაც ერთ-ერთი საკაცობრიო, უნივერსალური რელიგიური რიტუალია.

3. საიდან მოდის ხატობების სადღესასწაულო, ამქვეყნიური ხასიათი? რელიგია თავიდან სააქაოსადმია ორიენტირებულიო, "Dieseits orientiert", წერს Max Weber, ხოლო "ხანგრძლივად ქარიზმატული ტიპები" მღვდლები ან შამანები ხდებიანო. რაა ხევისბრობა, თუ არა ხანგრძლივად ქარიზმატულობა? ამ განსაკუთრებულ მისიას ყველა გაურბის, როცა ხატი ვინმეს გამოარჩევს და არადააღარ შეეშვება, ავადაც კი გახდის, მერეღა ნებდება ის და იწყებს ხევისბრობას...
მაშასადამე, ყბადაღებული 'წარმართობა' კი არ მანიფესტირებს აქაც და ამ შემთხვევაში, არამედ რელიგიური უნივერსალიზმი და ფუძე-რელიგია!

4. ვინაა და რა ღმერთია ჩვენი მორიგე? რასაკვირველია, არსთაგანმრიგე, შემოქმედი, ებრაული წარმოდგენით ის, ვინც სამყარო და ადამიანი 6 დღეში შექმნა. შემოქმედ ღმერთზე წარმოდგენა არაა მხოლოდ ებრაელთა მონაპოვარი, როგორც ეს ზოგ მოთეოლოგოს ჰგონია, ეს რელიგიური უნივერსალიზმია, ავსტრალიური აბორეგენებიდან დაწყებული, სარდინიულამდე ყველასთვის საერთო ხილვაა. ე.წ. ურმონოთეიზმის თეორიას გერმანელმა რელიგიისმცოდნემ,  - Der Ursprung der Gottesidee, Wilhelm Schmidt, - 12 ტომი მიუძღვნა, მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესო რელიგიისმცოდნეობის იტალიელი კლასიკოსის Raffaele Petazzoni -ს "ყოვლისმცოდნე ღმერთის" თეორიაა...მორიგე ყოვლისმცოდნე და ყოვლისგამრიგეა...

5. კიდევ შეიძლებოდა გაგრძელება, მაგრამ ვჩქარობ, მინდა დროზე მივაღწიო ერთ მთავარ ბრალდებამდე, რაც დაახლოებით ასე ჟღერს, როგორც პოლითეიზმი, ღთიშვილთა რწმენიდან გამომდინარე. 
ეს არგუმენტი ყველაზე უფრო იოლი გასანადგურებულია, საკმარისია ჩავიხედოთ იოანეს სახარების დასაწყისში, სადაც სწერია, რომ რაოდენთა ღმერთი ჰრწმენა, მათ მოეცა ხელმწიფება "შვილ ღმრთისა" ყოფადო! ანუ ღვთისშვილნი ქრისტეს მოწამენი ყოფილან. მათი სახელები, დაილოცოს, - ეპითეტებია... იაღი ნათელია. არაა გამორიცხული, რომ ზოგადკავკასიური პლასტებიც შეერწყა ქრისტიანულ მრწამსს. ეს შერწყმა, სინკრეტიზმი ბუნებრივი მოვლენაა და რელიგია სუფთა სახით არ არსებობს. ასეთი რელიგია მხოლოდ ფანატიკოსებს და რელიგიისარმცოდნეებს წარმოუდგენიათ. 

6. დასკვნა: მთის რწმენაში შერწყმულია რელიგიური უნივერსალიზმი და ქრისტიანობა. იქ ქრისტიანობა კი არ დაიჩაგრა ამით, არამედ ფრთები გაშალა და ერთმხრივ პირველქმნილ რელიგიურობაში, მეორესმხრივ კი - ქართულ-კავკასიურ მითოლოგიაში გაიბანა და ეკლესიურ-დოგმატიკურ სივიწროვეს გაუსხლტა. - ქრისტიანობის რქა, ჰორიზონტი და სული ამაღლდა, განივრცო და ასევე გაღრმვდა, რის დასტურიცაა ჯვარ-ხატთა საიდუმლო ენა-მეტყველება.

ესაა რელიგიური უნიკუმი, რომელიც ზედაპირულ 'წარმართულ' იარლიყებს კი არ საჭიროებს, არამედ ღრმა მეცნიერულ და არამხოლოდ, ასევე ინტუიტურ გააზრებას!

რასაკვირველია, ვიცი, რომ მსგავსი გააზრების ნიმუშიც არსებობს: ზურაბ კიკნაძე და მისი "ხატი და საყმო"... აგრეთვე "ჯვარ-ხატთა სადიდებლები" (ტრისტან მახაურის და ხვთისო მამისიმედიშვილის წინასიტყვაობით). პეტაძონს და ზოდერბლომს ვინ დაეძებს, ეგენი მაინც წაიკითხონ ჯერ ამ რელიგიისარმცოდნეებმა, სანამ თავის საეჭვო  შეხედულებებს საჯაროდ დააფრვევდნენ! "კოპალა" ფშაურად პატარას ნიშნავს და ეს ღთიშვილი, მერე ღთიშვილადქცეული პატარა ბიჭი იხინჭას წმ. გიორგის მონასტერში იზრდებოდა და ღვთისგან დევების მომრევი ძალა ინატრა...სად ნახეს ფშავ-ხევსურეთში კერპი, ბომონი თუ ფეტიში?  პოეტურობა? კი რამდენიც გნებავთ, აქაც გამოადგებოდათ უმბერტო ეკოს თეორია რელიგიის პოეტურობის შესახებ!

არც ელიადე დამვიწყებია. არც ვერა ბარდაველიძე... უბრალოდ აქ უფრო შორს ვერ წავალ...რელიგიის ისტორია სხვა არაფერია თუ არა საკრალურის მანიფესტაცია, ჰიეროფანიაო, ელიადემ,  ანუ ზურაბ კიკნაძის ტერმინით, "ჯვარჩენა", "ხატჩენა"...

ამრიგად, ჩვენ საქმე გვაქვს იშვიათ რელიგიურ უნივერსალიზმთან, თავისუფალ რელიგიურობასთან, ღთიშვილთა თავისუფალ ქრისტიანობასთან, მრავალპლასტიან რელიგიურობასთან, ასევე ჯვარ-ხატთა საიდუმლო ენასთან და ეს ყოველივე მოელის კვალიფიციურ მკვლევარს, ვისაც არამხოლოდ ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკის მონაცემები ექნება შეთვისებული, არამედ რელიგიის მეცნიერების მსოფლიო მასშტაბებიც...

ეს გენეალოგიური რელიგიაა თუნდაც! და არა აკვიატებული 'წარმართობა'! ტერმინი "გენეალოგიური რელიგია" სულ ცინცხალია, ავტორი ცნობილი გერმანელი რელიგიისმცოდნე Hartmut Zinser. - ესაც იმ წეღან გახსენებულებშია! :)

ასე, რომ ჯერ ადრეა რაიმე დასკვნის გაკეთება. ეს ჩემი უპრეტენზიო ოპუსი კი მხოლოდ პლეიდოარია, ამ დიდი განძის დაცვა - გაფრთხილებისკენ მოწოდება.

P.S. რელიგიის შესწავლის ევროპულ პერიოდში იყო დრო, ნახევარსაუკუნოვანი ფენომენოლოგია(XX საუკუნის 70-იან წლებამდე, ანუ culturell Turn -მდე). როცა რელიგიისმცოდნენი, ეთნოგრაფები თუ სოციოლოგები  რელიგიის არსს ეძებდნენ: "წმინდა", "მანა", "ორენდა"...ეძებდნენ მას არქაულ, უდამწერლობო კულტურებში... მათ ფშავში არ უმოგზაურიათ. ასე რომ ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ ზოგი რამ მაინც, მაგ. "კვრივი" - აი რაშია რელიგიის, როგორც ზოგადამიანური თვისების დვრიტა და დედააზრი!

ზელიმხან უძილაური 

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий