• არასრულწლოვანთან ინცესტი ყველა ქვეყანაში მძიმე დანაშაულია;
• ზრდასრულებს შორის ინცესტი კრიმინალიზებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში;
• ყველაზე მკაცრად ეს ქმედება აშშ-ში ისჯება;
• ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ზრდასრულებს შორის ინცესტი მხოლოდ ერთში - მოლდოვაშია სისხლის სამართლის წესით დასჯადი;
• საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ეს ქმედება კრიმინალიზებული არ არის.
მითი:
ნინო ბურჯანაძე, ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია: "მე ვერასოდეს ვერ მივიღებ ჰომოსექსუალიზმის, ინცესტის დაკანონებას, ჩვენს ქვეყანაში ეს არის მიუღებელი, და თუ არჩევანი დგას ასე: ინცესტის მიღება, თუ დარჩენა იქ სადაც ვართ, მე არ ვარ რუსეთში, მე ვარ საქართველოში, მე მინდა დავრჩე ჩემს ქვეყანაში. " 2 მაისი, 2014.
რეალური ფაქტები
ინცესტის ტაბუ მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურაში არსებობს და ოჯახის წევრებს ან ახლო ნათესავებს შორის სქესობრივ კავშირსა და ქორწინებაზე დაწესებულ საკანონმდებლო შეზღუდვებში აისახება.
სამართლებრივი რეგულირების მხრივ,ინცესტის სამ ძირითად ფორმას გამოყოფენ, რომლებიც განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს: (1) ინცესტური ურთიერთობა არასრულწლოვანთან;(2) ინცესტი ზრდასრულ ადამიანებს შორის; (3) ქორწინება ოჯახის წევრებს ან ახლო ნათესავებს შორის.
(1) არასრულწლოვანთან ინცესტური ურთიერთობის მიუღებლობაზე საყოველთაო კონსენსუსი არსებობს. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობით, გარკვეულ ასაკს (16-18 წელი) მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის მისი ახლო ნათესავები მკაცრად ისჯებიან.
არცერთ ევროპულ ქვეყანაში ამ სფეროში მოქმედი კანონების შემსუბუქება არ განიხილება. პირიქით, ბოლო პერიოდში ზოგიერთ მათგანში (ბელგია, ჩეხეთი, ხორვატია) სასჯელის გამკაცრების და დასჯადი ქმედებების ჯგუფის გაფართოების ტენდენცია შეინიშნება. მაგალითად, 2010 წელს საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, არასრულწლოვანთან ნებისმიერი სახის ინცესტური ურთიერთობა, მათ შორის ძალდატანების გარეშე, გაუპატიურებას გაუთანაბრდა და მეტი სიმკაცრით ისჯება.
(2) ქვეყნების უმეტესობაში ინცესტი სრულწლოვან ადამიანებს შორისაც აკრძალულია ოჯახური ურთიერთობების დაცვისა და გენეტიკური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მკაცრი მიდგომით აშშ გამოირჩევა.ზოგიერთი შტატის კანონმდებლობა სასჯელის სახით თავისუფლების უვადო აღკვეთას, ხოლო ინცესტის შედეგად გაჩენილ ბავშვზე მშობლის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ინცესტური ურთიერთობის აკრძალვა ვრცელდება როგორც პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებსა და ბიოლოგიურ და-ძმაზე, ისე გვერდითი ხაზის (მაგ. ძმისწული, დისწული, ბიძაშვილები, ბიძაშვილის შვილები) და არასისხლისმიერ ნათესავებზე (მაგ. არაბიოლოგიური და-ძმა, მშვილებელი, ნაშვილები, გერი).
ზრდასრულებს შორის ინცესტი ევროპული ქვეყანების უმეტესობაშიც აკრძალულია. კერძოდ, ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანაში (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრია, დანია, შვედეთი, ირლანდია, საბერძნეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ფინეთი, უნგრეთი, ხორვატია, ბულგარეთი და რუმინეთი) მსგავსი ურთიერთობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ევროკავშირის დანარჩენ თერთმეტ ქვეყანაში (საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა და სლოვენია) სექსუალური ხასიათის ზემოქმედებისგან, მათ შორის ინცესტური ურთიერთობისგან, არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობა მოქმედებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციით, ზრდასრულ ნათესავებს შორის ინცესტური ურთიერთობის აკრძალვა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და წარმოადგენს გამართლებულ ჩარევას ადამიანის პირად ცხოვრებაში ოჯახის, სუსტი პარტნიორის სექსუალური თვითგამორკვევისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში სრულწლოვან ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის სქესობრივი კავშირი მხოლოდ მოლდოვაშია დასჯადი სისხლის სამართლის წესით.
საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი) მსგავსი ურთიერთობა კანონით არ იკრძალება.
(3) ქორწინებას ახლო ნათესავებს შორის მსოფლიოს თითქმის არცერთი სახელმწიფო არ ცნობს, მათ შორის, არც ევროკავშირის ქვეყნები. თუმცა, განსხვავებულია იმ პირთა ჯგუფი, რომლებსაც უშუალოდ ეხება ეს შეზღუდვა. აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა ამ მხრივაც გამორჩეულად მკაცრია. გარდა იმისა, რომ ქორწინების შეზღუდვა ნათესავების საკმაოდ ფართო წრეზე ვრცელდება,ზოგიერთ შტატში ახლო ნათესავებს შორის ქორწინების მსგავსი თანაცხოვრებაც თავისთავად დასჯადი საქციელია. შედეგად, გამარტივებულია ინცესტური ურთიერთობის მონაწილე პირთა პასუხისგებაში მიცემა. ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის გამოაშკარავება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ ერთ-ერთი პარტნიორი არ განაცხადებს ამის თაობაზე, რაც ნაკლებად სავარაუდოა. მეორე მხრივ, ქორწინების მსგავსი თანაცხოვრების ფაქტის დადგენა შედარებით იოლია.
საქართველოს კანონმდებლობა ამ სფეროში ნაკლებად მკაცრია. ქორწინება დაუშვებელია პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს ან მშვილებელსა და ნაშვილებს შორის. 2007 წელს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებით, ქორწინება ასევე აიკრძალა ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის.
მითების დეტექტორი
რესურსები ინტერნეტში:
1)
Criminal Law and Criminology under One Roof Limits on the Protection of Legal Interests in the Criminalization of Incest
2)
This judgment has become final under Article 44 § 2 of the Convention. It may be subject to editorial revision.
3)
http://www.jstor.org
Комментариев нет:
Отправить комментарий