ეკლესიის ისტორიაში მრავალგვარ პოლემიკასა და დისპუტს ჰქონია ადგილი, იქნებოდა ეს ტრინიტარულ, ქრისტოლოგიურ თუ სხვა დოგმატურ და არადოგმატურ საკითხებთან დაკავშირებული. თითოეული მათგანი ამა თუ იმ საეკლესიო კრების განხილვის საგანი იყო.
აღნიშნულ კრებებზე დოგმატთა შესახებ სწორი სწავლების განსაზღვრება ხდებოდა, არასწორი სწავლებები კი იგმობოდა და ერესებად ცხადდებოდა... მაგრამ, რატომღაც, ეკლესიის ისტორიის არცერთ ეპოქაში არ შეიმჩნევა არანაირი კამათი და წინააღმდეგობა ეკლესიის მამათა შორის, არც მეტი არც ნაკლები, შემდეგ საკითხზე: სად იმკვიდრებენ ადგილს მოუნათლავად და დედის მუცელში მოწყვეტილ ჩვილთა სულები - მარადიულ სატანჯველში, თუ ღვთის სასუფეველში. თუმცა ამ საკითხზე არსებობს ცალკეულ მამათა შეხედულებები და მათი უმეტესობა, უფრო მეტად, ღვთის მოწყალებაზე მიუთითებდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი ამ კუთხით ღვთის განგების კვლევის (ჩხრეკის) დაუშვებლობაზე საუბრობდა.
აღნიშნულ კრებებზე დოგმატთა შესახებ სწორი სწავლების განსაზღვრება ხდებოდა, არასწორი სწავლებები კი იგმობოდა და ერესებად ცხადდებოდა... მაგრამ, რატომღაც, ეკლესიის ისტორიის არცერთ ეპოქაში არ შეიმჩნევა არანაირი კამათი და წინააღმდეგობა ეკლესიის მამათა შორის, არც მეტი არც ნაკლები, შემდეგ საკითხზე: სად იმკვიდრებენ ადგილს მოუნათლავად და დედის მუცელში მოწყვეტილ ჩვილთა სულები - მარადიულ სატანჯველში, თუ ღვთის სასუფეველში. თუმცა ამ საკითხზე არსებობს ცალკეულ მამათა შეხედულებები და მათი უმეტესობა, უფრო მეტად, ღვთის მოწყალებაზე მიუთითებდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი ამ კუთხით ღვთის განგების კვლევის (ჩხრეკის) დაუშვებლობაზე საუბრობდა.
თუ საეკლესიო კრებებს განვიხილავთ, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს, არცერთ საეკლესიო კრებაზე არ ყოფილა მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. ეკლესიას არა აქვს გამოთქმული დოგმატი ამ თემაზე, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხზე, რომელთა შესახებაც იგი (ეკლესია) ყოველთვის ფრთხილად, შეფარვით საუბრობდა და არასოდეს გამოჰქონდა რაიმე მკაფიო და ცალსახა განაჩენი. ამის საწინააღმდეგოდ ხშირად მოჰყავთ შემდეგი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ ეკლესიას აქვს საკრებო განჩინება ამ საკითხზე და მოიყვანება კართაგენის კრების 110-ე კანონი, რომელშიც თითქოსდა იმაზე იყოს საუბარი, რომ ამგვარ ჩვილთა სულები ჯოჯოხეთში იმკვიდრებენ ადგილს... სინამდვილეში კი ამ კანონში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ჩვილებსაც გააჩნიათ ადამის ცოდვა და რომ ისინიც საჭიროებენ ნათლისღებას, რის შესახებაც არავინ დავობს, ხოლო მათი საიქიო ადგილსამყოფელის შესახებ კი ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი (იხ. არგუმენტი №21).
სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობდა პოლემიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 1998-2000 წლებში. სასულიერო პირთა და საეკლესიო პუბლიცისტთა ერთი ნაწილი (არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი, არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, დეკანოზი ზურაბ ანთაძე, დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია, ჟურნალ „ივერიის გაბრწყინების“ მთავარი რედაქტორი, გიორგი გაბაშვილი და სხვები), რომელიც უკიდურესი ფუნდამენტალისტური რიტორიკით გამოირჩევა, რაც აგრეთვე ამ პოლემიკამდე რამოდენიმე წლის წინათაც გამოვლინდა ეკუმენიზმთან დაკავშირებულ მოვლენებშიც, ამტკიცებდნენ, რომ ეს ჩვილები, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ექვემდებარებიან საუკუნო ტანჯვას...
აღნიშნულ პერიოდში ძალზედ ინტენსიურად ქვეყნდებოდა ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკის წარმომადგენელთა პუბლიკაციები. ასევე გაცხოველებული კამათი მიმდინარეობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა შორისაც. ამ პერიოდისთვის მე უკვე სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი გახლდით. რასაკვირველია, ვერც მე ვიქნებოდი გულგრილი ამ ძალზე უცნაური პოლემიკის მიმართ. გულდასმით ვადევნებდი თვალყურს ყველა გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სხვადასხვა ბეჭდვით ორგანოში (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მხოლოდ საეკლესიო პრესას, რადგან ზოგიერთ საერო ჟურნალსა და გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებს არანაირი თეოლოგიური ღირებულება არ გააჩნდა).
ორწლიანი პოლემიკის დასრულების შემდეგ, ვფლობდი რა ყველა ძირითად პუბლიკაციას, რომლებშიც საკმაოდ ვრცლად და ამომწურავად იყო გადმოცემული ორივე მხარის პოზიცია, პირადად ჩემთვის, სრულიად ნათელი სურათი დაიხატა. ქვემოთ ამ სურათის გადმოცემას მხოლოდ იმ ძირითადი არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების გამოკრებილად წარმოდგენით შევეცდები, რომლებიც, ჩემი აზრით, ამ პოლემიკის მთავარ ხერხემალს ქმნიდა. არგუმენტების სახით წარმოდგენილი იქნება, როგორც ეკლესიის მამათა ის ციტატები, რომელთა გარშემოც მიმდინარეობდა პოლემიკის ძირითადი ნაწილი, ასევე უშუალოდ ოპონენტთა მსჯელობები, ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის მიერ მოწერილი პასუხები და ა.შ.
არგუმენტი №1. წმ. ბასილი დიდი: „ჩვილთათვის ასაკი თავისთავად არის საკმარისი, რომ უდანაშაულონი იყვნენ“.1 ოპონენტთა მხრიდან კონკრეტულად ამ ციტატის კრიტიკა არ შეიმჩნეოდა, მაგრამ ხშირად იყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოუნათლავი ჩვილები დამნაშავენი არიან ადამის ცოდვის გამო, რომლისგანაც არ იყვნენ განწმენდილნი ნათლისღებით. მაგრამ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ქვემოთ.
არგუმენტი №2. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „...ხოლო მესამენი იგი (იგულისხმებიან უნათლავად აღსრულებული ჩვილები, ე.ჭ.) არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი, არამედ არა უკეთურნი და რამეთუ არათუ თვით ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია მათ ზედა დაჭირვებაი იგი“.2 ამ ციტატას საკუთარ ინტერპრეტაციებს უკეთებდნენ არქიმ. ლაზარე აბაშიძე და გიორგი გაბაშვილი. პირველის აზრით, წმ. გრიგოლი საუბრობს არა მხოლოდ ჩვილებზე, არამედ ზრდასრულ ადამიანებზეც და თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ეს ჩვილები ცხონდებიან, მაშინ იგივე უნდა ვთქვათ ზრდასრულ ადამიანებზეც.3 მეორის აზრით კი ამ ციტატაში „წმ. მამა უნათლავი ყრმების არწარწყმედაზე რომ საუბრობდეს და არა უნათლავობის ცოდვის დასჯადობის ხარისხზე, მაშინ მისი სიტყვებიდან გამოვა, რომ თავის უნათლავობაში პირადად არაბრალეული ზრდასრული ადამიანიც არწარწყმდება, რაც უკვე შეუნიღბავი მწვალებლობაა; წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თანამედროვე ზრდასრული აცტეკები და ინკები თავიანთ უნათლავობაში ისეთივე უდანაშაულონი არიან, როგორც, ვთქვათ, მკვდრადშობილი ნაყოფი, მაგრამ ეს ხომ არ განმოსავს მათ პირველქმნილი ცოდვისაგან, რომელსაც თვით ძველი აღთქმის წმინდანნიც ჯოჯოხეთად შთაჰყავდა?“.4
მაგრამ უნდა ითქვას, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მესამე კატეგორიის უნათლავებში ჩვილებთან ერთად ზრდასრულ ადამიანებზეც რომ საუბრობდეს, ამაში არაფერია მიუღებელი. ამიტომ თქმა იმისა, რომ „თავის უნათლავობაში პირადად არაბრალეული ზრდასრული ადამიანის არწარწყმედა... შეუნიღბავი მწვალებლობაა“ - ცოტა გადაჭარბებაა, რადგან მათ, ვისაც ობიექტური მიზეზით არ ჰქონდა საშუალება ქრისტეს მიღებისა, უფლის მიერ განისჯებიან ბუნებრივი რჯულის (სინდისის) მიხედვით და სწორედ ამ კრიტერიუმით ცხონდებიან, ან წარწყმდებიან ისინი (იხ. პავლე მოციქულის მსჯელობა (რომ. 2, 10-29). (ამ საკითხის ვრცელ განხილვას მკითხველს შევთავაზებთ ჟურნალის მომდევნო ნომერში). ასევე არასწორად განმარტავენ, მაგალითად, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის შემდეგ აზრსაც (რომელიც წარმოადგენს ზემოთდამოწმებული ციტატის გაგრძელებას ამავე მე-40 სიტყვაში): „და ამასცა ვიტყვი: უკუეთუ რომელსა მოეგონოს (განიზრახოს, დ.თ.) კაცის კლვაი, შჯი მას ვითარცა კაცისმკვლელსა თვინიერ (ე.ი. გარეშე, ე.ჭ.) კაცისკლვისა, იყავნ ნათელღებულ შენდა იგიცა, რომელსა ენების ნათლისღებაი, თვინიერ ნათლისღებისა. ხოლო უკუეთუ ესე არა ესრეთ არს, იგი ვითარ იყოს ესრეთ?“ პატროლოგი ედიშერ ჭელიძე ამ ციტატსთან დაკავშირებით აღნიშნავს: „როგორც ვხედავთ, წმ. გრიგოლი, კაცისკლვის განზრახვასთან პარალელის გავლებით, ნათლისღების განზრახვის ნათლისღებად შერაცხვას გვამცნობს“.5 მაგრამ არქიმ. ლაზარე არ ეთანხმება წმ. გრიგოლის სიტყვების ასეთ განმარტებას, რადგან, მისი აზრით, ამ სიტყვებს წმ. მამა ერთგვარი „ირონიით და თითქოს ღიმილით ამბობს, იმდენად უცნაურად ეჩვენება მას ამგვარი გაგება, თქვენ კი (მიმართავს ედიშერ ჭელიძეს, დ.თ.) ვერ გაიგეთ რა ეს ირონია, ჩათვალეთ, რომ წმ. მამას სწორად მიაჩნია ასეთი შეხედულება“.6 არქიმ. ლაზარე ამგვარ შეფასებას ჯერ კიდევ ამ ბროშურამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელებულ წერილში გამოთქვამდა.7 მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაციის უსაფუძვლობა და ტენდენციურობა ძალზედ ნათლად არის წარმოჩენილი პროფ. ედიშერ ჭელიძის მიერ წმ. მამის ამ სიტყვების ყოველმხრივი ანალიზის შედეგად.8
ჩვენის მხრივ კი იმას დავამატებდით, რომ თუნდაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს საერთოდ არაფერი ეთქვა ნათლობის სურვილის ნათლობად შერაცხვის შესახებ განსაკუთრებულ შემთხვევებში, არსებობს მამათა სხვა ანალოგიური და უფრო მეტად მკაფიო გამონათქვამები, ასევე ეკლესიის ისტორიაში აღწერილი ფაქტები, როდესაც ადამიანს არ ჰქონდა საშუალება საკუთარი სურვილის რეალობაში განხორციელებისა, მაგრამ ღმერთს მისგან ეს სურვილი როგორც საქმე ისე მიუღია.
მაგალითად, არქიეპისკოპოსი (შემდგომში პატრიარქი) სერგი სტრაგოროდსკი თავის ცნობილ ნაშრომში „მართლმადიდებლური სწავლება ცხონების შესახებ“, ზოგიერთ შემთხვევებში ნათლობისა და ნათლობის სურვილის იდენტურობაზე შემდეგს წერს: „...მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ მოასწრო რა ქრისტესთან შეერთების (ნათლისღების, დ.თ.) სურვილის განხორციელება, მიუხედავად ამისა ითვლება მონათლულებთან თანაბრად (принимается наравне с крещенным)“.9 თავისი ამ შეხედულების საფუძვლად მას მოჰყავს შემდეგ მამათა ციტატები. წმ. გრიგოლ ნოსელი: „ადამიანი, რომელიც მოისურვებს სიკეთის გაკეთებას, მაგრამ მისი აღსრულების დროს რაიმე დაბრკოლებას წააწყდება, ამ შეუძლებლობის ძალით და თავისი სულის განწყობით არაფრით არ არის იმაზე ნაკლები, ვინც თავისი გადაწყვეტილება საქმით განახორციელა“.10 წმ. ეფრემ ასური: „...ნება ამ შემთხვევაში ფასდება როგორც საქმე, რადგან საქმის საფუძველს სწორედ ნება წარმოადგენს“.11
არგუმენტი №3. წმ. გრიგოლ ნოსელი: „ჩვილთა უასაკო აღსრულება საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ვინც ასე დაასრულა სიცოცხლე, არც სამწუხაროთა შორის იქნება, არცთუ იმათ გაუთანასწორდება, რომლებიც ყოველგვარი სათნოების გზით განიწმინდნენ ამ ცხოვრებაში“.12 ამ ციტატის შინაარსს ჩვილთა წარწყმედის მომხრეები საერთოდ არ განიხილავენ იმ მოტივით, რომ თავად წმ. გრიგოლ ნოსელი თითქოს არ წარმოადგენს ავტორიტეტს ეკლესიისათვის და რომ მას სერიოზული შეცდომები ჰქონდა თავის სწავლებაში. ამრიგად, გ. გაბაშვილის სიტყვით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლება „არაკანონიკურია“.13
წმ. გრიგოლ ნოსელის ამგვარ კადნიერ შეფასებას ვუპასუხებთ პატროლოგ ედიშერ ჭელიძის შემდეგი სიტყვებით: „ერთადერთი დოგმატური პრობლემა, რაც ამ უდიდეს წმინდანს უკავშირდება, აპოკატასტაზის საკითხია, მაგრამ აქაც ფრთხილობს ეკლესიური შეფასება; წმ. მაქსიმე მკვეთრად მიჯნავს წმ. გრიგოლის მოძღვრებას აპოკატასტაზისის შესახებ ორიგენული აპოკატასტაზისისაგან და პირველ მათგანს მწვალებლურობას არ განუკუთვნებს, მე-9 საუკუნეში კი ისიც გამოაშკარავდა, რომ ცალკეული ცდომილი გამონათქვამები სხვათა მიერ იქნა ჩართული წმ. გრიგოლ ნოსელის შრომებში (საგულისხმოა, რომ წმ. გრიგოლის ის შრომა, სადაც ბერძნული ტექსტი ცდომილებებს ავლენს, კერძოდ „დიდი სამოძღვრო ქადაგება“, ძველქართულადაც არის თარგმნილი, მაგრამ ეს თარგმანი ცდომილი ჩანართების ნიშანწყალსაც არ შეიცავს). საგულისხმოა, რომ სწორედ წმ. გრიგოლ ნოსელია ის პიროვნება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფუნდამენტური დოგმატების ჩამოყალიბებაში“.14
გარდა ამისა, ასევე საინტერესოა შემდეგი ფაქტიც: მე-5 მსოფლიო კრების მიერ შედგენილ ავტორიტეტულ მამათა ნუსხაში, რომელთა სწავლებაც ეკლესიის სწავლებად მიიჩნეოდა, წმ. გრიგოლ ნოსელის სახელიცაა შეტანილი. კრების მამებისთვის დაბრკოლება არ გამხდარა წმ. გრიგოლის სწავლება აპოკატასტასისის შესახებ და როდესაც ამ კრებაზე დაიგმო ორიგენისტული აპოკატასტასისი, მასთან ერთად არ დაგმობილა გრიგოლ ნოსელის აღნიშნული სწავლებაც.
აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება: თუნდაც რომ რაიმე მცდარი სწავლება გააჩნდეს ამა თუ იმ საეკლესიო მამას, ამ შემთხვევაშიც კი არ შეიძლება მისი სწავლების ჯანსაღი ნაწილის ხელაღებით უარყოფა იმ მოტივით, რომ მისი მოძღვრების რომელიღაც ნაწილი არასწორია, რადგან ეკლესიის მიერ, მაგალითად, ორიგენე და ტერტულიანე ერეტიკოსებად არიან მიჩნეულნი, მაგრამ ამავე დროს სრულიად მართებულად იყენებს ღირსეულ სწავლებებს მათი შრომებიდან. სხვათაშორის ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემიძლია არ დავიმოწმო კვლავ პატროლოგ ედიშერ ჭელიძის სიტყვები, რომლებიც მან სულ სხვა დროს და სხვა მიზნით დაწერილ სტატიაში გამოთქვა: „ეკლესიის მოძღვარნი ხშირად მოუხმობდნენ და იმოწმებდნენ უმკაცრესად მხილებული ერეტიკოსების შრომებიდან ამა თუ იმ კეთილ სწავლებას (მაგალითად, ტერტულიანესგან, ორიგენესგან, დიდიმე ალექსანდრიელისგან, ევაგრე პონტოელისგან და სხვა). ამგვარი კეთილი სწავლებანი ერეტიკოსთა შრომებში იმავე სულიწმინდისგან მომდინარედ შეირაცხებოდა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწის ეფრემ მცირის (მე-9 ს.) უწყება იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ კერძო შემთხვევაში მართებული სწავლების გადმოცემისას მწვალებლებიც „მისვე და ერთისა სულისაგან მეტყუელებდეს“, რადგანაც სულიწმინდა, ეფრემისვე მითითებით, არათუ ქრისტიან მწვალებლებს, არამედ თვით „წარმართთა მეკერპეთაც“ კი გაუმჟღავნებს ზოგჯერ ჭეშმარიტებას (იხ. „ძველი საქართველო“, ტ. 3, გვ. 81). ზემოთქმულის შემდგომ გაუგებრობას აღარ გამოიწვევს ის ცნობილი ფაქტი, რომ მეთორმეტე საუკუნეში გელათის აკადემიაში თარგმნილი „კომენტირებული ბიბლია“ კომენტატორთა შორის ხშირად წარმოგვიდგენს ისეთ ერეტიკოსებსაც, როგორებიც იყვნენ: ევსევი კესარიელი (არიოზის მიმდევარი), სევეროზ ანტიოქიელი (მონოფიზიტი), დიდიმე ალექსანდრიელი (ორიგენისტი), ფილონ ებრაელი (იუდეველი)“.15
არგუმენტი №4. წმ. ანასტასი სინელი: „შეკითხვა 81-ე: სად ვამბობთ, რომ მიდიან ხუთი წლის ან ოთხი წლის უბოროტო ბავშვები იუდეველებისა და უნათლავებისა? სასჯელში თუ სამოთხეში? პასუხი: რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რომელიც ამბობდა, რომ მამათა შეცოდებანი გადადის შვილებზე და რადგან თქვა მან წინასწარმეტყველთა მიერ, რომ არ წარწყმდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო (შდრ. ეზეკ. 18,20; მეორე რჯ. 24,16; 4 მეფ. 14,6; 2 ნეშტ. 25,4), მე მიმაჩნია, რომ არ შევლენ ისინი გეჰენიაში, თუმცა არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა“.16
ჩვილთა წარწყმედის მომხრეები არც ამ ციტატის შინაარსს განიხილავენ და ამბობენ, რომ „იგი აღებულია ამ წმინდანის დაზიანებული თხზულებიდან „კითხვები და პასუხები“ - იხ. Историческое учение об отцах церквы, Филарета Архиепископ Черниговского. Том 3, ст. 179; СПБ, 1882; ზოგიერთი პატროლოგის აზრით კი, აღნიშნული ნაშრომი საერთოდ სხვა ავტორს უნდა ეკუთვნოდეს, ვინაიდან ცალკეულ ხელნაწერებში ის ნიკეის მთავარეპისკოპოს ანასტასის მიეწერება - იხ. ენციკლოპედიური ლექსიკონი „Христианство“.М., 1993, ст. 71.17
ამგვარი ხერხებით აყენებენ ეჭვის ქვეშ ამ ციტატას. მაგრამ საინტერესოა რას ფიქრობენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და საეკლესიო მოღვაწენი... მაგალითად, საქართველოს ეკლესიისთვის გამოგზავნილ ათონელ მამათა პასუხში უნათლავ ჩვილთა საიქიო ხვედრის შესახებ სხვა მამების ციტატებს შორის დამოწმებულია აგრეთვე ეს ადგილიც წმ. ანასტასის ამ თხზულებიდან,18 ასევე იერუსალიმის მართლმადიდებლური სინოდის მიერ გამოგზავნილ პასუხშიც მოიპოვება აღნიშნული ციტატა.19 ამრიგად, მართლმადიდებლური სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილში წმ. ანასტასის აღნიშნული ციტატა ეჭვის ქვეშ არ დგას.
არგუმენტი №5. წმ. გრიგოლ აკრაკანტელი თავის შრომაში „ეკლესიასტეს განმარტება“ კომენტარს უკეთებს ეკლესიასტეს შემდეგ სიტყვებს: „თუნდაც შვას კაცმა ასი და იცოცხლოს მრავალი წელი და სიმრავლე იყოს მის წელთა დღეებისა, და თუ მისი სული არ აღივსება სიკეთით და თუ საფლავიც არ ქმნილა მისთვის, ვიტყოდი: მასზე უფრო კარგია მუცლადმოწყვეტილი, რადგან (ეს კაცი) ამაოებაში მოვიდა და სიბნელეში მიდის და სიბნელეში დაიფარება მისი სახელი“ (ეკლ. 6,3-4). ამ ციტატის დამოწმების შემდეგ ე. ჭელიძე წერს: „ჯერ თვით ხსენებული ციტატიდან სრულიად აშკარაა, რომ თუ უკეთური ადამიანი სიბნელეში მიდის და სიბნელეში იფარება მისი სახელი, მუცლადმოწყვეტილი, რომელიც საღვთო წერილის სწავლებით, ასეთ ადამიანზე უფრო კარგია, ცხადია, არც სიბნელეში წავა და არც წყვდიადში დაინთქმება მისი სახელი (რადგან სხვა რა ნიშნით უნდა იყოს იგი უფრო კარგი?). მეორეც, ასეთი აზრი სრულიად გარკვევითაა სწავლებული ხსენებული მოძღვრის, წმ. გრიგოლ აკრაკანტელის მიერ, რომელიც უაღრესად მკვეთრად აღნიშნავს, რომ მუცლადმოწყვეტილი აბსოლუტურად უდანაშაულოა. მისი სიტყვები შემდეგია: „მუცლადმოწყვეტილი, რომელიც არანაირად არ არის შემცნობი არც სიკეთისა, არც უკეთურებისა, კვლავ უმყოფობაში (ე.ი. სიკვდილში, ე.ჭ.) გადადის და არანაირად არ იქნება იგი დადანაშაულებული იმათ გამო, რაც სცოდა“.20
არქიმ. ლაზარეს შეფასებით, აქ ეკლესიასტეს მუხლის აზრი დამახინჯებით არის გადმოცემული, კერძოდ, სიტყვები „ამაოებაში მოვიდა“, „სიბნელეში მიდის“, „სიბნელეში დაიფარება მისი სახელი“ განეკუთვნება მუცლადმოწყვეტილს და არა კაცს.21 მაგრამ ეს აბსურდული აზრი საფუძვლიანად არის უარყოფილი ე. ჭელიძის მიერ ეკლესიასტეს ამ სიტყვების სხვადასხვა ენებზე (ბერძნული, ლათინური, ძველქართული...) საკმაოდ ვრცელი ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზის შედეგად.22
არგუმენტი №6. „ეკლესიასტეს“ აღნიშნულ სიტყვებს ოლიმპიოდორე ალექსანდრიელიც განმარტავს, იგი წერს: „ვამბობ, რომ მუცლადმოწყვეტილი ამგვარ ვინმეზე (ვინც სიკეთით არ აღივსო, ე.ჭ.) უფრო კარგია, რადგან, ერთი მხრივ, ეს უკანასკნელი ამაოებაში მოვიდა და, როგორც უმეცრებაში მცხოვრები, სიბნელეში მიდის, სიბნელეშივე დაიფარება მისი სახელი, ამოიშლება ცოცხალთა წიგნიდან და ვერ ეღირსება სიმართლის მზეს, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეეხება მუცლადმოწყვეტილთა შესახებ მსჯელობას, თუ რატომ მოხდა, რომ ერთნი მკვდრად იშვებიან, მეორენი კი ერთ დღეს ცოცხლობენ ან ორს, ღვთის მიუწვდომელ სამართლიან წინაგანგებას დავუტოვოთ ეს“.23
გ. გაბაშვილის აზრით, ამ ციტატაში არ იგულისხმება მკვდრადშობილთა წარუწყმედელობა, არამედ „ეკლესიის მასწავლებელი მხოლოდ უდარებს მარტოდენ პირველშობილი ცოდვით დამძიმებულის ხვედრს ნებელობითი ცოდვებით დამძიმებულისას, და ამბობს, რომ პირველი უმჯობესია უკანასკნელზეო; მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ჯოჯოხეთშიც არსებობს ტანჯვის მეტნაკლებობა“.24 მაგრამ წმ. მამის სიტყვებში არავითარი მინიშნება არ არის ასეთი დასკვნის გამოსატანად.
არგუმენტი №7. ასევე როგორც ცნობილია, წმ. ბასილი ახლის ცხოვრება შეიცავს საზვერეთა აღწერილობას და სამომავლო განკითხვის წინასწარმეტყველურ ხილვას, სადაც შესაბამის ადგილას უფალი ამგვარ ჩვილთა მიმართ ბრძანებს, რომ მიეცეთ მათ მოსვენების ადგილი და „მცირე რამ დატკბობა საუკუნო ცხოვრებით“. აღნიშნული მონაკვეთი წმ. ბასილი ახლის ცხოვრებიდან შემდეგს გვაუწყებს: „...ხოლო ამჟამად მსაჯულის წინაშე მდგარი კრებული დაბრმავებული იყო და იწინამძღვრებოდა იგი ღვთის ნიშანცემით. მასში არ განიჭვრიტებოდა არც უკეთურება, არც კეთილობა. და მიჰხედა უფალმა მათ და არ გამწყრალა მათზე. მაგრამ მათ მშობლებზე ძალიან განრისხდა, რომლებმაც არ ისწრაფეს, რომ საღვთო ნათლობით სრულეყოთ და გაენათლებინათ. და ბრძანა უფალმა მიეცათ მათთვის ადგილი მოსვენებისა სამხრეთით და მცირე რამ დატკბობა საუკუნო ცხოვრებით ღვთის გამოუთქმელი წყალობისა და კაცთმოყვარეობის გამო. და მაშინ ღრმა გულიდან ამოიკვნესა და თქვა ყოველმა მათგანმა მართალი მსაჯულისადმი: „ჰოი, უფალო, კეთილი ხარ და კეთილმოწყალე და შენს ხელთაგან შექმნილთა მიმართ გულკეთილი ხარ შენი სიკეთისა და კეთილმოწყალების შესაბამისად. მხოლოდღა ამას ვითხოვთ, რომ მივემთხვიოთ რამ წყალობას და არა სხვა რამეს, რადგან შენ, როგორც ცხოვრებისა და სიკვდილის უფალმა შენს მსჯავრთა მიერ დაგვაკელი ჩვენ ამ წუთიერ ცხოვრებას მანამ, სანამ მცნობელობა გვექნებოდა, სანამ ჩვენი გრძნობები სრულიქმნებოდა ხრწნადი სხეულის შემტკიცებისა და ზრდის კვალობაზე. ამიტომ, როგორც ღმერთი, მოწყალებით თანალმობიერი იყავი ჩვენდამი“. და ამრიგად, განაჩინა უფალმა მიეცათ მათთვის მოსვენებულობა სამხრეთით და შედგომა მცირე რამ განსვენებისადმი, თუმცა - გაშორებულად მართალთაგან და მათი მემკვიდრეობისაგან. ხოლო ეს იყო კრებული უასაკო ჩვილთა და ყრმათა ქრისტიანების თესლიდან, რომლებმაც ვერ მოასწრეს მიღება წმინდა ნათლისღების ბეჭდისა“.25
ოპონენტებმა აქაც გამონახეს კრიტიკის საშუალება. ვერ გაბედეს რა ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ აღნიშნული ადგილი წმ. ვასილი ახლის ამ „ცხოვრებიდან“ (რადგან ეს ნაშრომი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს ფუნდამენტალისტებში, ამის მიზეზი კი შემდეგია: იგი წარმოადგენს ერთადერთ წერილობით წყაროს ეკლესიის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში, რომელშიც საუბარია ე.წ. საზვერეებზე) ჩვილების მიმართ უფლის განაჩენს განმარტავენ როგორც მათ დაღუპვას: „უნათლავი ყრმების შესახებ ზემორეციტირებული ადგილი მოთავსებულია წყმედულთა, ასე ვთქვათ, სექტორში: წინ უსწრებს მას დაცემულ მონაზონთა სამსჯავრო და შემდეგ მოსდევს მწვალებელ არიოზელთა განკითხვა, - ამდენად ბასილი ახლის ცხოვრებაში სტრუქტურულად პირდაპირ მითითებულია უნათლავი ყრმების საბოლოო ადგილი განსჯილ სამყაროში - ისინი წარწყმედულთა შორის არიან!“.26
მაგრამ გაუგებარია შემდეგი: რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვის შემდეგ და ვისზე წინ არის ადამიანის სულისთვის განაჩენი გამოტანილი, თუკი კონკრეტულად მის მიმართ (ამ შემთხვევაში ჩვილთა კრებულის მიმართ) ღმერთი ცხადად და ნათლად ამბობს, რომ მიეცეთ მათ „მცირე რამ დატკბობა საუკუნო ცხოვრებით“, ანუ მართალია, ასეთი ჩვილები მცირე ხარისხის ნეტარებაში, მაგრამ მაინც სასუფეველში იქნებიან „ღვთის გამოუთქმელი წყალობისა და კაცთმოყვარეობის გამო“, როგორც ეს იქვეა აღნიშნული. (აქვე მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნული „ცხოვრება“ არ წარმოადგენს მართლმადიდებლური სწავლების შემცველ ნაშრომს. თვით ბიზანტიაშიც კი საეკლესიო ხელისუფლება არ აღიარებდა ამ „ცხოვრებაში“ გადმოცემული ხილვების ჭეშმარიტებას და იგი ნოვატორულ ტექსტად იყო მიჩნეული. თანამედროვე თეოლოგიური და პატრისტიკული კვლევებით დადგენილია, რომ წმ. ვასილი ახალს არაფერი აქვს საერთო „საზვერეებით სახელგანთქმულ ფანტასტიკურ ბერ ვასილისთან“. ამ „ცხოვრების“ ავტორია გრიგოლ თრაკიელი. მასში არსებული მრავალი წინააღმდეგობისა და ერეტიკული შეხედულებების შესახებ იხ. შემდეგი გამოკვლევა: Archbishop Lazar Puhalo. The tale of elder Basil „The new“ and the Theodora myth. Canada, Synaxis Press, 1994; ნაშრომის შემოკლებული თარგმანის გაცნობა შესაძლებელია ჟურნალში „არჩევანი“ №3-4, 2006).
არგუმენტი №8. წმ. ფილარეტ მოსკოველი: „...თქვენ გაშინებთ ჩვილის სულის საიქიო ხვედრი. იზრახეთ გულში, რომ როგორც ღმერთის მართლმსაჯულება მიუწვდომელი და უსაზღვროა, ასევე უფლის მოწყალებაც მიუწვდომელი და უსაზღვროა; სული, რომელიც ატარებს მხოლოდ პირველმშობელთა ცოდვას, და ესეც იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა საშუალება ამ ტვირთის მოხსნისა, - რა თქმა უნდა, ღვთის წინაშე არ იქნება გათანაბრებული იმ სულებთან, რომელნიც თვითნებური ცოდვებით გეჰენიისკენ გზას იკაფავენ... თუ წაგიკითხავთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-40 სიტყვა ნათლისღების შესახებ? აი, რას წერს იგი: „ზოგს საშუალებაც არა აქვს ამ ძღვენის (ნათლისღების) მიღებისა, ან მცირეწლოვნობის გამო, ანდა მათგან სრულიად დამოუკიდებელ სხვა გარემოებათა მიზეზით... ეს უკანასკნელნი (რომელთა შესახებაც ახლა ვამბობდით) მართალი მსაჯულის მიერ არც განდიდდებიან, და არც დაისჯებიან, იმისათვის, რომ თუმცა აღბეჭდილნი არ იყვნენ, მაგრამ არც ცუდები არიან, და უმეტესად ზღვევა იწვნიეს, ვიდრეღა ვინმეს რაიმე ავნეს“.27
წმ. ფილარეტის ამ მსჯელობის იგნორირებასაც „ადვილად“ ახერხებენ ოპონენტები და ამბობენ, რომ ამ აზრის გამოთქმისას „მიტროპოლიტი ფილარეტი უფრო ნუგეშისცემით მიზნებს ისახავს, ვიდრე დოგმატურს“.28 გამოდის, რომ წმ. ფილარეტს სინამდვილეში სხვაგვარი შეხედულება ჰქონდა ამ საკითხზე, პირად წერილში კი სხვა აზრს გამოთქვამდა. მაგრამ თუკი უნათლავი ჩვილების წარწყმედა დოგმატური ჭეშმარიტებაა, მაშინ საინტერესოა, რატომ შესცოდა წმ. მამამ და დაამახინჯა ეს ჭეშმარიტება? გარდა ამისა, ნუგეშისცემა ხომ ღვთის სიტყვაზე და არა სიცრუეზე უნდა იყოს დაფუძნებული? ასევე ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ წმ. ფილარეტი იმოწმებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომელიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ამ ჩვილებს არ უქვემდებარებს საუკუნო სატანჯველს.
არგუმენტი №9. წმ. ამბროსი ოპტინელის ცალსახა აზრით კი ასეთი ჩვილები სასუფევლის მკვიდრნი არიან. წმ. ბარსანუფ ოპტინელი წერს: „გადმომცემდა მე მამა ჰილარიოსი, მონასტრის სულიერი მოძღვარი, რომ მამა ამბროსი უნათლავი ყრმების შესახებ ასე ამბობდა: „თუმცა ისინი ჩვენი მაცხოვრის მსხვერპლით სასუფეველში იქნებიან, მაგრამ იქ ბრმებად დარჩებიან, ანუ მოაკლდებიან შესაძლებლობას ჭვრიტონ პირი უფლისა შედეგად იმისა, რომ წმ. ნათლისღების უქონლობის გამო პირველმშობელთა ცოდვა მათგან არ ჩამორეცხილა“.29
ოპონენტთა საპირისპირო განცხადება ასეთია: „ჩვენ საერთოდ ეჭვს ქვეშ ვაყენებთ ციტირებული წყაროს სანდოობას - იმდენად აბსურდული სწავლებაა იქ მოცემული. მართლაც, ღმერთის სასუფეველი გულისხმობს ღვთისმჭვრეტელობას, რაშიც იხილვება და ითავისება ყველა ჰიპოსტასი ნეტარებისა; იყო ღმერთის სუფევაში და ღმერთს ვერ ხედავდე, - ეს ისეთივე პარადოქსია, როგორც, ვთქვათ, იყო ჯოჯოხეთში და ნეტარებდე“.30
რა შეიძლება ითქვას ასეთი „კომპეტენტური“ საღვთისმეტყველო ანალიზისა თუ დიაგნოზის შესახებ? არ დავიწყებთ რა ვრცელ და კადნიერ მსჯელობას სასუფეველში ყოფნის მდგომარეობის თვისებების შესახებ, მხოლოდ მოკლედ ავღნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვიცით რა იგულისხმება ამ ტერმინით აღნიშნულ მდგომარეობაში...
არგუმენტი №10. წმ. თეოფანე დაყუდებული: „ხოლო ბავშვები ყველა ღმერთის ანგელოზები არიან; უნათლავები, ისევე როგორც ყველანი რწმენის გარეშე მყოფნი, ღვთის მოწყალებას უნდა მივანდოთ; ისინი ღვთის გერები არ არიან და ამიტომ უფალმა უწყის, რა და როგორ დააწესოს მათ მიმართ, ღმერთის გზები აღურაცხელია (მიუწვდომელია)“.31
ოპონენტები ამ ციტატას შემდეგნაირად აფასებენ: „როგორც ვხედავთ წმ. თეოფანე აქ არა მარტო უნათლავ მცირეწლოვნებზე, არამედ ურწმუნო ზრდასრულ ადამიანებზეც მსჯელობს... თუკი დავუშვებთ, რომ წარმოდგენილი ტექსტით ეს წმინდანი უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების წარუწყმედელობას ასწავლის, მაშინ იგივე წარუწყმედელობა ავტომატურად ურწმუნო ზრდასრულებსაც უნდა მივუყენოთ... და საბოლოოდ რას მივიღებთ: რომ წმ. თეოფანე დაყუდებული ასაკოვანი ურწმუნო ადამიანების წარუწყმედელობას ქადაგებს“.32
მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამგვარი წინასწარი და ნაჩქარევი დასკვნები არ წარმოადგენს თავად წმ. თეოფანეს შეხედულებებს. იგი არც არავის წარუწყმედელობას და არც არავის წარწყმედას ქადაგებს, არამედ გარკვევით ამბობს, რომ „უფალმა უწყის, რა და როგორ დააწესოს მათ მიმართ“.
არგუმენტი №11. წმ. იოანე კრონშტატელის 1908 წლის ხილვაში ვკითხულობთ: „...იმ ჩვილებმაც მიიღეს გვირგვინები ზეციური მეუფისაგან, რომელნიც მოწყვეტილნი არიან დედის საშოში, და უსახელოთაც“.33
ოპონენტების თქმით, ეს „ხილვა დიდხანს უცნობი იყო ეკლესიისთვის. როდესაც ის გამოჩნდა და გამოქვეყნდა, მას მერე მის გარშემო კამათები არ შემწყდარა. ბევრი დღემდე თვლის, რომ ის წმ. იოანეს არ ეკუთვნის და მხოლოდ მიეწერება მას. ამ მიმართულებით ყველაზე სერიოზული არგუმენტი გახლავთ თავად სერგი ფომინის - ამ ხილვის გამომცემლისა და უმთავრესი გამავრცელებლის უფრთხილესი დამოკიდებულება შესაძლო აპოკრიფისადმი. აი, რას წერს იგი წიგნში „Россия перед вторым пришествием“: „რა თქმა უნდა, ყველა წინასწარმეტყველება ერთნაირი ნდობის ღირსი არ არის (ნაკლებად სანდონი წინამდებარე წიგნში წვრილი შრიფტითაა გამოყოფილი)“. წმ. იოანე კრონშტატელის ზემოთ ციტირებული ხილვაც სერგი ფომინის წიგნში წვრილი შრიფტითაა დაბეჭდილი! ვფიქრობთ, რომ თუკი ამ ხილვის მთავარი პოპულარიზატორი ბოლომდე ნდობას ვერ უცხადებს თავის პროტეჟეს, მით უმეტეს, ჩვენის მხრიდან ჯეროვანია მისდამი დისტანციის დაჭერა“.34
აქ კი უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არგუმენტი მართებულადაა ეჭვის ქვეშ დაყენებული და მასზე დათანხმებაც უყოყმანოდ შეიძლება. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ არგუმენტის არსებობა-არარსებობას უკვე აღარ გააჩნია დიდი მნიშვნელობა ოპონენტთა ზემოთ და ქვემოთ წარმოდგენილი ყველა მსჯელობის აშკარა უსუსურობის ფონზე.
არგუმენტი №12. არქიეპისკოპოსი თეოფანე (ბისტროვი): „მეკითხებით: რა ხვედრი ერგებათ ებრაელთა გარდაცვლილ ჩვილებს და საერთოდ ებრაელებს? ჩვენთვის ეს დაფარულია და ამიტომ საკმარისია გვწამდეს, რომ ისე განეგება მათი ბედი, როგორც ამას ღვთაებრივი სიყვარული და სამართალი ითხოვს. როდესაც მსგავს საკითხებზე ფიქრობდა წმ. ანტონი, მისთვის არსობრივად არ იქნა გახსნილი ეს საკითხები, არამედ მხოლოდ ხმა მოესმა ზეციდან: „ანტონი! საკუთარ თავს მიხედე“, ანუ იზრუნე საკუთარი თავის ხსნაზე, ხოლო დანარჩენი ადამიანების ცხონება ღვთის განგებას მიანდე...“.35
აღნიშნული მამის აზრი პოლემიკის დროს არ ყოფილა მოყვანილი არცერთი მხარის მიერ.
არგუმენტი №13. მღვდელმონაზონი არსენ ათონელი: „ჩვილებთან დაკავშირებით, რომლებზეც გვთხოვენ, რომ ჩვენგან შეიტყონ, შეიძლება ითქვას, რომ წმ. ნათლობის მიმღებნი იხარებენ და ინეტარებენ სასუფეველში სამარადისოდ, თუნდაც რომ მოულოდნელად დაასრულონ სიცოცხლე. ასევე არ უნდა იქნენ უარყოფილნი არც ის ჩვილები, რომლებიც მკვდრად იშვნენ, ან ვერ მოესწრო მათი მონათლვა: ისინი არ არიან დამნაშავენი ნათლობის არ მიღებაში, ხოლო ზეციერ მამას კი მრავალი სავანე აქვს, რომელთა რიცხვშიც, რა თქმა უნდა, არის ისეთი ადგილიც, სადაც ამგვარი ჩვილები განისვენებენ (...) ასეთი ფიქრი არ არის ეკლესიის საწინააღმდეგო, რაზეც მოწმობენ წმ. მამებიც ხორციელის შაბათის სვინაქსარში“.36
არც ამ მამის აზრი ყოფილა მოყვანილი პოლემიკის დროს.
არგუმენტი №14. დამოწმებულ იქნა აგრეთვე წმ. იოანე ოქროპირის სწავლება ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ ჩვილთა შესახებ. ამასთან დაკავშირებით კი მოვუსმინოთ პატროლოგ ედიშერ ჭელიძეს: „...იგივე სწავლება გვხვდება წმ. იოანე ოქროპირთან. დიდი მოძღვარი ეხება რა ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ უნათლავ ჩვილთა საკითხს, ჯერ ზოგადად აღნიშნავს: „უკუეთუ ცოდვანი არა აქუნდენ, მომატყუებელ (ე.ი. შემძენელი, ე.ჭ.) გვირგვინთა და სასუფევლისა ბჭეთა განმღებელად ექმნებიან მოწევნანი ჭირთა და განსაცდელთანი“ (იხ. „თარგმანებაი მათეს სახარებისაი“, წიგნი 1, თბ., 1996, გვ. 150. პარალელისათვის კვლავ გავიხსენოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები ზოგადად უნათლავად მოწყვეტილ ჩვილთა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა შესახებ: „არათუ თვით ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია მათ ზედა დაჭირვებაი იგი“). შემდეგ საკუთრივ ჰეროდესგან მოწყვეტილ ჩვილთა შესახებ ასე გვამცნობს: „ქრისტესთვის მოსწყდეს და წამებისა გვირგვინი მიიღეს“ (გვ. 150). უაღრესად საგულისხმოა, რომ წმ. იოანე კვლავ განაზოგადებს ხსენებულ ჩვილთა შესახებ მისეულ სწავლებას და დაასკვნის: „უფალმა შეუნდო (ახალქართ. „დაუშვა“) მათ ზედა მოწყვედაი იგი და შეიწყნარნა სავანეთა მათ ზეცისათა. ესე არიან სიტყვანი ჩუენ მიერ მოწყუედისა მისთვის ყრმათაისა და სხვისა ესევითარისათვის თქუმულნი“ (იქვე). როგორც ვხედავთ, წმ. იოანეს სწავლება „ითქვა“ არა მხოლოდ ჰეროდესგან მოწყვეტილთათვის, არამედ ყველა სხვა მსგავსი შემთხვევისათვის („და სხვისა ესევითარისათვის“). ამრიგად, თუ ხსენებული მოძღვარი ჰეროდესგან მოწყვეტილ ჩვილებს, როგორც ძალადობის მსხვერპლთ, მოწამეებად თვლის, თუმცა კი ამ ჩვილთა პიროვნული ნება ცნობიერად აბსოლუტურად არ მონაწილეობდა აღნიშნულ მოწამეობაში (ძუძუთა ბავშვებს რა ცნობიერი არჩევანი უნდა ჰქონოდათ მაცხოვრისათვის მოწამეობისა?), როგორ იქნება სარწმუნო, რომ სხვებს, ასევე ძალადობის მსხვერპლთ (ვთქვათ, მუცელში მოწყვეტილთ), საუკუნო ცეცხლს განუკუთვნებს იგი?“37
ამასთან დაკავშირებით არქიმ. ლაზარე წერს: „ნუთუ ნებისმიერი სიკვდილი ჩვილისა ყოველთვის მოწამეობრივია?“38 ხოლო ცოტა ქვემოთ წერს: „თუკი წმ. იოანე აქ საუბრობდა „სხვისა ესევითარისათვის“ („О других таких же“), საუბრობდა არა სხვაგვარად აღსრულებულ ჩვილებზე, არამედ მხოლოდ მათზე, ვინც მათ მსგავსად ქრისტესთვის იქნენ მოკლულნი“.39
ალბათ სადაო არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანი უფლის წინაშე მოწამედ ირაცხება, ამისათვის საჭიროა თავად ამ ადამიანის ნების თანხმობა მოწამეობაზე. მაგრამ ჰეროდეს მიერ მოწყვეტილი ჩვილების შემთხვევაში, მხოლოდ უფლის ნებით და დაშვებით მოხდა იმგვარი მოვლენების განვითარება, რომლის შედეგადაც ეს ჩვილები, ისევ თავად უფალმა მოწამეებად შერაცხა. ასე რომ, აქ არ მონაწილეობდა ჩვილთა ნება მათ მოწამეობრივ აღსასრულში, და თუკი ამ ჩვილებს გაცნობიერებულად არ უტვირთიათ ეს მოწამეობა და მაინც მოწამეებად შეირაცხნენ უფლის მიერ, მაშინ რატომ ვართ დარწმუნებულნი, რომ სხვა დანარჩენი ჩვილებიც არ ჩაითვლებიან მოწამეებად იგივე უფლის მიერ? მით უმეტეს, თუ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებსაც გავიხსენებთ, რომ უნათლავად გარდაცვლილმა ჩვილებმა არათუ თვით ქმნეს რაიმე ბოროტება, არამედ თავად განიცადეს ზიანი.
არქიმ. ლაზარე ასევე შემდეგ დეტალზეც მიუთითებს: „რუსულ თარგმანში საერთოდ არ არის სიტყვები „სხვისა ესევითარისათვის“ („О других таких же“), არამედ მხოლოდ შემდეგი წერია: „ასეთია საფუძველნი ჩვენი მსჯელობისა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი (ყველა საფუძველი), არამედ არის კიდევ სხვა დაფარული (საფუძვლებიც), რომელნიც სრულყოფილად მხოლოდ ამის მომწყობელმა იცის“ (Беседа 9,3, დ.თ.).40
პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ მათეს სახარების ოქროპირისეული განმარტება თარგმნილია წმ. ექვთიმე ათონელის მიერ. ეს წმინდანი იგივე ავტორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მართლმ. ეკლესიისთვის, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბიზანტიის მართლმ. ეკლესიისთვის. ამრიგად, წმ. ექვთიმეს აღნიშნული სიტყვები იგივე ღვთივშთაგონებულად ითვლება, როგორც თავად ოქროპირის სიტყვები, რადგან მათი შთამაგონებელი ერთიდაიგივე სულიწმინდა იყო.
მეორე: არც თავად ის ადგილი, რომლის რუსული თარგმანიც არქიმ. ლაზარეს მოჰყავს, არ იუწყება დანარჩენ ჩვილთა (ჰეროდეს მიერ მოწყვეტილი ჩვილების გარდა) საუკუნო წარწყმედას, რადგან როგორც ამ ადგილის ბოლო სიტყვები გვაუწყებს „არის კიდევ სხვა დაფარული, რომელიც სრულყოფილად მხოლოდ ამის მომწყობელმა (ღმერთმა, დ.თ.) იცის“.
არგუმენტი №15. ასევე ძალზედ საინტერესოა, თუ რა პოზიცია აქვთ აღნიშნულ საკითხზე სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს. ვითარება ამგვარია: საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნათლავ ჩვილთა საიქიო ხვედრთან დაკავშირებით გაგზავნილ შეკითხვაზე მიიღო პასუხი ათონის წმ. მთის ოცი მონასტრის ყველა წარმომადგენლისა და წინამძღვრის სახელით. ათონელ მამათა პასუხის ძირითადი შინაარსი იყო შემდეგი (ვრცლად იხ. მითითებულ წყაროში): პირველცოდვით დამძიმებული, მაგრამ პიროვნულად უმანკო უნათლავი ჩვილები, არც იდიდებიან ცათა სასუფეველში, არც მარადიულ წარწყმედას მიეცემიან „რადგან არ სჯის ღმერთი საუკუნო წარწყმედით შვილებს მამათა ცოდვების გამო“.41
არგუმენტი №16. საქართველოს მართლმ. ეკლესიამ აგრეთვე მიიღო პასუხი იერუსალიმის მართლმ. ეკლესიის სინოდისაგან, რომლის ძირითად შინაარსს წარმოადგენს შემდეგი სიტყვები: „...არ არსებობს არანაირი ეჭვი იმის შესახებ, რომ ადამიანისათვის გზა ცხონებისა ნათლისღებისმიერია. ურწმუნო და ნათლობის უგულებელმყოფელი თავის თავს აკლებს ცხონებას, თუმცა ამის თქმა სავსებით არ შეიძლება უასაკო ბავშვთა შესახებ, რადგან ისინი არც ურწმუნონი ყოფილან, არცთუ უგულებელმყოფელნი საკუთარი ნათლობისა... საეკლესიო კანონები არაფერს ამბობენ ამ უნათლავი ბავშვების სულთა მდგომარეობაზე სიკვდილის შემდეგ, რადგან იგი (ეს მდგომარეობა) აშკარად განეკუთვნება ღვთის მსჯავრს, სიყვარულს, სამართლიანობას და მოწყალებას... წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც ასევე ამბობს: „საეჭვოებში იმარჯვებს ღვთის კაცთმოყვარეობა“ (სიტყვა წმინდა ნათელთათვის, PG 36, 357)“.42
არგუმენტი №17. საქართველოს საპატრიარქომ ასევე სრულიად გარკვეული და ერთმნიშვნელოვანი პასუხი მიიღო, მაგალითად, პსკოვო-პეჩორის მონასტრის სულიერი მოძღვრის არქიმ. იოანე კრესტიანკინისაგან და წმ. სამების სერგისეული ლავრის სულიერი მოძღვრის არქიმ. კირილე პავლოვისაგან (ამ ადამიანთა შეხედულებების დამოწმება ასევე აუცილებელია იმდენად, რამდენადაც მათ ავტორიტეტში ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ). პირველი მათგანი წერს: „Вопрос об этих младенцах у нас не стоит, они не вошли в мире в облике человеческом, а вопрос о душе зародившиеся в момент зачатия, мы решать не можем - это тайна Божия. Если Господ определит их как мучеников - Господ определит, Господ и управит в вечности. Но горе матери. Вот о ком должны быть думы наши. Ей надо помоч найти путь к покаянию истинному. Пока жива она и жива надежда на спасение - покаянием.“ მეორე მოძღვრის, არქიმანდრიტ კირილეს შესახებ კი მოიწერეს, რომ იგი „не дерзает рассуждать на подобного рода богословские вопросы (о загробной участи младенцев и проч.). Это проблемы не его уровня и он не считает себя в праве выносить свое суждение по этому поводу“ (პასუხის ორიგინალები ინახება საქართველოს საპატრიარქოში).43
არგუმენტი №18. წმ. ეფრემ ასური დარწმუნებულიც კია იმაში, რომ ყველა გარდაცვლილი ყრმა, მონათლულნი არიან ისინი თუ არა, იღებენ მარადიულ ნეტარებას: „დიდება შენ, ღმერთო ჩვენო, ჩვილებისა და ყრმების ბაგეთაგან, რომლებიც, როგორც წმინდა კრავები ედემში, სასუფეველში ნეტარებენ! როგორც სულიწმინდა ამბობს (ეზეკ. 34,14) მთავარანგელოზი გაბრიელია მათი მწყემსი... იმ დღეს, როდესაც ისინი ძე ღვთისას ხმას გაიგონებენ, გაიხარებს და გამხიარულდება მათი ძვლები, თავს მოიდრეკს თავისუფლება, რომელმაც ვერ მოასწრო მათი სულების შეშფოთება. მოკლე იყო მათი დღეები ამ მიწაზე, მაგრამ მათი სიცოცხლე ახლა ედემში მიმდინარეობს...“44
პოლემიკის დროს არც ეს ციტატა ყოფილა დამოწმებული.
არგუმენტი №19. არქიმანდრიტ რაფაელის აზრით, ნეტარი ავგუსტინე „გამოთქვამდა ეკლესიის სწავლებას იმის შესახებ, რომ უნათლავ ჩვილებს არ შეუძლიათ სასუფევლის დამკვიდრება“.45
კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიამ არ იცის ასეთი სწავლება და შესაბამისად არასწორია იმის თქმა, რომ ნეტარი ავგუსტინე გამოთქვამდა ეკლესიის სწავლებას ჩვილების ჯოჯოხეთში მოხვედრის შესახებ. სხვათაშორის ამის შესახებ ერთ-ერთ დოგმატურ სახელმძღვანელოში აღნიშნულია: „დოგმატურად ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ეკლესია არ იზიარებს ნეტარი ავგუსტინეს უკიდურესობებს, რომელსაც მიაჩნდა, რომ მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში მიდიან“.46 ამასთანავე ოპონენტებისათვის ალბათ უცნობია, რომ ნეტარი ავგუსტინეს ეს აზრი მჭიდრო კავშირშია მის მცდარ სწავლებასთან წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ.
არგუმენტი №20. ჩვილთა წარწყმედის მომხრეებს მოჰყავთ აგრეთვე იმ მამათა გამონათქვამები, რომელთა მიხედვით, ვინც არ მოინათლება, ვერ გადარჩება: „1) წმ. იოანე დამასკელი: „ნათლობის გარეშე არავის შეუძლია ჰქონდეს ცხონების იმედი, თუნდაც რომ იგი უკეთილესი ადამიანი იყოს“ (Повесть о Варлааме и Иоасафе); 2) ნეტ. თეოფილაქტე: „ვინც ირწმუნა, მაგრამ არ მოინათლა, არამედ დარჩა როგორც კათაკმეველი, იგი არც არის ცხონებული“ (Толкование на ев. Мк., гл. 14 в конце); 3) წმ. კირილე იერუსალიმელი: „ვინც ქებას იმსახურებს თავის საქმეთა გამო, მაგრამ წყლით არ აღბეჭდილა, ვერ შევა ცათა სასუფეველში“ (3-е огласительное слово 4, стр.41).47
მაგრამ ამ ციტატებით წმ. მამები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ნათლისღება აუცილებელია ადამიანისათვის, რაზეც არავინ დავობს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ციტატებით გამოთქმული აზრი წარმოადგენს ჭეშმარიტების მხოლოდ ერთ მხარეს, რადგან თუკი მხოლოდ წყლით აღსრულებული ნათლობა არის ნათლობა, როგორც, მაგალითად, ამას წმ. კირილე იერუსალიმელი ამბობს („ვინც წყლით არ აღბეჭდილა, ვერ შევა ცათა სასუფეველში“), მაშინ ყველა ის ადამიანი, ვინც ნათლობის გამონაკლისი წესით მოინათლა, გამოდის, რომ არ ყოფილან მონათლულნი. მაგრამ ეკლესიის ისტორიაში ნათლობის გამონაკლისი წესების შემდეგი სახეობები არსებობს: 1. სისხლით ნათლობა მოწამეებისა; 2. ცის ნამით ნათლობა; 3. ზღვაში ჩავარდნით ნათლობა; 4. ქვიშით ნათლობა; 5. ცრემლით ნათლობა;48 6. ჰაერით ნათლობა. ამ უკანასკნელი სახეობის შესახებ კი მოვუსმინოთ მართლმადიდებლურ სამყაროში აღიარებულ საეკლესიო სამართლის ცნობილ სპეციალისტს, ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების დოქტორს პ. ი. ბუმისს: „ადამიანის ცხონების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნათლობა, ანუ წყალში სამგზისი შთაფლვა და იქიდან ნათელღებული ამოსვლა, რომელიც აღსრულებულია კანონიერი მღვდელმსახურის მიერ (შდრ. მოციქულთა 49-ე და 50-ე კანონები). მაგრამ თუ ჩვილი სიკვდილის პირასაა, ეკლესია მისი ცხონებისათვის უშვებს აკრიბიის პრინციპიდან გადახვევას და ნათლობა სრულდება იკონომიის პრინციპით, ანუ ნათლობა უბრალო ერისკაცსაც კი შეუძლია, წმ. სამების სახელით სამგზის ასწიოს ჰაერში მომაკვდავი ჩვილი, რომ იგი ჩაითვალოს მონათლულად (ნათლობა ჰაერით)“.49
არგუმენტი №21. პატროლოგი ედიშერ ჭელიძე: „აღნიშნავენ იმასაც, რომ თითქოს უნათლავ ჩვილთა წარუწყმედელობა კართაგენის კრების 110-ე კანონის უარყოფაა. სინამდვილეში ამ კრების კანონი შეაჩვენებს მხოლოდ იმათ, რომლებიც თვლიან, რომ ჩვილებს არა აქვთ ადამისეული პირველცოდვა და თითქოს ამიტომ ნათლობაც არ სჭირდებათ მათ. ამგვარი აზრი, რა თქმა უნდა, უმძიმესი ცოდვაა და ანათემას ექვემდებარება, მაგრამ ხსენებულ კანონში აბსოლუტურად არაფერია თქმული სრულიად უდანაშაულოდ უნათლავად აღსრულებულთა საუკუნო წარწყმედის შესახებ, არადა ამის აღნიშნვას, თუკი ამგვარი დოგმატი (ე.ი. დოგმატი უდანაშაულოდ უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო წარწყმედის შესახებ) მართლაც არსებობდა, სწორედ მითითებულ კანონში უნდა ჰქონოდა ადგილი, რადგან ეს კანონი საკუთრივ ჩვილთა ნათლობას ეხება“.50
ამასთან დაკავშირებით არქიმანდრიტი ლაზარე გვაუწყებს, რომ „ასეთი დოგმატები, ვინმეს საუკუნო დაღუპვის შესახებ საერთოდ არ არის რჯულისკანონში, საეკლესიო კრებების ვერცერთ კანონში ვერ იპოვით მითითებას იმის შესახებ, თუ რომელ ადგილას მიდის ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ“.51 არქიმანდრიტის თქმით, საეკლესიო კანონებში არ არის მიღებული შემდეგი გამოთქმები: „ასეთები იღუპებიან“, „ვერ ცხონდებიან“ და ა. შ.52 რომ ეკლესიას არ გამოაქვს დოგმატი ვინმეს დაღუპვის შესახებ, არამედ მხოლოდ თავისი სხეულისაგან იკვეთავს და გადასცემს ანათემას.53 მაგრამ არქიმ. ლაზარე იქვე, თვითონვე განმარტავს, თუ რას ნიშნავს „ეკლესიისგან მოკვეთა“. იგი წერს: „ეკლესიისგან მოკვეთა თავისთავად ნიშნავს ყველაზე სასტიკ და ყველაზე ნათელ გამოცხადებას ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ ადამიანის დაღუპვის შესახებ“.54 ე.ი. „ეკლესიისგან მოკვეთა“ და „დაღუპვა“ ერთი და იგივე ყოფილა. მაშინ, საინტერესოა, რატომ აცხადებს პატივცემული არქიმანდრიტი, რომ საეკლესიო კანონები არ გვაუწყებენ არცერთი ადამიანის დაღუპვას? ამას გარდა: განა თავად ოპონენტთა მიერ ხშირად დამოწმებულ „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში“ (პუნქტი 16) არ წერია შემდეგი სიტყვები უნათლავ ჩვილებთან დაკავშირებით, რომ ისინი „უსათუოდ ეწევიან საუკუნო სასჯელს ამ ცოდვისათვის (ადამის ცოდვისათვის, დ.თ.) და მაშასადამე, ვერც ცხონდებიან“?
ამრიგად, კართაგენის კრების 110-ე კანონი (განსხვავებით ამ პატრიარქთა ეპისტოლესგან) სრულიადაც არ გვეუბნება იმას, რომ ასეთი ჩვილები „დაიღუპებიან“, ან „ვერ ცხონდებიან“ და კანონში არც ის წერია, რომ ისინი „მოკვეთილნი არიან ეკლესიისგან“, არამედ მხოლოდ აღნიშნულია, რომ ჩვილებს სჭირდებათ ნათლისღება, რადგან მათ გააჩნიათ ადამის ცოდვა, რაც სრული ჭეშმარიტებაა.
არგუმენტი №22. როგორც აღინიშნა, ოპონენტთა მხრიდან ხშირად მოიყვანება ე.წ. სიმბოლური წიგნი „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე“, სადაც უნათლავი ჩვილების შესახებ ნათქვამია, (პუნქტი №16): „...თუკი ყრმანიც საჭიროებენ ცხონებას, მაშინ მათ ისიც სჭირდებათ, რომ მოინათლონ. ისინი კი, ვინც ხელმეორედ არ იშვებიან და ამის გამო არც მიუღიათ პირველმშობელთა ცოდვის შენდობა, უსათუოდ ეწევიან საუკუნო სასჯელს ამ ცოდვისათვის და მაშასადამე, ვერც ცხონდებიან.“
მაგრამ აქ ძალზედ მკაფიოდ და შეუვალად უნდა ითქვას, რომ აღნიშნული „სიმბოლური წიგნები“ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ სარგებლობს ისეთი ავტორიტეტით, როგორადაც მათ ოპონენტები წარმოგვიდგენენ. პატრიარქი სერგი (სტრაგოროდსკი), მიტროპოლიტი ანტონი (ხრაპოვიცკი), არქიეპ. ვასილი (კრივოშეინი), დეკანოზი გიორგი (ფლოროვსკი), წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი), წმ. ილარიონ (ტროიცკი) და წმ. იუსტინე (პოპოვიჩი) ეჭვის ქვეშ აყენებდნენ ამ სიმბოლური წიგნების ავტორიტეტულობას და კომპეტენტურობას.55
ყველაზე უფრო ვრცელი და საფუძვლიანი შეფასება მე-17-19 საუკუნეების ამ კატეხიზმოებს მისცა არქიეპისკოპოსმა ვასილი კრივოშეინმა ამ საკითხისადმი სპეციალურად მიძღვნილ გამოკვლევაში.56 მოვიყვანოთ ამ ნაშრომიდან პირველი სიმბოლური წიგნის, მიტროპოლიტ პეტრე მოგილას „მართლმადიდებლური აღმსარებლობის“ შექმნის შესახებ მცირე ისტორიული ექსკურსი: „...აღნიშნული წიგნი პირველად 50 თბ. სას. აკ. და სემ. №3 1999, გვ. 2 დაიწერა ლათინურ ენაზე კიევის მიტროპოლიტ პეტრე მოგილასა და მისი თანამოაზრეების - ისაია კოზლოვსკის და სილვესტრ კოსოვის მიერ, რომელიც მოწონებულ იქნა 1640 წელს პეტრე მოგილას მიერ მოწვეული კრებისგან. ეს წიგნი დასამტკიცებლად გაგზავნილ იქნა კონსტანტინეპოლის პატრიარქ პართენისთან და ამ უკანასკნელის მიერ გადაცემულ იქნა განსახილველად იასის (რუმინეთი, დ.თ.) ადგილობრივი კრებისთვის (1642 წ.). იქ ლათინური ტექსტი ბერძნულ სასაუბრო ენაზე გადათარგმნა სწავლულმა ღვთისმეტყველმა მელეტი სერიგიმ. მან კეთილსინდისიერად შეასწორა და ამოიღო მართლმადიდებლური რწმენისგან ყველაზე უფრო აშკარა ლათინური გადახვევები (იგულ. კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი სქოლასტიკური ტენდენციები, რასაც ბოლო მოუღო ვატიკანის მეორე კრებამ, დ.თ.)... ასეთი გადამუშავებული სახით იგი მიღებულ იქნა კონსტანტინეპოლის პატრიარქის 1643 წლის 11 მარტის წერილით, რომელსაც ხელი მოაწერეს აღმოსავლეთის ოთხმა პატრიარქმა და ოცდაორმა ეპისკოპოსმა, და გაეგზავნა მიტროპოლიტ პეტრე მოგილას კიევში. ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა ტექსტში შეტანილ ცვლილებებს, ამიტომ უარი განაცხადა მის მიღებაზე და გამოქვეყნებაზე. მის მაგივრად მან 1645 წელს გამოაქვეყნა თავისი „მცირე კატეხიზმო“, სადაც კვლავ უბრუნდება თავის ლათინურ ცდომილებებს“.
რაც შეეხება მეორე სიმბოლურ წიგნს, „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე“-ს. ეს კატეხიზმო სინამდვილეში წარმოადგენს მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქის, დოსითეოზის ნააზრევს. მის შესახებ არქიეპისკოპოსი ვასილი წერს: „შეიძლება ითქვას, რომ აქ დოსითეოზი აჭარბებს კიდეც პეტრე მოგილას თავისი ლათინური ტენდენციებით (არქიეპ. ვასილის დაწვრილებით მოჰყავს ამის დამადასტურებელი მაგალითები, დ.თ.)... შემდგომში თავად დოსითეოზ პატრიარქმა აღიარა ნაკლოვანებები თავის ამ ეპისტოლეში და მის მესამე გამოცემაში (იასა, 1960) შეიტანა მთელი რიგი ცვლილებები და დამატებები... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს აღნიშნული ეპისტოლის პირველ რედაქციას, მაგრამ, ამავე დროს, იგი ხდება ერთპიროვნული დოკუმენტი, რადგან ბეთლემის კრებაზე მიღებულ იქნა ჯერ კიდევ შეუსწორებელი ტექსტი. მართალია, 1723 წელს აღმოსავლეთის პატრიარქებმა მიიღეს გასწორებული ტექსტი, მაგრამ იქვე, თანმხლებ წერილში, რომელიც ანგლიკანებისადმია მიმართული, იმოწმებენ ამ ეპისტოლის პარიზულ გამოცემას (1672 წ.), ანუ ჯერ კიდევ შეუსწორებელ ტექსტს. ყოველივე ეს ზღუდავს დოსითეოზის ამ ეპისტოლის მნიშვნელობას, როგორც კრებითი დოკუმენტისას. ხოლო მისი მრავალრიცხოვანი საღვთისმეტყველო ხარვეზები, ისევე როგორც მისი წარმოშობის შემთხვევითი ხასიათი, გვაძლევს საფუძველს, რომ ეს ეპისტოლე შევაფასოთ როგორც მე-17 საუკუნის სიმბოლური შინაარსის ისტორიული დოკუმენტი, და არა როგორც ავტორიტეტული და აუცილებელი სიმბოლური ტექსტი, თავისი მარადიული მნიშვნელობით“.
ასევე აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: როგორც ალექსი ზაიცევი მიუთითებს, „არქიეპ. ვასილი არ ეხება ფაქტებს მიტროპოლიტ პეტრე მოგილას ბიოგრაფიიდან, რომელთა ფონზეც მისი კანონიზაცია, როგორც ადგილობრივი წმინდანისა, უკრაინის ავტონომიის ტერიტორიაზე მართლმადიდებელი თეოლოგებისა და კანონისტებისათვის წარმოადგენს დიდ პრობლემას. როგორც ცნობილია, პეტრე მოგილამ ფაქტობრივად უზურპირება მოახდინა კიევის კათედრისა, განდევნა რა გამოჩენილი მოღვაწე-ისიხასტი ისაია კოპინსკი, რომელიც იყო ავტორი ანონიმურად გამოცემული წიგნისა „Альфавит Духовный“; ასევე მისი მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო და დაამთავრა მონაზვნური ცხოვრება წმ. სერაფიმ საროველმა (პეტრე მოგილას ანტიკანონიკურ ქმედებებსა და სხვა ძალადობებზე იხ. С. Т. Голубев. Киевский Митрополит Петр Могила и его сподвижники. Ч.1-2, Киев, 1883-1898)“.57
ამრიგად, აბსურდულია არქიმანდრიტ რაფაელის მიერ ამ სიმბოლური წიგნების შეფასება, როგორც „მართლმადიდებლობის კრიტერიუმისა“.58
არგუმენტი №23. აღნიშნავენ იმასაც, რომ უნათლავი ჩვილების წარწყმედას ადასტურებს ლიტურგიკული ტექსტები, რადგან ეკლესია თავის ღვთისმსახურებაში არ იხსენიებს მათ. არქიმ. ლაზარეს აზრით, „ნათელია, რომ თუ ეკლესია მათ სასუფეველში შესვლას უშვებს, მაშინ მათ მოხსენიებასაც ექნებოდა ადგილი ლიტურგიკაში, ღვთისმსახურებაში...“59 იგივე აზრს გამოთქვამდა გიორგი გაბაშვილიც, რომელსაც შესაბამისი ციტატები მოჰყავს ლიტურგიკული წიგნებიდან: „1) საღვთისმსახურო წიგნი „დიდი კურთხევანი“ მღვდლებს მკაფიოდ შეაგონებს: „უწყოდეთ, რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი სასიკუდინეთ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლისცემასა მისსა... რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის; უკეთუ უდებ იქმნეთ, ხელთაგან თქვენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა“ (დიდი კურთხევანი, გვ. 5); 2) ლიტურგიკის სახელმძღვანელო ცალსახად განმარტავს: „ყრმა წარმოშობილი მუცლიდან, ვითარცა ბნელი საპყრობილიდან, პირველშობილი ცოდვის მიზეზით არის წყვდიადის ძე და ტყვე დემონისა“ (Новая скрижаль, СПб., 1899, стр.327); 3) მღვდელმსახურის სპეციალური ინსტრუქციების კრებული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს: „მართლმადიდებელი ეკლესიის წესით არ იმარხებიან და არ მოიხსენებიან: მკვდრადშობილი, უნათლავი, თუნდაც უკვე სახელდებული, ან არასწორად მონათლული ყრმები“ (Настольная книга священнослужителя. М., 1993, том 2, стр.1349). თავისთავად ცხადია, რომ მოუნათლავად, ან არასწორად მონათლულად გარდაცვლილი, აგრეთვე მკვდრადშობილი ყრმებისათვის, ვითარცა მორწმუნეთა (ე.ი. ეკლესიის წევრთა, გ.გ.) რიცხვისათვის მიუკუთვნებელთათვის, პანაშვიდების გადახდა არ შეიძლება“ (Наст. Кн., … გვ. 1364).60
ერთი შეხედვით დამაჯერებლად ჟღერს წარმოდგენილი არგუმენტი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ლიტურგიკული ტექსტები მხოლოდ მსგავს ციტატებს არ შეიცავს. მაგალითად, „ტრიოდიონში“ სრულიად სხვა რამეა ნათქვამი ამგვარ ჩვილებზე, კერძოდ ის, რომ ისინი „არც გეჰენიაში იქნებიან, არც განცხრომაში“ (იხ. ბერძნული და სლავური ტრიოდიონები).61
ოპონენტთა ლოგიკით, თუ ამქვეყნიური ეკლესია არ იხსენიებს ადამიანს, ე.ი. ის არ არის ეკლესიის წევრი და აქედან გამომდინარე იგი ვერც სასუფეველს დაიმკვიდრებს. ამგვარი ლოგიკის ავტორებში სრულიად არ იწვევს გაუგებრობას ის გარემოება, რომ ფორმალურად ამქვეყნიური ეკლესია-ორგანიზაციის წევრი შესაძლოა არ წარმოადგენდეს მისტიური (ზეციური) ეკლესია-ორგანიზმის წევრს, მაგრამ ასევე სავსებით შესაძლებელია (რაც მიუღებლად ეჩვენებათ ოპონენტებს), რომ ზეციური ეკლესიის წევრი, ანუ სასუფევლის მკვიდრი თავის ამქვეყნიურ სიცოცხლეში არ ყოფილიყო მიწიერი ეკლესიის წევრი. მაგალითად, წარმართები, რომლებიც არ იყვნენ ეკლესიის წევრები, მაგრამ რომლებიც, პავლე მოციქულის სიტყვით, სინდისის დაცვით აღასრულებდნენ რჯულს და ამით სათნოეყვნენ უფალს (იობი, მელქისედეკი, იათორი და სხვა).
ასევე უნდა აღინიშნოს წმ. ისააკ ასურის ძალზედ ნათელი და მრავლისმთქმელი მაგალითიც. მას მართლმადიდებელი ეკლესია თავის ერთ-ერთ უდიდეს წმინდანად თვლის, მაგრამ იგი საერთოდ არ ეკუთვნოდა მართლმადიდებელ ეკლესიას. წმ. ისააკი დაიბადა, ცხოვრობდა და გარდაიცვალა ე.წ. აღმოსავლეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, რომელსაც იმ დროისათვის (მე-7 ს-ის დასასრული და მე-8 ს-ის დასაწყისი) არ ჰქონდა არავითარი კავშირი არც ბიზანტიასთან, არც რომთან, არც კონსტანტინეპოლთან, არც იერუსალიმთან, არც ანტიოქიასთან, არც ალექსანდრიასთან და რომელიც ფორმალურად იყო ნესტორიანული. მსგავსი პრეცენდენტები საკმაო რაოდენობით არის ეკლესიის ისტორიაში.62 (ამ საკითხზე ვრცელი მსჯელობა მექნება შემდეგში).
არგუმენტი №24. ასევე მცდარობა იმ მსჯელობისა, რომ მოუნათლავი ჩვილები ვერ ცხონდებიან, უფრო აშკარა ხდება იქიდან, თუკი გავიხსენებთ ძველი ეკლესიის ნათლობის პრაქტიკას. ჩვილთა მონათლვა ძველ ეკლესიაში არ წარმოადგენდა საყოველთაოდ მიღებულ ტრადიციას, იგი არსებობდა ერთეული გამონაკლისების სახით. მაგალითად, წმ. ბასილი დიდი და წმ. იოანე ოქროპირი მოინათლნენ უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, ასევე ზრდასრულ ასაკში მოინათლნენ გრიგოლ ნაზიანზელი (რომელსაც სხვათაშორის მამა ეპისკოპოსი ჰყავდა) და წმ. გრიგოლ ნოსელი. წმ. ამბროსი მედიოლანელი კი მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც იგი მილანის ეპისკოპოსად აირჩიეს. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ პირდაპირ მითითებას იმაზე, რომ ეკლესიის ძველ მამებს არ მიაჩნდათ, რომ მოუნათლავი ჩვილები და საერთოდ მოუნათლავი ადამიანები აუცილებლად იღუპებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათლობისადმი მათი ამგვარი დამოკიდებულება შეიძლებოდა შეფასებულიყო საშიშ და მიუტევებელ დაუდევრობად.63
არც ეს არგუმენტი ყოფილა მოყვანილი პოლემიკის დროს.
არგუმენტი №25. მომდევნო საკითხი, რომელიც ჩვილთა წარწყმედის მომხრეთათვის გადაუწყვეტელი რჩება არის შემდეგი: „თუკი იგი (ასეთი ჩვილი, დ.თ.) მოუნათლველობის გამო საუკუნოდ უნდა დაისაჯოს, საჭიროა ჩანდეს დამნაშავეც, ვის გამოც იგი ვერ მოინათლა და მოუნათლავი გარდაიცვალა. მკვდრადშობილი ბავშვის შემთხვევაში ადამიანთა (მშობელთა) დანაშაული არ არსებობს. ბუნებრივია, არც თვით ბავშვია დამნაშავე საკუთარ მოუნათლავობაში... გამოდის, რომ ღმერთი სიცოცხლეს აძლევს პიროვნებას - ჩვილს და შემდეგ დაუშვებს მის სიკვდილს დედის წიაღში ისე, რომ მას არ აძლევს თეორიულ შანსს ნათლობისა და შემდეგ ასამართლებს მას და როგორც დამნაშავეს საუკუნო სატანჯველში აგზავნის“.64
აღნიშნულის პასუხად გიორგი გაბაშვილი წერდა, რომ ჩვილთა სიკვდილში და მოუნათლავობაში დამნაშავენი არიან მშობლები და აბორტმახერი.65 მაგრამ აღნიშნული დამნაშავენი ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობენ, როდესაც აბორტი კეთდება, ან მაშინ, როდესაც ბავშვი გარკვეული პერიოდი (თვეები, წლები) ცოცხლობს და მშობელთა დაუდევრობის გამო უნათლავი კვდება, დანარჩენ შემთხვევებში (მუცლადმოწყვეტა, მკვდრადშობა) დამნაშავენი არ არსებობენ. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც დამნაშავენი სახეზე არიან (მშობელი, აბორტმახერი) - ჩვილი არ ექვემდებარება საუკუნო სასჯელს, რადგან ცოდვა მხოლოდ აშნიშნულ დამნაშავეებს მოეკითხებათ და როგორც ეკლესია ასწავლის მშობელთა ცოდვები შვილებზე არ გადადის და მათ ეს არ მოეკითხებათ, შთამომავლობაზე გადადის მხოლოდ ადამის ცოდვა.66
არგუმენტი №26. ასევე ძალიან უცნაურად განმარტავენ ჩვილთა წარწყმედის მომხრენი იმ ფაქტს, თუ რატომ უშვებს უფალი მათ სიკვდილს. ეს საკითხი უშუალო კავშირშია წინა არგუმენტში გამოთქმულ მოსაზრებასთან, რადგან თვლიან, რომ თავად ჩვილია მიზეზი, ანუ დამნაშავე, თავის სიკვდილში, რადგან თუ უფალი დაუშვებდა მის დაბადებას, იგი აუცილებლად წარიწყმედდა თავს ცოდვილი ცხოვრებით და რომ თითქოს წინასწარმცოდნე უფალი ამიტომ უშვებდეს მათ მოკვდინებას. არქიმ. ლაზარე: „ღმერთმა იცის როგორი ცხოვრებით იცხოვრებდა ეს ბავშვი და ითვალისწინებს რა ამას, უფალი „წინასწარგანსაზღვრავს“ მის ბედს“.67 გიორგი გაბაშვილიც იგივე აზრს გამოთქვამს: „როდესაც უფალი უშვებს ჩვილის მკვდრადშობას, იგი ამით მას უდიდეს წყალობას ანიჭებს, რადგანაც ყოვლადმეცნიერმა ღმერთმა ჭეშმარიტად უწყის, დედის საშოში გარდაცვლილი ყრმა რომ შობილიყო, მონათლულიყო და გაზრდილიყო, ის ნებელობითი ცოდვებით უმძიმესად წარიწყმედდა თავს“.68 ასევე ცოტა ზემოთ იგივე ავტორი წერდა: „უნათლავად გარდაცვლილი ყრმები წარწყმდნენ იმისათვის, რომ ღმერთის სასუფევლის ღირსნი არ იყვნენ“.69
საინტერესოა, საიდან ვიცით ჩვენ, ვინ არის ღირსი სასუფევლისა და ვინ არა, რომელი წყაროდან მომდინარეობს ამგვარი შეხედულება? მხოლოდ საკუთარი განსჯიდან? მაგრამ ადამიანის გონება ხომ არ არის ჭეშმარიტების კრიტერიუმი. საეკლესიო გადმოცემიდან? აი, მასში კი უფრო მეტად საპირისპირო ფაქტები მოიპოვება. აქ კი სრულიადაც არ იქნებოდა უადგილო ერთ-ერთი მათგანის მოყვანა: „...ქალაქ კალუგაში ცხოვრობდა ერთი ქვრივი, რომელსაც დიდი სასოება ჰქონდა კალუგის ღვთისმშობლის ხატისა. ამ ქვრივს ერთადერთი 12 წლის ქალიშვილი ჰყავდა. იგი მოულოდნელად დაავადდა და გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი დედა ტაძარში მოვიდა და ღვთისმშობლის ხატის წინ დაიწყო მოთქმა: „მე ყოველთვის მქონდა შენი იმედი, ყოველთვის თაყვანსვცემდი შენს ხატს, მაგრამ შენ არაფრად ჩააგდე რა ჩემი გულმოდგინება, წამართვი ჩემი ერთადერთი სიხარული და ნუგეში. შენ არ იხსენი ჩემი შვილი სიკვდილისაგან...“ ამგვარად საყვედურობდა იგი ღვთისმშობელს, სასტიკსა და ულმობელს უწოდებდა მას. უცბად ქალი უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და იხილა სხივმოსილი ზეციური დედოფალი. ღვთისმშობელმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მას: „უგუნურო დედაკაცო! მე ყოველთვის მესმოდა შვილისთვის აღვლენილი შენი ლოცვები და ჩემს ძეს ვევედრებოდი, რათა წაეყვანა იგი წმ. ქალწულის სახით. მის მსგავსებთან ერთად იგი მარადიულად უფლის დიდებაში იქნებოდა, მაგრამ შენ წინ აღუდექი ყოველივე ამას. დაე, იყოს ნება შენი. წადი, შენი ასული ცოცხალია...“ ამ სიტყვების შემდეგ ქალი გონს მოეგო და სახლში გაემართა. დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ქალიშვილი სახლში ცოცხალი დაუხვდა, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა გოგონა წამოიზარდა, თავაშვებული და გარყვნილი ცხოვრება დაიწყო. იგი დედისთვის გახდა არა ნუგეში, არამედ დიდი მწუხარება, რადგან საკუთარ დედას სცემდა, ლანძღავდა და დასცინოდა“.70
როგორც ვნახეთ, ეს ბავშვი ღვთის წინასწარგანჭვრეტით ცოდვილი ცხოვრებით იცხოვრებდა და ამიტომ დაუშვა მან მისი ბავშვობაშივე გაყვანა ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ამის შედეგად ბავშვის სული დამკვიდრდებოდა არა ჯოჯოხეთში (თუნდაც მცირესატანჯვლიან ადგილას), არამედ ღვთისმშობლის სიტყვით „მის მსგავსებთან ერთად იგი მარადიულად უფლის დიდებაში იქნებოდა“.
არგუმენტი №27. ასევე ხშირად გამოითქმება შეხედულება, რომ თუკი ჩვენ დავუშვებთ აბორტის შედეგად მოკვდინებული ჩვილების სასუფეველში მოხვედრას, მაშინ მათი დედები ამით დაიმშვიდებენ თავს და მომავალში მათთვის აღარ იარსებებს დაბრკოლება ამ ცოდვის (აბორტის) ჩასადენად. მაგალითად, არქიმ. რაფაელი წერს: „თუკი მუცელში მოკლულ ჩვილთა ცხონება შესაძლებელია, მაშინ ეს დაამშვიდებს დედას და იგი მით უფრო ადვილად გადაწყვიტავს აბორტის გაკეთებას“.71 ეს არგუმენტი ძალიან სუსტია, რადგან თუ აბორტის შედეგად გარდაცვლილი ჩვილი სასუფეველში ხვდება, ეს ღვთის ნებით ხდება და არა მისი დედის დამსახურებით. ამიტომ ასეთ დედას არანაირად არ შეუძლია თავის დამშვიდება იმით, რომ მან „კარგი საქმე“ ჩაიდინა (შვილი სასუფეველში მოხვდა), რადგან თავად ეს საქციელი წარმოადგენს ადამიანის მკვლელობას, შვილის მკვლელობას. ხოლო ამ საქციელის შედეგს უფალი როგორ წარმართავს, ეს უკვე მისი განგების საქმეა და არანაირად არ წარმოადგენს დედის დამსახურებას - შესაბამისად ამგვარ დედას არც თავის დამშვიდების საფუძველი ექნება.
არგუმენტი №28. მთელი ამ პოლემიკის საბოლოო წერტილს წარმოადგენდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ გამოტანილი განჩინება მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა შესახებ (სხდომა ჩატარდა 2000 წლის 14 დეკემბერს).
განჩინებაში ვკითხულობთ: „პიროვნების სულის ცხონების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხონებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში წერია: „უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისაი“ (იოანე 3,3). მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს მე-9 მუხლის მიხედვით ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“; კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ მოსატევებელად ცოდვათა. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი, ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმინდონ პირველქმნილი ცოდვისგან. სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ...“ (მათ. 20,23). ამიტომ ქრისტესთვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ, და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ანუ ცხონდებიან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხონება შეუძლებელია“.72
ჩვილთა წარწყმედის მომხრენი აღნიშნულ განჩინებას წარმოაჩენენ თავიანთი პოზიციის დადასტურებად, რომ თითქოს ამ ტექსტის შინაარსის მიხედვით მოუნათლავ ჩვილთა ჯოჯოხეთში დამკვიდრება მტკიცდება. მაგრამ თუ ყურადღებით და არაწინასწარგანწყობილი პოზიციით წავიკითხავთ განჩინების ტექსტს, ნათელი გახდება, რომ განჩინებაში სრულიადაც არ არის ამგვარი ცალსახა პოზიცია გადმოცემული. ტექსტის ძირითადი არსი გადმოცემულია შემდეგი სიტყვებით: „ცხონებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება“, (მართალია, აუცილებელია!); „ჩვილებიც... საჭიროებენ ნათლისღებას“ (მართალია, საჭიროებენ!); „...მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება... შეუძლებელია“ (მართალია, შეუძლებელია! მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით დანამდვილებით ღმერთი როგორ და რა გზით განწმენდს ამგვარ ჩვილებს? გარდა ამისა, თუკი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ მეორედ შობის, ანუ ნათლობის აუცილებლობას, მაშინ გაუგებარია როგორ უნდა იშვნენ მეორედ, მაგალითად, მუცლად მოწყვეტილი ჩვილები, რომლებიც ჯერ პირველად, ანუ ხორციელადაც არ შობილან?).
ამრიგად, ბუნებრივია, რომ სინოდის განჩინების ტექსტში არსად არის ნახსენები კონკრეტულად ჩვილთა საიქიო ხვედრი, განსხვავებით, მაგალითად, „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლისგან“, რომელშიც ნათლად და ცალსახად არის აღნიშნული, რომ ყრმებს, რომლებსაც არ მიუღიათ ნათლისღება, „...უსათუოდ ეწევიან საუკუნო სასჯელს ამ ცოდვისათვის და მაშასადამე, ვერც ცხონდებიან.“ (პუნქტი №16).
ოდესღაც ადამიანებთან მოსული ღმერთი ფარისევლებს საყვედურობდა იმის გამო, რომ ღვთაებრივ მოძღვრებას კაცობრივი სიბრძნით ამახინჯებდნენ (მათ. 15,3). სარწმუნოებრივი მოძღვრების უნაკლოდ დაცვის მოტივით ფარისევლებმა ბევრი რამ დაუმატეს, ანუ საკუთარი ინტერპრეტაციებით „შეალამაზეს“ ღვთისაგან გამოცხადებული სწავლება. მაგალითისთვის: წმ. წერილი გვაუწყებს: „პატივი ეცი დედას და მამას...“, ფარისეველთა განმარტებით კი ადამიანს შეეძლო შესაწირავი შეეწირა ტაძრისთვის და ამით თავიდან აეცილებინა მშობლებზე მზრუნველობა. სწორედ ამის გამო მიმართავდა მათ მაცხოვარი შემდეგი სიტყვებით: „აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით“ (მთ. 15,6). აღნიშნულ მოვლენას ყოველთვის ჰქონდა ადგილი ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე და დღესაც ვხედავთ, თუ როგორ მახინჯდება, ან იჩქმალება ეკლესიის ნამდვილი სწავლება ადამიანთა თვითნებური განსჯებით, რადგან, როგორც ზემოთ ვნახეთ, საეკლესიო მოძღვრება, მის ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ განუჩინებს ამგვარ ჩვილებს საუკუნო წარწყმედას.
დასასრულ, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს წინამდებარე ნარკვევის გამოქვეყნებით პოლემიკის განახლებას შევუწყო ხელი, - პოლემიკისა, რომელიც, ჩემი აზრით, არც არასოდეს არ უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ვინაიდან მოსახდენი მაინც მოხდა, საჭიროდ მიმაჩნია აღნიშნული კამათის ძირითადი პერიპეტიების შეჯამებულად წარმოდგენა, რადგანაც დღეს მრავალ ადამიანს გულწრფელად აინტერესებს რვა წლის წინ დაწყებული ამ მართლაც უცნაური პოლემიკის შინაარსი უფრო ვრცლად, ვიდრე მავანთა მიერ მისი ფრაგმენტული და გაუგებარი აღწერა. თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ „შინაარსის“ უბრალო გადმოცემა, არამედ ორი საწინააღმდეგო პოზიციის შეჯერებით იმის ნათლად ჩვენება, თუ როგორ უიმედოდ სუსტი და წინააღმდეგობრივია ჩვილთა სამუდამო დაღუპვის მომხრეთა „არგუმენტები“.
გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი თითქმის არცერთი ის გამოცემა, რომლებშიც ქვეყნდებოდა პოლემიკის მონაწილეთა პუბლიკაციები, ვფიქრობ, წინამდებარე ნარკვევი არ უნდა იყოს მოკლებული შესაბამის მნიშვნელობას.
_____________________
1. წმ. ბასილი დიდი. ეპისტოლე ელპიდიოს ეპისკოპოსისადმი. PG 32,760A//ედიშერ ჭელიძე. მოუნათლავ ჩვილთა შესახებ//გაზეთი „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“ №2(3), 1999, გვ. 2
2. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. სიტყვა 40//თბ. სას. აკ. და სემ. №2(3), 1999, გვ. 2
3. Архим. Лазарь. О таинстве пакирождения и о некрещеных младенцах. (წიგნს სხვა რეკვიზიტები არა აქვს), გვ. 30-32
4. გიორგი გაბაშვილი. უნათლავად გარდაცვლილი ყრმების საიქიო ხვედრის შესახებ//ჟურნალი „ივერიის გაბრწყინება“ №1, 2000, გვ. 11
5. ედიშერ ჭელიძე. მოუნათლავ ჩვილთა შესახებ//თბ. სას. აკ. და სემ. №2(3), 1999, გვ. 2
6. Архим. Лазарь. О таинстве пакирождения … გვ. 39
7. იხ. ნაბეჭდი ფურცლების სახით გავრცელებული წერილი სახელწოდებით „Чуждый глас у врат церковных“ Тбилиси, 1999; შემდეგ ეს წერილი გამოქვეყნდა რუსულ ჟურნალში „Духовный Собеседник“ №1, 2000.
8. თბ. სას. აკ. და სემ. №8, 1999, გვ. 3-4
9. Архиепископ Сергий (Страгородский). Православное учение о спасении. М., 1991, გვ.216
10. იქვე, გვ. 216
11. იქვე, გვ. 216
12. PG 46,192B//თბ. სას. აკ. და სემ №2(3), 1999, გვ. 2
13. ივ. გაბრწ. №1, 2000, გვ. 12
14. თბ. სას. აკ. და სემ. №8, 1999, გვ. 6
15. ჟურნალი „გზა სამეუფო“ №1, 1994, გვ. 11-12
16. PG 89, ცოლ. 709//თბ. სას. აკ. და სემ. №3 1999, გვ. 1
17. ივ. გაბრწ. №1 2000 გვ. 12
18. იხ. გაზეთი „საეკლესიო სიწმინდენი“ №2, 2000, გვ. 7
19. საეკ. სიწმ. №1, 2001, გვ. 5
20. თბ. სას. აკ. და სემ. №3, 1999, გვ. 1
21. Архим. Лазарь. О таинстве пакирождения …გვ. 86
22. ედიშერ ჭელიძე. გაქუს-ღა რაიმე სიტყუად?//თბ. სას. აკ. და სემ. №7, 1999, გვ. 3-4 და 7-8
23. PG 93,553ბ//თბ. სას. აკ. და სემ. №3, 1999, გვ. 1
24. ივ. გაბრწ. №1, 2000, გვ. 12-13
25. საეკ. სიწმ. №1, 2001, გვ. 6
26 ივ. გაბრწ. №1, 2000, გვ. 13
27. ივ. გაბრწ. №1, 2000, გვ. 14
28. იქვე, გვ. 14
29. იქვე, გვ. 14
30. იქვე, გვ. 14
31. ივ. გაბრწ. №1, 2000, გვ. 14
32. იქვე, გვ. 14-15
33. იქვე, გვ. 15
34. იქვე, გვ. 15
35. уховник царской семьи св. Феофан Полтавский, Новый, Затворник. М., 1996, ст. 329-330//Алексей Заицев. Расспроси ближнего твоего прежде, нежели грозить ему, გვ. 10 (www.pravbeseda.org/library).
36. Письма афонского старца Арсения…М., 1899, Репринт: 1994, ст. 164//А. Заицев…გვ. 40
37. თბ. სას. აკ. და სემ. №2(3), 1999, გვ. 2, ციტატა გრძელდება: №3 1999, გვ. 1
38. Архим. Лазарь. О таинстве пакирождения … გვ. 58
39. იქვე, გვ. 61
40. იქვე, გვ. 61
41. პასუხის სრული ვარიანტი იხ. საეკ. სიწმ. №2, 2000, გვ. 6-7
42. პასუხის სრული ვარიანტი იხ. საეკ. სიწმ. №1, 2001, გვ. 5
43. საეკ. სიწმ. №1, 2001, გვ. 5
44. Надгробные песнопения, 44 (Блаженство умерших в младенчестве)//Св. Ефрем Сирин. Творения. том 4, 1995, გვ. 460-461
45. Àрхим. Рафаил (Карелин). Какое согласие между христом и … профессором А. И. Осиповым? Крест св. Нины, 2002, გვ. 13 (ცნობისათვის: არქიმ. რაფაელის ამ წიგნზე გაცემულია საკმაოდ კვალიფიციური პასუხი რუსი ღვთისმეტყველის, ალექსი ზაიცევის მიერ. იხ. ზემოთდამოწმებული მისი წიგნი ვებ-მისამართთან ერთად).
46. Иерей Олег Давыденков. Догматическое богословие. Курс лекций, ч.3, М., 1997, გვ. 273
47. Архим. Лазарь. Чего лишаются младенцы, лишившиеся святого крещения. Тбилиси, 1999, გვ. 34-35
48. ცრემლით ნათლობის შესახებ იხ. წმ. იოანე დამასკელი. მართლმ. სარწმ. ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი 82: რწმენისა და ნათლისღების შესახებ.
49. П. И. Бумис. Непогрешимость православия. 2003, გვ. 48-49
51. Архим. Лазарь. О таинстве пакирождения… გვ. 120
52. იქვე, გვ. 120
53. იქვე, გვ. 121
54. იქვე, გვ. 121
55. Алексей Заицев. Распроси ближнего… გვ. 10
56. Архиепископ Василий (Кривошеин). Символические тексты в православной церквы//Богословские труды, сб.4, М., 1968
57. Алексей Заицев. Распроси ближнего… გვ. 50
58. Архим. Рафаил (Карелин). Какое согласие… გვ. 13
59. Архим. Лазарь. Чего лишаются… გვ. 27
60. ივ. გაბრწ. №5 2000, გვ. 3
61. თბ. სას. აკ. და სემ. №8 1999, გვ. 1
62. Алексей Заицев. Распроси ближнего... გვ. 36
63. იქვე, გვ. 40-41
64. იხ. გიორგი ანდრიაძის წერილი//ივ. გაბრწ. №1 2000, გვ. 16
65. იქვე, გვ. 17
66. ამ საკითხის ამომწურავი განხილვა იხ. სტატიაში „ეკლესიის მამათა სწავლება ცოდვისა და სასჯელის შესახებ“//საეკლ. შიწმ. №1 2000, გვ. 6-7
67. Архим. Лазарь. О таинстве пакирождения… გვ. 80
68. ივ. გაბრწ. №1 2000, გვ. 17
69. იქვე, გვ. 15
70. Троицкие листки с луга духовного, с.64//Игумен Марк (Лозинский). Отечник проповедника. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1997, №479
71. На пути к жизни вечной. Беседа с Архимандритом Рафаилом (Карелыним)//Духовный собеседникс №1, 2000, გვ. 13
72. განჩინების ტექსტი იხ. „ივერიის გაბრწყინება“ №7 2000, გვ.2; ასევე გაზეთში „მრევლი“ №11, 2001, გვ. 4
to previous section to next section
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий