среда, 30 апреля 2014 г.

მღვდლები პარლამენტში



ავტორი: ივა ლომიძე
უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს პარლამენტი ცდილობს მიიღოს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელშიც ახალი არაფერია ისეთი ნათქვამი, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში ანბანურ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს. ის, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, ნორმალურ საზოგადოებებში ბანალურ და გაცვეთილ დებულებად აღიქმევა, რომელსაც ყველა იზიარებს.  მიუხედავად ამისა, ასეთი უწყინარი კანონპროექტის მიღება დროში საკმაოდ გაიწელა.
ადამიანები სრული სერიოზულობით კამათობდნენ დასაშვები არის თუ არა სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია და აქვთ თუ არა ამ უკანასკნელთ ისეთივე უფლებები, როგორც საზოგადოების სხვა დანარჩენ წევრებს.  ჩვენ მოწმე გავხდით ღირებულებითი კონფლიქტისა, რომელიც წარმოიშვა კანონპროექტის ინიციატორთა და   საზოგადოების ერთ ნაწილს შორის. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საზოგადოების ეს ნაწილი პარლამენტში წარმოდგენილი იყო სასულიერო პირებისა და ერთი ორი გაუკრვეველი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე სუბიექტის სახით.
პარლამენტი მთლიანად სეკულარული წარმონაქმნია, რომელიც არ ექვემდებარება და არანაირი კავშირი არ აქვს არც ერთ რელიგიურ კონფესიასთან. როცა ვხედავთ ანაფორებით გადაშავებულ საკომიტეტო დარბაზს, ლოგიკურია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორც პარლამენტის, ისე მთლიანად სახელმწიფოს ეკლესიისგან დამოუკიდებლობის საკითხი. მავანნი იტყვიან, რომ ეს იყო დიალოგი იმ რელიგიურ გაერთიანებასთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიაკუთვნებს თავს. მაგრამ აქ საკითხი სხვანაირად უნდა დავაყენოთ.
საქმე ეხება პრეცედენტს, რომელიც უშვებს რელიგიური პირების სახელმწიფო საქმეებში ჩარევას. პრეცედენტს, რომელიც ხელ-ფეხს უხსნის სასულიერო პირებს თავიანთი იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მოაქციონ ერთი მხრივ პარლამენტარები და მეორე მხრივ, პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრონ საზოგადოების გასაგონად, როგორც ქვეყანაში არსებულმა ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, რომელთა ძალუფლების წინაშე სახელმწიფოც კი უძლურია.
ჩვენ ნათლად დავინახეთ ის პარლამენტარები, რომლებსაც არ/ვერ ჰქონდათ გააზრებული ქართველ ხალხს და სახელმწიფოს წარმოადგენდნენ პარლამენტში, თუ მართმადიდებლურ ეკლესიას. არ შეიძლება არ აღინიშნოს უმრავლესობის წევრის ბატონი გედი ფოფხაძის მოსაზრება, თავისი კომიკური შინაარსის გამო. მიუხედავად იმისა, ის მართველი გუნდის უმრავლესობის აზრს გამოხატავს თუ არა, მაინც პრობლემაა, რომ პარლამენტში თუნდაც ერთ ინფანტილს მაინც ვხედავთ: თუ სინოდი იტყვისარ დაუჭიროთ მხარიო,მე მრევლი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონფლიქტში შევიდე იმის გამორომ ასეთი რედაქცია იყოსარ დავუჭერ,მე რა ძალა მადგიაგიჟი ვარ,მართლმადიდებლურ ეკლესიას დავუპირისპირდე იმის გამო?”
10325403_10202902274190957_944615903350694136_n
ფოტოს ავტორი: დავით მიხეილ შუბლაძე
დიდი ბოდიშის მოხდით ვკითხავ ბატონ გედის, საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წლის 2 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმა სინოდს მისცეს თუ თქვენ? არ გეჩვენებათ, რომ გარკვეული ვალდებულებები გაქვთ ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებული და სწორედ ამ ვალდებულებების გააზრებაა ის ძალა, რამაც „მრევლის“ ინტერესებზე უნდა აგამაღლოთ?
ბატონ გედიზე არანაკლებ კურიზოულ მდგომარეობაში ქალბატონი მანანა კობახიძე იყო, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის ინიციატივას კბილებით იცავდა იმ არგუმენტით, რომ ეს კანონი რაიმე ქმედითს ვერ გააკეთებდა ადამიანების უფლებების გაუმჯობესების კუთხით და მდგომარეობა არ შეიცვლებოდა.
სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობა, მიწების ჩუქებით დაწყებული გამოშიგნულ აზრგამოცლილი კანონპროექტების მიღებით დამთავრებულს, ერთად აღებულს ხანგრძლივ პერსპექტივაში თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს თეოკრატიის მეტს არაფერს უქადის. დღევანდელი მოცემულობით ქვეყნის ორიენტაციულ დილემას ევროპა/რუსეთი კი არა, ევროპა/ირანი მიმართება უფრო ადეკვატურად გამოხატავს.
სამწუხარო ამ ყველაფერში ისაა, რომ რამდენიმე თვიანი საჯარო განხილვების დროს არცერთ მედიასაშუალებას არ დაუყენებია პრობლემად ის ფაქტი, რომ ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში ერევა. ძირითადად მსჯელობა მიდიოდა კანონპროექტის მიღება არ მიღების გარშემო. შესაბამისად, საზოგადოებაც ვერ აღიქვას რეალურ პრობლემას და იმაზე ფიქრითაა დაკავებული შეიძლება თუ არა ყველა მოქალაქემ თანაბარ პირობებში თანასწორად იცხოვროს.
მეორე საკითხია თავად ეკლესია და მისი პოზიცია. ქართული მართმადიდებლური ეკლესიის სახით ქვეყანაში გვყავს ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანური ფუნდამენტალისტური დაჯგუფება, რომელიც სიძულვილის და ძალადობის ტირაჟირების მეტს არაფერს აკეთებს.
ფაქტი, რომ ეკლესიის წარმომადგენლები ღიად აფიქსირებენ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფზე ძალადობის სურვილს და „პირში კუპრის ჩასხმად“ აღიქვამენ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა თანასწორობის იდეის მანიფესტაციას, მიუთითებს მხოლოდ ერთზე – ადამიანების დამცირება და შეურაცხყოფა იმდენად გაისისხლხორცა  ეკლესიამ და ძალადობა იმდენარ თავის ორგანულ ნაწილად აქცია, რომ მის გარეშე არსებობა აღარ შეუძლია.
მე გულრწფელად მესმის ქართველი მღვდლების. სიძულვილის გამოტოვებით ჩვენ გამოგვრჩება მთლიანად ქართული მართმადიდებლური ეკლესია და იმ ღირებულებათა სისტემის არსი, რომელსაც დღეის მოცემულობით ეკლესია ქადაგებს, რადგან ეს ორი ერთმანეთს უდრის. ამიტომაც იბრძვიან ისინი ასე თავგამოდებით ძალადობის უფლების მოსაპოვებლად. ესაა მათი იდეოლოგიური პოზიციების გამყარების მცდელობა.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობასა და მოყვასის სიყვარულზე დაფუძნებული მართადიდებლური რელიგია გადაიქცა დევნის და ჩაგვრის იარაღად.
ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს „ძაღლები იყეფებიან, მაგრამ ქარავანი მაინც მიდისო“. ქარავანი რომ მიდის ამაზე ორი აზრი არაა, მიმართულებაც განსაზღვრულია, მაგრამ კარგი იქნება თუ ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს არა, როგორც მზამზარეული ღირებულებების გადმოღებად გავიგებთ, არამედ შევეცდებით ეს ღირებულებები საკუთარ თავში დავბადოთ და დავინახოთ მათი უალტერნატივოობა. არა იმიტომ, რომ ასე ვიღაცას უნდა, არამედ იმიტომ, რომ ასე ჩვენ, საქართველოს მოაქალეებს გვსურს.

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий