ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
ქრისტე აღდგა! ეკლესია აღდგომიდან მეორე კვირას, იხსენიებს მენელსაცხებლე დედებს, ანუ იმ ქალებს, რომლებიც დილაადრიანად მივიდნენ ქრისტეს საფლავთან, რათა მისი სხეული დაკრძალვისთვის მოემზადებინათ. აქ კი მისი აღდგომის პირველი მოწმეები გახდნენ. სახარების მიხედვით, ქრისტე პირველად მათ ეცხადება, მათ ეუბნება: „გიხაროდენ!“ მათ აგზავნის მოციქულებთან აღდგომის მაცნეებად. და აი, ამასთან დაკავშირებით დროული და მიზანშეწონილია დავაკვირდეთ ქალთა სახეებს, როგორად გვიხატავს მათ სახარება. ჩავუფიქრდეთ ქრისტიანულ სწავლებას, ანდა იქნებ უკეთესია ვთქვათ _ ქალთა ქრისტიანულ განცდებს, რადგან სწორედ სახარებაშია ყველაზე უკეთ ფესვგადგმული და ნაჩვენები ეს განცდები, და ის, თუ რა ადგილს იკავებენ აქ ქალები.
პირველ რიგში, სახარების კითხვისას შეუძლებელია იმთავითვე არ შენიშნო, რომ ქალი, და შემდეგ ქალები, აქ ჩნდებიან მხოლოდ დასაწყისში, და სულ ბოლოს _ ქრისტეს ცხოვრების დასასრულს. დასაწყისში ეს ქალი დედაა. ესაა თხრობა შობასა და გამოქვაბულზე, და ყრმის ტაძრად მიყვანებაზე ღმერთის წინაშე წარსადგენად. შემდეგ დედა თითქოს ქრება, თუმცაღა, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ, რომ ის იქვეა, ახლოსაა, მაგრამ უსიტყვოდ, ჩუმად, თავისი ძის ცხოვრებისა და ქადაგებების ფონზე. და აი იოანე მახარებლის მიერ გადმოცემული მოულოდნელი და უცნაური ამბავი _ დედის თხოვნა საქორწილო ნადიმზე კანას გალილეაში. ღვინო არ ეყოთ _ ერთი შეხედვით ბანალური წვრილმანი, ყოფითი, უმნიშვნელო დეტალი, მაგრამ დღესასწაული ჩაშლილია, მხიარულებას დანაღვლიანება ემუქრება. უმალ დედის თხოვნა, ქომაგობა, შედეგად პირველი სასწაული _ წყლის ღვინოდ გადაქცევა და შემდეგ კვლავ სიჩუმე. ქრისტე ასწავლის და არიგებს მოციქულებს, მაგრამ როგორც ჩანს მას ქალებიც მუდმივად დაჰყვებიან და ემსახურებიან.
და ბოლოს ჩვენ ჯვართან ვართ. ყველა გაიქცა, ყველამ მიატოვა, ყველამ უღალატა. არა მხოლოდ ბრბომ, რომელიც მას მისდევდა და მისგან სასწაულებს, შველას, განკურნებას ელოდა, არამედ ყველაზე ახლო მეგობრებმა _ მოწაფე-მოციქულებმა.
აი სწორედ ახლა დგება ქალების დრო. ჯვართან დედა დგას, მაგრამ ის არ არის მარტო. მათე მახარებელი გვაუწყებს: „იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, დედა იაკობისა და იოსებისა, და ზებედეს ძეთა დედა“ (მათ. 27:55-56). როდესაც სიკვდილი დგება, ეს ქალები მონაწილეობას ღებულობენ სხეულის ჯვრიდან ჩამოხსნაში და ყველაფერს აკეთებენ მისი სამარხისთვის. ისინი მიდიან გამთენიისას, რათა მოამზადონ, დაასუფთაონ, დაალაგონ საფლავი და სხეული დაკრძალონ. და ბოლოს ისინი ისმენენ მის სააღდგომო ძლევამოსილ შეძახილს: „გიხაროდენ!“ რაზე მიგვანიშნებს ეს ყველაფერი?
და ბოლოს ჩვენ ჯვართან ვართ. ყველა გაიქცა, ყველამ მიატოვა, ყველამ უღალატა. არა მხოლოდ ბრბომ, რომელიც მას მისდევდა და მისგან სასწაულებს, შველას, განკურნებას ელოდა, არამედ ყველაზე ახლო მეგობრებმა _ მოწაფე-მოციქულებმა.
აი სწორედ ახლა დგება ქალების დრო. ჯვართან დედა დგას, მაგრამ ის არ არის მარტო. მათე მახარებელი გვაუწყებს: „იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, დედა იაკობისა და იოსებისა, და ზებედეს ძეთა დედა“ (მათ. 27:55-56). როდესაც სიკვდილი დგება, ეს ქალები მონაწილეობას ღებულობენ სხეულის ჯვრიდან ჩამოხსნაში და ყველაფერს აკეთებენ მისი სამარხისთვის. ისინი მიდიან გამთენიისას, რათა მოამზადონ, დაასუფთაონ, დაალაგონ საფლავი და სხეული დაკრძალონ. და ბოლოს ისინი ისმენენ მის სააღდგომო ძლევამოსილ შეძახილს: „გიხაროდენ!“ რაზე მიგვანიშნებს ეს ყველაფერი?
პირველი, რაც სახარებამ ქალის სახეში საუკუნოდ განამტკიცა სიყვარულია, მაგრამ არა უბრალოდ სიყვარული, არამედ სიყვარული-ზრუნვა, სიყვარული-მსახურება, სიყვარული-თავდადება და ამასთანავე სიყვარული, რომელიც არაფერს ითხოვს სანაცვლოდ. ქრისტეს მოციქულები დავობენ იმაზე, თუ რომელია მათ შორის უპირატესი, მნიშვნელოვანი, ვისთვისაა მომზადებული საუკეთესო ადგილი. ისინი სვამენ კითხვებს, ორჭოფობენ, მსჯელობენ. ქალებზე კი მხოლოდ ორი სიტყვა: „მიჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ“. ესაა სიყვარული უსიტყვოდ, სიყვარული საქმით, სიყვარული ეჭვების გარეშე. ესაა ქალის მარადი, თანდაყოლილი დედობრივობა, მისი მუდმივი ხვედრი _ იზრუნოს, დააპუროს, გაზარდოს, დაამშვიდოს, გაიღოს საკუთარი თავი იმისთვის, რომ ბოლოს ყველაფერი დაკარგოს, რადგან ზრდასრული ვაჟი მიდის და ქალიშვილიც მიდის და ყოველი შეუდგება თავის ცხოვრებას. სახარება გვიჩვენებს ამ სიყვარულის მთელ მშვენიერებას, ზრუნვას სიხარულში, მწუხარებასა და სიკვდილში.
მეორეა ერთგულება. მოწაფეები გაიქცნენ, ქალები დარჩნენ. მწუხარების, მარტოობისა და სიკვდილის საშინელი საათები. ეს მდუმარე ერთგულებაა, მდუმარე თანაგრძნობა. მათ არ სმენოდათ ქრისტეს სწავლება. სახარება ირწმუნება, რომ მათ არაფერი იცოდნენ აღდგომის შესახებ. მათ არ შეეძლოთ ჰქონოდათ რაიმე გათვლები ან იმედები. ის, ვინც უყვარდათ, ვისაც მიჰყვებოდნენ, ვისაც მისცეს მთელი თავიანთი სიყვარული, მზრუნველობა და ერთგულება, ჯვარზე მოკვდა. ადამიანურად რომ ვთქვათ ყველაფერი დაემხო და ნატანჯი სხეულის გარდა არაფერი დარჩა. მაგრამ დარჩა ერთგულება. ერთგულება გათვლების გარეშე, ერთგულება ბოლომდე. და რა უბრალოდ, რა მოკლედ, მაგრამ რა ამომწურავად გვიჩვენენბს ამ ერთგულებას სახარება.
და ბოლოს მესამე _ რწმენა და სიხარული. კვლავ და კვლავ რწმენა, რომელიც არ ხდება განსჯის საგანი. ესაა გულის რწმენა, ის ცოდნა რომელსაც მხოლოდ ქალი ფლობს. რა თქმა უნდა შემთხვევით არ გვაუწყებს სახარება, რომ აღდგომის შემდეგ ქრისტე პირველად ქალებს ეცხადება. შემდეგ იყო თომა სიტყვებით: „თუ არ ვიხილავ, არ ვირწმუნებ“ (ინ. 20:25). ეჭვები, პირობები… საფლავთან მყოფ ქალებზე კი ნათქვამია: „და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას“ (მათ. 28:9).
ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ თუ ჩავიხედავთ იმ დილიდან გასულ საუკუნეთა სიღრმეში, მაშინ ცხადი გახდება, რომ ქალის სახე შენარჩუნდა. ის ცხოვრობდა და თავისი უბრალო, ზეციური სილამაზით მუდამ ავსებდა სამყაროს. გრგვინავდა კაცობრიობის ისტორია, იბადებოდნენ და ეცემოდნენ სამეფოები, შენდებოდა კულტურა, მძვინვარებდა სისხლისმღვრელი ომები, მაგრამ ამ შემაცბუნებელ, ტრაგიკულ ისტორიაში ყოველთვის უცვლელად ანათებდა ქალის სახე. სახე ზრუნვისა, თავდადებისა, სიყვარულისა, თანაგრძნობისა. და რომ არა ეს ყოფნა, ეს სინათლე, ჩვენი სამყარო, მისი წარმატებებისა და მიღწევების მიუხედავად მხოლოდ და მხოლოდ საშინელი სამყარო იქნებოდა. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას რომ ადამიანის ადამიანურობა გადაარჩინა ქალმა და მას დღემდე ინახავს იგი. ინახავს არა სიტყვებით, არა იდეებით და იდეოლოგიებით, არამედ სწორედ ამ თავისი ჩუმი, მზრუნველი, სიყვარულით სავსე ყოფნით. და თუ მთელ სამყაროზე ბოროტების მეფობის მიუხედავად არ წყდება ცხოვრების საიდუმლო დღესასწაული, თუ მას ღარიბ ოჯახში, მოკრძალებულ სუფრასთან ისეთივე სიხარულით აღნიშნავენ როგორც სასახლეში, მაშინ ამ დღესასწაულის სიხარული და სინათლე ქალში, მის მუდმივ ჩაუქრობელ სიყვარულსა და ერთგულებაშია. ღვინო არ ეყოთ, მაგრამ სანამ ის აქ არის: დედა, ცოლი, სატრფო _ ეყოფათ ღვინო, ეყოფათ სიყვარული, ეყოფათ შუქი ყველასთვის. ქრისტე აღდგა!
Комментариев нет:
Отправить комментарий