четверг, 9 января 2014 г.

აჟიოტაჟი მამა გაბრიელის საფლავზე-სად გადის ზღვარი ქრისტიანობასა და კერპთაყვანისმცემლობას შორის




"ჩემი მამა გაბრიელისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, ადამიანების მოზღვავება ორი სურვილის შესასრულებლად, ჩვენი ერის სულიერი ავადმყოფობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. მე, რა თქმა უნდა, მწამს მისი სიწმინდე, შენახვედრი ვარ მასთან და ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მამა გაბრიელს დღემდე ვევედრები, მეოხებას და შეწევნას ვთხოვ. მიუხედავად ჩემი მისდამი ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებისა, ჩვენი ერი ქრისტიანულად ვერ ფიქრობს და ქრისტიანული თვალსაზრისით, ჯანმრთელი არ არის. აქ მარტო მამა გაბრიელზე არ არის საქმე."


დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ბოლო ორი დღის განმავლობაში მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე ხალხის ნაკადი არ წყდება. ქალაქთან მისასვლელი გზა გადაიკეტა. უძველეს სატახტო დედაქალაქში მოსახვედრად მანქანების კოლონებს რიგში დგომა საათობით უწევთ. სამთავროს დედათა მონასტერი მლოცველებს ვერ იტევს. ხალხის სიმრავლის გამო დახშულ ალაყაფის კართან წმინდანის საფლავის მოსანახულებლად ათასობით ადამიანი ღამეს ათევს. ყოველივე ამის მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, მამა გაბრიელის სულიერი შვილის, დედა პარასკევას ხილვა გახდა. მათი თქმით, მონაზონმა ბერი გაბრიელი ნახა, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში მის საფლავთან მივიდოდა, ორი სურვილი აუსრულდებოდა. თავად დედა პარასკევა ხილვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. დედაოს თქმით, მისი ნათქვამი სხვანაირად გაიგეს:
"მამა გაბრიელის საფლავზე ყოველდღე შეიძლება მოსვლა. ყოველდღე ხდება სასწაულები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შობამდე ყველა უნდა მოვიდეს. ეს აუცილებელი არ არის. მამა გაბრიელი ყოველთვის ყველას უსმენს. ვთხოვე მამა გაბრიელს, შეწეოდა შეწუხებულ ხალხს, რომ რწმენაში გაძლიერებულიყვნენ. მერე ეს ფაქტი ვიღაცამ სხვანაირად გამოიყენა, არავითარი ხილვა არ მქონია. ხვალ უდიდესი საუფლო დღესასწაულია, მაგრამ აუცილებელი არ არის მამა გაბრიელის საფლავზე შობას მოვიდნენ. საიდანაც არ უნდა შეევედრონ მას, ყველას უსრულებს სურვილს, ", - განაცხადა დედა პარასკევამ.
ამ ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სასულიერო პირების ნაწილი მომლოცველებს კერპთაყვანისმცემლობაში ადანაშაულებს. მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:
"ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და, რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატვრა. საერთოდ, დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს და ამ დროს განსაკუთრებულად გულმხურვალედ უნდა ვევედროთ უფალს. დგება შობის ბრწყინვალე ზეიმი. დაე, იესო ქრისტეს წყალობა და ლოცვა-კურთხევა არასოდეს მოაკლდეს საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
მამა გაბრიელის საფლავს ხალხი მიაწყდაო და ფსევდო-ლიბერალურ საზოგადოებას სალაპარაკო თემა მიეცა. მათი ნაწილი მრევლს აკრიტიკებს, ნაწილი -სასულიერო პირებს, ან - ორივეს ერთად. ზოგიერთმა მათგანმა ხელსაყრელი დრო იპოვა და ხალხისთვის ერთ-ერთი საყვარელი წმინდანის შეურაცხყოფაც იკადრა. ჩნდება ეჭვი, რომ საკითხის აჟიტირება, ეკლესიის "ბნელად" შერაცხვა მავანს ძალიან აწყობს.
რას ფიქრობენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირები? რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი წმინდანის საფლავზე? სად გადის ზღვარი ქრისტიანობასა და კერპთაყვანისმცემლობას შორის? ამ საკითხებზე sazogadoeba. ge-ს ჯვრის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ესაუბრება:
- ჩემი მამა გაბრიელისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, ადამიანების მოზღვავება ორი სურვილის შესასრულებლად, ჩვენი ერის სულიერი ავადმყოფობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. მე, რა თქმა უნდა, მწამს მისი სიწმინდე, შენახვედრი ვარ მასთან და ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მამა გაბრიელს დღემდე ვევედრები, მეოხებას და შეწევნას ვთხოვ. მიუხედავად ჩემი მისდამი ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებისა, ჩვენი ერი ქრისტიანულად ვერ ფიქრობს და ქრისტიანული თვალსაზრისით, ჯანმრთელი არ არის. აქ მარტო მამა გაბრიელზე არ არის საქმე.
რომელიმე მონასტერს დავით გარეჯელი, ან შიო მღვიმელი რომ გამოცხადებოდა და ხალხს ორი სურვილის შესრულებას დაჰპირებოდა, ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ აკნინებს არც წმიდა დავით გარეჯელს, არც წმიდა შიო მღვიმელს, მაგრამ როდესაც ასეთ აჟიოტაჟს ვტეხთ, ეს ჩვენ გვაკნინებს. უფრო მეტიც, იქვე სვეტიცხოველში უფლის კვართია და ხალხი მას გვერდს უვლის. აბა, ვიღაცას ჰქონდეს გამოცხადება, უფლის კვართთან მიდით და ორი სურვილი აგისრულდებათო, რა მოხდება?! რას ჰგავს ეს, ეს რა ქრისტიანობაა?!
თქვენ რომ ხალხს ჰკითხოთ, მამა გაბრიელს რა სურვილების ასრულებას სთხოვთ, წარმოგიდგენიათ, რომ ასეთი პასუხები მიიღოთ?- იცით, მე დიდი ხანია ჩემში პატივმოყვარეობას ვებრძვი, ვერაფრით ვერ ვამარცხებ და შემწეობა მინდა ვთხოვო მამა გაბრიელს პატივმოყვარეობისგან გამათავისუფლოს; ან - ვერაფრით ვერ ვძლიე ჩემში არსებულ ანგარებას და ეს ძალიან მტანჯავს, უფლის წინაშე ვცოდავ და ვევედრები მას დამეხმაროს; ან- ახლობლებისადმი შური მინდა მოვიშორო, ან კიდევ - არაწმიდა გულისთქმისგან, მრისხანების ცოდვისგან მინდა გავთავისუფლდე. მე მეღიმება და თქვენ არ გეღიმებათ? თუკი ასეთ გამოკითხვას ჩაატარებთ, ამ სურათს მიიღებთ? ვერ მიიღებთ!
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ერი ავად არის. როცა გამოცხადებებზე, თუნდაც ის მართალი იყოს, ხალხში ამგვარი რეაქციაა და მხოლოდ მიწიერი სათხოვრებით მივდივართ, ქრისტიანული თვალსაზრისით ეს სულიერ ავადმყოფობას ნიშნავს. ძალიან ვწუხვარ ამაზე.
მე მახსენდება ასეთი შემთხვევა: ერთხელ მამა გაბრიელი კანონიზირებული არ იყო, მის საფლავთან პანაშვიდი გადავიხადეთ. იქ, როგორც წესი, ყოველთვის ხალხია, მადლობა ღმერთს ამისათვის. ქადაგებისას ვისაუბრე მამა გაბრიელზე და როდესაც უკან ვბრუნდებოდი, ცოლ-ქმრის საუბარი გავიგონე: გაიგე, თურმე მამა გაბრიელი მღვდელი ყოფილაო. აი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება თუნდაც ამ წმინდანის მიმართ. ამაში მე ჩვენი, სასულიერო პირების ბრალეულობასაც ვხედავ, ჩვენ ვერ ვასწავლით, ვერ ვაჩვენებთ ადამიანებს, თუ რა არის ქრისტიანობის არსი. ამ საკითხში ლომის წილი ჩვენ, სასულიერი პირებს მიგვიძღვის.
- სად გადის ასეთ შემთხვევაში ზღვარი ქრისტიანობასა და კერპთაყვანისმცემლობას შორის?
- როგორც კი ჩვენი ზეციური მოძღვრის ქრისტეს უმთავრეს მცნებას ადამიანი ყურადღებას არ მიაქცევს, რელიგიაში კერპთაყვანისმცემლობა და ანგარება იწყება. რა არის უმთავრესი მცნება? "რომელსაც სურდეს შემოდგომად ჩემდა, უარჰყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი, და შემომიდექ მე". საკუთარი თავის უარყოფა და ჯვრის აღება - არის უმთავრესი მცნება. როცა ადამიანი ვერ ხვდება, ეს რას ნიშნავს და ამის აღსასრულებლად არ იღწვის, ჯერ ანგარება და მერე კერპთაყვანისმცემლობა იქ იწყება. ანგარება არის კიდეც კერპთაყვანისმცემლობა.
- მამაო, მეორე მხრივ, მომლოცველთა შორის მრავლად არის ის ხალხიც, რომელსაც შვილი ან ახლობელი ჰყავს ავად ან სხვა რაიმე გასაჭირი აქვს და მამა გაბრიელის საფლავზე მოლოცვა იმედით ავსებს...
- რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ ღმერთს არ ვევედრებით მიწიერი პრობლემების მოგვარებას. ასეც არის, ეს თავისთავად ცხადია. როდესაც ზეციური მამის შვილი ხარ, შვილმა მამას შეიძლება მიწიერი ტკივილის შემსუბუქებაც სთხოვოს, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, აქცენტები როგორ არის დასმული. უფალი გვასწავლის, როგორ უნდა ვცხონდეთ. მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი, მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკისაგან განსხვავებით, ჯვრისგან გათავისუფლებას კი არ ევედრება უფალს, არამედ ამბობს, რომ ამ ჯვრის, ანუ განსაცდელის ღირსი ვარ, სამართლიანად მომეგების მე ეს ჯვარი. ხოლო, რადგან ღირსი ვარ, აქედან გამომდინარე, მე გათავისუფლებას კი არ ვითხოვ, არამედ ვევედრები, მომიხსენოს სასუფეველში. რა თქმა უნდა, შეიძლება მიწიერი პრობლემების მოგვარების თხოვნა, მაგრამ როდესაც მხოლოდ ამას ვითხოვთ, პასუხს სახარებიდანვე ვიგებთ. როდესაც მამა ავადმყოფი შვილის განკურნებას ევედრებოდა უფალს, მან თქვა: "ჰოი, ნათესავი ურწმუნო და გულარძნილ, როდემდე ვიყო მე თქვენთან, როდემდე თავს ვიდებდე თქვენსას?" მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი კი მაცხოვრისგან იღებს სიტყვებს: "დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში." ანუ, ქრისტიანობის არსი სწორად უნდა დავინახოთ. თუ ჩვენი ქრისტიანობა მარადისობისაკენ და უფლისადმი თავგანწირული ერთგულებისაკენ არ იყურება, ქრისტიანობისგან არაფერი რჩება.
- მამაო, ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის ხალხს სალაპარაკო მიეცა. ზოგი წმინდანს შეურაცხყოფს, ზოგი- სასულიერო პირებს და მრევლს. ჩნდება ეჭვი, რომ მავანს საკითხის აჟიტირება ძალიანაც აწყობს...
- ეს კიდევ ცალკე თემაა. თუ ზემოთ ერთ უკიდურესობაზე ვისაუბრეთ, ეს მეორე უკიდურესობაა. იმას, რასაც ფსევდო-ლიბერალიზმი ჰქვია, გაცილებით უარესი მდგომარეობაა. იმათ, ვისზეც ვილაპარაკეთ, შეიძლება აუხსნა და გააგებინო, ამ შემთხვევაში კი საერთოდ უღმერთობას აქვს ადგილი. ასე მოვიქცევით თუ ისე, ისინი ყოველთვის მოძებნიან საბაბს, რომ როგორმე ეკლესიას დასცინონ. სწორებას მაგათზე ვერ გავაკეთებთ. ჩვენ სწორება ქრისტეზე უნდა გავაკეთოთ. მე ზემოთ იმ მორწმუნეებზე ვსაუბრობდი, რომელთაც არასწორი სარწმუნოება და ქრისტიანობაში არასწორი ხედვა აქვთ. რაც შეეხებათ ურწმუნოებს, ღმერთი არ სწამთ, უხარიათ და რაზე უნდა ველაპარაკო? ისინი მიზეზს ეძებენ. ეს ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს, მართალია, ერთი მხრივ, მათზე სწორება არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მეორე მხრივ, სალაპარაკოც რატომ უნდა მივცეთ?! მთავარია, ღვთის წინაშე სწორად მოვიქცეთ და დანარჩენი, ვინ რას იტყვის, ჩვენი საქმე არ არის.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий