понедельник, 19 августа 2013 г.

რაბლეს სიცილის სიბრძნე


ნინი ხოჯანაშვილი – რაბლეს სიცილის სიბრძნე
მსოფლიო ლიტერატურაში არსებობს წიგნი, რომელსაც არ ჰყოლია მსგავსი სიუჟეტის მქონე წინაპარი. ეს არის წიგნი, რომელიც სიყვარულით (და არა სიძულვილით) დასცინის მთელს კათოლიკურ სამყაროს, მაგრამ მისი ავტორი ბერია, ეს ის წიგნია, რომელიც მსოფლიო ისტორიის უგანსაკუთრებულეს პერიოდში, ინკვიზიციების დროს და პროტესტანტული მიმდინარეობის ჩამოყალიბების კვდალდაკვალ დაიწერა. გაუგებარია, რა ძალის მეოხებით გადაურჩა ავტორი კოცონზე დაწვას და როგორ მოაღწია ამ აკრძალულმა წიგნმა ჩვენამდე. მით უფრო გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს რაბლე და იწონებდეს ქრისტიანულ სამყაროს თავისი სისხლისმღვრელი წარსულით. ეს არის წიგნი უუნარო სისტემაზე, სიბრმავეზე, კაცობრიობის გადაგვარებულ გონებაზე და განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობაზე.

“ბენედიქტე სპინოზა”


ბარუხ (ბენედიქტე) სპინოზა – Baruch (Benedict) Spinoza (1632-1677)
გურამ თევზაძე – “ბენედიქტე სპინოზა”
სპინოზას ფილოსოფია წარმოადგენდა, ზოგადად, დეკარტის დუალიზმის, კერძოდ კი მისი ფსიქოფიზიკური პარალელიზმის თეორიის გადაჭრის ცდას მონიზმისა და პანთეიზმის საფუძველზე. მან სრული სიღრმით გაიაზრა თავის თავის მიზეზის (cauza sui) ცნების გადამწყვეტი მნიშვნელობა მსოფლმხედველობისათვის და დეკარტის “ცოგიტო”-ს უეჭველობაზე წინ სუბსტანციის (ბუნების, ანუ ღმერთის) როგორც თვითმიზეზის უეჭველობა დააყენა. სამყაროს, როგორც ერთადერთი აბსოლუტურად უსასრულო რეალობის ბრუნოსეული ხედვა სპინოზამ სუბსტანციის ყოველი საგნის იმანენტურ მიზეზად გააზრებით დააზუსტა. ამის საშუალებით, ნეოპლატონიზმის სიკეთის მონიზმი სამყაროსავე შინაგან წესრიგად იქცა. ამ საფუძველზე სპინოზამ უარყო ადამიანის ნების თავისუფლება, როგორც უმოტივო მოქმედება და თავისუფლება განსაზღვრა, როგორც შეცნობილი აუცილებლობა. სპინოზამ პირველმა შეიტანა დიალექტიკური ხასიათის შესწორება უსასრულობის ტრადიციულ მეტაფიზიკურ გაგებაში და უსასრულობაში უსასრულობათა სიმრავლის მოაზრების გზა გახსნა. აღნიშნულ პრინციპთაგან თუნდაც ერთის წამოყენება და დასაბუთება საკმარისი იქნებოდა დიდი მოაზროვნის სახელისათვის. ამიტომ სწერდა ჰეგელი: “იყო სპინოზისტი არის ყოველი ფილოსოფოსობის არსებითი საფუძველი” (42,20.589). ისიც უნდა ითქვას, რომ სპინოზა სოკრატეს მსგავსად, იმ იშვიათ ფილოსოფოსთა რიგს მიეკუთვნება, რომელნიც თავადაც ისე ცხოვრობდნენ, როგორც სხვებს ასწავლიდნენ.
ბარუხ (ქრისტიანული სახელი ბენედიქტე) სპინოზა 1632 წელს, პორტუგალიიდან ამსტერდამში გადმოსახლებული ებრაელის ოჯახში დაიბადა. 1649-1656 წლებში იგი ცნობილი ებრაელი რაბინის საულ ლევი მოტრეირას სასწავლებელ “იეშივა”-ში სწავლობდა. სპინოზაზე დიდი გავლენა მოუხდენიათ ლათინურის მასწავლებელს, ლ. ვანინის მიმდევარს ვან დერ ენდენს და ლიბერალ ებრაელ მოაზროვნეს ურიელ აკოსტას. აკოსტა ის საინტერესო მოაზროვნეა, რომელმაც საჯაროდ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ მოსეს წიგნებში საიქიოზე არაფერია ნათქვამი. 1640 წელს იგი ებრაელთა თემიდან გაკვეთეს, რაც ნიშნავდა ადამიანის საშინელ იზოლიაციას თანამოძმეებისაგან. 1647 წელს მან თავი მოიკლა. ბიბლიის კრიტიკულ ანალიზში მისი მიმდევარი სპინოზა 1656 წელს განკვეთეს. განკვეთის ტექსტი უსასტიკესი იყო: ჩვენ განვდევნით და ვწყევლით ბარუხ დე სპინოზას წმინდა კრებიდან. წყეული იყოს იგი დღისით და ღამით, იყოს წყეული, როდესაც წვება დასაძინებლად და როდესაც დგება ლოგინიდან. იყოს წყეული როდესაც შედის სახლში და გამოდის სახლიდან, აღსრულდეს მასზე ყველა წყევლა რომელიც ჩაწერილია კანონთა წიგნში. არც არავინ დაელაპარაკოს და არც მისწეროს ვინმემ რაიმე, არც არაფრით დაეხმაროს, არ წაიკითხოს არაფერი მისი ნაწერებიდან, არ მიუახლოვდეს 4 ადლის მანძილზე და სხვ.
სპინოზას სამივე რელიგიის, იუდაიზმის, ქრისტიანობის და მაჰმადიანობის მტრად აცხადებდნენ. ასეთ შემთხვევებში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები ერთიანდებოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. სოციალისტურ ქვეყნებში “ათეიზმს” სპინოზას დიდ დამსახურებად უთვლიდნენ. ამ ფონზე გამოირჩეოდა შალვა ნუცუბიძე. 1931 წელს, ე.ი. ათეისტური პროპაგანდის სრული ბატონობის დროს, ბერლინში გამოცემულ წიგნში “ფილოსოფია და სიბრძნე” იგი აღნიშნავდა, რომ სპინოზას პოზიცია არ არის ანტირელიგიური, არამედ დოგმატური რელიგიების წინააღმდეგაა მიმართული (55,148). ეს სავსებით სწორი პოზიციაა. სპინოზას დებულებები, რომ “ნათელი გონება შეუმცდარია”, „სიძულვილი არასდროს შეიძლება კარგი იყოს”, „მხიარულება არადროს შეიძლება იყოს გადაჭარბებული” და სხვ. გვიჩვენებენ, რომ ამ ადამიანის გონება და გული არ შეიძლებოდა ყოფილიყო “ცივი” მათემატიკური, ანდა სამაგიეროს გადახდაზე მოფიქრალი და მოძალადე ეგოისტის იარაღი. სპინოზა იცავს ზოგადადამიანურ ზნეობას და ცდილობს ყოველი ღირებული ადამიანური აქტივობა ამ მიზანს დაუქვემდებაროს.
სპინოზა მასწავლებელზე, ურიელ აკოსტაზე, გამძლე აღმოჩნდა. მისი სულიერი მხნეობა მისი ფიზიკური სისუსტის უკუპროპორციული იყო. რაბინთა მცდელობით სპინოზა 1660 წელს ამსტერდამიდანაც გააძევეს. 1663 წლამდე იგი ლაიდენის მახლობლად, სოფელ რიინსბურგში ცხოვრობდა და ზუსტი ხელსაწყოებისათვის ლინზების კეთებით ირჩენდა თავს. 1669 წელს კი ჰააგაში გადადის საცხოვრებლად.
სპინოზას დასახასიათებლად მიუთითებენ სასამართლო პროცესზე, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ მისმა ნახევარძმამ წამოიწყო, რათა სპინოზასა და მის თანამემამულეებს შორის არსებული კონფლიქტი გამოეყენებინა და მამინაცვლის მთელი ქონება ხელში ჩაეგდო. სასამართლოზე სპინოზამ, ადვოკატის გარეშე, დამაჯერებლად უჩვენა მომჩივანის პრეტენზიის სრული უსაფუძვლობა. მამის მთელი ქონება სპინოზას მიაკუთვნეს. ამის შემდეგ, სპინოზამ მხოლოდ მამის ლოგინი დაიტოვა. დანარჩენი ქონება დამარცხებულ პრეტენდენტს აჩუქა.
ებრაულ ტრადიციასთან სპინოზას მხოლოდ ბიბლიის კრიტიკული ანალიზი არ აკავშირებდა. მის ბიბლოთეკაში იდო ლეონ ებრეოს (1460-1535) ცნობილი წიგნი „დიალოგი სიყვარულზე“, რომლის გავლენაც იგრძნობა სპინოზას ფილოსოფიაში.
მეცნიერთა ყურადღება სპინოზამ მიიქცია ნაშრომით “დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლები“ (1663). ეს სპინოზას სიცოცხლეში მისი სახელით გამოქვეყნებული ერთადერთი ნაშრომია. 1670 წელს მანAანონიმურად გამოაქვეყნა „თეოლოგიურ-პოლიტიკური ტრაქტატი“. სპინოზა ამ დროს უკვე საკმაოდ ცნობილი იყო მთელს ევროპაში და მრავალი ხვდებოდა თუ ვინ იყო ტრაქტატის ავტორი. როცა ქ. უტრეხტში მცხოვრებმა კარტეზიანელმა ექიმმა ლ. ველტჰაუზენმა სპინოზას ამ ნაშრომის შეფასება სთხოვა, სპინოზამ მისწერა, რომ ავტორი აშკარა ათეისტია, რამდენადაც ყოველგვარ არსებულ რელიგიას უარყოფსო. ამ ნაშრომში სპინოზამ მოგვცა აბრამ იბნ ეზრას (1092-1167) ხელნაწერთა, სპეციალისტთა მიერ გენიალურად მიჩნეული, გაშიფრვა და ამის საფუძველზე აწარმოა ბიბლიის კრიტიკული ანალიზი. იგი ამტკიცებდა, რომ ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის, ანუ თორას ავტორი არის არა მოსე, როგორც ეს ტრადიციულად მიაჩნდათ, არამედ ბენ ეზრა (ძვ. წ. V ს.). ქრისტეს არსებობას სპინოზა არ უარყოფდა, მაგრამ იგი გენიალურ ადამიანად მიაჩნდა და არა ღმერთად. რელიგიური თვალსაზრისით, ამავე პოზიციებიდანაა დაწერილი. სპინოზას ძირითადი ნაშრომი „ეთიკა“. იგი ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოიცა.
სპინოზას ნააზრევით მთელი მაშინდელი კულტურული ევროპა იყო დაინტერესებული. მას მიმოწერა ჰქონდა ლონდონის სამეფო საზოგადოების მდივანთან ჰ. ოლდენბურგთან, დანიელ ექიმ ნ. სტენსენთან, თავის გამომცემელსა და მეგობართან, ჰოლანდიელ ლ. მაიერთან, გერმანელ მოაზროვნე ვ. ჩირნჰაუსთან, გ. ვ. ლაიბნიცთან, განათლებულ კომერსანტ დე ფრიზთან და სხვებთან. ამ წერილებში სპინოზა განმარტავდა და აზუსტებდა საკუთარი მოძღვრების ზოგ ძირითად დებულებას. ლაიბნიცი 1676 წელს ჰააგაში ჩავიდა ამ უცნაური ბრძენის სანახავად. ქრ. იოჰანსენმა კარგად აღწერა მათი შეხვედრა: დიდი ლაიბნიცისთვის, პრაქტიკული პოლიტიკით მისი ზედმეტი გატაცების გამო, ამ უცნაურ განდეგილს, ერთი მხრივ, საყვედურები უთქვამს, მეორე მხრივ კი სტუმრისთვის გაუნდვია, რომ მან თავისი „ეთიკა” დაამთავრა და რიგი ძირითადი დებულებაც გაუცვნია (48. 215).
პოლიტიკით გატაცების საყვედური ლაიბნიცის მიმართ არ ნიშნავდა, რომ სპინოზა თავს არიდებდა პოლიტიკას. კარგადაა ცნობილი მისი აშკარა მხარდაჭერა ქვეყნის ფაქტიური მმართველების, ძმები დე ვიტებისადმი. 1772 წელს, როცა ვილჰელმ III ორანელის წაქეზებით, აჯანყებულებმა დაპატიმრებული ვიტები დახვრიტეს, სპინოზამ გადაწყვიტა გამოეკრა წარწერა: ”უსაშინელესი ბარბაროსობა” (Ultima Barbarorum). მაგრამ თანამოაზრეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება მის ათეიზმს, სპინოზა ერთმანეთთან არ აიგივებდა გაბატონებულ რელიგიებს და რელიგიას საერთოდ. ორანელმა ეს ფაქტი არ დაივიწყა და 1774 წელსA აკრძალა სპინოზას “თეოლოგიურ პოლიტიკური ტრაქტატი”, როგორც „ღვთისმგმობლური და სულის დამღუპველი”. სპინოზას არც ათეისტებად მიჩნეული ხალხი მოსწონდა და თავს არც ათეისტად თვლიდა. როცა უტრეხტელმა პროფესორმა ვალტერ ვან ველტჰიუზენმა მას ათეისტობა დასწამა, სპინოზამ უპასუხა, რომ იგი არც ასე შეზღუდული გონების პატრონი იყო: ათეისტები, ჩვეულებრივ მიისწრაფვიან პატივისა და დიდებისაკენ, მე კი, როგორც ყველამ იცის, ესენი მეზარებაო (110, 45.126). ამ დროს სპინოზა, ალბათ, პავლე მოციქულის სიტყვებზე ფიქრობდა და მათ ეთანხმებოდა: თუ ღმერთი და სულის უკვდავება არ არსებობს, მაშინ ამქვეყნიური სიამოვნებანი უმაღლეს ღირებულებებს წარმოადგენენ.
სპინოზას მთავარი ნაშრომის „ეთიკის“ სტიმულად შეიძლება წარმოვიდგინოთ დეკარტის “ფილოსოფიის პრინციპების” ის ადგილი, სადაც დიდი ფრანგი მოაზროვნე ფილოსოფიას ხეს ადარებს და ყველა მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულების საჩვენებლად, მათ სამ ძირითად ჯგუფად ჰყოფს: მედიცინა, მექანიკა, ეთიკა. უკანასკნელი მას ესმის, როგორც „უმაღლესი და უსრულყოფილესი მეცნიერება ზნეთა შესახებ“, რომელიც უმაღლესი და უსრულყოფილესი საფეხურია სიბრძნისკენ მიმავალ გზაზე (13,421). ისტორიული ასპექტით თუ განვიხილავთ, აქ შეიძლება გავიხსენოთ პარაცელსის Teorica Medica, სადაც ღმერთისა და ბუნების შესწავლაში ფილოსოფიას, როგორც თეორიულ ბუნებისმეტყველებას, ასტრონომიას და ალქიმიას, უზესთავდება ზნეობის შესახებ მოძღვრება.
ფილოსოფიური სისტემა სპინოზას წარმოუდგენია, როგორც ზნეობის შესახებ მოძღვრება. მის ძირითად ნაშრომს სწორედ ამიტომ ჰქვია „ეთიკა“. სპინოზას მართებული აზრით, ფილოსოფიის და მეცნიერების საბოლოო მიზანი უნდა იყოს არა თეორიული, არამედ პრაქტიკული. პრაქტიკულ მიზანთა შორის კი უმაღლესი ღირებულებისაა ადამიანის ზნეობრივი სრულყოფა. სპინოზას კარგად ესმის, რომ ამისათვის საჭიროა გარკვეული ცვლილებები თვით საზოგადოებრივ წყობაში (45,324). მაგრამ ყოველი სასიკეთო ცვლილებისათვის სპიმოზას აუცილებლად მიაჩნია ადამიანის ზნეობრივი. ზნეობრივი სრულყოფა კი, მისი აზრით, სწორად წარმართულ შემეცნებას მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ სოკრატესა და პლატონის იდეალი ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერების ერთიანობის თაობაზე, ახალ ფილოსოფიაში, ასე თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, არავის წამოუყენებია.
ევროპული განმანათლენლობისათვის სპინოზა, ლაიბნიცის გვერდით, უდიდესი ავტორიტეტი იყო, განსაკუთრებით გერმანიაში. მის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციათა შორის გამოირჩევა გოეთეს მიერ თავის ”პრომეთეუსში” ამ მოძღვრების, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბეკონის ასპექტით გაგება: კი არ უნდა დაელოდო ბუნებას, სანამ ცეცხლს მოგცემს, არამედ პრომეთესავით უნდა წაართვა. სპინოზას პოზიცია გოეთეს უფრო ზუსტადა აქვს გამოთქმული, როცა ამბობს: ”მატერია არასდროსაა სულის გარეშე, ხოლო სული – უმატერიოდ” (50. 413). ეს სრული ჰილოძოიზმია, რომელიც სპინოზასთან პანთეიზმს ემთხვევა.
სპინოზას “ეთიკა” იწყება ონტოლოგიით, ე.ი. ღმერთზე, ანუ ბუნებაზე მოძღვრებით. იგი მიზნად ისახავს ადამიანის თავისუფლების დაფუძნების შესაძლებლობის უღრმესი და უმაღლესი პრინციპების ჩვენებას. “ეთიკის” 5 წიგნის თანმიმდევრობა და სათაურებიც ნათლად მიუთითებენ ამ მიზანზე: I. ღმერთის შესახებ: II. სულის ბუნებისა და წარმოშობის შესახებ; III. აფექტების ბუნებისა და წარმოშობის შესახებ; IV. ადამიანის მონობის, ანუ აფექტების ძალის შესახებ; V. გონების სიძლიერის, ანუ ადამიანის თავისუფლების შესახებ. ამგვარი ეთიკური “პრაგმატიზმი” სპინოზას ყველა ნაშრომს გასდევს.
რაიმე დებულების, თუ პრინციპის დასაბუთება სპინოზასთან სპეციფიკური სახით ხდება. ”ეთიკა დასაბუთებული გეომეტრიული წესით”, ასე ეწოდება სპიმოზას ძირითად ნაშრომს და მართლაც, თითქოს გეომეტრიის სახელმძღვანელოსთან გვქონდეს საქმე, ნაშრომში მოცემულია განსაზღვრებები (Definitionen). მაგალითად, “ეთიკის” პირველი ნაწილის პირველი განსაზღვრება ასეთია: ”თავის თავის მიზეზი მე მესმის, როგორც ისეთი რამ, რისი არსებაც შეიცავს არსებობას, ანუ რისი ბუნებაც შეიძლება გაგებული იქნეს მხოლოდ როგორც არსებული. მეორე განსაზღვრება გვეუბნება: “სასრულო თავის გვარში ეწოდება ნივთს, რომელიც შეიძლება მისი ბუნების სხვა ნივთისაგან ზღვარდებული იქნას. მაგალითად, სხეულს ეწოდება სასრულო, რადგან ჩვენ სხვა, მასზე უფრო დიდი სხეულის მოაზრება შეგვიძლია” (46,4). აქვეა, სუბსტანციის, ატრიბუტის და ღმერთის განსაზღვრებები. მათ მოსდევს განმარტებები (Explikatio) იმისა, თუ როგორ ესმის ავტორს “აბსოლუტი”, ‘თავისუფალი”, “აუცილებელი” “მარადიული” და სხვ.
აქსიომები (Axiomata), ანუ პოსტულატები (Postulate), რომლებიც “ეთიკის” ამ ნაწილში სულ შვიდია, გვეუბნება: 1. ”ყველაფერი რაც არსებობს არის ან თავის თავში, ან სხვაში”; 2. რაც რაიმე სხვით არ გავიგოთ, გაგებული უნდა იქნეს ცსაკუთარი თავის საშუალებით”. მას მოსდევს დებულებები (Propositio), რომელთა დასაბუთება ხდება ამ აქსიომებზე და განსაზღვრებებზე დამყარებით. მაგალითად, პირველი დებულება ეხება სუბსტანციას: “ სუბსტანცია უფრო ადრე არსებულია, ვიდრე მისი აფექტები”. ამის დასაბუთება (Demonstratio) გვეუბნება, რომ ეს ნათელია მესამე და მეხუთე ”. მესამე დებულება გვეუბნება: “სუბსტანცია მე მესმის, როგორც ისეთი რამ, რაც არსებობს თავის თავში და გაიგება თავის თავიდან, ე.ი. იგი ისაა, რომლის ცნების აგებას არ სჭირდება რაიმე სხვა ნივთის ცნება”. მეხუთე დებულება მოდუსის განსაზღვრებაა: „მოდუსი მე მესმის, როგორც სუბსტანციის მოქმედება (Affektion), ანუ ის, რაც რაღაც სხვაში არის და ამ სხვით გაიგება“.
რასაკვირველია, ყველა დასაბუთება ასე მარტივი არ არის. ზოგ დასაბუთებას აქვს დამატება (Corollarium), ასევე, შენიშვნა (Scholium) და, ზოგჯერ, ვრცელ დასაბუთებას სხვა დასაბუთებაც (Aliter) მოსდევს, ზოგჯერ ვხვდებით დანართებსაც (Apendix). მაგრამ პრინციპი ყველგან ერთია: დასასაბუთებელი დებულება ისევე ნათელი და დამაჯერებელი უნდა იყოს, როგორც მათემატიკური (გეომეტრიული) დასაბუთებაა.
დასაბუთების ეს სპეციფიკური წესი, შემდეგ, დიდხანს შერჩება ევროპულ აზროვნებას. ფილოსოფიის ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს მეთოდი სპინოზას ფილოსოფიის არსებასაც, მის სპეციფიკასაც გამოხატავს, რამდენადაც მისი ფილოსოფიის საგანიც, მათი მტკიცებით, გეომეტრიულია და ანგარიშს არ უწევს ერთეულსა და გრძნობადს. სპინოზას ამგვარი ცალმხრივი შეფასება ფიხტესა და ჰეგელიდან მოდის. მაგრამ, თუ დავუკვირდებით დავინახავთ, რომ სპინოზა გეომეტრიულ მეთოდს საერთოდ მეცნიერული აზრის დალაგების და დასაბუთების საუკეთესო მეთოდად თვლის, სულერთია რა საგანს და ვის ფილოსოფიას ეხება საკითხი. სპინოზამ ხომ დეკარტის ფილოსოფიაც ამ წესით დაალაგა და ამავე მეთოდით იკვლევდა იგი აფექტესაც. სპინოზა დარწმუნებულია, რომ ეს წესი სასარ გებლოა ყველგან, სადაც მიზეზობრიობა და კანონზომიერება არსებობს. სხვაგვარად დაგვეკარგება სპინოზას ფილოსოფიის შინაგანი ჰუმანისტური არსი, რომელზედაც ბევრი მიუთითებდა და მიუთითებს. ამით სპინოზა განსხვავდება თ. ჰობსისაგან, რომელსაც ყოველი არსებულის შემეცნება საანგარიშოს ერთ სახეზე დაჰყავდა.
სპინოზასათვის, ისევე, როგორც დეკარტისათვის, არსი და აზრი იმდნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ მათი ურთიერთზემოქმედების დაშვება არ შეიძლება. გავიხსენოთ, სპინოზას ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის პრინციპი. სპინოზასათვის გეომეტრიული განფენილს ნიშნავს, ხოლო სუბსტანციას მისთვის განფენილობისაგან თვისებრივად განსხვავებული უამრავი ატრიბუტი აქვს. გარდა ამისა, სუბსტანცია, როგორც თავის თავის მიზეზი და თავის თავის საფუძველი პრინციპულად მიუწვდომელია გეომეტრიისათვის. სპინოზასთან სისტემის დალაგების მეთოდი წინასწარ გულისხმობს დასალაგებლის დადგენის სამუშაოს, ე.ი. მასთან მისვლის მეთოდს. ამ მეთოდს სპინოზასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არა არსებითი. ალბათ იმიტომ, რომ ამ მეთოდით დალაგებისას უკვე ჩატარებული შემეცნების, მისი წინასწარი სამუშაოს შედეგების გადმოცემა ხდება. დეკარტის ფილოსოფიის დალაგებისას სპინოზა მიუთითებდა, რომ მთავარი ისაა, გვაქვს თუ არა ჩვენ ესა თუ ის პრინციპი, ან იდეა და არა ის, თუ როგორია მისი მიღწევის გზა (45,I.192). ჩვენი შემეცნების პროცესის ამ ასპექტს სპინოზას თანამედროვე ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ლოკი მიაქცევს ყურადღებას და სწორედ მასში დაინახავს ადამიანური შემეცნების საიდუმლოების გასაღებს.
საკუთარი ფილოსოფიური სისტემის დალაგებას სპინოზა იწყებს უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი ცნების განსაზღვრებით, ასეთია „თავის თავის მიზეზი“ (causa sui). იგი ისეთი რამაა, რომლის არსება თავის არსებობას თავისში შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სხაგვარად არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ არა როგორც არსებული. აქ იგულისხმება დეკარტის მიერ cogito-საკენ გაკაფული გზა, მაგრამ ეს არაა გამეორება. სპინოზას მიერ გამოსავლად მიჩნეულია, არა „აზროვნება“, როგორც კონკრეტული პიროვნების, მოაზროვნის არსებობის უეჭველობის საბუთი, არამედ „თავის თავის მიზეზი“, რომელიც ამავე დროს, ცხადია, ყოველივე სხვისი არსებობის მიზეზიც უნდა იყოს. თუმცა ამ განსაზღვრებიდან არ ჩანს ის, თუ რა შეიძლება ასეთი იყოს _ ერთი რამ, თუ მრავალი. აქედან არც ის ჩანს, არსებობს თუ არა ასეთი რაიმე. სუბსტანციის განსაზღვრება, როგორც ისეთი რაიმესი, რაც საკუთარი თავით არსებობს და რომლის წარმოდგენა (ე.ი. დასაბუთება) არ საჭიროებს რაიმე სხვა არსებულის, სხვა საგნის მოშველიებას, გვეუბნება, რომ თავის თავის მიზეზი მხოლოდ სუბსტანცია შეიძლება იყოს. სხვა განსაზღვრებები გვეუბნებიან, რომ იგი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, რომ იგია ის, რასაც ღმერთს უწოდებენ ანუ აბსოლუტურად უსასრულო და თავისუფალი, როგორც მხოლოდ საკუთარი აუცილებლობის საფუძველზე არსებული და მოქმედი.
სუბსტანცია და მისი მოდუსები, ე,ი. მისი გამოვლინებანი, ანუ დროში და სივრცეში განფენილი საგნები, ასევე ჩვენი აზრები და წარმოდგენები, ერთმანეთისაგან მხოლოდ შემეცნებისთეორიულად და ლოგიკურად განსხვავდებიან. თავისთავად ისინი ერთიან მთელს შეადგენენ. შეიძლება ითქვას, რომ სუბსტანციასა და მოდუსებს შორის მთელისა და ნაწილის მიმართებაა; ამასთანავე, ზოგადისა და ერთეულისაც, რადგანაც ნებისმიერი სიმრავლის წარმომადგენელი თავისი გააზრებისათვის სუბსტანციასთან მისი მიმართების გააზრებას მოითხოვს.
ამიტომ ამბობენ, რომ სუბსტანციასა და მოდუსებს შორის მექანიკური მომართება კი არაა, როგორც ზოგი მკვლევარი ფიქრობს, არამედ ორგანული. სუბსტანცია, როგორც მთელი თავისი შემადგენელი ნაწილების კანონი, მათში არსებობს, როგორც შინაგანი კანონი. ამიტომ უნდა ითქვას, რომ მოდუსები წარმოიშვებიან და ისპობიან, ხოლო სუბსტანცია უძრავია და უცვლელია, როგორც ორგანიზმი. ორგანიზმშიც ხომ უწყვეტად წარმოიშვება და ისპობა უამრავი უჯრედი, მაგრამ ამით მისი მთლიანობა არ ირღვევა. ამის გააზრება საჭიროა იმისათვის, რათა სუბსტანცია მოდუსების მიმართ ტრანსცენდენტურად, ე.ი. მათგან მოწყვეტილად არ წარმოვიდგინოთ. ეს აშკარად შეუთავსებელია სპინოზას სრულ პანთეიზმთან, ანუ ღმერთის (სუბსტანციის) და ბუნების სრული იგივეობის ძირითად პრინციპთან. საყურადღებოა, რომ ამგვარად გაგებული სუბსტანცია, მართალია გაიგება როგორც თავისთავადი და თავის თავში არსებული, მაგრამ იგი მაინც კორელატურია (მიმართებითია) მის მიერ განსაზღვრულ მოდუსთა სამყაროსთან, განსხვავების ნეოპლატონური ერთისაგან, რომლისთვისაც სიმრავლისაგან სრული დამოუკიდებლობა სურდათ მიეწერათ.
სპინოზას მიერ მოაზრებულ უნივერსუმში, როგორც აბსოლუტურ უსასრულობაში, სტრუქტურული თვალსაზრისით განსხვავდებიან, არა მარტო სუბსტანცია და მოდუსები _ როგორც სქოლასტიკიდან და ბრუნოს მოძღვრებიდან კარგად ცნობილი მწარმოებელი და წარმოებული ბუნება (Natura naturans და Natura naturata), როგორც არსებულის იმანენტური კანონზომიერება და მისი გამოვლენა, ანუ როგორც ერთი და იგივე მთელის არსება და მოვლენა (104,1, 387); სპინოზა მის მიერ მოაზრებულ სამყაროში მესამე სტრუქტურულ “ნაწილსაც” ადგენს. ესაა ატრიბუტი. იგი მოდუსისა და სუბსტანციის ცნებებს და მათ შესაბამის ვითარებებს “შორის” დგას და არის ის, რასაც “გონება წარმოიდგენს სუბსტანციაში, როგორც მისი არსების შემადგენელს”. ეს იმას ნიშნავს, რომ ატრიბუტი არის სუბსტანციის უსასრულო ბუნების წარმოდგენა მისი ერთ-ერთი არ სებითი ასპექტის მიხედვით.
სუბსტანცია, როგორც აბსოლუტურად უსასრულო, შედგება ატრიბუტთა უსასრულო რაოდენობისაგან. მაგრამ ჩვენ, როგორც სულისა და სხეულისაგან შემდგარ სასრულო გონიერ არსებებს, მხოლოდ ორი ატრიბუტის შემეცნება შეგვიძლია. ესენია: აზროვნება და განფენილობა. სხვა ატრიბუტთა მიუწვდომლობა ადამიანისათვის არ ნიშნავს გნოსტიცისმს, ე.ი. ცოდნის შეუძლებლობის მტკიცებას, რადგან თითოეული ატრიბუტი რაღაც არსებითს გვეუბნება სუბსტანციაზე. ამდენად, სხვა ატრიბუტებიც იგივეს იტყვიან, ოღონდ ჩვენთვის გაუგებარი წესით.
ატრიბუტები, სპინოზას აზრით, წარმოადგენენ ”უსასრულოს თავის გვარში”. მაგალითად, განფენილობის ატრიბუტი უსასრულოა, რადგან ნებისმიერი სიდიდის სივრცეზე უფრო დიდის წარმოდგენა და მოაზრება შესაძლებელია. სპინოზასათვის კი, როგორც რაციონალისტისთვის, მოაზრების აუცილებლობა არსებობის აუცილებლობასაც ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ეს არაა აზროვნების რაიმე უპირატესობა განფენილობაზე, არამედ მხოლოდ მასში არსებულის დაშვების უფლება. ასეა, რადგან სპინოზასათვის, ისევე, როგორც დეკარტისათვის, საგანი არ განისაზღვრება აზრით და პირიქით. ორივენი მხოლოდ “თავის გვარში” უსასრულონი არიან, მაგრამ ეს მაინც უსასრულოში უსასრულობათა სიმრავლის დაშვებაა. თანაც, არა როგორც არცოდნის ცოდნის, არამედ არითმეტიკულად დასაბუთებადი ვითარებისა (ნატურალურ რიცხვთა მწკრივში, რომელიც უსასრულოდ გაგრძელებადია, თავსდება კენტ, წყვილ და სხვა რიცხვთა მწკრივების უსასრულო რაოდენობა). მ. გოგიბერიძემ აღნიშნა, რომ დიდმა მათემატიკოსმა გ. კანტორმა თავისი სიმრავლეთა თეორიის ფილოსოფიურ წინამორბედად მაიერისადმი სპინოზას წერილზე მიუთითა (53,12).
სუბსტანციის სტრუქტურული დასახსვრა აღნიშნულით არ მთავრდება. თითოეულ ატრიბუტს გააჩნია ე.წ. მთავარი მოდუსები. აზროვნებისათვის ასეთებია გონება და ნება, ხოლო განფენილობისათვის – მოძრაობა და უძრაობა. მათი ამგვარი უპირატესობა იმითაა გამართლებული, რომ ისინი აუცილებელნი არიან შესაბამისი ატრიბუტების ყოველი მოდუსის მოსააზრებლად. შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ მოძრაობას სპინოზა ატრიბუტად არ თვლის. ამის საფუძველს იგი იმაში ხედავს, რომ მისი მოაზრებისათვის cogitos გარდა, აუცილებელია სხვა ატრიბუტიც, კერძოთ, განფენილობა, რადგან მოძრაობა განფრნილობაში ხორციელდება. როგორც ვხედავთ, სპინოზა ტრადიციულად, აზრის მოძრაობას მოძრაობად არა თვლის, რამდენადაც მას სივრცე არ სჭირდება.
სპინოზას, ერთი შეხედვით ნათელ დებულებებში მრავალი სიძნელე იმალება. კამათობენ იმაზეც, ვინ არის სპინოზა _ მატერიალისტი თუ იდეალისტი. დაობენ ასევე, მისი პანთეიზმის ბუნების შესახებ. პროფ. მოსე გოგიბერიძე თვლიდა, რომ სპინოზა მატერიალისტია, მაგრამ არა პანთეისტი (გოგიბერიძე, ალბათ, ტერმინის თეოლოგიურ ფორმას ერიდებოდა). კ. ბაქრაძე კი თვლიდა, რომ სპინოზა იდეალისტური პანთეიზმის წარმომადგენელია. თავად სპინოზა არცერთს არ დაეთანხმებოდა. მას სურდა მოეცა იდეალიზმზე და მატერიალიზმზე მაღლა მდგომი უნივერსული ფილოსოფია. მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა სხვა. მისი მემკვიდრეობა არა მარტო ამ ორი ფილოსოფიური მიმართულების წარმომადგენლთა ინტერპტრეტაციებისთვის იძლევა საფუძველს. ღმერთისა და ბუნების გაიგივება, ღმერთისათვის პიროვნულობის და თავისუფალი ნების ქონებაზე უარის თქმა, ასევე, ღმერთის განფენილობის აღიარება, სპინოზას პანთეიზმს, საბოლოო ანგარიშით, მატერიალისტურ მოძღვრებად აქცევდა. ასე ესმოდა სპინოზა ი. კანტს, ი.გ. ფიხტეს და მრავალ სხვას.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა სპინოზას „ეთიკის“ XII თეორემა, რომელიც სუბსტანციის გაყოფადობას უარყოფს. ის კი, რაც გაყოფადი არაა, პლატონიდან მოყოლებული, იდეალურად ითვლება. თუმცა, გამონაკლისების ამოუწურავი წყარო, ანუ ფილოსოფიის ისტორია აქაც მიგვითითებს დემოკრიტეზე, რომელიც ატომებს განუყოფლად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ზომისა და წონის უსასრულო განსხვავებას უშვებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვერაფრით გამოვრიცხავთ, რომ სპინოზას გაყოფადობა ესმის პარმენიდესებურად, რომლისათვისაც არსის გაყოფა ნიშნავდა არარსის, როგორც მეორე სუბსტანციის დაშვებას. ამას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ გაყოფადობის შესაძლებლობის უარყოფა სპინოზასათვის იმას კი არ ნიშნავს, რომ განფენილობა, რომელსაც გეომეტრია განიხილავს, გაყოფადი არაა, არამედ მხოლოდ იმას, რომ ეს გაყოფა სუბსტანციის, თუ ატრიბუტის, სახელდობრ, განფენილობის, „შიგნით” ხდება: ეს მხოლოდ მისი ნაწილების გადაადგილება თუ ადგილშენაცვლებაა და არა სხვა სუბსტანციის, ან სხვა ატრიბუტის დაშვება. როცა მე ხეს ნაწილებად ვჭრი, ეს არაა სუბსტანციის, ანდა ატრიბუტის დაჭრა, ასევეა, როცა ვყოფ ხაზს და ა.შ. მათ შორის მუდამ იქნება არა არარა, არამედ კვლავ მხოლოდ სუბსტანციის სხვა სახე, მაგალითად, ჰაერი.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ სპინოზას მიერ სუბსტანციის ატრიბუტად აზროვნების აღიარება, საბოლოო ანგარიშით, მისი მეთოდის მეტაფიზიკურობაზე მეტყველებს. მეტაფიზიკურმა მატერიალისტმა, ანდა მეტაფიზიკურმა იდეალისტმა, თუ ის ლოგიკურად თანმიმდევრული იქნება, იმთავითვე უნდა დაუშვას მატერიაში აზროვნება, რადგან შემდეგ მის წარმოშობას ვერც ლოგიკურად და ვერც მეცნიერულად ვერ ახსნის. ამიტომ იყო, რომ ბერძენი ჰილოძოისტები, ფრანგი დეისტები და მატერიალისტები, სიცოცხლეს მატერიისათვის თანშობილად მიიჩნევდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპინოზა უარყოფს ბუნებაში ყოველგვარ ტელეოლოგიზმს.
როგორც უსასრულობა, არის აქტუალური უსასრულობა. ეს ცნება აღორძინების ფილოსოფიამ კუზანელისგან მიიღო. ხოლო ოფიციალური რელიგიებისათვის მიუღებელი აზრი მას ჯ. ბრუნომ შესძინა. ეს ურთულესი და წინააღმდეგობრივი ცნება ბრუნოსთანაც ასეთივე რჩება. მას არც უცდია იგი ტრადიციული ლოგიკის ჩარჩოებში მოექცია. მაგალითად, არ უცდია იმ წინააღმდეგობის აცილება, რომლის თანახმად, უსასრულობა უკვე არის, ე.ი არაფერი აკლია, მაგრამ მაინც შეიძლება ერთი (ან ათასი და ა.შ) დაემატოს. ბრუნო, შეიძლება ითქვას, კუზანელის მსგავსად, ტრადიციულად ალოგიკურად მიჩნეულის გამოყენებას აჩვევდა მეცნიერებას. ამ ასპექტით, სპინოზას დამსახურება ისაა, რომ მან უსასრულოს, როგორც მთელისა და სასრულოს (როგორც მთელის გამოვლენის) უშინაგანეს კავშირს გაუსვა ხაზი. “ღმერთი არის ყველა საგნის იმანენტური მიზეზი და არა გარედან მოქმედი”. ეს „ეთიკის“ პირველი ნაწილის XVIII თეორემაა. რას ნიშნავს, რომ უსასრულო სასრულოს და წარმავალის შინაგანი მიზეზია? თანაც, მეორე მხრივ, სპინოზა ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ საგნები მხოლოდ სუბსტანციაში არსებობენ და მისით წარმოიდგინებიან. რადგან საგანთა არსება არ შეიცავს თავისში მათ არსებობას. საგანთა ცნებაში ხომ არსებობა, როგორც ნიშანი არ შედის? ამგვარი დებულების გამო ნ. მალბანშს სპინოზისტობა დასწამეს. იგი კი თავს იმართლებდა, რომ სპინოზასათვის საგნებშია ღმერთი, მისთვის კი – ღმერთშია საგნები. სპინოზასთან ორივე ამ დებულებას ვხვდებით.
ამ დებულებათა გაგება და ხ შეუძლებელი გახდება, თუ დამოკიდებულებას გავიგებთ, როგორც მთელისა და ნაწილების მექანიკურ კავშირს, სადაც ნაწილებს მთელის გარეშე შეუძლიათ არსებობა (მაგალითად, სამშენებლო მასალებს, რომელთაგან შედგება სახლი). აქ სპინოზას ფილოსოფიაში ხვხვდებით. უსასრულო სუბსტანცია ორგანული, ცოცხალი მთელია (სპინოზას თანახმად, როგორც ამბობენ, ქვაც კი აზროვნებს). მთელი მხოლოდ ნაწილებში და მათი ერთიანობის სახით არსებობს. ცალკე წარმოდგენილი სუბსტანცია, ნაწილთა ერთიანობის კანონის მეტი არაფერია. მეორეს მხრივ, ყოველი, სასრულო საგანი მხოლოდ იმდენადაა რაიმე გარკვეული, რომ თავის თავში შეიცავს ამ მთელის ორგანულ ნაწილად ყოფნის ფუნქციას. ამ აზრით, შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანის ხელის იმანენტური მიზეზია თავად ადამიანი. რადგან ხელი, მხოლოდ მთელთან კავშირშია ამგვარი. მისი ფუნქცია, რომელიც მის არსებას ქმნის, თავისში გულისხმობს მთელს. მოკვეთილი ხელი კი, შეიძლება ითქვას, მხოლოდ მეხსიერებაშია ხელი (შდრ. 59,3, 289). ანდა, როგორც არისტოტელე ამბობდა, მოკვეთილი ხელი მხოლოდ სახელწოდებითაა ხელი და არა საქმის არსის მიხედვით (51,419).
აღნიშნულ გარდა, სპინოზას დიალექტიკურ დებულებელს შორის შეიძლებოდა აღგვენიშნა მისი მოსაზრება საგნის განსაზღვრების, როგორც უარყოფის შესახებ; ასევე, მოსაზრება საგნის არსების განსაზღვრებაში მტკიცებისა და უარყოფის ერთდროული არსებობის აუცილებლობის შესახაბ. სპინოზას ეს მისაზრებები საერთოდ მსჯელობის დალექტიკური ბუნების კვლევისაკენ გვიბიძგებს, რაც თავად სპინოზასთან არ განხორციელებულა, მაგრამ რამაც მომდევნო ეპოქათა დიალექტიკური აზროვნების საგანძურში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
სპინოზას შემეცნების თეორია მის ონტოლოგიას ემყარება. მისი მიზანია ბუნების, როგორც სუბსტანციის შემეცნება, საკუთარი თავის, როგორც შემმეცნებლის, ჩათვლით. უნდა აღინიშნოს, რომ სპინოზასათვის, ისევე, როგორც ბეკონისა და დეკარტესათვის „ცოდნა ძალაა“. მაგრამ მისთვის ცოდნის საფუძველზე ხდება არა იმდენად ბუნებაზე გაბატონება, არამედ უფრო მისი საუკეთესო წესრიგის გაცნობა და მასთან ჰარმონიაში ყოფნის განცდა. მას, რაც ნამდვილია და ობიექტური, სპინოზას აზრით, შეცვლა კი არა, გაგება უნდა. ამიტომ ამბობდა იგი „ეთიკის“ მეორე ნაწილის VI განსაზღვრებაში: “რეალობა და სრულყოფილება მე მესმის, როგორც ერთი და იგივე“. ამ ნაწილის სათაურია: “სულის ბუნებისა და წარმოშობის შესახებ“. იგი შემეცნების თეორიული პრობლემების ანალიზს წარმოადგენს. სულის შემეცნების მიზანია ადამიანის მიერ საკუთარი ფსიქიკის შინაარსის მოწესრიგება და სასურველი გზით წარმმართვა. მიზანი აქაც, საუკეთესო წესრიგის დადგენაა, ისევე როგორც ბუნების შემეცნების დროს, მაგრამ განსხვავება მაინცა სახეზეა: ჩვენს სულში საუკეთესო წესრიგის დადგენა ზნეობრივი მიზნებისადმი ლტოლვების დამორჩილებას და, ამდენად, ადამიანის გარდაქმნას, მის გაუმჯობესებას ნიშნავს.
ამ ასპექტით, სპინოზა სტოელების მემკვიდრეობას აგრძელებს. აფექტების მიხედვით მოქმედი ადამიანი, საკუთარ ნებას თავისსავე გონებას უპირისპირებს და თვითნებობას თავისუფლებად მიიჩნევს. ამ დროს მას ექმნება ილუზია, თითქოს იმას აკეთებს, რაც მას სურს. სპინოზას მიაჩნია, რომ აფექტებს დამორჩილებული ადამიანი, თავის საკუთარ კანონებს კი არა, ბედისწერას ემორჩილება. თანაც ემორჩილება მაშინაც, როცა მისი გონება მას საპირისპირო რჩევას აძლევს. პავლე მოციქულის მსგავსად, სპინოზაც თვლის, რომ ადამიანი აფექტების გამო ხშირად იძულებულია მისდიოს ცუდს, თუმცა უკეთესს ხედავს (ეთიკა,435,7). ადამიანი თავისუფლდება საკუთარი აფექტების დამორჩილების გზით. მისი მიზანია ჩვენში ის ამოვიკითხოთ და ის გავაბატონოთ, რაც ბუნებასთან, ანუ ღმერთთან ჰარმონიულ მიმართებაშია.
პლატონისა და არისტოტელესგან მომდინარე ტრადიციის თანახმად, სპინოზასათვის შემეცნების ფაქტობრივი საწყისი გაკვირვებაა. შემეცნების შედეგი, როგორც არცოდნის მოსპობა, გაკვირვების მოსპობაც იქნება. ჭეშმარიტი შემეცნება უკუაგდებს სკეპტიციზს და ადამიანთა სოციალურ შეხედულებათა შორის ისეთივე თანხმობა დამყარდება, როგორიც მათემატიკური შემეცნების სფეროშია.
რამდენადაც აზროვნება და განფენილობა სუბსტანციის ანუ ბუნების ატრიბუტებია, ე.ი. არსებითი მახასიათებლებია, მათი შინაარსი სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, როგორც ერთი და იგივეს, ე.ი. სუბსტანციის სხვადასხვაგვარი, მაგრამ ჭეშმარიტი ასახვა. ამიტომ ამბობს სპინოზა: ”საგანთა რიგი და კავშირი ისეთივეა, როგორც იდეათა რიგი და კავშირი”. ეს პრინციპული მნიშვნელობის დებულება შებრუნებული სახითაც გვხვდება სპინოზასთან (“იდეათა რიგი და კავშირი იგივეა, რაც საგანთა რიგი და კავშირი”). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ფილოსოფოსი აქ ლაპარაკობს არა საგნის, ან იდეის პრიმატზე, არამედ მხოლოდ შემეცნების შესაძლებლობაზე.
საყურადღებოა, რომ ეს პრინციპი ადამიანის მიერ ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას ადგენს და არასგზით არაა იმის გარანტია, რომ თუ ჩვენ რაიმე ცნება, ან საგანი გვაქვს, უკვე შესაბამის საგანს, ან ცნებას ვფლობთ.
ამრიგად, საერთოდ, ის, რომ აზრი რაიმე საგანს შეესაბამება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არავითარი გარანტია არაა იმისა, რომ მე უკვე ვიცი რომელი აზრი (რომელი იდეა), რომელი საგანის შესაბამისია, ანდა პირიქით. უამისოდ კი ადამიანური შემეცნება ვერავითარ კონკრეტულ ჭეშმარიტებას ვერ მისწვდება. იდეის ობიექტი ხომ სხეულია და სხვა არაფერი?! (ნაწილი II, თეორემა 13).
მართალია, სპინოზა ადექვატური იდეის სახით გულისხმობს იმგვარ ცნებას, რომელსაც თავისთავად, უობიექტოდ განხილულს, ჭეშმარიტად ყოფნის ყველა ნიშანი აქვს; მაგრამ იგი ვერ გვეუბნება, რომელია მისი შესაბამისი საგანი, ანდა, საერთოდ, ჩვენთვის საწვდომ სფეროში არსებობს თუ არა იგი. ადეკვატური იდეა სპინოზასათვის ჭეშმარიტია, რადგან იგი საკუთარ თავთან თანხმობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დასაბუთებადია. ამ დეკარტისეულ კრიტერიუმს სპინოზა უმატებს მეორე კრიტერიუმს. ესაა იდეის თანხმობა თავის ობიექტთან. ეს კრიტერიუმი არისტოტელედან მოდის და სპინოზასთან გამოიყენება, როგორც აბსტრაქტული აზროვნების დამაკავშირებელი რეალობასთან (განფენილობაში მოცემულთან).
სპინოზა ამ ორი კრიტერიუმიდან პირველს თვლის ძირითადად. მაგრამ ადამიანური შემეცნებისათვის აუცილებელია მეორეც, რადგან არც ერთ იდეას, სუბსტანციის გარდა, თავის შინაარსში არა აქვს არსებობის ნიშანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინციპულად შესაძლებელია არც ერთ ჩვენს ადეკვატურ იდეას ჩვენს ახლანდელ გამოცდილებაში არაფერი შეესაბამებოდეს, გასაგები გახდება ამ მოძღვრებისათვის შემეცნებაში გამოცდილების (ემპირიის) აუცილებლობა. გამოცდილება ჩვენ იმისთვის გვჭირდება, რაც ცნებიდან არ გამომდინარეობს, სწერდა სპინოზა დე ფრიზსს. მას ხომ შემეცნება რეალური ადამიანის რეალობაში გაძლიერებისათვის უნდოდა?! ე.ი. სწორედ იმ არსებობაში გაძლიერებისათვის, რომელიც არანაირი ცნებიდან და არანაირი ადეკვატური იდეის შინაარსიდან არ გამომდინარეობს.
ეს ორმაგი კრიტერიუმი ერთი და იგივე ჭეშმარიტების ორმაგი შემოწმებაა და მას არაფერი აქვს საერთო გვიან შუა საუკუნეებში გავრცელებულ ორმაგი ჭეშმარიების თეორიასთან; რადგან იქ საქმე ეხებოდა ორი სხვადასხვა სფეროს, ბუნებისა და წყალობის სფეროთა გაგებას, ანუ დროში და სივრცეში მოცემულ გრძნობად ბუნებას და წმინდა ნაწერების შინაარსს. პრობლემა ამ ორი სფეროს შინაარსთა თავსებადობა გახლდათ. სპინოზა კი წერდა: მე სულაც არ მაწუხებს ეთანხმება თუ არა წმინდა ნაწერებს ჩემი მოძღვრება.
სპინოზას წერილებში გვხვდება გამოთქმა: “მარადიული ჭეშმარიტებანი”. ეს გამოთქმა ავგუსტინედან მოდის და შემდეგ, თომა აქვინელთანაც ხშირად იხმარება. სპინოზასთან იგი ჭეშმარიტების რაიმე ახალ სახეს კი არ გულისხმობს, არამედ ადეკვატური იდეების გარკვეული კუთხით აღწერას წარმოადგენს.
შემმეცნებელი არის ადამიანის სული. იგი მიისწრაფის აბსოლუტური შემეცნებისაკენ, მაგრამ, როგორც “მოკლე ტრაქტატში” სპინოზა აღნიშნავს, “სასრულო გონებას არ შეუძლია უსასრულო გაიგოს.” ეს არ არის აგნოსტიციზმი. სპინოზა იქვე ცდილობს გაგვაგებინოს საკუთარი პოზიცია. სასრულო ვერ გაიგებს უსასრულოს, თუ არ ექვემდებარება რაიმეს, რაც მის გარეთაა, თუ არ გადალახავს თავის სასრულობას. ეს “გარეთ” კი არის სუბსტანცია, რომელიც ამავე დროს, სასრულოს იმანენტური მიზეზია, ე.ი. სასრულომ თავისშივე უნდა აღმოაჩინოს უსასრულო, როგორც საკუთარი მარადიული “ნაწილი”. ეს თუ გავითვალისწინეთ, გასაგები გახდება სპინოზას დებულება იმის თაობაზე, რომ ადამიანის სულში არის ისეთი ნაწილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ არ ქრება. ჩვენში არსებული ეს მარადიული, სულის, როგორც მოდუსის ადგილია სუბტანციაში, ოღონდ გამოხატული, როგორც სასრულოს იმანენტური მიზეზი.
სპინოზა მსჯელობს შემეცნების სამ საფეხურზე (“მოკლე ტრაქტატში” მსჯელობს შემეცნების ოთხ საფეხურზე, რადგან შემეცნების პირველ საფეხურს ჰყოფს ორად). პირველ საფეხურს ქმნის ის, რაც გრძნობადი მონაცემებით შეიმეცნება და მათზე დამყარებით განზოგადდება. მეორე საფეხურს, ანუ მეორე გვარის შემეცნებას, სპინოზა გონების მოღვაწეობას უკავშირებს. აქ იქმნება ზოგადი ცნებები და ადეკვატური იდეები. შემეცნების პროცესის მესამე საფეხურის სახით წარმოდგენილი აქტივობა ინტუიტიურია და მას ადეკვატური იდეებიდან საგნის არსების, როგორც სუბსტანციის დანახვამდე მივყავართ.
მეორე და მესამე სახის შემეცნება, სპინოზას აზრით, არ ცდება. შეცდომის წყარო მხოლოდ პირველი საფეხური შეიძლება გახდეს. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ემპირულიდან მიიღება, შეცდომაა. ეს ნიშნავს იმის საეჭვოობას, რაც მხოლოდ გამოცდილებას ემყარება. თუ რაციონალურ შემეცნებაშიც აღმოჩნდება შეცდომა, რაც ხშირად ხდება, სპინოზა იტყვის, რომ იგი უმართებულოდ იყო ჩათვლილი რაციონალურ ცოდნად, ე.ი. დასაბუთება ნაკლოვანი იყო.
ნებელობისა და გონების დამოკიდებულების საკითხი სპინოზას შემეცნების თეორიაშიც ერთ-ერთ რთულ საკითხად რჩება. სპინოზა, ერთი მხრივ, გონებას უფრო მაღლა აყენებს და ნებას მას უმორჩილებს; მეორე მხრივ კი, აღიარებს ერთმანეთისაგან მათ ფაქტიურ დამოუკიდებლობას. ერთი მხრივ, იგი წერს, რომ ნებისყოფა მას ესმის, როგორც მტკიცება-უარყოფის უნარი და არა სურვილი. ეს უნარი შემეცნების საფუძველზე მოქმედებს. როგორ შეიძლება ამტკიცო, რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი არ უდრის 2დ-ს? ამის გამო სპინოზა თვლის, რომ ნება და გონება ერთი და იგივეა. მეორე მხრივ, ვილჰელმ ვან ბლეინბერგისადმი წერილში სპინოზა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იზიარებს დეკარტის აზრს “ჩვენი ძალზედ შეზღუდული ინტელექტის ფარგლებს გარეთ” ჩვენი ნების გასვლის თაობაზე. ნება ამ ფარგლებს რომ არ სცილდებოდეს პურის ნაჭერსაც ვერ შევჭამდით, ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდით; რადგან თუ ყველაფერი ამის გაკეთებას თეორიულიაწონ-დაწონვა წარუმძღვარეთ და ყველა შესაძლებლობის გათვალისწინება მოვინდომეთ, ვერავითარ შედეგს ვერ მივაღწევთ. სინამდვილეში ეს ორი დებულება ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ გამოხატავს ნებისა და გონების ურთიერთმიმართებას სხვადასხვა სფეროში. თუ აბსოლუტურ შემეცნებას დავუშვებთ, ცხადია, გონება ნებას დაემთხვევა. მაგრამ ადამიანის რეალურ შემეცნების პროცესში, ნება ყოველთვის წინ უსწრებს გონებას, ხოლო თავად გონების მიერ მიღწეულ სფეროში კი, ისინი კვლავ ემთხვევიან ერთმანეთს.
შემეცნების უმაღლესი საფეხური სპინოზასათვის, ამავე დროს, არის ადამიანის ეთიკური სრულყოფის უმაღლესი საფეხურიც. ესაა სუბსტანციის, საკუთარი თავის და ყოველივე სხვის საბოლოო მიზეზის, ანუ ბუნების, ღმერთის “ინტელექტუალური სიყვარული”. ეს არის ადამიანის ცნობიერების ის მდგომარეობა, როცა პიროვნება ყოველ არსებულს, საკუთარი თავის ჩათვლით, სუბსტანციის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევს. ამით ის აუცილებლობა, რომელიც ადამიანს გარეგანი და მისთვის თავსმოხვეული ეგონა, მისივე და, მეტიც, მისი საკუთარი არჩევანის შედეგი აღმოჩნდება. ამით ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ მოდუსია, საკუთარი აუცილებლობით მოქმედად გვევლინება. ამრიგად, თავისუფლება ნიშნავს შეცნობილ აუცილებლობას. თავისუფლების სამი ცნებიდან, რომელსაც სპინოზასთან ვხვდებით (სუბსტანციის თავისუფლება, ადამიანის თავისუფლება და ნებისყოფის თავისუფლება), უარიყოფა მხოლოდ ნებისყოფის თავისუფლება, როგორც უმიზეზო მოქმედება.
ამგვარი ცნობიერება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს განთავისუფლდეს მავნე აფექტებისაგან, ანუ დაუოკებელი ეგოიზმის მორჩილებისაგან, რომლის შედეგია გაუმართლებელი და სხვა ადამიანების საწინააღმდეგო მიზნების დასახვა. აფექტების შესახებ სპინოზას მოძღვრება, რომელიც მისი “ეთიკის” III და IV წიგნებშია მოცემული, გვიჩვენებს ბერძენ სტოელთა მსგავსი შეხედულებებისაგან მისი პოზიციის განსხვავებას. თუ ბერძენ სტოელთა მოძღვრებებში თავისუფლება, საბოლოო ანგარიშით, მიიღწეოდა ადამიანის მიერ აფეტებზე სრული უარის თქმით, მათი დაძლევით და ამ გზით პიროვნების მსოფლიო გონებასთან გაიგივებით, სპინოზა აბსოლუტთან გაიგივებისათვის პიროვნულის ანულირებას არ მოითხოვს. მისი მიზანია აფექტების სწორი მიმართულებით წარმართვა. ზოგი აფექტი სასარგებლოცაა. სპინოზას აზრით, აფექტები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა. ესენია სიამოვნება, უსიამოვნება და სურვილი. საერთოდ, სასარგებლოა ყველა აფექტი, რომელიც ადამიანის თვითშენახვას ემსახურება. ასეთები კი სიამოვნების აფექტები არიან. ყველა ადამიანს უდავო უფლება აქვს უყვარდეს საკუთარი თავი და შეინარჩუნოს საკუთარი არსებობა. ამ პრინციპებიდან მხოლოდ მცდარი გაგების საფუძველზე (სპინოზას სიტყვებით, “არაადეკვატური შემეცნების საფუძველზე”) შეიძლება ვინმემ ჰობსის პრინციპის (“ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ”) გამართლება გამოიყვანოს. მაგრამ სწორი შემეცნება დაადგენს, რომ ადამიანები აუცილებელნი არიან ერთმანეთისათვის და ამ საფუძველზე მივლენ იმის აღიარებამდე, რომ “ადამიანი ადამიანის ღმერთია”. ეს ასეა, რადგან ადეკვატური შემეცნება ყველა ადამიანს დაარწმუნებს იმაში, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელთანაც მას მიმართება შეიძლება ჰქონდეს სუბსტანციის წარმომადგენელია, უფრო ზუსტად, რაღაც ასპექტით სუბსტანციის (ანუ ღმერთის) აუცილებელი ნაწილია. ესაა “გონივრული ეგოიზმი”, ანუ სწორად გაგებული პირადი ინტერესი, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივს.
არასგზით არ შეიძლება ითქვას, რომ სპინოზა სოციალურად პასიური ფილოსოფოსი იყო. იგი სერიოზულად ერეოდა პოლიტიკაში და, თუ საჭიროდ მიიჩნევდა, დაპირისპირებულ პარტიებს შორის თავის არჩევანს არ მალავდა: როგორადაც შეეძლო დაუაფარავად უჭერდა მხარს დამარცხებულ მეგობრებს. ხელისუფლებას ეს შეუმჩნეველი არ რჩებოდა. ცნობილია, რომ ჰოლანდიის მთავრობამ ერთსა და იმავე დროს აკრძალა სპინოზას “პოლიტიკურ-თეოლოგირი ტრაქტატი” და ჰობსის “ლევიათანი” (57.III.491). თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სპინოზა ჰობსზე უფრო თანმიმდევრულად ატარებდა ადამიანთა თანასწორობის და თავისუფლების პრინციპს. მაგალითად, იგი უარყოფდა ჰობსის მიერ ხელშეკრულების ხისტ გაგებას, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება სამუდამოა და მისი სახით ადამიანები სამუდამოდ ამბობენ უარს თავისუფლებაზე. სპინოზა დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულება მხოლოდ მანამდე შეიძლება იყოს ძალაში, სანამ იგი სასარგებლოა საზოგადოებისათვის, სანამ იგი ადამიანთა თავისუფლებას უწყობს ხელს. არც დესპოტიზმის, ე.ი. მხოლოდ ერთის თავისუფლების გამართლებაში ეთანხმებოდა სპინოზა ინგლისელ ფილოსოფოსს. მისი აზრით, ხელშეკრულების საფუძველზე რაც მეტი თავისუფალია საზოგადოებაში, მით მეტია თავისუფლების დონე (7,222). მიუხედავად იმისა, რომ ასკეტივით ცხოვრობდა, არ ეძებდა სიმდიდრეს და ეპიკურეს მსგავსად, მინიმუმით კმაყოფილდებოდა. სპინოზა არ იყო ასკეტი. იგი ფიქრობდა, რომ ბრძენმა არ უნდა მოიკლოს მხიარულება, საზოგადოება, მუსიკა და სხვა, რაშიც იგი სხვას არ აყენებს ზიანს. ბრძენმა გონივრული ეგოიზმის საფუძველზე, სიძულვილს სიყვარულით უნდა უპასუხოს. სწორი შემეცნება აჯანსაღებს სხეულს, ხოლო, თავის მხრივ, რაც უფრო ჯანსაღია სხეული, მით უკეთ აზროვნებს სული. შეიძლება ითქვას, რომ სპინოზა ფოიერბახის სიყვარულის რელიგიის წინამორბედია.
სპინოზას ფილოსოფიის გავლენა დიდი იყო, როგორც თანამედროვეებზე, ისე მომდევნო ევროპულ აზროვნებაზე. ჰეგელი ფრანგულ მატერიალიზმს სპინოზიზმის სახეობას უწოდებდა. არანაკლებ დიდი გავლენა ჰქონდა მას გერმანულ განმანათლებლობაზე და საერთოდ გერმანულ კულტურაზე. ცნობილია, რომ ლესინგმა და ჰერდერმა მემკვიდრეობით გადასცეს გოეთეს სპინოზას გავლენა: ოპტიმიზმი, რომელიც გოეთეს “ფაუსტს” გასდევს, მნიშვნელოვანწილად სპინოზასეული სიკეთის მონიზმის გავლენით აიხსნება. დიდი გერმანელი ფილოსოფოსები, შელინგი და ჰეგელი მრავალგზის მიუთითებდნენ სპინოზას დიდ დამსახურებაზე საკაცობრიო კულტურის წინაშე.
წიგნიდან “ახალი დროის ფილოსოფიის ისტორია“, თბილისი, 2009

არჩილ ჯორჯაძე – ანტი-პატრიოტიზმის ავი და კარგი


ანტი-პატრიოტიზმის ავი და კარგი
წასულ წელს ევროპაში ორი სოციალისტური კონგრესი მოხდა. ერთი კონგრესი ნაციონალური – საფრანგეთში (ნანსი), მეორე – შტუდგარტში, ინტერნაციონალისტური. ამ კონგესებზე ძირითადი განსახილველი საგანი ეროვნული პრობლემა იყო. ნაცინალისტური პრობლემისადმი ინტერესი ფრიად გაიზარდა ევროპაში ამ ბოლო ხანებში. სოციალისტ-ანარქისტ-სინდიკატთა წრეებში ეროვნულ პრინციპს მკაცრი მოწინააღმდეგი აღმოუჩნდნენ. გაჩნდნენ ანტიმილიტარისტები და ანტიპარტიოტები, რომელნიც ჯარში ეწეოდნენ პროპაგანდას და უქადაგებდნენ ჯარისკაცებს, რომ თუ ვინიცობაა ევროპაში ომი გამოცხადდა, ჯარისკაცებმა უარი უნდა თქვან ომში გასვლაზე და უნდა აუჯანყდნენ იმ მთავრობას, რომელიც ჰგზავნის მათ ომშიო. ამ მოძრაობის ბელადი და იდეოლოგად გამოვიდა გუსტავ ერვე.
აღსანიშნავია, რომ გ. ერვეს სასტიკ მოწინააღმდეგებად ევროპის სოციალ-დრემოკრატია გამოვიდა. სოციალ-დემოკრატია მხურვალედ გამოესარჩლა ეროვნულ პრინციპს და აშკარად გამოამჟღავნა თავისი პატრიოტული გტძობანი .
გ. ერვეს მახვილი სწორედ ამ პატრიოტულ-სოციალისტების წინააღმდეგ იყო მიმართული. თავის წიგნში “სოციალიზმი და პატრიოტიზმი” მოჰყავს საყურადღებო ცნობები ევროპის სოც-დემოკრატების პოზიციის გამოსარკვევად. 9 ივნისს 1903 წელს საფრანგეთის მუშათა პარტიამ გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელშიც სხვათა შორის ნათქვამია “ინტერნაციონალიზმი არც სამშობლოს გაუქმებას მოასწავებს და არც მის უარყოფასო” ოთხი თვის შემდეგ ფრანგთა მუშათა პარტიის ნაციონალურ კონგრესზე აღიარეს “თუ საფრანგეთს მტერი დაესხა, იგი ჰპოვებს მხურვალე დამცველებს მუშათა პარტიის სოციალისტთა შორისო”. ჟორესმა 15 აპრილს 1905 წ შემდეგი სიტყვა წარმოთქვა პარლამენტში: “საფრანგეთის ხანგრძლივი ისტორია ისეთი მშვენიერი შეთანხმება-შეზავებაა გენისობისა, გმირობისა და კეთილშობიური ადამიანის გრძნობებისა, რომ მაშინაც კი, როდესაც მას შავი დღეები უნახავს, იგი შუქსა ჰფენდა. უარამ რომელმაც საფრანგეთის მკერდის ნაწილი დაზიანა და გული აუტირა, ვერ გამოაცალა ძალ-ღონე და მისი წინ სვლა ვერ შეაჩერა. ქვეყანაზე არავინ არ არი რომ, მის წინაშე წედი ან თავი მოიხაროსო”.
1891 წელს ლიბკნეხტმა გერმანიის ნაციონალურ კონგრესზე თქვა: “მე იმას მაყვედრებენ, რომ განვაცხადე, თუ გერმანიას სხვა სახელმწიფომ ომი გამოუცხადა, თუ მტრის მოსაგერიებლად ომი მოგვიხდა, ჩვენ დავიცავთ სამშობლოს -მეთქი. დიახ მე ესა ვთქვი, ბევრჯელ მითქვამს და კიდევაც ვიტყვი, თუ გერმანიის განსაცდელი მოევლინება – ჩვენ ყველანი, ახალგაზდა და მოხუცნი თოფს მხარზე წამოვიკიდებთ და მტერს შევესევით (მიუბრუნდა მემეარჯვენებს და განაგრძნობს). თქვენს საყურადღებოდ არ ვამბობ მაგას, არამედ ჩვენიანების საყურადრებოდ, რადგან ეს მიწა ჩვენი სამშობლოც არი, ჩვენი სამშობლო უფრო არი, ვიდრე თქვენი და ამის გულისთვის სულის უკანასკნელ ძგერამდე ვიბრძოლებთ. გაძლევთ ამაში სიტყვას. ამონაწერებით აღარ ავაჭრელებ ფურცლებს. ამგვარი განცხადებებით, რეზოლუტიებით სავსეა არა მარტო ორატორების სიტყვები, არამედ კონგრესებისა და მიტინგების დადგენილებანი…
აი თუნდაც მაგალითისთვის შარშან მომხდარი კონგრესის ანგარიშები გადასინჯეთ. ჟორესმა განაცხადა: “ნაცია და სამშობლო ჩემთვის იმგვარი ფაქტებია, რომელსაც სოციალისტური და ჰუმანური ღირებულება აქვს. განსაზღვრული ღირებულება ნაციას არც სოციალისტურ საზოგადეობაში ეკარგება”-ო. გედმა სთქვა “მუშათა კლასმა უნდა დაიცვას თავისი სამშობლო, რათა ამავე დროს დაიცვას ის აუარებელი სიმდიდირე, რომელიც რევოლუციის შემდეგ მის ხელში უნდა გადავიდესო. ნანტის კონგრესზე იონის რეზოლუცია, რომელიც იწვევდა სოციალისტებს აჯანყებისკენ მთავრობის წინააღმდეგ ომის გამოცხადების ჟამს უარყოფილი იქნა 251 ხმით წინააღმდეგ 41 ხმისა (12 უარი თქვა კეჭისყრაზე) აგრეთევე დამარცხდა შტუტგარტშიც, სადაც იმავე ხანებში გაიმართა ინტერნაციონალური კონგრესი.
ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, ერვე თუ მისი მოწინააღმდეგნი? ერვეს აზრების გაცნობა ხელს შეგვიწყობს უფრო ღრმათ ჩაუფიქრდეთ საგანს და გამოვაშკარავოთ ნამდვილი ხასიათი ეროვნებისა.
თავდაპირველად უნდა გვახსოვდეს, ბატ გ. ერვე საუბედუროდ მარტოოდენ ევროპელთა საქმეებს ეხება. მას ევროპელთა სახელმწიფონი და ერნი ყავს მხედველობაში და ეს საკმარისი არ არი ეროვნული პრობლემის სავსებით გადაწყვეტისა. ევროპის შესახებ კი ის ამნაირად სჯის.
იქ დღეს დაახლოებით ყველგან ერთნაირი პირობები დამყარდა. კაპიტალი მთელ ევროპას მოეფინა და მთელს ევროპაში მსგავსი ეკონომიური პირობები შეიქმნა. ევროპის სახელმწიფოთა პოლიტიკური ევოლუციაც ერთ კალაპოტშია ჩაყენებული. ყველგან არსებობს ის მინიმუმი თავისუფლებისა, რომელიც საჭიროა კაპიტალისტური წყობილების განვითარებისთვის. მსგავს სოციალურ-პოლიტიკურ პირობებს შესამჩნევი ცვლილება უნდა მოეხდინა ევროპელთა აზროვნებაში. ერთმა სახელმწიფომ რომ გაიმარჯვოს კიდევაც მცირე სახელმწიფოზე, დამარცხებული სახელმწიფოს ერი შესამჩნევად არაფერს დაკარგავს. ვთქვათ გერმანიამ ერთხელ აჯობა საფრანგეთს და წაგლიჯა რომელიმე პროვინცია. რას დაკარგავს ფრანგები, რისი უნდა ეშინოდეთ მათ? აშკარაა მათ არავინ ამოწყვიტავს. ის დრო წავიდა, როდესაც დაპყრობილებს ხოცავდენენ, ან კიდევ მონებად ჰყიდიდნენ, ან იქნება ქონებას დაკარგავენ? არც ამის შიში უნდა ქონდეთ. ელზას ლორენი დაიპყრეს გერმანელებმა, მაგრმ გამარჯვებულებს ქონების კონფისკაცია არ მოუხდენიათ. ენა უნდა დაკარგონ? თუ მოინდომეს არ დაკარგავენ. კანადა ორი საუკუნეა რაც ინგლისელებს ეკუთვნის, მაგრამ იქაურ ფრანგებს ფრანგული არ დავიწყებიათ. დამარცხებულნი მაშინ კარგავენ ენას, ამბობს შეუფერებელ აზრს ერვე, როდესაც საერთო ენის დაკარგვა ან როდესაც სამშობლო ენის დაკარგვა მათთვის სასარგებლოაო. ხოლო ამისთვის რამოდენიმე საუკუნეა საჭირო და თუნდაც დაკარგოს ხალხმა თავისი ენა. მდიდიარი და მეტყველი, იმის ნაცვლად ხომ შეიძენს იგი სხვას, რა ნაკლებ მდიდიარსა და მეტყველ ენას, ასე რომ არც ეს გარემოებაა ასე ტრაგიკული…
…კი, მაგრამ ნაციონალური ტემპერამენტი და ხასიათი? მათ ხომ მოელის განსაცდელი? საფრანგეთმა რომ შემოიერთოს გერმანის პროვინციები, გერმანელებს ტემპერამენტი და ხასიათი მით არ დაეკარგება. არც ფრანგებს მოუვა ამგვარი :უბედურება გერმანელებს რომ ჩაუვარდნენ ხელში. და რომ დაჰკარგონ კიდევაც, პირველი და უკანასკნელი არ იქნება, ვერც ერთი ერი ვერ დაიკვეხნის “სუფთა” და შეურეველ რასიულ თვისებების პატრონი ვარო. დარჩა პოლიტიკური ფორმა. საფრანგეთში რესპუბლიკაა, გერმანიაში კონსტიტიციური მონარქია, მაგრამ ევროპის პოლიტიკური, განურჩეველად რესპუბლიკაა იგი თუ კონსტიტუციონალური მონარქია, ზედაპირულად ჰფარავს მთელ ევროპის საზოგადოების ერთგვარ უკუღმართ ეკონომიურ ორგანიზაციას. ასე რომ რესპუბლიკის მნიშვნელობის გაზვიადებას მაინც და მინც დიდი გასავალი არ უნდა ჰქონდესო.
საკვირველი ამბავია, ფიქრობს გ. ერვე. სოციალისტები აღიარებენ იმ აზრს, რომ თვითეულ ქვეყანაში შემაძრწუნებელი და საშინელი კლასთა ბრძოლა წარმოებს, ამავე დროს ეს სოციალისტები მზად არიან სისხლი დაათხიონ ამ კლასთა ბრძოლაში კი არა, იმ ბრძოლაში რომელიც ჩნდება ერთი ქვეყნის გაერთიანებული კლასებისა მეორე ქვეყნის გაერთიანებული კლასებთან. ომის დროს ისინი მართველ კლასებს სოლიდარობას უცხადებენ. ბრძოლის ველზე ისინი მზად არიან თავიანთი მოპირდაპირე კლასის მეთაურებთან ერთად მიიღონ ზიარება ერთის ჯამიდან. ისინი ინტერნაციონალისტები არიან, მაგრმ გამოუცხადებს თუ არა გერმანია ომს საფრანგეთს ან საფრანგეთი გერმანიას მაშინ, მათის აზრით, გერმანელი და ფრანგი პროლეტარიატი ერთმანეთს უნდა დაერიოს და ყელები დასჭრან თავიანთი სამშობლოს განსადიდიებლად. ერთი მხრივ ბებელმა, მეორე მხრივ ჟორესმა თოფ-იარაღით ხელში თავი უნდა დასდონ. ერთმა გერმანელთა სამშობლოსთვის, მეორემ ფრანგთა სამსობლოსთვის. აი ამგვარ წინააღმდეგობის ქსელში გაებნენ სიციალისტ-პატრიოტებიო.
გ.ერვე განაგრძობს “რა არის სამშობლო, ერი, ეროვნება? ზოგნი ამბობენ სამშობლო ის ადგილია, სადაც დავიბადეთო. თუ თქვენ დაიბადეთ ერთ რომელიმე სოფელში, ეს სოფელი გეყვარებათ და თქვენი სიყვარული ბუნებრივი ქნება, მაგრამ ამ პატარა სოფლისადმი სიყვარულიდან სრულიად არ გამომდინერობს სიყვარული იმ დიდ ქვეყნისადმი, რომელსაც ჰქვიან საფრანგეთი ან გერმანია, რომელიც შენ თვალითაც არ გინახავს, რადგან არ განშორებულხარ შენ დაბადების ადგილსაო. მაშ სამშობლო სხვა რამ ყოფილა…
…სამშობლო წინაპართა მიწა-წყალიაო. წინაპართა შარავანდედით მორთვა ყველგან არის მიღებული. მართალია ბევრი სისხლი დაუღვრიათ ამ ჩვენ წინაპრებს, მაგრამ რისი გულისთვის? ბატონების, აზნაურების მეფეების გულისთვისო. ცოტანი იყვნენ რომლებიც ხალხის ინტერესებისთვის იღვწოდნენ. მაშ თავი დავანებოთ წინაპრებს. სამშობლო, ეს ის ქვეყანაა, სადაც ჩვენი მოდგმის, ჩვენი რასა ცხოვრობსო. ევროპაში არ არის არც ერთი სახელმწიფო, სადაც მარტო ერთი მოდგმის ხალხი ცხოვრობდეს. გერმანიში გერმანელები და სლავიანებია, საფრნგეთში პროვანსალები არიან, რომელთაც უფრო იტალიელებთან აქვს ნათესაობა, ვიდრე ჩრდილოთ საფრანგეთში მცხოვრებ ფრანგებთან. ჩრდილოეთში ბევრი ფლამანდიდიელი სცხოვრობს, ბრეტონელი უფრო ახლოა ირლანდიელებთან და შოტლანდიელებთან”. ხოლო თუ მართლა სამშობლო ის არი, სადაც ერთი ჩამომავლობის ხალხი ცხოვრობს, მაშინ ერთი სამსობლო უნდა დაარსდეს, რადგან ეხლანდელ იტალიელებს ,,ფრანგებს, გერმანელებს და ინგლისელებს აზიაში საერთო წინაპრები ყავთო. სამშობლო ის ქვეყანაა, სადაც ერთ ენაზე ლაპარაკობენო. ელზასელები გერმანულს ლაპარაკობენ. საფრანგეთს კი ეკუთვნოდნენ და პატრიოტებიც იყვნენ საფრანგეთის. ბრეტონელებმა ფლამანდელებმა ეხლახანს ისწავლეს ფრანგული. შვეიცარიაში მკვიდრთა ერთი ნაწილი ფრანგულ ლაპარაკობს, მეორენი გერმანულს, მესამე იტალიურს და ამასთან არსებობს სამშობლო, ანუ ერი შვეიცართა. კუბელები ესპანურს ლაპარაკობენ, ხოლო თავისი კუნძულიდან გარეკეს ესპანელები და ჩამოშორდნენ ესპანეთს. შეერთებულ შტატებში ინგლისურს ლაპარაკობენ, ხოლო ამერიკელები ინგლისს არ თვლიან სამშობლოდაო. ასე რომ არც ენა ჰქმნის თურმე ეროვნებას. სამშობლო – ეგ საერთო აზრთა, გრძნობათა, ზნეთა წარმოშობის ნიადაგიაო. ეს ხომ სულ ტყუილიაო. კარგი ურთობა აქვთ ფრანგ-კლერიკალებს და ანტიკლერიკალებს, თავისუფალ მოაზრეთა და ანტისემიტებს, ნაციონალისტებს და დრეიფუსისტებს, როიალისტებს და ბონაპარტისტებს, სოციალისტებს და რესპუბლიკელებს. სამშობლო – ეგ ჩვენი საერთო დედაა, დიდი ოჯახია, რომლის წევრებს საერთო ინტერესები აქვთ, ლტოლვილების საერთო საგანიო. ოჰ. ამ დიდი ოჯახში ზოგი შვილი მდედრეულის შემკულ სუფრას მიჯდომია, ზოგი კი მუდმივად შრომობს და აცხობს იმ საზოგადეობრივ ქადას, რომელსაც შეექცევიან სუფრასთან მისი ბედნიერი ძმები. კარგი დედაა თქვენმა მზემ! დედას ხომ ერთნაირად უყვარს თავისი შვილები. ყველას აჭმევს, ასმევს და ეალერსება და იმ დედას განა დედა ერქმის ვინც ერთ შვილს აძღობს მეორეს კი შიმშილით კლავს. არა, ეგ ხომ დედინაცვალია და არა დედა! და დღევანდელი სამშობლო ამ დედინაცვალს გავსო.
ამ თეორიულ მოსაზრებებს თავისი ღირსებაც აქვთ და ნაკლოვანებაც…
ღირსება იმაშია, რომ მართლაც ეროვნება არ შეადგენს არც ერთ განცალკევებულად არსებული ზემოთ ჩამოთვლილი თვისება, მაგრამ ყოველი ეს თვისება რომ საჭირო ელემენტს შეადგენდა ეროვნული შემეცნების შექმნის პროცესში. ამ გარემოებას ყურადრებას არ აქცევს გ. ერვე და აქ მისი თეორია სუსტობს და სუსტია ამიტომ ზოგიერთი აქედან გამომდინარე პრაქტიკული მოსაზრებაც. მთავარი საფუძველი გ ერვეს თეორისაა შეურყეველი რჩება, შეურყეველია ის აზრი, არც ენას არც რასას და არც საერთო თავგადასავალს არც სხვა რამ ამ ხასიათისა არა ჰქონია ძალა ეროვნების შექმნისა. ეს სასწაული არ მოუხდენია არც ამ ელემენტებს ერთად აღებულს. ეროვნების წარმოშობისთვის საჭირო იყო სხვაგვარი ძალა, საჭირო იყო ერთგვარი ორგანო, რომელსაც გათქვეფის, ჩაკირვისა და შეერთების ძალა შეწევდა და ეს ორგანო იყო სახელმწიფო. დაახლოებით ამ დეფინაციას აღიარებს გ. ერვეც, როდესაც ამბობს ერი ან სამშობლო – ეგ უწინარეს ყოვლისა ადამიანთა მასაა, რომელიც ცხოვრობს ერთ კანონის ქვეშ. მართლადაც ერი ჩნდება იქ სადაც ჩდება კანონი, ე.ი. სახელმწიფო თავისი ორგანოებით, რაც უნდა შეურეველი იყოს ეთნიურად, რომელიმე ხალხი რაც გინდა სუფთა და ორიგინალურ ენაზე ლაპარაკობდეს იგი. იმ დრომდე ხალხი ერად არ ხდება სანამ სახელმწიფო არ იბადება. ე.ი. სანამ საგვარეულო წესი არ დაინგრევა და ნათესაობის ადგილს ტერიტორიული პრინციპი არ დაიჭერს, და როდესაც სახელმწიფო იბადება და იწყებს მუშაობას ეროვნების შესაქმნელად…
მაშინ ამ საქმეში უმნიშველო ფუნქციას არ ასრულებს ენა, რასა, საერთო თავდადასავალი და სხვა ამდაგვარი, რაზედაც ჩვენ უკვე ქონდა ლაპარაკი. ქართული ერის შესწავლის დროს. გ, ერვეს ამ გარემოებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
მაგრამ დავუბრუნდეთ ერვეს. უნდა ავღნიშნოთ, თუმცა ერვე წინააღმდეგია სამშობლოს პრინციპებისა და პატრიოტული გრძნობებისა, ხოლო მასაც ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებლად მიაჩნია სამსობლოს დაცვა. წარსულში, როდესაც ჯერ კიდე მონობა არსებობდა და როდესაც დაპყრობილ ხალხს ხშირად ხოცავდნენ, ან მონებად აქცევდნენ, ამ შემთხვევში ბრძოლა ერვეს პატივსადებ საქმედ მიიაჩნია. ძველი რომის პლებეებს ეს პლებეურობა ერჩივნათ მონობას და პლებეის უნდა ჰქონოდა პატრიოტული გრძნობა და სამშობლოც უნდა დაეცვა, ხოლო მას შემდეგ, რაც უცხოელი მტერი ტყვეებს არცა ჭამს, არც კლავს, მას შემდეგ რაც მონობა ან სულ გაუქმდა ან მას სიმკაცრე დაეკარგა, ღარიბებს, მდაბიო ხალხს, არავითარი რეალური ინტერესი არა ქვს დაიცვას სამშობლო, სადაც ღარიბები პარიებათ ითვლებიანო”. მაგრამ არის ერთი გარემოება, როდესაც ერვეს აზრით, სამსობლოს დაცვა და ომი არა მარტო ნებადართულია, სავალდებულოც არის ზნეობის პრინციპების მხრივ. ეს ის გარემოებაა, როდესაც მმართველი კლასები უცხოელებს იწვევენ თავიანთი პრივილეგიების დასაცავად, ომი გარეშე მტერთა ამ შემთხვევაში გონივრულიცაა, ზნეობრივიცო. ასე სჯის ერვე. ყოველივე ეს რომ მივიღოთ მხედველობაში უნდა ვსთქვათ რომ ერვეს სისრულით და სამართლიანად ვერ განუმარტავს ეროვნული პრობლემა. საქმე ის არის, რომ კაცობრიობა მარტოოდენ დასავლეთ ევროპელებისაგან არ შესდგება…
დასავლეთ ევროპა უკვე ერთ კულტურულ სხეულს შეადგენს. იქ უკვე ევროპის სახელმწიფოთა ფედერაციაზე შესაძლებელია ლაპარაკი. იქ მართლა დაიყო მთელი საზოგადოება ორ კლასად და იქ იზრდება და მუშავდება ატმოსფერო და პირობები ახალი საზოგადოების დამყარებისთვის. იქ ომი ერთი ხალხისა მეორეს წიმნააღმდეგ უგნურობაა. იქ რეალურად თავს იჩენს ინტერნაციონალი და ამიტომ და ამ ინტერნაციონალის ოჯახის წევრებს ერთმანეთში გასაყოფი არაფერი არა აქვთ რა. და თითქოს მართალია ერვე, რომელიც უკიჟინებს ევროპიელ სოციალისტ-პატრიოტებს, თქვენთვის ინტერნაციონალიზმი ცარიელი სიტყვაა, ნამდვილად კი თქვენ გაბატონებული კლასების აზრებით ხართ მოშხამული და არწმუნებთ მუშა ხალხს, რომ ვითომ მდიდარსა და ღარიბს შორის ზოგიერთ შემთხვევაში, ომის დროს, მაგალითად, არა თუ შესაძლებელია სოლიდარობა აუცილებელიცაა. თუ სამშობლო და პატრიოტიზმი მოპირდაპირე და ერთმანეთში მოურიგებელ კლასთა სოლოდარობის და ერთობის განმტკიცების ერთგვარი საშვალებაა. იქ სადაც საზოგადოებრივი სტრუქტურა მარტოოდენ ორი მოპირდაპირე კლასისგან შედგება, სადაც კლასთა ბრძოლა უტყუარი ფაქტია, არამედ მთავარი ძარღვი ადამიანთა განთავისუფლებისა, იქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი თანამედროვე ხასიათის პატრიოტულ გრძნობით აღზდას და განვითარებას, ვინაიდან იგი გრძნობა აბნელებს კლასობრივ შემეცნებას, ანელებს ატეხილ ინტერესთა წინააღმდეგობას და ამით აგვიანებს ადამიანთა განთავისუფლების დღეს. ასეთია პრინციპი, მაგრამ ამ საგანს სხვა მხარეც აქვს. ჯერ ევროპაშიც არის იმისთანა კუთხები (ევროპის ოსმალეთი, ბალკანეთი, გერმანიის პოლონეთი) სადაც ჯერ კიდევ მკაფიოდ არ გამოსულან სოციალური კატეგორიები, სადაც რასიულ, სარწმუნოებრივ, ლინგვისტურ და ეთნიკურ ელემენტებს ერთი მეორესთან შეხლას ისეთი მწვავე კონფლიქტი მოსდევს ხოლმე, რომ უიარაღოთ საქმე არც ეხლა რიგდება, არც მომავალში გარიგდება, მაგრამ გახედეთ ევროპის გარეთ. რა აჭრელებულ სურათს წარმოადგენს, ჯერ ხანობით უბადრუკი კაცობრიობა. არ ვიცი რას იტყოდა და რას იზავდა გ. ერვე, აზიის და აფრიკის უვიცი, შავი და წითელკანიანი ხალხი რომ გალაშქრებულიყო ევროპის წიინაღმდეგ. ავღანელი და ტიბეტის დალაილამის თაყვანისცემელი რომ მისდგომოდა პარიზსა, მის მუზეუმებს, ბიბლიოთეკებსა, შრომის ბირჟებს. არ ვიცი რა გუნებაზე დადგებოდა ერვე ამ ფერადკანიანთა ლაშქრით შემოსევის დროს, ხოლო დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა რომ ევროპის პროლეტარიატი ინტერნაციონალი იარაღს აისხამდა და იარაღით ხელში დაიცავდა თავის კულტურას, თავის ნაამაგრს, თავის ოცნებას თავის მომავალს განადგურებისა, ძალმომრეობისა და დაპყრობისგან…
თუ ამდაგვარი უბედურება შეემთხვა ევროპას, ამბობს პროფესორი -სოციალისტი ჟორჟ რენარი: სასტიკი მოპირდაპირენი სამშობლოს პრინციპებისა გაიგებენ და მიხვდებიან რამდენად საჭიროა ჯერ კიდევ თვით სოციალური სამართლიანობის უზვრუნველსაყოფად დაცვა, გარეშე მტრის შემოსევისგან დედა-მიწის ერთი კუთხისა მაინც, სადაც ოცნება ფართოდ არის გაშლილი და სადაც ამუშავებენ უკეთეს საზოგადოებას – დასავლეთი ქვეყნის ამ სანუკვარო და სანაქებო საქმეს .
ვიმეორებთ, ევროპაშო თითქოს მზადდება ნიადაგი ევროპის ფედარაციის დამყარებისთვის, ევროპული ინტერნაციონალის განვითარებისთვის, თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს ეროვნულ ერთეულებთა გაუქმებას, არამედ მათ დაკავშირებას. ევროპის გარეშე კი მის საზღვრებს განაპირაზე კიდევ სხვა ბევრ საერთოსა ვხედავთ, სხვა ბევრ პირობებს ვამჩნევთ და აქ სხვაგვარი თეორიაა საჭირო სინამდვილის განსამარტად და პრაქტიკული პოლიტიკის საწარმოებლად.
დაკვირვების და შესწავლისათვის საგნად ავიღოთ ისევ ჩვენი ქვეყნისა და ამის მდგომარეობის გათვალისწინებით შევიმუშავოდ პრაქტიკული პოლიტიკის გეგმა.

ქართული ეროვნების წარმოშობის და განვითარების ისტორიის მიმოხილვა



ქართული ეროვნების წარმოშობის და განვითარების ისტორიის მიმოხილვა
ეროვნების შეწავლა თუ გვინდა, უნდა მივაქციოთ ყურადრება იმ კონკრეტულ პირობებს, სადაც ისახება და ვითარდება იგი. ამ კონკრეტულ პირობად ჩათვლება სახელმწიფო. ჩვენთვის გარკვეული უნდა იყოს, რამდენად დაკავშირებულია ეროვნების წარმოშობის პროცესთან, ე.ი. რა კავშირი აქვს ეროვნებას სახელმწიფოსთან. ამიტომაც საჭიროა ცოტა ხნით შევჩერდეთ სახელმწიფოს ცნების განმარტებაზე.
სახელმწიფო ფართო და რთული ორგანიზაციაა. მის ფარგლებში ადამიანის სულიერ და მატერიალურ ნაყოფს განსაზღვრული ელფერი დაედო. რაც წინათ ოდნავ ისახებოდა, სახელმწიფომ მკვეთრი ხასიათი მისცა. რაც წინათ ჩანასახს წარმოადგენდა, სახელმწიფომ ვრცლად და რთულად განავითარა, შეიმუშავა სახელმწიფოებრივი კანომდებლობა, სახელმწიფო დაწესებულებანი, სახელმწიფოებრივი თვითშემეცნება.
საინტერესოა ახლა ამის გაგება, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ეროვნების წარმოშობას სახელმწიფოსთან და რა კავშირი აქვს ეროვნულ თვითშემეცნებას სახელმწიფოებრივ თვითშემეცნებასთან.

ჯონ სტიუარტ მილი



გურამ თევზაძე – ჯონ სტიუარტ მილი


ჰეგელის შემდგომ დასავლურ ფილოსოფიას, მართალია, პოზიტივისტური განწყობა დაეუფლა, მაგრამ პოზიტივიზმის სისტემამ, რომელიც კონტის მოძღვრების სახით იყო წარმოდგენილი, ევროპის კონტინენტზე ვერ იპოვა შემოქმედი მიმდევრები (თუმცა რიცხვობრივად მიმდევრები საკმაოდ ბევრნი იყვნენ). მისი იდეების გასაგებად და გასავითარებლად უფრო მომზადებული აღმოჩნდა ინგლისი, ტრადიციულად ემპირიზმის დამცველი და მეტაფიზიკის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყანა _ ფრ. ბეკონის და ჰიუმის სამშობლო.

იმანუელ კანტის (1724-1804) კრიტიციზმი და ევროპული ფილოსოფია




გურამ თევზაძე – იმანუელ კანტის (1724-1804) კრიტიციზმი და ევროპული ფილოსოფია

მეცნიერებმა რელიგიურობასა და ინტელექტს შორის უკუკავშირი იპოვეს




როჩესტერის და ბოსტონის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა მასშტაბური კვლევის შედეგები წარმოადგინეს - რელიგიურობასა და ინტელექტს ( IQ ) შორის უკუკავშირია. სტატიას ჟურნალი Personality and Social Psychology Review აქვეყნებს.  


კვლევის ავტორების თქმით, ჭკვიანი ადამიანი ათეისტებში უფრო მოიძებნება, ვიდრე მორწმუნეებში. ამასთან, კონფესიას მნიშვნელობა არ აქვს. ინტელექტზე რელიგიურობის ხარისხი მოქმედებს.


მკვლევარებმა რელიგიურობის ხარისხი ისეთი კატეგორიებით განსაზღვრეს, როგორიცაა რელიგიური დოგმების მიღება, რელიგიური საზოგადოების ცხოვრებაში ჩართულობა და ეკლესიაში სიარულის სიხშირე. 


მონაცემები 1928-2012 წლების პერიოდს მოიცავს და მასზე სხვადასხვა მკვლევარი მუშაობდა.  63-დან  53 ნამუშევარში, ავტორები მიდიოდნენ დასკვნამდე, რომ რელიგიურობა ინტელექტის 
დაქვეითებასთანაა კავშირში.


მკვლევარებმა წამოაყენეს 3 განსხვავებული ჰიპოთეზა, რომელიც განმარტავს კვლევის შედეგებს: ჭკვიანი ადამიანები ნაკლებად ითავისებენ რელიგიურ დოგმებს. გარდა ამისა, ავტორები ინტელექტს ანალიტიკურ აზროვნებასთან აკავშირებენ, რაც მეცნიერების თქმით,  ვერ ეთავსება რელიგიურობას. და ბოლოს, როგორც წესი ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ უფრო მეტს მიაღწიონ და დაგეგმონ  ცხოვრება ისე, რომ ამაში რელიგია არ დაიხმარონ.