понедельник, 19 августа 2013 г.

რაბლეს სიცილის სიბრძნე


ნინი ხოჯანაშვილი – რაბლეს სიცილის სიბრძნე
მსოფლიო ლიტერატურაში არსებობს წიგნი, რომელსაც არ ჰყოლია მსგავსი სიუჟეტის მქონე წინაპარი. ეს არის წიგნი, რომელიც სიყვარულით (და არა სიძულვილით) დასცინის მთელს კათოლიკურ სამყაროს, მაგრამ მისი ავტორი ბერია, ეს ის წიგნია, რომელიც მსოფლიო ისტორიის უგანსაკუთრებულეს პერიოდში, ინკვიზიციების დროს და პროტესტანტული მიმდინარეობის ჩამოყალიბების კვდალდაკვალ დაიწერა. გაუგებარია, რა ძალის მეოხებით გადაურჩა ავტორი კოცონზე დაწვას და როგორ მოაღწია ამ აკრძალულმა წიგნმა ჩვენამდე. მით უფრო გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს რაბლე და იწონებდეს ქრისტიანულ სამყაროს თავისი სისხლისმღვრელი წარსულით. ეს არის წიგნი უუნარო სისტემაზე, სიბრმავეზე, კაცობრიობის გადაგვარებულ გონებაზე და განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობაზე.
ფრანსუა რაბლე, მე-16 საუკუნის შემოქმედი, ამ დროის ყველაზე გაბედული პიროვნება, ყველაზე გამორჩეული მწერალი, აგერ უკვე საუკუნეებია, სულ უფრო თანამედროვე ხდება და თუ კაცობრიობის გონებრივ და საქმით გამოვლენილ მიმართულებებს მივიღებთ მხედველობაში, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, კიდევ უფრო მორგებული გახდება მომავალ დროზე. ფრანსუა რაბლე ცხოვრობდა იმ ბობოქარ და შემართებით აღსავსე ეპოქაში, რომელსაც აღორძინება ეწოდება. აღორძინების ეპოქა დასავლეთ ევროპაში მე-15, მე-16 საუკუნეებს მოიცავს. ამ პერიოდში სწრაფ განვითარებას იწყებს ბურჟუაზია, რომელსაც უკვე აღარ აკმაყოფილებს შუა საუკუნეებში გამეფებული რელიგიური მსოფლმხედველობა და ქმნის ახალ საერო მეცნიერებას, რომელიც ემყარება ბუნების და ანტიკური ხანის მწერალთა შესწავლას. ასე დაიწყო ანტიკური ანუ ბერძნული და რომაული მეცნიერებების და ფილოსოფიის აღორძინება, რისთვისაც მთელს ამ პერიოდს რენესანსი ანუ მეცნიერების და ხელოვნების აღორძინება ეწოდება. მეცნიერები შეუდგნენ მივიწყებული ლიტერატურული ძეგლების შესწავლას, რომლებიც ხშირად უმეცარი ბერების გამო იყო დაზიანებული. კათოლიკური ეკლესია პირველად გახდა სეროზული კრიტიკის საგანი. დაიწყო ეკლესიის რეფორმაცია ანუ პროტესტანტობა. პროტესტანტები არ ცნობენ პაპს, ბერ-მონაზვნობას და ეკლესიის ძალაუფლებას. იგრძნო რა საფრთხე, კათოლიკურმა ეკლესიამ შესაბამისი ზომები მიიღო ოპოზიციური ფრთის წინააღმდეგ: დაწესდა ბერთა ახალი ორდენები და შემოღებულ იქნა საგანგებო საეკლესიო სასამართლო-ინკვიზიცია ერეტიკოსთა საქმეების გამოსაძიებლად. ინკვიზიცია საკუთარი აზრის ყოველგვარ გამოვლინებას უკიდურესად ებრძოდა. მას შემდეგ, რაც ასობით ერეტიკოსი კოცონზე დაწვეს, გერმანიასა და ნიდერლანდებში გაჩაღდა ომი პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის, რომელიც ჯერ ინგლისს და საფრანგეთს მოედო, ხოლო თანდათან მთელს ევროპაში სისხლის მდინარეებმა იფეთქა. სწორედ ამ ბობოქარ დროში გაჩნდა რაბლეს რომანი – ვაჟკაცობის, გამბედაობის და თავისუფლების ნიმუში, რომელიც სიცილის მახვილით ებრძოდა დრომოჭმულ, დოგმატურ, ცრურწმენებით აღსავსე უმეცრებას და თვითნებობას.
"ინკვიზიცია" ფრანცისკო გოია, 1812 წ.
“ინკვიზიცია” ფრანცისკო გოია, 1812 წ.
თავის ქმნილებას რაბლემ საფუძვლად დაუდო ხალხური ზღაპარი ბუმბერაზ გარგანტუაზე. წიგნის დასაწყისში მწერალი მართებულად ადარებს თავის ნაწარმოებს სილენებს ანუ ძველებურ ზარდახშებს, რომელთა უცნაური და სასაცილო გაფორმება ფასდაუდებელ განძს ნიღბავდა. რაბლე 16 წის ასაკში ოჯახის წევრთა ინიციატივით ბერად აღიკვეცა. მონასტერი, სადაც რაბლე მოღვაწეობდა, ფრანცისკელთა ორდენს ეკუთვნოდა. ფრანცისკელ ბერებს უფლება არ ჰქონდათ მეცნიერება შეესწავლათ ან ნებისმიეირ წიგნი (გარდა საღვთისმეტყველოსი) წაეკითხათ და თუ კითხვა არ იცოდნენ, მით უკეთესი მათთვის, არც კითხვის სწავლას გაპატიებდნენ იმ გამონაკლისის გარდა, თუ ის ბერად აღკვეცამდე გქონდა ნასწავლი. რაბლე ამ წესდებებს არ ემორჩილებოდა – მან ჩუმად შეისწავლა ფილოსოფოსთა და პოეტთა თხზულებები, ლათინური და ბერძნული ენები და როცა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ბერის ცხოვრებას ვერ შეეგუებოდა, მონასტრიდან გაიქცა. პანტაგრუელის მსგავსად, რაბლე საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ლექციებს ესწრებოდა და შესანიშნავად შეისწავლა მედიცინა, მან მუშაობა დაიწყო ამ სპეციალობით და მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი.
„გარგანტუა და პანტაგრუელი“ რაბლემ ნაწილ-ნაწილ გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, წიგნი კათოლიკურმა ეკლესიამ სასტიკად აკრძალა, როგორც მავნე და რელიგიიის საფუძვლების შემრყევი წიგნი. რაბლე აღწერს სამყაროს, რომელშიც სიცილი და ტირილი ერთმანეთთანაა შეზავებული. წინასიტყვაობაში მწერალი მოგვიწოდებს, რომ კითხვისას დავემსგავოთ იმ ძაღლს, რომელიც სასოებით უდარაჯებს ძვალს, რათა ერთი წვეთი ტვინი გამოსწოვოს: “თქვენ იმ ძაღლს უნდა მიბაძოთ, გრძნობა დაიჩემოთ, დაყნოსოთ, განიცადოთ და დააფასოთ ეს შესანიშნავი, გემრიელი წიგნები, რათა მერე ბეჯითი კითხვისა და გულდამჯდარი ფიქრის შემდეგ, გატეხოთ ძვალი და გამოწუწნოთ იქიდან ტვინის სუბსტანცია ანუ ის, რასაც მე ვგულისხმობ ამ პითაგორასეული სიმბოლოთი“ – გვირჩევს ავტორი.
ამ წიგნში აღწერილია სამყარო, რომელშიც სიცილი და ტირილი ერთმანეთთანაა შეზავებული. ეს რომანი არის გიგანტებზე, კეთილ ბუმბერაზებზე, რომლებიც თავიანთ სიდიდეს და ძალაუფლებას კაცობრიობის დიდი ნაწილივით კი არ იყენებენ, ისინი თავს უყადრებენ ლილიპუტებს, ანუ ჩვეულებრივ ადამიანებს და არცთუ იშვიათად, დიდ წყალობასაც უყოფენ. გარგანტუა-ერთ-ერთი მთავარი გმირი, პანტაგრუელის მამა, გრანგუზიეს ვაჟი, კეთილი გარგანტუა, დაბადებისთანავე ჭამას და ალკოჰოლს ეძალება. მამა გრანგუზიე მას მეცნიერს და მაგისტროსს, ტუბალ ოლოფერნს მიაბარებს, რომელმაც 13 წლის მანძილზე გარგანტუას დააზუთხვინა ლათინური გრამატიკა, ლოცვანი და საეკლესიო კალენდარი. გარგანტუა ამ უშედეგო ცოდნამ სულ გამოაყეყეჩა, იმიტომ რომ სასულიერო განათლება ადამიანს ღირებულს ვერ აძლევს. როცა ვაჟა-ფშაველა თელავში სასულიერო განათლებას იღებდა, მის ჩანაწერებში ვკითხულობთ: “სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შემატა, ჩემს ფანტაზიას, გონების მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა. უვარგისი სისტემა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, ვერ აწდვდიდა ნოყიერს საზრდოს“. ბუნებრივია, რომ არანაირ საზრდოზე და თანაც ნოყიერზე არაა საუბარი იქ, სადაც დოგმები, შეზღუდვები და განსხვავებული აზრისადმი მკაცრი ცენზურაა გამეფებული, რაბლემ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა და გარგანტუასაც გამოაცდევინა, მაგრამ გამოსავალიც გვაჩვენა – გამოსავალი იყო პინოკრატი, გარგანტუას ახალი მასწავლებელი, რომელთან ერთადაც გარგანტუა პარიზში გაემგზავრა განათლების მისაღებად. მათ გზად გადახდებათ ერთი ისტორია, რომელიც მკითხველს იუმორის თვალსაზრისით ძალიან ხიბლავს. გარგანტუას მოეწონება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განთქმული ზარები, მოხსნის და თავის ცხენს ჩამოჰკიდებს ზანზალაკად, პარიზს თავზარი დაეცემა და დიდი ბჭობის შემდეგ მიუგზავნიან ღვთისმეტყველების უპატივცემულეს წარმომადგენელს – მაგისტროს იანოტეს დე ბრაგმარტოს. გარგანტუა კი თავის მასწავლებელთან ერთად გადაწყვეტს, რომ ზარები მანამ დააბრუნონ, სანამ მაგისტროსს მასპინძლობით და სასმლით ართობენ, არა იმიტომ რომ ეშინიათ, გარგანტუას არ აქვს მიზეზი ვინმესი ეშინოდეს, რადგან ბუმბერაზია, უბრალოდ მაგისტროსის გამასხარავება უნდა. როცა ეს უკანასკნელი მაღალფარდოვან სიტყვას წარმოთქვამს, თუ რატომ უნდა დააბრუნოს გარგანტუამ ტაძრის ზარები, ის და მისი მასწავლებელი სიცილით იხოცებიან. ამ სიცილის გამო ისინი მადლიერნი არიან სტუმრის და საჩუქრად გაატანენ 25 კასრ ღვინოს, ბატის ბუმბულის სამ ლეიბს, ღრმა ჯამს, შეშას და სოსისს. დიახ, რაბლესთვის სასაცილოა საგნების გაკერპება, მაგრამ ის ამ სიცილისთვის მადლიერია, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც ზარს ან სხვა ეკლესიურ ნივთს ამხელა ღირებულებას გულწრფელად ანიჭებს, ამ გულწრფელობის გამო დიახაც, მადლიერებას იმსახურებენ (სიცილსაც, რა თქმა უნდა).
ფაშიზმის სულგრძელობა, ლადო გუდიაშვილი – Lado Gudiashvili. 1942
ფაშიზმის სულგრძელობა, ლადო გუდიაშვილი – Lado Gudiashvili. 1942
ომი, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობა მიიღო, ძალიან სასაცილო მიზეზით იწყება (ისე,როგორც ომების უმრავლესობა). კერძოდ, გარგანტუას მწყემსები და გამვლელი ხაბაზები ვერ შეთანხმდებიან ნაზუქების ყიდვის საკითხზე. ჩვენ ამ ისტორიაზე გვეცინება,მაგრამ რატომღაც არცისე სასაცილოდ მიგვაჩნია პირველი მსოფლიო ომი, რომელიც კაცმა არ იცის მართლა რატომ დაიწყო, ვიცით, რომ იმ პერიოდის კაცობრიობა ომისთვის ემზადებოდა და პატარა ნაპერწკლის გაჩენა, სულ პატარა მიზეზი უნდოდათ, ამ შემთხვევაშიც ასე იყო-ხაბაზებს საჩხუბარი მიზეზი უნდოდათ, ოღონდ კაცმა არ იცის რისთვის უნდოდათ ეს ჩხუბი,განა მაგის დრო ჰქონდათ? წასულიყვნენ ბაზარში, გაეყიდათ პატიოსნად და მევენახეებისთვისაც მიეყიდათ, მით უმეტეს,რომ ისინიც საბაზრო ფასს სთავაზობდნენ, მაგრამ ეს ასე უნდა მომხდარიყო, ომი უნდა დაწყებულიყო, რადგან მიზეზები, რომლებიც იწვევს ომის წამოწყებას, არაფრით აღემატება ხოლმე ამ დონის გაუგებრობებს. ნაწარმოებში ჩემთვის და ბევრისთვის გამორჩეული და საყვარელი პერსონაჟია მამა ჟანი, ბერი, რომელიც ყველაზე განსხვავებული ბერია, ვინც კი ოდესმე გვინახავს ან წარმოგვისახავს. მამა ჟანი გარგანტუას ყურადღებას იმით მიიქცევს, რომ სააბატოს ვენახს მტრისგან მთელი რუდუნებით დაიცავს, იმხელა გულმოდგინებას იჩენს, რომ ჯვარს სწორ ნაწლავშიც კი გათხრის მუხანათ მტერს.
ეს პიროვნება ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, ბერის კვალობაზე ძალიან არადოგმატურია, ბუნებრივია – ყოველთვის ისე იქცევა, როგორიც არის შინაგანად, იმპულსურია და რაც მთავარია – გულწრფელი. ახლავე დაგიმტკიცებთ, რომ გულწრფელია, აი მისი ერთ-ერთი ფრაზა: “კუჭი ძლიერი მაქვს, იგი ცარიელია, ვითარცა წმ. ბენედიქტეს ფეხსაცმელი და მუდამ ღიაა, ვით ვექილის ხურჯინი“. გინახავთ ბერი,რომელიც ამბობს ღორმუცელა ვარო? მამა ჟანი სწორედ ასეთია, ამიტომ მისი სახით რაბლემ ბერების დამალული ზრახვები გაგვიმჟღავნა ანუ ადამიანებისა,რომლებიც გარეგნულად სხვა სახეს იღებენ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ასეთები არიან, თუმცა პატიოსნად რომ აღიარონ ასეთები ვართო,ეს სასაცილო იქნება, სასაცილო კი ყოველთვის პოზიტიურია. არისტოფანე გავიხსენოთ-აროსტოფანე თავის კომედიებში დასცინის სახელმწიფო მეთაურებს, ტრადიციებს, ომის მიზეზებსაც სხვათა შორის და უამრავ ადამიანურ მანკიერებას,მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ აროსტოფანე დგამდა კომედიებს და არა-დრამებს, მას ყელი არ გამოჭრეს, მას მკაცრი ცენზურა არ შეეხო,უფრო მეტიც-ადამიანები,რომელთაც ის დასცინოდა, უყურებდნენ წარმოდგენას და სიცილით კვდებოდნენ საკუთარ თავზე, ასე რომ,სიცილით მიწოდებული მხილება უფრო ბრძნულიც არის, უფრო იშვიათიც და უფრო გამართლებულიც ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით. ერთხელ,როცა გარგანტუა მსჯელობს, თუ რატომ არიან ბერები ყოველგვარი სიხარულის მტრები, ის ამბობს, რომ ბერები მაიმუნებს გვანან, რომელთაც ადამიანებისთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვთ. მაიმუნი ხომ არც სახლს დარაჯობს, არც რძეს გვაძლევს და არც ტვირთს ეზიდება, ბერიც ასევეა. მიწას არ ხნავს, სამშობლოს არ იცავს, ავადმყოფს არ მკურნალობს, ხალხს განათლებას არ აძლევს და აბა, საიდან ექნებათ სიხარული, თანაც ისეთი, რომ სხვებსაც უწილადონ? როცა გრანგუზიე ეკითხება შვილს, ისინი ხომ ჩვენთვის ლოცულობენო, გარგანტუა პასუხობს: „ისინი მხოლოდ გულს უწვრილებენ მეზობლებს თავიანთი ზარების ტკაცუნით, უაზროდ ბუტბუტებენ ლოცვებს, რომელთა მნიშვნელობაც თავად არ ესმით“.
მამა ჟანი ნამდვილად არის ბერის იდეალი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაამხელს თუ რა სურს ჯილდოდ გამოჩენილი თავდადების გამო. ეს არის ის, რაც მსოფლიო ისტორიის მანძილზე არცერთ სასულიერო პირს თავში აზრად არ მოსვლია და თუ მოსვლია, საერთოდ ხელი აუღია სასულიერო წოდებებზე. უგალავნო მონასტერი, სადაც შესაძლებელი იქნება სასარგებლო წიგნების კითხვა, მუსიკის დაკვრა, გართობა, სეირნობა და კიდევ, აუცილებლად გაიწმინდება ყველა ის ადგილი, სადაც ბერი გაივლის, რადგან ბერ-მონაზვნები, მამა ჟანის თქმით, უვარგისი და საზიზღარი ხალხია, მათი ნაფეხურის კვალი არ უნდა დარჩეს ტალემის სავანეში. ტალემის სავანე არის დემოკრატიული და შემოქმედებითი სკოლა-მონასტერი, რომელსაც არასოდეს უარსებია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ისეთი სახით, როგორც რაბლეს და არაერთ რაბლეს იდეების გამზიარებელ გენიალურ მწერალს თუ სხვა დიდ მოღვაწეს უნდოდა. ტალემის სავანე ანუ იდეალური მონასტერი აშენდა მამა ჟანის ინიციატივით და მამა ჟანი არის რაბლე, ბერი, რომელიც გაექცა სამონასტრო ცხოვრებას, რადგან იცოდა, რომ ის ვერ გაძლებდა ისეთ ადგილას, რომელიც ტალემის სავანის ანტიპოდი იქნებოდა. პანტაგრუელი პანტაგრუელი მამა გარგანტუას ღირსეული შთამომავალია – ისეთივე კეთილი, სასაცილო და სწავლას მოწყურებული. ის განათლების მისაღებად ჩადის ჯერ პუატიეში, შემდეგ – ტულუზაში, მაგრამ დაინახავს რა, რომ ბერები კოცონზე წვავენ პროფესორს, რომელიც უბრალოდ თვალში არ მოსდით,საერთოდ გაემგზავრება იმ ქალაქიდან. საოცარია ამ ბუმბერაზის შინაგანი ზნეობა – მისი და მამამისის მასშტაბები რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ ერთხელ, პანტაგრუელს, ჭამის დროს, შემთხვევით რამდენიმე მლოცვარი შემოესანსლა. მართალია,გამოიღო კბილის საჩიჩქნი ჩხრით ისე, რომ მათ არაფერი დაუზიანდათ, მაგრამ რაც მთავარია, გარგანტუას ყბაში ათობით ადამიანი ეტევა, მიუხედავად ამისა, ეს გოლიათები თავიანთ ძალას ზიანის მისაყენებლად და ადამიანების დასაჭმელად არ იყენებენ, მაშინ როცა ჩვეულებრივი,პაწაწინა ადამიანები ხედავენ,რომ მათ თავზე დააბიჯებენ ამხელა ძალით მოსილი ბუმბერაზები და ერთმანეთს კოცონზე წვავენ. რატომ?იმიტომ რომ თვალში არ მოსდით ერთმანეთი. არც გარგანტუას და პანტაგრუელს მოსდით თვალში სასულიერო პირები და არა მხოლოდ,მაგრამ მაინც არ ხოცავენ,იმიტომ რომ ისინი უფრო ადამიანები არიან. პანტაგრუელის გონებას ორმაგი ფსკერი ჰქონდა,ხოლო მეხსიერების ტევადობა ზეითუნის ზეთის 12 კასრს უდრიდა (საინტერესოა,გიგაბაიტებში რამდენი გამოვიდოდა).ერთ მშვენიერ დღეს,როცა პანტაგრუელი სტუდენტებთან ერთად მშვიდად მასლაათობს,ის შეხვდება ადამიანს,რომლის გარეშეც პანტაგრუელი არ იპანტაგრუელებდა-ეს არის პანურჟი, ბძენთა ბრძენი, პოლიგლოტი, თანაც ისეთი პოლიგლოტი, რომ გამოგონილ ენაზეც კი საუბრობს. ასეთი რამ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში რაბლემდე არ მომხდარა, ენის გამოგონება რაბლემ გამოიგონა, პანურჟი ანუ ნაცნობი პლაგიატი რომ მოვიყვანოთ-ფარსმან სპარსი, უიშვიათესი ადამიანია, ის თავს კი უწოდებს პანტაგრუელის მოწაფეს, მაგრამ სინამდვილეში ის მისი მასწავლებელია, ეს ორივეს კარგად აქვს გაცნობიერებული, პანტაგრუელი მას ყოველთვის აზრს ეკითხება და თუ მას მასწავლებლად არ თვლის,მაშინ ის ამას არ გააკეთებდა, ეს მოსწავლე-მასწავლებელი არის 35 წლის, გაურკვეველი წარმოშობის მამაკაცი ,რომელიც ფლობს ფილოსოფიურ ქვას (მისივე სიტყვებით) და იმის გამო,რომ ცოლის მოყვანა უნდა, მსოფლიო მასშტბის მოგზაურობა იწყება-ის პანტაგრუელთან ერთად მიდის პასუხის საპოვნელად-რამდენად ღირს ცოლის მოყვანა. პანურჟს სძაგს ღვთისმეტყველები და ხან ნეხვს უყრის მათ ქუდში, ხანაც ანაფორაზე მელიის კუდს გამოაბამს ხოლმე, ტაძარში გულმოდგინე მლოცველებს ისე მიანათებდა თვალებში, რომ მლოცველი შეშინებული იწყებდა სირბილს, პანურჟი კი იდგა, ვითომ არაფერი მომხდარა. მის ქურთუკს 26 ჯიბე აქვს და ყოველთვის ვალები აქვს. პანტაგრუელს არ უყვარს ვალები, მაგრამ პანურჟი ამაშიც გამორჩენას ხედავს, ის ამბობს:“ როდის აღარ მექნება ვალები?ეს მოხდება როდინობის კვირაში, ესეიგი მაშინ, როცა ყოველი კაცი ყველაფრით კმაყოფილი იქნება. მთელი ჩემი დღენი ვალები მიმაჩნდა ცისა და დედამიწის დამაკავშირებელ ჯაჭვად. სამყარო უვალოდ! ასეთ სამყაროში შეუძლებელი იქნება ციურ მნათობთა სწორი მსვლელობა“. პანურჟის აზრით,თუ ადამიანებს ერთმანეთის ვალი არ ექნებათ, ისინი არც საშველად მივლენ ერთმაეთთან წყალდიდობის და ხანძრის დროს. რაბლე თვლის,რომ კაცობრიობა თუ ზოგჯერ დახმარების ხელს უწვდის ერთმანეთს, ამაშიც გამორჩენა და ანგარება დევს და ეს ნამდვილად ასეა. მოგზაურობა კუნძულებზე სიბრძნის საძებნელად-ამ მოგზაურობაში ჩვენი განსაკუთრებული ადამიანები ასევე განსაკუთრებულ ადამიანებს ხვდებიან. გზად რამდენიმე კუნძულს გაივლიან, ერთ-ერთ კუნძულს ნათესავების კუნძული ჰქვია,რადგან აქ ყველა ისე ეპრყობა ერთმანეთს, როგორც ნათესავს და სჯერათ კიდეც რომ ნათესავები არიან (როგორი ქართული სიტუაციაა თუ ამჩნევთ?), მაგრამ სინამდვილეში არაფერი აკავშირებთ, გაივლიან დავაქრების კუნძულს, სადაც მოსახლეობა თავს იმით ირჩენს, რომ თავს აცემინებენ (ნათელია, ადამიანთა რა კატეგორიაზეა საუბარი), გაივლიან მაკრეონების კუნძულს-აქ დაბურულ ტყეში ძველი გმირები და ბრძენები ცხოვრობენ და როცა ვინმე გარდაიცვლება, ტყიდან სასოწარკვეტილი მოთქმა მოისმის, დედამიწაზე კი გაჭირვება და გაჩანაგება ისადგურებს. მოგზაურები გაივლიან ფარუშის კუნძულს ანუ ძეხვების სამემკვიდრეოს, სადაც პანტაგრუელი თავიანთი მოსისხლე მტერი, დიდმარხვა ეგონებათ და მის წინააღმდეგ საბრძოლველად დაირაზმებიან, მაგრამ პანტაგრუელის და დედოფლის მოლაპარაკების შედეგად დარწმუნდებიან, რომ დიდი მხოლოდ მარხვა არ არის. პანტაგრუელი გაივლის რუახის ანუ ქარაფშუტების კუნძულს – ეს არის ადგილი, სადაც ჰაერით ცხოვრობენ, ჰაერით იკვებებიან, მდიდრები კი ქარის წიქვილებით, დაავადებებს აქ გამჭოლი ქარით მკურნალობენ. შემდეგ მიადგებიან პაპფიგების კუნძულს, ოდესღაც აქაური ხალხი თავისუფალი და მდიდარი ყოფილა, ახლა კი ღარიბი, უბედური და პაპიმანებს დამორჩილებული ხალხია, რადგან ერთხელ პაპიმანების კუნძულზე მათ დიდიება არ მიაგეს პაპის პორტრეტს და ამგვარად დაისაჯნენ. ნათელია, რომ პაპფიგებში იგულისხმება საეკლესიო ცენზურით დაჩაგრული ყველა ადამიანი, ვინც ქრისტიანობას ამოფარებული რელიგიის დიქტატორულ რეჟიმს შეეწირა. პაპიმანების კუნძულზე პანტაგრუელს ისე მიიღებენ, როგორც წმინდანს, რადგან პანტაგრუელს არაერთხელ უნახავს პაპი პირისპირ. ამის გამო მას ფეხებზე კოცნიან, ასევე სცემენ თაყვანს პანურჟსაც, რომელიც ამ ამაზრზენი ფანატიზმით პირდაპირ რეტდასხმულია.
ლადო გუდიაშვილი – ალეგორიები; Lado Gudiashvili – Allegories
ლადო გუდიაშვილი – ალეგორიები; Lado Gudiashvili – Allegories
ამ კუნძულზე პაპს მიწიერ ღმერთს უწოდებენ და ზეციურ ღმერთს უტოლებენ, ასევე განადიდებენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თვალი შუვლია პაპისთვის და გადაწყვეტილი აქვთ, რომ როგორც კი პაპი მათ იკადრებს და ესტუმრება, აუცილებლად საჯდომი დაუკოცნონ. ბოლოსდაბოლოს, ჩვენი გმირები მიაღწევენ ჯადოსნური ბოთლის მისანთან, რომელმაც უნდა გაუმხილოს პანურჟს, ღირს თუ არა ცოლის მოყვანა. ბოთლიდან პანურჟი გაიგონებს სიტყვას – „ტრინკ“, რომლის მნიშვნელობაა – ‘დალიე’. როგორც მისანი განმარტავს, პანურჟმა უნდა დალიოს ცოდნა. ის ამბობს: „მხოლოდ ცოდნა გამოგიყვანთ უმეცრების წყდიადიდან, ცრურწმენისა და ცრუ შეხედულებებისან, გაგათავისუფლებთ, ახალი, საოცარი ცხოვრებისთვის გამოგაღვიძებთ. ჭეშმარიტი ცოდნა გაგამხნევებთ და გაგამართლებთ, დაღლილობასა და მოწყენილობას გაგიფანტავთ, ავადმყოფობას განდევნის და ბუნების იდუმალ და ამოცნობ ძალთა მართვას განსწავლით“.პასუხი ნათელია – პანურჟმა ცოლი უნდა მოიყვანოს მაშინ, როცა ცოდნის გზას დაადგება და კარგისა და ცუდის გარჩევას ისწავლის. მისანის სიტყვები რომ პანურჟს კი არა მე მეკუთვნის, შენ გეკუთვნის და მთელს კაცთა მოდგმას ეკუთვნის, ეს ფაქტია, რადგან ჩვენ, ანუ კაცობრიობის დიდი ნაწილი საკუთარი უცოდინრობის შედეგებს ვიმკით და მერე ამას ვინმეს ან რამეს ვაბრალებთ ხოლმე, მაგალითად ბედს,ბოროტ ძალებს,ბოროტ ადამიანებს, შეთხვევითობებს, მთავრობებს, მასონებს, მეზობლებს (განსაკუთრებით ჩრდილოელს), მაგრამ ამ დროს ვლინდება მხოლოდ ერთი რამ, რომ ჩვენ არ გაქვს ცოდნა, რომ ჩვენ არ ვიცნობთ რაბლეს, მაგრამ თუ ერთი ადამიანი მაინც თავის გულში გაიფიქრებს ამის წაკითხვის შემდეგ, რომ ის ყველა აქ ჩამოთვლილ და კიდევ რამდენიმე არნახსენებ კუნძულს გაივლიდა, გარისკავდა საკუთარი სიცოცხლით ცოდნის შესაძენად, მაშინ რაბლე ცოცხალია და ის თქვენით ამაყობს.


ფრანსუა რაბლე


granguzie
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий