пятница, 6 сентября 2013 г.

ზურაბ ქარჩავა - ფსიქოლოგიის პრინციპები



1954 წელს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ბრაუნი ტოპეკას განათლების საბჭოს წინააღმდეგ საქმეში განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც შავკანიანი და თეთრკანიანი ბავშვების სკოლების სეგრეგაცია უკანონოდ გამოცხადდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არავითარი ზემოქმედება არ მოუხდენია ფსიქოლოგების და სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლების ჩვენებებს, რომლებმაც სასამართლოს კვლევის შედეგები წარუდგინეს.
შედეგები ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ სეგრეგირებული  სწავლება შავკანიან ბავშვებზე უარყოფითად მოქმედებდა. მოგვყავს ერთ-ერთი ფსიქოლოგის, კენეტ კლარკის ჩვენება, რომელმაც შავკანიან ბავშვთა ჯგუფი იკვლია ვაითმენი, (Whiteman, 1993, 49-51 გვ.):
ტესტირება გასული კვირის ხუთშაბათს და პარასკევს ჩავატარე თქვენი მოთხოვნის მიხედვით სკოტ ბრანჩის დაწყებით სკოლაში, ძირითადად პირველ კლასში. გამოვიყენე მეთოდი, რომელზეც ადრე გესაუბრეთ - ზანგი და თეთრი თოჯინები, რომლებიც კანის ფერის გარდა სხვამხრივ აბსოლუტურად იდენტურია. მოსწავლეებს ფურცლები ვაჩვენე, რომელბზეც ეს თოჯინები ეხატა....
ბავშვებს ამ თოჯინებს ვაჩვენებდი და შემდეგი თანმიმდევრობით ვუსვამდი ამ კითხვებს: "მაჩვენეთ, რომელი თოჯინა მოგწონთ ყველაზე მეტად? ან რომლით თამაში გინდათ ყველაზე მეტად?", მაჩვენეთ "ცუდი" თოჯინა".....
სულ 6-დან 9 წლამდე 16 ბავშვი გამოვკითხე, მათგან ათმა აირჩია თეთრი თოჯინა, ის ყველაზე მეტად მოეწონათ, თანაც მათ ეს თოჯინა დაახასიათეს, როგორც "სასიამოვნო". არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ორი თოჯინა აბსოლუტურად იდენტურია, კანის ფერის გარდა. თერთმეტმა ბავშვმა მიიჩნია, რომ ყავისფერი თოჯინა ცუდად გამოიყურება. ეს შედეგები თანხვდება ადრე მიღებულ რეზულტატებს, რომელიც 300-ზე მეტ ბავშვზე ჩატარებულმა გამოკვლევამ გვიჩვენა.
შედეგები ასე ავხსენით: ზანგი ბავშვი უკვე 6, 7 ან 8 წლის ასაკში ექცევა საკუთარი ჯგუფის შესახებ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების ტყვეობაში.....
იძულებული ვარ დავასკვნა, რომ კლარენდონის საგრაფოს ეს ბავშვები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც აშკარად დაქვემდებარებულ სტატუსს ატარებს საზოგადოებაში, პიროვნული განვითარების პროცესში დაზიანდნენ. მათში ნათლად შეიმჩნევა არასტაბილურობის ნიშნები და, ჩემი აზრით, ყველა ფსიქოლოგი სწორედ ამგვარად ახსნიდა მიღებულ შედეგებს.
ხედავთ, რატომ ჰქონდა ამ ჩვენებას _ ფსიქოლოგიური კვლევის მონათხრობს _ დიდი ზემოქმედება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და იმაზე, თუ როგორ აღიქვა მთელი ქვეყნის მოსახლეობამ სეგრეგაციის ფსიქოლოგიური შედეგები?
კენეტ კლარკის ჩვენება მიუთითებს ფსიქოლოგიური კვლევის პოტენციურ გავლენაზე როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე საზოგადოების ცხოვრებაზე. ეს მაგალითი ამ სახელმძღვანელოს ძირითად მიზნებზე მიუთითებს: წაგიყვანოთ მოგზაურობაში, სადაც ადამიანური გამოცდილების სირთულეებს დახვეწილი კვლევით გამოვავლენთ, ეს კი საშუალებას მოგვცემს უკეთ ვაკონტროლოთ ის ძალები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს. ფსიქოლოგია და ცხოვრება ტვინის და ფსიქიკის შინაგანი სივრციდან ადამიანის ქცევის გარეგან განზომილებამდე მიგვიყვანს. შევისწავლით ისეთ პროცესებს, რომლებიც აზრის მქონე სტრუქტურას მიანიჭებენ თქვენს გამოცდილებას; მაგალითად, ისეთ საკითხებს, როგორიცაა: როგორ აღვიქვამთ სამყაროს, როგორ ვსწავლობთ, ვურთიერთობთ სხვებთან, ვაზროვნებთ, ვიმახსოვრებთ. შევეცდებით გავარკვიოთ ადამიანის ცხოვრების უფრო დრამატული გამოვლინებები, როგორიცაა, როგორ და რატომ ნახულობენ სიზმრებს ადამიანები, როგორ უყვარდებათ ერთმანეთი, რატომ მორცხვობენ, რატომ არიან აგრესიულები, რატომ ავადდებიან ფსიქიურად. და ბოლოს, ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ფსიქოლოგიური ცოდნა, რათა გავიგოთ და - ზოგიერთ, მაგალითად, სეგრეგაციის შემთხვევაში - შევცვალოთ კიდეც ჩვენს ცხოვრებაში მოქმედი კულტურული ძალები.

ჩვენ, ფსიქოლოგიის და ცხოვრების ავტორებს, ფსიქოლოგიის კომპეტენტურობის გვჯერა. პედაგოგიური და სამეცნიერო კარიერის მანძილზე ფსიქოლოგია სულ უფრო და უფრო მომხიბვლელი გახდა ჩვენთვის. ბოლო წლებში ფსიქიკური და ქცევის პროცესების წარმმართველი ძირითადი მექნიზმების შესახებ ინფორმაციის მოზღვავებას აქვს ადგილი. ძველი შეხედულებები ახალი იდეებით იცვლება. მაგრამ ადამიანის ბუნების მრავალი მომაჯადოვებელი მხარე ჯერ კიდევ ამოუცნობი რჩება. იმედი გვაქვს, რომ ამ მოგზაურობის დასარულს თქვენც სათუთად მოეპყრობით ფსიქოლოგიური ცოდნის საკუთარ მარაგს.
მოგზაურობის ძირითადი მიზანი იქნება წვდომის მეცნიერული წყურვილი. დავსვამთ კითხვებს ადამიანის ქცევის შესახებ _ როგორ, რატომ, რა, როდის და იმ ქცევის მიზეზების და შედეგების შესახებ, რომელსაც თქვენ საკუთარ თავში, სხვა ადამიანებში, ცხოველებში აღმოაჩენთ.
ავხსნით, რატომ ფიქრობთ, გრძნობთ და იქეცვით ასე. რითი განსხვავდებით სხვებისაგან, რაშია თქვენი უნიკალობა და მაინც, რატომ იქცევით ხშირად სხვების მსგავსად? თქვენს ჩამოყალიბებაში მემკვიდრეობამ ითამაშა როლი, თუ პირადმა გამოცდილებამ? როგორ თანაცხოვრობს ამ რთულ ქმნილებაში - ადამიანურ ცხოველში _ აგრესია და ალტრუიზმი, სიყვარული და სიძულვილი, სიგიჟე და შემოქმედება? ამ თავში განვიხილავთ, როგორ და რატომ გახდა ყველა ეს კითხვა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიის, როგორც დისციპლინის მიზნებისათვის.
რატომაა ფსიქოლოგია უნიკალური?
ფსიქოლოგიის უნიკალობისა და ერთიანობის დასაფასებლად უნდა გაარკვიოთ, როგორ ესმით ფსიქოლოგებს კვლევის და პრაქტიკის მიზნები და არეალი. წიგნის დამთავრების შემდეგ თქვენ უნდა იაზროვნოთ, როგორც ფსიქოლოგმა, ხოლო ამ თავში პირველად გაეცნობით სერიოზულად, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს.
განსაზღვრებები
მრავალი ფსიქოლოგი ეძებს პასუხს ფუნდამენტურ კითხვაზე: როგორია ადამიანის ბუნება? ამ კითხვას ფსიქოლოგია იმითი პასუხობს, რომ სწავლობს ინდივიდში მიმდინარე პროცესებს, ისევე როგორც ფიზიკურ და სოციალურ გარემოში აღმოცენებულ ძალებს. ამ თვალსაზრით, ფსიქოლოგიას ფორმალურად განვმარტავთ, როგორც ინდივიდის ქცევის და ფსიქიკური პროცესების მეცნიერულ შესწავლას. განვიხილოთ ამ განმარტების მნიშვნელოვანი ნაწილები; მეცნიერული, ქცევა, ინდივიდი და ფსიქიკური.
ფსიქოლოგიის მეცნიერული ასპექტი მოითხოვს, რომ ფსიქოლოგიური დასკვნები მეცნიერული მეთოდის პრინციპების მიხედვით მოპოვებულ მონაცემებს ეფუძნებოდეს.
მეცნიერული მეთოდი მოიცავს პრობლემის ანალიზისა და გადაჭრისათვის საჭირო თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს მეთოდი დასკვნების გამოსატანად ობიექტურად შეგროვებულ მონაცემებს იყენებს. მეცნიერული მეთოდის მახასიათებლებს უფრო დაწვრილებით მე-2-ე თავში განვიხილავთ, როდესაც გავეცნობით, თუ როგორ ატარებენ ფსიქოლოგები კვლევას.
ქცევა ის იარაღია, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი გარემოს ერგება. ქცევა მოქმედებაა. ფსიქოლოგიის საგანი ძირითადად ადამიანის და ცხოველის დაკვირვებადი ქცევაა. სიცილი, ტირილი, სირბილი, შეხება ქცევის ის მაგალითებია, რომლებსაც შეიძლება დააკვირდე.
ფსიქოლოგები იკვლევენ, რას და როგორ აკეთებს ინდივიდი მოცემულ გარემოში და უფრო ფართო სოციალურ და კულტურულ კონტექსტში.
ფსიქოლოგიური ანალიზის საგანი ყველაზე ხშირად არის ინდივიდი _ ახალშობილი, მოზარდი სპორტსმენი, კოლეჯის სტუდენტი, რომელიც სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას ეგუება, შუახნის მამაკაცი, რომელიც კარიერას იცვლის, ან ქალი, რომელმაც უნდა გადალახოს ალცჰაიმერის დაავადებით შეპყრობილი მეუღლის თანდათანობითი უკუსვლით გამოწვეული სტრესი. ამავე დროს, კვლევის საგანი შეიძლება იყოს შიმპანზე, რომელიც კომუნიკაციისათვის საჭირო სიმბოლოებს სწავლობს, ლაბირინთში მოსიარულე თეთრი ვირთხა, ან საფრთხის სიგნალზე მორეაგირე ზღვის ლოქორა. ინდივიდი უნდა შევისწავლოთ მის ბუნებრივ გარემოში, ან კვლევით ლაბორატორიაში, გაკონტროლებულ (კონტორლირებად) პირობებში.
მრავალი მკვლევარი ფსიქოლოგი აღიარებს, რომ ადამიანის მოქმედებას ფსიქიკური პროცესების, ანუ ადამიანის ფსიქიკის მუშაობის ახსნის გარეშე ვერ გავიგებთ. ადამიანური აქტივობის დიდი ნაწილი შინაგანია _ აზროვნება, დაგეგმვა, მსჯელობა, შემოქმედება (შექმნა), ოცნება. მრავალი ფისქოლოგისათვის სწორედ ფსიქიკური პროცესებია ფსიქოლოგიური ძიების ყველაზე საინტერესო ასპექტები.
მალე გაიგებთ, რომ ფსიქოლოგმა მკვლევრებმა დახვეწილი ტექნიკები გამოიგონეს ფსიქიკური მოვლენების და პროცესების შესასწავლად - რათა ეს პირადი გამოცდილება საზოგადო გახადონ.
ამ საკითხების კომბინაცია ფსიქოლოგიას უნიკალურ სფეროდ აქცევს. მაშინ, როდესაც ფსიქოლოგები ძირითადად ინდივიდების ქცევაზე არიან ფოკუსირებული, სოციოლოგები სწავლობენ ადამიანთა ქცევას ჯგუფებში ან ორგანიზაციებში, ხოლო ანთროპოლოგები ყურადღებას ამახვილებენ ქცევის უფრო ფართო კონტექსტზე სხვადასხვა კულტურაში. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგები ფართოდ იყენებენ სხვა მეცნიერებების მიღწევებს. როგორც ერთ-ერთი სოციალური მეცნიერება, ფსიქოლოგია იყენებს ეკონომიკას, პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას და ეთნოლოგიას. ფსიქოლოგებს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ ბიოლოგებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც ტვინის პროცესებს და ქცევის ბიოქიმიურ საფუძვლებს სწავლობს. ფსიქოლოგებს აინტერესებთ, თუ როგორ მუშაობს ადმიანის ფსიქიკა, რაც, ახლად წარმოშობილი კოგნიტური მეცნიერებების _ კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის და გამოყენებითი მათემატიკის კვლევასა და თეორიასთანაა დაკავშირებული.
როგორც ჯანმრთელობის მეცნიერება _ მედიცინასთან, განათლებასთან, იურისპრუდენციასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებული ფსიქოლოგია _ ცდილობს გააუმჯობესოს თითეული ინდივიდისა და კოლექტივის ცხოვრების დონე. ფსიქოლოგია, ასევე, ინარჩუნებს კავშირებს ფილოსოფიასთან, სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, რელიგიასთან და ხელოვნების ისეთ დარგებთან, როგორიცაა ლიტერატურა და დრამატურგია.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფსიქოლოგიის სიღრმე და ფართო თვალსაწიერი სიამოვნების წყაროა უკვე ჩამოყალიბებული სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისათვის, ვინც პირველად ეცნობა ფსიქოლოგიას, ის ერთგვარ სირთულეს წარმოადგენს.
• ფსიქოლოგია (psychology) _ ინდივიდების ქცევის და ფსიქიკური პროცესების მეცნიერული შესწავლა
• მეცნიერული მეთოდი (scientific method) - იმ პროცედურების წყება, რომლებიც ობიექტური ინფორმაციის შეგროვებისა და ინტერპრეტაციისათვის გამოიყენება, თანაც იმგვარად, რომ შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი და განზოგადება სანდოა.
• ქცევა (behavior) - ის მოქმედებები, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი გარემოს ერგება.
ფსიქოლოგიის საგანზე კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ, ბევრი ღირებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ შესავალი თავიდან. ფსიქოლოგიის სფეროს შესწავლის საუკეთესო გზად ფსიქოლოგთა მიზნების გარკვევა მიგვაჩნია, მოდით, განვიხილოთ ეს მიზნები.
ფსიქოლოგიის მიზნები
იმ ფსიქოლოგების მიზანი, რომლებიც ფუნდამენტურ კვლევას ახორციელებენ, არის ქცევის აღწერა, ახსნა, წინასწარმეტყველება და გაკონტროლება. გამოყენებით (პრაქტიკოს) ფსიქოლოგებს კიდევ ერთი, მეხუთე მიზანი აქვთ _ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება.
ეს მიზნები ფსიქოლოგიური საქმიანობის საფუძველს შეადგენს. რა იგულისხმება თითეულ ამ მიზანში?
მოვლენის აღწერა
ფსიქოლოგიის პირველი ამოცანაა ზუსტი დაკვირვება ქცევაზე. ჩვეულებრივ, ფსიქოლოგები ასეთი დაკვირვების შედეგად მიღებულ მასალას მონაცემებს უწოდებენ. ქცევითი მონაცემები არის ორგანიზმის ქცევის და იმ პირობების აღწერა, რომელშიც ეს ქცევა ხორციელდება. მონაცემების შეგროვებისას მკვლევრებმა უნდა აირჩიონ ანალიზის სათანადო დონე და შეიმუშაონ ქცევის ის საზომები, რომლებიც მისი ობიექტურად შესწავლის გარანტიას გვაძლევს.
ინდივიდის ქცევის კვლევის მიზნით ანალიზის სხვადასხვა დონის გამოყენება შეიძლება - ყველაზე ფართო, გლობალური დონიდან ყველაზე დეტალურ, სპეციფიკურ დონემდე.
ფსიქოლოგიური აღწერის განსხვავებული დონეებიც სხვადასხვა კითხვას პასუხობს.
ფსიქოლოგიური ანალიზის ყველაზე ფართო დონეზე მკვლევრები სწავლობენ მთლიანი პიროვნების ქცევას რთულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ამ დონეზე მკვლევრებმა შეიძლება შეისწავლონ ძალადობის კროს-კულტურული სხვაობები, ცრურწმენების მიზეზები, ფსიქიკური დაავადების შედეგები. შემდეგ დონეზე, ფსიქოლოგები ქცევის უფრო ნატიფ ერთეულებს სწავლობენ, როგორიცაა შუქნიშანის სინათლეზე რეაქციის სიჩქარე, თვალების მოძრაობა კითხვის დროს, ბავშვების მიერ დაშვებული გრამატიკული შეცდომები ენის შესწავლისას. მკვლევრებს ქცევის კიდევ უფრო მცირე ერთეულების შესწავლა შეუძლიათ. ისინი ცდილობენ შეისწავლონ ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები, ანუ დაადგინონ ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია სხვადასხვა ტიპის მოგონების შენახვაზე; დასწავლის დროს წარმოშობილი ბიოქიმიური ცვლილებები, სმენაზე, ან მხედველობაზე პასუხისმგებელი სენსორული გზები.
ანალიზის თითეული დონე გვაძლევს იმ არსებით ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც დგება ადამიანის ბუნების საბოლოო საერთო პორტრეტი, რისი მიღწევის იმედიც აქვთ ფსიქოლოგებს.
• ქცევის მონაცემები (Behavioral data) _ ორგანიზმის ქცევის და იმ პირობების აღწერა, რომლებშიც ეს ქცევა მიმდინარეობს, ან იცვლება.
რაც არ უნდა ფართო ან ვიწრო იყოს დაკვირვების ფოკუსი, ფსიქოლოგები ცდილობენ, რომ ქცევა ობიექტურად აღწერონ.
იმ ფაქტების შეგროვება, რომლებიც რეალურად არსებობს და არა ისეთებისა, როგორსაც მკვლევარი მოელის, ან სურს, რომ იყოს, უპირველესი მნიშვნელობისაა. რადგანაც ყოველ დამკვირვებელს დაკვირვების პროცესში საკუთარი, სუბიექტური თვალსაზრისი შეაქვს - ესენია მიკერძოება, ცრურწმენა, მოლოდინი _ აუცილებელია, რომ ამ თვალსაზრისმა არ დაამახინჯოს მონაცემები. როგორც შემდეგ თავში ნახავთ, ფსიქოლოგმა მკვლევრებმა მრავალგვარი მექანიზმი შექმნეს ობიექტურობის შესანარჩუნებლად.
მოვლენის ახსნა
მაშინ, როდესაც აღწერა თვალსაჩინო ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდეს, ახსნა აღქმულის მიღმა უნდა იხედებოდეს. ქცევით და ფსიქიკურ პროცესებში კანონზომიერებების აღმოჩენა ფსიქოლოგიის მრავალი დარგის მთავარი მიზანია. ფსიქოლოგებს სურთ აღმოაჩინონ, როგორ მუშაობს ქცევა. რატომ იცინით მოულოდნელ სიტუაციებში? რა გარემოებები უბიძგებს ადამიანს ჩაიდინოს სუიციდი, ან დანაშაული?
ფსიქოლოგიური ახსნა ძირითადად აღიარებს, რომ ქცევათა უმეტესობაზე გავლენას ახდენს ფაქტორთა კომბინაცია.
ზოგიერთი ფაქტორი ინდივიდის შიგნით მოქმედებს, როგორიცაა გენეტიკური მოცემულობა, მოტივაცია, ინტელექტის დონე, ან თვითშეფასება. ქცევების ამ შინაგან დეტერმინანტებს ორგანიზმის (ორგანიზმული) ცვლადები ეწოდება, რადგან ისინი ორგანიზმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ადამიანის შემთხვევაში, ამ დეტერმინანტებს დისპოზიციური ცვლადები ეწოდება. არსებობს აგრეთვე გარეგანი ფაქტორები. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ცდილობს ასიამოვნოს მასწავლებელი, რათა პრიზი მოიგოს, ან ტრანსპორტის საცობში მოხვედრილი მძღოლი აგრესიული და მტრული ხდება. ამ ქცევებზე დიდ გავლენას ახდენს პიროვნების გარეთ არსებული მოვლენები. ქცევაზე გარეგან ზეგავლენას გარემოს, ან სიტუაციის (სიტუაციური) ცვლადები ეწოდება.
როდესაც ფსიქოლოგებს ქცევის ახსნა სურთ, ისინი თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ ახსნის ორივე ტიპს. წარმოიდგინეთ, რომ ფსიქოლოგს სურს ახსნას, რატომ იწყებს ადამიანი სიგარეტის მოწევას. შესაძლებელია ინდივიდი განსაკუთრებით მიდრეკილია რისკისაკენ (დისპოზიციური ახსნა), ან ზოგიერთი ინდივიდი განიცდის თანატოლთა ზეწოლას (სიტუაციური ახსნა) - ან, რომ ორივე აუცილებელია (კომბინირებული ახსნა).
ხშირად ფსიქოლოგის მიზანია ქცევის ფართო დიაპაზონი საფუძვლად მდებარე ერთი მიზეზით ახსნას. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომელშიც თქვენი მასწავლებელი ამბობს, რომ კარგი ნიშნის მისაღებად აუცილებლია გაკვეთილზე დისკუსიაში აქტიური მონაწილეობის მიღება. თქვენი მეგობარი ყოველთვის კარგად სწავლობს, მაგრამ გაკვეთილზე არ აქტიურობს, ხელს არ იწევს და არ გამოთქვამს თავის აზრებს და შეხდულებებს. მასწავლებელი საყვედურობს, რომ სათანადოდ მოტივირებული არაა და მიიჩნევს, რომ იგი გონიერი არ არის.
იგივე ადამიანი დადის წვეულებაზე, მაგრამ არასოდეს იწვევს ვინმეს საცეკვაოდ, ღიად არ იცავს საკუთარ აზრს, თუკი ვინმე საკითხში მასზე ნაკლებ ჩახედული ეკამათება, იშვიათად ერთვება საუბარში სუფრასთან. რა დიაგნოზს დასვამდით? საფუძვლად მდებარე რომელი მიზეზია ამ ტიპის ქცევებზე პასუხისმგებელი? მრავალი სხვა მორცხვი ადამიანივით, თქვენი მეგობარიც ვერ ახერხებს ისე მოიქცეს, როგორც საჭიროა, ჩიკი და ზიმბარდო (Cheek, 1989, Zimbardo, 1990). აქ შეგვიძლია მორცხვობის ცნება გამოვიყენოთ და თქვენი მეგობრის ქცევათა მთელი დიაპაზონი ამითი ავხსნათ.
• ორგანიზმის ცვლადები (organizamic variables) _ ორგანიზმის ქცევის შინაგანი დეტერმინანტი.
• დისპოზიციური ცვლადები (dispozitional variables) _ ორგანიზმის ცვლადი, ანუ ქცევის შინაგანი დეტერმინანტი, რომელიც ადამიანებში ჩნდება.
• გარემოს ცვლადები (environmental variables) – გარეგანი ზემოქმედება ქცევაზე.
• სიტუაციური ცვლადები (situational variables) – გარეგანი ზემოქმედება ქცევაზე.
ამგვარი მიზეზ-შედეგობრივი ახსნების მოსაპოვებლად მკვლევრები ხშირად სხვადასხვა ტიპის მონაცემის შეგროვების შემოქმედებით პროცესს ახორციელებენ. დახელოვნებული დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი ნაწყვეტ-ნაწყვეტი მონაცემების საფუძველზე აკეთებდა გამჭრიახ დასკვნებს. მსგავსად ამისა, ყოველმა მკვლევარმა უნდა გამოიყენოს წარმოსახვა და შემოქმედებითად შერწყას ის, რაც იცის, და ის, რაც ჯერ არ იცის. კარგად განსწავლულ ფსიქოლოგს შეუძლია მონაცემები ადამიანის გამოცდილების საკუთარი წვდომისა და სხვა მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ფაქტების საფუძველზე ახსნას.
ფსიქოლოგიური კვლევის უმეტესობა ცდილობს განსაზღვროს, მრავალი შესაძლო ვარიანტიდან რომელი ხსნის ყველაზე ზუსტად მოცემულ ქცევას.
წინასწარმეტყველება
ფსიქოლოგიაში წინასწარმეტყველება ნიშნავს, რომ გარკვეული ქცევა ან მოცემული კავშირი რაღაც ალბათობით გამოვლინდება. ხშირად ქცევის რომელიმე ფორმის საფუძვლად მდებარე მიზეზების ზუსტი ახსნა საშუალებას აძლევს მკვლევარს ზუსტად იწინასწარმეტყველოს მომავალი ქცევა. მაგალითად, თუ მიგვაჩნია, რომ თქვენი მეგობარი მორცხვია, შეგვიძლია დარწმუნებით ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ის უხერხულად იგრძნობს თავს, თუ უცნობ ადამიანთან გასაუბრებას ვთხოვთ. როდესაც რომელიმე ქცევის ან კავშირის ასახსნელად სხვადასხვა ახსნა არსებობს, მათ იმის მიხედვით შეაფასებენ, რამდენად კარგად შეუძლიათ ზუსტი და ამომწურავი წინასწარმეტყველება. თქვენ მეგობარს წარმატებით რომ დაემყარებინა უცნობთან კონტაქტი, დიაგნოზი უნდა შეგვეცვალა.
ზუსტად ისევე, როგორც დაკვირვება, მეცნიერული წინასწარმეტყველებაც ობიექტური და ნათლად ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება და უარყოფა, თუ ფაქტები მას არ ადასტურებს.
მეცნიერული წინასწარმეტყველება იმის გაგებას ემყარება, თუ როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან მოვლენები და ვარაუდობს, რომელი მექანიზმები აკავშირებს ამ მოვლენებს გარკვეულ წინაპირობებთან. მიზეზ-შედეგობრივი წინასწარმეტყველება აზუსტებს იმ პირობებს, რომელშიც ქცევა შეიცვლება. მაგალითად, გარკვეული ასაკის შემდეგ ბავშვებსა და მაიმუნებში უცნობი პირის თანდასწრება შფოთვის ნიშნებს იწვევს.
დაკვირვებულ ქცევაში გამოწვეული ცვლილებები კი შეიძლება დამოკიდებული იყოს სიტუაციის შიგნით ვარიაციებზე, მაგალითად, უცნობობის (უცხოობის) ხარისხი. უცნობი იმავე ასაკის რომ ყოფილიყო, რაც ბავშვი და მაიმუნი, ნაკლებ შფოთვას მივიღებდით? კაუზალური წინასწარმეტყველების გაუმჯობესების მიზნით მკვლევარი სისტემატურად ცვლის გარემო პირობებს და მათ ბავშვის რეაქციაზე გავლენას აკვირდება.
კონტროლი
მრავალი ფსიქოლოგისათვის კონტროლი ცენტრალური, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. კონტროლი ნიშნავს, რომ ქცევა ან მოხდება, ან არ მოხდება - დავიწყოთ, შევინარჩუნოთ, შევაჩეროთ და ზემოქმედება მოვახდინოთ მის ფორმაზე, ძლიერებაზე ან გამოვლენის სიხშირეზე. ქცევის მიზეზ-შედეგობრივი ახსნა დამაჯერებელია, თუ ის ქცევის გაკონტროლების საშუალებას ქმნის.
ქცევის გაკონტროლების უნარი მნიშვნელოვანია, რადგან ის ფსიქოლოგებს საშუალებას აძლევს ადამიანებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში დაეხმარონ.
ამ წიგნში პერიოდულად შეხვდებით ფსიქოლოგების მიერ გამოგონებულ სხვადასხვა ტიპის ჩარევას იმ მიზნით, რომ დაეხმარონ ადამიანებს თავიანთი ცხოვრების პრობლემური ასპექტების გაკონტორლებაში. მე-16 თავი, მაგალითად, ეხება ფსიქიკური დაავადებების მკურნალობას. წიგნში აგრეთვე აღწერილია, როგორ შეუძლიათ ადამიანებს აღმოფხვრან არაჯანსაღი ქცევები, როგორიცაა მაგალითად, სიგარეტის მოწევა, წამოიწყონ ჯანსაღი ქცევები, როგორიცაა რეგულარული ვარჯიში (თავი 13). თქვენ შეიტყობთ აღზრდის რა სტილი ეხმარება მშობლებს შვილებთან მყარი კავშირის შენარჩუნებაში (თავი 11). რის გამო არ სურს უცხო ადამიანს დაეხმაროს სხვას უბედური შემთხვევის დროს და როგორ შეიძლება ამ ხელისშემშლელი ფაქტორების გადალახვა (თავი 18). აქ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმ ურიცხვი სიტუაციიდან, რომლებშიც ფსიქოლოგები თავიანთ ცოდნას იყენებენ, რათა გააუმჯობესონ და გააკონტროლონ ადამიანების ცხოვრება. ამ თვალსაზრისით, ფსიქოლოგები საკმაოდ ოპტიმისტები არიან.
მრავალ მათგანს სჯერა, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი არასასურველი ქცევა შეიძლება შეიცვალოს სათანადო ჩარევით. ფსიქოლოგია და ცხოვრება იზიარებს ამ ოპტიმიზმს.
ინტერესს მოკლებული არ იქნება აღვნიშნოთ, რომ გაგება და არა კონტროლი წარმოადგენს მრავალი აზიური და აფრიკული ქვეყნის ფსიქოლოგების საბოლოო მიზანს, ნოუბელს და ტრიანდისი (Nobles 1980, Triandis 1990). კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კონტროლზე ყურადღების გამახვილება დასავლურ ფსიქოლოგიაში იმ კულტუობლეს 1980, თრიანდის 1990). კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კონტროლზე ყურადღების გამახვილება დასავლურ ფსიქოლოგიაში იმ კულტურული მიკერძოების ამსახველია, რომელიც ინდუსტრიალიზაციის, ევროპელთა კოლონიალიზმის და აშშ-ში არსებული დამპყრობლური მენტალიტეტის შედეგია. დასავლური ფსიქოლოგიის კონტროლზე ფოკუსირება აგრეთვე მამაკაცურ მიდგომად ითვლება, ის ასეთი დომინანტური არ იქნებოდა, ქალებს რომ ეთამაშათ წამყვანი როლი ფსიქოლოგიის განვითარებაში ბორნშტეინი და ქვინა, (Bornstein, Quina, 1989; Riger, 1992).

შეჯამება
ამ შესავალ თავში წარმოვადგენთ ფსიქოლოგიის და ცხოვრების ზოგიერთ სექციას, რომლებიც სპეციალურად შევადგინეთ, რათა უფრო ეფექტურად აითვისოთ ტექსტი. შეჯამების ქვეთავი თან სდევს ყოველი თავის გარკვეულ, მსხვილ ინფორმაციას.
ამგვარი შეჯამება განვლილი მასალის საკვანძო საკითხების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. ყოველ თავს ბოლოში დართული აქვს სექცია, რომელსაც საკვანძო საკითხები ეწოდება. ეს სექცია ტექსტის წვდომის შესამოწმებლად უნდა გამოიყენოთ. თუ არმოაჩენთ, რომ არ გესმით შეჯამება, ტექსტს დაუბრუნდით და შესაბამისი მასალა თავიდან წაიკითხეთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად გესმით ტექსტი. ამგვარი სექციები ტესტირებისათვის მზადებაში დაგეხმარებათ.
შეჯამება
ფსიქოლოგები მეცნიერულ მეთოდს იმისათვის იყენებენ, რომ ინდივიდების ქცევისა და ფსიქიკური პროცესების შესახებ დასკვნა გააკეთონ. ფსიქოლოგებს რამდენიმე მიზანი აქვთ: ობიექტურად და სათანადო დონეზე აღწერონ ქცევა, ახსნან მისი აღმძვრელი ძალები, იწინასწარმეტყველონ როდის განხორციელდება ქცევა და გააკონტროლონ ის, რათა ცხოვრების დონე გააუმჯობესონ.
ფსიქოლოგია ჩვენს ცხოვრებაში: რა საჭიროა ფსიქოლოგია?
ამ შესავალი თავის კითხვისას შეიძლება დაინტერესდეთ, რა საჭიროა ფსიქოლოგია? ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე საკმაოდ პირდაპირია: გვჯერა, რომ ფსიქოლოგიურ კვლევას დაუყოვნებლივი და მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფსიქოლოგიის და ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ფსიქოლოგიური გამოცდილების პიროვნული და საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააშუქოს.
ყოველ სემესტრში ვხვდებით სტუდენტებს, რომლებიც ფსიქოლოგიის დისციპლინის შესავალ კურსს ესწრებიან და გარკვეული კითხვები უჩნდებათ. ხანდახან ეს კითხვები მათი საკუთარი გამოცდილებითაა გამოწვეული ("როგორ უნდა მოვიქცე, თუ ვფიქრობ, რომ დედა ფსიქიკურად დაავადებული მყავს?" "ეს საგანი მასწავლის, როგორ უნდა მივიღო უკეთესი ნიშნები?"); ხანდახან ეს კითხვები პრესის საშუალებით გავრცელებული ფსიქოლოგიური ინფორმაციითაა გამოწვეული ("მართალია, რომ რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო კონსერვატულია იგი?" "ქალები ყოველთვის უკეთესი მშობლები არიან, ვიდრე კაცები?"). ჩვენთვის ამ კურსის სწავლების სირთულე სწორედ იმაშია, რომ მეცნიერული კვლევის ის შედეგები წარმოავაჩინოთ, რომლებიც მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის.
ფსიქოლოგიისა და ცხოვრების თითქმის ყველა სექცია ცდილობს სწორედ ამგვარ კითხვებს უპასუხოს. ამ გამოცემაში სპეციალური ჩანართები მოვათავსეთ - ფსიქოლოგია ჩვენს ცხოვრებაში. თითეული ასეთი ჩანართი პასუხობს კითხვას, რომელიც არაერთხელ გვსმენია სტუდენტებისაგან. ჩვენს მიზანს წარმოადგენს მეცნიერულად აგვეხსნა ის საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებთ სტუდენტებს. იმედი გვაქვს დაგვეთანხმებით, რომ ფსიქოლოგიის შესწავლა გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარება
XXI საუკუნეში ჩვენთვის შედარებით ადვილია განვმარტოთ, რას ნიშნავს ფსიქოლოგია და რა არის ფსიქოლოგიური კვლევის მიზნები. თუმცა, ფსიქოლოგიის შესწავლის დაწყებისას მნიშვნელოვანია გესმოდეთ ის მრავალი ძალა, რომელმაც თანამედროვე ფსიქოლოგიის გაჩენა განაპირობა. ეს ისტორიული მიმოხილვა ემყარება ერთ მარტივ პრინციპს: მნიშვნელობა აქვს იდეებს.
ფსიქოლოგიის მეცნიერების განვითარების მთელ მანძილზე გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა ფსიქოლოგიის საგნისა და კვლევის მეთოდების შესახებ.
ჩვენი ისტორიული მიმოხლვა ანალიზის ორ დონეზე განხორციელდება. პირველ განყოფილებაში მიმოვიხილავთ ისტორიის იმ პერიოდს, როცა ფსიქოლოგიას საფუძველი ჩაეყარა, ხოლო მეორე განყოფილებაში ფართოდ აღვწერთ ამჟამად არსებულ შვიდ მიმდინარეობას. ფოკუსირების ორივე დონისათვის შეეცადეთ წარმოიდგინოთ ის ინტელექტუალური ვნება, რომლითაც ჩნდებოდა ეს თეორიები.
ფსიქოლოგიის ისტორიული საფუძვლები
"ფსიქოლოგიას ხანგრძლივი წარსული აქვს, მაგრამ მოკლე ისტორია", წერდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჰერმან ებინჰაუსი (Hermann Ebbinghaus, 1908).
მეცნიერებს საუკუნეების განმავლობაში აინტერესებდათ ადმიანის ბუნების მრავალი საიდუმლო - როგორ აღიქვამს ადამიანი რეალობას, როგორია ცნობიერების ბუნება, საიდან მოდის სიგიჟე - მაგრამ ამგვარ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა კვლევის სათანადო იარაღის არარსებობის გამო არ გააჩნდათ. გავიხსენოთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე და მეხუთე საუკუნეში ბერძენი ფილოსოფოსების: სოკრატეს, პლატონის და არისტოტელეს მიერ დასმული ფუნდამენტური შეკითხვები. მართალია, ფსიქოლოგიის გარკვეული ფორმები ინდური იოგას უძველეს ტრადიციაშიც არსებობდა, დასავლური ფსიქოლოგიის საფუძვლები სწორედ დიდ ბერძენ მოაზროვნეთა დიალოგებში უნდა ვეძებოთ, სადაც მიდიოდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ მუშაობს გონება, რა არის თავისუფალი ნება, რა მიმართებაა ცალკეულ მოქალაქეებსა და მათ სახელმწიფოს შორის. მე-19-ე საუკუნის ბოლოსთვის მკვლევრებმა სხვა მეცნიერებებიდან, როგორებიცაა ფიზიოლოგია და ფიზიკა, კვლევის ლაბორატორიული მეთოდების ფსიქოლოგიაში გადმოტანა დაიწყეს, რათა პასუხი გაეცათ ფილოსოფოსების მიერ დასმულ ამ ფუნდამენტურ კითხვებზე.
თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ვილჰელმ ვუნდტმა (Wilhelm Wundt), რომელმაც, 1879 წელს ლაიპციგში ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის პირველი ლაბორატორია დააარსა. მართალია, ვუნდტი განათლებით ფიზიოლოგი იყო, სამეცნიერო კარიერის მანძილზე მისმა ინტერესებმა სხეულის შესწვლიდან ფსიქიკის შესწავლაზე გადაინაცვლა. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იმ დროისათვის, როდესაც ვუნდტმა ფსიქოლოგიური ლაბორატორია დააარსა, უკვე განხორციელებული ჰქონდა კვლევათა სერია და გამოქვეყნებული თავისი ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საფუძვლების პირველი გამოცემა (სულ 7 ასეთი გამოცემა იყო) კენდლერი, ((Kendler, 1987).
ლაბორატორიის გახსნის შემდეგ ვუნდტმა ფსიქოლოგიის სტუდენტების აღზრდა დაიწყო, მისმა მოწაფეთა დიდმა რაოდენობამ შემდეგში თავიანთ სამშობლოში დააარსა მსგავსი ლაბორატორიები.
რაკი ფსიქოლოგია დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბდა, ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ლაბორატორიები გაჩნდა, პირველი მათგანი _ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, 1883 წელს. ამ ადრეულ ლაბორატორიებს ვუნდტის გავლენა ეტყობოდა. მაგალითად, ედუარდ ტიტჩენერი (Edward Titchener) ვუნდტის მოწაფე, ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგი გახლდათ აშშ-ში, რომელმაც 1892 წელს კორნელის უნივერსიტეტის ლაბორატორია დააარსა. თუმცა, დაახლოებით ამავე დროს, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ახალგაზრდა პროფესორმა, რომელიც მედიცინას სწავლობდა და ლიტერატურა და რელიგია აინტერესებდა, წმინდა ამერიკული ხედვა შეიმუშავა. უილიამ ჯემსმა (William James), დიდი რომანისტის, ჰენრი ჯემსის ძმამ, ორ ტომად გამოსცა "ფსიქოლოგიის საფუძვლები" (1890/1950), რომელიც, მრავალი ექსპერტის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნაშრომია. მალევე, 1892 წელს, ჰ.
სტენლი ჰოლმა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია დააარსა. 1900 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში 40-ზე მეტი ფსიქოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებდა, ჰილგარდი (Hilgard, 1986).
ფსიქოლოგიის გაჩენისთანავე დაიწყო დებატები მისი კვლევის საგნისა და მეთოდების შესახებ. ამ დებატებში გამოკვეთილი ზოგიერთი საკითხი ჯერაც არ კარგავს მნიშვნელობას. განვიხილოთ დავა სტრუქტურალიზმსა და ფუნქციონალიზმს შორის.
სტრუქტურალიზმი: ფსიქიკის შინაარსი
როდესაც ფსიქოლოგია ლაბორატორიული მეცნიერება გახდა და ექსპერიმენტული კვლევების ჩატარება დაიწყო, ნათლად გამოჩნდა მისი პოტენციალი უნიკალური წვლილი შეეტანა ცოდნის შეძენაში. ვუნდტის ლაბორატორიაში ცდის პირები მარტივ რეაქციებს ("კი"-ს ან "არა"-ს თქმა, ღილაკზე თითის დაჭერა) იძლეოდნენ სხვადასხვა პირობაში აღქმულ სტიმულებზე. რადგანაც მონაცემები სისტემატური და ობიექტური პროცედურების საშუალებით იყო შეგროვებული, სხვებსაც შეეძლოთ ამ ექსპერიმენტების შედეგების გამეორება.
ვუნდტის ფსიქოლოგიური ტრადიციის დამახასიათებელი ნიშნებია აქცენტი მეცნიერულ მეთოდზე, ზუსტ გაზომვებსა და მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზზე.
როდესაც ტიტჩენერმა ვუნდტის ფსიქოლოგია აშშ-ში ჩაიტანა, იგი ამტკიცებდა, რომ ცნობიერების საკვლევად სწორედ ამგვარი მეცნიერული მეთოდები უნდა გამოეყენებინათ. ცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების ელემენტების შესწავლის მისეული მეთოდი ინტროსპექცია იყო - ინდივიდის მიერ კონკრეტული სენსორული განცდით გამოწვეული აზრების და გრძნობების განხილვა. ტიტჩენერი აქცენტს ფსიქიკის შინაარსის რაობაზე აკეთებდა და ნაკლებად აინტერესებდა კითხვები "რატომ" და "როგორ". მის მიდგომას სტრუქტურალიზმი ეწოდება, ანუ სწავლება ფსიქიკის და ქცევის სტრუქტურის შესახებ.
სტრუქტურალიზმი ეფუძნება ვარაუდს, რომ ადამიანის ფსიქიკური განცდა შეიძლება გავიგოთ, როგორც ძირითადი კომპონენტების კომბინაცია. ამ მიდგომის მიზანი იყო ფსიქიკის სტრუქტურა შეგრძნების და ფსიქიკური ცხოვრების სხვა განცდების შემადგენელი ელემენტების ანალიზის გზით ეკვლია. მრავალი ფსიქოლოგი სტრუქტურალიზმს სამ ფრონტზე დაესხა თავს: (1) ის რედუქციონისტული იყო, რადგანაც ადამიანის განცდის მთელი სირთულე მარტივ შეგრძნებებამდე დაიყვანა; (2) ის ელემენტარული იყო, რადგან ნაწილებს ან ელემენტებს ერთ მთელში აერთებდა და უშუალოდ ამ მთელ ქცევას არ სწავლობდა; (3) ის მენტალისტური იყო, რადგან ადაიმიანის ცნობიერი განცდის მხოლოდ ვერბალურ აღწერას სწავლობდა და არ ითვალისწინებდა მათ გამოცდილებას, ვისაც არ შეეძლო თავისი ინტროსპექციის აღწერა, მათ შორის, ცხოველებს, ბავშვებს და ფსიქიკურად დაავადებულ ავადმყოფებს.
სტრუქტურალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატივა იყო გელშტალტ ფსიქოლოგია, რომლის ფუძემდებელი გახლდათ გერმანელი ფსიქოლოგი მაქს ვერტჰაიმერი (Max Wertheimer).
მისი აზრით, მრავალ მოვლენას ფსიქიკა აღიქვამს, როგორც გეშტალტს _ ორგანიზებულ მთელს და არა მარტივი ნაწილების ერთობას: როდესაც, მაგალითად, ნახატს აღვიქვამთ, ის უფრო მეტია, ვიდრე საღებავის ცალკეული მონასმების ერთობლიობა.
როგორც მეხუთე თავში ვნახავთ, გეშტალტ ფსიქოლოგიას კვლავაც აქვს გავლენა აღქმის შესწავლაზე.
სტრუქტურალიზმის კიდევ ერთი საპირისპირო მიმდინარეობაა ფუნქციონალიზმი.
ფუნქციონალიზმი: მიზანმიმართული ფსიქიკა
უილიამ ჯემსი ტიტჩენერს ეთანხმებოდა, რომ ფსიქოლოგიის შესწავლის საგანი ცნობიერება უნდა იყოს, მაგრამ მისთვის ცნობიერება არ დაიყვანებოდა ელემენტებზე, შინაარსსა და სტრუქტურებზე. ცნობიერება არის ნაკადი, ფსიქიკის თვისება, რომელიც მუდმივ ურთიერთქმედებაში იმყოფება გარემოსთან. ადამიანის ცნობიერება მის გარემოსთან მორგებას აადვილებს, ამდენად, მნიშვნელოვანია ფსიქიკური პროცესების მოქმედებები და ფუნქციები და არა შინაარსი.
ფუნქციონალიზმისათვის უმნიშვნელოვანესია დასწავლილი ჩვევები, რომლებიც ორგანიზმს გარემოსთან მორგების და ეფექტურად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. კვლევამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას "რა არის ნებისმიერი ქცევითი აქტის ფუნქცია ან მიზანი?" ფუნქციონალიზმის სკოლის დამაარსებელი იყო ამერიკელი ფილოსოფოსი ჯონ დიუი.
მის მიერ ფსიქიკური პროცესების პრაქტიკული გამოყენების მცდელობამ განათლების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მისმა მსჯელობამ იმპულსი მისცა პროგრესულ განათლებას საკუთარ ლაბორატორიულ სკოლაში და შემდგომ მთელ აშშ-ში: "მექანიკური დასწავლა უარყვეს და პრაქტიკით სწავლაზე გადავიდნენ იმ იმედით, რომ ეს ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას აღძრავდა და შედეგად მასალის უკეთესი წვდომა მიიღებოდა" (კენდლერი 1987, გვ. 124).
მართალია, ჯემსს დაკვირვების სჯეროდა, ვუნდტის მიერ შემუშავებულ დახვეწილ ლაბორატორულ მეთოდებს ის მცირე მნიშვნელობას ანიჭებდა. ჯემსის ფსიქოლოგიაში არსებობდა ადგილი ემოციების, მე-ს, ნებისყოფის, ღირებულებების, რელიგიური და მისტიკური განცდებისთვისაც კი. მისი „თბილსისხლიანი“ ფსიქოლოგია აღიარებდა, რომ თითეული ინდივიდი უნიკალურია და ვერ დაიყვანება ფორმულებზე ან ტესტის ქულებზე. ჯემსისთვის ფსიქოლოგიის მიზანს წარმოადგენდა ახსნა და არა ექსპერიმენტული კონტროლი, არკინი (Arkin, 1990).

ამ მიმდინარეობების მემკვიდრეობა
მიუხედავად მათ შორის განსხვავებისა, სტრუქტურალიზმის და ფუნქციონალიზმის პრაქტიკოსთა აღმოჩენებმა ის ინტელექტუალური კონტექსტი შექმნეს, რომელშიც თანამედროვე ფსიქოლოგია განვითარდა. ამჟამად ფსიქოლოგები სწავლობენ ქცევის როგორც სტრუქტურას, ასევე ფუნქციას, მაგალითად, მეტყველების პროცესი. წარმოიდგინეთ, რომ მეგობრის კინოში დაპატიჟება გსურთ. ამისათვის თქვენს მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა სწორად უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია - ვარსკვლავური ომები ჩემთან ერთად ამ საღამოს - ამავე დროს წინადადებას უნდა ჰქონდეს სწორი სტრუქტურა: სწორი არ იქნება თუ იტყვით "გინდა ვარსკვლავური ომები ერთად ჩემთან ამ საღამოს წამოსვლა?" მეტყველების პროცესის გაგების მიზნით მეცნიერები სწავლობენ, თუ როგორ ახერხებს მოსაუბრე ერთმანეთს მოარგოს სიტყვის მნიშვნელობა (ფუნქცია) და ენის გრამატიკული სტრუქტურა, ბოკი (Bock1990). (ენის და მეტყველების ზოგიერთ პროცესს მეცხრე თავში აღვწერთ). ამ წიგნში აქცენტს გავაკეთებთ როგორც სტრუქტურაზე, ისე - ფუნქციაზე, განვიხილავთ როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე კვლევებს. ფსიქოლოგები მრავალ სხვადასხვა მეთოდს იყნებენ ყველა ინდივიდისათვის დამახასიათებელი ზოგადი მოვლენებისა და თითეული ინდივიდის უნიკალური ასპექტების შესასწავლად.

• სტრუქტურალიზმი (Srtucturalism) _ სწავლება ფსიქიკისა და ქცევის შესახებ, სადაც ფსიქიკური გამოცდილება გაიგება, როგორც მარტივი ელემენტების ან მოვლენების კომბინაცია.
• ფუნქციონალიზმი (Functionalism) _ სწავლება, რომელიც ფოკუსირდება ორგანიზმის გარემოსთან ურთიერთქმედების დროს ფსიქიკისა და ქცევის ფუნქციებზე.
თანამედროვე ფსიქოლოგიის მიმდინარეობები
განვიხილავთ თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითად მიმდინარეობებს. თითეული მათგანი _ ბიოლოგიური, ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორისტული, ჰუმანისტური, კოგნიტური, განვითარების და ფსიქო-კულტურული _ იძლევა ხედვის კუთხესა და დაშვებებს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას შეისწავლიან ფსიქოლოგები და როგორ: ადამიანებს თავისუფალი ნება გააჩნიათ, თუ მემკვიდრეობით მიღებულ (ბიოლოგიური დეტერმინიზმი), ან გარემოთი განპირობებულ (გარემოს დეტერმინიზმი) სცენარს ათამაშებენ? ორგანიზმი აქტიური და შემოქმედებითია, თუ მექანიკური და რეაქტიული? შესაძლებელია ფსიქოლოგიური და სოციალური ფენომენები ფიზიოლოგიური პროცესებით აიხსნას? რთული ქცევა მრავალი უფრო მცირე კომპონენტის ჯამია, თუ მას ახალი და განსხვავებული თვისებები აქვს? ფსიქოლოგიის მიმდინარეობა განაპირობებს, რა ეძებოს, სად და რა მეთოდებით. ყოველი მომდევნო სექციის წაკითხვისას მიადევნეთ თვალი, როგორ განსაზღვრავს ქცევის მიზეზებს და შედეგებს თითეული ასეთი მიმდინარეობა.
მართალია, ფსიქოლოგიის ცენტრალურ საკითხებს თითეული ეს მიმდინარეობა განსხვავებულად უდგება, მრავალი ფსიქოლოგი სესხულობს და ერთმანეთს უთავსებს სხვადასხვა მიმართულების ცნებებს. თითეული მიმდინარეობა საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ ადამიანის გამოცდილება. ამიტომ, აქ თითეული მიმართულების წვლილს განვიხილავთ, ხოლო ერთად აღებული, ისინი თანამედროვე ფსიქოლოგიას ასახავენ.
ბიოლოგიური მიმდინარეობა
ბიოლოგიური მიმიდნარეობის წარმომადგენლები ქცევის მიზეზს გენების, ტვინის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირებაში ეძებენ. ორგანიზმის ფუნქციონირება ახსნილია მის საფუძვლად მდებარე ფიზიკური სტრუქტურების და ბიოქიმიური პროცესების ტერმინებით. განცდა და ქცევა გაიგება, როგორც ნერვულ უჯრედებს შორის და შიგნით ქიმიური და ელექტრული აქტივობის შედეგი.

ამ მიმართულების წარმომადგენლები თვლიან, რომ ფსიქოლოგიური და სოციალური ფენომენები შეიძლება ბიოქიმიური პროცესების ტერმინებით აიხსნას: ყველაზე რთული ფენომენიც კი შეიძლება გაგებულ იქნას უფრო მცირე, უფრო სპეციფიკურ ერთეულებზე დაყვანით. მაგალითად, ისინი შეეცდებიან ახსნან, როგორ კითხულობთ ამ წინადადების შემადგენელ სიტყვებს ტვინის უჯრედებში მიმდინარე ზუსტი ფიზიკური პროცესების გზით. აქ ქცევა მისი ფიზიკური სტრუქტურით და მემკვიდრეობითი პროცესებით განისაზღვრება.
საფუძვლად მდებარე ბიოლოგიური სტრუქტურების და პროცესების შეცვლით გამოცდილებამ შეიძლება ქცევაც შეცვალოს. მკვლევრებმა შეიძლება გკითხონ: "რა ცვლილებები ხდება თქვენს ტვინში, როცა კითხვას სწავლობთ? ფსიქობიოლოგიური მიმართულების ამოცანაა ქცევა ანალიზის ყველაზე ზუსტ დონეზე გაიგოს.
მრავალი ასეთი მკვლევარი უნივერსიტეტებსა და სამედიცინო ლაბორატორიებში მუშაობს, სხვები კლინიკებში. პირველები სწავლობენ, შეიძლება თუ არა გავაუმჯობესოთ ასაკოვანი ვირთხების მეხსიერება ჩანასახოვანი ვირთხების ქსოვილების გადანერგვით, ხოლო მეორენი - ავტოსაგზაო შემთხვევის ან დაავადების შედეგად გამოწვეული მეხსიერების დაკარგვას. ამ მკვლევრების გამაერთიანებელია ბიოლოგიური ძალებისაგან წარმოშობილი ქცევის ასპექტების შესწავლა.

ფსიქოდინამიკური მიმდინარეობა
ფსიქოდინამიკური მიმართულების მიხედვით, ქცევას მართავს, ან მის მოტივს წარმოადგენს ძლიერი (მძლავრი) შინაგანი ძალები. ადამიანის ქცევები თანდაყოლილი ინსტინქტებიდან, ბიოლოგიური ლტოლვებიდან, პიროვნულ მოთხოვნილებებსა და საზოგადოების მოთხოვნებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მცდელობიდან მომდინარეობს. დეპრივაციის მდგომარეობა, ფიზიოლოგიური აღგზნება და კონფლიქტები ქცევის განხორციელების ენერგიას ზუსტად ისევე იძლევა, როგორც ნახშირი - საწვავს ორთქლის ლოკომოტივისათვის. ამ მოდელის მიხედვით, ორგანიზმი წყვეტს რეაგირებას, თუ მისი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია და მისი ლტოლვები - შემცირებული. ქცევის მთავარი მიზანია დაძაბულობის შემცირება.
მოტივაციის ფსიქოდინამიკური პრინციპები ყველაზე სრულად ვენელმა ექიმმა ზიგმუნდ ფროიდმა (Zigmund Freud) განავითარა 19-ე საუკუნის ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში. ფროიდის იდეები ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებთან მუშაობის შედეგად წარმოიშვა, მაგრამ, მისი აზრით, ის პრინციპები, როლმებიც მან ავადმყოფებთან აღმოაჩინა, ვრცელდება როგორც ნორმალურ, ჯანსაღ, ისე _ პათოლოგიურ ქცევაზე. ფროიდის ფსიქოდინამიკური თეორიის მიხედვით, პიროვნებას აქეთ-იქეთ ექაჩება შინაგანი და გარეგანი ძალები.
ფროიდის მოდელში პირველად იყო ნაჩვენები, რომ ადამიანის ბუნება ყოველთვის რაციონალური არ არის, რომ ქცევები შეიძლება ისეთი მოტივებით იყოს გამოწვეული, რომლებიც არ არის გაცნობიერებული. ფროიდის შემდეგ ეს თეორია მისმა მიმდევრებმა სხვადასხვა მიმართულებით განავითარეს. ფროიდის მიხედვით, პიროვნების ჩამოყალიბების პერიოდი ადრეული ბვშვობაა, ნეო-ფროიდიანელებმა გააფართოვეს მისი თეორია და მასში სოციალური ზემოქმედება და ურთიერთქმედება ჩართეს, რომელიც ინდვიდის სიცოცხლის განმავლობაში იჩენს თავს.
ფროიდის იდეებს დიდი გავლენა ჰქონდა ფსიქოლოგიის მრავალ სფეროზე. მისი წვლილის სხვდასხვა ასპექტს წააწყდებით, როდესაც გაეცნობით ბავშვის განვითარების, სიზმრის, დავიწყების, არაცნობიერი მოტივაციის, პიროვნების და ფსიქოანალიტური თერაპიის საკითხებს. მაგრამ გაკვირვებით აღმოაჩენთ, რომ მისი იდეები არასოდეს ყოფილა სისტემატური მეცნიერული კვლევის შედეგი. ნაცვლად ამისა, ეს იყო გამორჩეული შემოქმედებითი გონების ნაყოფი, რომელიც შეპყრობილი იყო ადამიანის აზრების, გრძნობებისა და მოქმედებების ღრმად დაფარული საიდუმლოს ამოცნობის სურვილით.


ბიჰევიორისტული მიმდინარეობა
ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები სწავლობენ, თუ როგორ აკონტროლებს კონკრეტული ტიპის ქცევას გარემოს კონკრეტული სტიმული. უპირველეს ყოვლისა, ბიჰევიორისტები აანალიზებენ გარემოს წინაპირობებს, იმ პირობებს, რომლებიც წინ უსწრებს ქცევას და ორგანიზმს იმისათვის ამზადებს, მოახდინოს თუ არა რეაგირება.
შემდეგ ისინი განიხილავენ ქცევით რეაქციას, რომელიც მათი კვლევის მთავარ ობიექტს წარმოადგენს, ქცევა უნდა გავიგოთ, ვიწინასწარმეტყველოთ და გავაკონტროლოთ. ბოლოს, იკვლევენ რეაქციის დაკვირვებად შედეგებს. ბიჰევიორისტის ინტერესის საგანია, მაგალითად, როგორ ცვლის მოტოციკლეტისტის მართვის სტილს, აიძულებს მას უფრო ფრთხილად იაროს, ან საერთოდ თავი დაანებოს ტარებას (ქცევითი რეაქცია) საგზაო ჯარიმები (შედეგი).
მონაცემებს ბიჰევიორისტები გაკონტროლებული (კონტროლირებადი) ლაბორატორიული ექსპერიმენტებიდან იღებენ, მათ შეიძლება ელექტრონული აპარატურა და კომპიუტერები გამოიყენონ სტიმულის წარსადგენად და რეაქციის დასაფიქსირებლად. ისინი მიიჩნევენ, რომ შესასწავლი ფენომენი ზუსტად უნდა იყოს განმარტებული და რაოდენობრივად გამოხატული. ხშირად ისინი ცხოველებს სწავლობენ (უმეტეს შემთხვევაში მტრედებს და ვირთხებს), რადგან ექსპერიმენტის პირობებს აქ უფრო სრულად გააკონტროლებენ, ვიდრე ადამიანების შემთხვევაში. ბიჰევიორისტები თვლიან, რომ ცხოველებზე შესწავლილი ძირითადი პროცესები იგივენაირად მიმდინარეობს სხვა სახეობებშიც.
ბიჰევიორიზმი ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიის პრაქტიკაში.
მის მიერ მოთხოვნილი ზუსტი ექსპერიმენტირება და ცვლადების ზედმიწევნითი დადგენა ფსიქოლოგიის სფეროთა უმეტესობაში გაიზიარეს. ბიჰევიორისტების მიერ ცხოველებზე აღმოჩენილი კანოზომიერებები ადამიანის პრობლემებზეც გამოიყენეს. ბიჰევიორისტულმა პრინციპებმა განათლებისადმი უფრო ჰუმანურ მიდგომამდე მიგვიყვანა (დასჯის ნაცვლად დადებითი განმტკიცების გამოყენება), შეიქმნა ქცევითი დარღეევების ახალი ტიპის თერაპია და უტოპიური საზოგადოების მოდელის შექმნის ინსტრუქციები.
ჰუმანისტური მიმდინარეობა
ჰუმანისტური ფსიქოლოგია 1950-იან წლებში გაჩნდა, როგორც ფსიქოდინამიკური და ბიჰევიორისტული მოდელების ალტერნატივა. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიხედვით, ადამიანების ქცევას არ განაპირობებს არც შინაგანი, ინსტინქტური ძალები, როგორც ამას ფროიდიანელები მიიჩნევენ და არც გარეგანი ძალები, როგორც ბიჰევიორისტებს მიაჩნდათ. ადამიანები აქტიური ქმნილებები არიან, შინაგანად კარგები და არჩევანის გაკეთების უნარი აქვთ. ჰუმანისტური მიმდინარეობის მიხედვით, ადამიანის ძირითადი ამოცანაა სწრაფვა საკუთარი პოტენციის, შესაძლებლობების განვითარებისკენ.
ჰუმანისტი ფსიქოლოგები სწავლობენ ქცევას, მაგრამ არა ლაბორატორიულ პირობებში და არა მის შემადგენელ ელემენტებზე ან კომპონენტებზე დაყვანით.
ისინი ადამიანთა ცხოვრების მანძილზე გამოვლენილ ცხოვრებისეულ ისტორიების პატერნებს აკვირდებიან. ბიჰევიორისიტებისგან მკვეთრად განსხვავებით, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები სწავლობენ ინდივიდის მიერ განცდილ სუბიქტურ სამყაროს და არა გარეგანი დამკვირვებლის და მკვლევრის თვალით დანახულ ობიექტურ სამყაროს.
ამიტომ, ისინი ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებადაც ითვლებიან, რადგან მოვლენებზე ცალკეული (მოქმედი) სუბიექტის (actor) პირად შეხედულებას სწავლობენ. გარდა ამისა, ჰუმანისტი ფსიქოლოგები ცდილობენ მთლიანი პიროვნება შეისწავლონ და ჰოლისტურ მიდგომას აღიარებენ. მათი აზრით, ნამდვილი წვდომა ნიშნავს ინდივიდის ფსიქიკის, სხეულის და ქცევის ცოდნას სოციალური და კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით.
ჰუმანისტური მიდგომა აფართოებს ფსიქოლოგიის სფეროს და მასში ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების შესწავლიდან მიღებულ გაკვეთილებს რთავს. ამგვარად, ფსიქოლოგია უფრო სავსე დისციპლინა ხდება.
ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მიდგომა არის ის საფუარი, რომელიც ეხმარება ფსიქოლოგიას ადამიანის ბუნების ცხოველურ ასპექტებზე და უარყოფით ძალებზე ზემოთ დადგეს. როგორც 16-ე თავში ვნახავთ, ჰუმანისტურმა მიმდინარეობამ დიდი გავლენა იქონია ფსიქოთერაპიაში ახალი მიდგომების გაჩენაზე.
• ბიჰევიორისტული მიმდინარეობა (Behaviorists perspective) _ ამ მიმდინარეობას აინტერესებს დაკვირვებადი ქცევა, რომელიც ობიექტურად ფიქსირდება და დაკვირვებადი ქცევის მიმართება გარემოს სტიმულებთან.
• ბიჰევიორიზმი (Behaviorism) _ მეცნიერული მიდგომა, რომელიც ფსიქოლოგიის შესწავლას მხოლოდ გაზომვადი ან დაკვირვებადი ქცევით ფარგლავს.
• ჰუმანისტური მიმდინარეობა (Humanistic perspective) _ ფსიქოლოგიური მოდელი, რომელიც აქცენტს ინდივიდის ფენომენოლოგიურ სამყაროზე, რაციონალური არჩევანის გაკეთებისა და მაქსიმალური პოტენციალის განვითარების თანდაყოლილ უნარზე აკეთებს.
კოგნიტური მიმდინარეობა
კოგნიტური რევოლუცია ფსიქოლოგიაში გაჩნდა, როგორც ბიჰევიორიზმის შეზღუდულობის კიდევ ერთი გამოწვევა. კოგნიტური მიმდინარეობის ცენტრში დგას ადამიანის შემეცნება და ცოდნის შეძენის ყველა პროცესი _ ყურადღება, აზროვნება, დამახსოვრება და გაგება. კოგნიტური მიმართულების მიხედვით, ადამიანები მოქმედებენ, რადგან ისინი აზროვნებენ, ხოლო აზროვნებენ, რადგან ადამიანები არიან.
კოგნიტურ მოდელში ქცევა მხოლოდ ნაწილობრივადაა განპირობებული გარემოს წინმსწრები მოვლენებით და წარსული ქცევების შედეგებით, როგორც ეს ბიჰევიორისტებს მიაჩნიათ.
ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევა აზროვნების სრულიად ახალი და არა წარსულში გამოყენებული გზებიდან ჩნდება. იმ ალტერნატივების წარმოდგენის უნარი, რომლებიც სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც არის, ან იყო, საშუალებას აძლევს ადამიანს მომავლისკენ ისწრაფოს და აწმყო სიტუაცია გადალახოს. ინდივიდი რეალობაზე რეაგირებს არა ისე, თითქოს ის ობიექტური სამყარო იყოს, არამედ ისე, როგორც ის მისი ფიქრების და წარმოსახვის შინაგანი სამყაროს სუბიექტურ რეალობაში აისახება. კოგნიტური ფსიქოლოგებისათვის აზრები ქცევების როგორც შედეგი, ასევე მიზეზია. თუ ვიღაცას აწყენინეთ და ნანობთ, ეს აზრია, რომელიც ქცევის შედეგად გაგიჩნდათ, ხოლო სინანულის განცდის შემდეგ ბოდიშის მოხდა აზრის, როგორც ქცევის მიზეზის მაგალითია.
კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ისეთ უმაღლეს ფსიქიკურ პროცესებს სწავლობენ, როგორიცაა აღქმა, მეხსიერება, ენის გამოყენება, პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა დონეზე. მათ შეიძლება იკვლიონ ტვინში სისხლის მოძრაობის სქემას სხვადასვხა ტიპის კოგნიტური ამოცანის გადაწყვეტისას, სტუდენტის მოგონებებს ადრეული ბავშვობის შემთხვევაზე, ან სიცოცხლის განმავლობაში მეხსიერების უნარის ცვლილებებს.
ფსიქიკურ პროცესებზე ფოკუსირების გამო, მრავალი მკვლევრისათვის კოგნიტური მიმდინარეობა დღეს ფსიქოლოგიაში დომინანტურია.

ევოლუციური მიმდინარეობა
ევოლუციური მიმდინარეობა ცდილობს თანამედროვე ფსიქოლოგია ბიოლოგიური მეცნიერებების ძირითად იდეებს, ჩარლზ დარვინის ბუნებრივი შერჩევის გზით ევოლუციის თეორიას დაუკავშიროს. ბუნებრივი შერჩევის იდეა საკმაოდ მარტივია: გარემოსთან უკეთ შეგუებული ორგანიზმები უკეთეს შთამომავლობას იძლევიან (და გადასცემენ თავის გენებს), ვიდრე ცუდად შეგუებულები. მრავალი თაობის მანძილზე, ადაპტაციის უნარი სულ უფრო და უფრო ძლიერდება და იხვეწება. ფსიქოლოგიაში ევოლუციური მიმდინარეობა გულისხმობს, რომ ფსიქიკური, ისევე, როგორც ფიზიკური უნარები მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა, რათა კონკრეტულ ადპატაციურ მიზნებს მომსახურებოდა.
მკვლევრები იმ გარემო პირობებს სწავლობენ, რომლებშიც ადამიანის ტვინი განვითარდა. ადამიანის განვითარების ისტორიის 99% პლეისტოცენის ერაში მცირე ჯგუფებად ცხოვრებას, ნადირობასა და შემგროვებლობაში მიმდინარეობდა (უხეშად, 2 მილიონწლიანი პერიოდი, რომელიც 10 000 წლის წინ დამთავრდა). ევოლუციური ფსიქოლოგია ევოლუციური ბიოლოგიის მდიდარ თეორიულ ჩარჩოს იყენებს, რათა ის ცენტრალური ადაპტაციური პრობლემები დაადგინოს, რომლებიც ცოცხალ არსებებს უდგა წინ: მტაცებლებისა და პარაზიტების თავიდან აცილება, საკვების შეგროვება და გაცვლა, წყვილის მოპოვება და შენარჩუნება, ჯანმრთელი ბავშვების გაზრდა.
ადაპტაციური პრობლემების დადგენის შემდეგ ევოლუციური ფსიქოლოგია დასკვნებს აკეთებს იმ ფსიქიკური მექანიზმების, ან ფსიქოლოგიური ადაპტაციის შესახებ, რომელიც შეიძლება ამ პრობლემების გადასჭრელად გაჩენილიყო.
ევოლუციური ფსიქოლოგია სხვა მიმართულებებისაგან უპირველს ყოვლისა, იმით განსხვავდება, რომ მისი ძირითადი ამხსნელი პრინციპი ევოლუციის უკიდურესად ხანგრძლივი პროცესია. ამ მიმართულების წარმომადგენლები ცდილობენ გაიგონ ქალისა და მამაკაცის მიერ აღებული განსხვავებული სქესობრივი როლები, როგორც ევოლუციის და არა თანამედროვე საზოგადოების გავლენის პროდუქტი. იმის გამო, რომ ევოლუციური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან ევოლუციის პროცესს ვერ შეცვლიან, მათ არაორდინარული გზების ძიება უწევთ, რათა თეორიის დამამტკიცებელი საბუთები მოიპოვონ.
• კოგნიტური მიმდინარეობა (Cognitive perspective) _ ფსიქოლოგიის მიმდინარეობა, რომელიც აქცენტს აკეთებს ადამიანის აზროვნების და ცოდნის შეძენის პროცესებზე, როგორიცაა ყურადღება, აზროვნება, დამახსოვრება, მოლოდინი, პრობლემის გადაჭრა, ფანტაზია და ცნობიერება.
• ევოლუციური მიმდინარეობა (Evolutionary perspective) _ ფსიქოლოგიის მიდგომა, როემლიც ხაზს უსვამს ქცევითი და მენტალური ადაპატურობის მნიშვნელოვნებას იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ ფსიქიკური უნარები მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა, რათა კონკრეტულ ადპატურ მიზნებს მომსახურებოდა.
• კულტურული მიმდინარეობა (Cultural perspective) _ აქცენტს ქცევის მიზეზების და შედეგების კროს-კულტურულ სხვაობაზე აკეთებს.
კულტურული მიმდინარეობა
ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ქცევის მიზეზებისა და შედეგების კროს-კულტურულ სხვაობებს სწავლობენ.
კულტურული მიმდინარეობა მნიშვნელოვანი პასუხია იმ კრიტიკაზე, რომ ფსიქოლოგიური კვლევა ზედმეტად ხშირად ემყარება ადამიანის ბუნების გაგების დასავლურ კონცეფციას და იკვლევს მხოლოდ თეთრკანიან, საშუალო კლასის ამერიკელებს გერგენი (Gergen et al; 1996). კულტურული ძალების სათანადო გათვალისწინება ერთი და იმავე ერის შიგნით ჯგუფების შედარებასაც გულისხმობს. მაგალითად, მკვლევრებმა შეიძლება შეისწავლონ კვებითი აშლილობები თეთრკანიან და შავკანიან ამერიკელ მოზარდებში აშშ-ში (იხილეთ მე-12-ე თავი).
კულტურული ძალები შეიძლება ასევე შეფასდეს სხვადასხვა ერში, მაგალითად, მორალური მსჯელობების შედარება აშშ-სა და ინდოეთში (თავი მე-11-ე). კროს-კულტურული ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს აინტერესებთ, ყველა ადამიანს ეხება არსებული თეორიები, თუ უფრო ვიწრო, სპეციფიკურ პოპულაციებს.
კროს-კულტურული მიმდინარეობა ფსიქოლოგიური კვლევის თითქმის ყველა სფეროზე ვრცელდება: ზემოქმედებს თუ არა კულტურა ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაზე? განაპირობებს თუ არა ენა სამყაროს აღქმას? როგორ ზემოქმედებს კულტურა ბავშვის განვითარებაზე? როგორ ზემოქმედებს კულტურული განწყობები მოხუცებულობის ასაკის გამოცდილებაზე? განაპირობებს კულტურა საკუთარი თავის აღქმას? ზემოქმედებს თუ არა კულტურა იმაზე, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი ემოციებს? განაპირობებეს თუ არა კულტურა იმას, თუ რა ქცევებს განახორციელებს ინდივიდი? ზემოქმედებს თუ არა კულტურა იმაზე, თუ რა ზომით განიცდიან ადამიანები ფსიქიკურ აშლილობებს?
ამგვარი კითხვების დასმით კულტურული მიმდინარეობა ხშირად ისეთ დასკვნებს გვაძლევს, რომლებიც სხვა მიმართულების მიერ წამოყენებულ თეზისებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, მკვლევართა აზრით, ფროიდის თეორიის მრავალი ასპექტი არ მიესადაგება ვენის კულტურისაგან შორს მდგომ საზოგადოებებს. ამგვარი იდეა ჯერ კიდევ ანთროპოლოგმა ბრონისლავ მალინოვსკიმ (Bronislav Malinowski) გამოთქვა 1927 წელს და ფროიდის მამაზე ცენტრირებული თეორია ახალი გვინეის მაგალითის საფუძველზე გააკრიტიკა, სადაც ოჯახები დედაზეა ცენტრირებული. ამრიგად, კულტურული მიმდინარეობა მიიჩნევს, რომ ფსიქოდინამიკური მიმდინარეობის ზოგიერთი დებულება არასწორია. კულტურის სხვადასხვაობა და სიმდიდრე გათვალისწინებული უნდა იყოს, როდესაც ადამიანის გამოცდილების შესახებ დასკვნების განზოგადებას ვახდენთ.
მიმდინარეობების შედარება: აგრესიის მაგალითი
შვიდივე მიმდინარეობა სხვადასხვა დაშვებაზეა აგებული და განსხვავებულად ესმის ქცევა. ცხრილი 1.1.
აჯამებს ამ მიმდინარეობებს.

ცხრილი 1.1. თანამედროვე ფსიქოლოგიის შვიდი მიმდინარეობის შედარება

მიმდინარეობა:
1.ბიოლოგიური
2.ფსიქოდინამიკური
3.ბიჰევიორისტული
4.ჰუმანისტური
5.კოგნიტური
6.ევოლუციური
7.კულტურული


როგორ ესმის ადამიანის ბუნება:
1. პასიური მექანისტური
2. ინსტინქტით მართული
3. რეაგირებს სტიმულზე, შეიძლება მისი შეცვლა
4. აქტიური, უსაზღვრო პოტენციალის მქონე
5.
შემოქმედებითად აქტიური,
რეაგირებს სტიმულზე
6. პლესიტოცენის ერის პრობლემების გადაჭრაზე ადაპტირებული
7. იცვლება კულტურის ზეგავლენით

ქცევის დეტერმინანტები:
1. მემკვიდრეობა, ბიოქიმიური პროცესები
2. მემკვიდრეობა, ადრეული გამოცდილება
3. გარემო, სტიმულის შემცველი პირობები
4. პოტენციურად საკუთარი თავისადმი მიმართული
5.
სტიმულის შემცველი პირობები, ფსიქიკური პროცესები
6. ადაპტაცია გადარჩენის მიზნით
7. კულტურული ნორმები

კვლევის ფოკუსი:
1. ტვინი და ნერვული სისტემის პროცესები
2. არაცნობიერი ლტოლვები, კონფლიქტები
3. კონკრეტული გარეგანი რექციები
4. ადამიანის გამოცდილება და პოტენციალი
5.
ფსიქიკური პროცესები, ენა
6. განვითარებული ფისქოლოგიური ადაპტაცია
7. ზეგავლენით დამოკიდებულებებისა (attitudes) და ქცევების კროს-კულტურული სქემები


კვლევის ძირითადი თემები:
1. ქცევის და ფსიქიკური პროცესების ბიოქიმიური საფუძველი
2. ქცევა, როგორც არაცნობიერი მოტივების გარეგანი გამოხატვა
3. ქცევა და მისი სტიმულები, მიზეზები და შედეგები
4. ცხოვრების პატერნები, ფასეულობები, მიზნები
5.
ქცევითი ინდიკატორების საშუალებით შესწავლილი ფსიქიკური პროცესები
6. განვითარების ადაპტური ფუნქციების თვალსაზრისით განხილული ფსიქიკური მექანიზმები
7. ადამიანის გამოცდილების უნივერსალური და კულტურულად სპეციფიკური ასპექტები


მაგალითისათვის მოკლედ განვიხილოთ, როგორ ახსნიდა თითეული ეს თეორია აგრესიის ფაქტს, იმას, თუ რატომ იქცევიან ადამიანები აგრესიულად. ყველა ეს მიდგომა იყო გამოყენებული აგრესიისა და ძალადობის ბუნების გაგების მცდელობისას. თითეული მიმართულებისათვის მოგვყავს მკვლევრების მიერ შესაძლოდ გამოთქმული მოსაზრებები და შესაძლოდ განხორციელებული ექსპერიმენტები.
• ბიოლოგიური. იკვლვევენ ტვინის კონკრეტული სისტემების როლს აგრესიაში. ისინი სხვადასხვა რეგიონს ასტიმულირებენ და შემდეგ ამით გამოწვეულ დესტრუქციულ მოქმედებებს აფიქსირებენ.
აგრეთვე, სწავლობენ, რაიმე ნორმიდან გადახრა ხომ არ არის სერიული მკვლელების ტვინში, ხომ არ არის დაკავშირებული ქალის აგრესია მენსტრუალურ ციკლთან.
• ფსიქოდინამიკური. აანლიზებენ აგრესიას, როგორც რეაქციას ფრუსტრაციაზე, რომელსაც სიამოვნების მიღწევის დაბრკოლებები იწვევს, როგორიცაა, მაგალითად, უსამართლო ხელმძღვანელი. ეს მიმდინარეობა აგრესიას უყურებს, როგორც ბავშვობაში მშობლების მიმართ განცდილი მტრობის გადატანას ზრდასრულ ასაკში.
ბიჰევიორისტული. ადგენს წარსულში ჩადენილი აგრესიული ქცევების განმტკიცების ფაქტებს, ვთქვათ, მოსწავლემ კლასელების, ან თანატოლებს დაარტყმა და ეს ზედმეტი ყურადღების საგანი გახდა. ეს მიდგომა ამტკიცებს, რომ ბავშვები მშობლებისაგან აგრესიულ მოპყრობას სწავლობენ და შემდეგ თავის შვილებსაც ასევე ეპყრობიან.
• ჰუმანისტური. იკვლევს იმ პიროვნულ ღირებულებებს და სოციალურ პირობებს, რომლებიც ხელს უწყობს აგრესიულ და თვითშემზღუდავ გამოცდილებას და არა ჰარმონიულ განვითრებას.
• კოგნიტური. სწავლობს მტრულ აზრებს და ფანტაზიებს, რომელსაც ადამიანი ძალადობის აქტის ყურებისას განიცდის.
იკვლევს ფილმებში არსებული აგრესიის, მათ შორის პორნოგრაფიული ძალადობის გავლენას იარაღის ხმარებისადმი, გაუპატიურებისადმი და ომისადმი დამოკიდებულებაზე.
• ევოლუციური. განიხილავს, რა პირობების გამო გახდა აგრესია ადაპტაციური (ადაპტური) ქცევა ადრეული ადამიანებისათვის.
ადგენს ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რომლებიც პასუხისმგებელია აგრესიული ქცევის სელექციურ წარმოშობაზე.
• კულტურული. განიხილავს, როგორ ავლენენ და ხსნიან აგრესიას სხვადსხვა კულტურის წარმომადგენლები. როგორ ზემოქმედებენ კულტურული ძალები აგრესიული ქცევის სხვადასხვა ტიპის გამოვლენის ალბათობაზე.

რას აკეთებენ ფსიქოლოგები
უკვე საკმარისი იცით ფსიქოლოგიის შესახებ, რათა ის კითხვები ჩამოაყალიბოთ, რომლებიც ფსიქოლოგიური კვლევის მთელ დიაპაზონს მოიცავს. კითხვების ამგვარი სია რომ მოგემზადებინათ, სხვადასხვა დარგის ფსიქოლოგის საექსპერტო სფეროს შეეხებოდით. 1.2 ცხრილში ამგვარი კითხვების ჩვენეული ვერსიაა მოყვანილი შესაბამისი დარგის ფისქოლოგების მითითებით. თუ დრო გაქვთ, თქვნი საკუთარი კითხვების სია ჩამოწერეთ. გადახაზეთ თითეული კითხვა, როგორც კი მის პასუხს ამოიკითხავთ ამ წიგნში.
ცხრილი 1.2. ფსიქოლოგიური კვლევის მრავალფეროვნება


ცხრილი 1.2.
ფსიქოლოგიური კვლევის მრავალფეროვნება
კითხვა

1. როგორ უნდა გადაჭრან ადამიანებმა უკეთ თავიანთი ყოველდღიური პრობლემები?
2. როგორ ინახება მოგონებები ტვინში?
3. როგორ შეგვიძლია ვასწავლოთ ძაღლს ბრძანებების შესრულება?
4. რატომ ვერ ვიხსენებ ყოველთვის ინფორმაციას, რომელიც ნამდვილად ვიცი?
5. რატომ განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან?
6. როგორ მუშაობს "თანატოლთა ზეწოლა"?
7.
რა იციან ჩვილებმა სამყაროს შესახებ?
8. რატომ იწვევს ჩემში დეპრესიას ჩემი ჩემი სამუშაო?
9. როგორ უნდა მოეპყრას მასწავლებელი "ამრევ" მოსწავლეს?
10. რატომ ვხდები ცუდად ყოველი გამოცდის წინ?
11. შეურაცხადი იყო ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს?
12. რატომ მიჭირს სუნთქვა კალათბურთის მნიშვნელოვანი მატჩების დროს?



ვინ პასუხობს ამ კითხვას?

1. კლინიკური ფსიქოლოგიისწარმომადგენელი,
ფსიქიატრი,
ფსიქოლოგი კონსულტანტი(counceling psychologist),
თემის ფსიქოლოგი (community psychologist)
2.
ბიო-ფსიქოლოგი,
ფსიქოფარმაკოლოგი
3. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის წარმომადგენელი,
ქცევის ანალიტიკოსი
4. კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი.
კოგნიტური მეცნიერების წარმომადგენელი
5. პიროვნების ფსიქოლოგიის წარმომადგენელი.
ქცევის გენეტიკოსი
6. სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი
7. განვითარების ფსიქოლოგიის წარმომადგენელი
8.
შრომის ფსიქოლოგიის წარმომადგენელი.
ადამიანის ფაქტორის ფსიქოლოგი
9. განათლების ფსიქოლოგიის წარმომადგენელი.
სკოლის ფსიქოლოგი
10. ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის წარმომადგენელი
11. სასამართლო ფსიქოლოგიის წარმომადგენელი
12. სპორტის ფსიქოლოგიის წარმომადგენელი


ალბათ, უკვე მიხვდით, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ფსიქოლოგია. გამოკვლევები აჩვენებს, რომ, მათი რაოდენობა 500 000-ს აჭარბებს, მათგან 62-დან 82 ათასამდე ფსიქოლოგიური კვლევის სფეროში მოღვაწეობს (იხილეთ სურათი 1.2). მართალია, ფსიქოლოგების პროცენტი დასავლეთის ინდუსტრიულ ქვეყნებში მეტია, სხვა მრავალ ქვეყანაშიც იზრდება ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ.
ფსიქოლოგიური მეცნიერების საერთაშორისო კავშირში 64 ქვეყნის ფსიქოლოგია გაერთიანებული როზენცვაიგი (Rozenzweig, 1999ა). ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას (APA) 1998 წლის ბოლოს 155 000 წევრი ყავდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან ფოულერი (Fowler, 1999). კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოება (APS), 16 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს და ფსიქოლოგიის უფრო სამეცნიერო ასპექტებზეა ფოკუსირებული, ვიდრე კლინიკურ, მკურნალობის მხარეზე.
არ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ ფსიქოლოგიის კვლევაც და პრაქტიკაც მამაკაცების დომინირებით მიმდინარეობდა, მაგრამ მცირე რაოდენობით ქალმა ფსიქოლოგებმა არსებითი წვლილი შეიტანეს ამ სფეროში (Russo and Denmark, 1987; Scarborough and Furomoto, 1987). 1894 წელს მარგარეტ უოშბორნმა (Margaret Washburn) კორნელის უნივერსიტეტი დაამთავრა და ქალებში პირველმა მიიღო დოქტორის ხარისხი. მან დაწერა ცნობილი სახელმძღვანელო "ცხოველის გონება". 1895 წელს მერი კალკინსმა (Mary Calkins) წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, მაგრამ ადმინისტრაცია მას არ აძლევდა დოქტორის ხარისხს. ამისდა მიუხედავად, კალკინსი წარმატებული მკვლევარი და ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
ანა ფროიდმა (Anna Freud) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქოანალიზის პრაქტიკაში. წამყვანი ქალი მკველევრების შრომებს სახელმძღვანელოში არაერთხელ შეხვდებით.
თანამედროვე ფსიქოლოგიაში ქალები და მამაკაცები ერთობლივად იზიარებენ თეორიის და პრაქტიკის წარმატებებს. როგორც 1.3 სურათზეა ნაჩვენები, დოქტორის ხარისხის უმეტესობა ამჟამად ქალებს აქვთ პიონი და სხვ. (Pion et al; 1996) და ეს ტენდენცია 21-ე საუკუნეში მყარად ნარჩუნდება მიურეი და უილიამსი (Murray and Williams, 1999). რაც უფრო მეტი წვლილი შეაქვს ფსიქოლოგას ადამიანის შესწავლის საქმეში, მით მეტი და მეტი ადამიანი - ქალი და კაცი, საზოგადოების ყველა სეგმენტის წარმომადგენელი მისდევს ამ კარიერას.
თქვენ გზას ადგახართ. იმედი გვაქვს, რომ ფსიქოლოგია და ცხოვრება ღირს მოგზაურობად, რომელიც სავსეა მოულოდნელი სიამოვნებებით და სამახსოვრო მომენტებით.
დავიწყოთ, ან, როგორც იტალიელები იტყვიან, "წავედით!" (andiamo!)
შეჯამება
ადრე ფსიქოლოგებს მიაჩნდათ, რომ ფსიქოლოგიური პროცესები დეტრემინიზმის დოქტრინითაა მართული - ფსიქიკური და ფიზიკური მოვლენები განპირობებულია კონკრეტული მიზეზებით. ერთ-ერთი ადრეული მიდგომა, სტრუქტურალიზმი, აქცენტს ფსიქიკურ შინაარსებსა და ქცევის სტრუქტურაზე აკეთებდა, მეორე მიდგომა, ფუნქციონალიზი კი - ქცევის ფუნქციაზე.
თანამედროვე ფსიქოლოგია შვიდ ძირითად მიმდინარეობას მოიცავს; ბიოლოგიური მიმდინარეობა სწავლობს მიმართებას ქცევასა და ტვინის მექანიზმებს შორის, ფსიქოდინამიკური მიმართულებისათვის ქცევა ცნობიერი და არაცნობიერი მოტივაციებითაა გამოწვეული, ბიჰევიორისტული მიმართულებისათვის ქცევა გარეგანი სტიმულური პირობებითაა განპირობებული, ჰუმანისტური მიმართულებისათვის აქცენტი კეთდება ინდივიდის შინაგან უნარზე მიაღწიოს პიროვნულ ზრდას (ინდივიდუალურ ცვლილებას), კოგნიტური მიმართულებისათვის მთავარია ის ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ქცევით რეაქციებზე ზემოქმედებს, ევოლუციური მიმართულებისათვის ქცევა გადარჩენისათვის ბრძოლისას გარემოსთან შეგუების შედეგია, და ბოლოს, კულტურული მიმართულებისათვის ქცევა და მისი ინტერპრეტაცია კულტურის კონტექსტში განიხილება.

ფსიქოლოგები კითხვათა დიდ დიაპაზონს პასუხობენ.
ფსიქოლოგის პროფესია გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შეიცვალა, მისი თვალსაწიერი უფრო ინტერნაციონალური გახდა და მეტ ქალს მოითვლის.
ფსიქოლოგია 21-ე საუკუნეში: ვიფიქროთ მომავალზე
ფსქოლოგიის და ცხოვრების ამ გამოცემას მოკლე ესეები დავამატეთ, რომლებიც ფსიქოლოგიაში, როგორც მეცნიერებაში მომხდარ ვცლილებებს არწერს 21-ე საუკუნეში გადასვლასთან ერთად. ამ თავში მოკლედ აღვწერეთ, თუ როგორ შეიცვალა ეს დისციპლინა გასული 100 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, თეორიული მიმდინარეობების კუთხით. რას მოგვიტანს შემდეგი 100 წელი? აშკარაა, რომ ფსიქლოგიის შინაარსი და პრაქტიკა მომავალში შეიცვლება.

მართალია, ზოგიერთი საკითხი, რომელსაც ფსიქოლოგები სწავლობენ, დროზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად, როგორია ენის ათვისების ძირითადი პროცესები, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხებიც, რომლებიც კონკრეტულ დროს მოაქვს. მაგალითად, მე-17-ე და მე-18-ე თავებში განხილული სოციალური ფსიქოლოგიის კვლევების უმეტესობა იმ მეცნიერებმა წამოიწყეს, ვინც ცდილობდა გაეგო, რა ძალებმა განაპირობა მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რომელი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიპყრობს მსოფლიოს 21-ე საუკუნეში, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქოლოგები დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენენ ამ საკითხებზე და მათ შესწავლას დაიწყებენ. ფსიქოლოგიურ კვლევაზე აგრეთვე დიდ გავლენას მოახდენს ის ტექნოლოგიური სიახლეეები, რომლებიც ადამიანებსა და კულტურებს შორის მანძილს ამცირებს. ინტერნეტის გამო 21-ე საუკუნეში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სხვადასხვა კულტურის მსგავსებისა და სხვაობის საკითხს.
ტექნოლოგიური სიახლენი ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდებზეც იქონიებს გავლენას, რადგან ფსიქიკური პროცესების კვლევისას უკვე 20-ე საუკუნის ბოლოს ფართოდ გამოიყენებოდა კომპიუტერები და ტვინის შესასწავლი სხვა მოწყობილებები, რომლებზეც ვუნდტს და მის კოლეგებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. კიდევ უფრო დახვეწილი ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად მკვლევრებს საშუალება მიეცემათ ზედმიწევნით ზუსტად გაარკვიონ, რა მიმართებაა ფსიქიკურ პროცესებსა და ტვინის აქტივობას შორის.
ასევე, გენეტიკური კვლევის ტექნოლოგიური იარაღების განვითარებამ შესაძლოა სწრაფად შეცვალოს ის გზები, რომლებითაც მკვლევერები აცალკევებენ ბუნებისა და აღზრდის ზეგავლენას თითეული ინდივიდის ცხოვრებაში.
ამ ტიპის საკითხებს - ინოვაციები ფსიქოლოგიის შინაარსსა და პრაქტიკაში - მივმართავთ სწორედ ამ სპეციალურ სექციაში, ფსიქოლოგია 21-ე საუკუნეში.

ვებ გვერდები:
www.antistigma.ge - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ( ქ. თბილისი )
www.apa.org - ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის გვერდი
www.psychologicalscience.org - ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოების გვერდი
საკვანძო საკითხები
რატომაა ფსიქოლოგია უნიკალური?
• ფსიქოლოგია არის ინდივიდების ქცევის და ფსიქიკური პროცესების მეცნიერული შესწავლა
• ფსიქოლოგიის მიზანია ქცევის აღწერა, ახსნა, წინასწარმეტყველება და გაკონტროლების ხელშეწყობა
თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარება
• ვუნდტის და ტიტჩენერის შრომებიდან განვითარდა სტრუქტურალიზმი, რომელიც აქცენტს ელემენტარული შეგრძნებებისაგან აგებული ფსიქიკისა და ქცევის სტრუქტურაზე აკეთებს.
• ჯემსისა და დიუის მიერ განვითარებული ფუნქციონალიზმი აქცენტს ქცევის მიღმა (გარეთ) არსებულ მიზანზე აკეთებს.
• ამ თეორიებმა შექმნეს თანამედროვე ფსიქოლოგიის საფუძვლები
• ფსიქოლოგიის შესწავლის შვიდივე თანამედროვე მიდგომა განსხვავებულად ხედავს ადამიანის ბუნებას, ქცევის დეტერმინანტებს, კვლევის სფეროსა და მეთოდებს.
• ბიოლოგიური მიმდინარეობა ქცევასა და ტვინის მექანიზმებს შორის მიმართებას სწავლობს
• ფსიქოდინამიკური მიმართულებისათვის ქცევა ინსტინქტური ძალებითა და შინაგანი კონფლიქტებით, ცნობიერი და არაცნობიერი მოტივებითაა განპირობებული
• ბიჰევიორიზისათვის ქცევა განპირობებულია გარეგანი სტიმულებით
• ჰუმანისტური მიმართულებისათვის მნიშვნელოვანია რაციონალური არჩევანის გაკეთების თანდაყოლილი უნარი ინდივიდში
• კოგნიტური მიმდინარეობა ხაზს უსვამს იმ ფსიქიკურ პროცესებს, რომლებიც ქცევით რეაქციებზე ზემოქმედებს
• ევოლუციური მიმდინარეობა თვლის, რომ ქცევა გადარჩენის პროცესში შეგუების შედეგად განვითარდა.
• კულტურული მიმდინარეობა ქცევას და მის ინტერპრეტაციას კულტურულ კონტექსტში განიხილავს
რას აკეთებენ ფსიქოლოგები
• ფსიქოლოგები სხვადასხვა სფეროში მუშაობენ და სხვადასხვა სპეციალობის გამოცდილებას ეყრდნობიან. ფსიქოლოგიის პროფესიის წარმომადგენელი პასუხს სცემს თითქმის ყველა კითხვას, რომელიც რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეხება
• 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის ფსიქოლოგის პროფესია მოცულობით უფრო ინტერნაციონალური და პრაქტიკოსებისა და მკვლევრების შემადგენლობით უფრო მრავალფეროვანი გახდა.
ძირითადი ცნებები
ძირითადი ცნებები ყველა თავში მუქი შრიფტითაა გამოყოფილი, რომ ადვილად შეამჩნიოთ. ხოლო ყოველი თავის ბოლოს იგივე ტერმინები განმეორებითაა მოცემული შესაბამისი გვერდის მითითებით. გარდა ამისა, ყველა ძირითადი ცნება წიგნის ბოლოს ლექსიკონშია მოცემული ანბანის მიხედვით.



ბიჰევიორიზმი
ბიჰევიორისტული მიმდინარეობა
ბიოლოგიური მიმდინარეობა
გარემოს ცვლადები
დისპოზიციური ცვლადები
ევოლუციური მიმდინარეობა
კოგნიტური მიმდინარეობა
კულტურული მიმდინარეობა
მეცნიერული მეთოდი
ორგანიზმის ცვლადები
სიტუაციის ცვლადები
სტრუქტურალიზმი
ფუნქციონალიზმი
ფსიქოდინამიკური მიმდინარეობა
ფსიქოლოგია
ქცევა
ქცევის მონაცემები
ჰუმანისტური მიმდინარეობა.

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий