"ცნობიერების მანიპულაცია"
ბრბოს ფსიქოლოგია
როდესაც გვერდიგვერდ დგას ასი ადამიანი, ყოველი კარგავს თავის ცნობიერებას და რომელიღაც სხვას ღებულობს.
XIX საუკუნის მიწურულიდან ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და კულტუროლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა გახდა მასობრივი ცნობიერება. ამ სფეროში დაგროვილი ცოდნისგან გამოცალკევებულნი აღმოვჩნდით საზოგადოებათმცოდნეობის მიერ, რომელიც გამომდინარეობდა კლასობრივი ცნობიერების კატეგორიიდან. თუმცა ეს ორი კატეგორია ერთმანეთს არ ეწინაამღდეგება, აქ ლაპარაკია ორ სხვადასხვა საგანზე. კლასი - ეს არის საზოგადოების ნაწილი, სტრუქტურირებული სოციალური წარმონაქმნი, რომელიც შეერთებულია იდეალებისა და ინტერესების მყარ სისტემასთან, რომელსაც განსაზღვრული ადილი უკავია ისტორიულ პროცესში და ფლობს განვითარებულ კულტუროლოგიასა და იდეოლოგიას. მასა 9ისი უკიდურესი, დროებითი და არამდგრადი ფორმა - ბრბო) არ წარმოადგენს საზოგადოების ნაწილს, თუმცა კოლექტივებადაც კი ყალიბდება. მასში არ არსებობს სტრუქტურა და მყარი კულტურული სისტემა, კლასისგან განსხვავებით მას სხვა გონება და ქცევის წესები გააჩნია.
შეიძლება ასევე ვივარაუდოთ, რომ მასისა და ბრბოს ფენომენი რუსულ და საბჭოთა კულტურაში არ იწვევდა დიდ ინტერესს იმიტომ, რომ ეს პრობლემატიკა ჯერაც არააქტუალური იყო. ძველი რუსეთის მკაცრი წოდებრივი სისტემა ბრბოს წარმოქმნას შესაძლებლობას არ აძლევდა - კულტურული სტერეოტიპებისა და ავტორიტეტების ძალა იმდენად დიდი იყო, რომ საზოგადოებიდან გამორიყული ადამიანები (მაწანწალები, ლოთები და ა. შ.) ქმნიდნენ თავისებურ საზოგადოებრივ სტრუქტურას გარკვული უფლებებითა და მოვალეობებით. გორკის პიესაში "На дне" ("ფსკერზე") ღამის გასათევი ადგილის ბინადრები - არც ბრბოა და არც მასა. საბჭოთა საზოგადოებაში ასევე სწრაფად აღორძინდა წოდებრიობა, თუმცა სხვა კავშირებითაც საზოგადოება ძლიერად იყო სტრუქტურირებული, ასე რომ ბრბოს წარმოქმნისთვის არავითარი სივრცე არ არსებობდა. ეს პრობლემა ჩნდება უკვე სწრაფი ურბანიზაციის პერიოდში, 60-იანი წლებიდან, რამაც გამოიწვია მასობრივი ადამიანისა და მასობრივი კულტურის გამოჩენა და საბჭოთა წყობის ნგრევის ერთ-ერთი წინაპირობაც გახდა, რომელიც ხელოვნურად აფორიაქებულმა ბრბომ გადაქელა.
ლე ბონი თავისი ფუძემდებლურ წიგნში "მასის ფსიქოლოგია" ჩამოთვლის ადამიანთა კოლექტივის ამ ხანმოკლე წარმონაქმნის მის მიერ შემჩნეულ თავისებურებებს. მოვიტანთ მის თეზისებს განყოფილებიდან "ბრბოს სული".
ბრბოში შეგნებული პიროვნება ქრება, თანაც ყოველი ცალკეული ერთეულის გრძნობა და იდეა, რომელიც ერთიანდება, ერთსა და იმავე მიმართულებას იძენს. ყალიბდება კოლექტიური სული, რომელსაც, რა თქმა უნდა, დროებითი ხასიათი გააჩნია, მაგრამ ძალზედ მკაფიო ნიშნებით... ინდივიდი, რომელიც გარკვეულ დროს დაჰყოვს მოქმედი ბრბოს წიაღში, დინების ზეგავლენით, რომელიც ამ ბრბოსგან მომდინარეობს, თუ სხვა რაიმე მიზეზით - უცნობია, ძალზედ სწრაფად ისეთ მდგომარეობაში მოდის, რომელიც ძლიერ გვაგონებს დაჰიპნოზებული სუბიექტის მდგომარეობას. ბრბო - ხარისხობრივად ახალი სისტემაა, და არა კონგლომერატი. მასში არ არის არც ჯამი და არც საშუალო მასში შემავალი ელემენტებისა, არამედ ამ ელემენტთა კომბინაცია და ახალი თვისებების ჩამოყალიბება.
ბრბოში ინდივიდი იძენს გადაულახავი ძალის შეგნებას და ეს შეგნება შესაძლებლობას აძლევს მას დაექვემდებაროს ისეთ ინსტიქტებს, რომელსაც ის არასოდეს მიეცემოდა, მარტო რომ ყოფილიყო. ბრბოში ის ნაკლებად არის მიდრეკილი მოთოკოს ეს ინსტინქტები, რადგან ბრბო ანონიმურია და უპასუხისმგებლო. პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ყოველთვის აკავებს ცალკეულ ინდივიდებს, ბრბოში სრულიად იკარგება.
ბრბოში ადამიანი იძენს გასაოცრად მაღალ გრძნობადობას შთაგონებისადმი: ბრბოში ყოველი გრძნობა, ყოველი ქმედება გადამდებია, და თანაც ისეთ დონეზე, რომ ინდივიდი ძალზედ იოლად სწირავს თავის ინტერესებს კოლექტივის ინტერესს. მაგრამ, მსგავსი ქცევა ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას, და ამიტომაც ადამიანს ეს მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც ის ბრბოს ნაწილი ხდება... სანამ ის ყოველგვარ დამოუკიდებლობას დაკარგავდეს, მის იდეებსა და გრძნობებში უნდა მოხდეს ცვლილება, და თანაც იმდენად ღრმა, რომ ძუნწი შეიძლება გარდაქმნას ხელგაშლილად, სკეპტიკოსი - მორწმუნედ, პატიოსანი ადამიანი - დამნაშავედ, მშიშარა - გმირად. ყველა საკუთარი პრივილეგიისგან უარის თქმა, ენთუზიაზმის ზეგავლენით არისტოკრატიის მიერ კენჭის ყრა 1789 წლის 4 აგვისტოს ცნობილ ღამეს, არასოდეს ყოფილა მიღებული არც ერთი მისი წევრის მიერ ცალ-ცალკე.
ბრბოსთვის ცნობილია მხოლოდ მარტივი და უკიდურესი გრძნობები, იდეა ან სარწმუნოება, რომელიც მას შთააგონეს, ბრბო ღებულობს ან მთლიანად უარყოფს მათ ან როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ან კიდევ როგორც აბსოლუტურ ცდომილებას. ასე მოსდის ყოველთვის რწმენას, რომელიც დამყარებულია შთაგონების გზით, და არა განსჯითა და გონებით... როგორიც უნდა იყოს ბრბოს გრძნობა, კარგი თუ ცუდი, მისი დამახასიათებელი ბუნებაა ცალმხრივობა და გადაჭარბებულობა... პასუხისმგებლობის არქონის გამო გრძნობათა ძალა ბრბოში კიდევ უფრო ძლიერდება, განსაკუთრებით სხვადასხვა კალიბრის ადამიანთაგან შემდგარ ბრბოში.
ბრბო არასოდეს მიისწრაფოდა სიმართლისკენ; ის უარყოფს რეალობას, რომელიც მას არ მოსწონს, და ურჩევნია თაყვანი სცეს ცდომილებას, თუკი ეს ცდომილება მას რაღაცით ხიბლავს. ბრბო თავისი ირრაციონალიზმით, ემოციურობით, ისტერიულობით და მიმდობლობით ქალს წააგავს. ვინც შეძლებს ბრბოს შეცდომაში შეყვანას, ის ადვილად ხდება მისი მბრძანებელი; ხოლო ვინც ცდილობს მის გონზე მოყვანას, ის ყოველთვის ხდება ბრბოს მსხვერპლი.
ლე ბონი დიდ ადგილს უთმობს ბრბოს ცვალებადობას - მის გასაოცარ უნარს მომენტალურად, "ყველამ ერთად" მოახდინონ რეაგირება იმპულსებზე, რომელსაც ბელადებისგან იღებენ. ეს აჩვენებს, რომ ადამიანი ბრბოში ნამდვილად ფლობს ახალ უნარს, ხდება ახალი სისტემის ელემენტი.
ის არ ფიქრობს თავის ქმედებებზე, არამედ მყისიერად ემორჩილება მიღებულ სიგნალს. ასეთი ქცევა შეიძლება შევადაროთ იმას, თუ როგორ რეაგირებს სიგნალზე ორი განსხვავებული ტიპის ჯუგუი - თევზებისა და, მაგალითად, მძღოლებისა, რომლებიც თავიანთი ავტომობილების საჭეს უსხედან. თევზების გუნდი, როგორც კი წლის რხევისგან სიგნალს მიიღებს, იმწამსვე ერთიანად და ერთდროულად შემობრუნდება. თითოეულ თევზს არა აქვს რეფლექსია სიგნალზე, მას არ აყოვნებს ინფორმაციის დამუშავება.
ახლა წარმოვიდგინოთ ავტომობილების ჯგუფი, რომლებიც დგანან შუქნიშანთან, თეორიულად მწვანე შუქის ანთება უნდა იწვევდეს ყველა ავტომობილის მყისიერ და ერთდროულ დაძვრას - სიგნალს ხომ ყველა ხედავს. მაგრამ, ყოველი მძღოლი ფრთხილად იქცევა და მოძრაობას მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც წინ მდგომი ავტომობილი დაიძვრება, თანაც ერთგვარი დაზღვევით წინ მიმავალი მძღოლის ქცევის გაურკვევლობაზე. გამოდის, რომ მანძილი მანქანებს შორის იზრდება, უკან მყოფნი მხოლოდ მაშინ იწყებენ მოძრაობას, როცა შუქნიშანზე წითელი აინთება. მძღოლები არ ბრბოს არ ქმნიან.
მოგვცა რა ბრბოს ქცევის აღწერა, ლე ბონი არ განიხილავს კითხვას, რატომ არ იქცევა ადამიანთა ნებისმიერი შეჯგუფება ბრბოდ და არ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ წერდა სწორედ დასავლურ ინდივიდთა ბრბოს შესახებ. ეს თემა შემდეგ ირიბად განიხილა ხოსე ორტეგა-ი-გასეტმა წიგნში "ბრბოთა აჯანყება". ინდივიდი, რომელიც მიდრეკილია გახდეს ბრბოს კაცი და შეერწყას მას - ისეთი ადამიანია, რომელიც გაზრდილია განსაზღვრული ტიპის სკოლაში, გააჩნია აზროვნების განსაზღვრული ყაიდა და ცოხვრობს სწორედ მასობრივი კულტური ატომიზირებულ სამოქალაქო საზოგადოებაში. ეს არის ადამიანი, რომელიც ადვილად იცილებს პასუხისმგებლობის გრძნობას. ამაში მას ეხმარებიან პოლიტიკოსები, რომლებიც "ბრბოს კანონებს" იყენებენ როგორც ქცევის ტექნოლოგიას.
როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ფაშისტები და დროებით შესძლეს გონიერი გერმანელი ერი ბრბოდ ექციათ - უგუნურ ლაშქრობაში გაეშურა, დაივიწყა სინდისი და შედეგებზე არ იფიქრა. ახალგაზრდობასთან მიმართებაში ფაშიზმი შეგნებულად ანგრევდა ტრადიციულ ღირებულებებსა და მიმართებებს. მიმდინარეობდა მოზარდებისთვის ბუნებრივი კულტურული ნორმების, აკრძალვების, მორჩილებისა და უფროსებისადმი პატივისცემის გაუქმების პროცესი. ფაშისტებს სურდათ შეექმნათ ახალი სტილი - ისე, რომ "ახალგაზრდებისთვის მოსაწყენი ყოფილიყო კომუნისტურ ბანაკში ყოფნა" (რაც გაკეთდა საბჭოთა კავშირში, რომელიც დაანგრიეს ჯინსებისა და კოკა-კოლის გაპიარებით). გამომუშავებულ იქნა მთელი ფილოსოფია სახელწოდებით "ჩემი რა საქმეა" ან სტილი "მაწანწალისა და ფანფარონისა" - უბრალოდ რომ ვთქვათ, ხულიგნისა. ახალგაზრდა ფაშისტების მეთაურები იწონებდნენ ქუჩურ ძალადობას, დანებსა და კასტეტებს. თვით ფიურერი აცხადებდა: "დიახ, ჩვენ ბარბაროსები ვართ, და გვსურს ვიყოთ. ეს საპატიო წოდებაა. ჩვენ გავაახალგაზრდავებთ მსოფლიოს".
ბრბოსთვის კონტრასტად შეიძლება გამოდგეს სოფლის თემის "ბირჟაობა" - გარეგნულად ის ადამიანთა შეჯგუფებას წააგავს, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი ძალადობრივი მოქმედებებისთვის ემზადებიან (მაგალითად, გააპარტახონ ადგილობრივი აზნაურის ადგილ-მამული). განსხვავება იმაშია, რომ შეკრება-ეს არის შეჯგუფება რომელიც სტრუქტურირებულია სტატუსთა სისტემის უმაღლეს ხარისხში, მას საფუძვლად უდევს ავტორიტეტი და პატივისცემა. ეს სწორედ შეკრებაა, რომელიც ყოველ ადამიანს პასუხისმგებლობის უდიდეს ტვირთს აკისრებს. აი რას წერს რუსული გლეხობის ინგლისელი ისტორიკოსი ტ. შანინი 1907 წლის ძალადობაზე: "ცეცხლის წაკიდება ხშირად მისდევდა განსაკუთრებულ სცენარს. გადაწყვეტილებას თემის შეკრებაზე ღებულობდნენ და შემდეგ, კენჭისყრით ირჩევდნენ შემსრულებელს ამავე შეკრებიდან, მაშინ როდესაც დანარჩენები ფიცს დებდნენ არ გაეცათ ცეცხლის წამკიდებელი დამნაშავე... გლეხთა მოქმედებები შესამჩნევად მოწესრიგებულია, რაც სიძულვილისა და ვანდალიზმის უგუნურ თარეშს სულაც არ ჰგავს და რის დანახვასაც ელოდნენ გლეხობის მტრები, ასევე ისინი, ვინც განადიდებდა გლეხურ ჟაკერიას... გლეხური გამოსვლები რუსეთში სულაც არ წააგავდა ევროპულ ჟაკერიას, რომელიც დაგვიტოვეს მისმა ჯალათებმა და ქორონიკონებმა".
ლე ბონი წინ წამოსწევს ერთ მნიშნვნელოვან პოზიციას, რომელიც, როგორც ჩანს, უსწრებდა მის დროებას და, ალბათ, თანამედროვეთა გაკვირვებასაც ამიტომ იწვევდა. მაგრამ დღეს, რადიო და ტელევიზიის განვითარებით, ეს მოვლენა ძალზედ აქტუალური გახდა. მისი არსი იმაშია, რომ ბრბოს ჩამოსაყალიბებლად სულაც არ არის საჭირო ფიზიკური კონტაქტი მის ნაწილებს შორის. ლე ბონი წერს:
"ათასობით ერთმანეთისგან გამოცალკევებული ინდივიდი, ცნობილ მომენტებში შეიძლება ერთდროულად მოექცეს ემოციურად ძლიერი ან რაიმე დიდი ეროვნული მოვლენის ქვეშ და ამგვარად მიიღოს შთაგონებული ბრბოს ყველა თვისება... მთელი ერი ცნობილი ზეგავლენის შემდეგ ზოგჯერ ბრბოდ იქცევა, და წარმოდგენაც კი არა აქვს შეკრებაზე ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით".
სწორედ ამას ვაკვირდებით ამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში: დასავლეთის "განვითარებული" მოსახლეობა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება მას-კულტურის ზემოქმედებას, უზარმაზარ ვირტუალურ ბრბოდ იქცევა.
ის არ დგას მოედანზე, არამედ ზის მყუდრო ოთახში და უყურებს ტელეეკრანს, მაგრამ მთლიანად სტრუქტურირებულია და უსმენს ერთსა და იმავე ლიდერებსა და წინასწარმეტყველთ ისე, რომ სულაც არ შედის დიალოგში მათთან. ის არ გარბის ქუჩაში ბასტილიის ასაღებად ან სერბების ჩასახოცად, ის მხოლოდ იწონებს ხელისუფლების ამგვარ მოქმედებას. როდესაც ელაპარაკები დასავლელ ობივატელს გამანადგურებელ ქმედებებზე, რომელთაც ის მხარს უჭერს, ტანში გაგაჟრიალებს. ამ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ დედამიწის განადგურება ყოველგვარი წინასწარი ბოროტგანზრახვის გარეშე, უბრალოდ ისე, "დაუფიქრებლად".
არაბი ფილოსოფოსი სამირ ამინი წერს: ევროცენტრიზმმა ისტორიის რაციონალური ახსნა შეცვალა კერძო და ერთმანეთის გადამფარავი, ზოგჯერ კი ურთიერთგამომრიცხავი ფსევდოისტორიებით, რომლებიც, მიუხედავად ამისა, შესანიშნავად მუშაობენ, ერთმანეთს ავსებენ ევროპელისთვის დამამშვიდებელ მითებში, რომელიც მის ქვეცნობიერებას ათავისუფლებს პასუხისმგებლობის ყოველგვარი კომპლექსისგან.
უპასუხისმგებლობა ინერგება იდეოლოგიის საშუალებებით როგორც ეროვნული ღირებულება! ზოგჯერ აღმოცენებული სინანულის სინდრომის მოსახსნელად, მიმართავენ აბსურდულ სამხედრო აგრესიებს, ვთქვათ გრენადაში (სადაც 6 ათასი კაცისგან შემდგარმა სპეცრაზმმა "ჩაახშო" რამოდენიმე ათეული პოლიციელის "წინააღმდეგობა", რომლისთვისაც აშშ-ს 8 ათასი ორდენი და მედალი ჩამოურიგდათ). 1977 წელს პრეზიდენტ კარტერმა ჩამოაყალიბა პრინციპი, რომლის თანახმადაც "ამერიკელები ბოდიშს არ უნდა იხდიდნენ, არ უნდა აწუხებდეთ სინდისი და არ უნდა ადანაშაულებდნენ საკუთარ თავს", რადგან ისინი ყოველთვის კეთილი მოსაზრებებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
აი წყვილი შემთხვევა, რომელიც მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი გახდა მასობრივ ცნობიერებაზე განსხვავებულ კულტურებში. 1981 წლს სამხრეთკორეული თვითმფრინავი რეისით KAL-007 საბჭოთა საჰაერო სივრცეში შემოიჭრა, შემოვიდა 500 კმ. სიღრმეში და ის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჰკვეთა, რითაც საბჭოთა კავშირის მთელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გაააქტიურა. საბოლოოდ, მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ თვითმფრინავი ჩამოაგდეს. საბჭოთა კავშირში, სამხედროთა შეფასებებისგან მიუხედავად, ამან მძიმე განცდა გამოიწვია. ტრაგედია ტრაგედიაა. დასავლეთში კი ეს გახდა მიზეზი ათწლიანი ანტისაბჭოთა კამპანიისა. მაგრამ მთავარი მაინც სხვაა - 1988 წ. აშშ-ს გემმა "ვინსენსმა", რომელიც სპარსეთის ყურეში იმყოფებოდა, დღისით მზისით რაკეტით ჩამოაგდო ირანის თვითმფრინავი, რომელშიც 290 მგზავრი იჯდა. თვითმფრინავი სულ ახალი აფრენილი იყო და ჯერ კიდევ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში კი არა, ირანის ტერიტორიული წყლების თავზე იმყოფებოდა.
როდესაც გემი "ვინსენსი" კალიფორნიაში მდებარე თავის ბაზაში დაბრუნდა, უზარმაზარი მგზნებარე და აღფრთოვანებული ბრბო დახვდა დროშებითა და საჰაერო ბუშტებით, სამხედრო-საზღვაო ძალების სასულიერო ორკესტრი სანაპიროზე მარშს უკრავდა, ხოლო თვით გემის ხმოვანი გამაძლიერებლებიდან მთელი ძალით ისმოდა ბრავურული მუსიკა. რეიდზე მდგომი სხვა გემები სალუტებითა და საარტილერიო ზალპებით ესალმებოდნენ გმირებს.
ნ. ხომსკის, ორივე შემთხვევის სტრუქტურული ანალიზის შემდეგ, მოჰყავს ამონაწერები ამერიკის ცენტრალური გაზეთებიდან, რომლებიც ბუკვალურად უნერგავდნენ ამერიკელებს განმარტებას, რომელიც პირწმინდად აცლიდა მათ 290 მგზავრის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას. მიღწეულ იქნა შეუძლებელი რამ. კითხულობ ამ სტატიებს, და თავბრუ გეხვევა. თვითმფრინავი თურმე ჩამოაგდეს "კეთილი მოსაზრებებით" და, მგზავრებიც "ტყუილ უბრალოდ როდი დაიხოცნენ", რამეთუ ირანი, შესაძლოა, ცოტათი დაფიქრდეს...
ბოლო ათი წელია რუსეთში ვხედავთ ხალხის ბრბოდ გადაქცევის მიზანმიმართულ ქმედებებს და ეს სკოლის ტიპის გარდაქმნით, ტრადიციებისა და ავტორიტეტების დაცინვის გზით, ასევე რეკლამის, ტელევიზიისა და მასობრივი კულტურის გზით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ინერგება უპასუხისმგებლობაც. სახეზეა ბრბოს ჩამოყალიბების იმ მეთოდებისა და ტექნოლოგიების ყველა ნიშანი, რომელზეც ყურადღებას ამახვილებდნენ ამ მოვლენის მკვლევარი ფილოსოფოსები. საქმე ჯერ ნელა მიიწევს წინ, მაგრამ თუ ადამიანები არ შეიგნებენ საშიშროებას, თავდაცვის სტიქიური მექანიზმები ამგვარ ზეწოლას ვერ გაუძლებს და ერთ მშვენიერ დღეს განათლებული ერი უპასუხისმგებლო ბრბოდ გადაიქცევა.
Кара-Мурза, Сергей Георгиевич
Кара-Мурза, Сергей Георгиевич
Комментариев нет:
Отправить комментарий