суббота, 7 сентября 2013 г.

გაყალბებული ისტორია თუ ისტორიკოსების არჩევანი?


რამდენიმე თვის წინ, საგაზეთო ჯიხურებსა და სტენდებზე, „საქართველოს ისტორიის" ახალი ოთხტომეული გამოჩნდა. წიგნები გაყიდვაში ორ კვირაში ერთხელ გამოდის და სულ ოთხ ტომს აერთიანებს, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიას, უძვეულესი დროიდან უახლესი პერიოდის ჩათვლით. წიგნის ღირებულება გაზეთთან ერთად 10 ლარია.
საქართველოს ისტორიის ოთხტომეულს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი გამოსცემს. გამოცემის მთავარი რედაქტორი მარიამ ლორთქიფანიძეა, სარედაქციო კოლეგიის სხვა წევრებს შორის ასევე არიან: დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი და ოთარ ჯაფარიძე.
„საქართველოს ისტორიის სამეცნიერო-პოპულარული ოთხტომეული" - ასეთია ამ გამოცემის ოფიციალური სტატუსი, რომელიც, სარედაქციო კოლეგიის აზრით, ყველა ტიპის მკითხველისთვის უნდა იყოს გასაგები.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ის რომ, წიგნს სხვადასხვა პროფესიისა და კომპეტენციის ადამიანები წაიკითხავდნენ, ამიტომ მასში სპეციალურად არ გამოვიყენეთ აკადემიური ენით დაწერილი მასალები. რა თქმა უნდა, დავეყრდენით წყაროებს და მათ ჩვენი მოსაზრებებიც დავამატეთ"  - აღნიშნავს ტომეულების ერთ-ერთი რედაქტორი, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი „ლიბერალთან" საუბარში.
წიგნების პოპულარობას ისიც უწყობს ხელს, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთთან - „კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის, რომლის ტირაჟმაც ამ საკითხავი ლიტერატურის გამო, კვირაში 104 ათასს მიაღწია (ინფორმაცია გაზეთს ზედ აწერია). წიგნების მყიდველთა დიდ რაოდენობაზე საგაზეთო ჯიხურების თანამშრომლები და პრესის გამავრცელებლებიც საუბრობენ.
ვიდრე ტომეულების მყიდველთა რაოდენობა კვირიდან კვირამდე იზრდებოდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში, ივნისის შუა რიცხვებში გამართული სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთი მოხსნება სწორედ ახლადგამოცემული წიგნების კრიტიკას მიეძღვნა.
კრიტიკის ძირითადი ნაწილი ტომეულებში გამოქვეყნებული რუკებს და იმ წყაროებს ეხება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს, საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს იდეას. მოხსენების ავტორი, პროფესიით ჟურნალისტი თამარ ბელქანია ამბობს, რომ პირველ და მეორე ტომებში გამოყენებული რუკებისა და ე.წ. „ქართიზაციის თეორიის" ( ამ თეორიის თანახმად, ქართლელებმა ქართული ენის გავრცელებით გააქართულეს სხვა ქართველური ტომები: მესხები, მეგრელები, სვანები, იმერლები, გურულები, ფხოველები, კახელები, ჰერები და ა.შ) მიხედვით, უძველესი დროიდან მოყოლებული  XI საუკუნემდე ქართველთა სახელმწიფო ერთიანი არ არის (გარდა ვახტანგ გორგასლის პერიოდისა). ამ იდეას ამყარებს მეორე ტომში არსებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ საქართველო არ შედიოდა ქართლის ეკლესიის იურისდიქციაში, რომ თითქოს აქ საეკლესიო ენა იყო ბერძნული.
„საინფრმაციო ომების თვალსაზრისით, საქართველოსთვის აშკარად წამგებიანია, როცა ცნობილი ქართველი ავტორები პოპულარულ გამოცემაში მხოლოდ ისეთ რუკებს ბეჭდავენ, სადაც მრავალი საუკუნის მანძილზე აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი თუ კახეთი ქართველთა სახელმწიფოს ფარგლებს გარეთაა წარმოდგენილი. ასევე სახიფათოა დაუსაბუთებელი საბჭოური დასკვნა, დასავლეთ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის შესახებ, რომელიც რუსეთის იმპერიამ შეიძლება გამოყენოს ხელახალი ანექსიის პროცესში, ისევე როგორც „ქართიზაციის თეორია", რომელიც იმპერიალისტური რუსეთისთვის გემრიელ ლუკმას წარმოადგენს სამეგრელოში თუ სვანეთში სეპარატისტული ტენდენციების ჩანერგვის გზაზე", - აღნიშნულია მოხსენებაში.
თამარ ბელქანიას მოხსენებას, წიგნის სარედაქციო კოლეგია სერიოზულად არ აფასებს და ავტორის მოსაზრებებს "ტყუილს" უწოდებს. ტომეულების მთავარი რედაქტორი მარიკა ლორთქიფანიძე კომენტარისგან თავს იკავებს და თვლის რომ, თუკი რაიმე შენიშვნა არსებობდა, აღნიშნულ კონფერენციაზე უნდა მივეწვიეთ და პასუხსაც იქ გავცემდითო. კომენტარს არც ისტორიკოსი და სარედაქციო კოლეგიის წევრი როინ მეტრეველი აკეთებს. მოხსენების ავტორი კი ამბობს, რომ მოწვევის გაგზავნა წიგნის ავტორებთან ისტორიის ინსტიტუტს ევალებოდა, რაზეც ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე ასე გვპასუხობს:
„ეს თემა ჩვენთვის არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მისთვის განსაკუთრებული განხილვა მოგვეწყო. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, წარმოდგენილ ნაშრომებს შორის და მე ერთი კონკრეტული თემის გამო, წიგნის სარედაქციო ჯგუფს მოსაწვევებს ვერ გავუგზავნიდი".
ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, წიგნში არსებულ ფაქტობრივ და იდეოლოგიურ შეცდომებზე ის ისტორიკოსებიც ალაპარაკდნენ, რომლებმაც მოხსნების ავტორს, ნაშრომის პრეზენტაციის შემდეგ ტაში დაუკრეს:
„წიგნში მართლაც არის ბევრი ფაქტობრივი შეცდომა. ის რაც დღეს საქართველოს ჭირს, ძირითადად სწორედ ისტორიული ფაქტების გაყალბების გამო ხდება. ისტორიის ინსტიტუტმა უნდა აიღოს ისტორიული მოვლენების სწორად გაშუქების ინიციატივა".
ისტორიკოსები პასუხისმგებლობას არ გაურბიან, თუმცა ოფიციალური ვალდებულება არ აქვთ. ამის დასტურია ისიც, რომ გასულ წელს, აგვისტოს ომის შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა ისტორიული სიმართლის დამდგენმა კომისიამ. კომისიის ყოფილი აღმასრულებელი მდივნის თორნიკე შარაშენიძის თქმით, კომისიის მუშაობას, ხშირად სახელმწიფოს მხრიდან ისტორიოგრაფიაში უხეშ ჩარევასთან აკავშირებდნენ, ამიტომ კომისიამ თავისი მოვალეოები კულტურის სამინისტროს გადააბარა.
ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე წიგნების მაღალ ტირაჟს ძლიერ არგუმენტად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ „საქართველოს ისტორიის ოთხტომეული" უფრო თაროებისთვის შეიქმნა,  ვიდრე წასაკითხად:
„ფეისბუქის ეპოქაში, არა მგონია ინფორმაციის მიღების მიზნით, ეს წიგნები ბევრმა წაიკითხოს. გარდა ამისა, მძიმე სტილიდან გამომდინარე, ტომეულები სამაგიდო წიგნად არ იქცევა. ოთხი ტომი ძალიან ბევრია იმისათვის რომ ისტორიის გასაგებად, ის მოყვარულ მკითხველს წააკითხო. „კვირის პალიტრის" მყიდველები ისევ გაზეთს წაიკითხავენ და არა ოთხტომეულს".
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შარაშენიძე ამ წიგნებში რეალურ საშიშროებას ვერ ხედავს, წიგნებში არსებულ ხარვეზებზე ის მანც საუბრობს:
„ამ ტომეულებიდან მხოლოდ დავით აღმაშენებლის ეპოქას გავეცანი და ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ საქართველოს ისტორია კვლავ ჰეროიკული პათოსით იწერება. ეს არ არის რეალური ისტორია. მიუხედავად ბევრი დეტალისა, არსად არ ჩანს კითხვა: რატომ ვიბრძვით ან რატომ გვებრძვიან? ნაკლები ყურადღება ეთმობა საკითხს იმისა შესახებ, თუ როგორ მოხდა საქართვლოს გაძლიერება მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად? ამ და სხვა დაუზუსტებელი დეტალების გამო, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი, რომ ლოგიკურად გამართულ, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილ ისტორიას გავეცნობოდი, არ გამართლდა".
ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები ისტორიის გაყალბების კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნევენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოს გაქრობას, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთოების ხუთსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს. ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე ამის მიზეზად, წიგნში გამოყენებულ იმ დოკუმენტებს ასახელებს, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მხოლოდ უაროფით კონტქსტს არ იძლევა:
„ეს წიგნი არ არის არც პრორუსული და არც ანტირუსული. ეს არის ფაქტების კონსტატაცია. ჩვენი მიზანი იყო მკითხველისთვის მიგვწოდებინა ის მასალა, რაც ალბათ ბევრ საფიქრალს აღუძრავდა მას და დასკვნები თვითონ გამოეტანა".
არადა, მოხსენების ავტორსა და ტომეულების ავტორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა სწორედ წყაროების შერჩევიდან დაიწყო. თამარ ბელქანია წიგნის ავტორებს, კონკრეტული ეპოქების აღწერისას, ქართული წყაროების, კერძოდ კი „ქართლის ცხოვრების" გამოუყენებლობაში ადანაშაულებს, რაზეც წიგნის რედაქტორს დავით მუსხელიშვილს ასეთი პასუხი აქვს:
„მე ვეყრდნობი ბერძნულ წყაროებს და იქ ნამდვილად წერია რომ იმ კონკრეტულ პერიოდში საქართველო ერთიანი სახელმწიფო არ არის. გარდა ამისა, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის შეფასებიბას, რატომ უნდა გამოვიყენო მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომები, როდესაც მასზე უფრო კომპეტენტური წყაროებიც არსებობს ?"
ქართულთან შედარებით, უცხოური წყაროების დომინირებით გამოწვეულ საფრთხეებზე ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძეც საუბრობს:
„ლოგიკურია, რომ წყარობის ასეთი დისბალანსი პრობლემებს შექმნის. ჩვენი მოწინააღმდეგის ან დამპყრობელის წყარო საქართველოსადმი კეთილგანწყობილი თავისთავად ვერ იქნება. ეს შეგნებულად კეთდება. ფაქტია, რომ  მსგავსი იდეოლოგიის ჩანერგვა ადამიანებში რაღაც მიზანს ემსახურება. გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის, ისეთი როგორიც საქართველოა, მხოლოდ იმ იდეეის გაჟღერებაც კი რომ, საქართველო ერთიანი სახელმწიფო არ ყოფილა, სახელმწიფოს ბევრ პრობლემას შეუქმნის. ქვეყნები პირიქით ამბობენ, რომ ისინი სიძლიერით და ერთიანობით გამოირჩევიან და ჩვენთან, თუ ეს პირიქით მოხდება, ეს თავისთავად არასასურველ შედეგს მოიტანს".
ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის და დავა იმის შესახებ, თუ რომელი ისტორიული წყაროა სანდო და რომელი არა, ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ის გარემოება, რომ ერთი ისტორიკოსის მიერ კონკრეტული წყაროს აღიარება, რომელსაც მეორე ისტორიკოსი ტყუილს და არაკომპეტენტურს უწოდებს, ფაქტებს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანს ხდის და წინა პლანზე თავად ამ ისტორიკოსების სუბიექტურ არჩევანსა და შეხედულებებს წამოსწევს, რაც საზოგადოებას „ნდობითაღჭურვილი" ისტოროკოსების იმედად და ფაქტობრივი სინამდვილის მიღმა ტოვებს.
ის რაც დღეს, ქართველი აკადემიკოსების წრეში ხდება, პირადი  და ყოფითი დაპირისპირებების დონემდე დასული „თანამშრომლობაა", რაც ისეთ ნაყოფს იძლევა, როგორიც თუნდაც „საქართველოს ისტორიის ოთხტომეულია". მაშინ როდესაც, ისტორიული ფაქტები ფართო მასებზე  არასრულყოფილად ვრცელდება და ეს საკითხი არც სარედაქციო კოლეგიის და არც კონკრეტული ისტორიკოსების ჯგუფის განხილვის საგანი არ ხდება, ლოგიკურად ჩნდება რამდენიმე კითხვა: ვის უნდა ვენდოთ ისტორიული სიმართლის დადგენისას ან თუკი არსებობს წყაროები, რატომ არ უნდა აისახოს ისინი რამდენიმე ალტერნატივის სახით, რომელსაც მკითხველი წაიკითხავს და აზრს თვითონ გამოიტანს. მაშინ როდესაც,  ისტორიკოსების ერთი ნაწილი მხოლოდ ბერძნულ წყაროებს ეყრდნობა, მეორე კი უტყუარ მასალად „ქართლის ცხოვრებას" მიიჩნევს, საქართველო ახალი თაობის ინფორმაციული ომის ვაკუუმში აგრძელებს არსებობას, რასაც თორნიკე შარაშენიძე ზოგადი უმწიფრობის და  სოციალური და პოლიტიკური კულტურის დაბალ დონედ მიიჩნევს:
„იმ ეპოქაში, როცა იმაზე ვერ თანხმდები, ეშმაკისეულია თუ არა ID-ბარათები, როგორ უნდა შეთანხმდე ისტორიის ასეთ მცირე თუ  მნიშვნელოვან დეტალებზე?".
წყარო - liberali.ge
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий