суббота, 7 сентября 2013 г.

ქართლის ცხოვრება



შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაში ცენტრალური ადგილი ისტორიული ხასიათის თხზულებათა კორპუსს - "ქართლის ცხოვრებას" უჭირავს. ეს არის განგრძობადი ისტორიოგრაფიული ტრადიცია, რომელიც ასახავს საქართველოს წარსულს დასაწყისიდან XVII საუკუნის ჩათვლით. აღნიშნული კრებული შედგება სხვადასხვა პერიოდში შექმნილი საისტორიო თხზულებებისაგან, რომელთა შორის ყველაზე მეტ დავას თანამედროვე მეცნიერებაში იწვევს მისი დასაწყისი ნაწილი, რომელშიც ტრადიციულად გამოყოფენ დასაწყისიდან V ს-მდე, და V-VIII სს. ისტორიულ თხრობას. ორივე ეს ნაწილი სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენება აგრეთვე როგორც "ქართლის ცხოვრების დასაწყისი ნაწილი".
პირველი თხზულების სახელწოდება არის "ცხოვრება მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა" (მოკლედ "მეფეთა ცხოვრება"). თანამედროვე ქართულ სამეცნიერო წრეებში მიღე¬ბული თვალსაზრისის მიხედვით, მისი ავტორია ლეონტი მროველი (XI ს.), ხოლო მეორე, ანუ "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა" მიეწერება ამავე საუკუნის ავტორს ჯუანშერს. მიუხედავად დამკვიდრებული შეხედულებისა, "ქართლის ცხოვრების" დასაწყისი ნაწილის როგორც შედგენილობა, დაწერისა და რედაქტირების თარიღები, ისე ტექსტის ატრიბუცია მეცნიერთა შორის დღემდე კამათის საგნად არის ქცეული. მკვლევართა ნაწილი მათ VIII ს-ით ათარიღებს, არსებობს ამ ძეგლის ცალკეული მონაკვეთების უფრო ადრეული ხანით დათარიღების ცდებიც.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий