суббота, 7 сентября 2013 г.

იაკობ გოგებაშვილის რეკომენდაციები სამღვდელოთა კრებას



„სარწმუნოება მოკლებული განათლებას, ხშირად იქცევა ვიწრო ფანატიკოსობად, ან აღმერებს გარეგანს, დროებითს ფორმებს ეკლესიისას და ივიწყებს შინაგანს მხარეს, ცხოველმყოფელს ზნეობრივ პრინციპებს, დედააზრებს სახარებისას“.
იაკობ გოგებაშვილი




ნუგზარ პაპუაშვილი
ეკლესიის ისტორია


იაკობ გოგებაშვილის (1840-1912) წერილობით მემკვიდრეობაში საეკლესიო-სასულიერო საკითხებსა და მოტივებს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, ერთი მხრივ, გარემოს, სადაც აღიზარდა და განისწავლა იგი, და, მეორე მხრივ, მის სულისკვეთებასა და პიროვნულ მისწრაფებებს.
იაკობ გოგებაშვილი კეთილმორწმუნე მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა. მისი სახლი სოფელ ვარიანის ტაძრის ეზოში იდგა და პატარა იაკობს საეკლესიო მსახურებაში ყოველდღიური მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა. სიყრმის ასაკში მან ისეთი საღვთო მოშურნეობა გამოიჩინა, რომ მამამისმა, მღვდელმა სიმონმა, ვაჟი მონასტერში გაგზავნა და მისი საბეროდ მომზადება განიზრახა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო თავი შეიკავა. ამის მიუხედავად იაკობმა საფუძვლიანი საეკლესიო-საღთისმეტყველო განათლება შეიძინა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში (1855-1860), შემდეგ კი კიევის სასულიერო აკადემიაში (1861-1863). მისი სულიერი მოძღვარი და გზის გამკვალავი გახლდათ წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), რომელიც 1849-1858 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ მუშაობდა და ფიზიკასა და მათემატიკასაც ასწავლიდა. დიდ მღვდელმთავართან დიდ პედაგოგს მამაშვილური ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტია, კრძალვით მოიხსენიებდა მას და, როგორც მასწავლებელი და დიდაქტიკოსი, მის სარწმუოებას, ზნეობასა და გონიერებას ეტალონად სახავდა.
საზოგადოების ევანგელიზაცია ანუ პიროვნებათა გულისა და გონების სახარების სულით გაფაქიზება იაკობ გოგებაშვილს პედაგოგიური პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა. იგი მისიონერული პროცესებისა და პრობლემების მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესსს იჩენდა; აქტიურად ერთვებოდა იმ მოვლენებსა და ღონისძიებებში, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ხდებოდა და კულტურულ-საგანმანათლებლო დატვირთვაც ჰქონდა. მისი მდიდარი პუბლიცისტიკა ცხადჰყოფს, რომ სარწმუნოების სფეროში იგი არა ერთსა და ორ ისეთ საკითხს გამოეხმაურა, რომელიც მწვავე პრობლემად იყო ქცეული; ხელი შეუწყო მათ გარკვევას და, ამდენად, საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიური თვალსაზრისითაც შთამბეჭდავი სიტყვა ითქვა.
„მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა (სამღვდელოთა კრების გამო)“,, რომლის გაცნობის შესაძლებლობა ამჟამად ჩვენი ჟურნალის მკითხველებსაც ეძლევათ, აღნიშნულ დარგში ავტორის შეხედულებებს ერთგვარად აჯამებს და ამთლიანებს.
დოკუმენტი საყურადღებოა არამარტო შინაარსით - ისტორიული ფონით (ფაქტობრივი მასალით, რომელსაც იმდროინდელი ვითარების წარმოსაჩენად გარკვეული მნიშვნელობა აქვს), თემატიკის მრავალფეროვნებით, საკითხების ავტორისეული ხედვა-ინტერპრეტაციითა და აქტუალობით, არამედ ტექსტის პუბლიკაციის ისტორიითაც.


თავგადასავალი
ეს ისტორია, რომელიც ლუბა მეფარიშვილმა გამოიკვლია (მისივე, „გაზ. „ივერიის“ ერთი აკრძალული სტატიის გამო. - მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1984, №1), ასეთია:
1893 წლის ოქტომბერში (დღე ჩემთვის ცნობილი არ არის), ეგზარქოს ვლადიმირის განკარგულების საფუძველზე, თბილისში საქართველოს საეგზარქოსოს მღვდელმსახურთა კრება (ოფიციალური სახელწოდებით, ყრილობა) შედგა. გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებმა რედაქტორის, ილია ჭავჭვაძის თაოსნობით მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ დანიშნულ ფორუმს შეხმიანებოდნენ. სათანადო სტატიის მომზადება, რომელშიც ქართველ მართლმადიდებელთა სულიერი ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემებზე იქნებოდა საუბარი, იაკობ გოგებაშვილს მიანდეს. უკანასკნელმა ამ შემთხვევაშიც ჩვეეული სიბეჯითე და პუნქტუალობა გამოიჩინა და წარადგინა თხზულება, გაზეთის ფორმატისთვის საკმაოდ ვრცელი სტატია, რომელიც ხელმოწერილი იყო ინიციალებით „JK“. რედაქტორს, ჩანს მასალა იმდენად მოეწონა, რომ მიმდინარე ნომერში იგი მთლიანად და უცვლელად ჩართო.
დასაბეჭდად მომზადებულ გამოცემას, მაშინდელი კანონის თანახმად, სახელწმიფო ცენზურა უნდა გაევლო. საცენზურო კომიტეტმა კი შესაბამისი ნომრის გამოცემა შეაჩერა, აღნიშნული სტატიის კორექტურა „დააპატიმრა“, თარგმნა რუსულად და საბოლოო მსჯავრისათვის იმ წლის 9 ოქტომბერს ეგზარქოსს, მთავარეპისკოპოსს ვლადიმირს, გაუგზავნა. უკანასკნელმა კი ასეთი დასკვნა გამოიტანა „სტატია სათაურით „მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა“ არის ტენდენციური და იგი არ უნდა იქნას დაშვებული გაზეთ „ივერიაში“ დასაბეჭდად.
ასე რომ, ავტორი და რედაქტორი გააწბილეს, მაგრამ ხელისუფლება ამით არ დაკმაყოფილდა. საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ პავლეს ძე გაკელმა, ილია ჭავჭავაძეს რისხვა-მუქარით შეფარული წერილი მისწერა და მოსთხოვა, გაემჟღავნებინა ავტორის ვინაობა - თანამდებობა, სახელი და გვარი. ილია ჭავჭავაძემ გაითვალისწინა საფრთხე, რომელიც რედაქციას ელოდა და მთავრობის მოთხოვნა, მთავარი ცენზორის მიერ გახმოვანებული, დააკმაყოფილა; აღნიშნა, რომ ინიციალები „JK“ არის, მისი თქმით, „ცნობილი ქართველი პედაგოგისა და მწერლის, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის, ფსევდონიმი.“
ლიტერატურულ ასპარეზზე იაკობ გოგებაშვილი სხვადასხვა ფსევდონიმით გამოდიოდა. მათ შორისაა „იაკობ კალმახელიძე“. ამდენად, „JK“ „იაკობ კალმახელიძის“, იაკობ გოგებაშვილის ერთ-ერთი ფსევდონიმის, ინიციალი და კრიპტონომია.


„სულიერი მოთხოვნილებანი“
სტატიაში წარმოჩენილი და გაანალიზებულია ის პრობლემები, რომელთა წინაშე ქართველი მართლმადიდებლები XIX საუკუნის 80-90 იან წლებში იდგნენ. ეს იყო დრო, როდესაც საქართველოს ეკლესიას, საეგზარქოსოს ფორმატში მყოფს, მთავარეპისკოპოსი ვლადიმირი (ბოგოიავლენსკი) მართავდა (1892-1898) (მისი პიროვნების შესახებ ვრცლად იხ.: კ.ცინცაძე, ჩემი მოგონებებიდან, თბ., 2001, გვ.38-48). ეს მღვდელმთავარი ცნობილია, როგორც ჭკვიანი, თავმდაბალი, ღირსეული და კარგი მჭევრმეტყველი“, მაგრამ წინააღმდეგობრივი პიროვნება: საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის მიმართ პატივისცემასაც ამჟღავნებდა და უპატივცემულობასაც. უკვე აღვნიშნეთ, რომ როცა მან იაკობ გოგებაშვილის სტატია წაიკითხა, მისი გამოქვეყნება არ ინება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ გაითვალისწინა იქ მისი მისამართითაც გამოთქმული შენიშვნა - მწყემსმა სამწყსოს ენა უნდა იცოდეს! კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე, რომელიც ხსენებული კრების თავმჯდომარე იყო, გვაუწყებს: „საქართველოში ყოფნის ბოლო წლებში მეუფეს გული მოულბა და ქართულ ენაზე წირვაც კი ისწავლა“. ამასთანავე ფაქტი, რომ მან, წინამორბედი ეგზარქოსებისაგან განსხვავებით, ამიერ და იმიერ საქართველოს სამღვდელოთა კრების მოწვევის საჭიროება და აუცილებლობა იგრძნო და ამ კრების თავმჯდომარეობა ქართველ მღვდელს (კ.ცინცაძეს) მიანდო, მის პიროვნებას მაინც დადებითად ახასიათებს.
1893 წლის კრებაზე ბევრი არსებითი პრობლემა განიხილეს, მაგრამ ბევრიც განუხილავი დარჩათ. ი.გოგებაშვილის აკრძალულ სტატიაში სწორედ იმ პრობლემების სპექტრია წარმოდგენილი, რომლებიც კრებაზე არ განუხილავთ და, ალბათ, ვერც განიხილავდნენ, რადგან თავმჯდომარის, მღვდელი (შემდგომ კათალიკოს) კალისტრატეს, დამოწმებული მოგონებების თანახმად პროგრამა და სამუშაო გეგმა დეპუტატებმა ეგზარქოსისაგან მიიღეს. „დაპატიმრებულ“ სტატიაში მოცემული პრობლემების განხილვასა და მოგვარებას კი, ავტორის აზრით და მტკიცებულებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა სწორედ სარწმუნოებრივი თავლსაზრისით ჰქონდა.
რომ დავაზუსტოთ, ეს სტატია სინამდვილეში არის რეკომენდაციათა ნუსხა, რომელსაც ერისკაცები - იაკობ გოგებაშვილი და მასთან ერთად ილია ჭავჭავაძე - მღვდელ-ხუცესთა კრებას სთავაზობდნენ.
„სასულიერო მოთხოვნილებანი“, რომლებიც, ავტორის თქმით, „ღაღადებით ითხოვენ დაკმაყოფილებას“, ბევრია. მათგან პირველი და უპირატესი, როგორც მიზეზი დანარჩენი უკუღმართობისა და უბედურებისა, „შინაგანი ქრისტიანობის“ დეფიციტი გახლავთ.
„შინაგანი ქრისტიანობა“ არის ის, რასაც მაცხოვარმა საფუარი უწოდა (მათე 13,33; ლუკა 13,20). ლაპარაკია ისეთი სულისკვეთების ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, რომელსაც დაცემული და დამდაბლებული ადამიანის გულისა და გონების განახლება და გარდაქმნა ძალუძს ისე, როგორც საფუარს ცომის პურად გარდაქმნა. „შინაგან ქრისტიანობას“ „გარეგანი ქრისტიანობა“ უპირისპირდება, რომელიც ამ უნარს მოკლებულია.
გასაოცარი და მომხიბლავია ავტორის და, რა თქმა უნდა, რედაქტორის გაბედულება და სიმართლის თქმის ზნეობრივი პრინციპი - „შინაგანი ქრისტიანობა“ ჩვენს ქვეყანაში არც ძველად ყოფილა ცხოველმყოფელი და დღეს მითუმეტეს მინავლებულია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხალხის, მორწმუნეთა საზოგადოების, არასაკმარისი ევანგელიზაციაა. ეს თემა სტატიაში ისეა გაშლილი, რომ აქ დამატებით რაიმეს თქმა საჭირო აღარ არის.
პიროვნებათა შორის „შინაგანი ქრისტიანობის“ განფენის ხარისხი განუყოფლადაა დაკავშირებული ქადაგებისა და ღვთისმსახურების ენის, კერძოდ კი, საღვთო წერილის ენის რაგვარობასთან, ასევე - შესაბამისი ტექსტების სიზუსტესა და სრულყოფილებასთან. ცხადია, პირველ რიგში, ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა ძველი ქართული თარგმანი იგულისხმება, რითაც ქართულენოვანი ლიტურგიკული პრაქტიკა დღემდე სარგებლობს. ავტორი სერიოზულ ბიბლიოლოგიურ მომზადებას ამჟღავნებს. საღვთო წერილის („დაბადების“) ძველი ქართული თარგმანი, ბაქარის რედაქციის 1884 წლის გამოცემის ტექსტი, მას მეცნიერი ღვთისმეტყველის თვალით წაუკითხავს და ასეთი დასკვნა გამოუტანია: „მთარგმნელს სრული გაგება დედნისა არ ჰქონია და ბევრს ადგილს  დაბადების აზრი ეწინააღმდეგება ნამდვილის აზრსა...“
ბიბლიის უმეტესი ნაწილი ქართულ ენაზე საქართველოს ეკლესიის თვალშეუდგამმა მნათობებმა - ექვთიმე და, განსაკუთრებით, გიორგი მთაწმინდელებმა - აამეტყველეს, ანდა ძველი თარგმანები დახვეწეს. როდესაც ი. გოგებაშვილი ციტირებულ სტრიქონებს წერდა, ბიბლიის ძველი ქართული თარგმანები კრიტიკულად შესწავლილი არ იყო. შემდგომდროინდელმა კვლევა-ძიებამ მისი დაკვირვებებისა და შთაბეჭდილებების სისწორე დაასაბუთა და აღიარა, რომ საღვთო და სამღვდელო წიგნების ძველი ქართული თარგმანები ალაგ-ალაგ ბუნდოვანია, ზოგ შემთხვევაში კი მცდარადაა ნათარგმნი. თვალში საცემია აგრეთვე ლინგვისტური სხვაობა ძველ და ახალ ქართულ სალიტერატურო ენებს შორის, რაც ენათმეცნიერული კანონზომიერებაა. ამ ფაქტორების გამო დღის წესრიგში ძველ ქართულ ენაზე თარგმნილი ტექსტების ხელახლა თარგმანის საკითხი დადგა. აქ კი მკაფიოდ უნდა ითქვას: ბიბლიიის ახალ ქართულ ენაზე თარგმანის სათავეებთან, რამდენადაც ეს ჩვენთვის დოკუმენტური მასალითაა ცნობილი, განსახილველი სტატიის ავტორი და რედაქტორი - იაკობ გოგებაშვილი და ილია ჭავჭავაძე - დგანან (იხ. ჩვენი სტატია „ბიბლია ილია ცხოვრებასა და შემოქმედებაში“ - „სიტყვა“. 1998, №1).
ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე გადმოღებისათვის ბრიტანეთის ბიბლიური საზოგადოებაც (ი.გოგებაშვილის თქმით, „დაბადების საზოგადოება“) ზრუნავდა. ისტორიისათვის საყურადღებოა განსახილველ სტატიაში წარმოდგენილი შემდეგი ფაქტი: ამ ამოცანის განსახორციელებლად ბიბლიური საზოგადოების წარმომადგენლებს ერთი ქართველი, სამეცნიერო ხარისხის მქონე, დეკანოზისათვის 1883 წელს ასი თუმანი შეუთავაზებიათ, მაგრამ მას ეს მისია არ უკისრია, ანდა ვერ უკისრია. შესაძლებელია, მან ის მწარე გაკვეთილი გაითვალისწინა, რომელსაც რუსეთის ეკლესიის ახლო წარსული სთავაზობდა - ეპიტიმია უწმინდესი სინოდისაგან არქიმანდრიტ მაკარის მიმართ ძველი აღთქმის რუსულ ენაზე თარგმნის გამო. ეს ინიციატივა რუსეთშiც ბიბლიური საზოგადოების თანადგომით ხორციელდებოდა.
ევანგელიზაციის პროცესებს რუსეთსა და საქართველოში ერთნაირი დაბრკოლებები ახლავს (ღვთისმსახურება ორივეგან მრევლისათვის არასაკმარისად გასაგებ ენაზე სრულდება), მაგრამ მდგომარეობა ჩენს ქვეყანაში იმხანად უარესი იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი (ეგზარქოსი) და მისი კანცელარიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი მკვიდრი მოსახლეობის ენას ვერ ფლობდნენ. კატასტროფული მდგომარეობა იყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ყველა საგანი, მათ შორის, ქართული ენა, რუსულ ენაზე ისწავლებოდა (იქ „საეკლესიო წიგნებს“ ქართულს ენაზედ კითხულობენ და თარგმნიან რუსულზედ“), რაც ავტორის თქმით, „ნამდვილი ორგანული სენია“.
საყურადღებოა ინფორმაცია - თბილისის სემინარიაში ქართული ენის უფლებათა დაცვა მიროპოლსკის მიერ და მისი აზრი ქართული ენის კათედრის დაარსების შესახებ. ხსენებული პიროვნება გახლავთ რუსი პედაგოგი და მწერალი ს.ი. მიროპოლსკი,  რომელიც უწმინდესი სინოდის სასწავლო კომიტეტის წევრი იყო. იგი საქართველოში პირველად 1882 წლის მაისში ჩამოვიდა, როგორც რევიზორი და მრჩეველი; მოინახულა სასულიერო სასწავლებლები და ქართული კულტურის მიმართ სიმპათიით განეწყო. გაზეთი „დროება“, რომელიც მის ვიზიტს ყურადღებით ადევნებდა თვალს, აღნიშნავდა: „.ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესო ბ-ნი მიროპოლსკის წინადადება, რომ ტფილისის სასულიერო სემინარიაში უეჭველად უნდა დაწესებულ იქმნეს ქართული ენის მასწავლებლის კათედრა, ქართულ ენაზე უნდა ისწავლონ რამდენიმე საგანი ღვთისმეტყველებისა და ქართული ისტორია. ამას გარდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქმნეს მიქცეული ქართულ გალობასა და საზოგადოდ ქართული ენისშესწავლას ყველა სასულიერო სასწავლებელში („დროება“, 1882, 13VI, №121). სავარაუდოა, ი. გოგებაშვილს იმ დროს პირადად გაეცნო პეტერბურგელი კოლეგა და მის პოზიციებში კარგად გარკვეულიყო. ამიტომ იგი თამამად სთავაზობს კრებას, მიმართოს ეგზარქოსს, რათა მან მხარი დაუჭიროს მიროპოლსკის წინადადებას და უწმინდესი სინოდის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობა აღძრას.
შემდეგი რეკომენდაცია აკადემიურ განათლებას ეხება. საქართველოში იმ დროს, რუსეთისა და სომხეთისაგან განსხვავებით, სასულიერო აკადემია არ არსებობდა. დასავლეთ ევროპაში კი ქართველი პედაგოგის თქმით, „თითქმის მთელი სამღვდელოება შესდგება პროფესორთაგან, რომელთაც დაუსრულებიათ უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტი“, ამიტომ, დასძენს იგი, მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ოთხივე აკადემიაში ყოველწლიურად ორ-ორი სტუდენტი მაინც გაიგზავნოს.


რის გამო „დააპატიმრეს“ ტექსტი?
დაისმის კითხვა: რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც საერო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლებს განხილული სტატიის „დაპატიმრება“ გადააწყვეტინა? როგორც ვხედავთ, მასში არ არის ანტირუსული და ანტისახელმწიფოებრივი იდეები და მოწოდებები.
ვფიქრობთ, ამის მიზეზი ავტორის, რედაქტორისა და მისი გაზეთის, „ივერიის“, საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიური ორიენტაცია იყო, რამაც წინამდებარე სტატიის ზოგადი სულისკვეთება განსაზღვრა. ასეთ ორიენტაციას, პირველ რიგში კერძო და საზოგადო ღვთისმსახურების თანამედროვე სამეტყველო ენებზე წარმართვის სურვილს, საეკლესიო კრებებსა თუ მმართველობის სხვა ორგანოებში საერო პირების აქტიურად მონაწილეობის წესს, ლიტურგიის გათანამედროვების მცდელობას და ა.შ. ეკლესიაში დემოკრატია და ლიბერალიზმი ჰქვია. საზოგადოების საგრძნობი ნაწილი, უფრო კი ფუნდამენტალიზმით დამძიმებული ერი და ბერი, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ყოველგვარ გამოვლენას ეწინააღმდეგება, რადგან ასეთი რამ მათ დასავლური მოვლენა, ევროპელი რეფორმატორებისა და პროტესტანტების გამოგონება ჰგონიათ. ამის გამო მსგავს ინიციატივებს ანუ ეკლესიის მოდერნიზაციის კურსს ისინი პროდასავლურ ცნობიერებად რაცხენ და დასავლეთ ევროპასთან, ზოგადად, გარესამყაროსთან სულიერ-ინტელექტუალური ინტეგრაციის პროცესს პანიკით და ისტერიით ეგებებიან. ასე იყო ცარისტულ რუსეთში და ეგზარქოსებისდროინდელ საქართველოში, ასეა დღესაც - პოსტსაბჭოურ სინამდვილეში, ხავერდებისა და ვარდების რევოლუციის ქვეყანაში. მაგრამ ისტორია და პატროლოგია (ეკლესიის მამათა ცხოვრება და მოძღვრება) ცხადყოფს, რომ პირველ-ქრისტიანთა ცხოვრება ცწორედ დემოკრატიითა და ლიბერალიზმით იყო აღბეჭდილი. იაკობ გოგებაშვილი და ილია ჭავჭავაძე იმ მართლმადიდებელთა რიგს განეკუთვნებიან, რომლებიც საეკლესიო პრაქტიკის გამარტივებისა და სახარების პრინციპებთან დაახლოებისათვის იღწვოდნენ.
დასმული კითხვის პასუხი ასეთია: ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის რეკომენდაციები ცენზურამ დემოკრატიული და ლიბერალური იდეების გამო „დააპატიმრა“.


დედანი
განხილული სტატია შემონახულია ორი ეგზემპლარით: ავტოგრაფითა და საკორექტურო ამონაბეჭდით. იგი ი.გოგებაშვილის შრომების ბიბლიოგრაფიაში შესული არაა, რადგან მისი არსებობა 1940 წელს, როდესაც ეს ბიბლიოგრაფია დაისტამბა, სამეცნიერო წრეებისთვის ცნობილი არ იყო. დედანი ავტორის პირად საარქივო ფონდში გვიან გამოვლინდა და 1955 წელს თხზულებათა მე-4 ტომში შევიდა. კორექტურა და თანმხლები დოკუმენტაცია საცენზურო კომიტეტის ფონდში (საქართველოს სახელმწფიო საისტორიო არქივი) ინახება.
აქვე დავძენთ, რომ სრული ტექსტი მოთავსებულია აგრეთვე „საღვთისმეტყველო კრებულის“ პირველ ნომერში, რომელიც 1980 წელს შიდამოხმარების წესით და ხელნაწერის უფლებით რამდენიმე ცალად რემინგტონზე დაიბეჭდა. რედაქტორი გახლდათ ამა წლის აპრილის თვეში ტრაგიკულად აღსრულებული მწერალი ედიშერ გიორგაძე. მასალა რედაქციას ქალბატონმა ლუბა მეფარიშვილმა მიაწოდა.


ახალი გამოცემის მიზანი
დემოკრატიასა და ლიბერლიზმთან დამოკიდებულების საკითხებში ჩვენი ერისა და ბერის ის ნაწილი, რომელსაც საქართველოს მართლდამიდებელ ეკლესიაში დღეს წამყვანი პოზიციები უჭირავს, ისეთსავე (და უარეს) ფუნდამენტალიზმს და ობსკურანტიზმს ამჟღავნებს, როგორსაც მათი წინამორბედები ეგზარქატის ხანაში. ანტიკათოლიკური, ანტირეფორმატორული, ანტიეკუმენური, ანტიდასავლური, ანტიამერიკული და, ზოგადად, ანტილიბერალური წივილ-კივილი რაც საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით გამომავალი და მოქმედი ეპისკოპოსების ლოცვა-კურთხევით მოწოდებული პრესის დიდი ნაწილიდან გაისმის, ადასტურებს, რომ მართლმადიდებლობის დამჩემებელი ინდივიდები, კოლექტივები (ხელისუფლების პირველი პირების ჩათვლით) და მათი სულიერი მამები, უმრავლესობაში ყოფნით გალაღებულნი და გადიდგულებულნი, რელიგიური შემეცნების მხრივ, ჩვენს დროშიც, XXI საუკუნეშიც, იმავე საფეხურზე იმყოფებიან, რა საფეხურზეც დიდი ილიას ლუარსაბ თათქარიძე და მისი მსახური, ლაზისეული, იდგნენ (მახათის მთის ამბავი, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამის თვალსაჩინო მაგალითია). ესაა საეკლესიო და საერო ობსკურანტიზმი (ვრცლად იხ. ჩვენი სტატია: „ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად“ ანუ ობსკურანტიზმი გარეთ და შინ. - „თავისუფლება“, 2003, №5). ობსკურანტიზმის ნიშნებია: ცრუმორწმუნეობა, ქსენოფობია, და ზოგადად, სექტანტური ცნობიერება ნაირგვარი გამოვლინებით. ერთ-ერთი გამოვლინება გახლავთ ლოზუნგი: „ქართველნო, ერთად ღმრთისაკენ!“, რომელიც ეფუძნება მეორე ლოზუნგს: „ქართველი ერი და საქართველოს ეკლესია ერთი და იგივეა!“ ვერ აცნობიერებენ, რომ ეს არის ანტიეკლესიური, ანტი-ეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა, სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეთნიური წარმომავლობის ადამიანთა, კონსოლიდაციას უშლის ხელს და სახელმწიფოს გაერთიანებას ამუხრუჭებს.
ერთ-ერთი მიზეზი, რაც სასულიერო პირებსა და მათ სულიერ შვილებს შორის ობსკურანტიზმს კვებავს, არის საღვთო წერილის ფაქტობრივი უგულებელყოფა. ამიტომაც ჩვენი ქვეყნის სამღვდელოთა და საეროთა წრეებში წარმართული და ნაცისტური ცნობიერება, ზოგადად, ანტიინტელექტუალიზმი, ნაბიჯ-ნაბიჯ აქტიურდება. 
მე, ამ სტრიქონების ავტორი, ასეთი ფაქტის მოწამე გავხდი: რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოს ცენტრალურ აპარატში მომიხდა მისვლა, რათა ამეღო რეკომენდაცია, რომელიც ხელს მომიმართავდა დასავლეთ ევროპის სამეცნიერო ცენტრებში ახალი აღთქმის ტექსტის ისტორიის საკითხებზე მუშაობის უფლების მოპოვებაში, ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა (დეკანოზმა), რომლის ვინაობის დასახელებისაგან თავს ვიკავებ, ასეთი შინაარსის პასუხი გამცა: „ახალი აღთქმის ტექსტების შეჯერება“ (რაც აღნიშნულია რეკომენდაციაში, რომელიც კათალიკოს-პატრიარქის ყოფილმა მდივანმა დეკ. ზაქარია მაჩიტაძემ ანალოგიური მიზნით გასულ წელს მოგვცა) ჩვენი (ე.ი. საპატრიარქოს) ინტერესების სფეროში არ შემოდის, რის გამოც თქვენს თხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ!“ იძულებული გავხდი და მის უწმინდესობას, კათალიკოს-პატრიაქრს ილია II-ს, წერილი მივწერე და მამაშვილური ყურადღება ვთხოვე. პასუხი არ მიმიღია, რაც სამწუხაროა, ნუთუ საქართველოს ამჟამინდელ საპატრიარქოს ახალი აღთქმის ტექსტის ისტორია მართლა არ აინტერესებს?! ნუთუ მისთვის უცხოა თეოლოგიის ისეთი დამხმარე დარგი, როგორიცაა ახალი აღთქმის ტექსტოლოგია? რით ავხსნათ დაბრკოლება, რომელსაც ამ უწყების ერთ-ერთი პასუხიმსგებელი პირი აღნიშნულ თემაზე მომუშავე მკვლევარს უქმნის?
კაზუსი, რომელსაც მე წავაწყდი, კერძო შემთხვევაა, მაგრამ ზოგადი ტენდენციის გამოვლინება. ეს ის ტენდენცია და საგოდებელი ვითარებაა, რომელსაც სხვას ვერაფერს დავარქმევთ თუ არა ახალი აღთქმის სულისკვეთებისაგან ეკლესიის განდგომას. სწორედ ეს იყო ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის დარდისა და ჭმუნვის საგანი. მათ რომ ჩვენს ეპოქაში ეცხოვრათ, სამღვდელოთა კრებას, უეჭველად, დაახლოებით იმავე შინაარსის რეკომენდაცებს შესთავაზებდნენ, რა რეკომენდაციებითაც მაშინ მიმართეს. საღვთო წერილის ახალ ქართულ ენაზე ამეტყველების პრობლემა გადაიჭრა, მაგრამ მთავარი პრობლემა - სამღვდელოთა დასის საღვთო წერილის სულითა გამსჭვალვა - პრობლემად რჩება. იაკობ გოგებაშვილის სიტყვები, რომელთაც ახლა დავიმოწმებთ, ისევე (და შეიძლება მეტადაც) ესადაგება დღევანდელ ვითარებას, როგორც მაშინდელს: „ეკლესიას ჩვენში სული თითქმის ამოხდა. იგი გარდაიქცა სხვადასხვა გარეგანი მექანიკური წესების შესასრულებელ ადგილად და სრულიად ხელი აიღო თავისს მთავარს დანიშნულებაზედ - ჰფენოს ხალხში ცოცხალი, მადლიანი სიტყვით წმინდა სწავლა სახარებისა“ (რჩ. თხზ. ტ.2, 1990, გვ.132).
ამდენად, წინამდებარე პუბლიკაციას კვლავ დიდაქტიკური დანიშნულება აქვს.


წყარო 



 
The National Library of Georgia




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий