понедельник, 9 сентября 2013 г.

რა არის რწმენა?




დღეს რწმენის შესახებ გესაუბრებით. რთულია ამ თემის განხილვა. უფრო სწორად, იმის გადაწყვეტაა რთული, თუ რომელი მხრიდან მივუდგეთ საკითხს. რწმენასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება ღვთისმეტყველების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის თვალსაზრისით განვიხილოთ. მას მრავალი მხარე აქვს. მსურს ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რას ამბობს რწმენასთან დაკავშირებით თავად ღვთის სიტყვა და თქვენთან ერთად ამოვიკითხო, რა წერია მის შესახებ წმინდა წერილში. უპირველეს ყოვლისა, მსურს ამოვიცნო ღვთის ხმა უფრო მეტად, ვიდრე ადამიანისა. რწმენის ბუნების შესახებ განმარტების მისაღებად უშუალოდ წმინდა წერილს მივმართავ.


წმინდა წერილი არის გიგანტური ოკეანე. მის რომელ ნაწილში ვპოვებთ იმას, რასაც ვეძიებთ? ძველ აღთქმაში აბრაამის რწმენის ბრწყინვალე მოწმობაა მოცემული. ქრისტიანული თვალსაზრისიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ყოველგვარი რწმენა, საბოლოო ჯამში გამდინარეობს აბრაამის რწმენის ამსახველი ამ უბრალო აქტიდან. აბრაამმა ხომ ღვთის მოწოდებით ყველაფერი დატოვა, ყველას გამოემშვიდობა და უცხო მხარეში გაემგზავრა. მაგრამ მე უფრო იმის გამოძიება მინდა, რასაც რწმენის შესახებ ამბობს არა ძველი, არამედ ახალი აღთქმა. მახსენდება წმინდა მოციქულის, პავლეს ეპისტოლეები, მაგალითად, ეპისტოლე რომაელებისამი, რომელიც სწორედ რწმენასა დარწმენით გადარჩენაზეა დაწერილი. მაგრამ მირჩევნია რწმენის შესახებ თავად უფლის, იესოს ნათქვამი მოვისმინო. სახარებიდან მსურს გავიგო: რას ნიშნავს რწმენა? როგორია ეს რწმენა? სად შეიძლება სახარებაში ამ განსაზღვრების მოძიება (თუ საერთოდ შესაძლებელია მოცემულ შემთხვევაში „განსაზღვრების“ შესახებ საუბარი)?

ჩემი აზრით, სახარებაში არის ადგილი, რომელიც რწმენის შესახებ უფლის შეხედულებას ყველაზე უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს. ვამბობ, „ყველაზე უფრო“, ვინაიდან უფალი იქ, სადაც ამბობს: „ისრაელშიც ვერ ვპოვე ამნაირი რწმენა“, - საუბრობს რწმენის სრულიად კონკრეტული გამოვლენის შესახებ. აქ ვხედავთ თავად უფლის მიერ წარმოთქმულ შეფასებას. რწმენის უკეთ გააზრება, ვფიქრობ, შესაძლებელია. იგი ამბობს: „ ვერ ვპოვე ამნაირი რწმენა“ სწორედ ამ ადგილს, სახარტებისეულ ამ ეპიზოდს მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას.

რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომელ ეპიზოდს ვგულისხმობ: კაპერნაუმელი ასისთავის მსახურისგან კურნების ისტორიას. ჯერ მათეს სახარებას მოვუსმინოთ:

„ხოლო, როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა მას ასისთავი და ვედრებით უთხრა: უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად იტანჯება. იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას. ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვიტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას. ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად ინახად დასხდებიან ცათა სასუფეველში; ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე, 8,5-11).

ასისთავის ამბავი სახარების სხვა ადგილთან ერთად უნდა განვიხილოთ, რადგან ის წარმოადგენს ერთგვარ ანტითეზას. იგი საკმაოდ ცხადად წარმოაჩენს, თუ რას მოიაზრებს უფალი რწმებაში და რას გულისხმობს ურწმუნოებაში. მარკოზის სახარება უფლის ნაზარეთში სტუმრობის შესახებ გვამცნობს:

„წამოვიდა იქიდან და მოვიდა თავის მამულში, და მისდევდნენ მას მოწაფეები და შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში; და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა მას ყოველივე ეს? ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით? განა ხურო არ არის, ძე მარიამისა, და იაკობისა და იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ იქვე არიან, ჩვენთან? და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ რსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული, მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა ისინი. და უკვირდა ურწმუნოება მათი; ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ“ (მარკოზ. 6,1-6).

სახარება მხოლოდ ამ ორ ეპიზოდში წარმოგვიდგენს გაკვირვებულ იესოს. უფალი სხვადასხვა გრძნობას გამოხატავს, მაგრამ გაკვირვებას - მხოლოდ ორჯერ. სწორედ ეს ორი მაგალითი გაგახსენეთ ახლა: უფალს ერთი მხრივ, კაპერნაუმიდან მოსული რომაელი ასისთავის რწმენა აკვირვებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით, ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა“. მეორე მხრივ კი - ნაზარეთელი თანამემამულეების ურწმუნოება: „უკვირდა მათი ურწმუნოება და მხოლოდ რამდენიმე სასწაული მოახდინა“ ეს პარადოქსულად გვეჩვენება. ერთი მხრივ, რომაელი ოფიცერი, ასისთავი, შესაძლოა, პროზელიტიც (ლუკას სახარების მიხედვით, მან სინაგოგა ააგო), მაგრამ არაებრაელი, ანუ ადამიანი, რომელიც არ იყო რჩეული ერის შვილი, მეორე მხრივ, ნაზარეთელები. მათთვის შეიძლება თავიანთი დროის ორთოდოქსები გვეწოდებინა: მათ ჰქონდათ რჯული, ჰყავდათ წინასწარმეტყველები, ჰქონდათ ტაძარი, სინაგოგა, ჩვეულებები და ტრადიციები, მოკლედ, ხსნისათვის საჭირო ყველა შესაძლებლობა. მაგრამ არ ირწმუნეს. ჩვენი უფალი განცვიფრდა ნაზარეთელების ურწმუნოების გამო. ამაზე ცოტა ხნით ადრე კი წარმართი ასისთავის რწმენამ გააცოფა. შევეცდები, ეს რწმენა და ურწმუნოება ერთმანეთს შევუპირისპირო.

თავდაპირველად ნაზარეთელი მამაკაცებისა და ქალების სულიერი მდგომარეობა გავაანალიზოთ. იესო გაკვირვებული იყო მათი ურწმუნოებით. რა აკლდათ ამ ნაზარეთელებს? როცა ამაში გავერკვევით, ვნახავთ, რომ საქმე გვაქვს რწმენის არარსებობასთან. ნაზარეთელთა ეპიზოდიდან ჩანს, რომ რწმენას არ განაპირობებს ესა თუ ის შეხედულება, ფილოსოფიური მოსაზრებები და ფორმულების კრებული. მით უფრო არ ეფუძნება იგი წესების აღსრულებას. ეს ნაზარეთელები სავსებით ღვთისმოსავი ხალხი იყო. ისინი სინაგოგაში გამოცხადდნენ შაბათ დღეს და ღვთისმსახურებაში მიიღეს მონაწილეობა. იესოს მაინც უკვირს მათი ურწმუნოება. ღვთისმსახურების დროს რჯულიდან და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან კითხულობდნენ ნაწყვეტებს. ამ ადამიანებს კონკრეტული შეხედულებები ჰქონდათ, მაგრამ არ გააჩნდათ რწმენა. რწმენა შეხედულებებს და მით უმეტეს, წესებსა და ლოცვებს არ ეფუძნება. რწმენას რომელიმე რელიგიის აღსარება არ გვანიჭებს. ის მამაკაცები და ქალები სინაგოგაში დადიოდნენ. შესაძლოა, ადამიანი ეკლესიის წევრი, მართლმადიდებელი ქრისტიანი იყოს და არ ჰქონდეს რწმენა.

მაინც რა არის რწმენმა? დავუბრუნდეთ კვლავ ასისთავის მაგალითს და სწორედ იმას აღმოვაჩენთ, რაც ნაზარეთელ კაცებსა და ქალებს აკლდათ. ნაზარეთელებს ყველაფერი ჰქონდათ, გარდა ყველაზე აუცილებლისა. მათ არ გააჩნდათ ის, რაც რწმენის არსს წარმოადგენს. ჩვენ მათ ვერ მოვთხოვთ უფლის, იესო ქრისტეს ისეთსავე რწმენას, როგორიც დღეს გვაქვს.ვერ მოვთხოვთ ყოველივე იმის რწმენას, რაც მსოფლიო კრებებმა ღვთის ძის, განკაცებული ღვთის შესახებ უკვე მოგვიანებით გამოთქვეს. ჩვენ უფალს ნაზარეთშიც არაფერი უთქვამს თავისი ღვთაებრივი ბუნების შესახებ. მაშინ რა აზრით არ ირწმუნეს მათ? არ ირწმუნეს, რადგან თავიანთი გულები დახშეს.

განკაცებისა და ღვთის ძის შესახებ ვერც კაპერნაუმელი ასისთავი ისაუბრებდა, მან შესაძლოა, იცოდა ებრაელი მესიის შესახებ, მაგრამ ვერ შეიცნო ის ჩვენს უფალში, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ არ განეცხადებინა ღიად, რომ მესია იყო. მაგრამ ასისთავში ვხედავთ იმას, რაც ნაზარეთელებს აკლდათ - ღია გულს. ნაზარეთელთა გულები დახშული იყო უფლის წინაშე, რომაელი ასისთავის გული კი გაიხსნა.

ამრიგად, რწმენას განვსაზღვრავდი, როგორც გულის გახსნილობას; გახსნილობას იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც შესაძლოა არ ვიცნობდეთ კარგად, მაგრამ მასში უსაზღვრო სიდიადეს ვგრძნობდეთ, ვეთაყვანებოდეთ, თავს ვუძღვნიდეთ მას. სწორედ ესაა რწმენა. რწმენა არ მდგომარეობს შეხედულებებში. არსობრივად იგი ნდობას წარმოადგენს; ეს არის გულის ლტოლვა. კიდევ ერთხელ გავიაზროთ ეს ნდობა, გულღიაობა. ის თითქოს მრავალწახნაგოვანია, შედგება რამდენიმე განუყოფელი ნაწილისაგან. ასისთავის რწმენა, მისი ნდობა, უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობაში გამოიხატება და ამ მადლითაა ფესვგადგმული. „უფალო! არ ვარ ღირსი რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე“, - ეს საკუთარი უღირსობის აღიარებაა. ჭეშმარიტი რწმენა შეუძლებელია თავმდაბლობის გარეშე. მორწმუნემ შესაძლოა, არც კი იცოდეს, ვინ სწამს, მაგრამ აცნობიერებდეს, რომ ვისიც სწამს, მასზე დიდი და აღმატებულია; გრძნობდეს, რომ იმის წინაშე, ვისიც სწამს, მხოლოდ მუხლის მოდრეკა შეუძლია. აღიარებდეს, რომ მასში, ვისიც სწამს, არის რაღაც მასზე უფრო დიდი; ამიტომაც მორწმუნე თავს იდრეკს. ყოველგვარი რწმენა, რომელიც თავმდაბლობიდან არ გამომდინარეობს, არ იქნება ჭეშმარიტი. „უფალო არ ვარ ღირსი“, - ეს პრელუდიაა, რწმენის ნებისმიერი ნამდვილი აქტის შესავალი.

და კიდევ. აღვნიშნე, რომ რწმენა არის ნდობა, მისწრაფება, ლტოლვა, მაგრამ ეს ნდობა და ლტოლვა არაა მოკლებული გონისმიერ საფუძველს. არ ვაპირებ, აქ ვისაუბრო კონცეფციის ან თეორიის შესახებ. მაგრამ რწმენა არ წარმოადგენს „წყვდიადში ყვირილს“, რომელიც გაუგებაარია, საითაა მიმართული და რას ესწრაფვის. ერთი მხრივ, ასისთავის რწმენა ბუნდოვანია; მან არ იცის და ზუსტად ვერ იტყვის, ვინ არის იესო. ამავე დროს, ეს არის ცხადი რწმენა, რადგან კონკრეტული, პრაქტიკული ორიენტირი აქვს: საქმე ასისთავის მსახურის განკურნებას ეხება. ასისთავი ჭეშმარიტ მორწმუნედ წარდგა უფლის წინაშე. უფალ იესოსადმი რწმენა მისთვის არა მხოლოდ გულის გაღებასა და მისკენ მიბრუნებას ნიშნავს, არამედ ამ ნდობის რაიმე რეალური შედეგის მოლოდინსაც. ეს ნდობა ჩვენს ცხოვრებაში, მოქმედებასა და გადაწყვეტილებებში უნდა დამკვიდრდეს.

თუ უფლის მწამს, ეს მშვენიერია. რწმენა ხელშესახები უნდა გავხადო. იგი არსებულ გარემოებას, საკუთარ კონკრეტულ საჭიროებას უნდა მივუსადაგო. ჩემი რწმენა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქცევა სიკეთედ. რწმენა გრძნობებისა და ემოციების სფეროს არ ეკუთვნის. ის ეუფლება ჩვენს ნებას და ღმერთს უმორჩილებს მას. რწმენა ეფუძნება იმის გაცნობიერებას, რომ ღმერთი მოქმედებს, ჩვენს საქმეებში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ერევა. ამრიგად, იგი ვინც სწამთ, ძალაუფლებით არის აღჭურვილი. ასისთავი უფლისგან ზეადამიანურ მოქმედებას მოელის: სნეული მსახურის განკურნაბა ადამიანურ ძალებს აღემატება. მაგრამ ასისთავს სწამს, რომ იესო ქრისტე უჩვეულო პიროვნებაა., ერთადერთია და მის მიერ წარმოთქმული სიტყვა საკმარისია მსახურის განსაკურნებლად.

როცა უფალს მივეახლებით, რწმენის, ნდობის ამ აქტის, კიდევ ერთი მხარე წარმოჩინდება. ესაა მორჩილება. აღნიშნულ ეპიზოდში ვხედავთ, თუ როგორ შთააგონებს ასისთავს საკუთარი სული, გონება და საქმიანობა. ის ოფიცერია. მას შეუძლია უთხრას თავის მსახურს: „გააკეთე ეს!“ - და მსახური გააკეთებს. მისთვის ბუნებრივია როგორ ც ბრძანებების გაცემა, ასევე მათი მორჩილებაც. აი, რატომ არ სურს თავმდაბლობის გამო, რომ უფალი მის ჭერქვეშ შევიდეს, მისი სახლის ზღურბლს გადააბიჯოს: „უფალო არ ვარ ღირსი, რომ ჩემს სახლში შემოხვიდე, მაგრამ სიტყვა თქვი მხოლოდ. საკმარისია, უფალო, რათა შენ ბრძანო და, რადგან ეს შენგან წამოსული ბრძანებაა, ასეც აღსრულდება. საჭირო არ არის მოსვლა. საკმარისია შენი „სიტყვა“. აქ ზემოთქმულს დავუმატებთ „რწმენის“ მნიშვნელობას ებრაულ ენაში. იგი გამოითქმის, როგორც „ემუნახ“ და ფუძით ენათესავება სიტყვა „ამინ“. რას ნიშნავს „ამინ“? სადღეისოდ ამ სიტყვამ ცოცხალი აზრი და მნიშვნელობა დაკარგა, რუტინულ ფორმულად იქცა, რომელიც დაახლოებთ შემდეგს გვეუბნება: „დიახ, დაე ასე იყოს“. ეს ერთგვარი პასიური თანხმობაა, რომელიც სრულად ვერ მოიცავს მთელ ჩვენს არსებას,. ებრაული „ამინ“ კი ამბობს: „ეს დადგენილია, დამტკიცებულია“. ეს საკუთრივ ლოცვა კი არა, კონსტატაციაა იმისა, რაც არის ასე და არ შეიძლება, იყოს სხვაგვარად. აქ აღმოვაჩენთ რწმენის საფუძველს - მორჩილებას, არ არსებობს რწმენა მორჩილების, ნების დამორჩილების გარეშე.

კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ რწმენა-ნდობის, რწმენა-მორჩილების მნიშვნელობას,. როგორც უკვე აღვნიშნე, რწმენა არ წარმოადგენს წყვდიადში ყვირილს, რომელიც უცნობია, ვის გასაგონად და საით არის მიმართული, რწმენა არის ლტოლვა იმისკენ, ვისაც ვერასოდეს შევიმეცნებთ სრულყოფილად, ლტოლვა იმისადმი, ვინც ისევე აღმატებულია ჩვენზე, როგორც უსასრულობა - სასრულ სიდიდეზე. და მაინც, რწმენა ერთგვარი სატყუარაა ამ მოუხელთებლის მოსაპოვებლად. რწმენაში ერთდროულად არის ყოფნაც და არყოფნაც. ყოფნა რა თქმა უნდა, არასრულყოფილი, მაგრამ რეალური. არსებობს არყოფნაც და არყოფნაც რეალურია. ჩვენ ვიღაცის იმიტომ გვწამს, რომ არ ვფლობთ მეცნიერულად დასაბუთებულ, სარწმუნო ცნობას ამ პიროვნების ან იმის შესახებ, რასაც ის ამბობს (წინააღმდეგ შემთხვევაში არ დარჩებოდა რწენის აგილი). რწმენა გულისხმობს გონებრივი აღქმის უკმარობას. მისი შინაარსი მჭიდროდ გვაკავშირებს მეცნიერულად გადაუმოწმებელ ფაქტთან. რწმენის ნებისმიერი აქტი თითქოს ზღვაში გადაგვისვრის. ეს ჩვენი მხრიდან ნდობას მოითხოვს. გვწამს, რომ არ დავინთქმებით ამ ზღვაში, პირიქით, მივაღწევთ მიზანს - ცხონებასა და მაცხოვართან სიახლოვეს. სახარებაში ვხვდებით სხვადასვა გამოთქმას რწმენის შესახებ, ზოგი ვინმეს რწმენას გვთავაზობს, ზოგიც - რაღაცის არსებობაში გვარწმუნებს, ან ვიღაცის რწმენაში გვაჯერებს.მე შემიძლია ვთქვა: „მწამს ღმერთი“. ეს ნიშნავს: ღვთის სიტყვა ვერ იქნება ამაო. იგი არ მიღალატებს. ღმერთი ის არის, ვინც მწამს ყოველთვის, როცა მესაუბრება. როცა რაღაცას მეუბნები, მე ვერ შევამოწმებს ნათქვამის სისწორეს, შემიძლია გერწმუნო მხოლოდ იმიტომ, რომ გენდობი. ასე მწამს ღვთისაც.

შეიძლება ღვთის არსებობაც ასე გწამდეს? მაგრამ ამ შემთხვევაში კონცეფციებისა და გონებისმიერი მტკიცებულებების სამყაროში აღმოვჩნდებით. „მწამს ღვთის არსებობა“ ნიშნავს, რომ ღმერთი არის, ის არსებობს. ეს „ღვთის რწმენისაგან“ სრულიად განსხვავებული რამაა.

ღვთის რწმენა მხოლოდ ღმერთის არსებობის რწმენა როდია. ღვთის რწმენა, არის იმის რწმენა, რასაც მოცემულ მომენტში გვეუბნება ღმერთი. იგი უფრო ღრმა აზრს ატარებს. ეს არის თავად ჩვენი სულის, ნებისა და გონებ ის ჩართვა ღ ვთის გამოცხადებაში და ღვთის სიტყვისთვის მათი დამორჩილება. ასეთი სრული თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება რწმენის აქტი.

რწმენა, უფალმა ასისთავში რომ აღმოაჩინა და რომელზეც თქვა: „ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა“, მოკლედ გადმოიცემა სახარებაში მოყვანილი სამი სიტყვით: „თქვი მხოლოდ სიტყვა“ ასისთავი, ასე ვთქვათ, მთელ თავის ცხოვრებას უქვემდებარებს უფლის ერთ სიტყვას: „თქვი მხოლოდ (ერთი) სიტყვა. არ გთხოვ ჩემთან მოსვლას, მთლიანად გენდობი. მწამს, რომ შენი ნათქვამი აღსრულდება და გადაარჩენს ჩემს მსახურს მაგრამ „თქვი სიტყვა“. ასისთავი, ასე ვთქვათ, მთელ თავის ცხოვრებას უქვემდებარებს უფლის ერთ სიტყვას: „თქვი მხოლოდ (ერთი) სიტყვა. არ გთხოვ ჩემთან მოსვლას, მთლიანად გენდობი. მწამს, რომ შენი ნათქვამი აღსრულდება და გადაარჩენს ჩემს მსახურს,. მაგრამ თქვი მხოლოდ სიტყვა!“ აი, ჭეშმარიტი და ნამდვილი რწმენა. თუ მოვახერხებთ, რომ ჩვენი, და არა მარტო ჩვენი ცხოვრება, ჩვენი დღეები, საათები, წუთებიც კი უფლის ნათქვამს დავუმორჩილოთ და დაველოდოთ სიტყვას, რომელიც ყოველივეს იხსნის, მოაგვარებს ყველა პრობლემას (ოჰ, მხოლოდ სიტყვა თქვი!), მაშინ ღრმა შინაგანი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. თუ გვექნება უნარი იმისა, რომ ყოველი ჩვენი უბედურების ჟამს, ყოველ გარემოებაში გვწამდეს, რომ ხსნა ამ სიტყვისგან მოვა, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ ველით, რომლის იმედიც გვაქვს, რა ძალას შევიძენთ, როგორ გავძლიერდებით?! ჩვენი საქმით მოვიპოვებთ იმ რწმენას, რომელზეც იესომ თქვა, რომ მსგავსი არსად უნახავს. გვწამს, რომ სწორედ ის მოძღვარი, რომელმაც ეს თქვა კაპერნაუმში და რომელიც განცვიფრდა ნაზარეთში მორწმუნე იუდეველების ურწმუნოებით, სწორედ ახლა და აქ, ამ შეკრებაზე იმყოფება. აი, ის ჩვენს შორის დადის, თითოეულის წინ ჩერდება და თავისი მზერით ჩვენი არსების დაფარულ შრეებში აღწევს. რას იხილავს ის ჩვენში? კაპერნაუმელი ასისთავის მსგავს რწმენას, თუ ურწმუნოებას, ნაზარეთში რომ დაამწუხრა? რით განვაცვიფრებთ მას - ჩვენი რწმენით თუ ურწმუნოებით?

არქიმანდრიტი ლევ ჟილე


(ზღვარი 2003 №2) თარგმნა ევგენი მიქელაძემ

წყარო


The National Library of Georgia

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий