понедельник, 9 сентября 2013 г.

ბოლშევიკების მიერ საცხოვრებელ სახლებად გადაკეთებული ტაძრები და მათი დღევანდელი მდგომარეობა



ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ბოლშევიკების მიერ ჩადენილი ვანდალური ქმედებები, რომელიც განსაკუთრებით  საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. მათ შეძლებისდაგვარად იავარქმნეს მრავალი ტაძარი და  ისინი ბოსლებად, აბანოებად, საწყობებად, თეატრებად და საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყოველივე წარსულის უმძიმეს მოგონებად დარჩა და, ღვთის წყალობით, რელიგიურმა ნაგებობებმა და სიწმინდეებმა კვლავ დაიბრუნეს თავიანთი სულიერი ფუნქცია, მაინც ოცდამეერთე საუკუნისსაქართველოში, დედაქალაქის ცენტრში კვლავ არის შემორჩენილი რამდენიმე ტაძარი, რომლებიც დღემდე საცხოვრებელი სახლის დანიშნულებას ასრულებენ.
1. კრწანისის #82-ში მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ბოლშევიკების დროსსაცხოვრებელ სახლად იქნა გადაკეთებული. გადმოცემის მიხედვით, ტაძარი აგებული უნდა იყოს XVIII საუკუნის მიწურულს – აქვე მდებარეობდა წმინდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი. დღეისათვის ტაძარს ორივე მხრიდან აქვს მიშენებები და გადაკეთებულია ორსართულიან სახლად, სადაც ცხოვრობს თორმეტი ოჯახი. ადგილი, სადაც მდებარეობდა ტაძრის საკურთხეველი ამჟამად გამოყენებულია საცხოვრებელ ფართად. ზოგიერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მათ, რომლებიც საკურთხევლის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ძალიან ხშირად ჰქონიათ სხვადასხვა სახის უმძიმესი განსაცდელი. სახლის მახლობლად მდებარეობს წყარო, რომელთან დაკავშირებითაც მოსახლობამ გაიხსენა შემდეგი შემთხვევა: დაახლოებით შვიდი წლის წინ, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში, წყაროდან ჩვეულებრივი _კრწანისიწყლის ნაცვლად შევარდისფერებული მოწითალო წყალი წამოსულა, ასეთი სასწაული ორჯერ განმეორდა.
ადგლობრივი მოსახლობა თანახმაა სანაცვლო ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში დატოვოს იქაურობა, რომელიც ამჟამად (მათი თქმით) პრივატიზებულიც აქვთ. ისინი ამ ტეერიტორიაზე მორწმუნე მომლოცველების მოსვლას მტკივნეულად აღიქვამენ.
2. ავლაბარში ყოფილი რობესპიერის, ამჟამად მთავარანგელოზის ქ.#23_ში მდებარეობდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია. მოსახლეობის მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით, ტაძარი აუგიათ 1898 წელს მღვდელ დავით იანქოშვილის ხელმძღვანელობით. პლატონ იოსელიანის ცნობით კი, იგი აუგიათ 1805 წელს, მშენებლებად დასახელებულნი არიან მეტეხის ეკლესიის დეკანოზი ზაქარია და მისი ძმა იოსებ სულხანოვები. შენობა, რომელშიც ამჟამად მოქცეულია ეკლესიის კედლები გადაკეთებულია სამსართულიან სახლად, მას გვერდებიდან აქვს უკანონო მინაშენებიც. ზემოაღნიშნული მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი ფუნქციონირებდა 1923 წლამდე, ბოლშევიკების მიერ  იგი ჯერ  სასამართლოდ გადაკეთდა, შემდეგ პოლიკლინიკად და ბოლოს, პურის ქარხნის საერთო საცხოვრებლად, საბოლოოდ, ნაგებობამ დღევანდელი იერი 1938 წელს მიიღო. ამ ნაეკლესიარ შენობაში ამჟამად დაახლოვებით 22 ოჯახი ცხოვრობს, ტაძრის ორივე სართული გადატიხრულია ოთახებად, ხოლო საკურთხევლის ტერიტორია გამოყენებულია დერეფნად, რომლის გარკვეული ნაწილი საცხოვრებელ ფართშიც შედის. საკურთხევლის ზემოთ დაშენებულ ტერიტორიაზე განთავსებულია საპირფარეშოები.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ამ სახლში მაცხოვრებლებს დიდი განსაცდელები აქვთ. _ავლაბარი-მთავარანგელოზი მათი თქმით აქ დასახლებულთაგან ასაკოვანი არავინ მომკვდარა, არამედ სულ ახალგაზრდები და მცირეწლოვანები იღუპებიან. ეკლესიის გვერდით მდებარეობს შენობა, რომელშიც განთავსებული იყო სასულიერო სემინარია. 1923 წელს კი გადაკეთდა საცხოვრებელ სახლად, იქვე მდებარეობდა სასაფლაოც. მოსახლეობა შესაბამისი ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში თანახმაა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ერთ-ერთი მოსახლის ცნობით, მათი უმრავლესობა დააკმაყოფილეს ბინებით, მაგრამ ზოგიერთები ვერ ელევიან ამ ტერიტორიასაც.
3. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ჩაისუბნის ქუჩა #7გ-ში მდებარეობს კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია, რომელიც ასევე თომა მოციქულის სახელსაც ატარებდა. იგი წარმოადგენს ნავისებრ ბაზილიკური ფორმის ნაგებობას. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ტაძარი უნდა ეკუთვნოდეს მე VIII საუკუნეს, თავის დროზე იგი გაუნადგურებია მურვან ყრუს და შემდეგ აღუდგენიათ. არის ვარაუდი, რომ რაღაც პერიოდი ეს ტაძარი ასiრიელებსაც ეკუთვნოდათ. 1924 წელს იგი გააპარტახეს ბოლშევიკებმა და გადააქციეს საცხოვრებელ სახლად – იქ დაუსახლებიათ ახლომდებარე ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის მუშები. ეს ქარხანა ომის პერიოდში უშვებდა შეიარაღებას, მოგვიანებით კი იქვე ხორციელდებოდა სხვადასხვა პროდუქციის გადამუშავება. ტაძარს მოსახლეობამ გაფართოების მიზნით გაუკეთა მიშენება, _ჩუღურეთი-კვირაცხოველიასევე მის მახლობლად მდებარეობს ერთსართულიანი შენობა, რომელიც იმ პერიოდში ეკუთვნოდათ ბერებს და სასულიერო პირებს, იქვე აღმოჩენილია თონე. ამ ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია ბერთა სენაკები და მათი სასაფლაო. ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს სარდაფის გაკეთების მიზნით გაუთხრია ტაძრის ტერიტორია, რა დროსაც წააწყდა საფლავის ლოდებს და ოქროს ჯვარს, რომელიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირს ეკუთვნოდა, იქვე იპოვეს თაბაშირის ჯვრებიც, მაგრამ ყოველივე ეს გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულა. დღეისათვის ამ წმინდა ალაგას დასახლებულია ცხრა ოჯახი. მათი განცხადებით, იქ, სადაც მდებარეობდა საკურთხეველი სივიწრივის გამო განთავსებული აქვთ საძინებელი ოთახები, რაზეც ძალიან წუხან, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ და ისინიც თანახმა არიან, ბინებით დაკმაყოფილების შემთხვევაში, დათმონ ამჟამინდელი საცხოვრებელი.
4. რუსთაველის #48-ში მდებარეობდა უკრაინელი წმიდანის, თეოდორე ჩერნიგოველის სახელზე აგებული რუსული ხუთგუმბათიანი ტაძარი, რომელიც აუშენებიათ XIX საუკუნეში კავკასიაში ქრისტანობის აღმდგენელი ორგანიზაციის დახმარებით. ზემოაღნიშნული ტაძარი ხელყვეს ბოლშევიკებმა 1924 წელს. ამ ტაძართან დაკავშირებით ჟურნალ „ნიანგის“1924 წლისმე-2 ნომერში მე-9 გვერდზე გამოქვეყნდა კარიკატურა სახელწოდებით ,,სარწმუნოება ხალხისთვის ოპიუმია’’, სადაც გამოსახული იყო წმინდა
 _თეოდოსი 2_თეოდოსი(1)
თეოდორეს ხუთგუმბათიანი ტაძარი და სამრკლოსთან მდგარი რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც რეკავდნენ ზარებს, მათ წინ კი იდგა ლენინის ბიუსტი ყურებში თითებგაჩრილი შემდეგი წარწერით: ,,ყველას ჩემი გამოჯანსაღება სურს, არ ვიცი რამდენად გულწრფელია ეგ სურვილი, მაგრამ მე მაინც მალე მოვჯობინდებოდი, რომ ამ განუწყვეტელი ზარების ხმას არ მოეწამლა ჩემი არსება’’. ამჟამად ამ შენობის ფართი სხვადასხვა დანიშნულებისთვისაა გამოყენებული.
5.პუშკინის სკვერთან, თბილისის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის შენობაში, რომელიც აშენდა XIX საუკუნეში. ერთ დროს, მე-2 სართულზე მდებარეობდა წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის ტაძარი. თავდაპირველად ეს შენობა ეკთვნოდა სასულიერო სემიანარიას, შემდეგ გადაკეთებულ იქნა სასტუმროდ და ბოლოს მუზეუმად. ტაძრის ადგილას ამჟამად მდებარეობს ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია რუსული ფერწერის ნიმუშები.
6. ჩვენთვის ამ ერთ-ერთ უმტკივნეულეს პრობლემას 2006 წლის ზაფხულის მიწურულს გამოეხმაურა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი, გთავაზობთ ამონარიდს რადიორეპორტაჟიდან: ,,ევსტატი მცხეთელის სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც დღემდე საცხოვრებელი სახლია, ყოფილი პეროვსკაიას, ამჟამინდელ ახვლედიანის ქუჩის დასაწყისში მდებარეობდა. ამ ნაეკლესიარ სახლში ერთ-ერთი პირველი მცხოვრები სახელოვანი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე იყო, ამის მაუწყებელია შენობაზე მიკრული მემორიალური დაფა, რომლის ოდნავ ზევით დაკვირვებული თვალი რამდენიმე პატარა ჯვარს შეამჩნევს”. ფანჯრებზე და სახურავზე ჯვრებია, ამ სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებელის თქმით ოცდაათიან წლებში, კომუნისტების დროს ომი რომ დაიწყო, ამ სახლში სხვა ოჯახებთან ერთად მელიტონ ბალანჩივაძეც შეუსახლებიათ, ეს ტაძარი, გადმოცემის მიხედვით, აუშენებია გრაფ ყარამანოვს XIX საუკუნეში. იგი ითვლებოდა ბოდბის მონასტრის მეტოქიონად ანუ მის დაქვემდებარებაში მყოფ ტაძრად. ბოლშევიკებმა მოხსნეს გუმბათი, გადაღებეს და გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად. ამჟამად იქ დასახლებულია ორი ოჯახი, პირველ სართულზე კი განთავსებულია მაღაზია.
_პეროვსკაიაშენობის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ქალბატონმა, ნელი რამიშვილმა ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ იმ ადგილას სადაც, არის საკურთხეველი ცდილობენ არაფერი განათავსონ და პატივისცემით მოეპყრან იმ კუთხეს. ამ ტაძრის ისტორია შეუსწავლია მანანა ქუთათელაძეს და გამოუქვყნებია კიდეც გაზეთ ,,ივერია’’-ს ფურცლებზე.
წერილის დასასრულს გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ წმინდა ტაძრების უმაღლეს სულიერ დანიშნულებას. ეკლესია არის წმინდა ადგილი, სადაც განსაკუთრებულად ჰგიებს უფალი, იგი არის ერთგვარი სულიერი ნავსაყუდელი ადამიანთათვის. ავჟამთა სვლის პერიოდში დედა ეკლესიამ უწმინდეს თბილ კალთებქვეშ შეიფარა საკუთარი შვილები, ეხლა კი ჩვენ, მის შვილებს, გვმართებს პატივის მიგება წმინდა სალოცავებისადმი მადლიერების და სიყვარულის ნიშნად, რათა არ ავღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იყვნენ ებრაელები. ,,და შევიდა იესო ღვთის ტაძარში, და გამოყარა ყველა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში; და მეკერმეთა მაგიდები და მტრედის გამყიდველთა დასასხდომები დაამხო, და უთხრა მათ: წერია: ჩემს სახლს სალოცავი სახლი ეწოდოს, ხოლო თქვენ იგი გიქცევიათ ავაზაკთა გამოქვაბულად,,(მათე.21, 12–13.).
დღეს თუ არაფერი გაკეთდა ამ მეტად საგულისხმო პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ, უნებლიედ, ბოლშევიკების მიერ განხორციელებული ვანდალიზმის პასიური მონაწილენი ვხდებით, რადგან ზოგჯერ დუმილი და უმოქმედობა თანხმობის ნიშანია. ის, რომ დედაქალაქის ცენტრში არსებობენ წმინდა ტაძრები, სადაც ადამიანები ,,ჩვეულებრივად’’ ცხოვრობენ და ამ წმინდა ადგილებზე აქვთ განთავსებული აბაზანები, საპირფარეშოები, საძინებელი ოთახები, მაღაზიები და ასე შემდეგ, ალბათ, უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მათეს სახარებაში მოთხრობილი შემთხვევა.
რა თქმა უნდა, ნატაძრალ შენობებში მაცხოვრებელი ადამიანები ამ პირობებში თავის დროზე იძულებით აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს არ გვაძლევს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების უფლებას, თუ ჩვენ უგულისხმოდ მოვეკიდებით ამ საკითხს, ეს მძიმე ცოდვა მთელ ერს მოეკითხება.  საქართველოს ისტორიული მტრები, რომლებიც მიწასთან ასწორებდნენ წმინდა ეკლესია-მონასტრებს, ალბათ, ოცნებითაც ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რომ დადგებოდა ჟამი, როცა ქართველებს ექნებოდათ მილიონები, მაგრამ ისინი სხადასხვა მიმართულებით დაიხარჯებოდა, წმინდა ტაძრები კი მსგავს შეურაცხყოფილ მდგომარეობაში დარჩებოდა. თუ ამ უმძიმეს ვითარებას ჩვენი ხელისუფლალნი, ბიზნესმენები, სამშენებლო ფირმების ხელმძღვანელები გაითავისებენ და ეკლესისასთან ერთად სერიოზულ ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ ზემოხსენებული პრობლემის მოსაგვარეებლად, ამ მადლიანი საქმისთვის უფალი მათ და მათ შთამომავლობას არ მოაკლებს ლოცვა-კურთხევასა და მფარველობას.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წერილი არ დარჩება ხმად ,,მღაღადებლისა უდაბნოსა შინა’’
ლაშა ცაიშვილი
რედაქციის მინაწერი: ჩვენი ჟურნალის მკითხველებს – ბატონებო და ქალბატონებო! თუ მიგაჩნიათ, რომ აღნიშნული პრობლემა სასწრაფოდ მოითხოვს გადაჭრას, გაავრცელეთ ეს წერილი, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რაც ამ მტკივნეული საკითხის მოგვარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს…

წყარო












Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий