суббота, 24 августа 2013 г.

არ განიკითხო vs. sapere aude !




ავტორი: მირიან გამრეკელაშვილი

სახარება გვასწავლის: უკეთუ ძმა შენი შესცოდავს, უნდა ამხილო; თუ არ შეისმენს, მაშინ მისი მხილება ორის ან სამის თანდასწრებით უნდა მოხდეს. თუ ამ შემთხვევაშიც არ ისმინა, მაშინ მხილება მოძღვრისა და ეკლესიის წინაშეა საჭირო, ხოლო უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ იყოს იგი ვითარცა წარმართი (მათე 18, 15-17). განსჯა კი, როგორც წმიდა მამები ამბობენ, სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ხშირად მორწმუნემ არ იცის, როგორ განასხვავოს განკითხვა, მხილება და განსჯა ერთმანეთისაგან და განკითხვას მხილებას ან განსჯას უწოდებს, მაშინ როცა განკითხვა და მხილება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან 


საინტერესოა  ეკლესიის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით, უფლება აქვს თუ არა მრევლს ხმამაღლა ისაუბროს შიგა საეკლესიო პრობლემებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სწორედ მღვდელმსახურთა თავგასულობა და თავაშვებულობაა, რაც, საბოლოო ჯამში,ისევ ეკლესიას აზიანებს, რომლის წარმომადგენლებიც თავად არიან. თემა, თუ რა ფსიქოლოგიური მექანიზმებით მოხდა სასულიერო პირების საქმიანობის შესახებ მსჯელობის ტაბუირება,  ძალიან ვრცელია. მხოლოდ ერთ ასპექტზე შევჩერდები.

მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ეკლესიისთვის (ზოგადად რელიგიათა უმრავლესობისათვის) ძალიან მნიშვნელოვანია ლინგვისტური ველი, ვინაიდან სწორედ ვერბალური გზით ხდება მისი მოძღვრების გავრცელება, მრევლთან კომუნიკაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ენა დიდწილად განსაზღვრავს ცნობიერების, შეხედულებებისა და ღირებულებათა სისტემის ფორმირებას. ამ სფეროში, თარგმანში ან ფორმულირებისას (მაგალითად, დოგმატის შემთხვევაში), ერთი შეხედვით უწყინარ შეცდომას შეიძლება ფატალური შედეგები მოჰყვეს. განვითარების თითქმის 200- წლიანი წყვეტის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში ეკლესიის წინაშე საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის გამართვის და სემანტიკური ველის ხელახლა ფორმირების ამოცანაც დადგა. ამ პრობლემის მოგვარების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დღესაც მიმდინარეობს, ოღონდ ერთი სამწუხარო ნიშნით. სამწუხაროდ, სიტყვათა თუ წმინდა წერილის ადგილების განმმარტებლები არ ხელმძღვანელობენ მეცნიერებით, არამედ ახდენენ მათ ინსტრუმენტალიზაციას კონკრეტული პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე. ამ მხრივ ერთ-ერთი თვალში საცემია ის ახალი სემანტიკური მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიის სივრცეში მიენიჭა სიტყვას: განკითხვა.

ამ სიტყვის მნიშვნელობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა სასულიერო პირთაგან განხორციელებულმა წმინდა წერილის შემდეგი ადგილის თავისუფალმა ინტერპრეტაციამ: „1. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. 2. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყებათ თქვენ. 3. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? 4. ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან ბეჭვიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა! 5. თვალთმაქცნო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ. როგორ ამიოღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან. 6. ნუ  მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.“ (მათე 7, 1-6). საგულისხმოა, რომ სახარების ორიგინალურ, ბერძნულ ენოვან ვერსიაში გამოყენებულია მრვალმნიშვნელოვანი (პოლისემიური) ზმნა: κρίνω  κρίνετε, να μ κριθτε - Κατά Ματθαίον Ευαγγέλιο 7,1), რომლისაგანაც  წარმოსდგება ასევე საინტერესო არსებითი სახელი  κρίσις (კრიზისი) - სასამართლო. ეს ზმნა ახალ აღთქმაში გვხვდება 114 ჯერ, შემდეგი მნიშვნელობებით: განსჯა, შეფასება, განსხვავება, დასჯა, გადაწყვეტილების მიღება, განაჩენის გამოტანა. მოყვანილ მონაკვეთში კი იგი   ესქატოლოგიური მნიშვნელობისაა და აღნიშნავს უფლის მიერ ადამიანთა საბოლოო განსჯას (Exegetisches Wörteterbuch zum Neuen Testament, B. II, 1992 s. 787). სიტყვის მნიშვნელობას სულხან - საბა ორბელიანი განმარტავს, როგორც ძვირისმეტყველების (ადამიანის დაუსწრებლად ლანძღვა) კონკრეტული ფორმა, როდესაც ხდება რომელიმე პიროვნების საქმიანობის მორალური შეფასება დაუსაბუთებლად, თუ ვინ რომელ ცოდვას სჩადის და მსგავსნი (ს.ს.ორბელიანი, ლექსიკონი ქართული 1991, ტ.I გვ.138).

მიუხედავად იმისა, რომ მორალურ შეფასებად ბევრი სახის კრიტიკა შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაინც დაუშვებელია ჯანსაღი კრიტიკისა და ადამიანების უსამართლო გაჭორვის გაიგივება. თავად სახარების მონაკვეთი საკმაოდ ცხადად გადმოსცემს, თუ რა არის მისი მთავარი გზავნილი და ქცევის რა პრინციპზეა საუბარი კონკრეტულად. მიუხედავად ამისა, ეკლესიამ მაინც განახორციელა ფართო სახის განმარტება, თუ რას ნიშნავს ამ კონტექსტში საკვანძო სიტყვა განკითხვა, რადგან იგი ცოდვათა ჩამონათვალში შეიტანა. თუმცა თანამედროვე სურათი კიდევ უფრო სხვაგავრად გამოიყურება ამ საკითხთან მიმართებაში. 

ჯერ კიდევ დაახლოებით 2000 წლამდე საქართველოში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით განმარტება ხდებოდა. ანუ მრევლის წევრებს ეკრძალებოდათ უსაფუძვლოდ ადამიანების დადანაშაულება და მათი მცდარი მორალური შეფასების გაკეთება. შესაბამისად, მოკლე მორალურ მოწოდებებში ფიგურირებდა მთლიანი მუხლი: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ.“ მაგრამ ამ პერიოდში სამოქალაქო სექტორის მხრიდან მომძლავრდა ეკლესიის კულტურული და პოლიტიკური საქმიანობის კრიტიკა. სწორედ ამ ფონზე დადგა საჭიროება შეეძინა ვიწრო მნიშვნელობა ზმნას: განკითხვა. ფართო სემანტიკური და კონტექსტუალური გაგებიდან მთლიანად გამოირიცხა საყოველთაოობა. დღესდღეობით ამ ცნების მორალური მნიშვნელობა მხოლოდ სასულიერო პირებს მიემართება და მათ მიმართ კრიტიკული აზრის აბსოლუტურად უქონლობას ემსახურება. შესაძლოა, ენათმეცნიერებსა და სემიოტოლოგებს სასაცილოდ მოეჩვენოთ, თუ როგორ ადვილად ჩანაცვლდა ამ სიტყვის პირვანდელი გაგება გამოგონილით, მაგრამ ვერბალური კომუნიკაცია ხშირად აკადემიურ პუბლიკაციებზე ძლიერი და ეფექტურია.

ანალოგიურ მოვლენას ადგილი ჰქონდა შუასაუკუნეების ევროპაშიც, როდესაც ეკლესიის მიერ პავლე მოციქულის ეპისტოლის (რომ. 11,20) მუხლის: ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს (noli altum sapere, sed time)- არასწორ ინტერპრეტაციას იყენებდა, დაეშინებინა ადამიანები და აეძულებინა ისინი, უარი ეთქვათ შემეცნებაზე. მხოლოდ ამ ერთი მუხლის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე შექმნილი მოძღვრების უსაფუძვლობის დამტკიცებას საუკუნეები და მოაზროვნეთა თაობები დასჭირდა. სწორედ ამ ჭიდილში დამკვიდრდა ჰუმანისტების მიერ ერაზმ როტერდამელისაგან მომდინარე დევიზი - Sapere aude. ეს მოწოდება ქართულად ითარგმნება, როგორც: გაბედე აზროვნება, და იგი განმანათლებლობის სიმბოლოდ იქცა (გინძბურგი კარლო, ნაკვალევები მითები მიკროისტორია, 2011, მაღალი და დაბალი.აკრძალული ცოდნის თემა XVI და XVII საუკუნეებში გვ.170-190). სამწუხაროდ, ხშირად გაბედული აზროვნების დასაწყისს პიროვნებები უყრიან ხოლმე საფუძველს, ისევე, როგორც პიროვნებებს შეუძლიათ დაამხრუჭონ ის. საბოლოო სახე სასულიერო პირების მიმართ ყოველგვარი კრიტიკული აზრის გაქრობის, მოსპობის, მათი გაკერპების და მათი ყველა ნაბიჯის გამართლებისა ყველაზე თვალსაჩინოდ მაინც კათოლიკოს - პატრიარქ ილია II-ის ფიგურასთან მიმართებაში ჩამოყალიბდა.სწორედ ამ ადამიანთან დაკავშირებულ დისკუსიებში იჩენს ხოლმე თავს მთელი სიმყიფე და პრობლემურობა ხსენებული საკითხისა.
სტატიის სრული ვერსია

ავტორის შესახებ
მირიან გამრეკელაშვილი
დაიბადა 15.08.1983. 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 2006 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა და დემოკრატიისათვის“(http://ycpdgeo.wordpress.com/).
2008 წლიდან იმყოფება გერმანიაში, სადაც ქალაქ აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე წერს სადოქტორო ნაშრომს თემაზე ,,კულტურული მეხსიერება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი იდენტობა


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий