четверг, 15 августа 2013 г.

National Geographic-ის მიხედვით : 2011 წლის ტოპ 10 აღმოჩენა


ახლად აღმოჩენილი პლანეტა, რომელსაც ჩვენგან 36 სინათლის წელიწადი აშორებს, შესაძლოა ყველაზე მეტად ჰგავდეს დედამიწას, თუკი მასზე საკმარისი რაოდენობით იქნება ღრუბლები. მყარი პლანეტის აღმოჩენის ამბავი National Geographic-ის რიგით მეათე ყველაზე პოპულარული სიახლე იყო კითხვადობის მხრივ 2011 წელს.
ასტრონომებმა პლანეტას სახელად HD85512b შეარქვეს. აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პლანეტა მდებარეობს იალქნის თანავარსკვლავედში და გარს უვლის ნარინჯისფერ ჯუჯა ვარსკვლავს. ეს ადგილი სიცოცხლისთვის ვარგისი და დასახლებადია. HD85512b-ის აღმოსაჩენად გამოიყენეს მაღალი გარჩევადობის სხივური სიჩქარის პლანეტების მაძიებელი, იგივე HARPS, რომელიც სამხრეთ ევროპის ლაბორატორიაში მდებარეობს.


შესაძლებელია ეს ნახევრად მოოქროვილი ვადა ეკუთვნოდეს ცნობილი ინგლისელი მეკობრის “შავწვერას” (Blackbeard) ხმალს? ალბათ ამის ზუსტად გაგება შეუძლებელია, თუმცა ის აღმოაჩინეს ჩრდილო კაროლინაში, ხომალდ “დედოფალ ანას შურისძიების” ნარჩენებში. სწორედ ამ გემს მართავდა მე-18 საუკუნის სახელგანთქმული მეკობრე.
“დედოფალ ანას შურისძიების” ნაშთების კვლევას მეცნიერებმა 1997 წლიდან მიჰყვეს ხელი. ხმლის ვადას სხვადასხვა ნივთებთან და ნარჩენებთან წააწყდნენ და ერთ-ერთი ბოლო აღმოჩენა იყო გემზე, რომელიც ფართო საზოგადოებას იანვარში წარუდგინეს.



არქეოლოგი ბრიჯიტ კოვაჩევიჩი პირამიდაში მდებარე მძარცველების გვირაბის შესასვლელთან ზის ქალაქ ჰოლტუნში, მაიას ტომის უძველეს ნასახლარში, რომელიც ითარგმნება, როგორც “ქვის თავი”. აპრილში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, სამგანზომილებიანი რუკის შექმნამ გამოააშკარავა, რომ გვატემალის ჯუნგლების ტერიტორიაზე ასობით უძველესი შენობა მდებარეობს.
GPS და მანძილის ელექტრონულად გასაზომი ხელსაწყოების მეშვეობით მკვლევარებმა შეადგინეს გეგმა 7 სართულიანი პირამიდის, უძველესი ასტრონომიული ობსერვატორიის, რიტუალური ბურთით სათამაშო მოედნის, რამდენიმე ქვის საცხოვრებელი ადგილისა და სხვა სტრუქტურების ადგილმდებარეობისა და სიმაღლეების შესახებ.

დედამიწის სავარაუდო ტყუპი პლანეტა მზის მსგავს ვარსკვლავს უვლის გარშემო და ჩვენგან 600 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. ეს აღმოჩენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ პლანეტას სიცოცხლისთვის ვარგისი პირობები აქვს. ამის შესახებ “ნასამ” განცხადება დეკემბერში გაავრცელა.
კეპლერის კოსმოსური მისიის მიერ აღმოჩენილ პლანეტას Kepler-22b ეწოდა. ზომით ნეპტუნზე პატარაა და მდებარეობს დასახლებისთვის ვარგის ზონაში, რომელსაც ბაიას ზონას უწოდებენ. პლანეტის ზედაპირი არც ძალიან ცხელია და არც ძალიან ცივი თხევადი წყლისთვის – შესაბამისად სიცოცხლის იმ ფორმებისთვის, რომლებიც ამ მომენტისთვისაა ცნობილი.

ახლა კი გადავიდეთ დიდ თევზებზე – საექსპედიციო გუნდმა დაიჭირა და მოგვიანებით გაუშვა უდიდესი დიდი თეთრი ზვიგენი, რომელიც მანამდე ნაპოვნ ყველა თანამოძმეს აღემატება. 5.5 მეტრი სიგრძის მონსტრი მამრი პირველად მექსიკაში, გვადალუპეს კუნძულზე შენიშნეს 2009 წლის შემოდგომაზე.
ცხოველმა აჯობა მანამდელ მდედრ რეკორდსმენს, რომლის ზომაც 5.1 მეტრი იყო და კიმელი ერქვა. ორივე რეკორდი არაოფიციალურია და არ ჰქონია მხარდაჭერა რომელიმე ორგანიზაციისგან.


სოკოს სახეობა Ophiocordyceps camponoti-balzani იზრდება “ზომბი” ჭიანჭველას თავზე ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში. თავდაპირველად ეს დუეტი ერთი არსება ეგონათ და უწოდეს Ophiocordyceps unilateralis, თუმცა სინამდვილეში ჭიანჭველასთან ერთად სოკოს 4 სახეობა გვხვდება. მეცნიერების თქმით, ისინი ჭიანჭველას “გონებას აკონტროლებენ”.
ამ სოკოებს შეუძლიათ დააავადონ ჭიანჭველა, დაეუფლონ მის ტვინს და შემდეგ მოკლან, რის შემდეგაც სოკო გადაინაცვლებს ახალ და უკეთეს გარემოში, სადაც უფრო თავისუფლად შეძლებს სპორების გავრცელებას.


3 კვირიანი ნადირობის შემდეგ ფილიპინელებმა 6.4 მეტრი სიგრძის ნიანგი დაიჭირეს. სექტემბერში გავრცელებული განცხადების თანახმად, ის შეიძლება ყველაზე დიდი ნიანგი იყოს, რაც აქამდე ადამიანების ხელში ჩავარდნილა. 1075 კგ წონის ცხოველი ეჭვმიტანილია რამდენიმე ადამიანზე თავდასხმაში და მათგან ორის დახოცვაში. ცხოველს სახელად ლოლონგი უწოდეს და სპეციალურ შემოღობილ ადგილას გაუშვეს ტყვეობაში.
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ტყვეობაში მყოფი ყველაზე დიდი ნიანგი 5.48 მეტრი სიგრძის იყო და ავსტრალიაში დაიჭირეს. ზოოლოგ ადამ ბრიტონის თქმით, გინესის წესების გამო ლოლონგს მოუწევს 2012 წლის მარტამდე მოცდა, ამის შემდეგ კი მოხდება მისი შემოწმება და ოფიცალურ რეკორდსმენად აღიარება.


იელოსტოუნის ეროვნულ პარკში სუპერვულკანი გააქტიურდა, რამაც გარშემო რამდენიმე კმ-ის რადიუსში მიწა მკვეთრად დააზიანა.
მდუღარე ვულკანს ბოლო 2.1 მილიონი წლის განმავლობაში სამი ძირითადი ამოიფრქვევა ჰქონდა და თითოეული ათასჯერ უფრო მძლავრი იყო, ვიდრე 1980 წელს მომხდარი ამოფრქვევა წმინდა ელენეს მთაზე (ვაშინგტონის შტატი).
იელოსტოუნის კალდერა (კალდერა – წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული), რომელიც ფარავს 40-60 კმ-ს ვაიომინგის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში, უძველესი კრატერია და მისი ფორმირება დაიწყო ბოლო დიდი ამოფრქვევის შემდგომ, რაც 640 000 წლის წინ მოხდა.




ძალიან იშვიათი ცალთვალა ზვიგენი, რომელიც იმავდროულად ალბინოსიცაა, ოქტომბრის თვეში აღმოაჩინეს მექსიკაში. 56 სმ სიგრძის ჩანასახს თავის წინა მხარეს ერთადერთი, მაგრამ ფუნქციონირებადი თვალი აქვს. ცალი თვალის ქონა დამღაა იმ თანდაყოლილი დარღვევისა, რომელსაც ციკლოპიას უწოდებენ. ციკლოპია შემჩნეულია ცხოველთა სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის ადამიანშიც.
ციკლოპი ზვიგენები მეცნიერებს წარსულშიც რამდენჯერმე დაუფიქსირებიათ. მიზეზი, რის გამოც ყველა მათგანი ჩანასახია და არა განვითარებული ან ზრდასრული თევზი, ისაა, რომ ამ დაავადების გამო ველურ ბუნებაში დიდხანს ვერ ძლებენ.


ტიტანისგან დამზადებული ჯაშუშური თვითმფრინავის Lockheed A-12-ის პროტოტიპი თავდაყირა დგას ზონა 51-ის (Area 51) ტერიტორიაზე და რადარული ტესტისთვის ემზადება. ზონა 51 ოფიციალურად დღემდე არ არსებობს.
ნევადას ბაზაზე შენახული ცივი ომის დოკუმენტების დეკლასიფიკაციის შემდეგ მანამდე უცნობმა ინფორმაციებმა თანდათან დღის სინათლე იხილეს. მათ შორის იყო A-12-ის მარცხი და ამ ამბის დაფარვა. ამის შესახებ საზოგადოებას National Geographic-მა მაისში ამცნო.
ზონა 51 ცივი ომის მონაწილეებმა შექმნეს და უსაფრთხოების ზეთანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვეს. ის გამიზნული იყო აერონავტიკულ პროექტებზე სამუშაოდ ცნობისმოყვარე თვალებისგან მოშორებით. გასული საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში ზონა 51-ის ტოპ საიდუმლო პროგრამამ OXCART-მა ააგო თვითმფრინავი Lockheed A-12 მის წინამორბედზე, ასევე ჯაშუშურ თვითმფრინავ Lockheed U-2-ზე დაყრდნობით სპეციალურად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის (CIA).
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий