вторник, 27 августа 2013 г.

კომეტა ISON – მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა ცის კამარაზე


კოსმოსის სიღრმიდან მზეს უახლოვდება კომეტა, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე კაშკაშა იქნება XXI საუკუნეში, თუ ის, რა თქმა უნდა, მზესთან საშიშ მიახლოებას გადაურჩა. მეცნიერებსა და ჟურნალისტებს არა ერთხელ განუცხადებიათ, რომ ცის კამარაზე მორიგი ყველაზე კაშკაშა „საუკუნის კომეტა" გამოჩნდება, თუმცა ეს წინასწარმეტყველება ყოველთვის არ გამართლებულა.

მზესთან დაახლოვების შემდეგ ყველა კომეტა მზის სისტემის განაპირას მდებარე თავის „მშობლიურ" ადგილებს ყოველთვის როდი უბრუნდება. ხშირად კომეტა გზაში იშლება ან იღუპება. განსაკუთრებით საშიშია გზის მონაკვეთი მზის მახლობლად. მზის ნივთიერების ნებისმიერმა გიგანტურმა გამონაყოფმა კომეტას შეიძლება „კუდი" მოაგლიჯოს. სირთულეები იწყება მაშინ, როცა კომეტა მარსის ორბიტას მიაღწევს. მზის გამოსხივება მას ახურებს, ეს კი პირველი ნაბიჯია დაშლისაკენ: კომეტა ხომ აირისა და ყინულისაგან შედგება. ესაა, ფაქტობრივად, ჩვენი ვარსკვლავური სისტემის „ბავშვობის" დროს შექმნილი უზარმაზარი „ბინძური" თოვლის „გუნდა". ცენტრისაკენ მიმავალ გზაზე ესა თუ ის კომეტა რომც გადარჩეს, მზის ზედაპირის მახლობლად ინტენსიურმა გამოსხივებამ შეიძლება ის მთლიანად გაანადგუროს პერიჰელიუმის გავლის მომენტში.
000000comet ison
ISON კომეტას ეს გამოსახულება გადაიღო კოსმოსურმა ტელესკოპმა „Hubble" ამა წლის 30 აპრილს, როცა ის დედამიწისაგან დაახლოებით 400 მილიონი კილომეტრის მანძილზე იყო.

ამა წლის აპრილში მასმედიის საშუალებებში გაჩნდა კოსმოსური ტელესკოპით – „Hubble" გადაღებული ახალი კოსმოსური სტუმრის გამოსახულება. ეს კომეტა აღმოჩენილ იქნა 2012 წლის 21 სექტემბერს მოყვარული ასტრონომების, ვიტალი ნევსკისა და არტემ ნოვიჩონკოს მიერ, ISON (International Scientific Optical Network – საერთაშორისო სამეცნიერო ოპტიკური ქსელი) პროექტის ფარგლებში, კისლოვოდსკის მახლობლად მდებარე ობსერვატორიის 40-სამტიმეტრიანი რეფლექტორის მეშვეობით. მოგვიანებით კომეტის გამოსახულება სხვა ასტრონომთა უფრო ადრეულ სურათებზეც აღმოაჩინეს. აღმოჩენის მომენტისათვის კომეტას ჰქონდა მე-18 ვარსკვლავური ზომა, მისი დიამეტრი დაახლოებით 18 კმ შეადგენდა, მას გააჩნდა 50 ათასი კილომეტრის ზომის კომა (მტვრისა და აირის შარავანდი). მაშინ არ იყო რაიმე ნიშნები იმისა, რომ ის „საუკუნის" ან თუნდაც „ათწლეულის" კომეტა გახდებოდა. მაგრამ ჩვენი სისტემის ცენტრთან მოახლოვების კვალობაზე ნათელი გახდა, რომ ნოემბერში საოცარი სანახაობა გველოდება – ISON კომეტა შეიძლება ისეთივე კაშკაშა აღმოჩნდეს, რომ მთვარე განახლების (ახალი მთვარის) პერიოდში: კომეტის სიკაშკაშემ შეიძლება მიაღწიოს მინუს მეცამეტე ვარსკვლავურ სიდიდეს. გამორიცხული არ არის, რომ შესაძლებელი იყოს მისი დანახვა დღის ცაზე მზის მახლობლად.
მაგრამ ჯერ-ჯერობით სრული დარწმუნებით ამის თქმა ჯერ არ შეიძლება. გარანტია იმისა, რომ ISON კომეტის, მშვენიერი ლავჯოის, ბედს არ გაიზიარებს, არ არსებობს. შესაძლოა, რომ ის დაიღუპება, როგორც ელენინის კომეტა.
ISON კომეტამ ჩვენი მზის სისტემის განაპირზე მდებარე ღრუბელი სახელწოდებით „ოორტა" დატოვა და ამჟამად მზისაკენ მიმავალ გზაზეა. 2013 წლის 28 ნოემბერს ის მიაღწევს მზესთან მაქსიმალური მიახლოვების წერტილს – მილიონი კილომეტრი მზის ზედაპირიდან.
მეცნიერებისათვის ISON კომეტა ძალიან მნიშვნელოვანია – მისი ორბიტა მიუთითებს, რომ ესაა მზისაკენ მისი პირველი მოგზაურობა. კომეტას შეიძლება „დროის კაფსულაც" კი ვუწოდოთ – ის ხომ იმ ნივთიერებისაგან შედგება, რომლიდანაც მზის სისტემა ჩამოყალიბდა.
კომეტა რომც ვერ გადარჩეს და ლამაზი სანახაობა არ გვაჩუქოს, ის გამოადგება მეცნიერებს, რომლებმაც , შეიძლება ითქვას, „საჩუქარი" უკვე მიიღეს – ისინი მას არაერთი თვე აკვირდებიან.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий