მეცნიერთა აზრით, „ირმის ნახტომის" გალაქტიკის „ანდრომედასთან" შეჯახება უარყოფს აინშტაინის თეორიასა და შავი მატერიის არსებობას. ასტრონომი, დოქტორ ჰონგშენგ ჩჟაო (Hongsheng Zhao) სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტიდან ვარაუდობს, რომ 10 მლრდ. წლის წინ ირმის ნახტომი ანდრომედას გალაქტიკას შეეჯახა და არსებული წარმოდგენები გრავიტაციის შესახებ ძირეულად მცდარია.
მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი, დაახლოებით 3 მლრდ. წლის წინ მეზობელ ანდრომედას გალაქტიკას შეეჯახა, თანაც ეს ჩვენი გალაქტიკის ისტორიაში პირველი შეჯახება იყო. მაგრამ ახლა ევროპელ ასტრონომთა გუნდმა ჩჟაოს მეთაურობით წარმოადგინა ახალი კონცეფცია ამ მოვლენისა: შეჯახება მოხდა ერთხელ, მაგრამ გაცილებით უფრო ადრე – 10 მლრდ. წლის წინ. იმის გათვალისწინებით, რომ შეჯახებამ გალაქტიკათა ევოლუციაზე გავლენა მოახდინა, უფრო ადრეული შეჯახების ფაქტი ეწინააღმდეგება ჩვენ წარმოდგენას გრავიტაციის შესახებ. ამის მიუხედავად, სწორედ ჩჟაოს ჰიპოთეზა იძლევა ირმის ნახტომისა და ანდრომედას, აგრეთვე მათი თანამგზავრების სტრუქტურაში ზოგიერთი უცნაური მოვლენის ახსნის საშუალებას.
ანდრომედას გალაქტიკა (ანდრომედას ნისლეული)
200 მლრდ. ვარსკვლავისაგან შემდგარი ირმის ნახტომი ლოკალური გალაქტიკათა ჯგუფის ნაწილია. ასტროფიზიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ლოკალური გალაქტიკათა ჯგუფის ნივთიერების ძირითადი მასა უხილავია, ვინაიდან ის ეგრეთ წოდებული „შავი მატერიისაგან" შედგება. კოსმოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ სამყაროში შავი მატერიის რაოდენობა ჩვეულებრივი მატერიის მოცულობას 5-ჯერ აღემატება. თუმცა დოქტორ ჩჟაოს და მის გუნდს საკითხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს .
დოქტორ ჩჟაო და მისი გუნდი ამტკიცებს, რომ ამჟამად ნებისმიერი გალაქტიკის ან გალაქტიკათა შედარებით მცირე ჯგუფის ზოგადი გრავიტაციული მიზიდვის წინასწარმეტყველების ერთადერთი ხერხია იმ მოდელის გამოყენება, რომელიც 1983 წელს პირველად შეთავაზებული იქნა ვაიცმანის უნივერსიტეტის პროფესორის, მორდეჰაი მილგრომის მიერ. ეს გრავიტაციის მოდიფიცირებული თეორია (შემოკლებულად – „MOND") აღწერს, თუ როგორ იქცევა გრავიტაცია დიდი მასშტაბის შემთხვევაში. MOND თეორიის თანახმად, ის ისე არ იქცევა, როგორც ამას ნიუტონისა და აინშტაინის თეორია აღწერს.
დოქტორ ჩჟაომ და მისმა გუნდმა MOND თეორია პირველად გამოიყენეს ლოკალური გალაქტიკათა ჯგუფის მოძრაობის გაანგარიშებისათვის. შედეგმა აჩვენა, რომ ირმის ნახტომისა და ანდრომედას შეჯახება მოხდა არა სამი, არამედ ათი მილიარდი წლის წინ. გრავიტაცია დიდი მასშტაბის შემთხვევაში ტრადიციული მოდელის შესაბამისი რომ ყოფილიყო, ახლა არა ირმის ნახტომში ვიცხოვრებდით, არამედ ორი გალაქტიკის კონგლომერატში. „შავი მატერია" ორ გალაქტიკას „შეაწებებდა", წებოს მსგავსად, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ. შესაბამისად, იბადება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად მართებულია სამყაროს თანამედროვე მოდელი და „შავი მატერიის" არსებობა.
სქემატური გამოსახულება, რომელზეც ნაჩვენებია ანდრომედას (მარჯვნივ) შეჯახება ირმის ნახტომთან (მარცხნივ). ორი გალაქტიკა დაშორდა ერთმანეთს 3 მლრდ. სინათლის წლის ტოლი მანძილით, ახლა კი ისინი ისევ უახლოვდება ერთმანეთს.
დოქტორ ჩჟაო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ დავუშვებთ, რომ „შავი მატერია" არ არსებობს, უფრო ადგილია იმის ახსნა, თუ რატომ არ „შეეწება" ერთმანეთს ორი გალაქტიკა შეჯახებისას. ორი გალაქტიკა მიუახლოვდა ერთმანეთს „წებოს" გარეშე, ამ შეჯახებას მოჰყვა მცირე გალაქტიკების „ნამსხვრევების" გაფანტვა (თანამედროვე სამყაროში ამას ვხედავთ), შემდეგ კი ისევ დაიწყო მათი დაშორება. „შავი მატერიის" უზარმაზარი მასის არსებობა ასეთ სცენარს შეუძლებელს ხდის და არ იძლევა ირმის ნახტომისა და ანდრომედას გარშემო ჯუჯა გალაქტიკების განაწილების ახსნის საშუალებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий