ყველაზე განვითარებულმა, კარგი ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანმაც შეიძლება დაიჯეროს ყალთაბანდის მიერ მოყოლილი ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო ტყუილის გამოაშკარავება. რატომ ხდება ასე? Case Western Reserve University მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თავის ტვინის მიერ ნეირონთა იმ ქსელის აქტივაციის დროს, რომელიც ემპათიას (თანაგრძნობას) აღძრავს, ითრგუნება ანალიზისათვის გამოყენებული ქსელი.
ცხადია, რომ როცა ჩვენი „შიდა ანალიტიკოსი" დათრგუნულია, სიტუაციის საღად შეფასებისა და ყალთაბანდის გამოცნობის უნარი მკვეთრად ქვეითდება. მთლიანობაში თავის ტვინის აქტიურობა ნაწილდება სოციალურ იმპულსებსა და ანალიზს შორის. მაგრამ რეალური ამოცანების დასმისას ჯანმრთელი მოზრდილის თავის ტვინში ხდება შესაბამისი ნეირონული ქსელის აქტივაცია. კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ნეირონის „გამტარობის უნარიც" გარკვეულწილად იზღუდუბა, ანუ შეუძლებელია ერთდროულად გამოავლინო გულისხმიერებაც და საღი ანალიზის უნარი. ნაშრომის ავტორების თქმით, საჭიროა თავის ტვინში ორი ნეირონული ქსელის კონკურენციის შესახებ არსებული თეორიების გადახედვა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში „Neuroimage". ადრე ჩატარებულ კვლევათა რიგმა აჩვენა, რომ ადამიანის თავის ტვინში აქტიურია ორი მსხვილი ნეირონული ქსელი. ერთი მოქმედებს უძრაობის მდგომარეობაში, მეორე კი ამოცანების მიზანმიმართული გადაწყვეტისას. მაგრამ აზრი ამ აქტივობათა მექანიზმის შესახებ გაიყო. ერთი თეორიის თანახმად, ჩვენი ერთი ქსელი ამოცანათა გადაწყვეტაში მონაწილეობს, მეორე კი უკონტროლო ფიქრის საშუალებას გვაძლევს. სხვა თეორიის თანახმად, ერთი ქსელი პასუხს აგებს გარეთ მიმართულ ყურადღებაზე, მეორე კი თვითკონტროლით არის დაკავებული. ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა გარე გამღიზიანებელი – „სოციალურიც" და „ანალიტიკურიც" – პრობლემის გადასაწყვეტად თანამიმდევრულად იკავებს ყველა ნეირონულ ქსელს. ამ დროს დანარჩენი ყველა სხვა ქსელი ითრგუნება. „პრობლემის ემპირიული და მეცნიერული გაგება ერთმანეთისაგან მოწყვეტილია და ეს დიდი ხანია ცნობილია", – განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ენტონი ჯეკმა. – 2006 წელს ფილოსოფოს ფილიპო რობინსთან ერთად წამოვაყენეს სრულიად გიჟური ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ეს „ახსნითი ხარვეზი" სინამდვილეში განპირობებულია ჩვენი ნეირონული სტრუქტურებით. ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ექსპერიმენტული შედეგები ამ თეორიას შეესაბამება". ახალი თეორია კიდევ უფრო ცხადი ხდება, როცა მისი მეშვეობით ავხსნით ზოგიერთ ფსიქიკურ დაავადებას – მაგალითად აუტიზმსა და უილიამსის სინდრომს. აუტიზმის შემთხვევაში ხშირად აღინიშნება ვიზუალურ-სივრცითი ამოცანების ამოხსნის ძალიან მაღალი უნარი, თუმცა სოციალური ჩვევები ძალიან ცუდია. უილიამსის სინდრომის შემთხვევაში კი გვაქვს საპირისპირო სურათი – ადამიანი ძალიან თბილი და კეთილმოსურნეა, მაგრამ მას არ ძალუძს უმარტივესი ტესტის შესრულება. მაგრამ ჯანმრთელი მოზრდილიც კი ერთი ქსელის იმედად ვერ იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий