მინესოტას უნივერსიტეტის მაგნიტურ-რეზონანსურ კვლევის ცენტრის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ნეირონების მცირე ჯგუფი, რომელიც დროის გაზომვაში მონაწილეობს, ანუ იმ პროცესში, რომლის ლაბორატორიული კვლევა დღემდე ვერ ხერხდებოდა. საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჟურნალში – „PLoS Biology" – ახლახანს გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერებმა აღწერეს ცდაში მონაწილე მაიმუნების წინაშე დასმული ამოცანა, რომლის გადაწყვეტა ეფუძნება დროის შიდა შეგრძნებას.
ამასთანავე, ექსპერიმენტის ფორმატი გამორიცხავდა ნებისმიერ ისეთ გარე სიგნალს, რომელსაც შეეძლო „საათის" როლის შესრულება. მაიმუნებს ასწავლეს თვალების სინქრონული მოძრაობა მუდმივი დროის შუალედით – ყოველგვარი გარე მინიშნების თუ დაუყოვნებელი ჯილდოს მოლოდინის გარეშე. აღმოჩნდა, რომ სენსორული ინფორმაციის დეფიციტის მიუხედავად, მაიმუნები სრულიად ზუსტად იცავდნენ დროის შუალედს. ეს განპირობებული იყო თავის ტვინის კონკრეტული ზონის – ეგრეთ წოდებული „გვერდითი შიდათხემური ზონის" (lateral intraparietal, LIP) აქტიურობით. საინტერესოა, რომ ექსპერიმენტის მსვლელობისას აღმოჩენილი LIP-ზონის აქტიურობა განსხვავდებოდა წინა კვლევის პროცესში გამოვლენილი აქტიურობისაგან, რომლის დროსაც გარე სიგნალის ან ჯილდოს მოლოდინის გამორიცხვა ვერ მოხერხდა. „დროის მიმდინარეობსთან დაკავშირებული აქტივობის შემსწავლელი სხვა კვლევებისაგან განსხვავებით აღმოვაჩინეთ LIP-აქტიურობის შემცირება პერიოდულ მოძრაობებს შორის პერიოდში, – განაცხადა მკვლევარმა, დოქტორ ჯოფრი გოუზმა, მინესოტას უნივერსიტეტის ნევროლოგიის ადიუნქტ-პროფესორმა. – არანაკლებად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცხოველის დროის გრძნობა იცვლება ნეირონების აქტიურობის შეცვლის კვალობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ნეირონების აქტიურობა შიდა საათის როლს თამაშობს". ასეთი შედეგი ნიშნავს, რომ თავის ტვინს არ გააჩნია რაღაც „მთავარი საათი", რომლის მეშვეობითაც წყდება დროის გაზომვასთან დაკავშირებული ყველა ამოცანა. პირიქით, კონკრეტულ მოქმედებაზე პასუხისმგებელ თავის ტვინის თითოეულ ჯაჭვს ძალუძს დროის სიგნალის დამოუკიდებლად გატარება. შემდგომი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმის გაგება, თუ პრაქტიკისა და დასწავლის შედეგად როგორ წარმოიქმნება ესოდენ ზუსტი სიგნალები და როგოც ზემოქმედებს ასეთი სიგნალი ქცევაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий