вторник, 27 августа 2013 г.

ასპირინი დნმ-ის მუტაციას ანელებს და კიბოს ებრძვის

000000000000000aspirin-Cochrane-Systematic-Review

დიდი ხნის წინ მეცნიერებმა დაგვაიმედეს, როცა გვაცნობეს, რომ ასპირინი კიბოსთან ბრძოლაში გვეხმარება. მაშინ ამ „დახმარების" მექანიზმი უცნობი იყო, მაგრამ ახლა უკვე ცნობილია, რომ ასპირინი ანელებს ანომალურ უჯრედებში დნმ-ის მუტაციების დაგროვებას. ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ინტერნეტ-ჟურნალში PLOS Genetics.

ასპირინი და მისი მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები აფერხებს კიბოს განვითარებას დნმ-ის მუტაციების სიხშირის შემცირების ხარჯზე. ასეთია კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-ფრანცისკო, აშშ) მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნა. ეს კვლევა დაახლოებით ათი წელი გრძელდებოდა და სხვადასხვა ასაკისა და სქესის პაციენტს შეეხო. კიბოს უჯრედებზე ასპირინის გავლენის მექანიზმის გამოსავლენად მეცნიერებმა შეისწავლეს კიბოს წინა მდგომარეობის (ბარეტის სინდრომის) მქონე 13 პაციენტის ბიოფსიის შედეგად მიღებული ქსოვილი. მრავალწლიანი დაკვირვების პროცესში ბიოფსიის მასალას აღებული იყო რამდენჯერმე.
ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტები ორ ჯგუფად გაიყო. პირველი ჯგუფი იღებდა ასპირინს ყოველდღიურად რამდენიმე წლის განმავლობაში, მეორე კი – არა. მეორე ჯგუფმა ასპირინის მიღება მხოლოდ საბოლოო გამოკვლევისას დაიწყო. ეს ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა ქსოვილებში დნმ-ის მუტაციების სიჩქარის შესწავლას.

ასპირინი ანელებს ანომალურ უჯრედებში დნმ-ის მუტაციებს და, შესაბამისად, ხელს უწყობს კიბოსთან ბრძოლას.

სხვადასხვა ეტაპზე აღებული ბიოფსიის შესწავლამ აჩვენა, რომ ასპირინის მიღებისას მუტაციის სიჩქარე ნელდება – მუტაცია 10-ჯერ უფრო ნელა მიმდინარეობს. კიბოს უჯრედებში მუტაცია გროვდება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ უჯრედში. თანდათან მუტაცია იმ სტადიამდე მიდის, როცა სიმსივნის ზრდა უკონტროლო ხდება, კიბოს უჯრედები კი – რეზისტენტული (მდგრადი) წამლის მიმართ. ასპირინი, რომელიც ანელებს ანთებით პროცესებს, ანელებს დნმ-ის მუტაციებსაც და, მაშასადამე, არ აძლევს კიბოს უჯრედებს უმართავ სტადიამდე განვითარების საშუალებას. ჩატარებული კვლევის ყველა მონაწილეს მუტაცია შეუნელდა, კიბოთი მხოლოდ ერთი ადამიანი დაავადდა – მას ასპირინის მიღების მომენტისათვის უკვე უამრავი მუტაცია ჰქონდა. კალიფორნიელ მეცნიერთა თქმით, ახლა ცხადია, რომ კიბოს მკურნალობისას მთავარია საშიში მუტაციის განვითარების აღმოფხვრა. სხვა ყველაფერთან ერთად კიბოს უჯრედისათვის მუტაცია წამლის მიმართ რეზისტენტულობის შემუშავების საშუალებაცაა.
ახლა საჭიროა დამატებითი კვლევის ჩატარება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, მუტაციის სიხშირესა და კიბოს განვითარებას შორის კავშირის შესასწავლად. მეცნიერები აგრეთვე კვლევის გაფართოებას გეგმავენ და ფილტვის კიბოს შესწავლას.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა იყო პირველი კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ასპირინის ზეგავლენით დნმ-ის მუტაციების სიჩქარის შესწავლას. ესაა ბარეტის სინდრომის (საყლაპავი მილის დაავადება) მქონე პაციენტებზე 10-წლიანი დაკვირვება. სტატისტიკის თანახმად, ეს დაავადება უფრო ხშირად უვითარდება საშუალო და ხანდაზმული ასაკის ევროპული რასის მამაკაცებს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий