среда, 14 августа 2013 г.

ქართული სახელმწიფო წარმართულ და ქრისტიანულ ეპოქათა მიჯნაზე


ქრისტიანული სარწმუნოება ჰუმანიზმით, კაცთმოყვარეობით სრულიად გამორჩეულია. ამიტომ სიტყვა “ქრისტიანული” თავისთავად გულისხმობს კეთილშობილურს, ამაღლებულს. დავით ებრაელთა მეფის 89-ე ფსალმუნის თანახმად, იესო ქრისტე არსებობდა “პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქვეყანისა”. ათანასე ალექსანდრიელის განმარტებით, “იმის გამო, რომ უფალს ხორცშესხმულს ხედავდნენ, მას უბრალო ადამიანად თვლიდნენ და ამბობდნენ ერგასის წლის არა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა?  სწორედ ის, რომ არ აღიარეს მათ ღმრთეება, გახდა მათი დაცემის უმთავრესი მიზეზი, ამიტომ მისი ამჟამად ამღიარებელნი აშკარად აცხადებენ, რომ იგი სუფევდა ყველა ქმნილებათა უწინარეს და თანაარსია მამისა”. ამ აზრით, ქრისტეს მოსვლამდე მცხოვრებ, თუნდაც მოუნათლავ ადამიანთა ყოველი კეთილშობილური ქმედება თავისი შინაარსით ქრისტიანულია. ქართული საისტორიო და სასულიერო მწერლობის თანახმად, “წარმართული” გულისხმობს ზოგადად ღვთისთვის არასათნოს, ამგვარად შეიძლება შეფასდეს არამარტო იმ ადამიანთა ქცევა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენს წელთა აღრიცხვამდე, არამედ იმათიც, ვინც ცხოვრობდა ქრისტეს მოსვლის შემდგომაც.


სახელმწიფო განსაკუთრებული წესით მოწყობილი პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც გააჩნია საშინაო და საგარეო ფუნციები. საშინაო ფუნქციებია ქვეყანაში პოლიტიკური, სამეურნეო და იდეოლოგიური საკითხების გადაწყვეტა, ხოლო სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულება, ურთიერთობა, საგარეო ფუნქციების პრეროგატივაა. ქართული სახელმწიფოს ფუძეჩამყრელები ამაღლებული სულის მქონე ქართველები არიან. მემატიანე მოგვითხრობს: “თარგამოსმა რვავე შვილს გაუყო ქვეყანა და ქართლოს მივიდა პირველად იმ ადგილს, სადაც არაგვი შეერთვის მტკვარსა, გავიდა მთაზე, რომელსაც არმაზი ეწოდება. სიმაგრენი ააშენა მასზე. და იშენა მუნ სახლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა”.
მართალია, დაწვრილებითი ცნობები ქართლოსის შესახებ არა გვაქვს, მაგრამ გამორჩეული თვისებებისა და გონივრული მართვის გამო მისი სახელი დიდხანს უნდა ხსომებოდათ ქართველებს, რადგან მიუჩნევიათ გამორჩეულად სათაყვანო წინაპრად. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ეწოდა აღნიშნულ ტერიტორიას “ქართლი’’. ესეც უნდა ყოფილიყო ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ბერძნებთან “იბერიად” ცნობილ ქვეყანას ადგილობრივი “ქართლი” სახელი
დაუმკვიდრდა. ეს სახელიც წარმომავლობით უფრო პოლიტიკური ერთეულის სახელი უნდა ყოფილიყო და ეთნიკური შინაარსი უფრო გვიან უნდა მიეღო.” ქართლოსის შთამომავლებს გენეტიკურად დაჰყოლიათ უდრეკი სული, მამულის სიყვარული. ძნელბედობის ჟამს წინაპართა
საუკეთესო თვისებები გამოუვლენია ფარნავაზს: “და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი”- ხაზგასმით აღნიშნავს “ქართლის ცხოვრების” ავტორი. დიდ
წინაპართა ღირსეულ შთამომავალს შეეძლო განეხორციელებინა არაერთი ბრძნული ჩანაფიქრი. ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლში დატოვებულ მმართველს, აზოს მთლიანად ძალადობაზე აუგია დამპყრობლური პოლიტიკა, ერთი წინადადებით სასტიკი მმართველის სრული ფსიქოლოგიური პორტრეტია მოცემული: “იყო კაცი ძნელი და მესისხლე.” მისი ბრძანებით ხოცავდნენ არამარტო “ქმნულ-კეთილ” და ახოვან ქართველებს, არამედ რომაელებსაც.
ძალადობაზე დამყარებული პოლიტიკა დიდხანს ვერ იბოგინებდა. ღვთის განგებით ფარნავაზი მხსნელად მოევლინა ქვეყანას. ფარნავაზის სიზმარი იმას მიგვანიშნებს, რომ უფლის ნებით მოხდა განძის პოვნა ნადირობისას. “ცხოვრება ფარნავაზისი” თანამედროვე მკითხველს უთვალისწინებს რა დიდი საქმეები შეიძლება შესრულდეს, განხორციელდეს, როცა არსებობს სიყვარული, ურთიერთდათმობა ქვეყნის გადასარჩენად, მის სასიკეთოდ. უაღრესად მნიშვნელოვანია ფარნავაზ მეფის ღვაწლი, მაგრამ ქუჯის სახით ნათლად შეიცნობა ქვეყნის დიდი პატრიოტი, თავგანწირული ერთგულებისა და სიყვარულის მატარებელი პიროვნება. “შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი. აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი” - ამ სიტყვებით მიმართავს მასთან მისულ ფარნავაზს ქუჯი. ისეთ საოცარ კეთილშობილებას ამჟღავნებს ეგრისის მმართველი, რაც თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებთათვისაც კი სანატრელია. იშვიათად, რომ შეძლოს საერო პირმა სიმდაბლის, ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სათნოების ამგვარად გამოვლენა, რასაც ამჟღავნებს ფარნავაზთან შეხვედრისას ქუჯი.
“ფარნავაზის ცხოვრებაში” წარმოჩენილი აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს გაერთიანება და ერთიანი საქართველოს, “სრულიად საქართველოს” იდეის დამკვიდრების ტენდენცია გამჭოლავად გასდევს აღნიშნულ თხზულებას და ეს იდეა საერთოდ მტკიცედ გამომუშავებული რწმენა იყო მომდევნო ეპოქებშიც, რისი აშკარა დადასტურებაა გრიგოლ ორბელიანისეული შეფასება ფარნავაზის მოღვაწეობისა: “შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა და ერთობისა წესი და ძალი”. ფარნავაზმა არამარტო გაათავისუფლა ქვეყანა უცხოელი დამპყრობლებისაგან, გააძევა აზო, არამედ გააერთიანა ქვეყანა. და ბოლოს, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი: “ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.”(6, 26) რევაზ ბარამიძის მართებული შენიშვნით, “მწიგნობრობის შექმნასა და განვითარებას ერი მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც უამრავი სოციალური და სახელმწიფოებრივპოლიტიკური პრობლემები წარმატებით აქვს დაძლეული, როდესაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დიდ აღმავლობას განიცდის და ყოველივე ამის თანამიმდევრული და ლოგიკური დაგვირგვინებაა სულიერი საგანძურის, მწიგნობრობის დაფუძნება და განვითარება.”
“ქართლის ცხოვრების’’ ავტორი, სხვა მემატიანეთაგან განსხვავებით, არასოდეს აიდეალებს ქართველთა მეფეებს. მირვანის ძის, არშაკის წინააღმდეგ გაილაშქრა ადერკიმ და დაამარცხა. ადერკიმ მოუწოდა სომხებს ქართველების წინააღმდეგ არ ებრძოლათ, რადგან ის იყო უკვე მათი მეფე: “გაფუცებ ღმერთთა თქუენთა, ნუ განმარტებთ მახÂლთა თქუენთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნი არიან ჩემნი. და აწ ვარ მეფე მათი, ძალითა და შეწევნითა თქუენითა.’’ისმინეს
სომეხთა ვედრება მისი და დაადგრეს ადგილსა ზედა”. აღნიშნული ეპიზოდიდან იკვეთება მეფე ადერკის სიყვარული თანამემამულეთა მიმართ. ადერკის გამეფების პირველ წელს იშვა იესო. ავტორი ყვება მცხეთაში ელიოზისა და ლონგინოზ კარსნელის მიერ უფლის კვართის ჩამოტანის შესახებ და აღნიშნავს, რომ მეფე ადერკიმ მოინდომა თვითონ მოერგო კვართი “ფრიად შუენიერებისა მისთÂს მისისა”. წარმართი მეფე კვართს აღიქვამს, როგორც მშვენიერ შესამოსელს. ეს არის მისი უდიდესი შეცდომა. მეფე ადერკი ქრისტიანობაზე არ მოქცეულა, ამიტომ მოწიწებაც არ გააჩნდა წმიდა შესამოსელისადმი. მემატიანე პირუთვნელია აღნიშნული ეპიზოდის გადმოცემისას. ვერავინ შეძლო სიდონიას ხელიდან კვართის დახსნა. სიწმინდე დარჩა წმინდა ასულთან, რომელიც უფლის სიყვარულით იყო სავსე.
რა თქმა უნდა, ქრისტიანობის გავრცელებას ჩვენში ახლდა უამრავი სირთულე. Aადგილობრივი მოსახლეობის მიერ საქრისის ველზე გამართული კამათი სარწმუნოების საკითხებზე გვითვალისწინებს რა აზრთა ჭიდილი არსებობდა ახალი სარწმუნოების მიღებასთან დაკავშირებით. მეფე ადერკი კლარჯეთის ერისთავს განრისხებია, რომ მან მშვიდობით გაუშვა ანდრია მოციქული. უბრძანებია კვლავ ძველ რწმენას დაბრუნებოდნენ მეგრელები, რომელთაც გადაუმალავთ ხატნი და ჯვარნი. წმიდა ანდრია მოციქულის, სვიმეონ კანანელისა და მატათას მიერ ქრისტიანობის ქადაგებას ქართლში სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ მოჰყოლია, თუმცა, საკმაო გავლენა მოუხდენია ქვეყნის კულტურული ცხოვრების წინსვლაზე. მოსახლეობის დიდი ნაწილი მონათლულა, დაუწყიათ ეკლესიათა მშენებლობა. წმიდა ანდრიას ეკლესიის მრევლისათვის დაუდგენია წეს-განგება, რომელსაც სავარაუდოდ, ებრაული ღვთისმსახურების
სახე უნდა ჰქონოდა. წმიდა ანდრიას მიერ ჩვენ ქვეყანაში სამჯერ შემოსვლა მიანიშნებს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ადგილობრივ მცხოვრებთა მიმართ. ვფიქრობთ, მეორედ და მესამედ იმისთვის შემობრძანდებოდა, რომ ეხილა როგორ ახორციელებდნენ მის ნაქადაგარს, კიდევ მიეცა მითითებები, რჩევები. ბიჭვინთის საეპისკოპოსო ტაძარი და დიდაჭარაში არსებული თარანგელის ყელის ტოპონიმით ცნობილ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები მოწმობს, რომ ჩვენში ეკლესიათა მშენებლობას I-II საუკუნეებში ჩაყრია საფუძველი.
“კოლაელ ყრმათა წამება” ასახავს იმ დიდ დაპირისპირებას, რაც წარმართებსა და ქრისტიანებს შორის არსებულა ქრისტიანობის გავრცელების პირველ ხანებში. წარმართ მშობლებს ქრისტიანობაზე ახლადმოქცეული 7-9 წლის ბავშვები გაუმეტებიათ სასიკვდილოდ. “გუელთა და იქედნეთა, ასპიტთა და მÃეცთა იციან წყალობაÁ შვილთა, ხოლო ამათ უსჯულოთა არა ყვეს წყალობაÁ შვილთა მათთათÂს” - გულისტკივილით ამბობს ავტორი. “სამარტვილო”-ანუ მოწამეთა განსასვენებელი ნახსენებია “კოლაელ ყრმათა წამებაშიც”: “და სიმრავლემან ერისამან დაჰკრიბეს ქვაÁ, ვიდრემდის აღავსეს ÃნარცÂ იგი და დაფარნეს ქვითა წმიდანი იგი გუამნი მათნი და მიწაÁ იგი აღმოთხრილი მიასხეს ზედა კერძოსა მათსა. და ექმნა მათ ადგილი იგი სამარხო და სამარტვილო წმიდათა მათ ნაწილთა მათთა”. როგორც უკვე აღნიშნულია ქართულ სამეცნირო ლიტერატურაში შესაძლოა “კოლაელ ყრმათა წამება” შეიქმნა IV-VI საუკუნეებში, რასაც მოწმობს წყალში მონათვლის უძველესი ჩვეულების ასახვა და ადრექრისტიანული ხანის ლიტურგიკის სიმარტივე. ჩვენი აზრით, მართალია, საკითხავში ვერ აისახა II-III საუკუნეების ძველი ქართული ენის ნორმები, მაგრამ ეს შეიძლება მისი მოგვიანო ხანაში გადაწერით აიხსნას. განრისხებული მშობლები მივიდნენ მთავართან “მის ჟამისასა, რამეთუ იგიცა იყო წარმართი,” რჩევის საკითხავად. მან ურჩია, რომ ისინი მათი შვილები იყვნენ და ისე მოქცეოდნენ, როგორც სურდათ. ავტორის თქმით, ხუცესსაც “არა მცირედი ჭირი მიაწიეს, რამეთუ იავარ-ყვეს ყოველი ნაყოფი მისი, და განიყვეს მონაგები მისი. და დასდვეს თავსა მისსა წყლულებაÁ ფიცხელი კნინ
ერთ-და მო-მცა-კლეს და განÃადეს სამკÂდრებელით თÂსით”.
მოსახლეობის ნაწილის ასეთი სისასტიკე მოძღვრის მიმართ იმის მაჩვენებელია, იმჟამინდელი სახელმწიფო სამართლის ნორმები ვერ იცავდა სასულიერო პირებს აგრესიისაგან. წარმართებს არაფერი აბრკოლებდა ასეთი საქციელის საწინააღმდეგოდ. პირიქით, ისინი თავიანთი ქცევის მართებულობაში დარწმუნებულნიც კი არიან. ჩვენი აზრით, ეს ფაქტი მოწმობს, რომ სახელმწიფო რელიგიად ჯერ კიდევ არ იყო იმ დროისათვის გამოცხადებული ქრისტიანობა. ავტორი ხაზს
უსვამს, რომ მთავარი წარმართი იყო.
ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში იბერიის მეფემ, ფარსმან II ქველმა შავ ზღვაზე გასასვლელი მოიპოვა. ამით მტკიცე საძირკველი ეყრებოდა მთელი საქართველოს გაერთიანებას, მაგრამ რომის
იმპერიას დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო თავისთვის უნდოდა, შავი ზღვის სანაპიროზე ბაზებს იქმნიდა, გარნიზონებს აყენებდა. საქართველოს გაერთიანება რომის იმპერიისათვის მიუღებელი იყო. ორი იმპერიის, რომის და პართიის, ასევე სხვა მტრების შემოტევების დიდხანს წარმატებით მოგერიება იბერიისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა და იმ საუკუნეში მან ვერ მოახერხა საქართველოს მტკიცედ გაერთიანება. III საუკუნიდან პართიის სახელმწიფო სასანიანთა ირანმა, სპარსეთმა შეცვალა. იგი თავის წინამორბედზე კიდევ უფრო მეტად აგრესიული გამოდგა ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს მიმართ. ცეცხლითა და მახვილით მაზდეანობასაც ავრცელებდნენ საქართველოში. მაგრამ ქართველმა ერმა მტკიცედ ირწმუნა ქრისტიანობა და სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლაში ჩაება სპარსეთისა და მისი იდეოლოგიის, მაზდეანობის წინააღმდეგ.
“აბიბოს ნეკრესელის მარტვილობაში” მოგვიანებითაა შექმნილი, თუმცა, საკითხავში იდეოლოგიური ხასიათის ბრძოლაა ასახული. ქალაქ ნეკრესის ეპისკოპოსმა წყალი დაასხა ცეცხლს, რომელსაც თაყვანს სცემდნენ სპარსელები. ამ საქციელის გამო სპარსელებმა შეიპყრეს, მარზპანს მიჰგვარეს. რატომ მოკალი ღმერთი ჩვენი?- ჰკითხა მარზპანმა. “უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთი არა მომიკლავს, ხოლო ცეცხლი დავშრიტე. არა არს ღმერთი იგი, არამედ
სხუათა ბუნებათაგანი არს, ერთისა ნივთისაგან მცირე ნაწილი, რომელთაგან აღმართა ღმერთმან სოფელი ესე. განსწორებით დაბადებულ არიან ნოტიაÁ, ცივი, Ãმელი და ცეცხლი, რომელ ერთი
ერთისა მპყრობელობაÁ აქუს სიმრგულესა მას შინა. ესრეთ განსწორებითა ნაწილთაÁთა დგანან ესენი, და უკუეთუმცა ერთიერთსა აღემატა, გან-მცა-ქარდა მეორე იგი. ხოლო თქუენი იგი ცეცხლი მისვე ცეცხლისა ბუნებისა ნაწილ [არს] Ãმელითა და ცივითა, აღმდგომი შეშისა ჭამითა მყოვარ ჟამიერ. ერთი მცირე წყალი დავასხ, მძლე იქმნა და მოკლა იგი”. მრავალი ტანჯვის მიაყენეს ნეტარ აბიბოს, რის შედეგადაც მოწამეობრივად აღესრულა. “აბიბოს ნეკრესელის წამება” ნათლად გვითვალისწინებს იდეოლოგიური და პოლიტიკური ბრძოლის იმ პერიპეტიებს, რაც უსათუოდ იარსებებდა სპარსელთაგან დაპყრობილ ქვეყანაში. ასე რომ, ქართველთაგან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებას საფუძველი უკვე შემზადებული ჰქონდა. IV საუკუნეში რომის იმპერია მის აღმოსავლეთ ნაწილში ბიზანტიის იმპერიამ შეცვალა.
ბიზანტიის იმპერიის მიზნებში რა თქმა უნდა, შედიოდა პოლიტიკური გავლენის გავრცელება ჩვენს ქვეყანაზე. ბიზანტიელ ავტორთა შრომებში დაწვრილებითაა გადმოცემული წმიდა ნინოს
მიერ ქართველთა მოქცევა, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინეს თანადგომა. მან ახლადმოქცეულ მირიან მეფესთან სიხარულით გამოგზავნა სასულიერო პირები. თუმცა, კონსტანტინე მეფე და ელენე დედოფალი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები მოსურნენი
იქნებოდნენ, რომ ეს სიხარული, რაც მათ ქრისტესთან ზიარებამ მოუტანა, შეეგრძნოთ სხვებსაც. როგორც “მოქცევაÁ ქართლისაÁს’’ ავტორი გვამცნობს, ჰელენე დედოფალმა თვითონ გამოიკითხა წმიდა ნინოს ვინაობა, შეიტყო რომ რომაელ დიდებულთა შთამომავალი იყო და მისგან მიიღო კურნება. მცხეთაში წმიდა ნინომ ჯერ ნანა დედოფლის განკურნება და მოქცევა შეძლო, შემდეგ - მირიან მეფის.
ჩვენს ქვეყანაში აშენდა არაერთი ეკლესია, შეიქმნა ორიგინალური სამხმიანი საგალობლები, კანონიკის ჩარჩოთა ფარგლებში ჩამოყალიბდა ქართული საეკლესიო ფერწერა, რომლისთვისაც
დამახასიათებელია მსუბუქი, ღია ფერები ბიზანტიური ფერწერის მუქი ფერებისგან განსხვავებით. ითარგმნა და დაიწერა არაერთი შესანიშნავი ნიმუში სასულიერო მწერლობისა. ქართველი მეფეები მუდამ ზრუნავდნენ ქართული ქრისტიანული კულტურის განვითარებისათვის, სასულიერო ცენტრებს აარსებდნენ არამარტო ქვეყნის შიგნით, მის ფარგლებს გარეთაც. ქართული სულისათვის მშობლიური აღმოჩნდა ქრისტიანობა, რომლის დაცვას არაერთი სიცოცხლე შეეწირა. ჩვენი ერის შვილები ძნელბედობის ჟამს შეკითხვაზე: “რა რჯული ხარ?’’ პასუხობდნენ: “ქართველი!”
“ჩვენი სულიერ-ზნეობრივი, სოციალურ-პოლიტიკური და ეროვნული აღორძინება ქრისტიანულ-ეკლესიური ცხოვრებისა და ისტორიული მეხსიერების გაცოცხლების გზაზე გადის. ამის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ორი უმთავრესი ღვთაებრივი მცნების აღსრულებას,- უპირველეს ყოვლისა, გვიყვარდეს ღმერთი მთელი არსებით და გვიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით, მით უფრო ვერ შევძლებთ საჭიროების შემთხვევაში მოყვასისათვის თავის დადებას, მამულისათვის თავგანწირვას. ჩვენ გამორჩეულ, განსაკუთრებულ პატივს სწორედ იმ მაღალღირსეულ წინაპრებს
მივაგებთ, რომლებიც ღვთისა და მოყვასისათვის, მამულისათვის თავდადებულ სიყვარულს გვიჩვენებდნენ...” ქართული სახელმწიფოს არსებობის მთავარი აზრი ამაღლებული სულიერების შენარჩუნება იყო ყოველთვის. კარგი მამულიშვილობა ქართველისათვის ზნეობრივად მაღალ საფეხურზე ყოფნას ნიშნავს, რაც საბოლოოდ ცხოვრებაში ზოგადად ქრისტიანული იდეალების
გატარებას გულისხმობს. თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც ზოგჯერ წარმართებივით ვიქცევით. ვისურვებდი, საბოლოოდ დაგვეძლიოს ყველანაირი მანკიერება, კიდევ ერთხელ რომ არ დავდგეთ
წარმართულისა და ქრისტიანულის მიჯნაზე.


სტატიის ავტორი - ია გრიგალაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანობის ისტორიის მიმართულება და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (თბილისი).
მასალა აღებულია წიგნიდან – „ქრისტიანობის კვლევები“, III. გამომცემლობა `უნივერსალი~, თბილისი 2009წ.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий