ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად ყოველდღიური ვარჯიში სავალდებულო არ არის – საკმარისია ინტენსიური ვარჯიში კვირაში ერთხელაც კი. სამეფო უნივერსიტეტის (კანადა) მეცნიერთა ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მთავარია მოახერხო კვირაში ფიზიკური ვარჯიშის 150 წუთის „დაგროვება". ესაა კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნების უცილობელი წინაპირობა. იმას, თუ როგორ არის განაწილებული ეს 150 წუთი – თანაბრად მთელი კვირის თუ ერთი დღის განმავლობაში, მნიშვნელობა არა აქვს – ეფექტი ორგანიზმისათვის ერთნაირია.
არაერთხელ გსმენიათ, ალბათ, რომ ყოველდღიური ვარჯიში ჯანმრთელობის წინაპირობაა. მაგრამ სამუშაო გრაფიკში ხშირად ძნელია ფიზიკური ვარჯიშისათვის 20 წუთის გათავისუფლებაც კი. ახლა კი ირკვევა, რომ ვარჯიშის გრაფიკი შეიძლება ნებისმიერი იყოს, მთავარია დააგროვო „სპორტული" საათების გარკვეული რაოდენობა კვირაში.
კვირაში ორჯერ ვარჯიშს ისეთივე სარგებელი მოაქვს, როგორც ყოველდღიურს.
მკვლევარებმა შეისწავლეს ორ ათასზე მეტი მოზრდილი ადამიანის ვარჯიშის რეჟიმი. იზომებოდა ვარჯიშის სიხშირე, ფიზიკური სავარჯიშოების ინტენსივობა და სარგებელი ორგანიზმისათვის. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი ორშაბათიდან პარასკევამდე არ ვარჯიშობდა, მაგრამ აქტიური იყო შაბათ-კვირას, ის ისეთივე სარგებელს იღებდა, როგორც ის, ვინც ყოველდღიურად ვარჯიშობდა.
ექსპერიმენტის მონაწილეები სამ ჯგუფად გაიყო. პირველ ჯგუფში ფიზიკური ვარჯიშის ხანგრძლივობა შეადგენდა კვირაში 150 საათს ან მეტს, მეორე ჯგუფი ცოტ-ცოტას ვარჯიშობდა ყოველდღიურად, ხოლო მესამე – 1-4 დღეში ერთხელ. გაირკვა, რომ ორგანიზმი „აფასებს" საერთო დატვირთვას დროის გარკვეული პერიოდში – ერთ კვირაში. ამრიგად, კვირაში ორჯერად 2-საათიან ვარჯიშს ისეთივე სარგებელი მოაქვს, როგორც ყოველდღიურ 20-წუთიანს. ამრიგად, თითოეულ ჩვენთაგანს არჩევანი აქვს: 20-25 წუთი ყოველდღიურად თუ 150 საათი შაბათ-კვირას (ან კვირის სხვა ნებისმიერ დღეს).
კანადელი მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი უცილობლად გულისხმობს ზომიერ ფიზიკურ აქტივობას (დაახლოებით 150 საათი კვირაში); ეს საგრძნობლად ამცირებს შაქრის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს.
Комментариев нет:
Отправить комментарий