вторник, 27 августа 2013 г.

მეცნიერებმა თავის ტვინში სიძულვილის ზონა აღმოაჩინეს


პირველად მოხერხდა თავის ტვინის იმ უბნის იდენტიფიცირება, რომლის აქტივიზაცია ხდება მაშინ, როცა ადამიანი ხედავს იმას, ვინც (რაც) სძულს. აღმოჩნდა, რომ ეს უბანი შიშის, საშიშროებისა და მუქარის ზონებს არ ემთხვევა, თუმცა ნაწილობრივ იკვეთება აგრესიის უბანთან. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში – „PLoS ONE".

სტატიის ავტორები, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი სემირ ზეკი (Semir Zeki) და ჯონ რომაია (John Romaya) ადრე იკვლევდნენ თავის ტვინში მიმდინარე პროცესებს რომანტიკული შეყვარებულობის პერიოდში და გადაწყვიტეს მუშაობის გაგრძელება საწინააღმდეგო გრძნობების შესწავლის მიმართულებით.
როგორც პროფესორი სემირ ზეკი წერს, „სიძულვილი ხშირად განიხილება, როგორც ავი ვნება, რომელიც უნდა იქნეს შერბილებული, გაკონტროლებული და აღმოფხვრილი. მაგრამ ბიოლოგისათვის სიძულვილი ისეთივე საინტერესოა, როგორც სიყვარული. ის უნდა გარდაიქმნეს და მხოლოდ ასე ხდება მისი "აღმოფხვრა". სიძულვილი, სიყვარულის მსგავსად, ხშირად ირაციონალურის შთაბეჭდილებას ქმნის და შეიძლება გახდეს ადამიანის როგორც გმირული, ისე ბოროტი საქციელის, დანაშაულის მიზეზი. რა განაპირობებს იმას, რომ ორმა საწინააღმდეგო გრძნობამ შეიძლება მსგავსი ქცევა გამოიწვიოს?"
მეცნიერებმა შეისწავლეს სიძულვილი სხვა ადამიანის მიმართ. ცდისპირები ათვალიერებდნენ ან იმ ადამიანთა ფოტოსურათებს, ვინც სძულდათ, ანდა უბრალოდ ნაცნობებისა. ამ პროცესში თავის ტვინის აქტიურობა იზომებოდა. ამის შედეგად მეცნიერებმა შესძლეს თავის ტვინის იმ უბნების გამოვლენა, რომლებიც სიძულვილის გრძნობას უკავშირდება.
აღმოჩნდა, რომ ეს უბნები შეიცავს თავის ტვინის ქერქისა და ქერქის ქვემოთ მდებარე იმ სტრუქტურებს, რომლებიც უკავშირდება აგრესიულ ქცევას, მოძრაობათა კოორდინაციას. სიძულვილის გრძნობასთან აგრეთვე დაკავშირებულია თავის ტვინის შუბლის წილის ის ზონები, რომლებიც მნიშვნელოვანია სხვა ადამიანის ქმედების წინასწარმეტყველების უნარის თვალსაზრისით.
სიძულვილის გრძნობის განცდისას აგრეთვე გააქტიურებული იყო დიდი ტვინის ეგრეთ წოდებული „ნაჭუჭი" და კუნძულისებრი წილი, რომელიც აქტიურდება მაშინ, როცა ადამიანი შეყვარებულია.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий