გაბრიელ მარსელი მეოცე საუკუნის გამორჩეულად გავლენიან ფილოსოფოსად იყო აღიარებული, განსაკუთრებით საუკუნის შუახანებში. იგი მიჩნეული იყო არა მარტო პირველ ფრანგ ექსისტენციალისტ ფილოსოფოსად, არამედ, საერთოდ, ექსისტენციალიზმის პირველ წარმომადგენლად მსოფლიო აზროვნების ისტორიაში. თუმცა, ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად მარსელი საკმაოდ დაჟინებით უარყოფდა თავისი ფილოსოფიური სისტემის ამგვარ განსაზღვრებას, მაშინაც კი, - იმ 20-25 წლის განმავლობაში, - როცა ექსისტენციალიზმი ყველაზე მოდურ მიმართულებად იქცა მსოფლიოს ლამის ყველა კონტინენტის ინტელექტუალთა შორის.
ამჟამად ეს პერიოდი თანამედროვე თვალსაწიერიდან საკმაოდ მოშორებულად ჩანს, მაგრამ მარსელმა სწორედ მაშინ არ მოისურვა მსოფლიოში მჭექარე და ჟღერად ექსისტენციალისტურ სახელთა შორის აღმოჩენილიყო, როცა ყოველივე არაექსისტენციალისტური დროსა და ჟამს ჩამორჩენილ ანაქრონიზმად იყო მიჩნეული, ხოლო მაშინ, როცა რომის კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა საჯაროდ დაგმო ეს ფილოსოფიურ-კულტურული მიმდინარეობა, როგორც არაქრისტიანული და ზნეობრივად სათუო, გაბრიელ მარსელმა კიდევ უფრო დაჟინებით მოითხოვა, გაეთავისუფლებინათ მისი ფილოსოფიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა ამ სახელწოდებისაგან და მტერსა თუ მოყვარეს მოუწოდა, მისი ფილოსოფია ამიერიდან ,,ნეოსოკრატიზმად” მოეხსენიებინათ. სოკრატესა თუ პლატონის პიროვნებისა და აზროვნებისაკენ მიბრუნება კაცობრიობის ისტორიის არცერთი ეპოქისათვის არ ყოფილა უჩვეულო, ამაში არც მეოცე საუკუნე ჩამორჩენია წინამორბედებს, მაგრამ სწორედ გაბრიელ მარსელის მიბრუნება სოკრატული სულიერი და ინტელექტუალური ფასეულობების მიმართ, სოკრატეს ზნეობრივი და გონითი ძიებების მიმართ სრულიად ბუნებრივი ჩანს, - ბუნებრივი ჩანს გაბრიელ მარსელის ბიოგრაფიისა და ფილოსოფიური თუ ლიტერატურული მემკვიდრეობისათვის ზერელე თვალისგადავლების შემთხვევაშიც კი.
1889 წლის 12 დეკემბერს დაბადებული გაბრიელ მარსელი ანრი მარსელის ერთადერთი შვილი იყო, - ღრმად განათლებული, კულტურისა და ცოდნის მოთაყვანე მზრუნველი მამისა, რომელსაც მისდროინდელი საფრანგეთის კულტურულ თუ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადგილი ეჭირა, სხვათა შორის, იგი ხანგრძლივად ხელმძღვანელობდა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ეროვნულ მუზეუმს (თუ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში კულტურულ ინსტიტუტთა ადგილსა და როლს გავითვალისწინებთ, მაშინ ადვილად წარმოსადგენია, რომ ოჯახი უთუოდ მაღალ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა). მაგრამ ისიც სათქმელია, რომ თუ ღრმა ინტელექტუალური მომზადება და შესანიშნავი აკადემიური წვრთნა მამის დაჟინებული და მიზანსწრაფული ზეგავლენის შედეგი იყო, რელიგიური სულისკვეთება მომავალ ფილოსოფოსს ოჯახური გარემოდან არ გამოუტანია.
გაბრიელ მარსელის მამა მტკიცე აგნოსტიკოსი იყო, დედა კი ებრაული წარმოშობის ლიბერალურ-პროტესტანტულ ოჯახში იყო აღზრდილი. ამასთანავე, დედა მაშინ გარდაიცვალა, როცა ყმაწვილი გაბრიელი სულ ოთხიოდ წლისა იყო და იგი ძირითადად ბებიისა და დეიდის კალთის ქვეშ იზრდებოდა, თუმცა დეიდა მალე დედინაცვლად იქცა, რადგან მამამისი დაქვრივების შემდეგ თავის ცოლისდაზე დაქორწინდა. მართალია, ამ ქალმა უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა მომავალი მწერლისა და მოაზროვნის ადრეულ ჩამოყალიბებაზე, მაგრამ მის შინაგან მზერას არასოდეს მოჰშორებია დედის სახე, - რაც მთავარია, მძაფრი განცდა დედის ფიზიკური დაკარგვისა და მარადიული სულიერი თანამყოფობისა, სულიერად შვილის გვერდით ყოფნისა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი სიჭაბუკის განმავლობაში მარსელი ოჯახის ყურადღებისა და მზრუნველობის შუაგულში იყო მოქცეული, მიუხედავად იმისა, რომ უფროსებმა ყველაფერი გააკეთეს მისი აკადემიურ-საზოგადოებრივი წარმატებებისათვის, მას მთელი სიცოცხლე შერჩა უსიამოვნო განცდა და დამოკიდებულება აღზრდის უპიროვნო, დეპერსონალიზებული, ნაძალადევი ფორმების მიმართ. როცა მამამისი საფრანგეთის წარმომადგენლად დაინიშნა შვედეთში, ჭაბუკი მარსელიც მამას გაჰყვა და ამის შემდეგ მისი თავდაუზოგავი სამოგზაურო ვნება სიცოცხლის დასასრულამდე არ დაშრეტილა. სხვათა შორის, დედამიწის სხვადასხვა კუთხესა თუ კიდეში ხეტიალი მოხილულ ქვეყანათა ძნელად დასათვლელი ენების ცოდნასაც გულისხმობდა.
გაბრიელ მარსელის სულიერი ჩამოყალიბება სამი მიმართულებით ვითარდებოდა, მისი შემოქმედებაც სამი გზით წარიმართა: მუსიკა, დრამატურგია და ფილოსოფია. არა მარტო მის ცხოვრებაში, არამედ შემოქმედებითი განცდისას მისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა მუსიკის მოსმენა, დაკვრა და შეთხზვა. ერთხელ მარსელმა ისიც კი თქვა, რომ მისი პიროვნების სულიერ-რელიგიურ ჩამოქნაში მოცარტისა და ბახის ქმნილებებმა არანაკლები როლი შეასრულა, ვიდრე წმიდა ავგუსტინეს ან ბლეზ პასკალის ნაწერების კითხვამ. საკუთარ სამუსიკო შემოქმედებას იგი საზოგადოებრივი ყურადღების ღირსად არ მიიჩნევდა და ნაკლებად აქვეყნებდა მათს სანოტო გამოცემებს, თუმცა დიდი წადილით ქმნიდა ვოკალურ თხზულებებს მისი სათაყვანო პოეტების ლექსების საფუძველზე, - იქნებოდა ეს შარლ ბოდლერი თუ რაინერ მარია რილკე.
მუსიკის მსგავსად, დრამატულ პოეზიასაც მომავალი სახელგანთქმული დრამატურგი ოჯახურ გარემოში ეზიარა, - როცა კლასიკური ლიტერატურის დიდი ტრფიალი, მამამისი, ახლობელთათვის საათობით ხმამაღლა კითხულობდა ფრანგულ თუ არაფრანგულ პიესებს. ყმაწვილმა მარსელმაც სულ ადრევე მოჰკიდა ხელი დრამატურგობას ანუ დაუწერელი პიესების შეთხზვას, რომლებიც მის წარმოსახულ დებთან თუ ძმებთან დიალოგებისაგან შედგებოდა. შემდგომში, გაბრიელ მარსელის საკმაოდ გახმაურებული პიესები, რომლებშიც რწმენისა და ურწმუნოების, პიროვნული ნამდვილობისა თუ სიყალბის, ადამიანური ურთიერთობის ტკივილისა თუ სიხარულის დაუძლეველი კითხვებია წამოჭრილი, მუსიკისა და ფილოსოფიის გადაკვეთაზეა შექმნილი, - არც ერთისა და არც მეორისათვის სიკვდილამდე არასოდეს უღალატია დრამატურგს, ისევე როგორც არც თავად დრამატურგიული შემოქმედებისათვის.
რაც შეეხება ფილოსოფიას (რითაც იგი, ალბათ, ყველაზე ცნობილი გახდა ,,ზიარებულთა” თუ ,,არაზიარებულთა” შორის), მართალია, 19 წლის ჭაბუკმა მარსელმა შელინგის ფილოსოფიის შესახებ მოამზადა სადიპლომო ნაშრომი, მაგრამ აკადემიური კარიერის მიმართ დიდად სკეპტიკური დამოკიდებულების გამო - შესაძლოა, ოჯახის მოთხოვნების, ოჯახისეული ფასეულობების მიმართ დაპირისპირების მიზეზითაც - არასოდეს დაუცავს სადოქტორო დისერტაცია. სხვათა შორის, მას არც ლექციები უკითხავს სადმე სისტემურად და საკუთარ თავს საჯარო მკითხველად, მწერლად, რედაქტორად ან ლიტერატურულ კრიტიკოსად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე პროფესიულ ფილოსოფოსად.
როგორც თავად ამბობდა, მისი მსოფლმხედველობისა და აზროვნებითი ჰორიზონტის ჩამოყალიბებაზე ორმა მოვლენამ მოახდინა გადამწყვეტი გავლენა: ერთი მათგანი იყო პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე წითელი ჯვრის რაზმებში სამსახური, სადაც იგი დაჭრილთა და დახოცილთა ბარათებს ავსებდა. მისი სიტყვებით, ამ დროს მან დაინახა იმ ადამიანების ხელშესახები სიახლოვე, რომლებიც ფიზიკურად არასოდეს ენახა და იგრძნო სიკვდილის პირისპირ მათი დგომის რეალურობა. მეორე მოვლენა კი, რამაც მთლიანად შემოაბრუნა გაბრიელ მარსელის ცხოვრება და სულიერი განვითარება, იყო მისი შესვლა რომის კათოლიკე ეკლესიის წიაღში, რომლის უნივერსალური მოძღვრება მან საყოველთაო რწმენისა და ხსნის წყაროდ მიიჩნია. მანამდე მოუნათლავი, 39 წლის მწერალი და ფილოსოფოსი 1929 წლის 23 მარტს კათოლიკედ მოინათლა. ურწმუნო დედასა და მამას არასოდეს უჩვენებიათ შვილისათვის ეკლესიის კარი და ამიტომაც, მათი განუწყვეტელი მეურვეობის მიმართ ღრმა შვილური მადლიერების მიუხედავად, მშობლების გარემოში გატარებული წლები მარსელს სულიერი ტყვეობისა და მონობის ხანად მიაჩნდა. მაგრამ, ამავე დროს, იგი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ამგვარ გარემოში ჩამოყალიბებამ განაპირობა მისი რელიგიური ძიებანი და რწმენის ფილოსოფიური ძირების კვლევა.
ვისაც გაბრიელ მარსელის ფილოსოფიური შეხედულებანი თუ მისი მსოფლმხედველობის სხვადასხვა ჭრილი მიიზიდავს, 25 წლის წინ, 1973 წლის 9 ოქტომბერს გარდაცვლილი მოაზროვნის სახელის პოვნა ფილოსოფიის სახელმძღვანელოებში თუ ფილოსოფიის სემინარებზე მას ნამდვილად არ გაუჭირდება
რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий