რომანო გვარდინის შემოქმედების არათუ საფუძვლიანი გაცნობა, არამედ მისი ნაწერებისათვის უბრალოდ თვალის გადავლებაც კი უთუოდ წარმოშობს გაკვირვებას, თუ რამდენი კითხვის დასმა ან საკითხის მოცვაა შესაძლებელი ერთი ადამიანური ცხოვრების განმავლობაში, თუ ამ კითხვებზე რამდენი საფუძვლიანი და ღრმა პასუხის გაცემა ხერხდება.
რომანო გვარდინი უკვე ჩამთავრებული საუკუნის იმ დიად სულებს განეკუთვნება, - გაბრიელ მარსელთან, ჟაკ მარიტენთან, მაქს შელერთან, კარლ იასპერსთან, ნიკოლაი ბერდიაევთან, ჰანს ურს ფონ ბალთაზართან ერთად, -რომელთაც ორი მსოფლიო ომის ახლომახლო ევროპული აზროვნების ჰორიზონტსა და ორიენტაციას განსაკუთრებული სულიერი სიღრმე და განზომილება მიანიჭეს. მეოცე საუკუნის შემაძრწუნებელი კატასტროფების ფონზე მათი აზროვნების მასშტაბებმა განაპირობა ის, რომ თანამედროვე ადამიანმა მათს აზროვნებაში სულიერი განახლებისა და სიმყარის სანდო წყარო აღმოაჩინა. არაერთი მაძიებელი სულისათვის აღმოჩნდა ახლობელი ეთიკური, ესთეტიკური თუ ინტელექტუალური ძიებებისას ძველი, სანდო გზების ხელახალი აღმოჩენა, შეფასება თუ დაფასება, ევროპული კულტურის საწყისებისა და საფუძვლებისაკენ მიბრუნება. სულის ამ დიად მოღვაწეთა მიზანი იყო იმ ბილიკების მიგნება, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის გაგებაში დაეხმარებოდა, - დაეხმარებოდა სამყაროს არსის თუ ამ სამყაროში ადამიანის ადგილის ამოცნობაში.
იტალიურ ვერონაში 1885 წლის 2 თებერვალს დაბადებული რომანო გვარდინი გერმანიაში იტალიის კონსულის ვაჟი იყო. ამიტომ მან გერმანიაში არა მარტო სასკოლო თუ საუნივერსიტეტო განათლება შეიძინა, არამედ მთელი ცხოვრებაც იქ გაატარა და მისი მრავალრიცხოვანი წიგნებიც გერმანულადაა დაწერილი, - თან იმგვარი გერმანულით, რომ ისინი, შემფასებელთა თვალსაზრისით, ენობრივი ოსტატობის ნიმუშებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. რომანო გვარდინის შესახებ არაერთხელ თქმულა, რომ იგი იტალიური გულისა და გერმანული გონების თეოლოგი იყო, - და ეს დახასიათება, ალბათ, უსაფუძვლო არ უნდა ჩანდეს, თუ გავითვალისწინებთ მის ფაქიზ გრძნობას ფორმის სიმშვენიერის მიმართ და დაუფარავ სწრაფვას ნამდვილი რომანული გამჭვირვალობისაკენ. ამავე დროს, განათლების მოპოვებისას მან ადვილად გაითავისა გერმანული აზროვნების სიღრმე და საფუძვლიანობა, რაც მის წიგნებსაც არასოდეს მოჰკლებია.
თავდაპირველად, სიჭაბუკეში, რომანო გვარდინის ბუნებისმეტყველება იტაცებდა და პროფესიის არჩევასაც ამ მიმართულებით აპირებდა. რამდენიმე სემესტრი იგი ბიოლოგიასა და ეკონომიკას სწავლობდა, მაგრამ მალე იგრძნო სამღვდელო მოღვაწეობის მოწოდება. ამიტომ მან თეოლოგიური განათლების მიღება გადაწყვიტა, რისთვისაც ფრაიბურგისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებს მიაშურა. იმავე წლებში, როცა, უნივერსიტეტებში სწავლის გარდა, სულიერი საზრდოს მისაღებად იგი ხანგრძლივად ცხოვრობდა ხოლმე მონასტრებშიც, გვარდინი სოკრატესა და პლატონის მიმართ მგზნებარე სიყვარულით აენთო, - იმ სიყვარულით, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა.
1910 წელს 25 წლის გვარდინი მღვდლად ეკურთხა და ათი წელი სასულიერო სამსახურს ეწეოდა. შემდგომში, თეოლოგიის დოქტორანტურის კურსის გავლის შემდეგ, დისერტაციის დაცვის შედეგად, მან კათოლიკური დოგმატიკის დოცენტურა მოიპოვა ბონის უნივერსიტეტში.
ამ დროს მთელი მისი სულიერ-ინტელექტუალური განვითარება განაპირობა მჭიდრო კავშირმა ახალგაზრდულ მოძრაობასთან, როცა სრულად გამოვლინდა მისი უნარი, სულიერი საზრდო მიეცა მოწადინე ადამიანებისათვის, კერძოდ, გერმანიის აკადემიურ-სტუდენტური ახალგაზრდობისათვის, ამასთანავე, გვარდინიმ შეძლო ღრმად და უშუალოდ ჩასწვდომოდა პირველი მსოფლიო ომის საშინელებებით თავგზააბნეული, დამფრთხალი და დაქსაქსული ახალგაზრდების პრობლემებსა თუ ძიებებს. იგი მზად იყო ყველგან შეხვედროდა ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, - ტაძარში, უნივერსიტეტის აუდიტორიაში, დისკუსიებისა და დისპუტების დროს, ქალაქგარეთა ექსკურსიაზე თუ სულიერი წვრთნისას. სწორედ ამ შეხვედრების, ამ საუბრების საფუძველზე აღმოცენდა გვარდინის მომცრო წიგნები, რომელიც საღმრთისმეტყველო-პედაგოგიკური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება.
ახალგაზრდებთან ინტენსიურმა კონტაქტებმა მალე დაარწმუნეს თავადაც ახალგაზრდა ღმრთისმსახური, რომ ჭაბუკებისა და ქალიშვილებისაგან შემდგარი ცოცხალი ქრისტიანული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია მათი შემოკრება საღმრთო ლიტურგიის, ღმრთისმსახურების ირგვლივ. გვარდინის თვალსაზრისით, სწორედ ამ დროს უნდა განხორციელდეს საღმრთო სიტყვის თუ სიმბოლიკით აღსავსე ლიტურგიკულ ქმედებათა და საგანთა ის ძლიერი ზემოქმედება, რომელმაც ახალგაზრდის სულიერი სამყაროს ჩამოყალიბება უნდა განაპირობოს. ამის შემდეგ ღმრთისმსახურების აღორძინება გვარდინის საცოცხლო საქმედ იქცევა. მის განსახორციელებლად იგი ორი მიმართულებით იღვწის: ერთია - მორწმუნეთა იმგვარად აღზრდა და ჩამოყალიბება, რომ ისინი უკეთ იყვნენ მომზადებულნი ღმრთისმსახურებაში მონაწილეობის მისაღებად, ამასთანავე, მცდელობა, რათა მრევლისათვის თითქმის უკვე გაუგებარი ლიტურგია ისევ გახდეს მორწმუნეთა სულიერი აღდგომის, სულიერი წინსვლის წყარო და საწინდარი. გვარდინის წიგნმა „ლიტურგიის სული“ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის ლიტურგიკული თეოლოგიის ჩამოყალიბებაზე.
რომანო გვარდინის განსაკუთრებულმა უნარმა, თუნდაც ყველაზე რთული თეოლოგიური და ფილოსოფიური საკითხების შესახებ თქმულიყო გასაგებად, მისაწვდომად და მიმზიდველად, მისმა გამორჩეულმა პედაგოგიურმა აღლომ, ენის ფლობის უმაღლესმა კულტურამ, რომელიც ავტორს საშუალებას აძლევდა ოსტატურად და ზუსტად გამოეთქვა მეოცე საუკუნის ადამიანის მთავარი პრობლემები, განაპირობა ის, რომ გვარდინის მცირე მოცულობის, მაგრამ დატვირთული, მჭიდრო, მედიტაციური წიგნები ფართოდ გავრცელდა ევროპელ მკითხველთა შორის. მათი უმრავლესობა, მათ შორის წიგნი მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ - „უფალი“ - ასიათასობით ტირაჟითაა გამოცემული ევროპის ყველა ცივილიზებული ერის ენაზე.
20-იანი წლებიდან რომანო გვარდინის კვლევითი მუშაობა გადაინაცვლებს რელიგიის ფილოსოფიისა და კულტურის ისტორიისაკენ. გამოდის მისი სახელგანთქმული წიგნები პლატონის, ავგუსტინეს, დანტეს, პასკალის, ჰოლდერლინის, კირკეგორის, დოსტოევსკის, რილკეს შესახებ. გვარდინის მიიწვევენ პროფესორად ბერლინის უნივერსიტეტში, მაგრამ, როგორც კი ქვეყანას ნაციონალ-სოციალისტები ჩაუდგებიან სათავეში, მას იქიდან უმალ დაითხოვენ. ომის განმავლობაში მისი ერთადერთი წიგნი იბეჭდება - სოკრატეს სიკვდილის შესახებ.
მისი ნაწერები ლიტერატურისა და კულტურის შესახებ არა მარტო კულტურის ისტორიკოსთათვისაა საინტერესო, - საყოველთაოდაა აღიარებული, რომ მათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მრავალ ფილოსოფიურ თუ თეოლოგიურ ნაშრომზე. რომანო გვარდინის წიგნებში წარმოჩენილია ქრისტიანი მოაზროვნის პოზიცია ჩვენი ეპოქის მოზღვავებულ იდეოლოგიათა პირობებში, იმ გარემოში, როცა სიყვარული, მადლი, ცოდვა, სინანული თუ სხვა ქრისტიანული ფუნდამენტური ცნებები ოდენ სუბიექტური გრძნობების გამოვლინებადაა მიჩნეული.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე რომანო გვარდინის იწვევენ ჯერ ტიუბინგენის, ხოლო შემდგომ მიუნხენის უნივერსიტეტების პროფესორად, სადაც იგი სიკვდილამდე მოღვაწეობს. სიცოცხლის მიწურულს მას ფართო აღიარება და დაფასება ხვდა წილად. მას მიენიჭა მრავალი ევროპული პრემია და ჯილდო, ამავე დროს, შესთავაზეს კარდინალის ბერეტი, რაზეც თავისი უარი ხუმრობით იმით ახსნა, რომ არ ეხალისებოდა საზეიმო ცერემონიისას საგანგებო, საზეიმო ტანსაცმლით შემოსვა.
თავის მოღვაწეობაში, ლექციებში, წიგნებში რომანო გვარდინი ცდილობდა წარმოეჩინა და ხაზი გაესვა, თუ რა არის ქრისტიანული ეკლესიის ჭეშმარიტი მოწოდება, არსი, საფუძველი, გაეწმინდა ის საუკუნოვანი დანალექებისაგან, ნათელეყო ქრისტიანობის ისტორიული და მარადიული განზომილება და მისი გადამწყვეტი მნიშვნელობა დღევანდელი თუ ხვალინდელი დღის მწვავე კითხვებზე პასუხების ძიებისას.
83 წლის რომანო გვარდინი 30 წლის წინ, 1968 წლის 1 ოქტომბერს მიუნხენში გარდაიცვალა.
83 წლის რომანო გვარდინი 30 წლის წინ, 1968 წლის 1 ოქტომბერს მიუნხენში გარდაიცვალა.
Комментариев нет:
Отправить комментарий