среда, 28 августа 2013 г.

ზემგრძნობიარე გადამწოდი: აღმოაჩენს კიბოსა და ვირუსებს „ჩანასახის" მდგომარეობაში


მეცნიერებმა შეიმუშავეს ზემგრძნობიარე გადამწოდის პროტოტიპი, რომლის მეშვეობითაც ექიმი შეძლებს კიბოსა და ვირუსების აღმოჩენას დაავადების ადრეულ სტადიაზე. შედეგები ჟურნალმა „Nature Nanotechnology" გამოაქვეყნა. მეცნიერთა თქმით, მათი ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია სტანდარტულ მეთოდებზე 10-ჯერ უფრო მგრძნობიარე გადამწოდის შექმნა.
ამჟამინდელ ეტაპზე შესაძლებელია პროსტატის კიბოსა და ვირუსების, მათ შორის შიდსის, ადრეული დიაგნოსტიკა. მკვლევართა თქმით, მათი გამოგონების წყალობით დაავადების გამოვლენა და მკურნალობა უფრო მარტივი და იაფი გახდება.
ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერთა გუნდმა უკვე ჩაატარა გადამწოდის ეფექტურობის გამოცდა აივ-ინფექციის მიმანიშნებენ p24 მარკერებზე. შემოწმდა აგრეთვე პროსტატიტ-სპეციფიკური ანტიგენის (PSA) ნიმუშები, რომელიც არის პროსტატის კიბოს ადრეული ინდიკატორი. მაგრამ გადამწოდი შეიძლება სხვა ვირუსსა თუ დაავადებაზე იქნეს გადაწყობილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტთა რეგულარული და ხშირი შემოწმების ორგანიზება. ეს რეტროვირუსული თერაპიის წარმატების შეფასებისა და დაავადების ახალი შემთხვევების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ, დაავადების ახალი შემთხვევების აღმოჩენის არსებული მეთოდები ძვირია და, შესაბამისად, მიუწვდომელი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც რესურსები შეზღუდულია. ჩვენი მიდგომა არა მარტო აუმჯობესებს მგრძნობელობას, არამედ რთულ აპარატურას არ მოითხოვს, ის 10-ჯერ უფრო იაფი ჯდება. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანი შეძლებს მეტი ტესტის გაკეთებას დიაგნოზის დროულად დასმისათვის", – განაცხადა პროფესორმა მოლი სტივენსმა, მასალებისა და ბიოინჟინერიის განყოფილების თანამშრომელმა.
გადამწოდი სისხლისაგან მიღებული შრატის ანალიზის საფუძველზე მუშაობს. ანალიზი ერთჯერად ჭურჭელში ტარდება. თუ შედეგი p24-ის ან PSA-ის მიმართ დადებითია, ამას მოჰყვება ნანონაწილაკების არარეგულარული გროვების შემქმნელი რეაქცია, რის გამოც ხსნარი კონტეინერში დამახასიათებელ ლურჯ ფერს იღებს. თუ შედეგი უარყოფითია, ნანონაწილაკები მოწითალო ფერის სფეროსებრ ფორმებს ქმნის. ორივე რეაქცია შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий