среда, 28 августа 2013 г.

ბუზისა და ადამიანის თავის ტვინი ერთნაირად მუშაობს?!


საოცარია, მაგრამ ესოდენ განსხვავებულ არსებათა თავის ტვინი, როგორიც არის ადამიანი, თაგვი და ბუზი, ზოგიერთ შემთხვევაში პრაქტიკულად იდენტურად მუშაობს. ეს აღმოჩენა ნათელს მოჰფენს თავის ტვინისა და ქცევის განვითარების ბევრ ასპექტს, აგრეთვე ხელს შეუწყობს სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობათა მექანიზმის გააზრებას.
ლონდონის სამეფო კოლეჯისა და არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფეხსახსრიანთა (მაგალითად, ბუზები და კიბორჩხალი) და ხელხემლიანთა (მაგალითად, თევზი, თაგვი, ადამიანი) თავის ტვინის მუშაობის გარკვეული ასპექტების მსგავსება.
კვლევამ აჩვენა, რომ თავის ტვინის ცენტრალურ არეთა (ფეხსახსრიანთა ცენტრალური კომპლექსი და ხერხემლიანთა ბაზალური კვანძები) განვითარება და ფუნქციონირება იწყება ემბრიონული ღეროვანი უჯრედებიდან. სახეობებს შორის არსებითი განსხვავების მიუხედავად, თავის ტვინის ამ უბნების განვითარება და ფუნქციონირება მსგავსია: კერძოდ, ეს უბნები მსგავსი გენეტიკური პროგრამით იმართება.
15 brain

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ესოდენ განსხვავებული თავის ტვინი (მარცხნიდან მარჯვნივ: ბუზისა, თაგვისა და ადამიანისა) საოცარ მსგავსებას ავლენს, როცა საქმე ქცევის ძირითად რეგულატორებს ეხება.

უფრო მეტიც, ადამიანისა და ბუზის ცენტრალური კომპლექსისა და ბაზალური კვანძების ნერვული უჯრედები მსგავსი სქემებით მუშაობს და თითქმის ერთნაირად არეგულირებს ადაპტაციურ ქცევას. მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი შიდა სტიმულები, როგორიცაა შიმშილი ან ძილი, აგრეთვე გარე გამღიზიანებლები (სინათლე, სიბნელე თუ ტემპერატურა) მსგავსი ნეირონული მექანიზმით რეგულირდება.
ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლებელია ადამიანის ტვინის შესწავლა ელემენტარული ცოცხალი ორგანიზმების კვლევის გზით.
ამრიგად, იმის წყალობით, რომ ხელხემლიანთა და ფეხსახსრიანთა თავის ტვინის ცენტრალური სტრუქტურების მუშაობა მსგავსია, მეცნიერები შეძლებენ ურთულესი ნეირობიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას მარტივ ცხოველებზე. ასე, მაგალითად, ადამიანთან ბაზალური კვანძების დისფუნქციას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები – აუტიზმით, შიზოფრენიით, ფსიქოზით დაწყებული და დამთავრებული ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებებით, როგორიცაა პარკინსონის დაავადება და დემენცია. ცენტრალური კომპლექსის ასეთი დარღვევა ბუზებთან მსგავს შედეგებს იწვევს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий