среда, 28 августа 2013 г.

დადასტურდა ნეიტრინოს ტრანსფორმაციის ფაქტი


საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის – T2K – ფარგლებში გაკეთდა აღმოჩენა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გარღვევა ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი ნაწილაკის, ნეიტრინოს, ბუნების გაგების მხრივ. მკვლევარებმა პირველად მიიღეს დასტური იმისა, რომ არსებობს ნეიტრინული ოსცილაციის განსაკუთრებული ტიპი, რაც ადასტურებს მიუონური ნეიტრინოს ელექტრონულ ნეიტრინოდ გარდაქმნას.
ამ აღმოჩენის შესახებ განაცხადეს კანადის ბირთვული ფიზიკისა და TRIUMF ნაწილაკების ფიზიკის ლაბორატორიის თანამშრომლებმა, რომლებიც იელის უნივერსიტეტთან და ტორონტოს უნივერსიტეტთან ერთად მუშაობენ. T2K პროექტის ამოცანაა ნეიტრინოს ერთი ფორმიდან სხვა ფორმაში გადასვლის შესწავლა. მეცნიერები ადრეც დარწმუნებული იყვნენ, რომ მოძრაობის პროცესში ხდება ნეიტრინოს ერთი ფორმიდან სხვა ფორმაში გარდაქმნა, მაგრამ ეს გარდაქმნა აქამდე არავის დაუფიქსირებია – ეს მხოლოდ თეორიული კვლევის საგანი იყო.
T2K-ის ექსპერიმენტში მიუონური ნეიტრინო წარმოიქმნებოდა J-PARC დამაჩქარებელი კომპლექსის მეშვეობით. ეს კომპლექსი ტოკაიში (იაპონია) მდებარეობს. ნეიტრინოს კონას აკონტროლებდა ND280 დეტექტორის რთული კომპლექსი, რომლის დიდი ნაწილი კანადაში აშენდა. ეს კონა წარიმართებოდა 295 კილომეტრის მანძილზე მდებარე Super-Kamiokande (SK) გიგანტურ მიწისქვეშა დეტექტორისაკენ.
დაკვირვების პროცესში მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა 28 რეგისტრირებული ელექტრონული ნეიტრონო; ტრანსფორმაციის პროცესის გარეშე მათი რიცხვი 4,6 უნდა ყოფილიყო. ამრიგად, მიუონური ნეიტრინოს ელექტრონულ ნეიტრინოდ გარდაქმნის ფაქტი შეიძლება დადასტურებულად ჩაითვალოს. T2K ექსპერიმენტი ამ სახის პირველი ექსპერიმენტი იყო, ვინაიდან მისი საშუალებით მოხერხდა დეტექტორზე ნეიტრონოს ტიპის განსაზღვრა, თუმცა საწყისი კონა სხვადასხვა ტიპის ნეიტრინოს შეიცავდა.
ექსპერიმენტი უკიდურესად რთული იყო. ოსცილაციის ეფექტის მაქსიმალურად ზუსტად გასაზომად საჭირო იყო იმის ცოდნა, თუ რამდენი ნეიტრონი იყო თავიდან და რამდენად ხშირი იყო მათ შორის ურთიერთქმედება. T2K-ის ექსპერიმენტში ნეიტრინოს წარმოქმნა ხდებოდა პროტონთა კონიდან, რომლის კონტროლი ხდებოდა ოპტიკური გარდამავალი დასხივების რეგისტრატორის მეშვეობით. აღნიშნული მოწყობილობა 2-ჯერ ამცირებს განუსაზღვრელობას ნეიტრინოს პარამეტრების შესწავლისას. ეს გაუმჯობესება საკმარისი აღმოჩნდა ნეიტრინოს ერთი მდგომარეობიდან მეორეში გარდაქმნის ფაქტის დასადასტურებლად.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий