вторник, 20 августа 2013 г.

”ბავშვი და სამართალი”


"ბავშვები არ არიან პატარა ადამიანები პატარა უფლებებით; ბავშვები დაუცველი არსებები არიან, მათ მეტი და არა ნაკლები დაცვა ესაჭიროებათ; ყოველგვარი ძალადობა ბავშვის მიმართ გაუმართლებელია; ბავშვების მიმართ ყოველგვარი ძალადობის თავიდან აცილება შესაძლებელია; ბავშვების დაცვა მოითხოვს სტრატეგიულ მიდგომას; ბავშვთა უფლებები გვეხება ყველას; ბავშვთა უფლებები ევროპის განვითარების საწინდარია" - ეს ევროსაბჭოს შვიდი მთავარი დევიზია, რომელიც ბავშთა უფლებების დაცვას ეძღვნება და რომლის დაცვაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც სავალდებულოა.
თუმცა, ისევე როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა, არასრულწლოვანებმაც უნდა იცოდნენ სად გადის მათი თავისუფლების ზღვარი. ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა იზრუნონ საზოგადოების უსაფრთხო და მოწესრიგებულ თანაარსებობაზე, დაიცვან შესაბამისი წესები და ყურადღება მიაქციონ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ აკრძალვებს. ისწავლონ კანონი, რომ შეძლონ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა.
წიგნი ”ბავშვი და სამართალი” პირველი მცდელობაა საქართველოში მოზარდის კანონთან დასაახლოვებლად. ამ წიგნის დახმარებით მოსწავლეები მათთვის გასაგებ ენაზე წაიკითხავენ და გაიგებენ, რომ საქართველოში ყველა ბავშვის უფლება დაცულია , როგორც ქვეყნის უმაღლესი კანონმდებლობით -კონსტიტუციით და ნორმატიული აქტებით - სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსებით, ასევე იმ საერთაშორისო აქტებით, რომელსაც მიერთებულია საქართველო.
ალბათ ბევრმა მოსწავლემ არც კი იცის, რომ ქართული კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი უფლებები. მაგრამ მოზარდს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და დანაშაულის შემთხვევაში მასაც დაეკისრება თავისი წილი პასუხისმგებლობა. საქართველოში არასრულწლოვანი 14 წლის ასაკიდან აგებს პასუხს საკუთარ დანაშაულზე.
რა შემთხვევაში ისჯება მოზარდი, და რა სანქციებია გათვალისწინებული ამა თუ იმ დანაშაულისთვის, რა შემთხვევაში ეკისრება არასრულწლოვანს მსუბუქი სასჯელი და რა შემთხვევაში აწესებს კანონი მოზარდისათვის სასჯელის უმაღლეს ზომას - თავისუფლების აღკვეთას, ამ და სხვა თემებს მოსწავლე წაიკითხავს ”ბავშვი და სამართალში”. თუმცა, წმინდად სამართლებრივი საკითხების გარდა, ქართველი მოზარდებია წიგნში მცირე ექსკურს გაივლიან ქართული სამართლის წარმოშობის ისტორიაშიც და გაიგებენ იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლებსაც ევროპის განვითარებული ქვეყნები საკუთარ მოზარდებს უწესებენ.
”ბავშვი და სამართალი” არის წიგნი მოზარდებისთვის, მათი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის, რადგან კანონის ცოდნა ადამიანს გარკვეულწილად იცავს და უადვილებთ ცხოვრებას.

წიგნის გადმოწერა
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий