вторник, 13 августа 2013 г.

გაზეთი °ივერია° სამღვდელოებაზე






გაზეთი “ივერია” 1886 წ.

ჩვენს სამღვდელოებას დიდი სამსახური მიუძღვის ჩვენის ქვეყნის წინაშე. რასაკვირველია, ამას ჩვენს ეხლანდელ სამღვდელოებაზედ, ვერ ვიტყვით. ჩვენ ვამბობთ ჩვენის მამაპაპის სამღვდელოებაზედ, იმ დროის სამღვდელოებაზედ, როცა ღვთის სამსახური კაცი იყო ქვეყნის და ჩვენის ერის სამსახურიცა; როცა იგი ჭირში პირველი მეშველი იყო, უკეთესი მამა, გულშემატკივარი დამრიგებელი, მაღალის ზნეობის მაგალითი, გამკითხავი ყოველის უძლურისა და დავრდომილისა, გამკიცხავი ყოველის ბოროტისა და უკაცურობისა, უშიშარი მქადაგებელი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა, თავ-დამდებელი და თავგამომეტებული რჯულისა და ერისათვის! ჩვენი ისტორია სავსეა ხელოვანის მოღვაწეობითა იმ ნეტარხსენებულის სამღვდელოებისა. წავიდნენ ის მამაპაპანი და თან გაჰყვნენ ის სახელოვანნი ღვთის მსახურნიცა,რომელთაც საქართველოს გაქრისტიანების დღიდამ ამ საუკუნის დასაწყისამდე ხელთ ეპყრათ ჩვენი ერის სწავლა და მეცნიერება. მწიგნობრობის, მეცნიერების, სწავლისა და განათლების დროშა მათ ეჭირათ ხელში და ამ გონებითს სიმდიდრეს ისე კი არ ეპყრობოდნენ როგორც ძუნწი ფულსა, არამედ გულ უხვად, თავდადებით ახმარდნენ ერს, ავრცელებდნენ ყველგან საცა კი ხელი და ღონე მიუწვდებოდათ. დიახ, იყო დრო, როცა განათლებით და სწავლით დაწინაურებული სამღვდელოება წინ მიუძღოდა ერს უანგაროდ განათლების და წარმატების გზაზედ. ეხლა კი სულ სხვაა. დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენის უწინდელის სამღვდელოების ღვაწლი საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნისათვის. დღეს ყოველი საკუთარის სტომაქისათვის იღწვის და საკუთარის სარგებლობის დევნაშია გართული. ორიოდე პატივცემულნი გვამნი ძლივსღა მოჩანან ჩვენს სამღვდელოთა შორის ისეთნი, რომელთაც შერჩენიათ ძველთა მამა-მთავართა გულმტკივნეულობა ჩვენის ქვეყნისადმი. ორიოდღა არიან, რომელთ მოქმედებაზეც შეიძლება კაცი სიამოვნებით სეჩერდეს და ტკივილით წარმოჰსთქვას: ჯერ კიდევ სული მართლღვთის მსახურებისა არ წარწყმენდილა ჩვენშიო.

ერთმა ჩვენმა სამღვდელო გვარმა ამ ახლო ხანში გამოიჩინა თავი ამ გვარის მოქმედებით და ჩვერნ გვიარიან რომ ეს მოხდა ჩვენის კაცისაგან და ჩვენის ქვეყნისათვის. ქრისტეშობის 13.ს იმპერატორის ალექსანდრეს პირველის დღეობისა გამო გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ წაუგზავნა ტფილისის სემინარიის გამგეობას ასი თუმანი. აქედან 1) ხუთასი მანეთი ქართულის გალობის ნოტებით დაწერისა და დაბეჭვდისათვის, 2) სამასი მანეთი სემინარიის სამოწაფო ბიბლიოთეკის წარმატებისა და გამდიდრებისათვის, 3) ორასი მანეთი რუსულიდამ ქართულად თარგმნისა და დაბეჭვდისათვის იმისთანა თხზულებისა, რომელიც სარწმუნოებისა და ზნეობის მოძღვრების შესახებ იქნება.
ეს სამაგალითო საქმეა, არამც თუ ჩვენში, საცა ესე იშვიათია საზოგადო საკეთილოდ შეწირვა რისამე, არამედ იქაც საცა თითქმის ჩვეულებად არის მიღებული საზოგადოებისათვის რისამე შეწირვა. ამიტომაც ჩვენის სამღვდელოების სასიქადულოდ მიგვაჩნია ეს სამაგალითო ღვაწლი მისის წარმომადგენელისა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий