среда, 28 августа 2013 г.

გამწვანებულ პარკში სეირნობა თავის ტვინის დაღლილობას ხსნის. დამტკიცებულია კვლევით


ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ განსაკუთრებული მდგომარეობა – ეგრეთ წოდებული „ტვინის დაღლილობა", ყველაზე უკეთ გამწვანებულ პარკში იკურნება. ცნობილია, რომ ადამიანის თავის ტვინის მიერ მშვიდი და თავმოყრილი მდგომარეობის შენარჩუნების უნარი შეზღუდულია.
 განუწყვეტელ ხმაურსა და ალიაქოთს, ქალაქური ცხოვრების წესის გამუდმებულ მოთხოვნებსა და აურზაურს ადამიანის თავის ტვინი მიჰყავს იმ მდგომარეობამდე, რომელსაც არაოფიციალურად „ტვინის დაღლილობა" ჰქვია. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ყურადღება ადვილად ეფანტება, ის გულმავიწყი და გაღიზიანებული ხდება.
შოტლანდიელ მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის დაღლილობის სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია გამწვანებულ პარკში უბრალო გასეირნებით. ცხადია, რომ ადამიანის ფსიქიკაზე ტყე-პარკის ზონის დადებითი გავლენის იდეა ახალი არ არის. ცნობილია, რომ ტყეებისა და პარკების გამწვანება ამშვიდებს ადამიანს და არ მოითხოვს ყურადღების დაძაბვას, განსხვავებით ხალხმრავალი ქუჩებისაგან გაცხოველებული მოძრაობით. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ტყეისა და პარკის ახლოს ცხოვრობს, კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, გაცილებით ნაკლები დონე აქვს. დადგენილია აგრეთვე, რომ ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები პარკში გასეირნების შემდეგ კოგნიტიურ ტესტებს უკეთ ასრულებენ.
თუმცა, აქამდე არავის ჩაუტარებია საველე ცდები თავის ტვინის ტალღების კონტროლით უშუალოდ პარკში დასვენების დროს. ახლა კი, როცა პორტატიული ელექტოენცეფალოგრაფი უკვე არსებობს, ეს უკვე შესაძლებელია.
სწორედ ასე ჩატარდა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა: 12 მოზრდილი ადამიანი პორტატიული ელექტოენცეფალოგრაფით თავზე გაუშვეს ქალაქში სასეირნოდ. თავდაპირველად ცდისპირები სეირნობდნენ ხალხმრავალ ისტორიულ უბანში მრავალი ძველი ნაგებობით, მაგრამ მცირე სატრანსპორტო მოძრაობით. შემდეგი მარშრუტი გადიოდა პარკზე, ბოლოს კი – ხალხმრავალ უბანზე ინტენსიული სატრანსპორტო მოძრაობით.
ინსტრუქციის მიხედვით ცდისპირებს არ უნდა ეჩქარათ; უმრავლესობამ სეირნობა 25 წუთში დაამთავრა. მთელი ამ დროის მანძილზე პორტატიული დანადგარი (ელექტოენცეფალოგრაფი)თავის ტვინის ტალღების პარამეტრებს იწერდა და მათ "მოსეირნეთა'' ზურგჯანთაში განთავსებულ ნოუთბუქში აგზავნიდა.
ინსტრუმენტურმა დაკვირვებამ დიდი ხნის წინ ცნობილი თეორია დაამტკიცა: მწვანე ნარგავები ტვინის დაღლილობას ამცირებს. როცა მოხალისეები სეირნობდნენ ხალხმრავალ უბანში, დიდი საგზაო მოძრაობით, თავის ტვინის ტალღები იძლეოდა აგზნებისა და გაღიზიანების მკვეთრ სურათს, განსხვავებით იმ მშვიდი მდგომარეობისაგან, რომელიც პარკში სეირნობისას დაფიქსირდა. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბუნება ყველაზე უკეთ ამშვიდებს და ხსნის სტრესს, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, მაგრამ, ამასთანავე, ზედმეტ დაძაბულობას არ იწვევს.
ცხადია, მეცნიერთა დასკვნა სწორია, თუმცა აქვე ისმის კანონზომიერი კითხვა: ხომ არ არის ტვინის დაღლილობა ჩვენი ქალაქების არასრულყოფილების შედეგი? ვთქვათ, არასწორი არქიტექტურა, რომელიც უშვებს ხალხი და სატრანსპორტო საშუალებები ერთ სივრცეში იკვეთება, მძიმე ტექნიკით გამოწვეული საშიშროების გაცდა, ცუდი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ძლიერი ხმაური, ტოქსიკური გამონაბოლქვი. თუკი შეიქმნება ქალაქი ყველა ამ ნეგატიურ ფაქტორის გარეშე, ადამიანს გაცილებით ნაკლები სტრესი ექნება პარკში ყოველდღიური სეირნობის გარეშეც.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий