მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნებისმიერი მცენარისაგან წყალბადის დიდი მოცულობის მიღების ხერხი. გამორიცხული არ არის, რომ ეს სწორედ ის დიდი ხნის ნანატრი გარღვევაა ენერგეტიკაში, რომელიც იაფი და ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენებაზე გადასვლის საშუალებას შექმნის.
წყალბადის მიღების ახალი ხერხი ქსილოზის, ანუ ყველაზე გავრცელებული მარტივი შაქრის, ენერგიის გარდაქმნას ეფუძნება. ამასთანავე, ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია წყალბადის დიდი მოცულობის მიღება ბიომასის ნებისმიერი წყაროდან, თანაც სასათბურო აირების ამონაბოლქვისა და ძვირად ღირებული ლითონების გამოყენების გარეშე.
ქსილოზა მცენარის უჯრედოვანი კედლის 30%-ს შეადგენს. მაგრამ მცენარეში ქსილოზის ასეთი დიდი წილის მიუხედავად, აქამდე ამ შაქრის მეშვეობით წყალბადის გამომუშავება ძნელი იყო. სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური ზემოქმედების, აგრეთვე გენმოდიფიცირებული მიკროორგანიზმების მეშვეობით წყალბადის საკმარისი რაოდენობის წარმოება ვერ ხერხდებოდა.
მეცნიერებმა Virginia Tech-დან რამდენიმე მიკროორგანიზმის ფერმენტების გამოყენებით შექმნეს უნიკალური სინთეზური ფერმენტი, რომლის ანალოგი ბუნებაში არ არსებობს. ეს ფერმენტი 500 С ტემპერატურის პირობებში ქსილოზის მეშვეობით ათავისუფლებს წყალბადის დიდ მოცულობას – დაახლოებით 3-ჯერ მეტს, ვიდრე საუკეთესო თანამედროვე „მიკრობული“ მეთოდიკა.
პროცესის არსი ისაა, რომ ქსილოზასა და პოლიფოსფატების ენერგია შლის წყლის მოლეკულებს, რის შედეგადაც იქმნება მაღალი სისუფთავის წყალბადი, რომელიც მაშინვე წარიმართება ელექტროობის მწარმოებელ საწვავის უჯრედებში. ამ გზით მიიღება ძალიან ეფექტური ეკოლოგიურად სუფთა პროცესი, რომელიც მცირე ენერგიას საჭიროებს – მხოლოდ რეაქციის გასაშვებად.
სპეციალისტთა გაანგარიშებით, ახალი ტექნოლოგია შეიძლება უკვე 3 წლის შემდეგ გავრცელდეს – იმის წყალობით, რომ ის მარტივია და ბევრი უპირატესობა გააჩნია წყალბადის მოპოვების სხვა ხერხებთან შედარებით. მართალია, ჯერ კიდევ ღია რჩება ფერმენტის წარმოების ღირებულების საკითხი, თუმცა სპეციალისტები ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
თეორიულად ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება ყველგან: სოფლის მეურნეობის საწარმოს ავტონომიური ელექტროგენერატორიდან დაწყებული მსხვილი ელექტროსადგურით დამთავრებული. ამასთანავე, შესაძლებელია მიღებული წყალბადის მაშინვე გარდაქმნა ელექტროენერგიად, ანდა მისი გამოყენება საწვავის სახით საავტომობილო, საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო ტრანსპორტისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий